Monthly Archives: May 2014

ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან ჯოჯოხეთში ხვდებიან

დარწმუნებული ვარ, ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან – ჯოჯოხეთში ხვდებიან. ასევე მჯერა, რომ იქაური მენეჯერები, რომლებიც საქმის ნამდვილი პროფესიონალები უნდა იყვნენ, მათ ქვაბის რიგში ურიგოდ უშვებენ. თუმცა, სანამ ასეთი ადამიანები ცხელ წერტილში მუდმივ საგზურს მოიგებდნენ, ისინი აქ, დედამიწაზე არიან და პატიოსან მოქალაქეებს ნამდვილ ჯოჯოხეთს გვიწყობენ.

რაღაც ზებუნებრივი თუ ლოგიკური მიზეზების გამო რიგის დამრღვევების დიდი პროცენტი საქართველოშია კონცენტრირებული. ამ მხრივ ქართველები იმდენად განვსხვავდებით ცივილური საზოგადოებებისგან, რომ რომელიმე საერთაშორისო აეროპორტში თბილისის “გეითის” მოსაძებნად დამატებითი მინიშნება გეძლევათ. თუ სწორ და მოწესრიგებულ რიგს ხედავთ, გააგრძელეთ სვლა, ეს ლონდონი, პარიზი, ბერლინი ან რომელიმე სხვა ევროპული ქალაქია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოში მიმავალი თვითმფრინავი. თუ რომელიმე გასასვლელთან ხედავთ რიგს, რომელიც ფორმით მაგიდაზე დაბნეულ ბრინჯს წააგავს, გილოცავთ თქვენ სწორ გზაზე ბრძანდებით და მალე იმ ქვეყანაში ჩაფრინდებით სადაც ასეთი შეგნებულად “დაბნეულ ბრინჯებს” ბლომად შევხვდებით.

მე მგონია, რომ თანამედროვე საქართველოში ადამიანებისთვის, რომლებსაც რიგში დგომა ხშირად უწევთ და რომლებიც კუთვნილი თითო გოჯი ტერიტორიისთვის სამართლიანად იბრძვიან, სპეციალური სახელმწიფო ორდენი უნდა დაწესდეს, ეს ადამიანები უნდა გავუთანაბროთ ცხრა ძმა ხერხეულიძეებს, ან როგორც მინიმუმ 300 არაგველებს მაინც.

სადაც არ უნდა დგებოდეთ რიგში, იქნება ეს ბანკი, მაღაზია თუ კინოთეატრი ყველგან ნამდვილი ბრძოლის გადატანა გიწევთ. ერთადერთი სადაც მშვიდად შეიძლება იყოთ თეატრის რიგია, თუმცა არა იმიტომ რომ აქ მოსიარულე ადამიანები სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან, უბრალოდ ამ დაწესებულებაში თითქმის არავინ დადის.

საქართველოში “ურიგო რიგები” იმდენად ყოველდღიური მოვლენაა, რომ მასზე რომანის დაწერაც კი შემიძლია, სახელების სხვადასხვა ვარიანტებიც კი მაქვს მოფიქრებული, მაგალითად: “როგორ იწრთობოდა რიგი,” “რიგითი რიგის გადასარჩენად,” “რიგის გარეშე სიარულის აუტანელი სიმსუბუქე,” “დაკარგული რიგის ძიებაში…”

იცით რა მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში 2014 წელს, იმ პირობებში ხდება როდესაც ხელისუფლებასაც კი არჩევნების გზით ვცვლით, რა ხდებოდა შავბნელ 90-იანებში? რიგი როგორ უნდა დაგეცვა? ბენზოხერხით? მაგრამ, ეს ბენზოხერხი რომ აგემუშავებინათ, ხომ ასევე რიგში უნდა ჩამდგარიყავით? მაგრამ ბენზოხერხი თუ არ გქონდათ, ამ რიგში საკუთარ უფლებებს როგორ დაიცავდით? მოკლედ, ჩაკეტილი წრე გამოდის. ან იქნებ ეს ყველაფერი იმ წლების შემდეგ ინსტინქტად ჩამოგვიყალიბდა და რიგის დანახვაზე პავლოვის ძაღლის მსგავსად გვენთება რაღაც ნათურა?

