Monthly Archives: March 2014

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული ფორმით არჩეულმა დიქტატორმა და დესპოტმა კიმ ჯონგ უნმა როგორც ჩანს კვლავ მოიწყინა და ახალი წესის შემოტანა გადაწყვიტა – ამიერიდან ქვეყნის ყველა სტუდენტი ვალდებული იქნება მისნაირი ვარცხნილობა ატაროს. სავარაუდოდ სეროტონინი, რომელიც ჯინგ ჯონგ ჯუნს, კი არადა, კიმ ჯონგ უნს საკუთარი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ გამოუმაშავდა, კვლავ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და ამიტომაც ახალი გასართობის გამოგონება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თავად ჩრდილო კორეელი ლიდერისთვის თუ არა, რომელიმე ახლობელი პირისთვის მაინც.

დავით გედი დეგი ბედი შედი, კი არადა დავით ბედი გედი… ტფუ… დავით დეფი გოგიბედაშვილს აგინეს! თან ეს ყველაფერი მისი შვილების თანდასწრებით მომხდარა. ცნობილი პოემის სახელად “იმიტომ-ის” ავტორი ინციდენტის შემდეგ კომპიუტერს მივარდნილა და ორგანიზმში გამომუშავებული ადრენალინი ფეისბუქის სტატუტის წერაში დაუხარჯავს.  ადრენალინის ხარჯვისას თან “თავდამსხმელებისთვის” უკვე უპატიებია და ამიტომაც ინციდენტი ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც YMCA-ს ამ სიმღერაზე უმცროსია, გამოვიდა ინიციატივით ოჯახი განისაზღვროს როგორც “ქალის და მამაკაცის” ერთობა. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ თუ ცოლ-ქმარი გაშორებულია და სიტყვაზე დედა და შვილი ცხოვრობენ ერთად, მათი ერთობა არ შეიძლება “ოჯახურად” ჩაითვალოს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ინიციატივის ავტორების განმარტებით ის არაფერს “კრძალავს” და არც ვინმეს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას. ანუ კანონპროეტს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია. ამოცანა გვეკითხება… კარგით, გავიარეთ.

დღევანდელი მდგომარეობით უკრაინისთვის რუსეთზე უარესი შეიძლება მხოლოდ დართ ვეიდერი იყოს. და აი ისიც, მხატვრული სამყაროს ყველაზე ბოროტმოქმედის ნიღაბს ამოფარებულ ადამიანს უკრაინის პრეზიდენტობა გადაუწყვეტია. საინტერესო უნდა იყოს დართ ვეიდერის დებატები სხვა კანდიდატებთან, არა მგონია გადამწყვეტ მომენტში ნათქვამ “I am your father-ის” არგუმენტს რომელიმემ გაუძლოს.

ფეისბუქს “მეშოკ ფულად” ვირტუალური რეალობის მოწყობილება უყიდია. მართალია გარეთ 2014 წელია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა აზრზე არაა თუ რა პრაქტიკული დანიშნულება უნდა ჰქონდეს მსგავს გაჯეტს და ამ ყველაფერზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილი. ეს წარმოდგენა კი აწ პრეისტორიული 90იანებში საკაბელოზე გასულ “ბ კლასის” ფილმებში ასახული რეალობისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. თუმცა, თუ ფეისბუქმა მომავალში სოციალურ ქსელში არსებული ფუნქციები ახლადშეძენილ ინსტრუმენტს პირდაპირ მიუსადაგა, საინტერესო მოვლენის მომსწრენი უნდა გავხდეთ. აი მაგალითად, აჭერ “home-ს” და “მეგობრების” ციფრული ჩამონათვალის მაგივრად, “ხედავ” თუ როგორ აბირჟავებს “სასტავი” შენს ოთახში. ან სულაც გადაწყვიტე poke გაუკეთო მონიკა ბელუჩის და მსახიობის ციფრული არსის მაგივრად ხვდები სულ სხვა “არგუმენტებს”… მაგრამ, მოდით ამ არგუმენტზე შევჩერდეთ.

