Monthly Archives: February 2014

ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები ّFacebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ

 

larisa_ivanovna

dickens

henry VIII

robinnero

galaktioni figaro

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ამიერიდან კობა ხაბაზი ლუი დე ფიუნესის პერსონაჟს არამხოლოდ გარეგნობით და საინტერესო ხმის ტემბრით, არამედ ზოგადად კომედიურ ჟანრში მოღვაწეობით ჰგავს. წინა კვირაში გავრცელებულმა ამ მუქარით სავსე მიმართვამ ხელისუფების წარმომადგენლებს და მის მხარდამჭერებს შორის დაახლოებით აი ასეთი რეაქცია გამოიწვია.  თუმცა, თავად კობა ხაბაზი როგორც ჩანს ლუი დე ფიუნესს მაინცდამაინც არ ეტრფიალება და უფრო გურამ პეტრიაშვილის შემოქმედების მოყვარულია.

თვითმფრინავის ეთიოპიელმა გამტაცებელმა პილოტმა  კრიზისში მყოფ ჰოლივუდს კრეატივში აჯობა და ეს ერთდროულად რამდენიმე ჟანრში მოახერხა. თვითმფრინავის გატაცების და ჟენევაში ჩაფრენის შემდგომ, გამტაცებლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნამ დრამა, ტრილერი და კომედია გააერთიანა. პილოტს ეთიოპიაში დაბრუნების შემთხვეში ოც წლიანი პატიმრობა ემუქრება, სწორედ იმიტომ, რომ თვითმფრინავი გაიტაცა და არა წარსულში ჩადენილი რამე დანაშაულის გამო.

კაფე გალერიში “ტუსაობის” მსურველებს ამიერიდან ორმაგი ფეისკონტროლის გავლა მოუწევთ. ეჭვი მაქვს კაფეს ტეროტორიაზე ახალი კარაულის დადგომის შემდგომ პირჯვარის გადაწერა აუცილებლად მოუწევთ, პირდაპირი თუ არა, გადატანითი მნიშვნელობით მაინც.

აბსოლუტურად გამართული ქართულით და მსტისლავ როსტროპოვიჩისეული ჟესტიკულაციით ვინმე იური ღვინჯილია მეგრული ენის სიწმინდის დაცვაზე და მის სახელმწიფო ენის გამოცხადების აუცილებლობაზე გვესაუბრა. დარწმუნებული ვარ ვიდეოს “ქუდში” ვარდისფერ ლათინურ შრიფტში ჩასმული ქართული სიტყვები სამეგრელოს პეიზაჟების ფონზე და  “power point-ის” სლაიდების სტილში გადაწყვეტილი მონტაჟი და ესთეტიკა არათუ მეგრელ, არამედ ყველა სხვა ქართული კუთხის წარმომადგენელ პატრიოტებსაც გაუღვივებს ნაციონალური სიამაყის გრძნობებს.

როგორც ჩანს გმირის ტიტულის მოსაპოვებლად არც ალმოკიდებულ სახლში შევარდნა, არც სიცოცხლის ფასად ვინმეს გადარჩენა და არც რამე მსგავსი საქციელის ჩადენა აღარ დაგჭირდებათ. დღევანდელ სამყაროში ზამთრის ცივ დღეს, თქვენს გვერდით გაყინულ ბავშვს რომელიც სიცივისგან იბუზება, საკმარისია ხელთათმანი ან თუნდაც შარფი მიაწოდოთ. თბილ სახლებში მყოფი ინტერნეტ მომხმარებლები  თქვენით აღფროვანდებიან და გმირად გამოგაცხადებენ. არა, ისე, მართლა რა არაადამიანი უნდა იყო, რომ განვითარებულ სკანდინავიაში გაჩერებაზე იდგე და გასაყინად განწირულ ბავშს რამე თბილი არ მიაწოდო?  მერწმუნეთ შარფის ან ხელთათმანების გაზიარება ყველაზე ნაკლებია რაც კი შეიძლება ასეთ შემთხვევაში გააკეთოთ და არაფერი გასაგიჟებელი ამაში არაა. თუმცა, როგორც ჩანს ინტერნეტ მომხმარებლები იმდენად გადაჩვეულები არიან ადამიანურ ურთიერთობებს, რომ მათი “ვაიმე ეს რა თბილი ვიდეოა” და “ეს რა სასწაული ვნახე-ს” პათოსით გაჟღენთილი შეარების წყალობით ამ რგოლმა ერთ კვირაში 11 მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა.

