წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #11.

რთულია გული დაუდო ისეთ წიგნს რომლის ეკრანიზაციაც ნანახი გაქვს და რომლის ფრაზებიც კულტად არის ქცეული, თუ რა თქმა უნდა ეს წიგნი დაგლას ადამსის “ავტოსტოპით გალაქტიკაში” (The Hitchhiker’s Guide to the Galaxy)  არ არის. თუ მხოლოდ ფილმი გაქვთ ნანახი და მოგწონთ, რომანი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგანაც წიგნი ფილმზე გაცილებით სასაცილო და დახვეწილია. თუ არც ეკრანიზაცია გაქვთ ნანახი, მაგრამ მოგწონთ ბრიტანული იუმორი  წინ ორმაგი სიამოვნება გელით. თუმცა, ვფიქრობ არც ბრიტანული იუმორის მოწონება არის აუცილებელი, წიგნი იმ შემთხვევაშიც უნდა წაიკითხოთ თუ უბრალოდ გაინტერესებთ თუ რა არის “სიცოცხლის და ყველაფრის აზრი”, რადგანაც ამ კითხვაზე პასუხს თქვენ აუცილებლად შეხვდებით ადამსის ამ ნაწარმოებში, მოგეწონებათ თუ არა ეს პასუხი ეს უკვე სხვა თემაა.

ფილიპ დიკი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფანტასტიკოსია, თუმცა მის “უვარგისი ხელოვანის აღსარებებს” (Confessions of a Crap Artist)  ამ ჟანრთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ფაქტი ამ ნამუშევარს არ აკნინებს, პირიქით ვფიქრობ ფილიპ დიკის მოყვარულებისთვის ეს წიგნი სწორედ ამ ფაქტის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დიკს დრამით აღსავსე ნაწარმოების წერა თურმე არანაკლებად კარგად გამოსდიოდა. წიგნს საინტერესო სტრუქტურა აქვს, დიკი ამბავს რამდენიმე პერსონაჟის მეშვეობით გვიყვება, უმეტესს შემთხვევაში ის პირველი პირიდანაა დაწერილი და ხშირად ერთი და იგივე თემას სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა პერსონაჟების პერსპექტივიდან გვანახებს და გვახსენებს რომ ერთი და იგივე საკითხს სხადასხვა ადამიანი შეიძლება რადიკალურად განსხვავებულად ხედავდეს.

ბრეტ ისტონ ელისზე  ამ ბლოგის პოსტებში არაერთხელ მისაუბრია, ერთ-ერთ ასეთ რეცენზიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ. ელისის “ნულზე ნაკლები” (Less than Zero) თვისობრივად არ განსხვავდება ავტორის სხვა ნაწარმოებებისგან, თემა უცვლელია – მდიდარი მამიკოების და დედიკოების შვილები, გლამური, სექსი, ნარკოტიკები და რაც მთავარია ამ ყველაფრის უმოწყალო კრიტიკა. თუმცა, საინტერესო ის არის რომ ეს ნაწარმოები მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ელისის შემოქმედებაში პირველ გამოქვეყნებულ რომანად მოგვევლინა. სანამ რომანის საბოლოო ვერსიას გამოაქვეყნებდა თავდაპირველი ვარიანტი სხვადასხვა რედაქტორს სტილის გამო დაუწინია, ელისს გადაწერა არ დაეზარა და საბოლოოდ მივიღეთ სტილი, რომელიც განასხვავებს ამ ავტორს სხვა თანამედროვე მწერლებისგან.

ძალიან რთულია ისაუბრო ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელზე,” (The left hand of darkness) პირველ რიგში იმიტომ რომ ეს ნაწარმოები ჩემთვის ცნობილს, მათ შორის ფენტეზის ჟანრში, არაფერს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლე გუინი ამბობს რომ მხატვრულ ლიტერატურას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ სამყაროსთან და ის უბრალოდ მხატვრულ ლიტერატურას წარმოადგენს, ვფიქრობ ეს კონკრეტული ნაწარმოები ეხმაურება ბევრ თანამედროვე თემას თუ პრობლემას, მათ შორის პოლიტიკას, ერებს შორის ურთიერთობას, გენდერს და ა.შ.  ლე გუინმა 1966 წელს შექმნა ჰაინის სამყარო, რომელიც რამდენიმე ნაწარმოებს აერთიანებს, “წყვდიადის მარცხენა ხელი” ერთი-ერთი ასეთი რომანია. მოქმედება შორეულ მომავალში პლანეტა გეტჰენზე (რაც გამოგონილი ენიდან ითარგმნება როგორც ზამთარი) ვითარდება. აქ მივლინებული ჰენლი აი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივები დაამყარონ კავშირი ეკუმენელებთან (ეს სხვა პლანეტაზე არსებული რასის სახელწოდებაა), გეტჰენზე მცხოვრებები ასექსუალები არიან, რომლებიც მამრობით ან მდედრობით სქესს მხოლოდ საჭირობის შემთხვევაში იღებენ… არადა, ხომ ვთქვი რთულია ისაუბრო ამ ნაწარმოებზე თქო. ეს უნიკალური სამყაროა, რომელზეც წარმოდგენის შექმნა მხოლოდ რომანის წაკითხვის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

“მარკ ტვენი რელიგიის შესახებ” ცნობილი ავტორის მოთხრობების და ესსეების კრებულია, რომლებიც როგორც ამას სათაური გვამცნობს ტვენის რელიგიაზე შეხედულების შესახებ მოგვითხრობენ. ვფიქრობ ამ კრებულში შესული “წერილები დედამიწიდან”  (Letters from the Earth) განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ამ ნაწარმოებში სატანა ეშვება დედამიწაზე და აქაურ შთაბეჭდილებებს წერილების მეშვეობით უზიარებს მთავარანგელოზებს, მიქაელს და გაბრიელს. საინტერესოა რომ მარკ ტვენის ქალიშვილმა, კლარა კლემენსმა ნაწარმოების პირველ გამოცემაზე 1939 წელს უარი განაცხადა (მარკ ტვენი გარდაცვლილი იყო და საავტორო უფლებებს მის შვილი ფლობდა), თუმცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1962 წელს თანხმობაზე შეცვალა. მოკლედ, თუ განსხვავებული, ცოტათი ცინიკური მარკ ტვენის გაცნობა გსურთ, ამ კრებულის წაკითხვას გირჩევდით. ბონუსად კი გიტოვებთ ნაწყვეტს მულტიპლიკაციური ფილმიდან, რომელიც მარკ ტვენის ზემოთ ხსენებულ ნაწარმოებს ეფუძნება.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ. 

3 thoughts on “წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #11.

    1. lobzhanidze Post author

      სამწუხაროდ აქ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ უნდა იყოს ნათარგმნი, თუმცა პირველის (დაგლას ადამსის) და ბოლოს (მარკ ტვენის) შემთხვევაში შეიძლება ვცდებოდე. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა…

      Reply
  1. Pingback: წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #12. | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s