Monthly Archives: ნოემბერი 2014

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის პრევიუ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოში ალბათ იმ მცირერიცხოვან ღონისძიებათა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც მაყურებელი დიდი ხნით ადრე და განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ რიგით მე-15 კინოფესტივალი ჯერ არ დაწყებულა და ოფიციალურად 1 დეკემბერს იხსნება რამდენიმე ფილმზე ბილეთები უკვე მთლიანად გაყიდულია. ასე მაგალითად, ვეღარ იშოვით ადგილს თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის ფილმზე “ზამთრის ძილზე”. ამ ფილმისადმი ინტერესი გასაგებია, ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ის ყველაზე ტიტულოვანთა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. სწორედ მას ხვდა წილად წლევანდელი კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო.  ამიტომაც, თუ “ზამთრის ძილზე” ბილეთი ვერ იშოვეთ, აუცილებლად მოინიშნეთ მომავალში სანახავ ფილმებს შორის.

წლევანდელ ფესტივალს ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის მხატვრული ფილმი – “პრეზიდენტი” გახსნის. ქართველ მაყურებლის ამ ფილმისადმი ინტერესი გასაგები მიზეზების გამო (საქართველოშია გადაღებული და მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ) დიდია. თუმცა, ამის მიუხედავად სამწუხაროდ ფილმი მხოლოდ ერთხელ იქნება ნაჩვენები და ისიც მოსაწვევებით. ორგანიზატორებს ეს ალბათ უნდა გაეთვალისწინებათ და თუ ამის საშუალება არსებობდა ფილმის განმეორებითი ჩვენება დაეგეგმათ.

ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული ფილმების რაოდენობა დამაიმედებელ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. ნათელია რომ წარმოებული ქართული ფილმების რაოდენობამ აშკარად იმატა, ხარისხს რაც შეეხება, მაყურებელს მისი განსაზღვრა რამდენიმე დღეში თავად შეეძლება. სანახავ ქართულ ფილმებს შორის მე პირადად გამოვყოფდი თინათინ კაჯრიშვილის “პატარძლებს” (ნაჩვენები იქნება სამშაბათს, 14 საათზე), გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულს” (ოთხშაბათი, 12 საათი) და სალომე ალექსიძის “კრედიტის ლიმიტს” (სამშაბათი, 17 საათი).

ფესტივალის პროგრამა დოკუმენტალური კინოს მხრივ ასევე საკმაოდ მდიდარია.  სანახავად საინტერესო უნდა იყოს “ყოველდღიური  ამბოხი, (სამშაბათი, 14 საათი)”, რომელიც თანამედროვე არაძალადობრივ პროტესტების სხვადასხვა ფორმების შესახებ მოგვითხრობს.  ასევე საინტერესო უნდა იყოს ორი დოკუმენტური რომელიც სამწუხაროდ ერთი და იმავე დროს (პარასკევი, 14 საათი) იქნება ნაჩვენები – “ვადა,” ფილმი იმაზე თუ როგორია წარმოადგენდე პუტინის ოპოზიციას რუსეთში და “ადამიანური მაშტაბი,” აწ აღიარებული ფილმი დანიიდან, რომელიც ურბანულ პრობლემაზე, კერძოდ კი იმაზე მოგვითხობს, რომ დღევანდელი გათვლებით 2050 წლისათვის დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი ქალაქებში იცხოვრებს. ამიტომაც, მე პირადად ამ ორს შორის არჩევანი ჯერჯერობით ვერ გავაკეთე. სხვათაშორის, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის როდესაც მაყურებელს არჩევანის გაკეთება ორ ან სულაც სამ ფილმს შორის მოუწევს. ეს ერთის მხრივ კარგია და მეორეს მხრივ ცუდი. კარგია რადგანაც ეს იმას ნიშნავს რომ ფესტივალზე ბევრი ხარისხიანი ფილმი ჩამოვიდა და ცუდი იმიტომ რომ თბილისში არ გვაქვს საკმარისი კინოთეატრი და პირობა მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად. სხვათაშორის, ფესტივალზე მოთხოვნის და ინტერესის გათვალისწინებით მემგონი დროა ორგანიზატორები დაფიქრნდნენ და მომავალი წლიდან “პრომეთე” უფრო მაშტაბური და თუნდაც ხანრგლივი მოვლენა გახადონ.

