Monthly Archives: ივნისი 2015

კინო 100 სიტყვაში. N 4. Caramel (2007).

“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად,”

ლევ ტოლსტოი

11391327_10155784751055165_8734394227501082666_n

მიუხედავად იმისა, რომ ნადინ ლაბაკი სულ ორადორი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ის მაინც განსაკუთრებული მოვლენაა ლიბანურ და ზოგადად მსოფლიო კინომატოგრაფიაში.

ლაბაკის სამყარო ქალების სამყაროა, ლიბანში მცხოვრები ქალების, რომლებიც აბსოლუტურად პატრიარქალურ გარემოში ახერხებენ საკუთარი ხასიათის და ინდივიდუალიზმის გამომჟღავნებას. სწორედ ასეთ სამყაროს წარმოადგენს “კარამელი.” აქ სხვადასხვა წარსულის, კულტურის (მუსულმანები და ქრისტიანები), ასაკის და გემოვნების ქალებს შეხვდებით.

ფილმის მოვლენები მეტწილად ერთ საპარიკმახეროში ვითარდება. ეს ერთი შეხედვით ლაღი და პოზიტიური გარემოა, მაგრამ ამ სილაღის მიღმა ხშირად ჩახშობილი ვნებით გამოწვეული სევდა იმალება, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. ამ განსხვავების მიუხედავად ფილმის გმირები ერთმანეთს თანაუგრძნობენ და გასაჭირში არ კარგავენ სოლიდარობის გრძნობას.

კინო 100 სიტყვაში. N 3. Kingsman: The Secret Service (2014).

8.1/10

11391172_10155777125315165_871849724395551055_n

Kingsman-ს ჯაშუშური ფილმისთვის ყველა დამახასიათებელი თვისება აქვს, კონსპირაციული თეორიები, გლობალური მასშტაბის ბოროტმოქმედი, კალამი რომელიც კალამზეა უფრო მეტია, იუმორი და მოღალატე, რომელიც ფილმის ბოლოსკენ აუცილებლად უნდა გამოვლინდეს.

ამის მიუხედავად, ფილმში არაერთხელ გაჟღერებული ფრაზით რომ ვთქვათ, “ეს სხვა ტიპის ფილმია.” აქ ყველაფერი იმდენად გაზვიადებულია, რომ ამის ფონზე ბონდიანის ფილმები სოცდრამადაც კი შეიძლება მოგეჩვენოს. რამდენიმე სცენაში ბონდზე რამდენიმე საკმაოდ პირდაპირ მინიშნებასაც კი ვხდებით, თითქოს პაროდიის ნიშნებიც სახეზეა, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს პაროდია კი არა, არამედ ჯაშუშური პოპ კულტურისადმი ერთგვარი ძღვენია.

აქვე საინტერესოა, რომ ბონდიანასგან განსხვავებით, სადაც მთავარი გმირი სტერეოტიპულად ბრიტანელი დენდი, შეიძლება სნობიც კი არის, Kingsman-ის მთავარი გმირი პლებსური გარემოდანაა, რომელიც არა დედოფალს, არამედ ხალხს ემსახურება და რომელსაც ბონდისგან განსხვავებით, ჯილდოდ არა უბრალოდ სუპერ გარეგნობის გოგო, არამედ არც მეტი, არც ნაკლები – პრინცესა უნდა ერგოს!

კინო 100 სიტყვაში. N 2. Testament of Youth (2014).

7.7/10

ნახე რა კარგად ვმღერი, მიუხედავად იმისა რომ პირი ჭიებით მაქვს გამოტენილი,”

დალტონ ტრამბო

 11425420_10155762647835165_259970148606062706_n

პირველ მსოფლიო ომს ხანდახან უკანასკნელ რომანტიულ ომსაც უწოდებენ. შეიძლება იმიტომ, რომ ომის საშინელებამ გლობალური, აქამდე არნახული მასშტაბები მიიღო. 1914 წელს ადამიანები ომის გამოცხადებას სიხარულით, ოპტიმიზმით, თავის გამოჩენის იმედით შეეგებნენ. ყველას ეგონა, ომი დღეებში თუ არა, კვირებში დამთავრდებოდა.

ფრონტზე წამსვლელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხლად დაბრუნებულები თავის მეგობრებს და შვილებს საგმირო ამბებზე მოუყვებოდნენ… სინამდვილეში, ამას მხოლოდ დასახიჩრებულები თუ გააკეთებდნენ, ან უარეს შემთხვევაში, ისტორიებს მათზე მოყვებოდნენ.

Testament of Youth ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა. ფილმი ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ეს რომანტიულ ტყავში გახვეული ანტიმილიტარისტული, ჰუმანისტური მანიფესტია, სადაც ეიფორიაში მყოფი საზოგადოება საკუთარ თავს აჩრდილებით სავსე კოშმარში აღმოაჩენს.

კინო 100 სიტყვაში. N 1. შეფი (2014).

9.2/10

DSC_1547.NEF

” – მომისმინე, როლინგსტოუნზე ბილეთი რომ გეყიდა და ჯაგერს Satisfaction არ დაეკრა, მოგეწონებოდა? 

– არა. 

– რა თქმა უნდა არა, იქაურობას გადაწვავდი.”

ინგლისურად Chef, ესპანურად Jefe, ქართულად შეფი, იმდენად “შიკარნი” ფილმია, რომ სიტყვა შიკარნის ბრჭყალები არც კი სჭირდება.

“შეფი” კერძი რომ იყოს, მას სტანდარტული მენიუსა და რესტორანში ვერ შეხვდებოდით. ეს საგანგებოდ, სიყვარულით  შერჩეული ინგრედიეტებისგან მომზადებული დელიკატესია,რომლის გასინჯვისას ხვდები, რომ ცოცხალი ხარ.

ეს ფილმი სიყვარულზე, საქმისადმი სიყვარულზე, სინაღდეზე და თუ გნებავთ, უფრო მეტიც, ცხოვრების აზრზე და დანიშნულებაზეა.

ჯონ ფავრო, სკარლეტი იოჰანსონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ეს ფილმის კასტია. თუმცა, ეს არ არის მთავარი მიზეზი თუ რის გამოც შეფი ყურადღებას იმსახურებს.