Monthly Archives: June 2014

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

დიდხანს ვფიქრობდი თუ როგორ მექილიკა ტაბულას და ახალი ეკონომიკური სკოლის  პროექტზე, რომლის დამსახურებითაც გასულ კვირას აი ეს ვიდეო გავრცელდა და მივხვდი რომ ამის საჭიროება არ იყო. პირველ რიგში იმიტომ რომ ვიდეო გარკვეულწილად თავად წარმოადგენს ქილიკს საკუთარ თავზე. ვიდეო ჩარლი ჩაპლინის კინოფილმ Modern Times-ის კადრებით იწყება, იმ კინოფილმის კადრებით, რომელიც  დიდ დეპრესიას და ამერიკაში არსებულ ფინანსურ კრიზისს ეხმაურება, აკრიტიკებს თანამევედროებას და მოკლედ რომ ვთქვათ, იმ პერიოდის ამერიკაში რამე ფილმს თუ შეიძლება ეწოდოს ანტიკაპიტალისტური, ასეთს სწორედ რომ ჩაპლინის ეს ნამუშევარი წარმოადგენს. ამ დროს შემოდის წამყვანის ხმა, რომელიც გვამცნობს, რომ “კაპიტალიზმი თანასწორობას, ანუ უნარის მიხედვით წარმატების პრინციპს აღიარებს,” რის შემდგომაც  ოდნავ მაინც საღ გონებაზე მყოფ მაყურებელს უჩნდება ლეგიტიმური კითხვა, “WTF?”

რა არის უფრო საშიში, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელიც იარაღს ატარებს, თუ “რეჟისორი,” რომელსაც კამერა ჩაუვარდა ხელში. ვფიქრობ ამ ვიდეოს გათვალისწინებით, რომელსაც ავტორმა ამაყად “მოკლემეტრაჟიანი კინო ჩანართი” დაარქვა, ამ კითხვაზე პასუხი არც თუ ისე ცალსახაა. ედ ვუდიც კი, რომელიც მსოფლიო კინემოტაგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცუდ რეჟისორად მიიჩნევა, არ მოიწონებდა ამ “მოკლემეტრაჟიან ფილმს”. ამ ნამუშევრის ერთადერთ ნათელ წერტილად შეგვიძლია ჯიპი მივიჩნიოთ, რომელიც მთავარი გმირების ფონზე მოძრაობას მეორე წუთიდან იწყებს, მასში მსხდომი მგზავრები კი აშკარად ელოდებიან იმას თუ როდის მორჩება გადაღება. რეჟისორის ერთადერთ საღ გადაწყვეტილებად კი შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, რომ ვიდეოს ატვირთვის შემდგომ ავტორმა კომენტარის ველის გათიშვა გადაწყვიტა.

გასულ კვირას პრაქტიკულად აპოკალიპტური მოვლენის მომსწრენი გავხდით, თითქმის ორი საათის განმავლობაში აქტიური ინტერნეტ მომხარებლები ვერ პოსტავდნენ “დაკ ფეისებს,” ვერ გვამცნობდნენ დილით მირთმეული საჭმლის შესახებ, როგორ გრძნობენ თავს, ვერ აზიარებდნენ “ძალიან მაგარ” ვიდოეებს და ა.შ. მხოლოდ იმიტომ რომ ფეისბუქმა ნახევარი საათით გათიშვა გადაწყვიტა, თუმცა ღმერთის თუ მარკ ცუკერბერგის წყალობით, პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. სამყარო განაგრძობს არსებობას.

ყველას ფეისბუქი ვერ ექნება, მაგალითად ელიზაბეთ მეორეს. მისი სტატუსი არ აძლევს საშუალებას იძრომიალოს ფეისბუქზე. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ანონიმურად არის დარეგისტრირებული და “The Queen” ჰქვია, პროფაილ სურათად კი კეიტ ბლანშეტის ფოტო უყენია, თუმცა ყველამ ვიცით რომ ასეთ იუზერებს არავინ ამატებს და ამიტომაც ის რეალურად მარტო უნდა გრძნობდეს თავს.  თუმცა, შეიძლება ვიღაცა “გოიმდებოდეს” და ბლანშეტის ფოტოს ქვეშ უწერდეს, “ძალიან ლამაზი ხარ” (აუცილებლად ქართულად, მაგრამ ინგლისური შრიფტით). მაგრამ დავუბრუნდეთ თემას, სავარაუდოდ ყურადღების ნაკლებობის გამო დედოფალმა სერიალ Game of Thrones-ის გადასაღებ მოედანზე მისვლა გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი პირველ რიგში იმიტომ გაშუქდა, რომ სერიალია პოპულარული და არა იმიტომ რომ დედოფალი დედოფალია. საინტერესოა რომ მონარქმა ტახტზე დაჯმდომაზე უარი განაცხადა, როგორც ჩანს “სხვისი არ მინდას, ჩემი მაქვს” პრინციპით.