დოკუმენტალურ ნამუშევრების მხრივ ასევე საინტერესო უნდა იყოს “უკანასკნელი გატაცება,” ფილმი სომალელ მეკობრეებზე (პარასკევი, 16 საათი) და ჯოშუა ოპენჰაიმერის “სიჩუმის სახე” (პარასკევი, 2130-ზე). ეს უკანასკნელი დროის მიხედვით კვლავ ემთხვევა სხვა საინტერესო ფილმს – “სენ ლორანს”.

ამერიკული კინოს ნახვა თუ გადაწყვიტეთ, “ძებნილს” (პარასკევი, 12 საათი), სადაც მთავარ როლს აწ გარდაცვლილი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ასრულებს და “დიდ მნიშვნელოვან საგნებს” გირჩევდით (სამშაბათს 19 საათზე და განმეორებითი ჩვენება შაბათს, 12 საათზე).

აზიურ ფილმებს შორის აღნიშვნის ღირსია ტაივანური ნამუშევარი – “მოხეტიალე ძაღლები”(ოთხშაბათი, 16 საათი),  რომელმაც უკვე მოასწრო ბევრ საერთაშორისო ფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოების მოპოვება.

აფრიკულ ცხოვრებაზე და კინოზე მეტის გაგება თუ გსურთ, შეგიძლიათ აბდერაჰმან სისოკოს უკვე აღიარებული და კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტოზე ნომინირებული “ტიმბუქტუ” (სამშაბათი, 12 საათი) იხილოთ.

ასევე საინტერესო უნდა იყოს “ზილს მარია” (ოთხშაბათი, 16 საათი), სადაც მთავარ როლს ჯულიეტ ბინოში ასრულებს, ჰოლანდიური ტრილერი “ბორგმანი” და “ცხენები ჩვენში”, კომედიური დრამა ისლანდიიდან (ორივე ოთხშაბათს 2130-ზე იქნება ნაჩვენები). პარასკევს საჩვენებელ ფილმს შორის ალბათ შეგვიძლია უკრაინული “ტომი” (2130 საათზე) გამოვარჩიოთ, ეს ფილმი ყრუ-მუნჯი თინეიჯერის შესახებ მოგვითხრობს და მთლიანად არის დაცლილი ხმოვანი დიალოგებისაგან, თუ რატომ ეს ტრეილერი უკეთესს წარმოდგენას შეგიქმნით.

კინოფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეგვიძლია შაბათს საჩვებენელი ძმები დარდენების “ორი დღე, ერთი ღამე” (14 საათი) მივიჩნიოთ, ეს ფილმი ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე იყო ანონსირებული და ამიტომაც დამატებით კომენტარს ალბათ არ საჭიროებს.

საკმაოდ დატვირთული იქნება ფესტივალის დასკვნითი, კვირა დღე, რომელიც ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ოზონის “ახალი მეგობარი ქალით” დაიწყება” (12 საათი), გაგრძელდება საკმაოდ არაორდინალური “წყვდიადის შემდეგ ნათელით” (14 საათი) და “გოლგოთის გზით” (1630) და შეიძლება დასრულდეს ოთხმოც წელს გადაცილებული ლენეგენდარულ ფრანგი რეჟისორის ჟან ლუკ გოდარის ჯერჯერობით ბოლო ნამუშევრით – “მშვიდობით, ენავ” (2130-ზე).

საბოლოო ჯამში კინოფესტივალზე 120 ნამუშევარზე მეტი იქნება წარმოდგენილი, ყველაფრის ნახვას ფიზიკურად ვერავინ შეძლებს. იქნება იმედგაცრუებები და იქნება ისეთი ფილმებიც რომლებიც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ გველის ერთ კვირიანი ფესტივალი, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ზეიმს ქართველი კინომოყვარულებისათვის.

