ქართული ვირტუალური და რეალური სამყაროს ტუსოვკების მინიპედია

 

 

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

personal_trollface_hd

ტროლები

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად ამ ტუსოვკაში ყველაზე არასერიოზული ხალხი ერთიანდება, რეალობა სულ სხვაა. ტროლები უმეტესს შემთხვევაში ძალიან გულჩათხრობილები და კეთილი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანურ ყურადღებას ითხოვენ, უბრალოდ არ იციან როგორ გამოხატონ. ტროლები რეალურ ცხოვრებაში იმდენად მორცხვები არიან, რომ “გამარჯობის” გაგონებისას შეიძლება გაწითლდნენ კიდევაც. თუ ტროლის კომენტარებს პასუხობთ, ის თქვენ ყველაზე კარგ ადამიანად გთვლით და შეიძლება სახლში თქვენი პლაკატიც კი უკიდია. იმ შემთხვევაში თუ კი იგნორირებას უკეთებთ, მისთვის დართ ვეიდერზე უარეს ბოროტებას წარმოადგენთ, თუმცა თქვენი პლაკატი მაინც უკიდია.

უმაღლესი ქურუმი – საკუთარი ეგო

ტაბულასთან ასოცირებული იუზერები

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტუსოვკის ბირთვს ტაბულაში მოღვაწე ახალგაზრდები წარმოადგენენ, ხშირ შემთხვევაში გვხდებიან სხვა ასოცირებული წევრებიც. უმეტესს შემთხვევაში მათ შორის შეხვდებით ყოფილ ფორუმელებს, რომლებიც ხსენებულ ჟურნალის შექმნისას დასაქმდნენ. ცხოვრების ძირითად ნაწილს ატარებენ ფეისბუქზე, ხშირად პოსტავენ ისტორიებს ტაქსისტების შესახებ. ქვეცნობიერად მემარჯვენეები, ცნობიერად მიშისტები. ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ უთანასწორობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამაში ქართული ოცნების ხელი ურევია. ამ ტუსოვკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ჯგუფი Archive, თუმცა იმიჯის ასაწევად ხანდახან ცდილობენ დაიმახსოვრონ ნაკლებად ცნობილი დიჯეების სახელები თუ ფსევდონიმები.

უმაღლესი ქურუმი – უშიშროების საბჭოს ყოფილი მეთაურის მეუღლე, განსაკუთრებით წინ წასულებისთვის მილტონ ფრიდმანი.

ჰიპსტერი მემარცხენეები

გარეგნულად, ჩაცმულობით ხშირ შემთხვევაში ძალიან გვანან ტაბულასთან ასოცირებულ იუზერებს და მათ მსგავსად შეგიძლიათ ერთი და იგივე ივენთებზე იხილოთ (მაგალითად ე.წ. Flea Market-ზე, მტკვარზე, გალერიში და ა.შ). თუმცა, ამ მახასიათებელზე მსგავსება მთავრდება. ერთმანეთის ტერიტორიას იშვიათად კვეთენ ხოლმე და ერთი და იგივე ღონისძიებაზე მოხვედრილები სალამის მაგივრად შორიდან სჩუქნიან ერთმანეთს მრავლისმეტყველ მზერებს. ჩუმად უყურებენ ხოლმე და გული უჩუყდებათ Notting Hill-ის და Love Actually-ის მსგავს ფილმებზე, თუმცა საჯაროდ ერთმანეთში და სხვებთან საუბრობენ მხოლოდ ვისკონტიზე და ანტონიონიზე. ერთი ან ორი წლით მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად და სამშობლოში დაბრუნებულები ორმაგად ხარჯავენ ენერგიას, სხვაგან თუ არა, ტუსოვკებზე მაინც.

უმაღლესი ქურუმი – სლავოი ჟიჟეკი, დამწყებისთვის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მემარცხენე ინტელექტუალები.

აქტივისტები, ენჯეოშნიკები, ახალი ინტელიგენცია

ეს სამსაფეხურიანი ტუსოვკაა. რადგანაც პირველი სტადია ნაკლებ გამოცდილებას და ცოდნას საჭიროებს, იწყებენ ქუჩებით და ფეისბუქ აქტიურობით. დადიან ყველანაირ აქციაზე, თუმცა ვიწრო გაგებით ნაკლებად პოლიტიკურზე, მაგალითად ხეების გაჩეხვა, უმცირესობის უფლებების შელახვა, ქალის უფლებების შელახვა და ა.შ. მათ იურისდიქციაშია. თვალს ადევნებენ საზღვარგარეთ საპროტესტო აქციებს და ვირტუალურად ღებულობენ გამოცდილებას. მეორე საფეხურზე დაწინაურება ენჯეო სექტორში დასაქმება წარმოადგენს, ამისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. ამას ხშირად წინ უძღვის სწავლა საზღვარგარეთ სახელმწიფოს ხარჯზე, პოპულარულია ბუდაპეშტი. ესენი აქციებზე ნაკლებად დადიან და უფრო საოფისე სამსახურით შემოიფარგლებიან. ზედა საფეხურს პირობითად ახალი ინტელიგენცია შეგვიძლია ვუწოდოთ. ესენი მიუხედავად იმისა რომ სადღაც მუშაობენ, შეუძლიათ ბევრი მუშაობით თავი არ შეიწუხონ, მათ ყოველ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ქსელებში, მათი გამოჩენა და აღშფოთება კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში კლავიატურამომაგრებულები ებრძვიან არაპოლიტკორექტულ გამოვლინებებს, თუნდაც ირიბს, ვიწრო წრეში მსგავს თემებზე თავად ხუმრობენ ხოლმე და ხშირად არც თუ ისე ირიბად. კითხულობენ ლიბერალს ან ტაბულას მსოფმხედველობის შესაბისად, წინწასულები Guardian-ს ან Economist-ს, კვლავ მსოფმედველობის მიხედვით.

