Monthly Archives: ივლისი 2014

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #8

გორ ვიდალი მე-20 საუკუნის ამერიკული და ზოგადად მსოფლიო პროზის ერთ-ერთ ბუმბერაზ ავტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი “მესია” (Messiah) სატირული ჟანრის რომანია, რომლის მეშვეობითაც ავტორი დარტყმას აყენებს ზოგადად რელიგიას,  როგორც ინსტიტუციონალიზირებულ მოვლენას. ამ რომანში მესიად ვინმე ჯონ ქეივი გვევლინება, რომლის გვარიც შეგვიძლია პლატონის გამოქვაბულზე ალუზიად მივიჩნიოთ (ინგლისურად Cave გამოქვაბულს ნიშნავს), მოგვიანებით, ამ რელიგიურ მიმდინარეობას ქეივიზმი ერქმევა. ქეივის თავდაპირველი მოტივები თითქოს კარგია, ის უბრალოდ ასწავლის თავის მიმდევრებს არ ეშინოდეთ სიკვდილის, თუმცა თანდათან, მოძღვრების განვითარებასთან ერთად ხდება სიკვდილის ფეტიში. მისი მიმდევრები იწყებენ სწრაფვას სიკვდილისკენ, ქეივიზმს ებრძვიან ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლები, რაც თავისთავად უწყობს ხელს მის კიდევ უფრო განვითარებას. საბოლოო ჯამში ქეივიზმი მსოფლიოში დომინანტ რელიგიად გვევლინება. რომანი ვინმე იუჯინ ლუთერის (ესაც კიდევ ერთი ალუზია) მიერ არის მოთხრობილი, რომელიც თავიდან ჯონ ქეივის ერთგვარ მოციქულად გვევლინება, თუმცა მოგვიანებით ამ მიმდინარეობას განუდგება. ნათქვამია, რომ სამი ყველაზე საინტერესო თემა რომელზეც ადამიანები საუბრობენ ხოლმე, სექსი, პოლიტიკა და რელიგიაა. ეს წიგნი ბოლო ორ თემას სრულად აკმაყოფილებს, თან მარტივად და სახალისოდ არის დაწერილი, ამიტომაც საკმაოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.

მხატვრულ სამყაროში ალტერნატიული რეალობები ყოველთვის სახალისოა ხოლმე, მითუმეტეს თუ ასეთის ავტორად ფილიპ დიკის დონის ავტორი გვევლინება. ფილიპ დიკის “ადამიანი მაღალ კოშკში” (The Man in the High Castle) მეორე მსოფლიო ომს არა მოკავშირეები, არამედ გერმანელები, იტალიელები და იაპონელები იგებენ. რომანი 1962 წელს ვითარდება, ამ დროისათვის გამარჯვებულ ქვეყნებს მსოფლიო დანაწილებული აქვთ, თუმცა ორი ყველაზე მძლავრი ქვეყანა – იაპონია და გერმანია ცივი ომის ფაზაში იმყოფებიან. რომანი რამდენიმე პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც გასაგებია რომ ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრობენ, თუმცა საინტერესოა რომ განსხვავებით ბევრი სხვა მსგავსი ნაწარმოებისგან სადაც ტოტალიტარული გავლენის შედეგად ადამიანები სრულად ტვინგამორეცხილები არიან და რეალობას ერთი ან ორი პერსონაჟი თუ ხვდება, აქ პერსონაჟებს მეტწილად საკუთარი აზრი გააჩნიათ – შეიძლება საჯაროდ ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ ხაზებს შორის აზრის ამოკითხვის უნარი ნამდვილად აქვთ. საინტერესოა, რომ ამ ნაწარმოებში ფილიპ დიკს თითქოს ერთი ალტერნატიული სამყარო არ ჰყოფნის და ერთ-ერთი პერსონაჟის მეშვეობით, რომელიც მწერლის როლში გვევლინება, ავტორი გვეთამაშება და გვისვამს კითხვას – რა იქნებოდა მეორე მსოფლიო ომში ამერიკელებს, ბრიტანელებს და საბჭოელებს რომ გაემარჯვათ?

