ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აფხაზეთში, რომელიც თურმე რუკის გარდა, რეალურ განზომილებაშიც არსებობს, ხელისუფლება შეიცვალა. მოხდა რადიკალური ცვლილებები, ანუ პრო-რუსული მთავრობა შეიცვალა ასევე პრო-რუსული მთავრობით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული, სხვანაირად ისეთ რეგიონში სადაც მთავარ ვალუტას რუსული რუბლი წარმოადგენს, რეგიონში რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, რეგიონში რომელსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ, რეგიონში რომლის ბიუჯეტიც მეტწილად რუსეთიდან ფინანსდება, სხვანაირად არც კი შეიძლებოდა.

დაახლოებით ათ წელიწადში ვინმე 20 წლის ახალგაზრდასთან ბრედ პიტი სილამაზის ეტალონად და “კრასავჩიკად” რომ მოიხსენიოთ მინიმუმ რისკავთ ამ ახალგაზრდამ ვერ გაგიგოთ და უარესს შემთხვევაში დაგცინოთ როგორც ძველმოდურ ადამიანს. ანუ ათ წელიწადში ასეთი ქმედება დღეს გოიკო მიტიჩის შექების ტოლფასი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრედ პიტი თვალსა და ხელს შუა,  ანჯელინა ჯოლის პირობებში ორმოცდაათი წლის გამხდარა. ამ მიმოხილვაში კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი მეუღლის ფილმის პრემიერაზე ცნობილ ადამიანებზე “მონადირე” ადამიანის მორიგი მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ რეპორტაჟი აცხადებს, რომ ბრედ პიტმა თავდამსხმელს საპასუხო დარტყმა უთავაზა, დამადასტურებელი საბუთი ანუ ვიდეო არსად მოიპოვება, ასე რომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია იმაზე მსჯელობა თუ რამდენად ღირსეულად დაიცვა ტაილერ დარდენის ინტერფეისი 50 წლის მამაკაცმა.

ძალიან რთული იქნება აუხსნა ბავშვს  თუ რატომ არ უშვებენ ამ პასპორტის მფლობელს საზღვარზე. არა იმიტომ რომ “ბავშვია, რას გაიგებს,” არამედ იმიტომ რომ ბავშვები რეალობას, რომელშიც უფროსები თამაშის სხვადასხვა წესებს იგონებენ, ხშირად უფრო საღად და სწორად აღიქვამენ ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ასეთი ბავშვისთვის ლოგიკურია ქაღალდი უფრო სახატავ მასალად აღიქვას ვიდრე გადაადგილების საშუალებად. ისე კი, დარწმუნებული ვარ რომ მესაზღვრეს რომელსაც ხელში ასეთი პასპორტი მიაწოდეს, მსოფლიო მესაზღვრეების ისტორიაში ყველაზე გაკვირვებული სახე უნდა ჰქონოდა.

ვფიქრობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საქართველოში მაინც, აუცილებლად უნდა შემოიტანონ ახალი შესწავლის საგანი – “რესპოდენტთან ჩახტომის ხელოვნება”. აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რესპოდენტთან “მივარდნა,” მიკროფონის სწორად “შეტენვა,” ჭიდაობის ელემენტები, “ნაგლობა,” სხვა ჟურნალისტის მიკროფონის “მოგერიება” და ა.შ. ამასთან ერთად ჟურნალისტი სტუდენტი უნდა სწავლობდეს სწორად “ჩაცუცქვას,” ოპერატორი კი სწორად დაყენებულ ყვირილს და ბღავილს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

როგორც იქნა, ოცწლიანი ნაცნობობის შემდეგ უმა ტურმანი და ქვენტინ ტარანტინო მიხვდნენ, რომ დროა რომანტიული ურთიერთობა დაეწყოთ. ჯერჯერობით უცნობია მათი ურთიერთობა “წამიერი გატაცებაა,” თუ რამე უფრო სერიოზული, მაგრამ თუ ეს ესეა ძალიან საინტერესო უნდა იყოს მათი ქორწილი, მაგალითად მეჯვარეების ამბავი, რომლის როლშიც აუცილებლად შავ კოსტიუმში გამოწყობილი ჯონ ტრავოლტა და სამუელ ელ ჯექსონი უნდა მოგვევლინონ. დაპატიჟებულებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბრიუს უილისიც, რასაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით ვინმე ზედის როლის შემსრულებლებზე. ისე კი, ტარანტინომ და ტურმანმა შეიძლება ითქვას მსგავსი ღონისძიებისთვის საჭირო რეპეტიცია გაიარეს და ერთმანეთის სადღეგრძელო ფეხსაცმლის მეშვეობით შესვეს. ამ ქმედებით კი იმ ქართველების ლუსტრაცია მოახდინეს, რომლებიც სიბნელეში სდებენ ბრალს იმ თანამემამულეებს, რომლებიც მსგავსად იქცევიან. მოკლედ ცნობილმა წყვილმა მათი ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილება ამხილეს. მორალი, ღვინოს ფეხსაცმლიდან დალევა შეიძლება, მაგრამ ამას არა “პალატკაში” ან რომელიმე სოფელში უნდა აკეთებდე, არამედ “კაკ მინიმუმ” რამე გლამურულ წვეულებაზე.

ბოლოს გიტოვებთ გოგონას რომელიც სამშობლოს გადარჩენის მიზნით “პირადად ყიდულობს ბილეთს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ. 

One thought on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 2]

  1. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 3] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s