ბოლოს გიტოვებთ ვიდეოს ძალიან საინტერესო კურსების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მსურველებს საკმაოდ ეგზოტიკური “სპორტის” სახეობას სთავაზობს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #7

ჩემთვის რომ ეკითხათ, ვის მსგავსად ვისურვებდი წერას, დაუფიქრელად ჩარლი ბრუკერს დავასახელებდი. ჩარლი ბრუკერი ბრიტანელი პუბლიცისტი, ტელეწამყვანი და პროდუსერია (ყველაზე ცნობილ ნამუშევრად შეგვიძლია სერიალი Black Mirror მივიჩნიოთ). “შემიძლია სიძულვილი გასწავლოთ”  (I can make you hate) ბრუკერის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში გაზეთ Guardian-ისთვის დაწერილი პუბლიცისტური წერილების კრებულია. ამ კრებულში ჩარლი ბრუკერისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, ის ყველას წვდება, X-factor-ის მონაწილეებისგან დაწყებული, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონით დამთავრებული, ავტორი ყველას ერთგვარ სატირულ რენტგენში ატარებს და დასცინის ყველას და ყველაფერს რაც კი დაცინვის ღირსია.

ვფიქრობ შეცდომა დავუშვი როდესაც ოთარ ჭილაძის გაცნობის მიზნით “წინ მარადისობაა!” ავირჩიე. შეცდომად იმიტომ მივიჩნევ რომ ვფიქრობ ჭილაძის მხატვრული ნამუშევრები გაცილებით საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე ეს კრებული, რომელიც მეტწილად მწერლის მიერ ცხოვრების ბოლო წლებში მიცემულ ინტერვიუებს მოიცავს. აქ ჭილაძე უფრო მეტად დღევანდელი საქართველოს მდგომარეობაზე, მწერლის დანიშნულებაზე და პოლიტიკაზე საუბრობს ვიდრე თავის სამყაროზე.

თუ მეცხრამეტე საუკუნის მიჯნაზე ნორვეგიულ (პრინციპში ზოგადად ევროპულ) საზოგადოებაში არსებულ კლასობრივ განსხვავების შესახებ გინდათ გაიგოთ და თან კითხვისგან სიამოვნება მიიღოთ, კნუტ ჰამსუნის “ვიქტორიას” გირჩევდით. რომანის მთავარ გმირს, მეწისქვილის შვილს, გაღარიბებული, მაგრამ არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი უყვარდება. ეს სიყვარული ამოძრავებს და შთააგონებს უბედური სიყვარულით დატანჯულ ახალგაზრდას წარმატებულ ლიტერატურულ კარიერაზე, თუმცა ამის მიუხედავად ის ერთადერთ სიყვარულზე ფიქრს არ წყვეტს… მოკლედ რომ ვთქვათ კლასიკური და ტრაგიკული ისტორია, აღიარებული კლასიკოსის ავტორობით.

თუ კინო და მხატვრული ლიტერატურა გიყვართ, ჩათვალეთ რომ ზეიდი სმიტის ესსეების კრებული Changing my mind: Occasional Essays (“ჩემი მსოფმედველობის შეცვლა: იშვიათი ესსეები”) თქვენთვის გამოცემული წიგნია. აქ ავტორი საუბრობს ფრანც კაფკაზე, ვლადიმირ ნაბოკოვზე, კეტრინ ჰეფბერნზე, ანა მანიანიზე, ზოგადად ფილმებზე, წიგნებზე და ა.შ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ავტორი ამ თემებს სიღრმისეულად განიხილავს, ამიტომაც ვფიქრობ რომ თემაში კარგად გათვითცნობიერებული მკითხველიც კი აღმოაჩენს რაღაც ახალს და საინტერესოს.