სულ უფრო ჭირს თანამედროვე ხელოვნების და ნაგავის ერთმანეთისგან გარჩევა. პირდაპირი მნიშნელობით. დამლაგებელმა 15 ათასიანი დოლარის ღირებულების ინსტალაცია სანაგვეს გააყოლა, რაც თავისთავად ერთგვარი პერფომანსია. დარწმუნებული ვარ ხსენებული ინსტალაცია მინიმალურ ყურადღებას მიიპყრობდა, რომ არა დამლაგებლის შეცდომა, ასე რომ ვფიქრობ “არტისტმა” მას პიარისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს.

მამა გაბრიელის საფლავის პრეზენტაციაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით და ფეის კონტროლით გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნების კანონებს თუ მოვიშველიებთ და მივხვდებით, რომ დიდი ხნის წინ დამარხული სხეული ზოგადად იხრწნება, საპირპისპიროში დარწმუნების მიზნით მცხეთაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პაპარაცულ ჟანრში გადაღებული ფოტოების მიუხედავად, რომლებზეც ბუნებრივია საღი აზრის საღი აზრობა კიდევ ერთხელ მტკიცდებოდა, ბევრმა თავისი ვერ მოიშალა და “არ არისო გახრწყნილიო” წამოიძახა, ვიღაცამ “გახრწნილიაო”, მერე ვიღაცამ თქვა თან არიო და თან არ არიო და საბოლოოდ ყველაფერი შროდინგერის კატის ამბავს დაემსგავსა.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აგრესიული მარკეტინგის მოყვარული და რეჟისორად წოდებული ლარს ფონ ტრიერი, მიხვდა რა, რომ საკუთარი ახალი, მაგრამ ძველებურად ეპატაჟური ფილმით ვეღარავის გააკვირვებდა და ბერლინის კინოფესტივალზე აი ასეთ მაიუსურში გამოეწყო. თუ გსურთ დარწმუნდეთ რომ ბერლინალეს შემთხვევაში, ტრიერს მაისურზე გაცილებით მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მის ახალ ფილმზე, გუგლში შეგიძლიათ Berlin+Trier+Nymphoniac ჩაწეროთ და შემდგომ Berlin+Trier+T-shirt კომბინაციას შეადაროთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ სწორი პასუხი ამ ოპერაციის შესრულების გარეშეც იცით. ეს არცაა გასაკვირი, ტრიერის ფილმები იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ რეჟისორს პრესის და საკუთარი ფანების ამგვარად გართობის გარდა, აღარაფერი დარჩენია.
ახდა ევროკავშირის სადისკრედიტაციოდ ჩასაფრებული რუსული მეინსტრიმ მედიის ოცნება – დანიაში ჟირაფი საჯაროდ მოკლეს. დანიური ზოოლოგისტების თანახმად ქვეყანის ზოოპარკებში ჟირაფები სწრაფი მრავლდებიან და ამავდროულად ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას მოხდეს ჟირაფების “ექსპორტი”. ასეთ პირობებში კი სპეციალისტებმა რა თქმა უნდა ყველაზე “ოპტიმალური” და „ჰუმანური“ გადაწყვეტილება მიიღეს – ჟირაფი, ბავშვების თანდასწრებით მოკლეს და იქვე დაანაწევრეს. ასეთი სურათის შემხვედვარე, ფეოდალურად მოაზროვნე რამზან კადიროვიც კი შეშფოთდა და შემდეგი მოსაკლავი ჟირაფის გადასარჩენად მზადყოფნა გამოთქვა.