Advertisements

ინტერსტელარი – სახარება კრისტოფერ ნოლანისგან

შესავლის მაგივრად

ჟაკ ტატის აქვს ნათქვამი, რომ ფილმი უნდა იწყებოდეს დარბაზის დატოვების შემდეგ. დაახლოებით ასეთი ტიპის ნამუშევარია კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი, ყოველშემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთხელ მაინც აუხედავთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში და დაფიქრებულან კოსმოსის უკიდეგანობაზე. ინტერსტელარი მაშტაბურ, ზოგადსაკაცობრიო, თუ გნებავთ პრეტენზიულ ფილმთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა ეს პრეტენზია არ არის უსაფუძვლო. შეიძლება ითქვას, რომ ინტერსტელარმა უკვე გაიმეორა (ან სულაც აჯობა) წარმატება რომელიც 15 წლის წინ ძმებ (აწ უკვე და-ძმა) ვაჩოვსკების მატრიცას ხვდა წილად. ორივე ფილმმა ახალი სიტყვა თქვა კინოში და ზოგადად პოპ კულტურაში, გახადა პოპულარული იდეები, რომლებიც შედარებით მარგინალურად არსებობდნენ და მაყურებელს შეახსენა რომ სიახლის შემოტანა ყოველთვის არის შესაძლებელი.

იყავი შერლოკ ჰოლმსი კოსმოსში

კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟი – შერლოკ ჰოლმსი განსაკუთრებული პერსონაჟია, რომლის ინტელექტიც ბევრად აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს. იმავე კონან დოილმა შექმნა სხვა პერსონაჟი – ექიმი უოტსონი, ეს მეორე, შერლოკისგან განსხვავებით ოდნავ ჩამოუვარდება საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ამიტომაც არის რომ დოილის ნაწარმოების კითხვის დროს მკითხველი ვერასდროს “ეწევა” შერლოკს, თუმცა უმეტესს შემთხევაში “უსწრებს” უოტსონს, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ხერხით მწერალი იზიდავს და “ამშვიდებს” მკითხველს. კრისტოფერ ნოლანი მსგავს ფუფუნებას არ გვაძლევს, ის თავიდანვე წირავს მაყურებელს და ბოლო მომენტამდე აგდებს სასპენში. ნოლანი ერთგვარი ილუზიონისტია, რომლის ამოცანაც პრესტიჟის შენარჩუნება და მაყურებლის ერთგვარ ჰიპნოზში ჩაგდებაა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ფიქრობ რომ აი ახლა მიხვდი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს, ან სულაც დასრულდეს ისტორია, ნოლანი თითქოს გეთამაშება და სრულიად სხვა სცენარს გთავაზობს. მაგალითისთვის შეგვიძლია ფილმის დასაწყისშივე გამოყენებული ინტერვიუები გავიხსენოთ, რომლებიც შემდგომში საკმაოდ დიდი ხნით ქრება… რაღაც მომენტში თქვენ გახსენდებათ ეს ინტერვიუები და ფიქრობთ, რომ რეჟისორმა “საკმარისად არ დაგავიწყათ” ისინი და გექმნებათ ილუზია, რომ ახლოს ხართ სიუჟეტის დროზე ადრე გამოცნობასთან და სწორედ ამ დროს ვარდებით ნოლანის საოცრებათა ქვეყანაში, რომლის მიზუდულობის ძალა დიდი ხნით გტოვებთ ამ სამყაროში.

კვლავ მანიპულაციებზე, სიმბოლოებზე და ალუზიებზე

დიახ, ნოლანი ილუზიონისტია, ერთგვარი მანიპულატორი, რომელმაც იცის თუ როგორ იმუშავოს თქვენს ემოციებზე. იცის რა გაშინებთ, რას განიცდით, რა გაძლევთ იმედს და რაც მთავარია იცის, თუ როგორ გამოიწვიოს ეს ყველაფერი თქვენში. პირველ, ყველაზე მძლავრ შთაბეჭდილებას ალბათ  “მილერის პლანეტაზე” ჩასვლის მომენტი და გიგანტური ტალღა ქმნის. ჰანს ციმერის მუსიკა (რომელიც შესაძლოა მის კარიერაში საუკეთესოა) და ეკრანზე მიმდინარე მოვლენები გაიძულებთ წინ სავარძელში წამოიწიოთ  და ჩაეჭიდოთ სკამს. მუსიკა, დილან ტომასის პოეზია, ოპერატორული ნამუშევარი, ყველაფერი ეს იმ მაგიას ქმნის რომელსაც კინო შეგვიძლია ვუწოდოთ.

