ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან ჯოჯოხეთში ხვდებიან

დარწმუნებული ვარ, ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან – ჯოჯოხეთში ხვდებიან. ასევე მჯერა, რომ იქაური მენეჯერები, რომლებიც საქმის ნამდვილი პროფესიონალები უნდა იყვნენ, მათ ქვაბის რიგში ურიგოდ უშვებენ. თუმცა, სანამ ასეთი ადამიანები ცხელ წერტილში მუდმივ საგზურს მოიგებდნენ, ისინი აქ, დედამიწაზე არიან და პატიოსან მოქალაქეებს ნამდვილ ჯოჯოხეთს გვიწყობენ.

რაღაც ზებუნებრივი თუ ლოგიკური მიზეზების გამო რიგის დამრღვევების დიდი პროცენტი საქართველოშია კონცენტრირებული. ამ მხრივ ქართველები იმდენად განვსხვავდებით ცივილური საზოგადოებებისგან, რომ რომელიმე საერთაშორისო აეროპორტში თბილისის “გეითის” მოსაძებნად დამატებითი მინიშნება გეძლევათ. თუ სწორ და მოწესრიგებულ რიგს ხედავთ, გააგრძელეთ სვლა, ეს ლონდონი, პარიზი, ბერლინი ან რომელიმე სხვა ევროპული ქალაქია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოში მიმავალი თვითმფრინავი. თუ რომელიმე გასასვლელთან ხედავთ რიგს, რომელიც ფორმით მაგიდაზე დაბნეულ ბრინჯს წააგავს, გილოცავთ თქვენ სწორ გზაზე ბრძანდებით და მალე იმ ქვეყანაში ჩაფრინდებით სადაც ასეთი შეგნებულად “დაბნეულ ბრინჯებს” ბლომად შევხვდებით.

მე მგონია, რომ თანამედროვე საქართველოში ადამიანებისთვის, რომლებსაც რიგში დგომა ხშირად უწევთ და რომლებიც კუთვნილი თითო გოჯი ტერიტორიისთვის სამართლიანად იბრძვიან, სპეციალური სახელმწიფო ორდენი უნდა დაწესდეს, ეს ადამიანები უნდა გავუთანაბროთ ცხრა ძმა ხერხეულიძეებს, ან როგორც მინიმუმ 300 არაგველებს მაინც.

სადაც არ უნდა დგებოდეთ რიგში, იქნება ეს ბანკი, მაღაზია თუ კინოთეატრი ყველგან ნამდვილი ბრძოლის გადატანა გიწევთ. ერთადერთი სადაც მშვიდად შეიძლება იყოთ თეატრის რიგია, თუმცა არა იმიტომ რომ აქ მოსიარულე ადამიანები სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან, უბრალოდ ამ დაწესებულებაში თითქმის არავინ დადის.

საქართველოში “ურიგო რიგები” იმდენად ყოველდღიური მოვლენაა, რომ მასზე რომანის დაწერაც კი შემიძლია, სახელების სხვადასხვა ვარიანტებიც კი მაქვს მოფიქრებული, მაგალითად: “როგორ იწრთობოდა რიგი,” “რიგითი რიგის გადასარჩენად,” “რიგის გარეშე სიარულის აუტანელი სიმსუბუქე,” “დაკარგული რიგის ძიებაში…”

იცით რა მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში 2014 წელს, იმ პირობებში ხდება როდესაც ხელისუფლებასაც კი არჩევნების გზით ვცვლით, რა ხდებოდა შავბნელ 90-იანებში? რიგი როგორ უნდა დაგეცვა? ბენზოხერხით? მაგრამ, ეს ბენზოხერხი რომ აგემუშავებინათ, ხომ ასევე რიგში უნდა ჩამდგარიყავით? მაგრამ ბენზოხერხი თუ არ გქონდათ, ამ რიგში საკუთარ უფლებებს როგორ დაიცავდით? მოკლედ, ჩაკეტილი წრე გამოდის. ან იქნებ ეს ყველაფერი იმ წლების შემდეგ ინსტინქტად ჩამოგვიყალიბდა და რიგის დანახვაზე პავლოვის ძაღლის მსგავსად გვენთება რაღაც ნათურა?

