ინტერსტელარი – სახარება კრისტოფერ ნოლანისგან

შესავლის მაგივრად

ჟაკ ტატის აქვს ნათქვამი, რომ ფილმი უნდა იწყებოდეს დარბაზის დატოვების შემდეგ. დაახლოებით ასეთი ტიპის ნამუშევარია კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი, ყოველშემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთხელ მაინც აუხედავთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში და დაფიქრებულან კოსმოსის უკიდეგანობაზე. ინტერსტელარი მაშტაბურ, ზოგადსაკაცობრიო, თუ გნებავთ პრეტენზიულ ფილმთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა ეს პრეტენზია არ არის უსაფუძვლო. შეიძლება ითქვას, რომ ინტერსტელარმა უკვე გაიმეორა (ან სულაც აჯობა) წარმატება რომელიც 15 წლის წინ ძმებ (აწ უკვე და-ძმა) ვაჩოვსკების მატრიცას ხვდა წილად. ორივე ფილმმა ახალი სიტყვა თქვა კინოში და ზოგადად პოპ კულტურაში, გახადა პოპულარული იდეები, რომლებიც შედარებით მარგინალურად არსებობდნენ და მაყურებელს შეახსენა რომ სიახლის შემოტანა ყოველთვის არის შესაძლებელი.

იყავი შერლოკ ჰოლმსი კოსმოსში

კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟი – შერლოკ ჰოლმსი განსაკუთრებული პერსონაჟია, რომლის ინტელექტიც ბევრად აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს. იმავე კონან დოილმა შექმნა სხვა პერსონაჟი – ექიმი უოტსონი, ეს მეორე, შერლოკისგან განსხვავებით ოდნავ ჩამოუვარდება საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ამიტომაც არის რომ დოილის ნაწარმოების კითხვის დროს მკითხველი ვერასდროს “ეწევა” შერლოკს, თუმცა უმეტესს შემთხევაში “უსწრებს” უოტსონს, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ხერხით მწერალი იზიდავს და “ამშვიდებს” მკითხველს. კრისტოფერ ნოლანი მსგავს ფუფუნებას არ გვაძლევს, ის თავიდანვე წირავს მაყურებელს და ბოლო მომენტამდე აგდებს სასპენში. ნოლანი ერთგვარი ილუზიონისტია, რომლის ამოცანაც პრესტიჟის შენარჩუნება და მაყურებლის ერთგვარ ჰიპნოზში ჩაგდებაა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ფიქრობ რომ აი ახლა მიხვდი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს, ან სულაც დასრულდეს ისტორია, ნოლანი თითქოს გეთამაშება და სრულიად სხვა სცენარს გთავაზობს. მაგალითისთვის შეგვიძლია ფილმის დასაწყისშივე გამოყენებული ინტერვიუები გავიხსენოთ, რომლებიც შემდგომში საკმაოდ დიდი ხნით ქრება… რაღაც მომენტში თქვენ გახსენდებათ ეს ინტერვიუები და ფიქრობთ, რომ რეჟისორმა “საკმარისად არ დაგავიწყათ” ისინი და გექმნებათ ილუზია, რომ ახლოს ხართ სიუჟეტის დროზე ადრე გამოცნობასთან და სწორედ ამ დროს ვარდებით ნოლანის საოცრებათა ქვეყანაში, რომლის მიზუდულობის ძალა დიდი ხნით გტოვებთ ამ სამყაროში.

კვლავ მანიპულაციებზე, სიმბოლოებზე და ალუზიებზე

დიახ, ნოლანი ილუზიონისტია, ერთგვარი მანიპულატორი, რომელმაც იცის თუ როგორ იმუშავოს თქვენს ემოციებზე. იცის რა გაშინებთ, რას განიცდით, რა გაძლევთ იმედს და რაც მთავარია იცის, თუ როგორ გამოიწვიოს ეს ყველაფერი თქვენში. პირველ, ყველაზე მძლავრ შთაბეჭდილებას ალბათ  “მილერის პლანეტაზე” ჩასვლის მომენტი და გიგანტური ტალღა ქმნის. ჰანს ციმერის მუსიკა (რომელიც შესაძლოა მის კარიერაში საუკეთესოა) და ეკრანზე მიმდინარე მოვლენები გაიძულებთ წინ სავარძელში წამოიწიოთ  და ჩაეჭიდოთ სკამს. მუსიკა, დილან ტომასის პოეზია, ოპერატორული ნამუშევარი, ყველაფერი ეს იმ მაგიას ქმნის რომელსაც კინო შეგვიძლია ვუწოდოთ.