მოდი დავუშვათ სამწუხარო რეალობა, რომლის მიხედვითაც ადამიანს ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი წიგნის წაკითხის საშუალება ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამრთგუნველი დაშვებაა, კარლ სეიგანის კოსმოსი (Cosmos) იქნებოდა ის ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვასაც ნებისმიერ ადამიანს ვურჩევდი. სეიგანს ნათქვამი აქვს, რომ ასტრონომია ის გამოცდილებაა, რომელიც პიროვნულად გზრდის და თავმდაბლობას გასწავლის. ძალიან პოეტური, მაგრამ ამავდროულად ზუსტი განმარტებაა. კოსმოსი მე-20 საუკუნის პოპულარული ასტროფიზიკის ერთგვარ ბიბლიად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ავტორი საუბრობს ჩვენს სამყაროზე, მის დაარსებაზე, პლანეტებზე, გალაქტიკებზე, დედამიწაზე, ბუნებაზე  და ა.შ. კარლ სეიგანის ეს ნაწარმოები რომ არა, არ შეიქმნებოდა იმავე სახელწოდების სერიალი, რომლის ერთგვარი რემეიქიც 2014 წელსაც გამოვიდა. ყველაზე ფასეული კოსმოსში ის არის, რომ ავტორი კოსმოსზე არა მეცნიერული, არამედ ჩვეულებრივი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს.

ალასდარ გრეი თანამედროვე შოტლანდიელი ავტორია, რომელიც ვფიქრობ არასათანადოდ და არასაკმირად არის დაფასებული. პირველად შარშან წავიკითხე მისი “ლანარკი: ცხოვრება ოთხ წიგნად” (Lanark: A Life in Four Books), რომელმაც ისე გამაოცა, რომ ამ მომენტისათვის ჩემი საყვარელი ნაწარმოებების ათეულში შევიყვანდი. მართალია გასულ თვეში წაკითხული “ისტორიის შემქნელი” (A History Maker) “ლანარკს” ჩემი სუბიექტური აზრით კლასით ჩამოუვარდება, ის მაინც ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. აქ ავტორი მოგვითხრობს მომავალზე სადაც მატრიარქატს პატრიარქატი აქვს ჩანაცვლებული. აქ მამაკაცები მხოლოდ კოსმოში შესასრულებელი ტექნიკური სამუშაობისთვის და ბრძოლებისთვის ვარგიან. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ბრძოლები ერთგვარ ხელოვნურ მოვლენას წარმოადგენენ, მამაკაცები იბრძვიან არა ტერიტორიებისთვის ან იდეებისთვის, არამედ სპორტული ინტერესისთვის. ომი სპორტულ სანახაობად არის ქცეული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კლანები ერთმანეთს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი იარაღის მეშვეობით ებრძვიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს ბრძოლები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რასაც თან კომენტარიც კი ახლავს. ნაწარმოების საკვანძო პერსონაჟი ვატ დრაიჰოუპი ერთი-ერთი ასეთი მებრძოლია, რომელსაც გმირად აღიარებენ, მიუხედავად ამისა ის არსებულ რეალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს…

