Monthly Archives: სექტემბერი 2014

ქართული პოლიტიკური ძალები როგორც საოპერაციო სისტემები

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ნაციონალური მოძრაობა

საოპერაციო სისტემა Misha ver 23.11.04

რთულად დასაყენებელი და ასევე რთულად გადასაყენებელი საოპერაციო სისტემა. დაყენებისთანავე შლის ყველა ფაილს, განსაკუთრებით ერჩის ძველებს. პაკეტის ადრეულ ვერსიებში მოყვება საოპერაციო სისტემის “მოქალაქეთა კავშირის” დემო ვერსია, გვიანდელ ვერსიებში “ქრისტიან დემოკრატების” სრული ვერსია. ასევე მოყვება – პროგრამა, ტოლერანტობა ვერსია 0, კინოფილმი Police Academy და ჯგუფი შუქი მოვიდას ყველა სიმღერა. აქვს ძალიან ძლიერი Record Pad, რომლის მეშვეობითაც ხმის ჩაწერა ძალიან დიდ მანძილებზეა შესაძლებელი. აქვს კარგი ინტერფეისი, თუმცა ხშირად იჭედება და არ ემორჩილება მომხმარებლის მოთხოვნებს. გააჩნია ცხრა წლიანი გარანტია, თუმცა ხშირია ბაგები ადრეულ ეტაპზეც. კიდევ ერთ-ერთ ბაგს წარმოადგენს კალენდარი, რომელიც ათვლას მხოლოდ 2003 წლის ოქტომბრიდან იწყებს. არსებობს მხოლოდ ქართული და ინგლისური ვერსიები. ეს საოპერაციო სისტემა მეორედ არ ყენდება.

ქართული ოცნება

საოპერაციო სისტემა Bidzina’s Assorti ver 41

ექსპერიმენტალური საოპერაციო სისტემა რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა მალევე პოპულარობა მოიპოვა. ყენდება მარტივად ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, თუმცა ძალიან მოუხერხებელია ცუდი ინტერფეისის და რთული სანავიგაციო სისტემის გამო, ამიტომაც ხშირად მოგიწევთ MS Dos-ში შეძვრომა და გარკვევა, თუ რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია სინამდვილეში ამ სისტემას. არსებობს რუსული (ქართული სუბტიტრებით), ინგლისური და ქართული (ასევე ქართული სუბტიტრებით) ვერსიები. მოყვება უფასო ანტივირუსი და უილიამ შექსპირის ტრაგედიის – მეფე ლირის ელექტრონული ვერსია.  გამომშვები კომპანიის მარკეტოლოგების აზრით საოპერაციო სისტემა კარგად მუშაობას იწყებს მოხმარებიდან მესამე წელს და ძალიან კარგად მეოთხე წელს. ბოლომდე ვერ შლის კომპუტერზე უფრო ადრე ჩაწერილ საოპერაციო სისტემებს, განსაკუთრებით არათავსებადია საოპერაციო სისტემა  Misha ver 23.11.04 – თან, რის გამოც ხშირია ბაგები.

ლეიბორისტული პარტია

საოპერაციო სისტემა Daun viz dikteita ver Washington

ყველაზე არამეინსტრიმული და ჰიპსტერული საოპერაციო სისტემა, რომელიც მუშა მდომარეობაში არავის უნახავს, ამიტომაც მასზე საუბარი მხოლოდ თეორიულ დონეზე შეიძლება. გამომშვები კომპანიის მიზნობრივ ჯგუფს მეტწილად ღარიბი მოსახლეობა წარმოადგენს. ამბობენ რომ მის დაყენებისას კომპიუტერი დენს საერთოდ არ წვავს. მოყვება პროგრამა “დონ კიხოტი,” იუმორისტ შალვა ნათელაშვილის შოუების სრული კრებული და პროგრამა “ჰააგას” Free Trial Version.  ვერ იცავს კომპიუტერს ტროიანისგან სახელწოდებით “მიშა საკრებულოში”. არსებობს საოპერაციო სისტემის მხოლოდ ქართული ვერსია.

ახალი მემარჯვენეები

Expired, N/A

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო

საოპერაციო სისტემა – ExSpeaker

შექმნილია სხვადასხვა სისტემების ბაზაზე.  მოყვება პროგრამა “ტუტსი,” კინოფილმი “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” და ინტერნეტ სანავიგაციო პროგრამა Batiashvili 93, რის გამოც მომხარებლების აბსოლუტური უმრავლესობა სხვა პროგრამის გადმოწერას ამჯობინებს (მათ შორის Internet Explorer-საც კი). არსებობს საოპერაციო ვერსიის მხოლოდ ქართული ვარიანტი რუსული დუბლიაჟით.

თავისუფალი საქართველო

საოპერაციო სისტემა – Kakha ver Kukava

იგივე რაც ExSpeaker იმ განსხვავებით რომ ამ საოპერაციო სისტემას არაფერი არ მოყვება.

