წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #8

გორ ვიდალი მე-20 საუკუნის ამერიკული და ზოგადად მსოფლიო პროზის ერთ-ერთ ბუმბერაზ ავტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი “მესია” (Messiah) სატირული ჟანრის რომანია, რომლის მეშვეობითაც ავტორი დარტყმას აყენებს ზოგადად რელიგიას,  როგორც ინსტიტუციონალიზირებულ მოვლენას. ამ რომანში მესიად ვინმე ჯონ ქეივი გვევლინება, რომლის გვარიც შეგვიძლია პლატონის გამოქვაბულზე ალუზიად მივიჩნიოთ (ინგლისურად Cave გამოქვაბულს ნიშნავს), მოგვიანებით, ამ რელიგიურ მიმდინარეობას ქეივიზმი ერქმევა. ქეივის თავდაპირველი მოტივები თითქოს კარგია, ის უბრალოდ ასწავლის თავის მიმდევრებს არ ეშინოდეთ სიკვდილის, თუმცა თანდათან, მოძღვრების განვითარებასთან ერთად ხდება სიკვდილის ფეტიში. მისი მიმდევრები იწყებენ სწრაფვას სიკვდილისკენ, ქეივიზმს ებრძვიან ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლები, რაც თავისთავად უწყობს ხელს მის კიდევ უფრო განვითარებას. საბოლოო ჯამში ქეივიზმი მსოფლიოში დომინანტ რელიგიად გვევლინება. რომანი ვინმე იუჯინ ლუთერის (ესაც კიდევ ერთი ალუზია) მიერ არის მოთხრობილი, რომელიც თავიდან ჯონ ქეივის ერთგვარ მოციქულად გვევლინება, თუმცა მოგვიანებით ამ მიმდინარეობას განუდგება. ნათქვამია, რომ სამი ყველაზე საინტერესო თემა რომელზეც ადამიანები საუბრობენ ხოლმე, სექსი, პოლიტიკა და რელიგიაა. ეს წიგნი ბოლო ორ თემას სრულად აკმაყოფილებს, თან მარტივად და სახალისოდ არის დაწერილი, ამიტომაც საკმაოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.

მხატვრულ სამყაროში ალტერნატიული რეალობები ყოველთვის სახალისოა ხოლმე, მითუმეტეს თუ ასეთის ავტორად ფილიპ დიკის დონის ავტორი გვევლინება. ფილიპ დიკის “ადამიანი მაღალ კოშკში” (The Man in the High Castle) მეორე მსოფლიო ომს არა მოკავშირეები, არამედ გერმანელები, იტალიელები და იაპონელები იგებენ. რომანი 1962 წელს ვითარდება, ამ დროისათვის გამარჯვებულ ქვეყნებს მსოფლიო დანაწილებული აქვთ, თუმცა ორი ყველაზე მძლავრი ქვეყანა – იაპონია და გერმანია ცივი ომის ფაზაში იმყოფებიან. რომანი რამდენიმე პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც გასაგებია რომ ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრობენ, თუმცა საინტერესოა რომ განსხვავებით ბევრი სხვა მსგავსი ნაწარმოებისგან სადაც ტოტალიტარული გავლენის შედეგად ადამიანები სრულად ტვინგამორეცხილები არიან და რეალობას ერთი ან ორი პერსონაჟი თუ ხვდება, აქ პერსონაჟებს მეტწილად საკუთარი აზრი გააჩნიათ – შეიძლება საჯაროდ ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ ხაზებს შორის აზრის ამოკითხვის უნარი ნამდვილად აქვთ. საინტერესოა, რომ ამ ნაწარმოებში ფილიპ დიკს თითქოს ერთი ალტერნატიული სამყარო არ ჰყოფნის და ერთ-ერთი პერსონაჟის მეშვეობით, რომელიც მწერლის როლში გვევლინება, ავტორი გვეთამაშება და გვისვამს კითხვას – რა იქნებოდა მეორე მსოფლიო ომში ამერიკელებს, ბრიტანელებს და საბჭოელებს რომ გაემარჯვათ?