ზოგიერთს შეიძლება ეს თემა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში დღეს არ დგას და ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რიგის დამღვევებს შორის არიან მამაკაცები, რომლებიც საკუთარ ცოლებს ურტყამენ, ქალები, რომლებიც ქმრისგან ასეთ საქციელს იტანენ და იწონებენ კიდეც. ასეთ ადამიანებს შორის არიან მძღოლები, რომლებიც ზებრაზე მოსიარულეს დანახვაზე გაზს უმატებენ, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში არ ეფერებოდნენ, ადამიანები რომლებიც საშუალება რომ მიეცეთ კრთამს ჯიბეში დიდი ოდენობით ჩაიდებდნენ, ადამიანები რომლებიც არჩევნებზე კარუსელებს ორგანიზებას უკეთებენ და ადამიანები, რომლებსაც საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის არასდროს შეუხედავთ და საკუთარ რაობაზე არასდროს ჩაფიქრებულან…

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

უკრაინამ როგორც ჩანს ოქროს ბილეთი ამოიღო და ქვეყნის ლიდერად ვილი ვონკა AKA პეტრო პოროშენკო აირჩია. უცნობია დაურიგებს თუ არა უკრაინელი ვილი ვონკა თავის თანამოქალაქეებს ფოჩიან კანფეტებს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის დამთავრების პირობა მან უკვე დადო. საინტერესოა ეღიმება თუ არა ამ ყველაფრის გამო კრემლის კოშკში მჯდომ კაცს და რამდენად უყვარს ამ უკანასკნელს შოკოლადი და თუ უყვარს, როგორი?

ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წვევამდელების მიერ დადებული ფიცის ჩაბარების უფლება მისცეს, რის შემდეგაც გახარებულმა ქვეყნის ლიდერმა იგივე ქვეყნის მეორე ლიდერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა. ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო და პრეზიდენტმა ორი დღის შემდეგ ხელშეკრულების მოწერის პრეროგატივა პრემიერს გადასცა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია ვინმეს ეს ნებართვა მაინცდამაინც სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ 🙂 სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ფორმალობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ინტერნეტი თანამედროვე პანდორას ყუთია, ყოველ შემთხვევაში ლეგენდარული Led Zeppelin-ვის, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის შემდეგ შეიძლება ბევრისთვის არც თუ ისე ლეგენდარული აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ელექტრონულ სამყაროში ამ ჯგუფის სავარაუდოდ ყველაზე ცნობილ კომპოზიციის Stairway to Heaven – ის შესახებ არც თუ ისე ღირსეული ცნობა ვრცელდება. კერძოდ კი, ის რომ როკ ლეგენდებმა გენიალური კომპოზიცია თავად კი არ მოიგონეს, არამედ ვინმე Taurus-ისგან უბრალოდ მოიპარეს. Led Zeppelin – ის თაყვანისმცემელ სკეპტიკოსებს ამ ამბის იგნორირება შეეძლოთ, რომ არა უხერხული ლინკი Taurus-ის კომპოზიციაზერომელიც ამ ამბავს თან სდევს ხოლმე და რომელიც მართლა ძალიან საეჭვოდ ჰგავს სხვადასხვა თაობების საკულტო ნაწარმოებს. სამყარო, სამართლიანი რომ ყოფილიყო ეს ამბავი მართლა სკანდალით დამთავრდებოდა. თუმცა 1) “ზეპელინები” მართლა ჰიპები კი არ არიან 2) შოუ ბიზნესი უსამართლო მოვლენაა 3) ადამიანები, რომლებსაც ამ ჯგუფთან ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებები აკავშირებთ, ვერაფრით აღიარებენ იმას რომ ამდენი ხანი ტყუილში ცხოვრობდნენ.

