Monthly Archives: აპრილი 2014

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 7]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

9 აპრილის კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ  განათლებაში ინვესტიციების ჩადება აუცილებელია, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გეოგრაფიის მიმართულებით. სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, ბესო გაზდელიანმა, რომლის სახელიც სამგორელებსაც კი სავარაუდოდ არაფერს ეუბნება, პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ რუსეთის მზაკვრული გეგმები “სლოვაკეთის გავლით” გაშიფრა და საქართველოში მეტწილად ევროტურის დამსახურებით ცნობილი ქვეყნის დროშა “გმირულად” დაწვა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში გაზდელიანის ბოდიშის მოხდაზე უარის თქმა და სლოვაკეთის წარმომადგენლების “შეცდომაზე” გადაბრალება აღმოჩნდა. გაზდელიანმა სლოვაკეთის ქმედებას, ანუ ლენტის მიტანას “მექანიკური შეცდომა” უწოდა… სლოვაკეთის ჰერალდიკის სპეციალისტები ალბათ გაითვალისწინებენ ამ პრეცედენტს და დაფიქრდებიან, იქნებ თავის დროზეც დროშის მიღებისას რამე “მექანიკური” შეცდომა გაეპარათ.

კვლავ აქტუალურია ამ მიმოხილვის პრაქტიკულად მუდმივი სტუმარი კიმ ჯონგ უნი, რომელიც იმდენჯერ ვახსენე, რომ ამ ეტაპზე მის სახელს გუგლის დახმარების გარეშეც კი ვწერ. რთულია დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი ამ პლანეტაზე ხდება, არადა ამ ქვეყანაში მოხვედრა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან საათების განმავლობაშია შესაძლებელია (მართალია არავინ შეგიშვებთ და მითუმეტეს უკან არ გამოგიშვებთ, მაგრამ მაინც…). რთულია დაიჯერო, რომ დარბაზში შეგროვილი ადამიანები იგივე ბიოლოგიურ, ფიზიკურ და სხვა ზოგადსაკაცობრიო წესებს ემორჩილებიან. საინტერესოა, სახლში მისულები თუ ეფერებიან ნეტა შვილებს? თუ შვილებს კიმ ჯონგ უნი უჭამთ? თუ ჩრდილოეთ კორეა საერთოდ არ არსებობს და უბრალოდ გვატყუებენ? პასუხი დენის როდმანს თუ ეცოდინება…

ამასობაში, რუსეთის ახალი სლოგანი როგორც ჩანს “დავეწიოთ და გადავუსწროთ” ჩრდილოეთ კორეას უნდა იყოს. ბოდიში ტავტოლოგიისთვის და რუსეთის ხმამ ამერიკის ხმა პროპაგანდაში დაადანაშაულა და რუსეთის მხრიდან რადიო სადგურის დახურვა “გააპრავა”. თუმცა, ამას გაპრავება არ ჰქვია, ამას ჰქვია… რა ჰქვია და… ა ხო, პროპაგანდა. თუმცა, ამ პროპაგანდაში ყველაზე საინტერესო მე-9 აბზაცის ბოლო ნაწილია, რომლის ჩემეულ თარგმანსაც აქვე გთავაზობთ, “პრეზიდენტი პუტინი ჭადრაკის მოთამაშეს ჰგავს, რომელიც 250 სვლით წინ ფიქრობს, მაშინ როდესაც ზოგიერთს სამი სვლის გათვლაც კი უჭირს.” მემგონი პატივცემულ კიმ ჯონგ უნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და ასე თუ გაგრძელდა, ნამდვილი “გროსმეისტერების” პარტიის მომსწრენი უნდა გავხდეთ. ამასობაში, როგორც ჩანს ძალიან მალე პუტინის კრიტიკოსებს ყვითელი ვარსკვლავების მსგავს იარლიყებს დაურიგებენ. პროცესი აშკარად დაწყებულია.