ინტერსტელარი სავსეა ალუზიებით. მატრიცის მსგავსად ფილმი გარკვეულწილად ბიბლიური სიუჟეტის განმეორებაა, 12 ასტრონავტი (მოციქული), მთავარი გმირი კუპერი, რომელიც გაფრენის მომენტში 33 წლის არის და რომელიც ყველაფრის ამოსავალ წერტილად სიყვარულს (ამაზე ცოტა ვრცლად შემდეგ ქვეთავში) ხედავს. მისი ეს გრძნობა ადამიანებთან მიმართებაში ძალიან მძლავრია, განსხვავებით მაიკლ კეინის პერსონაჟისგან, რომელიც მზად არის გაწიროს ცოცხალი ადამიანები უფრო დიადი მიზნებისათვის.

კიდევ ერთი ალუზია შეგვიძლია “სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეას” დავუკავშიროთ. ასე მაგალითად, გავიხსენოთ კოსმოსში გაფრენის სცენა. კუპერი ტოვებს სახლს, დეგრადირებულ პლანეტას, რომელიც დასახლებულია ადამიანებით, რომლებსაც არ ახსოვთ კაცობრიობის მამოძრავებელი ძალის შესახებ, ადამიანებით რომლებიც აღარ იყურებიან ცაში და ამის მაგივრად მიწას მისჩერებიან. კუპერი მანქანაშია, მანქანა მოძრაობს სიმინდის ყანის გასწვრივ (რომელიც სწორედ რომ პოსტ-კონსიუმერისტული დედამიწის სიმბოლოდ გვევლინება), იწყება ათვლა, რომლის ბოლოს კადრი უკვე შატლზე გადადის. ინტერსტელარის ადამიანი ერთგვარი პრიმატია, რომელმაც კვლავ უნდა აიხედოს ცაში და უპოვოს საკუთარ თავს დანიშნულება.

ნოლანი ტრიერის წინააღმდეგ

მეინსტრიმულ კინოში ლარს ფონ ტრიერი ალბათ ყველაზე მიზანტროპ რეჟისორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ჭეშმარიტ ნიჰილისტად. ეს ნიჰილიზმი აპოგეას “მელანქოლიაში” აღწევს, სადაც კირსტენ დანსტის პერსონაჟი მის დას ეუბნება რომ “დედამიწა ბოროტია.” მას თუ დავუჯერებთ, ზოგადად ბუნება ბოროტია და ამიტომაც მისი განადგურება პოზიტიურ მოვლენად უნდა აღვიქვად. სრულიად საპირისპიროა ნოლანის ხედვა. ინტერსტელარის შემთხვევაში, მისიაში გაფრენისას კუპერი და ბრენდი ბუნების ავკარგიანობაზე ლაპარაკობენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ბუნება არ არის ბოროტი და სიტყვაზე ის რომ “ლომი კლავს ანტილოპას” თვითგადარჩენის ინსტინქტს უნდა დავუკავშიროთ და არა ბოროტებას. მოგვიანებით თემა უფრო იშლება და ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება. სიყვარულს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელს, რომელიც გვაიძულებს ჩავაგდოთ საკუთარი თავი ხიფათში და საჭიროების შემთხვევაში გავწიროთ კიდეც, იმ სიყვარულს რომელიც დრამატურგიაში ყოველთვის გვევლინებოდა ერთ-ერთ მთავარ თემად.

მეორედ ნახვის სიამოვნება

თუ ინტერსტელარს ორჯერ უყურებთ, მეორე შემთხვევაში “სხვა ფილმს” ნახავთ, დაინახავთ სხვა დეტალებს, გაგეცინებათ იმაზე თუ როგორ არ აკვირდებობით მნიშვნელოვან სცენებს, რომლებიც პირველ ნახვაზე საკმაოდ უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ. თუ პირველად არ იცი რას ელოდო ფილმისგან, თავიდან შედარებით რელაქსირებულად იწყებ მის ყურებას, თუმცა მეორე შემთხვევაში რადიკალურად სხვა განწყობით მიდიხარ სეანსზე და პირველივე წამიდან ცდილობ შენიშნო ის, თუ რა გამოგრჩა პირველი ნახვისას. შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ ასეთი მომენტი არც ისე ბევრია, მაგრამ ძალიან მალე ხვდები რომ შეცდი და არც მეორე ჯერზეც გაქვს შანსი გაექცე ინტერსტელარის გრავიტაციას.  კინოდან გამოსული კი კვლავ ხვდები, რომ ფილმი მხოლოდ ახლა იწყება.