ჩინეთიდან კოშმარული ამბები ვრცელდება. ამიერიდან ჩინელები ძაღლებს არამხოლოდ სადილად მიირთმევენ, არამედ ღებავენ კიდეც. გაიცანით პანდა ძაღლი, რომელიც ვაშლ-ატამას მსგავს გენეტიკური მიღწევის მორიგი ნაყოფი კი არაა, არამედ კარგი სტილისტის ნამუშევრის დემონსტრაციაა. საერთოდ მე მგონია, რომ ადამიანის და ძაღლის მეგობრობის ამბავი მითია, რომელიც რეალურად კარგად შენიღბული ფარისევლობაა. მეგობრობა ორ მხარეს შორის თანაბარ ურთიერთობას და არა “ვუწი-პუწი რა საყვარელი ძაღლიას” ძახილს გულისხმობს. საკმარისი დრო თუ გამოვნახე, აუცილებლად უნდა დავწერო რომანი ამ ურთიერთობის შესახებ, რომელიც სტივენ კინგისთვის დამახასიათებელ სტილში იქნება გადაწყვეტილი.

კოკა-კოლა ცინიზმის ახალ მწვერვალს აღწევს და ფიტნესის 30 მილიონ დოლარზე ძვირადღირებულ პროექტში დებს ფულს. ეს დაახლოებით იგივეა, ვაჰაბისტებმა მშვიდობის პროექტი რომ დააფინანსონ და ტერორისტებისგან დასაცავი ტრენინგები რომ მოაწყონ. საინტერესოა სვამენ თუ არა კოკა-კოლის კომპანიის მესვეურები საკუთარ პროდუქტს, მაგრამ შაქარის რაოდენობა ამ სასმელში ნამდვილი ტერორისტული შეტევაა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაზეც ეს ვიდეოც მეტყველებს.

 

მას შემდეგ რაც Britain’s Got a Talent-ის ბოსს, საიმონ კოუელს შარშან კვერცხი ესროლეს, მივხვდი რომ კაციბრიობაზე ხელის ჩაქნევა შეიძლება ნაადრევი ყოფილიყო. თუმცა, საიმონ კოუელმა, რომელიც იმდენად VIP პერსონაა, რომ ჩვენებურ გიორგი გაბუნიას ტელეფონზეც კი “ურეკავს,” წლევანდელ სეზონში უსაფრთხოების ზომების გაზრდა მოითხოვა და ჩემში რწმენის ნაპერწკალი ჩააქრო. კოუელის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ფუნქცია მისი კვერცხებისგან დაცვა იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით. წარმოვიდგინე ასეთი დაცვის რომელიმე მუშაკის შვილს, რომ ეკითხებიან სკოლაში თუ რას საქმიანობს მამამისი ცხოვრებაში და ის რომ პასუხობს “ერთ ადამიანს კვერცხებისგან იცავს”. ნამდვილად არაა ყველაზე ამაღელვებელი სამსახური, მარა სულ უმუშევრობას ხომ სჯობია?

წინა სეზონის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერის ვინაობა შესაძლოა ჯეირანმა გადაწყვიტოს

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

27 ივნისია. საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსაწერად ემზადება. მაგიდასთან ევროპელ კოლეგასთან ზის, დარბაზში ქართველი და ევროპელი ჩინოვნიკები ამ ისტორიულ მოვლენას სულმოუთქმელად ელოდებიან. ხელში კალამი აიღო, დოკუმენტან მიიტანა და ეს ესაა უნდა მოაწეროს, რომ ხვდება კალამი არ წერს! მეორედ ცდილობს -კვლავ არ წერს. მესამედ – იგივე. ტემპერატურა იწევს, საქართველოს პრემიერს ნელ-ნელა პანიკა იპყრობს, უხერხულობას გრძნობენ დიპლომატები, თუმცა არ იმჩნევენ, უფრო ცინიკურები ფრთხილად იღიმიან. როდესაც პრემიერს ხელმოწერის დასმა მეოთხედ აღარ გამოსდის, პანიკისგან შეპყრობილი კალამს შლის და გულს სულს უბერავს, “არ წერს და რა ვქნა,” ამბობს და ხვდება, რომ მისკენ მთელი დარბაზის გაკვირვებული მზერაა მიპყრობილი.