ადამიანები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. არიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ Game of Thrones-ს და არიან ადამიანები, რომელსაც Game of Thrones ჯერ არ უნახავთ, მაგრამ აუცილებლად ნახავენ. ანალოგიურად არიან საქართველოში მცხოვრები ადამიანები მანჩო გიორგობიანთან მიმართებაში. საკმარისია, გიორგობიანის რომელიმე ვრცელი ვიდეოს დასაწყისი ნახოთ და მისი ბოლომდე ნახვა გარდაუვალია. თუმცა, მაშინ როდესაც ყველას ეგონა, რომ მანჩო გიორგობიანი ვეღარავის გააკვირვებდა, ახლადგამოჩენილმა ვარსკლავმა Red Wedding – ის (იხილე Game of Thrones) დონის შოკისმომგვრელი სერია შემოგვთავაზა. ადამიანი, რომელიც გასულ კვირამდე სავარაუდოდ თავისი ახლობლების გარდა არავისთვის იყო ცნობილი (მიუხედავად იმისა რომ თავად ამბობს რომ მესტიაშიც კი იცნობენ), რამდენიმე დღეში “ტოპ სელებრითად” მოგვევლინა. სხვათაშორის, ჯორჯ მარტინიც (იხილე Game of Thrones) ეგრე იყო დიდი ხნის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებს როგორც წესი ამ მიმოხილვაში მოხვედრა უჭირთ ხოლმე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოწოდების სიმაღლეზე დგას. კომენტარის გარეშე გთავაზობთ ფეხბურთელის მორიგ “გამოხტომას”.

გასული კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

Advertisements

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას გავრცელებული ამბავი Selfie-ს ფსიქიკურ აშლილობად მიჩნევის შესახებ ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ მხოლოდ ამ პოსტის დასაწერად დაჯდომის შემდეგ გავიგე. არადა, ამ ღირშესანიშნავის ამბის მოლოცვას ვაპირებდი, ვფიქრობდი თუ როგორ გავაქილიკებდი კევინ სპეისის, ჯენიფერ ლოურენს, ბარაკ ობამას, დევიდ კამერონს, ტუალეტში რეგულარულად ფოტოების გადამღებ გოგჩოებს და მრავალ სხვას, მაგრამ კოვზი ნაცარში კი არადა, მაუსი გუგლში ჩამივარდა… მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გავრცელებული ამბავი ტყუილი აღმოჩნდა, დარწმუნებული ვარ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც კვლავ სჯერა რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ Selfie ფსიქიკურ დარღვევად მიიჩნია, რამდენჯერმე აღემატება ჩემნაირ “ზანუდა” სკეპტიკოსებს, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებით ერთობიან ხოლმე. დარწმუნებული ვარ გავა დრო და ეს ურბანული ლეგენდა კვლავ ცოცხალი იქნება, ისევე როგორც ლეგენდა იმის შესახებ, თავის დროზე მარკესმა რაღაც ანდერძი რომ “დაწერა,” ან ალ პაჩინო რაღაც სიბრძნეებს რომ “ლაპარაკობდა” რაღაც ველოსიპედზე.

თუ ევა ბრაუნის დნმ-ის ამბავი ტყუილი არ აღმოჩნდა, შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი “ტროლინგის” მომსწრენი აღმოვჩნდეთ. პრინციპში ტყუილიც რომ აღმოჩნდეს, ინტერნეტ მომხარებლების აწ უკვე ცნობილი მეამიტობის ამბავის გათვალისწინებით, ეს ტყუილიც არანაკლები “ტროლინგი”  იქნება. ისე თუ ბრაუნი ნამდვილად იყო ებრაული გენების მატარებელი, მაშინ ვერსია იმის შესახებ, რომ ჰიტლერმა თავის დროზე “Juice” თქვა და არა “Jews” არც თუ ისე არარეალისტური უნდა იყოს. კონსპირაციული თეორებიის მოყვარულებს ასევე უნდა მოეწონოთ ვერსია იმის შესახებ, რომ ბრაუნმა საკუთარი წარმომავლობის შესახებ იცოდა და ყველაზე დიდ ანტისემიტს უბრალოდ თავისებურად ტროლავდა.