ბოლოს კი გიტოვებთ “უფლება დამცველების” მიერ ჩატარებულ გინების “მასტერკლასს”. 

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 4]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას საქართველომ ერთგვარ შიდა პოლიტიკური ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა და ამ მხრივ უხვი საპოპკორნე მასალა შემოგვთავაზა. ტრანსფორმერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მესამე იპოსტასიის (მეცენატი, პოლიტიკოსი და აწ უკვე მთავარი მოქალაქე) მომსწრენი ვხდებით, საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა ადამიანი, რომლის პრეზიდენტობა ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ავიწყდება ხოლმე. აქაც ყოველი შემთხვევისთის შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ისე, ხომ დაგვიპრდა ივანიშვილი საკუთარი თანაგუნდელების გაკრიტიკება არ მომერიდებაო და ამიტომაც არც მეტი და არც ნაკლები ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირის (?) ა ლა “გახსოვდეს ვისი გორისა ხარ” კრიტიკით დაიწყო.

ყოფილი საქართველოს პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმე სულ უფრო და უფრო ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ერთგვარ ქართულ რემეიქად გვევლინება.  ბევრი ლაპარაკის და ახალი ფაქტების თუ მასალების გასაჯაროების მიუხედავად საქმე ვერა და ვერ იხსნება. ასე რომ, მე პირადად არ გამიკვირდება თუ 2040 წელს მარსზე პირველი კოლონიების მომსწრენი გავხდეთ, ხოლო ჟვანიას საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩეს.

ამასობაში აწ უკვე ლექტორს/რევოლუციონერს მიხეილ სააკაშვილს შეახსენეს რომ ქართული პოლიტიკის ტრადიციების მიხედვით მას როტაციის წესით განსასჯელის სკამზე უწევს დაჯდომა. ამაზე სავარაუდოდ ერთ მამათელს, რომელმაც როტაციის წესი არა თუ უბრალოდ აირიდა, არამედ საპრეზიდენტო რეზიდენციის “პრივატიზაცია” მოახერხა, გვარიანად ეცინება. ამ კომენტარს თუ გავითვალისწინებთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლექტორს როტაციის წესით კარიერის გაგრძელება აშკარად არ უნდა. ამავე თემაზე არაპოლიტკორექტული კომენტარის გაკეთებით გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ ეჭვის ქვეშ დააყენა თუ როგორ უნდა წავიკითხოთ მისი სახელის მესამე ასო.

საკუთარი გადაცემის ანონსისას, Twerking-ის ერთგვარი რემეიქი და ახალი სიტყვა ჟურნალისტიკაში შემოგვთავაზა უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლემ თამარა ჩერგოლეიშვილმა. თუმცა, მე უფრო მგონია რომ გადაცემის წამყვანი ანონსის ჩაწერამდე როლიკებზე კატაობდა და უბრალოდ ფეხზე გამოცვლა ვერ მოასწრო.

იმ შემთხვევაში თუ ჭიდაობას ოლიმპიურ სახეობებს ჩამოაშორებენ, მათი ჩანაცვლება “მონაზვნური” დისციპლინით გახდება შესაძლებელი. ვფიქრობ ეს დისციპლინა ჩვენთვის არანაკლები წარმატების მომტანი უნდა იყოს ვიდრე ჭიდაობა და ასეთ შემთხვევაში მედლების გარეშე ნამდვილად არ დავრჩებით. ასეთი დისციპლინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის კი არგუმენტად თავის დროზე კერლინგის ოლიმპიურ სახეობად აღიარება შეიძლება. ორივე აშკარად თანაბრად “სპორტულია”.