დანიაში მომხდარი ამბავის მიუხედავად, ანდერს ბრეივიკმა რომელმაც ორნახევარი წლის წინ მეზობელ ნორვეგიაში რამდენიმე საათში 77 ადამიანი მოკლა, playstation-3-ს (playstation-2 მოუძველდა) ითხოვს. ბრეივიკმა განაცხადა, რომ თუ ამ და რიგ სხვა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ შიმშილობას დაიწყებს, რადგანაც ფიქრობს რომ მას “ცხოველზე ცუდად ეპყრობიან,” რაზეც დანიიდან აწი მოსაკლავმა და კადიროვის იმედზე დარჩენილმა ჟირაფმა ბრეივიკს შემოუთვალა – “მაშ მტყუანისო?”

ამასობაში, მამა გაბრიელის საფლავის პრემიერა 22 თებერვალს გაიმართება.  თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების დროს, საფლავის სიახლოვეს არსებულ დედა პარასკევას VIP ლოჟას დემონტაჟი უკვე გაუკეთდა და მას საზეიმო ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ ჩვეულებრივი მაყურებლის როლში შეეძლება. ჯერჯერობით უცნობია გაყიდის თუ არა Swoop.ge დასასწრებ ბილეთებს იაფად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ლიტერეტურისგან ძალიან შორს მყოფი რაღაც პორნოგრაფიულ-სპორტულ-კომერციული ელფერის პროექტი დაანონსა. “საქართველო ირჩევს საყვარელ წიგნს” – ასე ჰქვია ძალიან არაპოეტურ მარათონს, რომელსაც პოეტი რატი ამაღლობელი გაუძღვება. ასევე საინტერესოა პრომოს სლოგანი, “იბრძოლე რომ შენი წიგნი იყოს პირველზე”. რატომ უნდა ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემი საყვარელი წიგნი იყოს პირველზე, ან და ვაი თუ ჩემი საყვარელი წიგნი ალისტერ კროულის რომელიმე ნაშრომია – ეგი გინდათ ქართველებს?

ბოლოს გიტოვებთ აწ უკვე გამეინსტრიმებული ილო ბეროშვილის “თაკოს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 4]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას საქართველოში მომხდარმა საინტერესო პრეცედენტმა ცხადყო, რომ ერთ რიგით მოქალაქეს შეუძლია შვიდ, თუ რვა კაციანი ენჯეოს პრეზენტაცია მოაწყოს და ამ ამბავზე ასამდე ჟურნალისტი შეკრიბოს. რაც მთავარია ამ დროს ჟურნალისტები კითხვებს არა უშუალოდ შენს ახლად დაარსებულ ორგანიზაციაზე სვამენ, არამედ ინტერესდებიან შენი პოლიტიკური შეხედულებებით. გეკითხებიან, უნდა წავიდეს თუ არა ქართული დელეგაცია სოჭში, რას ფიქრობ უკრაინაზე, საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ. მოკლედ, ნამდვილი დემოკრატია. მიუხედავად იმისა რომ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ილაპარაკა, რომ მავანი ამ დროში ორნახევარი სრულმეტრაჟიანი ფილმის ნახვას მოასწრებდა, მთავარი მაინც ის აღმოჩნდა, რომ ყოფილმა პრემიერმა ეკლესიას “Unlock-ი” მოხსნა.