ამ დროს დარბაზში მჯდომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ასევე ირაციონალური აზრები აწუხებს და მათი მატერიალიზაციის მიზნით, უბიდან კალამს იღებს, სკამიდან ხტება და სცენისკენ მიემართება, “ეს არის ჩემი შანსი,” ფიქრობს და მარჯვე ნაბიჯით მიემართება ისტორიის თვალებში ჩასახედად. ბატონი პრეზიდენტი დაბნეულ პრემიერს აჩოჩებს, მის ადგილს იკავებს, დოკუმენტს ხელს აწერს და კმაყოფილ-არაადეკვატურად “ვაჰაჰაჰა-ს” ხარხარებს. ეშვება ფარდა.

ეს რა თქმა უნდა აბსურდული სცენარია, თუმცა ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი იმის თაობაზე თუ ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, აბსურდული ამბების გამოგონების საფუძველს ნამდვილად იძლევა. ამ პრობლემის გადაწყვეტა სხვანაირადაც შეიძლება, მაგალითად ბატონმა პრემიერმა და ბატონმა პრეზიდენტმა შეიძლება უშუალოდ ხელმოწერის წინ ჯეირანის საშუალებით გაარკვიონ ხელმომწერი პიროვნება. იაფი და პრაქტიკული საშუალებაა.

დარწმუნებული ვარ ევროპელები საერთოდ ვერ ხვდებიან რა თემაა და რატომ უნდა უნდოდეს რომელიმე ლიდერს ხელის მელანით გასვრა. მემგონი ბოლოს ევროპული ოფიციოზი იმ მდგომარეობამდე მივა, რომ ქართულ მხარეს დამატებით პირობას წაუყენებს, მაგალითად ასეთს, “No kinklaoba while signing the agreement,” სწორედ რომ “kinklaoba” და არა რომელიმე შესაბამისი ინგლისური სიტყვა.

ისე სიმართლე უნდა ითქვას და მარგველაშვილს უთქვამს, რომ ხელმოწერაზე მაინცდამაინც თავს არ ვიკლავო, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად საყვარლად გამოიხედა და დაამატა, რომ “ისე, ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტი” აწერსო ხოლმე ხელსო.რა საყვარლობაა… ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რიგში ძალიან დიდი ხანი რომ დგახარ და უცბად უკნიდან ვიღაც ბებო, რომ დაგადგება და რაღაც მიზეზის გამო, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს რიგის გარეშე გასვლას რომ გთხოვს. შენც სოციუმში ჩამოყალიბებული ნორმებიდან გამომდინარე ბებოს წინ უშვებ, მაგრამ წინ მდგომს მაშინვე ჩასჩურჩულებ, “ისე ჩემი რიგი კი იყო…”

მთავარია მარგველაშვილმა “რიგის დათმობის” შემდეგ არ ინანოს და რეზიდენციაში გამოკეტილმა და დაბოღმილმა ტვიტების წერა ან რაც კიდევ უარესია, დეპრესიულად ქსოვა არ დაიწყოს.

მეორე მხრივ გაუგებარია პრემიერის პოზიციაც. ეს ჩემზე ასაკით ოდნავ უფროსი ადამიანი (რაც იმას გულისხმობს, რომ მეზობელთან დენდი-სუბორის სათამაშოდ იგივე წლებში ადიოდა და ტურბოს “ნაკლეიკებსაც” ატრიალებდა) ამხელა პოსტს იკავებს და რაღაც ხელმოწერაზე ხურდავდება. ხომ შეიძლება ახლა პრემიერის მაგივრად ვიღაც დაბოღმილი ბლოგერი ყოფილიყო და თავის თავზე ასაკით ოდნავ უფროსს პრემიერზე ეწერა პოსტები?

ასეა თუ ისეა, იმედია საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ექსცესების გარეშე მოაწერს, ლიდერებიც შეთანხმებიან და საქმეც ბიძინასთან ასატანი არ გახდება.

