ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერის ვინაობა შესაძლოა ჯეირანმა გადაწყვიტოს

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

27 ივნისია. საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსაწერად ემზადება. მაგიდასთან ევროპელ კოლეგასთან ზის, დარბაზში ქართველი და ევროპელი ჩინოვნიკები ამ ისტორიულ მოვლენას სულმოუთქმელად ელოდებიან. ხელში კალამი აიღო, დოკუმენტან მიიტანა და ეს ესაა უნდა მოაწეროს, რომ ხვდება კალამი არ წერს! მეორედ ცდილობს -კვლავ არ წერს. მესამედ – იგივე. ტემპერატურა იწევს, საქართველოს პრემიერს ნელ-ნელა პანიკა იპყრობს, უხერხულობას გრძნობენ დიპლომატები, თუმცა არ იმჩნევენ, უფრო ცინიკურები ფრთხილად იღიმიან. როდესაც პრემიერს ხელმოწერის დასმა მეოთხედ აღარ გამოსდის, პანიკისგან შეპყრობილი კალამს შლის და გულს სულს უბერავს, “არ წერს და რა ვქნა,” ამბობს და ხვდება, რომ მისკენ მთელი დარბაზის გაკვირვებული მზერაა მიპყრობილი.

ამ დროს დარბაზში მჯდომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ასევე ირაციონალური აზრები აწუხებს და მათი მატერიალიზაციის მიზნით, უბიდან კალამს იღებს, სკამიდან ხტება და სცენისკენ მიემართება, “ეს არის ჩემი შანსი,” ფიქრობს და მარჯვე ნაბიჯით მიემართება ისტორიის თვალებში ჩასახედად. ბატონი პრეზიდენტი დაბნეულ პრემიერს აჩოჩებს, მის ადგილს იკავებს, დოკუმენტს ხელს აწერს და კმაყოფილ-არაადეკვატურად “ვაჰაჰაჰა-ს” ხარხარებს. ეშვება ფარდა.

ეს რა თქმა უნდა აბსურდული სცენარია, თუმცა ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი იმის თაობაზე თუ ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, აბსურდული ამბების გამოგონების საფუძველს ნამდვილად იძლევა. ამ პრობლემის გადაწყვეტა სხვანაირადაც შეიძლება, მაგალითად ბატონმა პრემიერმა და ბატონმა პრეზიდენტმა შეიძლება უშუალოდ ხელმოწერის წინ ჯეირანის საშუალებით გაარკვიონ ხელმომწერი პიროვნება. იაფი და პრაქტიკული საშუალებაა.

დარწმუნებული ვარ ევროპელები საერთოდ ვერ ხვდებიან რა თემაა და რატომ უნდა უნდოდეს რომელიმე ლიდერს ხელის მელანით გასვრა. მემგონი ბოლოს ევროპული ოფიციოზი იმ მდგომარეობამდე მივა, რომ ქართულ მხარეს დამატებით პირობას წაუყენებს, მაგალითად ასეთს, “No kinklaoba while signing the agreement,” სწორედ რომ “kinklaoba” და არა რომელიმე შესაბამისი ინგლისური სიტყვა.

ისე სიმართლე უნდა ითქვას და მარგველაშვილს უთქვამს, რომ ხელმოწერაზე მაინცდამაინც თავს არ ვიკლავო, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად საყვარლად გამოიხედა და დაამატა, რომ “ისე, ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტი” აწერსო ხოლმე ხელსო.რა საყვარლობაა… ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რიგში ძალიან დიდი ხანი რომ დგახარ და უცბად უკნიდან ვიღაც ბებო, რომ დაგადგება და რაღაც მიზეზის გამო, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს რიგის გარეშე გასვლას რომ გთხოვს. შენც სოციუმში ჩამოყალიბებული ნორმებიდან გამომდინარე ბებოს წინ უშვებ, მაგრამ წინ მდგომს მაშინვე ჩასჩურჩულებ, “ისე ჩემი რიგი კი იყო…”

მთავარია მარგველაშვილმა “რიგის დათმობის” შემდეგ არ ინანოს და რეზიდენციაში გამოკეტილმა და დაბოღმილმა ტვიტების წერა ან რაც კიდევ უარესია, დეპრესიულად ქსოვა არ დაიწყოს.

მეორე მხრივ გაუგებარია პრემიერის პოზიციაც. ეს ჩემზე ასაკით ოდნავ უფროსი ადამიანი (რაც იმას გულისხმობს, რომ მეზობელთან დენდი-სუბორის სათამაშოდ იგივე წლებში ადიოდა და ტურბოს “ნაკლეიკებსაც” ატრიალებდა) ამხელა პოსტს იკავებს და რაღაც ხელმოწერაზე ხურდავდება. ხომ შეიძლება ახლა პრემიერის მაგივრად ვიღაც დაბოღმილი ბლოგერი ყოფილიყო და თავის თავზე ასაკით ოდნავ უფროსს პრემიერზე ეწერა პოსტები?

ასეა თუ ისეა, იმედია საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ექსცესების გარეშე მოაწერს, ლიდერებიც შეთანხმებიან და საქმეც ბიძინასთან ასატანი არ გახდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s