Game of Thrones-ის მოყვარული ფბ მომხმარებლები ისტერიულად ითხოვონ ფილმი არ დაუსპოილერონ სანამ ამ კვირაში გამოსული ახალი სეზონის პირველ სერიას არ ნახავენ. ალბათ არასდროს არ გიჩნდება ადამიანს სურვილი დაუსპოილერო სხვას რაღაც ფილმი, თუ ის თავად არ შეგასენებს ამის შესახებ. არადა, დასპოილერება  თვითმიზანი რომ ყოფილიყო, ამის გაკეთება ხომ სერიალის გამოსვლამდეც შეიძლებოდა, თუმცა როგორც ჩანს სერიალის მოყვარულები ფილმს და რამდენიმე წლის წინ დაწერილ ფიქციას შორის კავშირს მაინცდამაინც ვერ აბავენ.

ტელეგადაცემა რა? სად? როდის? თამაშის ახალ საფეხურზე ადის და მოაზროვნეებს უკვე პასუხგაცემულ კითხვებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი წამყვანი არ იმჩნევს ლანგარზე მირთმეულ სწორ პასუხს და თავიდან მარი კორინთელი რაციონალურად, გადაცემის ფორმატის შესაბამისად ცდილობს უპასუხოს და თვალი დახუჭოს გაპარულ შეცდომაზე, ბოლოს გუნდის კაპიტანი მათე მაყაშვილი პრაქტიკულად “ჩესტნად” ეუბნება “კრუპიეს”, რომ პოლინეზიელები და ტაიტელები არაფერი შუაში არ არიან. ნახატს უბრალოდ, თან როგორც ჩანს გარკვევით, აწერია გოგენი.

ჩიტმა ნინი ბადურაშვილმა ყალბი ამბების სააგენტო – ჩიტს ტოპკა აუგდო და კვლავ სასაცილოდ გაიხადა საქმე. მას განუცხადებია, რომ ათ წიგნზე მეტი აქვს წაკითხული (ვითომ 11?), მაგრამ ამის მიუხედავად მათ ჩამოთვლას არ აპირებდა. თუმცა, ბოლოს ვერ “მოითმინა და მთვარის” მოტაცება მაინც დაასახელა. ამიერიდან ჩიტის ვებგვერდზე ნინი ბადურაშვილის საყვარელი ერთი წიგნი უკვე მითითებულია. აქედან გამომდინარე თუ ნინი ბადურაშვილმა განაგრძო ავარდნები შეიძლება რაღაცეები “შემოეკითხოს” კიდეც, ამრიგად ჩიტსაც ექნება მასალა და ნინი ბადურაშვილიც არგებს საკუთარ თავს. თუ ჩიტმა თავი არ დაანება, შეიძლება ბოლოს რა? სად? როდის? გადაცემაშიც კი ამოყოს თავი. გოგენს ვერ უპასუხებდა თუ რა?

გასული კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. ბრეტ ისტონ ელისი, ლაშა ბუღაძე, უილიამ ტრევორი და სხვები.

odd1

უილიამ ტრევორი, თანამედროვე ირლანდიელი მწერალია, რომელსაც სტილის გამო ხშირად ანტონ ჩეხოვს ადარებენ. “A bit on the Side”  კრებულია, რომელიც 12  მოთხრობას აერთიანებს. აქ ტრევორი საუბრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, მარტოობაზე და პერსონაჟების სულიერ მდგომარეობას მდიდარი ფსიგოლოგიური პორტრეტების მეშვეობით აღწერს. წიგნი მელანქოლიურ-სევდიანი, თუმცა ადამიანური ამბების კრებულია, შეიძლება ზედმეტად ადამიანურიც კი.

ქეით ფოქსის  “Watching the English” (დაკვირვება ინგლისელებზე) ერთდროულად სერიოზული ანთროპოლოგური და ამასთანავე ძალიან სახალისო ნაშრომია, რომლის დაკვირვების მთავარ ობიექტს ინგლისელი ერი და ამ ერისთვის დამახასიათებელი თავისებურებები წარმოადგენენ. თებერვალში ამ ბლოგზე ჯერემი პაქსმანის ინგლისელები (“The English”) განვიხილეთ, წიგნი, რომელიც იგივე თემას ეხება. თუმცა, პაქსმანისგან განსხვავებით ფოქსი პროფესიონალი ანთროპოლოგია და ამიტომაც ეს ნაშრომი უფრო საფუძვლიან კვლევად შეგვიძლია მივნიჩნიოთ. კიდევ ერთი განსხვავება პაქსმანისგან ის არის, რომ ამ ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ თემად ავტორს კლასობრივი სხვაობები აქვს აღებული და ამ განსხვავებზე საუბრობს მთელი წიგნის განმავლობაში. განსხვავებები იმდენია, რომ ვფიქრობ შეუძლებელია მკითხველმა მათი უმეტესობა დაიმახსოვროს, თუმცა გართობა გარანტირებულია.