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #6

თუ ჯორჯ ორუელის 1984-ს ერთ-ერთ საუკეთესო დისტოპიურ ნაწარმოებად მიიჩნევთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ევგენი ზამიატინის “ჩვენ” (Мы). ეს ნაწარმოები ორუელის საკულტო წიგნზე 25 წლით ადრე გამოიცა და საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სიუჟეტის მხრივ ძალიან ჰგავს ბრიტანელი მწერლის ნამუშევარს, უფრო სწორედ ორუელი ჰგავს ზამიატინს. ორივე ნაწარმოებში ნარატივი ერთი პერსონაჟის ირგვლივ ტრიალებს, პერსონაჟის რომელიც სისტემის ნაწილია და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კითხვების დასმას იწყებს. ამ კითხვების შემდეგ იწყება ბრძოლა სისტემასთან და საკუთარ თავთან. ორივე ნაწარმოებში გვხდება მეორე პერსონაჟი – ქალი, რომელიც ასევე ეჭვქვეშ აყენებს აღიარებულ ნორმებს. არის სხვა მსგავსებებიც, თუმცა მათ ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. ერთადერთი რაშიც ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს – წერის სტილია. მხატვრულად ორუელი ზამიატინს ბევრად სჯობია.

რამე მარტივი, ადამიანური და თბილი თუ გინდათ, პოლ ოსტერის “სანსეტ პარკს” (Sunset Park) გირჩევდით. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი ნიუ იორკში ვითარდება და ეკონომიკური კრიზისის პირობებში რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თუმცა, წიგნი არა მსოფლიო კრიზისზე, არამედ სწორედ რომ ამ რამდენიმე ადამიანის პიროვნული კრიზისის შესახებ გვიამბობს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა როდესაც პიროვნული ზოგადია. ზოგადი იმიტომ, რომ ოსტერი ისეთ მარადიულ თემებზე საუბრობს როგორიც სიყვარული, მეგობრობა, სინდისი და ღირსებაა.

გრეემ გრინი, თანამედროვე ინგლისური პროზის გიგანტია, რომლის შემოქმედებაშიც ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს კათოლიციზმის თემა იკავებს. ამ მხრივ არც “ურთიერთობის დასასრულია” (The End of the Affair) გამონაკლისი. ნაწარმოების მთავარ თემას სასიყვარულო სამკუთხედი, შეიძლება ითქვას ოთხკუთხედიც კი წარმოადგენს, რომელსაც ფონად რწმენის თემა გაჰყვება. წიგნს ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას, მაგრამ “ზარმაცებს” შემიძლია ნაწარმოების  1955 და 1999 წლების ეკრანიზაციები შევთავაზო.

ნილ გეიმანი სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემთვის მისი “ვარსკვლავური მტვერი” (Stardust) სადებიუტო აღმოჩნდა, ამიტომაც შესადარებელს ბევრს არაფერს ვფლობ. ამ კონკრეტულ ნაწარმოებზე შეიძლება მხოლოდ ის ვთქვა, რომ ავტორი მკითხველს მდიდარ სამყაროს სთავაზობს, სადაც ფერიები, კუდიანები, ჯადოქრები და სხვა მაგიური არსებები, კეთილი და ბოროტის მუდმივი ბრძოლის შესახებ შეგვახსენებენ და რა თქმა უნდა როგორც ნებისმიერ ზღაპარს, ამ ნაწარმოებსაც აქვს საკუთარი მორალი…

რომელიმე ლიტერატურულ კონკურში მე-20 საუკუნის საუკეთესო ამერიკელი მწერლის ნომინაცია რომ არსებობდეს ჩემს კანდიდატად დაუფიქრებლად კურტ ვონეგუტს ავირჩევდი. მართალია ვონეგუტს მეტწილად ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნებენ ხოლმე, ვფიქრობ მისი რომელიმე ჟანრობრივ ჩარჩოში მოქცევა არასწორია, ამას თავად ვონეგუტიც ეწინააღმდეგებოდა. “ადამიანი სამშობლოს გარეშე” (A Man Without a Country) ვონეგუტის ესეებისგან შემდგარი ნაწარმოებია, რომელშიც ის საკუთარი გამოცდილებების, იმედგაცრუებების და მსოფმხედველობის შესახებ მოგვითხრობს და ამას რა თქმა უნდა მისთვის დამახასიათებელი იუმორით აკეთებს. იუმორით, რომელსაც ვონეგუტი თანამედროვე ტრაგედიებით სავსე სამყაროში  გადარჩენის ყველაზე კარგ საშუალებად მიიჩნევდა.