არსებობს ნაწარმოებები, რომლებსაც ხელიდან ვერ გააგდებ. ასეთია ურსულა კროებერ ლე გუინის “სამოთხის ხარაჩოები” (The Lathe of Heaven). ამ წიგნის პირველივე გვერდიდან ხვდები, რომ საოცარ სამყაროში მოხვდი. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ჯორჯ ორი, სხვა ადამიანების მსგავსად სიზმრებს ხედავს, მაგრამ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, მისი სიზმრები არსებულ რეალობას ცვლიან, ამ ცვლილებების ბუნებას კი საზღვარი არ გააჩნია. მათ შეუძლია შეცვალონ გარემო, ტექნოლოგიები, ევოლუციური პროცესები და მოკლედ ყველაფერი რასაც ჯორჯის ქვეცნობიერი სწვდება, თუმცა სამყაროში ცვლილებას სიზმრის პატრონის, ანუ მთავარი პერსონაჟის გარდა, ვერავინ ხედავს. ახალ რეალობაში გაღვიძებულ ადამიანებს სჯერათ რომ სამყარო ყოველთვის ასეთი იყო. ჯორჯის პერსონაჟით ავტორი გვიხატავს საოცარი მორალური პრინციპების მქონე ადამიანს, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტების საშუალებებით ცდილობს ჩაახშოს სიზმრები, რადგანაც სჯერა რომ მას სამყაროს შეცვლის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ასეთი გზით არ აქვს. მეორე მხარეს გვყავს განსხვავებული პერსონაჟი, ჯორჯის ფსიქოთერაპევტი, რომელიც ჯორჯს მედიკამენტებზე დამოკიდებულების გადაგდების მოტივით ჰიპნოზების სეანსებს უტარებს. რამდენიმე სეანსის შემდეგ ნათელი ხდება რომ ექიმი მისი პაციენტის ნიჭის შესახებ იგებს და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო მორალური ბრძოლა…

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ. 

ქართული ვირტუალური და რეალური სამყაროს ტუსოვკების მინიპედია

 

 

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

personal_trollface_hd

ტროლები

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად ამ ტუსოვკაში ყველაზე არასერიოზული ხალხი ერთიანდება, რეალობა სულ სხვაა. ტროლები უმეტესს შემთხვევაში ძალიან გულჩათხრობილები და კეთილი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანურ ყურადღებას ითხოვენ, უბრალოდ არ იციან როგორ გამოხატონ. ტროლები რეალურ ცხოვრებაში იმდენად მორცხვები არიან, რომ “გამარჯობის” გაგონებისას შეიძლება გაწითლდნენ კიდევაც. თუ ტროლის კომენტარებს პასუხობთ, ის თქვენ ყველაზე კარგ ადამიანად გთვლით და შეიძლება სახლში თქვენი პლაკატიც კი უკიდია. იმ შემთხვევაში თუ კი იგნორირებას უკეთებთ, მისთვის დართ ვეიდერზე უარეს ბოროტებას წარმოადგენთ, თუმცა თქვენი პლაკატი მაინც უკიდია.

უმაღლესი ქურუმი – საკუთარი ეგო

ტაბულასთან ასოცირებული იუზერები

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტუსოვკის ბირთვს ტაბულაში მოღვაწე ახალგაზრდები წარმოადგენენ, ხშირ შემთხვევაში გვხდებიან სხვა ასოცირებული წევრებიც. უმეტესს შემთხვევაში მათ შორის შეხვდებით ყოფილ ფორუმელებს, რომლებიც ხსენებულ ჟურნალის შექმნისას დასაქმდნენ. ცხოვრების ძირითად ნაწილს ატარებენ ფეისბუქზე, ხშირად პოსტავენ ისტორიებს ტაქსისტების შესახებ. ქვეცნობიერად მემარჯვენეები, ცნობიერად მიშისტები. ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ უთანასწორობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამაში ქართული ოცნების ხელი ურევია. ამ ტუსოვკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ჯგუფი Archive, თუმცა იმიჯის ასაწევად ხანდახან ცდილობენ დაიმახსოვრონ ნაკლებად ცნობილი დიჯეების სახელები თუ ფსევდონიმები.

უმაღლესი ქურუმი – უშიშროების საბჭოს ყოფილი მეთაურის მეუღლე, განსაკუთრებით წინ წასულებისთვის მილტონ ფრიდმანი.