ამასობაში, იტალიელმა მონაზონმა ვინმე კრისტინა სუჩიამ მართალია არა სპორტში, მაგრამ ასევე საკონკურსო დისციპლინაში მოსინჯა საკუთარი თავი და ეს საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა. სკუჩიას, კულისებში ასევე მონაზვნებისგან შემდგარი “ჩირლიდერების” გუნდი ახლდა თან, რომლის წევრებიც მხიარულად ხტუნავდნენ მათი კოლეგის “მუსიკის ჰანგებზე”. არ ვიცი როგორ წარიმართება ახალი პოპ დივის კარიერა სასულიერო ინდუსტრიაში, მაგრამ პოპ კულტურის ტაძარში მან უკვე მოახერხა წარმატების მოპოვება და რა თქმა უნდა იმ ტრენერს შეუერთდა, რომელმაც საკუთარი თავი ეშმაკს შეადარა.

ბოლოს გიტოვებთ ქართული ტელევიზიების მიკროფონებისგან შემდგარ კორდაბალეტს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 3]

 

 

 

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

hodor-v2

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც მკვდარი სულების მიერ არჩევნებნზე მიცემული ხმა ჩვეული ამბავია, ა.შ.შ-ში ძალიან გაუკვირდათ, თუ როგორ “ჩააგდო ყუთში” ბულეტინი 2010 წლის არჩევნებზე მუმიფიცირებულმა მიჩიგანელმა ქალბატონმა, რომელიც სავარაუდოდ 2008 წელს გარდაიცვალა და სულ ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი საკუთარ გარაჟში. როგორც ჩანს ამერიკაში საარჩევნო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ადამიანებს და მედიას ურჩევნია შეთქმულების თეორიების და მისტიკის უფრო დაიჯერონ, ვიდრე ადმინისტრაციულ შეცდომაზე შეთანხმდნენ. ის რომ გარაჟში ნაპოვნი ქალბატონი მუმიფიცირებული და გაუხრწნელი იპოვეს, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. თუმცა, მოდით ამაზე ნუ ვიხუმრებ.
არა სიტყვაზე , თბილისი-ვარშავისს, თბილისი – სტამბოლის, ან რამე სხვა რეისის, არამედ მაინცდამაინც თბილისი-ამსტერდამის რეისის მგზავრებს გამოეცხადათ ილუმინატორზე წმინდა ნიკოლოზი (რატომღაც რეიბანების მსგავს სათვალეებში). დანამდვილებით ვერ გეტყვით დატროლა თუ არა წმინდანმა მგზავრები, მაგრამ აწ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი არ ივიწყებს “თუ ვისი გორიდანაა” და კომპანია აირზენას მშვენიერ პიარს უკეთებს.

როგორც ჩანს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს ფონად – “დავეწიოთ და გავუსწროთ ჩრდილოეთ კორეას” სულისკვეთება სდევდა. პროექტის ორგანიზატორმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც რუს თანამემალუებზე ფიქრში დღეს და ღამეს აერთიანებს, ჯერ ვერც დაწევა და მითუმეტეს გადასწრება ვერ მოახერხა, მაგრამ თითქის 97 პროცენტი მაინც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. როგორც ჩანს პუტინმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მმართველის ტიტულზე ხელი ჩაიქნია და ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე ყველაზე “ბოროტი ხელმწიფის” ორდენზე ,“ჩალიჩობს“. თუმცა, როგორც ჩანს იმდენად „ლუზერია“ რომ ამ შემთხვევაშიც კი მეორე ადგილზე მაღლა ვერ ადის (კიმ ჯონგ უნი აშკარად “უკეთესს ფორმაშია”).