Advertisements

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #10

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ხომალდი რომელსაც სინათლის სიჩქარესთან მიახლოვებული სისწრაფით შეუძლია მოძრაობა. ასეთი ხომალდით დედამიწა რომ დატოვოთ და სიტყვაზე სამი წელი იმოგზაუროთ, სამშობლო პლანეტაზე დაბრუნებული აღმოაჩენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბიოლოგიური საათის მიხედვით მხოლოდ სამი წელია გასული, თქვენს წასვლამდე ჯერ კიდევ არ დაბადებული ადამიანები უკვე ზრდასრულ ასაკში არიან. სტანისლავ ლემის ნაწარმოები “დაბრუნება ვარსკვლავებიდან” (Powrót z gwiazd) მსგავს სცენარს გვთავაზობს, იმ განსხვავებით რომ მთავარი პერსონაჟი, ჰალ ბრეგი კოსმოსურ მისიას ათ წელიწადს ანდომებს, ხოლო დედამიწაზე ამასობაში 127 წელი გადის. ბუნებრივია რომ დედამიწაზე ახალდაბრუნებული ჰალი შოკშია, ყველაფერი იმდენად შეცვლილია, რომ საწყის ეტაპზე ის ქალაქში ორიენტირებასაც კი ვერ ახერხებს. დედამიწა ტექნოლოგიურად ბევრად წინ არის წასული. თუმცა, ტექნოლოგიურ პროგრესზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომავლის დედამიწა ერთგვარ უტოპიურ სამყაროს წარმოადგენს, აღმოფხვრილია ომები და ძალადობა, საჭმელი და საცხოვრებელი ადამიანს უფასოდ ეძლევა ანუ შიმშილით არავინ კვდება. ერთი შეხედვით დედამიწა უფრო კარგი ადგილია, თუმცა ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – რის ფასად მიაღწია ამ ყველაფერს ადამიანმა?

როალდ დალი სიკეთის განსახიერებაა და არა იმ მიზეზით რომ ის საბავშვო მწერლად ითვლება, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მის ნაწარმოებებს აქვთ უნარი ოდნავ უკეთესები, ოდნავ უფრო კეთილები გაგვხადონ. “ჰენრი შუგარის შესანიშნავი ამბავი და კიდევ ექვსი ისტორია” (The Wonderful Story of Henry Sugar and Six More) ერთ-ერთი ასეთი კრებულია. ამ კრებულში გაერთიანებულია უპრეტენზიო, მაგრამ ამავდროულად მძლავრი მორალური შინაარსის მატარებელი შვიდი მოთხრობა, მათ შორის როალდ დალის ყველაზე პირველი ნაწარმოები – A Piece of Cake, რომლის დამსახურებითაც დალის როგორც მწერლის მომავალი განისაზღვრა. ყველაზე საინტერესო და ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე ძლიერი მოთხრობა ამ შვიდს შორის თავად “ჰენრი შუგარის შესანიშნავი ისტორიაა.” ეს ისტორია გულს გაგითბობთ და როალდ დალის სხვა ნაწარმოებებსაც მოგაწყურებთ .

ჩარლი ბრუკერს ამ რეცენზიების რუბრიკაში უკვე მეორედ განვიხილავ. მას ამ პოსტში შეგიძლიათ გაეცნოთ. “ამ ყველაფრის ჯოჯოხეთური მხარე” (The Hell of it all) ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი სტატიების და ტელე გადაცემების (ტექსტური ვარიანტის) კრებულია, თუმცა ამ წიგნში ის ფოკუსირებას ცნობილ მსახიობებზე, მომღერლებზე, ეგრეთ წოდებულ სელებრითებზე და მოკლედ რომ ვთქვათ შოუ ბიზნესზე ახდენს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შავი იუმორის და მძლავრი სარკაზმის მეშვეობით აკეთებს. რეალურად ბრუკერი ანტიბიოტიკია, რომლის მიღებაც ზოგჯერ აუცილებელია, თუმცა რეგულარულად მიღებისას ეფექტს კარგავს, ამიტომაც მის კითხვისას გამოიყენეთ პაუზები.

თანამედროვე ამერიკელი მწერლის ლოის ლორის ნაწარმოები “გამცემი” (The Giver) ერთგვარი უტოპიური ზღაპარია სასპენსის ელემენტებით. მას ცალსახად ვერც სამეცნიერო ფანტასტიკის და ვერც ფენტეზის ჟანრს მივაკუთვნებდი. აქ ავტორი სხვადასხვა ჟანრებისგან სესხულობს და ძალიან საინტერესო სინთეზს გვთავაზობს. იმის გათვალისწინებით რომ რომანი 1993 წელს გამოვიდა, შემიძლია ვივარაუდო რომ მან პირდაპირი გავლენა იქონია კინოფილმ Pleasantville-ზე და “შიმშილთა თამაშებზე”. რთულია დაიჯერო რომ სხვადასხვა მსგავსებები ამ ნაწარმოებებს შორის ჩვეულებრივ დამთხვევას წარმოადგენს, თუმცა სპოილერების თავიდან ასაცილებლად ამ მსგავსებებზე საუბარს თავს ავარიდებ. აქვე ინფორმაცია კინოს მოყვარულებს, წიგნის ეკრანიზაცია სულ მალე გამოვა. თუმცა, ტრეილერიდან თუ ვიმსჯელებთ წიგნი გაცილებით საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს.

თუ ადამიანური სისასტიკის შესახებ შეხსენება გჭირდებათ, ჯეიმს ბალარდის “ცათამბჯენს” (High-Rise) გირჩევდით. ამ ნაწარმოებს გასაგები მიზეზების გამო უილიამ გოლდინგის ბუზთა ბატონს (Lord of the Flies) ადარებენ. თუმცა, “ბუზთა ბატონისგან” განსხვავებით სადაც მოვლენები კუნძულზე ვითარდება და მასში მონაწილე პერსონაჟები ბავშვები არიან, ჯეიმს ბალარდი სცენად ერთ საცხოვრებელ კომპლექს გვთავაზობს სადაც “მსახიობებად” ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანები გვევლინებიან. ამიტომაც, თავს უფლებას მივცემ გამოვთქვა ვარაუდი, რომ თუ გოლდინგი საზოგადოებას და ზოგადად კაცობრიობას ბავშვებად აღიქვავს, ანუ ბავშვებად რომლებსაც გაზრდის შანსი აქვთ, ბალარდი უფრო პესიმისტურია და მომავლის იმედს არ გვიტოვებს. ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ეკრანებზე 2015 წელს გამოვა.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.