ინტერსტელარი სავსეა ალუზიებით. მატრიცის მსგავსად ფილმი გარკვეულწილად ბიბლიური სიუჟეტის განმეორებაა, 12 ასტრონავტი (მოციქული), მთავარი გმირი კუპერი, რომელიც გაფრენის მომენტში 33 წლის არის და რომელიც ყველაფრის ამოსავალ წერტილად სიყვარულს (ამაზე ცოტა ვრცლად შემდეგ ქვეთავში) ხედავს. მისი ეს გრძნობა ადამიანებთან მიმართებაში ძალიან მძლავრია, განსხვავებით მაიკლ კეინის პერსონაჟისგან, რომელიც მზად არის გაწიროს ცოცხალი ადამიანები უფრო დიადი მიზნებისათვის.

კიდევ ერთი ალუზია შეგვიძლია “სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეას” დავუკავშიროთ. ასე მაგალითად, გავიხსენოთ კოსმოსში გაფრენის სცენა. კუპერი ტოვებს სახლს, დეგრადირებულ პლანეტას, რომელიც დასახლებულია ადამიანებით, რომლებსაც არ ახსოვთ კაცობრიობის მამოძრავებელი ძალის შესახებ, ადამიანებით რომლებიც აღარ იყურებიან ცაში და ამის მაგივრად მიწას მისჩერებიან. კუპერი მანქანაშია, მანქანა მოძრაობს სიმინდის ყანის გასწვრივ (რომელიც სწორედ რომ პოსტ-კონსიუმერისტული დედამიწის სიმბოლოდ გვევლინება), იწყება ათვლა, რომლის ბოლოს კადრი უკვე შატლზე გადადის. ინტერსტელარის ადამიანი ერთგვარი პრიმატია, რომელმაც კვლავ უნდა აიხედოს ცაში და უპოვოს საკუთარ თავს დანიშნულება.

ნოლანი ტრიერის წინააღმდეგ

მეინსტრიმულ კინოში ლარს ფონ ტრიერი ალბათ ყველაზე მიზანტროპ რეჟისორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ჭეშმარიტ ნიჰილისტად. ეს ნიჰილიზმი აპოგეას “მელანქოლიაში” აღწევს, სადაც კირსტენ დანსტის პერსონაჟი მის დას ეუბნება რომ “დედამიწა ბოროტია.” მას თუ დავუჯერებთ, ზოგადად ბუნება ბოროტია და ამიტომაც მისი განადგურება პოზიტიურ მოვლენად უნდა აღვიქვად. სრულიად საპირისპიროა ნოლანის ხედვა. ინტერსტელარის შემთხვევაში, მისიაში გაფრენისას კუპერი და ბრენდი ბუნების ავკარგიანობაზე ლაპარაკობენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ბუნება არ არის ბოროტი და სიტყვაზე ის რომ “ლომი კლავს ანტილოპას” თვითგადარჩენის ინსტინქტს უნდა დავუკავშიროთ და არა ბოროტებას. მოგვიანებით თემა უფრო იშლება და ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება. სიყვარულს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელს, რომელიც გვაიძულებს ჩავაგდოთ საკუთარი თავი ხიფათში და საჭიროების შემთხვევაში გავწიროთ კიდეც, იმ სიყვარულს რომელიც დრამატურგიაში ყოველთვის გვევლინებოდა ერთ-ერთ მთავარ თემად.

მეორედ ნახვის სიამოვნება

თუ ინტერსტელარს ორჯერ უყურებთ, მეორე შემთხვევაში “სხვა ფილმს” ნახავთ, დაინახავთ სხვა დეტალებს, გაგეცინებათ იმაზე თუ როგორ არ აკვირდებობით მნიშვნელოვან სცენებს, რომლებიც პირველ ნახვაზე საკმაოდ უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ. თუ პირველად არ იცი რას ელოდო ფილმისგან, თავიდან შედარებით რელაქსირებულად იწყებ მის ყურებას, თუმცა მეორე შემთხვევაში რადიკალურად სხვა განწყობით მიდიხარ სეანსზე და პირველივე წამიდან ცდილობ შენიშნო ის, თუ რა გამოგრჩა პირველი ნახვისას. შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ ასეთი მომენტი არც ისე ბევრია, მაგრამ ძალიან მალე ხვდები რომ შეცდი და არც მეორე ჯერზეც გაქვს შანსი გაექცე ინტერსტელარის გრავიტაციას.  კინოდან გამოსული კი კვლავ ხვდები, რომ ფილმი მხოლოდ ახლა იწყება.

2 thoughts on “ინტერსტელარი – სახარება კრისტოფერ ნოლანისგან

  1. Urushadze

    მშვენიერი რეცენზიაა, კარგად დალაგებული და საინტერესო. ჩემთვისაც ყურების მერე დაიწყო ფილმი

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s