წინა პოსტი იხილეთ აქ.

პოსტ სიმთვრალის SMS-ები ანუ Bacchus strikes back

 

 

უიქენდი გრძელდება, ალკოჰოლი ქალაქში ლიტრობით ილევა, ხალხი თვრება და სხვადასხვა თავგადასავალში ჰყოფს თავს. ყველაზე საინტერესო რა თქმა უნდა მეორე დღეს, ახალ გაღვიძებულზე ხდება.  მადლობა 21-ე საუკუნეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მობილურ ტელეფონებში იბეჭდება. გთავაზობთ რამდენიმე ჰიპოტეტიურ ესემესს. ამ ესემესების დიდი ნაწილი რეალურ ამბებს ეფუძნება…
mcxeta

 

megatron

Untitled wife

taxi gay

fb
dabolil

ცნობილი ნაწარმოებების ალტერნატიული განხილვა

ლევ ტოლსტოის ანა კარენინა

წიგნი უსაქმურ შუა ხნის ასაკის კრიზისში მყოფ, საკუთარი სექსუალური ცხოვრებით უკმაყოფილო, ნარკომანული მიდრეკილებების მქონე “სვეტსკ” დედაკაცზე. მიუხედავად იმისა, რომ წაკითხვამდე ყველა მკითხველმა იცის თუ რითი დამთავრდება რომანი, უმეტესობა შემთხვევაში ასევე ყველა მკითხველი ჯიუტად კითხულობს ორ სქელტანიან ტომს, რათა ბოლოს თავისი და კარენინას ტანჯვა ლიანდაგებზე მოათავოს.

მიზნობრივი აუდიტორია – პირადი ცხოვრების არ მქონე სასოწარკვეთილი დიასახლისები.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი

ამ ერთგვარ ბროშურაში აღწერილი ცხოველები და მცენარეები არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ ფეისბუქზე დასაშეარებელ სიბრძნეებსაც კი აფრქვევენ. როგორც ჩანს ნაწარმოების ზომიდან გამომდინარე წიგნი პრაქტიკულად ყველას აქვს წაკითხული და მიუხედავად იმისა, რომ ის ზღაპრად უნდა მივიჩნიოთ, კარგ ტონად ითვლება ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე “დიდ, ბრძნულ” და დოსტოევსკის გვერდზე დასაყენებელ ნაშრომად მიჩნევა.

მიზნობრივი აუდიტორია – “სვეტსკობაზე” და საკუთარი თავის განათლებულობის წარმოჩენაზე ორიენტირებული პოსტ თინეიჯერულ ასაკში მყოფი გოგოშკები.

ჯორჯ ორუელის 1984

20 წლით ადრე დაწერილი ნაწარმოების ურცხვი რემეიქი, რომელსაც ავტორი საკუთარ ნაწარმოებად “ასაღებს”. მართალია ორუელი ევგენი ზამიტინზე უკეთესი მარკეტოლოგი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ნაწარმოები უკეთ “დაარაზკრუტკა,” მაგრამ ამავდროულად სუსტი ფანტაზიის მქონე მწერალად მოგვევლინია, რომელმაც ინტერნეტის და გუგლის გამოგონებაც კი ვერ იწანასწარმეტყველა. როგორც ჩანს გასული საუკუნის ორმოციან წლებში ორუელმა ჩათვალა, რომ ინგლისურენოვან სამყარომდე ზამიატინი ვერაფრით მიაღწევდა და ამიტომაც აგრესიულ პლაგიატს მიჰყო ხელი.

მიზნობრივი აუდიტორია – მემარცხენე იდეებთან ზედაპირულად ნაზიარები, საკუთარი რუტინული ცხოვრებით და სამსახურით უკმაყოფილო კლერკი მამრები.