მხოლოდ საქართველოს მსგავს ქვეყნებში შეიძლება აგინო ქვეყნის მთავარ პირს და იმდენად პოპულარული გახდე, რომ გადაცემებში და ინტერვიუებზე გიწვევდნენ. ველოდი მირცხულავა, საზოგადოებაში “ჩემი გჯერა-თი” ცნობილი ბაბუ ამჯერად კვირის პალიტრის რესპოდენტად მოგვევლინა.  როგორც ჩანს ველოდის ფორმის დაკარგვის ეშინია და ამ ინტერვიუშიც კარგი “შეკურთხვის” სულისკვეთება არაერთხელ იჩენს თავს, რომლის ადრესატიც ბუნებვრივია “გათახსირებული კაცია”. მირცხულავას ჯვარი სწერია და დრო რომ მოვა, ძალიან საინტერესოა როგორ გაიხსენებენ სუფრაზე. “საწყალი, რა კარგი შეგინება იცოდა,” “აბა, შევარდნაძის ისაო – ესაო, როგორ იძახდა?”

4 თებერვალს სრულიად Facebook-მა, ანუ პლანეტა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების დიდმა ნაწილმა, მარკ ცუკერბერგის “პირმშოს” მეათე დაბადების დღე აღნიშნა. Facebook-მა თავის მხრივ საკუთარი მომხმარებლები დაასაჩუქრა და ერთ წუთიანი ვიდეო აჩუქა. საერთოდ, იმ დღეს ვფიქრობდი რამე ფილმს ჩავჯდომოდი, მაგრამ ძალიან ბევრი ფრენდის მიერ დაშეარებული საკუთარი ვიდეოები რომ ვიხილე, გადავწყვიტე საღამო უფრო სასიამოვნოდ გამეტარებინა და ე.წ. ლუქბექის სხვადასხვა ვერსიებს ვუყურე. რა სჯობია იმას, ნახო ერთ წუთიანი ვიდეო ადამიანზე, რომელმაც თავის დროზე გაურკვეველი მიზეზების გამო დაგიფრენდა და კიდევ უფრო გაურკვეველი მიზეზების გამო არასდროს შემოსულა შენთან ინტერაქციაში?

ამასობაში სპეციალისტებს დაუდასტურებიათ, რომ საქართველოში უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ, ყოველშემთხვევაში ამ სტატიაში მოყვანილი პიროვნებებს თუ დავუჯერებთ. ამონარადი სტატიიდან: “ამ თემაზე თალეს შონია მუშაობდა, სწორედ მასთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ უცხოპლანეტელს შევხვდი, ფანტასტიკური შეხვედრა იყო, მე ჩემი თვალით ვიხილე საოცარი აღნაგობის პიროვნება, რომელიც ორ მეტრზე მაღალი იყო და კანზე მომწვანო ელემენტები ჰქონდა,” ჩვენში დარჩეს და ადამიანი რომელიც ასეთ ისტორიას ყვება ძალიან კარგი იუმორის პატრონი უნდა იყოს. ციტატის ავტორი განთქმული ასტრონომი კი არადა, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელია. თუმცა, ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ სტატიიდან ვიგებთ რომ უცხოპლანეტელები თურმე ქართულ ენაზე მეტყველებენ! ასეთი შემართებით მე მჯერა, რომ სადღაც 200-300 წლის შემდეგ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან პრინცესა ლეას წილხვედრ ქვეყანად გადავიქცევით.

ახლა უკვე მშვიდად ძილი შეგვიძლია რადგანაც თვით რონალდომაც კი იცის, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ყველაფერი იმით დაიწყო რომ Ежик в Тумане-ს შემქნელმა ერმა სოჭში გახსილ ოლიმპიადაზე ერთგვარი რემეიქი “Грузия в Тумане” შემოგვთავაზა, რაც ქართველ ინტერნეტ ფლეშმობელებს არ გამორჩათ და კლავიატურით შეიარაღებულმა რამდენიმე ასეულმა ნარჩევმა ქართველმა იუზერმა ირინა შეიკის თაიმლანზე მიიტანა იერიში.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. როალდ დალიდან ფიოდორ დოსტოევსკიმდე.

გასულ თვეში წაკითხული წიგნების მოკლე რეცენზია.