ბევრს ალბათ არაფერს ეუბნება კრისტიან ნაირნის სახელი, თუმცა Games of Throne-ის ყველა მოყვარულმა იცის თუ ვინ არის ჰოდორი. მოკლედ ჰოდორი, იგივე ნაირნი, გეი ყოფილა. მართალია ჰოდორის ლექსიკონი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება (ჰოდორი), ინტერვიუში “ქამინგ აუთი” გამართული ინგლისურით გაუკეთებია. თან ისიც უთქვამს, რომ ამას არც მალავდა, მაგრამ ადრე ამით არავინ დაინტერესებულა. ამრიგად, ინტერესი ჰოდორის და მისი სექსუალური ორიენტაციის მიმართ მხოლოდ ჯორჯ მარტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საქართველოში ახალი, დარწმუნებულ ვარ ძალიან დიდი ჟურნალისტიკის დაბადების მომსწრეები ვხვდებით. ტრიბუნიდან მობილურით გადაღებული ვიდეო, გულშემატკივარი გოგონას აღტკინებული კომენტარი და ამის ფონზე დინამოს ფეხბურთელის, ჩისკოს მშობელი დედის ესპანეთში გაგზავნილი ეროტიული შინაარსის მქონე მოკითხვა ქმნის სინთეზს, რომელსაც საოცარი “დუხი” მოაქვს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

 

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას ქართული საზოგადოება, ვინმე თინა მახარაძის სახით მომავალი ახალი ლალი მოროშკინას დაბადების მომსწრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ორალური სექსით სავარაუდოდ ჯერ კიდევ ჰომო საპიენსის გამოჩენამდე კავდებოდა, 24 წლის გოგონამ “სექსუალური რევოლუციის” მოხდენა ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე მილენიუმში გადაწყვიტა. არ ვიცი რამდენად მოახდენს მისი განაცხადი გავლენას ახალგაზრდებზე, მაგრამ ბაბუა-ბებიების თაობაში შეიძლება სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. ასევე საინტერესო იყო მისი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში რეალურად “რამის შექმნა” მას და მის იმ მეგობრებს შეუძლიათ, რომლებიც საზოგადოების “სულ რაღაც ორ პროცენტს” შეადგენენ.  მინდა გითხრათ, რომ ყველაზე პესიმისტური გამოთვლებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტი 60,000 ადამიანს გულისხმობს. აკი ნათქვამია, “Не имей сто рублей, а имей сто друзей”.  არ ვიცი რამდენად იცნობს თინა მახარაძე ვუდი ალენის შემოქმედებას, მაგრამ როგორც ჩანს არაერთხელ აქვს ნანახი “გაანალიზე ეს”, რადგანაც ძალიან ზედმიწევნით გაიმეორა ამ ფილმის ციტატა ქართველების ორალურ სექსზე დამოკიდებულების კომენტირებისას.

სტივენ სიგალმა, იგივე “კიკინიან კაცმა” იმდენჯერ ითამაშა არარეალისტურ ფილმებში, რომლებშიც მისი გმირი ათჯერ და ორმოცდააჯერ აღმატებულ მტერს ამარცხებს, რომ საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ის ვერ ხვდება განსხვავებას კინოს და რეალურ ცხოვრებას შორის. სხვა ვერაფრით ავხსნით, “კიკინიანი კაცის” აბსოლუტურად სერიოზულ განაცხადს იმის შესახებ, რომ საქართველო 2008 წელს მასზე მოსახლეობით დაახლოებით 50-ჯერ და ტერიტორიით დაახლოებით 250-ჯერ დიდ სახელმწიფოს დაესხა თავს. სიგალის ასეთი განაცხადი იმ ქართველ  მემატიანეებსაც კი გააკვირვებდა, რომლებიც  “ერთი ქართველი ათ ავღანელს სჯობდა-ს” მსგავს სისულელეებს გაიძახოდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენდა ბედად სტივენ სიგალი არც ყოვლისშემძლე ჩაკ ნორისი და არც ორ სატვირთო მანქანას შორის გადებული ვან დამია. ის უბრალოდ კიკინიანი კაცია, რომლის ნათქვამსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს.