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #12.

რობერტ პირსიგი “ზენი და მოტოციკლის მოვლის  ხელოვნების” (Zen and the Art of Motorcycle Maintenance)  ავტორია, რომელსაც ამ ნაწარმოების დაბეჭდვაზე 121-მა გამომცემელმა უთხრა უარი. ამ ფონზე შეიძლება ითქვას რომ 122-ე გამომცემელმა გარისკა და დაბეჭდა წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა და საბოლოო ჯამში 5 მილიონი ეგზემპლარად გაიყიდა. პირველად 1974 წელს გამოცემული ნაწარმოები დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ალბათ ზოგადად ინგლისურენოვან სამყაროში საკულტო ნაწარმოებად ითვლება. ეს არის ფილოსოფიური ხასიათის მხატვრული ნაწარმოები, რომლის განხილვის მთავარ საგანს სიცოცხლის აღქმა და ხარისხი, როგორც ფილოსოფიური კატეგორია,  წარმოადგენს. რომანი პირველ პირშია გადაწყვეტილი, მთხრობელი მიჰყვება 17 დღიან მოგზაურობას მოტოციკლით მინესოტადან კალიფორნიაში, რომლის დროსაც ერთგვარი ფილოსოფიური ინტერლიუდების სახით ავტორი გვესაუბრება ეპისტემოლოგიაზე, ემოტივიზმზე და სხვა ფილოსოფიური თემებზე. რომანი  საკმაროდ პოპულარული ენით არის დაწერილი და ამიტომაც მკითხველისგან არ მოითხოვს ფილოსოფიური დისციპლინების განსაკუთრებულ ცოდნას.

პოლ ოსტერის “მოგზაურობები სკრიპტორიუმში” (Travels in the Scriptorium) ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც ლიტერატურა ლიტერატურისათვის. წიგნის მთავარი გმირი, მისტერ ბლანკი (თარგმანში ბატონი სიცარიელე) უცნობ ოთახში იღვიძებს, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ არაფერი ახსოვს. მას სხვა ადამიანები სტუმრობენ, მათი მეშვეობით და ოთახში არსებული სხვა მინიშნებებით ის ცდილობს გაარკვიოს თუ ვინ არის ის და როგორ დააღწიოს თავი “ტყვეობას”. ნაწარმოები სავსეა ალუზიებით ოსტერის სხვა ნაწარმოებებზე, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ ავტორი მსგავსი თხრობის (რომანი რომანში) ოსტატია. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოების მკითხველი მთავარი პერსონაჟის მსგავსად თავიდან გაურკვევლობაშია და მის მსგავსად ცდილობს გაარკვიოს თუ რა ხდება სინამდვილეში და ამოხსნას ნაწარმოების აზრი, ამიტომაც თავს შევიკავებ  და წიგნის მთავარ თემას არ გაგიმხელთ. წიგნს ვურჩევდი ლიტერატურის იმ მოყვარულებს, რომლებიც მზად არიან გაწირონ რამდენიმე საათი ისეთი ტიპის ნაწარმოებისთვის, რომელიც პრინციპში ლიტერატურული თამაშის გარდა არაფერს ეხება და უფრო ფაზლს წარმოადგენს, ვიდრე ზოგადსაკაცობრიო თემებზე აგებულ ნაწარმოებს.

ფიოდორ დოსტოევსკიზე რეცენზიების წერა ყველაზე მეტად მეუხერხულება ხოლმე. ეს მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ ეს ავტორი პოპულარულ კულტურაში ათასობით შემფასებელის წყალობით პარნასის მწვერვალზე იმყოფება და მკითხველისთვის უბრალოდ სიტყვა “დოსტოევსკის” ხსენება საკმარისია ხოლმე. ამის მიუხედავად მაინც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას მის “საწყალ ადამიანებზე” (Бедные люди). პირველ რიგში საინტერესო ის არის, რომ ეს ნაწარმოები დოსტოევსკის შემოქმედებაში პირველი რომანია. ნაწარმოები ეპისტოლარულ ჟანრშია დაწერილი და აღწერს ურთიერთობას ჩვეულებრივ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე კლერკის მაკარ დევუშკინის და მის შორეული ნათესავის, მკერავის ვარვარა დობროსელოვას შორის. ორივე ძალიან მძიმე, დამამცირებელ სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა ამის მიუხედავად ორივე ისწრაფის მაღალ საზოგადოებისკენ. ამ ნაწარმოების კითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დოსტოევსკის უპირატესობა სხვა ავტორებთან შედარებით იმაში მდგომარეობს რომ ამ მწერალს აქვს საოცარი უნარი “შეძვრეს სხვა ადამიანის კანში” და უშეცდომოთ, ძალიან დამაჯერებლად აღწეროს სხვა ადამიანის ცხოვრება, აზრები და განცდები.