ლიტერატურული ღმერთები რომ არსებობდნენ, ერთი-ერთ ასეთ ღმერთად აუცილებლად ფიოდორ დოსტოევსკი მოგვევლინებოდა. ამ სახელის ხსენებისას უმეტესობა ადამიანს განსაკუთრებულ პედესტალზე მდგომი ბუმბერაზი წარმოუდგენია,  მათ შორის მათ ვისაც დოსტოევსკი საერთოდ არ აქვს წაკითხული. თუმცა, “ბიძიას სიზმარი” (Дядюшкин Сон) არ განეკუთვნება იმ ნაწარმოების რიცხვს, რომლის მეშვეობითაც ამ მწერალს ახასიათებენ ხოლმე. ეს შედარებით ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები იუმორით და ფსიქოლოგიური პორტრეტების აღწერით უფრო ანტონ ჩეხოვს ჰგავს. თუმცა, ბოდიში, არა. ჩეხოვი ჰგავს ამ ნაწარმოებს. საქმე ისაა, რომ “ბიძიას სიზმარი” ჩეხოვის დაბადებამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა, ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ თავის დროზე სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა ჩეხოვზე გავლენა.

თუ რამე ცინიკურის და სასტიკის წაკითხვის ხასიათზე ხართ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ავტორის ნორმან მეილერის “ამერიკულ ოცნებას” (American Dream) გირჩევთ. მეილერი მარტივად წერს, მაგრამ ამავდროულად აღწერის ოსტატია. ხდება ხოლმე, რომ ავტორი ისე კარგად  ხაზავს გარემოს რომ შეუძლებელია გონებაში სცენის რეკონსტრუქცია ვერ მოახერხო – ასეთია ნორმალ მეილერის ეს რომანი. სიუჟეტს რაც შეეხება, ნაწარმოები იმით იწყება რომ მთავარი გმირი, ამერიკული გაგებით წარმატებული ადამიანი (ომის გმირი, ყოფილი კონგრესმენი და წარმატებული ტელე წამყვანი) ალკოჰოლურ აგონიაში საკუთარ ცოლს კლავს, თუმცა შემდგომ ცდილობს უარყოს საკუთარი დანაშაული… სიუჟეტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ “ამერიკული ოცნება” ამერიკაზე ერთგვარ სატირას წარმოადგენს.

ბრიტანეთი თუ გაინტერესებთ და ამავდროულად ბრიტანულ იუმორზე თუ ხალისობთ, ჯერემი პაქსმანის ინგლისელებს” (The English) გირჩევდით. სანამ რეცენზიას გავაგრძელებდე, კითხვა თქვენ: საშუალება რომ გქონოდათ დაბადებულიყავით რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლად, რომელ ერს აირჩევდით? წიგნის დასაწყისში პაქსმანი გვეუბნება რომ დედამიწის მოსახლეობის 99 პროცენტი სწორედ რომ ინგლისელობას აირჩევდა, თუმცა აქვე სვავს კითხვას, თუ რას ნიშნავს იყო ინგლისელი თანამედროვე გაგებით და ამაზე მთელი წიგნის განმავლობაში საუბრობს. პაქსმანს მოჰყავს ისტორიული მაგალითები, საუბრობს ინგლისელებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებებზე და ცდილობს ამ სტერეოტიპების მიზეზებს ჩაწვდეს.

ჯორჯ ორუელის კრებული “რატომ ვწერ?” (Why I Write) ამ აინგლისელი ავტორის რამდენიმე ესეს მოიცავს, მათ შორის ორუელის როგორც მწერლის გამოცდილებას. კრებულში შესულ სხვა ესეში ავტორი ასევე საუბრობს პოლიტიკაზე, მემარცხენეობაზე და მის სიმპატიებზე სოციალიზმის მიმართ. ზოგადად, თუ ორუელის მოყვარული ხართ და ამავდროულად ამ მწერლის სხვანაირად, შეიძლება ითქვას “შიგნიდან” დანახვა გსურთ, ამ კრებულს აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში შეყვანას გირჩევდით.