ჰიპსტერი მემარცხენეები

გარეგნულად, ჩაცმულობით ხშირ შემთხვევაში ძალიან გვანან ტაბულასთან ასოცირებულ იუზერებს და მათ მსგავსად შეგიძლიათ ერთი და იგივე ივენთებზე იხილოთ (მაგალითად ე.წ. Flea Market-ზე, მტკვარზე, გალერიში და ა.შ). თუმცა, ამ მახასიათებელზე მსგავსება მთავრდება. ერთმანეთის ტერიტორიას იშვიათად კვეთენ ხოლმე და ერთი და იგივე ღონისძიებაზე მოხვედრილები სალამის მაგივრად შორიდან სჩუქნიან ერთმანეთს მრავლისმეტყველ მზერებს. ჩუმად უყურებენ ხოლმე და გული უჩუყდებათ Notting Hill-ის და Love Actually-ის მსგავს ფილმებზე, თუმცა საჯაროდ ერთმანეთში და სხვებთან საუბრობენ მხოლოდ ვისკონტიზე და ანტონიონიზე. ერთი ან ორი წლით მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად და სამშობლოში დაბრუნებულები ორმაგად ხარჯავენ ენერგიას, სხვაგან თუ არა, ტუსოვკებზე მაინც.

უმაღლესი ქურუმი – სლავოი ჟიჟეკი, დამწყებისთვის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მემარცხენე ინტელექტუალები.

აქტივისტები, ენჯეოშნიკები, ახალი ინტელიგენცია

ეს სამსაფეხურიანი ტუსოვკაა. რადგანაც პირველი სტადია ნაკლებ გამოცდილებას და ცოდნას საჭიროებს, იწყებენ ქუჩებით და ფეისბუქ აქტიურობით. დადიან ყველანაირ აქციაზე, თუმცა ვიწრო გაგებით ნაკლებად პოლიტიკურზე, მაგალითად ხეების გაჩეხვა, უმცირესობის უფლებების შელახვა, ქალის უფლებების შელახვა და ა.შ. მათ იურისდიქციაშია. თვალს ადევნებენ საზღვარგარეთ საპროტესტო აქციებს და ვირტუალურად ღებულობენ გამოცდილებას. მეორე საფეხურზე დაწინაურება ენჯეო სექტორში დასაქმება წარმოადგენს, ამისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. ამას ხშირად წინ უძღვის სწავლა საზღვარგარეთ სახელმწიფოს ხარჯზე, პოპულარულია ბუდაპეშტი. ესენი აქციებზე ნაკლებად დადიან და უფრო საოფისე სამსახურით შემოიფარგლებიან. ზედა საფეხურს პირობითად ახალი ინტელიგენცია შეგვიძლია ვუწოდოთ. ესენი მიუხედავად იმისა რომ სადღაც მუშაობენ, შეუძლიათ ბევრი მუშაობით თავი არ შეიწუხონ, მათ ყოველ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ქსელებში, მათი გამოჩენა და აღშფოთება კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში კლავიატურამომაგრებულები ებრძვიან არაპოლიტკორექტულ გამოვლინებებს, თუნდაც ირიბს, ვიწრო წრეში მსგავს თემებზე თავად ხუმრობენ ხოლმე და ხშირად არც თუ ისე ირიბად. კითხულობენ ლიბერალს ან ტაბულას მსოფმხედველობის შესაბისად, წინწასულები Guardian-ს ან Economist-ს, კვლავ მსოფმედველობის მიხედვით.

უმაღლესი ქურუმი – ადრე და მომავალში ომბუდსმენის თანამდებობაზე დაწუნებული ნებისმიერ კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძის გარდა.

ელექტრონული ჰიპები

ესენი 90იან წლებში პოპულარულ ალტერნატიული მოძრაობის და პოსტმოდერნის სინთეზს წარმოადგენენ. დამიწებულ ადამიანს ფეისბუქზე მათი კომენტარები ხშირ შემთხვევაში შეიძლება არაადექვატურადაც კი მოეჩვენოს. იქმნება შთაბეჭდილება რომ ესენი საქართველოში არ ცხოვრობენ, არ წერენ პოლიტიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, პოსტავენ “სტრან” ფოტოებს, სტრან სტატუსებს და მეტწილად ამაღლებულ თემებს ეტანებიან, ამიტომაც ისიც კი უცნობია დადიან თუ არა ტუალეტში.