ჩრდილოეთ კორეის “მონარქმა” კიმ ჯონგ რომელიღაცამ, ძალიან “დაძაბულ” და ,”დემოკრატიულ” საარჩევნო გარემოში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ სტივენ სიგალისგან განსხვავებით, კიმ ჯონგ რომელიღაცა ხვდება განსხვავებას რეალურ ცხოვრებასა და ფიქციას შორის, თუმცა ქვეყნის მისი მმართველობის სტილი ჯორჯ ორუელსაც კი ჩააგდებდა შოკში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, რომელიც მოცემულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, 100 პროცენტის მოპოვება მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის პირდაპირი მნიშნვლებით, სისხლისმსმელ დიქტატორს ხმა მის მიერ ცოტა ხნის წინ მოკლული ბიძის ახლობლებსაც კი უნდა მიეცათ, თან ჩრდილოეთ კორეის თავისებურებებს თუ გავითვალისწინებით, ეს აუცილებლად ბედნიერი სახით უნდა გაკეთებინათ.

ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის მსურველი თურქეთის პრემიერ მინისტრი ცოტა ხნის წინ Facebook-ის და Twitter-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ რომ “ვიღაცეები ანონიმურად მის მთავრობაზე მაკომპრომატირებელ მატერიალს პოსტავენ. ეს კი კიდევ ერთი არგუმენტია Facebook – ზე dislike-ის შემოტანის მომხრეების სასარგებლოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერდოღანი აუცილებლად დააჭერდა “დისლაქს,” მერე ცოტა ხანი გაიბუტებოდა, შეიძლება დროებით Facebook – ის საკუთარი ანგარიში დაეხურა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც დაბრუნდებოდა და თურქეთის 34 მილიონი იუზერების უმრავლესობა გააგრძელებდა კატების და “charlie bit my finger-ის” მსგავსი ვიდოების დაშეარებას. აბა ვის რაში აინტერესებს კორუპციული კომპრომატები, საერთოდ არ ესმის ამ ერდოღანს სოციალური მედიის თავისებურებები. თუმცა, ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება და ამ შემთხვევაში “dislike-ის” მაგივრად, მსხნელად კონსტიტუციური შეზღუდვების და უფუნქციობის გამო ყველასგან დავიწყებული თურქეთის პრეზიდენტი მოგვევლინა, რომელმაც განაცხადა რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ასეთ აკრძალვას და აუცილებლად გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ხომ ხედავთ, ხანდახან პრეზიდენტსაც კი სურს თავი მნიშვნელნად იგრძნოს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული ფეხრბუთი ყველაფერია ფეხბურთის გარდა. ამჯერად ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებმა “იყოჩაღეს”. როგორც ჩანს ქუთათურებმა “აზვერინის” გვარიანი დოზა მიიღეს, სხვა ვერაფრით ავხსნით მათ სტადიონზე ა ლა Resident Evil – ის ზომბებივით შემოვარდნას. თუმცა, ყველაზე მაგარი “ატჟიმანიების” მოყვარული აი ეს ტიპია – “რა არის სტადიონი, თუ მის ცვრიან ბალახზე შიშველი ღიპი არ გავუხახუნე?” არ ვიცი საბოლოოდ რა სანქციებს დაუწესებენ ტორპედოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიქველის მომსწრენი აუცილებლად გავხდებით.

ბოლოს გიტოვებთ ქეთი დოლიძის “კოდურ სიტყვებს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. თებერვალში წაკითხული ნაწარმოებების შეფასება.

