წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. #13.

რუსეთის წარსული თუ გაინტერესებთ, ან აწმყოს გემო გინდათ შეიგრძნოთ, ან თუნდაც შესაძლო მომავალი იხილოთ, ვლადიმირ სოროკინის “შაქრის კრემლს” (Сахарный кремль) გირჩევთ. სოროკინი სატირიკოსია, რომელიც დისტოპიური ნაწარმოების მეშვეობით აკრიტიკებს საკუთარ სამშობლოს. “შაქრის კრემლი” რამდენიმე მოთხრობისგან შედგება, სადაც მოქმედება რუსეთის ახლო მომავალში ვითარდება. ამ მოთხრობებს ერთი თემა აერთიანებთ – მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, საზოგადოება თავისუფლების და პოლიტიკური განვითარების ხარისხით სადღაც წარსულში, პეტრე პირველის დროინდელ რუსეთშია ჩარჩენილი. “შაქრის კრემლი” სოროკინის “ოპრიჩნიკის დღის” ერთგვარ სიქველს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ ქართულად ითარგმნა.

უცნობია, თუ რატომ დაარქვა ჩილელმა ავტორმა, რობერტო ბოლანიომ საკუთარ უკანასკნელ რომანს – 2666-ს, ყოველშემთხვევაში, თითქმის 900 გვერდიანი ნაწარმოები ამის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ იძლევა, ისევე როგორც ჩემთვის ცნობილი რეცენზიები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლანიო რომანის დასრულებამდე 2003 წელს გარდაიცვალა, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მან უბრალოდ ახსნის დატოვება ვერ მოასწრო. ნაწარმოები ხუთი განსხვავებული ისტორიისგან შედგება (პრინციპში ამ თითოეულ ამბავს ჰქონდა პოტენციალი ცალკე რომანი ყოფილიყო). ამ ხუთიდან სამი – პირდაპირ თუ ირიბად მექსიკაში 90იან წლებში მომხდარი ერთგვარი ფემიციდის ეპიდემიის შესახებ მოგვითხრობს (ზოგიერთ შემთხვევაში მკვლელობის ისტორიები ზედმეტად დეტალურიც კი არის), დანარჩენი ორი კი გამოგონილი მწერლის ბენო ვონ არჩიმბოლდის და მისი ცხოვრებით დაინტერესებული ლიტერატურული კრიტიკოსების ამბავს გვიამბობს. ეს ორი თემა ერთმანეთს მეტწილად პერსონაჟების და ტოპონიმების მეშვეობით კვეთს… 2666 ამბიციური, დიდი შრომის შედეგად შექმნილი ნაწარმოებია და მას ადვილ წასაკითხ წიგნების რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.

რობერტო ბოლიანოს ნაწარმოებისგან განსხვავებით ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ სიამოვნებას მიგაღებინებთ მორის სენდაკის “სადაც მონსტრები ცხოვრობენ” (Where the wild things are, რადგანაც წიგნის სათაურის ქართული ვერსია ვერ აღმოვაჩინე, ასეთ თარგმანს გთავაზობთ). მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და სულ 338 სიტყვისგან შედგება, ვფიქრობ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მისი წაკითხვით არაფერს დაკარგავენ. რაც მთავარია, წიგნის მთავარ ღირსებას ავტორის მიერ შესრულებული ილუსტრაციები წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ “აბსურდისტანი” (Absurdistan) ამერიკელი ავტორის ნაწარმოებია, არ გაგიკვირდეთ, თუ კითხვისას გამოგონილ ქვეყანას და საქართველოს, განსაკუთრებთ 90-იანი წლების საქართველოს, შორის ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ. “აბსურდისტანი” ჰარი შტეინგარტის, წარმოშობით საბჭოელი ებრალი ავტორის რომანია, რომელიც რუსი ებრაელი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს. ახალგაზრდა პოსტ სოვეტიკუსია, საბჭოური ფესვებით და ამერიკული განათლებით, ის მდიდარი კრიმინალური წარსულის მქონე მამიკოს შვილია, რომელსაც დეპორტაციის შემდეგ ძალიან სურს ა.შ.შ.-ში დაბრუნება და ამ მიზნით ყალბი პასპორტის გაკეთებას აბსურდისტანში გადაწყვეტს. აბსურდისტანში უეცრად ომი დაიწყება და მთავარი გმირი აქ დიდი ხნით “გაიჭედება”. მიუხედავად იმისა, რომ “აბსურდისტანი” შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება, საკმაოდ სასაცილო და სახალისო ნაწარმოებია. რაც შეეხება საქართველოს, თავად ავტორის ჩანაფიქრი არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს, არამედ “ზოგადი” პოსტ საბჭოური ქვეყნის აღწერა იყო და ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა.

თუ კლასიკა მოგენატრათ, შოტლანდიელ კლასიკოსს რობერტ ლუის სტივენსონს გაგახსენებთ.  “ექიმი ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური შემთხვევა” იმ ნაწარმოებების რიცხვშია, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს მე-20 და 21-ე საუკუნის პოპ კულტურაზე. სტივენსონის ამ წიგნს არაერთგვაროვნად შეგვიძლია შევხედოთ, ერთის მხრივ საქმე გვაქვს საი-ფაი ჟანრის ერთ-ერთ პიონერთან, მაგრამ მეორე მხრივ სახეზეა ნაწარმოები რომელიც ფსიქიკური პრობლემის – პიროვნების გაორების შესახებ მოგვითხრობს. ალბათ არ შევცდებით თუ ვივარაუდებთ, რომ სტივენსონს როგორც მწერალს აინტერესებდა კეთილის და ბოროტის თანაარსებობა ერთ ადამიანში და ეს ინტერესი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაწარმოები დააწერინა.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s