ძალიან კარგია საბავშვო მწერლად აღიარებული როალდ დალი “ბიჭი” (Boy). მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების დასაწყისში დალი აღნიშნავს რომ ბიოგრაფიული რომანები ზოგადად მოსაწყენია, ის ამ წიგნში მის ბავშვობაზე საუბრობს და ნაწარმოებს მამამისის ისტორიით იწყებს, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში მშობლიურ ნორვეგიას ტოვებს და საბოლოო ჯამში უელსში სახლდება. სწორედ აქ იბადება ადამიანი, რომელიც მომავალში მე-20 და 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საყვარელ მწერლად იქცევა. ნაწარმოები ქრონოლოგიურ სტილშია დაწერილი და შეიძლება ითქვას რომ წიგნის გადაფურცვლასთან ერთად დალიც იზრდება. თუ ამ პოსტის სიიდან ყველაზე “კეთილი” ნაწარმოების არჩევა მოგინდეთ, სწორედ რომ როალდ დალს გირჩევდით.

წინა თვის მიმოხილვა.

ქართული პოლიტიკური პარტიების რეკლამები ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ქართულ ოცნებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძმები (ახლა უკვე და-ძმა) ვაჩოვსკებისთვის რეკლამის გადაღება რომ ეთხოვათ, რეჟისორები ბანერის იდეას შესთავაზებდნენ. ბანერზე მორფეუსია გამოსახული, რომელსაც თითო ხელში თითო აბი უკავია, ერთი ლურჯია, მეორე წითელი. წარწერა ბანერის ქვემოთ: “ირჩევ ლურჯ აბს და თავს აღწევ სიცრუეს, ირჩევ წითელ აბს და ბრუნდები მატრიცაში”.

ნაციონალურ მოძრაობას სტენლი კუბრიკი მოუხდებოდა. ვიდეო პოსტაპოკალიპტურ, დანგრეულ გარემოს ასახავს. რამდენიმე მაიმუნი ამ პეიზაჟის ფონზე ძვლებს იქნევს. რაღაც მომენტში ერთ-ერთი მაიმუნი ძვალს მთელი ძალით ჰაერში ისვრის. კამერა ძვალს ცაში მიჰყვება და კადრი უცბად ვარდზე გადადის. ვარდი მიწისკენ ეშვება, მას გაღიმებული მიხეილ სააკაშვილი იჭერს, რომლის ფონზეც ყვითელ ტანისამოსში გამოწყობილი მუშები ასფალტს აგებენ.

დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო კლიპის გადაღებას ჯორჯ ლუკას სთხოვდა. კლიპი ტიტრებით იწყება, რომლის მეშვეობითაც ვგებულობთ, რომ საქართველოში დიქტატურაა დამყარებული. გამეფებული დიქტატურის დამარცხება მხოლოდ ნინო სკაივოკერს შეუძლია. კადრი დემონსტრიაზე გადადის, რომლის დარბევასაც დიქტატორის მიერ მოგზავნილი ნიღბიანი სპეცნაზელები ცდილობენ. ნინო სკაივოკერის მეთაურობით დემონსტრანტები სპეცნაზელებს უმკლავდებიან და ეს-ესაა ზეიმს აპირებენ. თუმცა, ამ დროს დიქტატორი, იგივე დართ ვეიდერი ჩნდება. დართ ვეიდერი და ნინო სკაივოკერი ლაზერული ხმლებით ებრძვიან ერთმანეთს. უცბად დართ ვეიდერი ნინო სკაივოკერს დამძიმებული ხმით ეუბნება, “I am your father”. ნინო შოკშია, თუმცა მალევე დართ ვეიდერს მაინც კლავს, ნიღაბს ხსნის და ედუარდ შევარდნაძეს აღმოაჩენს.