ჯონ აპდაიკი თავის ნაწარმოებში Marry Me: A Romance (“დაქორწნდი ჩემზე, რომანი”) პირველივე აბზაცში ამ რომანის სამყაროში გაგდებთ. აპდაიკის გენიალურობა სწორად იმაში მდგომარეობს რომ ის არ იხარჯდება და ერთ ან ორ წინადადებით ახერხებს პერსონაჟის ფსიქოლოგიური სამყაროს აღწერას. მიუხედავად იმისა, რომ აპდაიკის ეს ნაწარმოები რომანტიული ჟანრის ნაწარმოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ორი დაქორწინებული წყვილის გადახლართული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, ის მკვეთრად განსხვავდება ამ ჟანრში გავრცელებული ნარატივისგან, ის არც სენტიმენტალურია და არც “ჰეფი ენდით” სრულდება. ყველაზე ფასეული კი ისაა, რომ პერსონაჟების შინაგანი სამყაროს მრავალფერნოვნების აღწერით აპდაიკი გვახსენებს, რომ შეუძლებელია ადამიანის ხასიათზე, ბუნებაზე და გულის კაპრიზებზე ერთმნიშვნელოვნად და გადაწყვეტით ისაუბრო.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 4]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

 

 

გასულ კვირას ბრაზილიაში დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო ახალმა ამბებმა დაკარგეს აქტუალობა.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ჰიტლერი GWP-სთან დადებული კონტრაქტის შესახებ იგებს

ყურადღება: მოცემული ვიდეოს ქართული შინაარსის გასაგებად აუცილებელია თქვენს youtube პლეიერში სუბტიტრების (captions) ჩართვა. ამისათვის მიაჭირეთ ღილაკს CC -ს (პლეირის მარჯვენა ნაწილში).

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 3]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

download

ახალი ჩამჭრელი კითხვა მოვიფიქრე. შემდეგნაირად ჟღერს: მელია ცხოველია თუ ადამიანი? რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებისთვის პასუხი – ადამიანია, ხოლო მომხრეებისთვის  – ცხოველი. საქმე ისაა, რომ  open air – ის ორგანიზატორები იჩემებენ, რომ  სარეგისტრაციო შტამპი წარწერით “მელია” არავითარ კავშირში არ არის ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატთან ნიკა მელიასთან. უფრო მეტიც, ზოგიერთის თქმით ადამიანს ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გააჩნდეს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, ანუ “მელია” “მელიას,” რომ დაუკავშიროს. ალბათ ისიც დამთხვევად უნდა მივიჩნიოთ, რომ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი და “ნაზი მისების” ავტორი აჩიკო გულედანი საზოგადოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერად აღიქმება. ასე რომ ცნობილ დამთხვევათა სიას, მაგალითად შექსპირის და სერვანტესის ერთ დღეს გარდაცვალებას (ორივე 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა), ან იმ დამთხვევას რომლის მიხედვითაც ვინმე ცუტომუ იამაგუჩი რამდენიმე დღის ინტერვალში ორ ატომურ შეტევას (ჰიროსიმა და ნაგასაკი) მოესწრო და ორივეს გადაურჩა, მელიას ინციდენტი უნდა დავუმატოთ.

რა საერთო აქვს დეპუტატს გია ვოლსკის და მოსაწევს? ორივე კაი ხასიათზე გაყენებს, რადგანაც შეუძლებელია ვოლსკის ინტერვიუს უსმენდე და გაბრაზდე. მის ინტერვიუები ყოველთვის “კაკ მინიმუმ” ღიმილს გგვრის. ამ შემთხვევაში ვოლსკის დამსახურებით თანამედროვე ქართულ ფოლკლორს კიდევ ერთი სიტყვა დაემატა –  “პონპონჩიკიანი ტიპი”. მიუხედავად იმისა, რომ ვოლსკის საუბრისას ნეიტრალურ მსმენელს ხანდახან ლეგიტიმური კითხვა უჩნდება, თუ რა მოწია ამ პარლამენტარმა, ის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა. ვოლსკიმ  რაღაც “იპოთეკებზე”, ამსტერდამზე და “პროფესორებზე” ილაპარაკა, მაგრამ აკრძალვის მთავარი მოტივი მაინც ის არის რომ პოტენციური მწეველები “ქუჩას არ იცნობენ”. პრინციპში ქვეყანაში სადაც ვოლსკის მსგავსი პარლამენტარები არსებობენ, მოსაწევის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს.