მილან კუნდერას ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

ნაწარმოები, რომლის სათაურს გული გაუწყალეს და რომლიც გადაკეთებაც ყველანაირად შეიძლება. “ლუდის აუტანელი სიმსუბუქე,” “ბლოგის წერის აუტანელი სიმსუბუქე,” “სიმძიმის აღქმის აუტანელი სიმსუბუქე” და ა.შ. სცადეთ, პირველი სიტყვის შეცვლა. პრაქტიკულად ყველაფრით შეიძლება, ასეც კი “ცვილელების აუტანელი სიმსუბუქე”. ზოგადად კუნდერა უნიკალური მწერალია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მიუხედავად მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა, მისი ერთი ნაწარმოების მეორესგან გარჩევა უაღრესად რთულია. ამიტომაც, არც ეს ნაწარმოებია გამონაკლისი, ჩეხეთი, ქალები, ავტორის სუბიექტური ლოგიკური წიაღსვლები, პოლიტიკა, სექსი, თუმცა ერთი ნაკლით, წაკითხვიდან რამდენიმე თვეში აღარაფერი გახსოვთ.

მიზნობრივი აუდიტორია – პოლიტიკასთან ზედაპირულად ნაზიარები გოგოშკები, რომლებსაც მილან კუნდერაზე მეტად ნობელის პრემიის ღირსად არავინ მიაჩნიათ.

გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ასი წელიწადი

ნაწარმოები რომლის პერსონაჟებს შორის მკითხველს მაქსიმუმ სამის სახელი თუ ამახსოვრდება. კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმბუქის” მსგავსად მარკესის ამ ნაწარმოების სათაურსაც ატრიალებენ ხოლმე, თუმცა აქ მეტწილად რიცხვებს ცვლიან. “მარტოობის 20 წელიწადი”, “მარტოობის 5 წელიწადი,” “მარტოობის 20 დღე,” მარტოობის 2 საათი” და ა.შ. ხშირად გამოიყენება ფეისბუქ სტატუსებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მარკესის ბევრს დაახლოებით ოცი წელია უკვე მკვდარი ეგონა (იხილეთ ფეისბუქზე მუდმივად მოხეტიალე ანდერძი, რომელიც სინამდვილეში მარკესს არ ეკუთვნის), ორიოდე კვირის წინ გაჟღერებულმა ცნობამ მწერლის გარდაცვალების შესახებ, მისი “ერთგული ფანები” შოკში უკვე მეორედ ჩააგდო.

მიზნობრივი აუდიტორია – ყველა, “ვაბშე” ყველა.

მარსელ პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში

წიგნი, რომელიც ლინგვისტების და ჰიპსტერების გარდა არავის წაუკითხავს (მათ შორის არც ამ პოსტის ავტორს), მაგრამ ამავდროულად მასთან ზიარებას მკითხველების დიდი ნაწილი რატომღაც იჩემებს ხოლმე. წიგნის წასაკითხად საჭიროა ა) ბევრი დრო, რომელიც მაგალითად გრძელვადიან პატიმრობის შემთხვევაში შეიძლება აღმოგაჩნდეთ ბ) უფრო ჭკვიანად გამოჩენის სერიოზული მოტივაცია გ) მიდრეკილება მაზოხისმიკენ და ჩინეთის კედლის სიგრძის ტოლი ტექსტების ტრფობა.

მიზნობრივი აუდიტორია – ლინგვისტები და ჰიპსტერები

პაოლო კოელიოს ალქიმიკოსი 

პაოლო კოელიო ის ფენომენია, რომელმაც უნიჭობის და არნახული პოპულარობის საოცარ ჰარმონიაში მოყვანა მოახერხა, რაც თავისთავად ერთგვარი ნიჭია. მართალია, ამბობენ რომ დღეს ხელოვნებაში შეუძლებელია თვისობრივარ ახლის თქმა, კოელიომ იმდენი მოახერხა, რომ ვერც სიუჟეტურად და ვერც მხატვრულად საერთოდ, აბსოლუტურად საერთოდ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რაც საყოველთაო წარმატებისთვის იდეალური ფორმულა აღმოჩნდა. ეს კონკრეტული ნაწარმოები ამის ყველაზე კარგი გამოვლინებაა, იდეის მხრივ ნაწარმოები ბიბლიასავით ძველია, სტილისტურად კი ავტორი ყველა ეპოქის მწერლისგან “იპარავს”.

მიზნობრივი აუდიტორია – კოელიოს მეგობრები და უწიგნურები