ლეიბორისტულ პარტიას ყველაზე მეტად დენი ბოილი მოუხდებოდა. შალვა ნათელაშვილი Who Wants to be a Millionaire-ის სტუდიაში ზის და პირველ რამდენიმე კითხვას უპრობლემოდ პასუხობს. მე-5 კითხვას ეკითხებიან: “რომელი პარტიის დამსახურებით გახდა 2002 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი?” ნათელაშვილი პაუზას აკეთებს, მოვლენებს იხსენებს და თვალზე ცრემლი ადგება. “ჩემი ლეიბორისტული პარტიის…” და პასუხად “სწორიააა-ს!” იღებს. მიუხედავად დარბაზიდან ხან ნაციონალების და ხან ქართული ოცნების შემოგზავნილი აქტივისტების პროვოკაციული “დაუნ ვიზ დიქტეიტეს” შეძახილების, ნათელაშვილი უპრობლემოდ პასუხობს ყველა კითხვას და მილიონს იგებს. მოგებულ ფულს ის ღარიბებს ურიგებს. ღმერთი არს მასთან, ის იწყებს…

ქრისტიან-დემოკრატებს ვიდეო რგოლს რობერტ ზემეკისი მოუმზადებდა. გიორგი თარგამაძე ავტობუსის გაჩერებაზე ზის. ხელში შოკოლადის ყუთი უჭირავს და ამბობს, “ასლანი ყოველთვის მეუბნებოდა, პოლიტიკა შოკოლადის ყუთივითაა, არასდროს იცი რა შეგხვდება”.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 3]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას რომის პაპის მცედლობა აპოსტოლის სასახლის აივნიდან მშვიდობის თეთრი მტრედი აეფრინა და ამით სამყაროსთვის შეეხსენებინა  რომ კეთილის არსება გრძელია, სრული კრახით დასრულდა. სიკეთის სიმბოლომ სულ რამოდენიმე მეტრით გაფრენა მოახერხა, საიდანღაც გამოჩენილი შავი ყვავი რომ ეძგერა. ამგვარად აწ უკვე გაფეტიშებული რომის პაპის პიარ აქცია წარუმატებლად დასრულდა და უფრო მეტად South Park-ის ან Simpsons-ების რომელიმე ეპიზოდის სცენარს დაემსგავსა. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ პაპს გვერდზე მდგომი პატარა ბიჭის დაწყნარება მოუხდა, მაგრამ ამავდროულად გოგონას, რომელიც ასევე აივანზე იდგა მწუხარების არაფერი ეტყობა. უფრო სწორედ, შეიძლება ითქვას რომ თინეიჯერი სიცილისგან იგუდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ გვერდით თანამედროვე პოპ კულტურის იდოლი ანუ ფრანსისკო პირველი რომ არ მდგარიყო, ის აუცილებლად ამოიღებდა აიფონის ბოლო მოდელს და მოვლენას როგორც მინიმუმ  დააინსტაგრამებდა.

თანამედროვე ქართულ ლექსიკონებზე მომუშავე ავტორებს ტიტანული შრომის გაწევა მოუწევთ, ძველი ქართული სიტყვის “გვამის” ახალი მნიშვნელობის განსამარტად, მითუმეტეს მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ინდივიდები თუ აღმოჩნდებიან. იქედან გამომდინარე, რომ ამ სიტყვის იმდენი ახლებური განმარტება გაკეთდა, რომ  მიზანშეწონილი იქნება ახალი დიალექტის შემუშავება. თავდაპირველად ჯიბის ლექსიკონის გამოშვება შეიძლება, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პირები “გვამიდან” ქართულად თარგმნას შეძლებენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი გასულ კვირას გაჰიტებული ვიდეო გახდა, რომელშიც ოდესღაც ენჯეოშნიკი, მაშინ შსს მინისტრი და აწ უკვე საქართველოში დამკვიდრებული როტაციის წესით განსასჯელის სკამზე მყოფი ვანო მერაბიშვილი შეიარაღებულ ადამიანებს დირექტივებს აძლევს.