ამ ვიდეოს თუ დავუჯერებთ, “გეი აპოკალიფსი” გვიახლოვდება. განსაკუთრებით სახიფათოები აი ეს ბიჭები (ერთ-ერთს ძალიან საეჭვოდ აქვს მეორეზე ხელი გადახვეული) უნდა იყვნენ. იცოდეთ, თუ ჰეტეროსექსუალები ხართ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლები გიზიდავთ, უფრთხილდით ხსენებულ ახალგაზრდებს, ან აი ამ ქალს, რომელიც შეიძლება “სუბიექტური” იყოს, მაგრამ როგორც “აღმზრდელი და ლექტორი” ორგანულად ვერ იტანს ჰეტეროსექსუალობის ნებისმიერ გამოვლინებას.

დროა რუსთავში ვინმემ “მოჩვენებებზე მონადირეების” სააგენტო გახსნას, მასტერ კლასი კი ბილ მარეის ჩაატარებინონ. საქმე ისაა, რომ რუსთავში ერთ-ერთ სახლს ერთი კვირის განმავლობაში მესამედ გაუჩნდა ცეცხლი, პატრონის აზრით მას “უხილავი ძალა” აჩენს, რაზეც კომენტარს შეგნებულად არ გავაკეთებ. ისე, გაუგებარია თუ როგორ ვერ მოუვიდა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით აზრად იმავე პატრონს ბინის დაზღვევა. თუმცა, მეორე მხრივ მეეჭვება სადაზღვეო კომპანიის აგენტს “უხილავ ძალაზე” და “ჭინკებზე” მოსაუბრე ადამიანისთვის დაზღვევა გაეფორმებინა, ჭინკები ხომ სადაზღვევოების მთავარ მტრებს წარმოადგენენ?

ძალიან მინდა კინოფილმ “გრინჩის” რემეიქი გადაიღონ და მთავარ როლში ყველაზე ცნობილი მებრძოლი ათეისტი, რიჩარდ დოკინსი ძალით ათამაშონ, ძალით იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ზღაპრებს არც მეტი, არც ნაკლები “ზიანის მომტანად” მიიჩნევს. ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ “სიბნელეზე” მონოპოლიას კრეაცინისტები არ ფლობენ. არ ვიცი ეფერებოდა თუ არა დედა რიჩარდ დოკინსს ბავშობაში, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ გულის სიღრმეში ცნობილ მეცნიერს უბრალოდ სიყვარული და სითბო აკლია (ამიტომაც თხოვნა იქნება გააზიაროთ) და ყოველ ღამე დოკინსის ბალიშს მისი ნაღვლიანი და მარტოსული ცრემლები ასველებენ.

ბოლოს გიტოვებთ ამ ვიდეოს და ასეთ მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ. 

Game of Thrones-ის პერსონაჟები Facebook-ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ…


khaleesi

reek martell loras

littlefinger ispy davosdario

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აფხაზეთში, რომელიც თურმე რუკის გარდა, რეალურ განზომილებაშიც არსებობს, ხელისუფლება შეიცვალა. მოხდა რადიკალური ცვლილებები, ანუ პრო-რუსული მთავრობა შეიცვალა ასევე პრო-რუსული მთავრობით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული, სხვანაირად ისეთ რეგიონში სადაც მთავარ ვალუტას რუსული რუბლი წარმოადგენს, რეგიონში რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, რეგიონში რომელსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ, რეგიონში რომლის ბიუჯეტიც მეტწილად რუსეთიდან ფინანსდება, სხვანაირად არც კი შეიძლებოდა.