უმაღლესი ქურუმი – დამწყებებისთვის ლადო ბურდული, განვითარებულებისთვის დადაისტები (ყველა)

ფეისბუქ ექსპერტები

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტუსოვკა ძალიან ეკლექტურ საზოგადოებას წარმოადგენს და სიტყვაზე ზოგი მისი წარმომადგენელი შეიძლება დიასახლისი იყოს, ზოგიც ინჟინერი, ზოგიც კლერკი, მათ ერთი რამ აერთიანებთ – ისინი თავს ვალდებულად თვლიან გამოხატონ საკუთარი ექსპერტული აზრი ნებისმიერ მეტნაკლებად მნიშვნელოვან თემაზე. ბოლოდროინდელ მაგალითად შეიძლება შევარდნაძის და შემდგომ უკვე ნოვოდვორსკაიას გარდაცვალება მოვიყვანოთ. არც კი ვიცი რა ეშველებოდა ქართულ ვირტუალურ სივრცეს, რომ არა ამ ძალიან კომპეტენტური ადამიანების ძალიან კომპეტენტური აზრი.

უმაღლესი ქურუმი – ტროლების მსგავსად საკუთარი ეგო

 

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 7]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას ლაშა ბუღაძე ძალიან დათრგუნულა. დათრგუნვის მიზეზი გიგი უგულავას დაკავება გახდა. თავად უგულავას დათრგუნვის არაფერი ეტყობოდა. დაკავებისას  ბრიუს უილისივით იქცეოდა, სასამართლო პროცესზე კი რასელ კროუსავით. უბრალოდ ჰანს ზიმერის საუნდტრეკი აკლდა. უგულავას საქმე სასამართლოს გადაეცა და განხილვის პროცესშია, თუმცა ბუღაძემ როგორც ჩანს ხელი საბოლოოდ ჩაიქნია და იმ ახალგაზრდობის წლებს მისტირის უგულავა რომ გაიცნო.

ხანდახან მგონია, რომ შუა საუკუნეებიდან არ გამოვსულვართ. ამჯერად ეჭვის მიზეზი ის რეაქცია იყო, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას მოჰყვა. ფბ-ს მომხარებლების დიდი ნაწილი 86 წლის, დაუძლურებული ადამიანის სიკვდილს ზეიმობდა. ეს კი მაფიქრებინებს რომ პიროვნების კულტის სენი ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ. შევარდნაძე როგორც პოლიტიკა და იდეა ვარდების რევოლუციის დროს უნდა მომკვდარიყო, თუმცა მაშინ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ახალ კულტს ეგებებოდა და გადამდგარი ლიდერის მემკიდრეობის გასაანალიზებლად აღარავის სცხელოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ შევარდნაძე იქცა მოხუცად, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებს ითვლიდა. მართლა ვერ ვხვდები რატომ უნდა გაგიხარდეს ადამიანის სიკვდილი, რომელიც დიდი ხანია აღარაფერს წყვეტს…

მე მაქვს ჰიპოთეზა. ეს ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ რეალობაში 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ტროლია, თუმცა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვთვლი, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებული მოვლენაა. კარგი თუ ცუდი გაგებით, თავად განსაჯეთ. ბიზნესმენი, მეცენატი, პოლიტიკოსი, პრემიერ მინისტრი და ენჯეოშნიკი ახლა უკვე ტელეწამყვანად უნდა მოგვევლინოს. ისეთ სნობურ ქვეყანაში როგორიც საქართველოა სადაც ადამიანები საკუთარ ერთმიმართულებიან იმიჯზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობენ (იხ. ლაშა ბუღაძე) ივანიშვილი აკეთებს წარმოუდგენელ რამეს, ამ სნობურ საზოგადოებას ტროლავს, ტრიალებს ფიგაროსავით, აკეთებს ყველაფერს რასაც უნდა და ყველა ამპლუაში თავისებურად გამარჯვებული გამოდის.

ძალიან მინდა ლუის სუარეს რამენაირად ვუკბინო, მაგრამ ვერაფერს ვიგონებ. ამიტომაც, უბრალოდ გეტყვით, რომ ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის პერიოდში თამაშს ბუმბერაზი კლუბები, სოხუმიდან და კოსოვოდან, სთავაზობდნენ. სუარესმა შემოთავაზებები არ შეიმჩნია, რაც ჩემი აზრით დიდი შეცდომაა. დარწმუნებული ვარ ამ რომელიმე კლუბში გადასვლის შემთხვევაში, მესვეურები თვალებს დახუჭავდნენ სუარესის უცნაურ გატაცებაზე და თანაგუნდელების კბენაზე კრინტს არ დაძრავდნენ.