იყო და არა იყო რა. იყო ერთი დიქტატორი სახელად რაფაელ ტრუხიო. ზედმეტსახელად მას ჯეფე (მთავარი; “შეფი”) შეარქვეს. ჯეფე კარიბის ზღვაში მდებარე დომინიკელთა რესპუბლიკას მართავდა. ჯეფე იღებდა ყველაფერს რაც მოსწონდა და კლავდა ყველას ვინც არ მოსწონდა. ტრუხიო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე  გამორჩეული დიქტატორი, დომინიკელებს 30 წლის განმავლობაში, 1961 წლამდე ატერორებდა. ჯეფეს მმართველობა გასდევს ფონად დომენიკელ-ამერიკელი ავტორის, ჯუნო დიაზის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს – “ოსკარ ვაოს მოკლე და საუცხოო ცხოვრებას”. ჩვეულებრივი ლიტერატურული ხერხია, ისაუბრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ, თუ გლობალურ თემაზე ერთი, ან რამდენიმე რიგითი ადამიანის ცხოვრების აღწერის მეშვეობით. წიგნის ნარატივი რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. თავიდან ის ამერიკაში ემიგრირებულ დომინიკელ ოჯახზე მოგვითხრობს, თუმცა მოგვიანებით წარსულში და დომინიკაში გვაბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს ეხება, პარალელურად ავტორი მთავარი პერსონაჟისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრება – შეძლებს კი საოცრად მორცხვი ოსკარი, თავისი მოკლე ცხოვრების განმავლობაში დაწვეს ქალთან?  შეიძლება ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში ოსკარის პრობლემას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ რა არის ადამიანთა ისტორია, თუ არა ამ პირადი პრობლემების ერთობლიობა? დიაზის ოსტატობა სწორედ ამ პირადი და ისტორიული კონტექსტების სინქრონიზაციის უნარში გამოიხატება. ამრიგად, ავტორი თითქოს გვახსენებს, რომ დიქტატორები და ქვეყნის მმართველები, არა უბრალოდ ისტორიის მიერ გასახსენებელ პერსონაჟებს, არამედ ყოველი კონკრეტული ადამიანის ბედზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ორიგინალურ ენას ინგლისური წარმოადგენს, ხშირია ესპანური სიტყვები. ავტორის ეს ჩანაფიქრი მარტივი გასაგებია – ოჯახის ბედი დომინიკას და ამერიკას უკავშირდება, შესაბამისად ინგლისურენოვან და ესპანურენოვან სამყაროებს. ასეთი მიდგომა კი წიგნს უფრო დამაჯერებელს და ავთენტურს ხდის.

არ ვიცი ნათარგმნია თუ არა ქართულად რეი ბრედბერის მოთხრობათა კრებული, რომელზედაც მოკლედ უნდა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. ინგლისურად მას “I sing the body electric” ჰქვია. თარგმანს ერთი ორად ის ართულებს, რომ კრებულის სათაური უოლტ უიტმანის ერთ-ერთი ლექსის ციტატას წარმოადგენს. პოეზია კი განსაკუთრებით რთული სათარგმნია. სამაგიეროდ ძალიან მარტივი გასაგებია კრებულში შესული ბრედბერის მოთხრობები. ახალს არაფერს გეტყვით, თუ ბრედბერიზე შეგახსენებთ, რომ ის გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფანტასტიკა და ისეთ უნივერსალურ თემებს ეხება როგორიც სიყვარული, მეგობრობა, და ზოგადად ცხოვრებაა. ამიტომაცაა, რომ ბრედბერი არამხოლოდ ფანტასტიკის მოყვარულებს შორის, არამედ ზოგადად ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებში (მათ შორის ლიტერატურულ სნობებს შორის, რომლებიც ფანტასტიკას არ აღიარებენ) დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ კონკრეტულ კრებულში კი, “ხვალინდელ ბავშვს” და “ღამის ზარს” გამოვყოფდი. პირველი ახალდაბადებულ ჩვილზე მოგვითხრობს, რომელიც მშობლებს პირამიდის ფორმაში მოევლინება, ხოლო მეორე – ადამიანზე რომელიც პლანეტა მარსზე სრულ მარტოობაში რამდენიმე ათწლეულს ატარებს…