სამყაროში არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო რამ რაც ცალკეული ადამიანისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველია ხოლმე და იშვიათად დგება მომენტი როდესაც ამ “საინტერესო მოვლენის” დანახვის საშუალება ეძლევა. ასეთ მომენტში ადამიანი ფიქრობს როგორ მოხდა ისე, რომ ამდენი ხანი, ამდენი წელი იცხოვრა ისე რომ ამის შესახებ არაფერი გაეგოს? ანალოგია შეგვიძლია ლიტერატურულ სამყაროში გადავიტანოთ და ვთქვათ რომ არსებობს უამრავი საინტერესო, განსხვავებული და მშვენიერი ნაწარმოები, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია. ერთ-ერთ ასეთ ნაწარმოებად “უკანასკნელი სამურაი” (The Last Samurai)  მიმაჩნია. წიგნის სათაურმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ამ რომანს არაფერი აქვს საერთო ამავე სახელწოდების ჰოლივუდურ ფილმთან, ეს აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. არ მახსოვს თუ როდის წავიკითხე ბოლოს წიგნი, რომელსაც ასეთი განსხვავებული თხრობის სტილი და შინაარსი ჰქონოდა. წიგნის ავტორი ჰელენ დიუტი მოგვითხრობს ამბავს ქალზე (სიბილა), რომელიც აკირა კუროსავას კლასიკის “შვიდი სამურაის” ფანია და რომელიც ამ ფილმს კვირაში ერთხელ მაინც თავიდან ბოლომდე უყურებს. სიბილას ჰყავს მცირეწლოვანი ვაჟი, ლუდო. ლუდო გენიოსია, სამი წლის ასაკში ინგლისურის გარდა ის ლაპარაკობს იაპონურად და ბერძნულად, ხუთი წლის ასაკში აქვს წაკითხული ანტიკური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, ის ბრწინვალე გონებაა, რომელიც ცოდნას უდაბნოში წყალს მოწყურებული მოგზაურივით ეწაფება. თუმცა, ამის მიუხედავად ლუდოს ყველაზე დიდ ინტერესს მამამისის ვინაობა წარმოადგენს. მას აქვს შვიდი ვერსია და ეს შვიდივე ვერსია უნდა შეამოწმოს, მივიდეს პოტენციურ მამასთან, გაესაუბროს და გამოიტანოს დასკვნა. “უკანასკნელი სამურაი” ინტელექტუალური, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ტიპის ნაწარმოებია, რომელიც ნამდვილად უნდა იყოს გადაკითხვის ღირსი.

თუ მხატვრულ ლიტერატურას გვერდზე გადადებთ და მნიშვნელოვანი წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, ნაომი კლაინის “ლოგოს გარეშე” (No Logo) გირჩევდით. ნაომი კლაინი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემარცხენე აქტივისტია, რომელიც კორპორატიული გლობალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკოსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს კონკრეტული წიგნი მსხვილ კორპორაციების მხრიდან უფლებების დარღვევებზე, აგრესიულ მარკეტინგზე, ბრენდინგზე, ცენზურაზე და სხვა თემებზე საუბრობს. ჩვენ ყველას მოგვიკრავს ყური სიტყვაზე ნაიკის ეგრეთწოდებულ sweatshop-ებზე და იაფი ჩინელი თუ ინდონეზიელი მუშახელზე. თუმცა, ერთია ყური გქონდეს მოკრული და მეორე კითხულობდე რეალურად არსებულ ფაქტების შესახებ. მართალია წიგნი კლაინმა 90-იანი წლების მიწურულს დაწერა, მაგრამ ვფიქრობ ეს თემა დღევანდელ სამყაროში კიდევ უფრო აქტუალურია.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.