ესპანეთის კურორტ მაიორკაზე საინტერესო ტრადიცია ყოფილა. ტრადიცია იძლევა საშუალებას მიიღო ერთი ბოთლი შამპანიური ორალური სექსის სანაცვლოდ (+18). დარწმუნებული ვარ წარსულში ამ “ატრაქციონის აქტიური მომხარებელი” ბევრი ტურისტი გამხდარა, შამპანურიც დაულევია და სახლშიც ,,კდემამოსილი” დაბრუნებულა. ყველაზე დიდი პლუსი კი ის იყო, რომ ამის შესახებ ვერავინ იგებდა. თუმცა, გარეთ 21-ე საუკუნეა და შამპანურის ჩუმად მოპოვება არც თუ ისე მარტივია. ესპანელებს ტრადიციებს ართმევენ.

წინა კვირის მიმოხილვე იხილეთ აქ.

 

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასული კვირის “You don’t say” სერიის ჰიტად, ანუ აღმაშფოთებელი ბანალურობის შინაარსის მატარებელ ვიდეოდ, რომელსაც სრულიად ფეისბუქი აშეარებს ხოლმე, აი ეს რგოლი მოგვევლინა. დარწმუნებული ვარ ასეთები თქვენს საფრენდეთშიც მრავლად იყვნენ და იმედი მაქვს მათ რიცხვში არ შედიოდით. თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, სასწრაფოდ დატოვეთ ეს რაფინირებული და არამეინტსრიმული პოსტი. თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, გილოცავთ, იუმორის გრძნობა გქონიათ, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ადვილად არ ვარდებით. არა, მართლა რამდენად ირონიულია ის, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს ფეისბუქზე ატარებს  სწორედ ისე იქცევა როგორც ამ რგოლშია აღწერილი და ამ ვიდეოს იგივე ფეისბუქზე აშეარებს. საერთოდ რაღაც უცნაური ტენდენციაა, კომუნიკაციის ინსტრუმენტს, ანუ ფეისბუქს აბრალებდე ყველაფერს. ეს დაახლოებით იგივეა, ტელეფონზე რომ დაურეკო ვიღაცას, ძალიან სისულელეები ილაპარაკო და ყველაფერი არა საკუთარ თავს, არამედ ტელეფონს დააბრალო. თუმცა, ამ ვიდეოს ყოველ დამლაიქებელს და დამშეარებელს ალბათ გულის სიღრმეში საკუთარი თავი ასეთად არ მიაჩნია და მას სხვა ფრენდების სამხელად აკეთებს. გონს მოდით ადამიანებო, ფეისბუქი რომ არა, ბოლოს და ბოლოს, როგორ გაიგებდით მიწისძვრის ან თუნდაც წვიმის შესახებ?

სულ უფრო ჭირს რეალური და ფიქტიური სამყაროს ერთმანეთისგან გარჩევა, ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის რეგულარულ სტუმარს, კიმ ჯონგ უნგს ნამდვილად უჭირს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში სეტ როგენის კომედია (ჯეიმს ფრანკოს და სეტ როგენის მონაწილეობით) უნდა გამოვიდეს. ფილმი როგორც ჩანს საშა ბარა კოენის “დიქტატორის” სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კიმ ჯონგ უნი რეალურად არსებული ტირანია. მოკლედ, Game of Throne-ის ენაზე რომ ვთარგმნოთ, კიმ ჯონგ ჯოფრის უთქვამს, რომ პასტის გული ვერ მოითმენსო და ფილმი მართლა რომ გამოვიდესო, არც მეტი არც ნაკლები, ომს დავიწყებო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზად სეტ როგენი და ჯეიმს ფრანკო მოგვევლინებიან. გახსოვთ ისტორიული ომების წინაპირობები? ტერიტორიების გადანაწილება, ერცჰერცოგის მკვლელობა და ა.შ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რას იფიქრებენ ჩვენი შთამომავლები ისტორიის წიგნის გადაშლისას წაიკითხავენ, რომ ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდრი კომედია, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის მიღება იყო, გლობალური ომის მიზეზი გახდა?