ავსტრიელი მწერლის ტომას ბერნჰარდის Beton (ბეტონი) შეიძლება ეგზისტენციალურ ჟანრს მივაკუთვნოთ. ნაწარმოების მთავარი გმირი, რუდოლფი მენდელსონ ბარტოლდიზე წიგნის დაწერას აპირებს და ამ საქმისთვის საგულდაგულო მომზადების მიუხედავად, ვერაფრით ახერხებს მუშაობის დაწყებას. ამის მაგივრად ის იწყებს გაუთავებელ საუბრებს მის ცხოვრებაზე, დაზე, ადამიანებზე, სოციალურ წრეებზე და ა.შ. პირველი პირიდან მოთხრობილი 150 გვერდზე გაწელილი მონოლოგი მკითხველს შეიძლება თავიდან მოსაწყენ პერსპექტივად მოეჩვენოს, თუმცა ნაწარმოები ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება. ეს კი პირველ რიგში ავტორის იუმორის და ირონიის გრძნობის დამსახურებაა. ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მონაკვეთად, მთავარი პერსონაჟის აზრი ძაღლების შესახებ შეგვიძლია მივიჩნიოთ. რუდოლფი ვერ იტანს ძაღლებს და ამტკიცებს რომ არა ადამიანები, არამედ სწორედ რომ ძაღლები მართავენ მათ პატრონებს. მაგალითად შოპენჰაუერი მოჰყავს და საბოლოოდ ასკვნის, რომ შოპენჰაუერს და შესაბიმისად მის ფილოსოფიას არა მისი გონება, არამედ მისი ძაღლი მართავდა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში საინტერესო ექსკურს წარმოადგენს გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე”. ვფიქრობ, ჩემი და ჩემზე ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო უნდა იყოს ავტორის ერთგვარი დღიური საქართველოზე და საბჭოთა კავშირზე, რომელიც მოგვიანებით ამ რეგიონის ფარგლებსაც სცდება. წიგნი ესეების კრებულს წარმოადგენს, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება და ქრონოლიგიურად ვითარდება 2004 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ გვახარია მეტწილად კინომცოდნედ აღიქმება, პირადად ჩემთვის, აქ მოყვანილი ესეები პირველ რიგში ისტორიული  და უფრო ნაკლებად კინოს კუთხით არის საინტერესო. უფრო მეტიც, კინო შეფასებებში ავტორი ძალიან სუბიექტურია (ალბათ ისევე როგორც ნებისმიერი კინო მოყვარული) და ამ შემთხვევაში მკითხველის გადასაწყვეტია დაეთანხმება თუ არა მას. მაგალითად, ვერაფრით გავიზიარებ შეფასებას ანდრეი ტარკოვსკის და ვუდი ალენის შესახებ. არის სხვა თემებიც, რომელიც ზოგიერთი მკითხველის მოსაზრებებთან თანხვედრაში შეიძლება ვერ მოვიდეს, თუმცა იმ პირობებში როდესაც საქართველოში უახლესი ისტორიის გააზრების, თუნდაც სუბიექტური გააზრების ნაკლებობაა, წიგნი ყურადსაღებ ნაშრომს წარმოადგენს.

წინა თვის მიმოხილვა.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

რუსეთი Game of Thrones-ის პროდიუსერებს მაყურებელს ართმევს და ახალი სეზონის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე “დრაკონებს” აგზავნის უკრაინაში. სანამ გაერო, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ევროპა და ნატო უკრაინის კრიზისზე მსჯელობს, ქართველი Facebook ექსპერტები ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ თეორიებს დაუღალავად ავითარებენ. ზოგიერთი მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს და საკუთარი აზრის გასატანად მოვლენების ასეთ განვითარებზეც კი თანახმაა. თუმცა, ყველაზე მაგარი ვერსია რამდენიმე იუზერის მიერ სრული სერიოზულობით გამოთქმული აზრი იყო, თითქოს ბარაკ ობამა რუსეთის მიერ დავერბოვკებული აგენტია.

ოსკარების დაჯილდოებამ მაინც მოახერხა უკრაინის ამბების გადაფარვა. თუმცა, სოციალური მედიის იმ მომხარებლებს, რომლებსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ოსკარზე ლაპარაკი ეჩოთირებოდა, გამოსავალი აწ უკვე ოსკაროსანმა ჯარედ ლეტომ გამოუნახა, რომელმაც სამადლობელო სიტყვის დროს უკრაინა და ვენესუელა ახსენა. ამრიგად ლეტომ სოციალური მედიის მომხარებლებს ორი ერთში “დასაშეარებელი” და “დასალაიქებელი” პროდუქტი შეუქმნა.