ზოგიერთს შეიძლება ეს თემა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში დღეს არ დგას და ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რიგის დამღვევებს შორის არიან მამაკაცები, რომლებიც საკუთარ ცოლებს ურტყამენ, ქალები, რომლებიც ქმრისგან ასეთ საქციელს იტანენ და იწონებენ კიდეც. ასეთ ადამიანებს შორის არიან მძღოლები, რომლებიც ზებრაზე მოსიარულეს დანახვაზე გაზს უმატებენ, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში არ ეფერებოდნენ, ადამიანები რომლებიც საშუალება რომ მიეცეთ კრთამს ჯიბეში დიდი ოდენობით ჩაიდებდნენ, ადამიანები რომლებიც არჩევნებზე კარუსელებს ორგანიზებას უკეთებენ და ადამიანები, რომლებსაც საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის არასდროს შეუხედავთ და საკუთარ რაობაზე არასდროს ჩაფიქრებულან…

2 thoughts on “ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან ჯოჯოხეთში ხვდებიან

  1. თაკო გვაზავა

    ოოჰ როგორ გეთანხმები დათო, აი როგორ…
    ჩემი ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა. თვითმფრინავზე ასე მეგონი მე ვწერდი🙂 მოიცა,
    “თუ თქვენ საქართველოში მოფრინავთ, გილოცავთ, ნუ დაიღლით თავს თქვენი გეითის მოძებნით, რადგან ის თავად გაპოვნინებთ თავს. თუკი თქვენს თვალსაწიერში აღინიშნება წრის მსგავს ტრაექტორიაზე შეჯგუფებული, ხმამაღლა მოყაყანე ბრბო, რომელიც რეისის გამოცხადებისთანავე უცვლელი ფორმით ოღონდ უფრო მაჟორული ზუზუნით და ხმაურით მიაწყდება ცოტა არ იყოს შეშინებულ მაკონტროლებელ ოფიცერს, ესე იგი, გეითმა მოგძებნათ თქვენ🙂 ცოტაც და თვითმფრინავში ხართ.” ჩემი პოსტიდან http://takosblog.com/2013/02/19/123/ რომელიც მთლიანად თვითმფრინავის თემამ დამაწერინა.
    რიგი არის ადგილი, სადაც სულ ვჩხუბობ, არადა საკმაოდ არაკომფლიქტური ადამიანი ვარ. ძალიან ხშირად არ მინდა, რომ ხმა ამოვიღო და მირჩევნია მოვითმინო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს იქნება უდიდესი დანაშაული, ამიტომ ვიღებ ხმალს და ვიბრძვი. ეს ხდება ექიმების მოსაცდელში – ძალიან ხშირად უკან გამომიბრძანებია ჩემს რიგში გაღებულ კარში უცბათ შევარდნილი თავხედი პაციენტი, რომელსაც დაწვრილებით ვუხსნი როგორი უკულტუროა და ძალიან ვთხოვ, საკუთარ პრობლემებში ნუ ადანაშაულებს ამ საცოდავ მთავრობას, რომელსაც ისედაც თავისი გასჭირვებია. მიბრძოლია ასევე სარფის საზღვარზე, რომელიც არასდროს დამავიწყდება, იძულებული გავხდი რომ ჩავმდგარიყავი და ჩამეხერგა ერთადერთი გასასველელი ზოლი, სადაც ჯაჯგურით მიიწევდა ვიღაც ქალი ურიგოდ და თუ არ გადამივლიდა ვერ გავიდოდა. ძალიან ხშირად მიბრძოლია ჩემს სახლთან ახლოს გარე საცხობთან, სადაც ერთხელ ერთმა ქალმა რიგის დაცვისთვის ისეთი სიტყვებით გამლანძღა, რომ აქ ვერ დავწერ, როგორ მაკადრე, რომ ადგილი მიმიჩინეო, მე შოკისგან ჩვკვდი და ენა ჩამივარდა. ასე მემართება ხოლმე ხანდახან.
    მოკლედ, ეს არის უზნეობის, უკულტურობის, გაუნათლებლობის ძალიან მარტივი და ხილული გამოვლინება. სანამ არ ვისწავლით რომ რიგში უნდა ვიდგეთ და ხანდახან მოხუცს ან ბავშვიანს დავუთმოთ, სანამ სიგარეტის ნამწვის ჩასაგდებად ურნას თუნდაც 100 მეტრზე არ დავუწყებთ ძებნას და სანამ ტაქსისტები შუა ქუჩაში გაგვიჩერებენ მანქანას, მანამ ნუ ვიმსჯელებთ რა მაღალ ევროპულ ღირებულებებზე, თუ ღმერთი გვწამს..

    Reply
  2. polemos0108

    ვაზისუბნის ლიბერტი ბანკის ფილიალი რიგი ჯოჯოხეთია, მაგრამ შიგნით კიდევ უფრო უარესია.
    კიდევ ერთი სათაური: ” რიგში ჩაფერფლილი გულები”

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s