ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასული კვირის “You don’t say” სერიის ჰიტად, ანუ აღმაშფოთებელი ბანალურობის შინაარსის მატარებელ ვიდეოდ, რომელსაც სრულიად ფეისბუქი აშეარებს ხოლმე, აი ეს რგოლი მოგვევლინა. დარწმუნებული ვარ ასეთები თქვენს საფრენდეთშიც მრავლად იყვნენ და იმედი მაქვს მათ რიცხვში არ შედიოდით. თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, სასწრაფოდ დატოვეთ ეს რაფინირებული და არამეინტსრიმული პოსტი. თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, გილოცავთ, იუმორის გრძნობა გქონიათ, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ადვილად არ ვარდებით. არა, მართლა რამდენად ირონიულია ის, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს ფეისბუქზე ატარებს  სწორედ ისე იქცევა როგორც ამ რგოლშია აღწერილი და ამ ვიდეოს იგივე ფეისბუქზე აშეარებს. საერთოდ რაღაც უცნაური ტენდენციაა, კომუნიკაციის ინსტრუმენტს, ანუ ფეისბუქს აბრალებდე ყველაფერს. ეს დაახლოებით იგივეა, ტელეფონზე რომ დაურეკო ვიღაცას, ძალიან სისულელეები ილაპარაკო და ყველაფერი არა საკუთარ თავს, არამედ ტელეფონს დააბრალო. თუმცა, ამ ვიდეოს ყოველ დამლაიქებელს და დამშეარებელს ალბათ გულის სიღრმეში საკუთარი თავი ასეთად არ მიაჩნია და მას სხვა ფრენდების სამხელად აკეთებს. გონს მოდით ადამიანებო, ფეისბუქი რომ არა, ბოლოს და ბოლოს, როგორ გაიგებდით მიწისძვრის ან თუნდაც წვიმის შესახებ?

სულ უფრო ჭირს რეალური და ფიქტიური სამყაროს ერთმანეთისგან გარჩევა, ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის რეგულარულ სტუმარს, კიმ ჯონგ უნგს ნამდვილად უჭირს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში სეტ როგენის კომედია (ჯეიმს ფრანკოს და სეტ როგენის მონაწილეობით) უნდა გამოვიდეს. ფილმი როგორც ჩანს საშა ბარა კოენის “დიქტატორის” სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კიმ ჯონგ უნი რეალურად არსებული ტირანია. მოკლედ, Game of Throne-ის ენაზე რომ ვთარგმნოთ, კიმ ჯონგ ჯოფრის უთქვამს, რომ პასტის გული ვერ მოითმენსო და ფილმი მართლა რომ გამოვიდესო, არც მეტი არც ნაკლები, ომს დავიწყებო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზად სეტ როგენი და ჯეიმს ფრანკო მოგვევლინებიან. გახსოვთ ისტორიული ომების წინაპირობები? ტერიტორიების გადანაწილება, ერცჰერცოგის მკვლელობა და ა.შ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რას იფიქრებენ ჩვენი შთამომავლები ისტორიის წიგნის გადაშლისას წაიკითხავენ, რომ ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდრი კომედია, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის მიღება იყო, გლობალური ომის მიზეზი გახდა?

იგივე ისტორიის სახელმძღვანელოებში მოსწავლეები ამოიკითხავენ, რომ მე-19 საუკუნეში ადამიანმა მოიგონა ტელეგრაფი, რომელსაც მოჰყვა რადიოს გამოგონება, მე-20 საუკუნეში ტელევიზორი, ინტერნეტი და ა.შ. 21-ე საუკუნეში კი აი ეს სპერმის ექსტრაქტორი. ანუ მეცნიერებმა გაამარტივეს ის, რაც პრინციპში ისედაც საკმაოდ მარტივი იყო და კაცობრიობის ეს ტრივიალური ჰობი, კიდევ უფრო გაამარტივეს. საერთოდ ასეთ გამოგონებას გრძელვადიან პერიოდში, შეუძლია გარკვეული ორგანოს ატროფია გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს შთამომავლებს ორასი წლის შემდეგ გაცილებით სუსტი მარჯვენა უნდა ჰქონდეთ.

როგორც იქნა ქართულ სტოუნჰენჯს მოვესწარით. ადგილობრივ გამგეობას თერთმეტსაფეხურიანი კიბის ასაშენებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოუყვია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო საფეხური 100,000 ლარზე მეტი დაჯდა. ჩემი ძალიან არამეცნიერული გათვლებით ასე ძვირი თავის დროზე მაიების პირამიდების აშენებაც კი არ ღირდა. შესაბამისად, თუ რომელიმე კონკრეტული პირამიდა უფრო იაფი დაჯდა და მას წელიწადში ათიათასობით ტურისტი სტუმრობს, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უფრო ძვირ ღირშესანიშნეობას გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ესტუმროს. ამიტომ, უახლოეს მომავალში ხულოს რაიონში უნდა ველოდოთ სტუმრებს დედამიწის ყველა კონტინენტიდან. ისე კი, ამ კიბის ნახვისას პირველი რაც გამახსენდა თამაში Sim City იყო. ვისაც გითამაშიათ, გამორიცხულია თუნდაც პირველ თამაშზე შეცდომა არ მოგსვლოდათ და შემთხვევით რამე ნაგებობა არაადეკვატურ ადგილას არ აგეშენებინოთ. დაახლოებით ამას ჰგავს ხულოში აშენებული ეს შედევრი.

აინშტაინის თუ დავუჯერებთ, ყველაფერი ფარდობითია. ამ თეორიის მიხედვით, ფეხბურთის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებისთვის ყველაზე სასიამოვნო მოვლენად, იმ მატჩებთან შედარებით რაც მსოფლიო ჩემპიონმა (!) ჩაატარა, ნაკრების თვითმფრინავზე დაცემული მეხი უნდა ჩავთვალოთ. წარმომიდგენია, თუ რა კოშმარული სიზმრები ესიზმრებოდათ სახლში მიმავალ ესპანელებს მეხმა რომ გამოაღვიძა. ვფიქრობ ეს შემთხვეა მათთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც სპორტსმენები აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ფეხბურთის გარდა არსებობს სხვა “რამეები” რამაც შეიძლება სიხარული მოგიტანოს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს სხვა “რამეები” შეიძლება უკეთ გამოგდიოდეს.

ამ კვირისთვის სულ ეს იყო, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა, მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, ტოტალიზატორები ხარობენ, X-factor-ის ფანები არაადეკვატურად “ვაიმე რა მაგარია” პათოსით აშეარებენ მათი ფავორიტების ვიდეოებს, ქართველი “კრეატივშიკები” განაგრძობენ უნიჭო რეკლამების შემოთავაზებას, ლუდი კი გაგანია ზაფხულში სულ უფრო და უფრო ემსგავსება H2O-ს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

2 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 6]

  1. Pingback: ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 7] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s