ძალიან კარგი ექსკურსია ევროპის მე-20 საუკუნის სამხედრო ისტორიაში ჯეიმს შიანის “The Monopoly of Violence” (“ძალადობის მონოპოლია”). ავტორი მე-20 საუკუნის კონფლიქტების, განსაკუთრებით პირველ და მეორე მსოფლიო ომების შესახებ მოგვითხრობს და ევროპულ სამხედრო პოლიტიკას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიური პრიზმიდან გვაჩვენებს.  წიგნი მარტივად და საინტერესოდ არის დაწერილი და ამიტომაც არ მოითხოვს თემის სპეციალიზირებულ ცოდნას. შეიძლება ევროპული ისტორიის მკვლევარებისთვის ნაშრომი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს, მაგრამ მათთვის ვისაც ამ თემაში გარკვევა სურს, “ძალადობის მონოპოლია” კარგი სასტარტო წერტილი უნდა იყოს.

ბრეტ ისტონ ელისი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფილმად ადაპტირებადი ნაწარმოებების ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ “American Psycho – სგან (ამერიკელი ფსიქოპატი)” და Rules of Attraction -სგან (“სექსის წესები-ს”) განსხვავებით, წიგნ “The Informers-ის” (“ინფორმატორები”) ეკრანიზაცია კინომოყვარულებს შორის ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, თავად ნაწარმოები არაფრით ჩამოუვარდება ავტორის სხვა რომანებს. ელისის თემები უცვლელია – გლამური, სექსი, ნარკოტიკები… ამ ნაწარმოებში ავტორი ლოს ანჯელესში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებზე, მეტწილად მდიდარი მამიკოების და დედიკოების შვილებზე მოგვითხრობს, რომელთა ერთადერთი პრობლემა გართობის აუტანელი სიმსუბუქეა. მიუხედავად იმისა რომ ნაწარმოები სულ რაღაც 200 გვერდს წარმოადგენს, ის მდიდარია პერსონაჟებით, რომლებიც რომანის სხვადასხვა მონაკვეთში ქრონოლოგიური ნარატივის გარეშე აქა-იქ გვევლინებიან. თავიდან ყველაფერი მეტნაკლებად “გულუბრყვილოდ” იწყება, ვკითხულობთ სხვადასხვა წვეულებებზე, სექსუალურ თავგადასავლებზე და ა.შ, თუმცა წიგნში რაც უფრო მეტად შევდივართ, მით უფრო მძიმდება თემები. ბრეტ ისტონ ელისი ის მწერალია, რომელიც დაუღალავად და ყოველგვარი შეწყალების გარეშე დასცინის ელიტის წარმომადგენლებს და ეს მშვენივრად გამოსდის.

თუ რამე გასართობი გსურთ და მაინცდამაინც სერიოზულ ლიტერატურას არ დაეძებთ, ლაშა ბუღაძის Lukrecia515-ს გირჩევდით. მართალია წიგნს ცოტა სიღრმეები აკლია, მაგრამ ალბათ ავტორს ეს ამ შემთხვევაში არც ჰქონდა მიზნად. სამაგიეროდ ძალიან სახალისოა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სიცილის შეკავებაც კი გაგიჭირდეთ. წიგნი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც ცოლ-შვილის ყოლის მიუხედავად დაუღალავად ეძებს და “აბავს” ქალებს მის ირგვლივ. ის იმდენადაა გართული ამ საქმით, რომ მას საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან თემად აქცევს. მართალია ბუღაძის ეს ნაწარმოები მხატვრულია, მაგრამ ვფიქრობ წიგნში მოყვანილ მაგალითებს ჩვენს ირგვლივ მრავლად შეგვიძლია შევხვდეთ.