იგივე ისტორიის სახელმძღვანელოებში მოსწავლეები ამოიკითხავენ, რომ მე-19 საუკუნეში ადამიანმა მოიგონა ტელეგრაფი, რომელსაც მოჰყვა რადიოს გამოგონება, მე-20 საუკუნეში ტელევიზორი, ინტერნეტი და ა.შ. 21-ე საუკუნეში კი აი ეს სპერმის ექსტრაქტორი. ანუ მეცნიერებმა გაამარტივეს ის, რაც პრინციპში ისედაც საკმაოდ მარტივი იყო და კაცობრიობის ეს ტრივიალური ჰობი, კიდევ უფრო გაამარტივეს. საერთოდ ასეთ გამოგონებას გრძელვადიან პერიოდში, შეუძლია გარკვეული ორგანოს ატროფია გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს შთამომავლებს ორასი წლის შემდეგ გაცილებით სუსტი მარჯვენა უნდა ჰქონდეთ.

როგორც იქნა ქართულ სტოუნჰენჯს მოვესწარით. ადგილობრივ გამგეობას თერთმეტსაფეხურიანი კიბის ასაშენებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოუყვია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო საფეხური 100,000 ლარზე მეტი დაჯდა. ჩემი ძალიან არამეცნიერული გათვლებით ასე ძვირი თავის დროზე მაიების პირამიდების აშენებაც კი არ ღირდა. შესაბამისად, თუ რომელიმე კონკრეტული პირამიდა უფრო იაფი დაჯდა და მას წელიწადში ათიათასობით ტურისტი სტუმრობს, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უფრო ძვირ ღირშესანიშნეობას გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ესტუმროს. ამიტომ, უახლოეს მომავალში ხულოს რაიონში უნდა ველოდოთ სტუმრებს დედამიწის ყველა კონტინენტიდან. ისე კი, ამ კიბის ნახვისას პირველი რაც გამახსენდა თამაში Sim City იყო. ვისაც გითამაშიათ, გამორიცხულია თუნდაც პირველ თამაშზე შეცდომა არ მოგსვლოდათ და შემთხვევით რამე ნაგებობა არაადეკვატურ ადგილას არ აგეშენებინოთ. დაახლოებით ამას ჰგავს ხულოში აშენებული ეს შედევრი.

აინშტაინის თუ დავუჯერებთ, ყველაფერი ფარდობითია. ამ თეორიის მიხედვით, ფეხბურთის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებისთვის ყველაზე სასიამოვნო მოვლენად, იმ მატჩებთან შედარებით რაც მსოფლიო ჩემპიონმა (!) ჩაატარა, ნაკრების თვითმფრინავზე დაცემული მეხი უნდა ჩავთვალოთ. წარმომიდგენია, თუ რა კოშმარული სიზმრები ესიზმრებოდათ სახლში მიმავალ ესპანელებს მეხმა რომ გამოაღვიძა. ვფიქრობ ეს შემთხვეა მათთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც სპორტსმენები აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ფეხბურთის გარდა არსებობს სხვა “რამეები” რამაც შეიძლება სიხარული მოგიტანოს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს სხვა “რამეები” შეიძლება უკეთ გამოგდიოდეს.

ამ კვირისთვის სულ ეს იყო, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა, მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, ტოტალიზატორები ხარობენ, X-factor-ის ფანები არაადეკვატურად “ვაიმე რა მაგარია” პათოსით აშეარებენ მათი ფავორიტების ვიდეოებს, ქართველი “კრეატივშიკები” განაგრძობენ უნიჭო რეკლამების შემოთავაზებას, ლუდი კი გაგანია ზაფხულში სულ უფრო და უფრო ემსგავსება H2O-ს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.