დაახლოებით ათ წელიწადში ვინმე 20 წლის ახალგაზრდასთან ბრედ პიტი სილამაზის ეტალონად და “კრასავჩიკად” რომ მოიხსენიოთ მინიმუმ რისკავთ ამ ახალგაზრდამ ვერ გაგიგოთ და უარესს შემთხვევაში დაგცინოთ როგორც ძველმოდურ ადამიანს. ანუ ათ წელიწადში ასეთი ქმედება დღეს გოიკო მიტიჩის შექების ტოლფასი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრედ პიტი თვალსა და ხელს შუა,  ანჯელინა ჯოლის პირობებში ორმოცდაათი წლის გამხდარა. ამ მიმოხილვაში კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი მეუღლის ფილმის პრემიერაზე ცნობილ ადამიანებზე “მონადირე” ადამიანის მორიგი მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ რეპორტაჟი აცხადებს, რომ ბრედ პიტმა თავდამსხმელს საპასუხო დარტყმა უთავაზა, დამადასტურებელი საბუთი ანუ ვიდეო არსად მოიპოვება, ასე რომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია იმაზე მსჯელობა თუ რამდენად ღირსეულად დაიცვა ტაილერ დარდენის ინტერფეისი 50 წლის მამაკაცმა.

ძალიან რთული იქნება აუხსნა ბავშვს  თუ რატომ არ უშვებენ ამ პასპორტის მფლობელს საზღვარზე. არა იმიტომ რომ “ბავშვია, რას გაიგებს,” არამედ იმიტომ რომ ბავშვები რეალობას, რომელშიც უფროსები თამაშის სხვადასხვა წესებს იგონებენ, ხშირად უფრო საღად და სწორად აღიქვამენ ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ასეთი ბავშვისთვის ლოგიკურია ქაღალდი უფრო სახატავ მასალად აღიქვას ვიდრე გადაადგილების საშუალებად. ისე კი, დარწმუნებული ვარ რომ მესაზღვრეს რომელსაც ხელში ასეთი პასპორტი მიაწოდეს, მსოფლიო მესაზღვრეების ისტორიაში ყველაზე გაკვირვებული სახე უნდა ჰქონოდა.

ვფიქრობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საქართველოში მაინც, აუცილებლად უნდა შემოიტანონ ახალი შესწავლის საგანი – “რესპოდენტთან ჩახტომის ხელოვნება”. აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რესპოდენტთან “მივარდნა,” მიკროფონის სწორად “შეტენვა,” ჭიდაობის ელემენტები, “ნაგლობა,” სხვა ჟურნალისტის მიკროფონის “მოგერიება” და ა.შ. ამასთან ერთად ჟურნალისტი სტუდენტი უნდა სწავლობდეს სწორად “ჩაცუცქვას,” ოპერატორი კი სწორად დაყენებულ ყვირილს და ბღავილს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

როგორც იქნა, ოცწლიანი ნაცნობობის შემდეგ უმა ტურმანი და ქვენტინ ტარანტინო მიხვდნენ, რომ დროა რომანტიული ურთიერთობა დაეწყოთ. ჯერჯერობით უცნობია მათი ურთიერთობა “წამიერი გატაცებაა,” თუ რამე უფრო სერიოზული, მაგრამ თუ ეს ესეა ძალიან საინტერესო უნდა იყოს მათი ქორწილი, მაგალითად მეჯვარეების ამბავი, რომლის როლშიც აუცილებლად შავ კოსტიუმში გამოწყობილი ჯონ ტრავოლტა და სამუელ ელ ჯექსონი უნდა მოგვევლინონ. დაპატიჟებულებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბრიუს უილისიც, რასაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით ვინმე ზედის როლის შემსრულებლებზე. ისე კი, ტარანტინომ და ტურმანმა შეიძლება ითქვას მსგავსი ღონისძიებისთვის საჭირო რეპეტიცია გაიარეს და ერთმანეთის სადღეგრძელო ფეხსაცმლის მეშვეობით შესვეს. ამ ქმედებით კი იმ ქართველების ლუსტრაცია მოახდინეს, რომლებიც სიბნელეში სდებენ ბრალს იმ თანამემამულეებს, რომლებიც მსგავსად იქცევიან. მოკლედ ცნობილმა წყვილმა მათი ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილება ამხილეს. მორალი, ღვინოს ფეხსაცმლიდან დალევა შეიძლება, მაგრამ ამას არა “პალატკაში” ან რომელიმე სოფელში უნდა აკეთებდე, არამედ “კაკ მინიმუმ” რამე გლამურულ წვეულებაზე.

ბოლოს გიტოვებთ გოგონას რომელიც სამშობლოს გადარჩენის მიზნით “პირადად ყიდულობს ბილეთს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.