ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 3]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

download

ახალი ჩამჭრელი კითხვა მოვიფიქრე. შემდეგნაირად ჟღერს: მელია ცხოველია თუ ადამიანი? რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებისთვის პასუხი – ადამიანია, ხოლო მომხრეებისთვის  – ცხოველი. საქმე ისაა, რომ  open air – ის ორგანიზატორები იჩემებენ, რომ  სარეგისტრაციო შტამპი წარწერით “მელია” არავითარ კავშირში არ არის ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატთან ნიკა მელიასთან. უფრო მეტიც, ზოგიერთის თქმით ადამიანს ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გააჩნდეს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, ანუ “მელია” “მელიას,” რომ დაუკავშიროს. ალბათ ისიც დამთხვევად უნდა მივიჩნიოთ, რომ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი და “ნაზი მისების” ავტორი აჩიკო გულედანი საზოგადოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერად აღიქმება. ასე რომ ცნობილ დამთხვევათა სიას, მაგალითად შექსპირის და სერვანტესის ერთ დღეს გარდაცვალებას (ორივე 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა), ან იმ დამთხვევას რომლის მიხედვითაც ვინმე ცუტომუ იამაგუჩი რამდენიმე დღის ინტერვალში ორ ატომურ შეტევას (ჰიროსიმა და ნაგასაკი) მოესწრო და ორივეს გადაურჩა, მელიას ინციდენტი უნდა დავუმატოთ.

რა საერთო აქვს დეპუტატს გია ვოლსკის და მოსაწევს? ორივე კაი ხასიათზე გაყენებს, რადგანაც შეუძლებელია ვოლსკის ინტერვიუს უსმენდე და გაბრაზდე. მის ინტერვიუები ყოველთვის “კაკ მინიმუმ” ღიმილს გგვრის. ამ შემთხვევაში ვოლსკის დამსახურებით თანამედროვე ქართულ ფოლკლორს კიდევ ერთი სიტყვა დაემატა –  “პონპონჩიკიანი ტიპი”. მიუხედავად იმისა, რომ ვოლსკის საუბრისას ნეიტრალურ მსმენელს ხანდახან ლეგიტიმური კითხვა უჩნდება, თუ რა მოწია ამ პარლამენტარმა, ის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა. ვოლსკიმ  რაღაც “იპოთეკებზე”, ამსტერდამზე და “პროფესორებზე” ილაპარაკა, მაგრამ აკრძალვის მთავარი მოტივი მაინც ის არის რომ პოტენციური მწეველები “ქუჩას არ იცნობენ”. პრინციპში ქვეყანაში სადაც ვოლსკის მსგავსი პარლამენტარები არსებობენ, მოსაწევის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს.

ამ ვიდეოს თუ დავუჯერებთ, “გეი აპოკალიფსი” გვიახლოვდება. განსაკუთრებით სახიფათოები აი ეს ბიჭები (ერთ-ერთს ძალიან საეჭვოდ აქვს მეორეზე ხელი გადახვეული) უნდა იყვნენ. იცოდეთ, თუ ჰეტეროსექსუალები ხართ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლები გიზიდავთ, უფრთხილდით ხსენებულ ახალგაზრდებს, ან აი ამ ქალს, რომელიც შეიძლება “სუბიექტური” იყოს, მაგრამ როგორც “აღმზრდელი და ლექტორი” ორგანულად ვერ იტანს ჰეტეროსექსუალობის ნებისმიერ გამოვლინებას.

დროა რუსთავში ვინმემ “მოჩვენებებზე მონადირეების” სააგენტო გახსნას, მასტერ კლასი კი ბილ მარეის ჩაატარებინონ. საქმე ისაა, რომ რუსთავში ერთ-ერთ სახლს ერთი კვირის განმავლობაში მესამედ გაუჩნდა ცეცხლი, პატრონის აზრით მას “უხილავი ძალა” აჩენს, რაზეც კომენტარს შეგნებულად არ გავაკეთებ. ისე, გაუგებარია თუ როგორ ვერ მოუვიდა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით აზრად იმავე პატრონს ბინის დაზღვევა. თუმცა, მეორე მხრივ მეეჭვება სადაზღვეო კომპანიის აგენტს “უხილავ ძალაზე” და “ჭინკებზე” მოსაუბრე ადამიანისთვის დაზღვევა გაეფორმებინა, ჭინკები ხომ სადაზღვევოების მთავარ მტრებს წარმოადგენენ?

ძალიან მინდა კინოფილმ “გრინჩის” რემეიქი გადაიღონ და მთავარ როლში ყველაზე ცნობილი მებრძოლი ათეისტი, რიჩარდ დოკინსი ძალით ათამაშონ, ძალით იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ზღაპრებს არც მეტი, არც ნაკლები “ზიანის მომტანად” მიიჩნევს. ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ “სიბნელეზე” მონოპოლიას კრეაცინისტები არ ფლობენ. არ ვიცი ეფერებოდა თუ არა დედა რიჩარდ დოკინსს ბავშობაში, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ გულის სიღრმეში ცნობილ მეცნიერს უბრალოდ სიყვარული და სითბო აკლია (ამიტომაც თხოვნა იქნება გააზიაროთ) და ყოველ ღამე დოკინსის ბალიშს მისი ნაღვლიანი და მარტოსული ცრემლები ასველებენ.

ბოლოს გიტოვებთ ამ ვიდეოს და ასეთ მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ. 

One thought on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 3]

  1. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 4] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s