უმაღლესი ქურუმი – ადრე და მომავალში ომბუდსმენის თანამდებობაზე დაწუნებული ნებისმიერ კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძის გარდა.

ელექტრონული ჰიპები

ესენი 90იან წლებში პოპულარულ ალტერნატიული მოძრაობის და პოსტმოდერნის სინთეზს წარმოადგენენ. დამიწებულ ადამიანს ფეისბუქზე მათი კომენტარები ხშირ შემთხვევაში შეიძლება არაადექვატურადაც კი მოეჩვენოს. იქმნება შთაბეჭდილება რომ ესენი საქართველოში არ ცხოვრობენ, არ წერენ პოლიტიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, პოსტავენ “სტრან” ფოტოებს, სტრან სტატუსებს და მეტწილად ამაღლებულ თემებს ეტანებიან, ამიტომაც ისიც კი უცნობია დადიან თუ არა ტუალეტში.

უმაღლესი ქურუმი – დამწყებებისთვის ლადო ბურდული, განვითარებულებისთვის დადაისტები (ყველა)

ფეისბუქ ექსპერტები

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტუსოვკა ძალიან ეკლექტურ საზოგადოებას წარმოადგენს და სიტყვაზე ზოგი მისი წარმომადგენელი შეიძლება დიასახლისი იყოს, ზოგიც ინჟინერი, ზოგიც კლერკი, მათ ერთი რამ აერთიანებთ – ისინი თავს ვალდებულად თვლიან გამოხატონ საკუთარი ექსპერტული აზრი ნებისმიერ მეტნაკლებად მნიშვნელოვან თემაზე. ბოლოდროინდელ მაგალითად შეიძლება შევარდნაძის და შემდგომ უკვე ნოვოდვორსკაიას გარდაცვალება მოვიყვანოთ. არც კი ვიცი რა ეშველებოდა ქართულ ვირტუალურ სივრცეს, რომ არა ამ ძალიან კომპეტენტური ადამიანების ძალიან კომპეტენტური აზრი.

უმაღლესი ქურუმი – ტროლების მსგავსად საკუთარი ეგო

 

9 thoughts on “ქართული ვირტუალური და რეალური სამყაროს ტუსოვკების მინიპედია

  1. Mystic D

    ჩემი თავი ამოვიცანი რაღაც-რაღაცებში, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ჯგუფს ვერ მივაკუთვნე. ეს პოსტი არც გულზე მომხვედრია(საკუთარ თავს ისედაც კარგად ვიცნობ) და არც ავტორთან მაქვს რაიმე პირადი უთანხმოება, მაგრამ ჩემი აზრი აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. ამ ტიპის ადამიანები მართლაც არსებობენ, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს მათთვის დამახასიათებელი თვისებების წარმოსაჩენად პოსტის დაწერის სურვილი. ეს სურვილი ალბათ რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს: 1. შენც ერთ-ერთ ამ ჯგუფს განეკუთვნები და ცდილობ სხვების ფონზე უფრო “კაი ტიპი” გამოჩნდე. 2. არცერთ მათგანს არ განეკუთვნები, მაგრამ დიდი სურვილი გაქვს რომელიმეს ნაწილი გახდე. 3. უბრალოდ სხვების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა გიყვარს და ამას ჯანსაღი კრიტიკის სახელით აკეთებ.

    ესაა ჩემი კომენტარი🙂

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება მიყვარდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა, თუმცა საჯარო სივრცეზე დაკვირვება არ მგონია მაინც ასეთად, ვიღაცეების პირად ცხოვრებაში ხომ არ ვიქექები. ეს პოსტი კი სახუმაროა🙂 ჩემს თავს მივაკუთვნებ აქ მოყვანილ რამდენიმე ჯგუფს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. ისე კი რომ არა ასეთი “ცხვირის ჩაყოფები” შეიძლება სოციოლოგიასაც კი არ ეარსება🙂 პ.ს. მადლობა ჯანსაღი კომენტარისთვის.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s