მოდი დავუშვათ სამწუხარო რეალობა, რომლის მიხედვითაც ადამიანს ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი წიგნის წაკითხის საშუალება ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამრთგუნველი დაშვებაა, კარლ სეიგანის კოსმოსი (Cosmos) იქნებოდა ის ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვასაც ნებისმიერ ადამიანს ვურჩევდი. სეიგანს ნათქვამი აქვს, რომ ასტრონომია ის გამოცდილებაა, რომელიც პიროვნულად გზრდის და თავმდაბლობას გასწავლის. ძალიან პოეტური, მაგრამ ამავდროულად ზუსტი განმარტებაა. კოსმოსი მე-20 საუკუნის პოპულარული ასტროფიზიკის ერთგვარ ბიბლიად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ავტორი საუბრობს ჩვენს სამყაროზე, მის დაარსებაზე, პლანეტებზე, გალაქტიკებზე, დედამიწაზე, ბუნებაზე  და ა.შ. კარლ სეიგანის ეს ნაწარმოები რომ არა, არ შეიქმნებოდა იმავე სახელწოდების სერიალი, რომლის ერთგვარი რემეიქიც 2014 წელსაც გამოვიდა. ყველაზე ფასეული კოსმოსში ის არის, რომ ავტორი კოსმოსზე არა მეცნიერული, არამედ ჩვეულებრივი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს.

ალასდარ გრეი თანამედროვე შოტლანდიელი ავტორია, რომელიც ვფიქრობ არასათანადოდ და არასაკმირად არის დაფასებული. პირველად შარშან წავიკითხე მისი “ლანარკი: ცხოვრება ოთხ წიგნად” (Lanark: A Life in Four Books), რომელმაც ისე გამაოცა, რომ ამ მომენტისათვის ჩემი საყვარელი ნაწარმოებების ათეულში შევიყვანდი. მართალია გასულ თვეში წაკითხული “ისტორიის შემქნელი” (A History Maker) “ლანარკს” ჩემი სუბიექტური აზრით კლასით ჩამოუვარდება, ის მაინც ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. აქ ავტორი მოგვითხრობს მომავალზე სადაც მატრიარქატს პატრიარქატი აქვს ჩანაცვლებული. აქ მამაკაცები მხოლოდ კოსმოში შესასრულებელი ტექნიკური სამუშაობისთვის და ბრძოლებისთვის ვარგიან. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ბრძოლები ერთგვარ ხელოვნურ მოვლენას წარმოადგენენ, მამაკაცები იბრძვიან არა ტერიტორიებისთვის ან იდეებისთვის, არამედ სპორტული ინტერესისთვის. ომი სპორტულ სანახაობად არის ქცეული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კლანები ერთმანეთს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი იარაღის მეშვეობით ებრძვიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს ბრძოლები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რასაც თან კომენტარიც კი ახლავს. ნაწარმოების საკვანძო პერსონაჟი ვატ დრაიჰოუპი ერთი-ერთი ასეთი მებრძოლია, რომელსაც გმირად აღიარებენ, მიუხედავად ამისა ის არსებულ რეალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს…

არსებობს ნაწარმოებები, რომლებსაც ხელიდან ვერ გააგდებ. ასეთია ურსულა კროებერ ლე გუინის “სამოთხის ხარაჩოები” (The Lathe of Heaven). ამ წიგნის პირველივე გვერდიდან ხვდები, რომ საოცარ სამყაროში მოხვდი. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ჯორჯ ორი, სხვა ადამიანების მსგავსად სიზმრებს ხედავს, მაგრამ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, მისი სიზმრები არსებულ რეალობას ცვლიან, ამ ცვლილებების ბუნებას კი საზღვარი არ გააჩნია. მათ შეუძლია შეცვალონ გარემო, ტექნოლოგიები, ევოლუციური პროცესები და მოკლედ ყველაფერი რასაც ჯორჯის ქვეცნობიერი სწვდება, თუმცა სამყაროში ცვლილებას სიზმრის პატრონის, ანუ მთავარი პერსონაჟის გარდა, ვერავინ ხედავს. ახალ რეალობაში გაღვიძებულ ადამიანებს სჯერათ რომ სამყარო ყოველთვის ასეთი იყო. ჯორჯის პერსონაჟით ავტორი გვიხატავს საოცარი მორალური პრინციპების მქონე ადამიანს, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტების საშუალებებით ცდილობს ჩაახშოს სიზმრები, რადგანაც სჯერა რომ მას სამყაროს შეცვლის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ასეთი გზით არ აქვს. მეორე მხარეს გვყავს განსხვავებული პერსონაჟი, ჯორჯის ფსიქოთერაპევტი, რომელიც ჯორჯს მედიკამენტებზე დამოკიდებულების გადაგდების მოტივით ჰიპნოზების სეანსებს უტარებს. რამდენიმე სეანსის შემდეგ ნათელი ხდება რომ ექიმი მისი პაციენტის ნიჭის შესახებ იგებს და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო მორალური ბრძოლა…

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ. 

3 thoughts on “წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #8

  1. Pingback: წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #9 | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

  2. Pingback: წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #10 | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s