მინიმუმ ერთი წლით გადაიდო ლეონარდო დი კაპრიოს ოსკარი და შესაბამისად, ასევე მინიმუმ ერთი წელი მსახიობი ინტერნეტ მემეების მთავარი გმირი იქნება. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ აკადემიისგან დაჩაგრული დი კაპრიო, მისმა კოლეგებმაც კი დაჩაგრეს და ჯგუფუს “selfie-შიც” კი არ ჩასვეს. წარმომიდგენია თუ როგორ უნდოდა დი კაპრიოს კადრში მოხვედრა, მაგრამ იქვე მდგომს ეხათრებოდა ჯგუფთან შეერთეება, მერე ვინმე გაიფიქრებდა, “ლეოს ხომ არ დავუძახოთ”, თუმცა პოზიორობით გართულს იმავე წამს დაავიწყდებოდა მის შესახებ. დი კაპრიო  ჯგუფს გარეთ დარჩენილ იმ ყველაზე არაპოპულარულ ბავშვს ჰგავს, რომელსაც ფოტოს გადაღებამდე ერთი წამით ადრე “მოდი, მოდი” ეუბნებიან ხოლმე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში მისთვის ეს ფრაზა სავარაუდოდ არავის უთქვამს.

როგორც ცნობილია თბილისში და ზოგადად საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები ერთმანეთს ყველაზე ცუდი ნაგებობის შექმნაში ეჯიბრებიან. ცოტა ხნის წინ დაანონსებული ახალი პროექტის ავტორს ლეგიტიმური უფლება აქვს მოიგოს ეს საპატიო ტიტული, რადგანაც ვარდების მოედანზე პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც კვერცხობის დადგმას აპირებენ.

ნაწყვეტმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩიდან youtube-ზე სულ რაღაც ხუთ დღეში ერთ მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა. არა, საქართველოს ჩემპიონატმა იტალიურ, ესპანურ თუ ინგლისურ ლიგას სანახაობით ჯერჯერობით ვერ აჯობა და ამხელა ყურადღება მხოლოდ იშვიათი კურიოზის ხარჯზე მოიპოვა, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ესეც პროგრესია. ახლა მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანა, რომელიც მალტასტან ფრეს თამაშობს, საკუთარი ჩემპიონატი გააჩნია.

ვფიქრობ დიანა ტრაპაიძეს და თეონა გეგელიას ძალიან გაუმართლათ, რომ იმ თაობას განეკუთვნებიან, რომლებსაც ზოგადი უნარების ჩაბარება არ მოუწიათ. ჟურნალისტებმა პირდაპირი მნიშვნელობით აბუჩად აიგდეს ისედაც აბუჩად აგდებული ნოდარ ხადური მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც საკითხში ვერ ერკვევიან. ამრიგად, კიდევ ერთხელ განმტკიცდა თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანმა შეიძლება ნაკლები იცოდეს, მაგრამ თავი სხვაზე გაცილებით ჭკვიანი ეგონოს. ასეთ პირობებში ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მზადაა მასზე კონკრეტულ საკითხში უფრო გარკვეულ ადამიანს “შეხე რა შტერია-ს” პათოსით საჯაროდ დასცინოს .

ვარაუდის დონეზე შეიძლება იმ აზრის გამოთქმა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელსაც თავი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი ჰგონია, ფსიქიატრმა Anger Management-ის მიზნით “რთულად გასატეხი კალამი” გამოუწერა. კალამი როგორც ჩანს ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთ მუშაობს, ნახეთ თუ როგორ დამშვიდდა იანუკოვიჩი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ და კუთხეში ჩაყენებულ იმ ბუნჩულა ბავშვს დაემსგავსა, რომელიც ბოდიშს ითხოვს.

ბოლოს გიტოვებთ “პუტინის და კადიროვის” ცეკვის ამსახველ ვიდეოს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.