უამრავი საინტერესო და ამავდროულად ხშირად ურთიერთგამომირცხავი ვერსიების, მათ შორის თავად მერაბიშვილის მიერ სიურრეალისტური “ГРУ-ს სცენარის” ფონზე, ყველაზე “ტროლი” კომენტარი მაინც ყოფილმა პრეზიდეტნმა და ახლა უკვე ნიუ იორკელმა ჰიპსტერმა ლექტორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ხალხში მიშად ცნობილმა ორჯერ (!) არჩეულმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად განაცხადა რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა და ამ თემაზე ჟურნალისტებს კითხვები აღარ უნდა დაესვათ, რამაც დაბნეულობა მის მიმდევრებშიც კი გამოიწვია.

მძაფრსიუჟეტიანი იუთუბ ვიდეოების მიუხედავად საქართველოში 31 იანვარს ყველაფრის გადაფარვა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თოვლმა დაიწყო. რუსთავი 2-მა aka ყოფილმა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და პირველ ფიფქებთან პარალელურად პარასკევის 12 და 3 საათიან გამოშვებებში პირველ ნიუსად “საქართველოში თოვს” გამოაცხადა. აფერუმ რუსთავი-2-ს ასეთ ფაქტზე ყურადღება რომ გაამახვილა და შოკი ნელ-ნელა რომ შემოგვაპარა, აბა თებერვლის დასაწყისში ვის გაუგია თოვლი და სიცივე.

ამასობაში, მეზობელ ჩეჩნეთში, ორზოლიანი სპორტულების მოყვარულმა რამზან კადიროვმა ოლიმპიური ჩირაღდანი საკუთარი უკონტროლო ყვირილის პრელუდიის ფონზე აანთო. თავიდან რუსული ოფიციოზის გულების მოსაგებად რუსეთის ფედერაციის დიდებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით როგორც ჩანს საკუთარი ბუნჩულა ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა გული არავისთვის დაეწყვიტა და ომახიანი “ალაჰუ აკბარით” გააგრძელა გამოსვლა. თუმცა, ამავდროულად გავრცელდა ვერსია თითქოს კადიროვი სინამდვილეში არა “ალაჰუ აკბარს,” არამედ “Аллу в Бар-ს” ამბობს.

კიდევ ერთხელ გამყარდა სტერეოტიპი რომ რუსეთში ალკოჰოლიზმის და დიდ ლიტერატურას თანაარსებობა შეუძლია. გასულ კვირას სვერდლოვსკში 53 წლის მამაკაცმა 67 წლის მეგობარი მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა პროზა პოეზიას ამჯობინა. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი გურამ დოჩანაშვილსაც კი დატოვებდა გაკვირვებულს.

გილოცავთ, თანამედროვე ხელოვნებად უკვე რწყევაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ვინმე მილი ბრაუნი ამბობს რომ “ხატვისას” წინასწარი დაგეგმვისგან თავს იკავებს და მუშაობისას სპონტანურობას ამჯობინებს. ვფიქრობ სიტყვა “სპონტანურობა” ამ შემთხვევაში “ნარწყევის უკონტროლო გამოშვების” სინონიმად უნდა მივიჩნიოთ. უცნობია ფლობს თუ არა ბრაუნი ფერწერისთვის საჭირო ტექნიკას, მაგრამ თანამედროვე ხელოვნებაში ეს ხშირად არც არის საჭირო. საკმარისია არტზე საუბრისას იყენებდე ბოჰემურ სიტყვებს, იყო ცოტათი “სტრანი” და ყველაფერი კარგად იქნება. ბრაუნს როგორც ჩანს ამის ნიჭი გააჩნია და ამიტომაც ისღა დაგვრჩენია გზა კი არადა, ნარწყევი დავულოცოთ.

ბოლოს, კომენტარის გარეშე ზარა თუშტრას მიერ გაკეთებულ “განგსთა რეპს” გიტოვებთ, რომელიც საქართველოში გავრცელებული ერთ-ერთი სექტის მიერ რელიგიურ მოტივებზეა შექმნილი.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.