Category Archives: სხვადასხვა

გამოგონილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კატალოგი მომავლიდან

“ერთხელ ტეიტ მოდერნში საოცარი ინსტალაციის მომსწრე გავხდი. ინსტალაციას რადიატორი წარმოადგენდა. სითბოს გამოსცემდა. სურათების გადაღება დავუწყე. რამდენიმე წამში ჩემთან პერსონალის წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა, რომ რადიატორი უბრალოდ რადიატორს და მეტს არაფერს წარმოადგენდა. თავიდან თითქმის დავუჯერე, თუმცა მალევე მივხვდი რომ ჩემს წინაშე ლეგენდარული რამინა აბლამოვიჩი იდგა და ეს ყველაფერიც რა თქმა უნდა ინსტალაციის ნაწილი იყო.”

– თანამედროვე ხელოვნების მოყვარული უცნობი ტურისტი –

…because the line between art and garbage can be thin… Sometimes even artists cannot see it.

– The Million Dollar Hotel –

 

Game of Thrones-ის პერსონაჟები Facebook-ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ…


khaleesi

reek martell loras

littlefinger ispy davosdario

ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან ჯოჯოხეთში ხვდებიან

დარწმუნებული ვარ, ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან – ჯოჯოხეთში ხვდებიან. ასევე მჯერა, რომ იქაური მენეჯერები, რომლებიც საქმის ნამდვილი პროფესიონალები უნდა იყვნენ, მათ ქვაბის რიგში ურიგოდ უშვებენ. თუმცა, სანამ ასეთი ადამიანები ცხელ წერტილში მუდმივ საგზურს მოიგებდნენ, ისინი აქ, დედამიწაზე არიან და პატიოსან მოქალაქეებს ნამდვილ ჯოჯოხეთს გვიწყობენ.

რაღაც ზებუნებრივი თუ ლოგიკური მიზეზების გამო რიგის დამრღვევების დიდი პროცენტი საქართველოშია კონცენტრირებული. ამ მხრივ ქართველები იმდენად განვსხვავდებით ცივილური საზოგადოებებისგან, რომ რომელიმე საერთაშორისო აეროპორტში თბილისის “გეითის” მოსაძებნად დამატებითი მინიშნება გეძლევათ. თუ სწორ და მოწესრიგებულ რიგს ხედავთ, გააგრძელეთ სვლა, ეს ლონდონი, პარიზი, ბერლინი ან რომელიმე სხვა ევროპული ქალაქია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოში მიმავალი თვითმფრინავი. თუ რომელიმე გასასვლელთან ხედავთ რიგს, რომელიც ფორმით მაგიდაზე დაბნეულ ბრინჯს წააგავს, გილოცავთ თქვენ სწორ გზაზე ბრძანდებით და მალე იმ ქვეყანაში ჩაფრინდებით სადაც ასეთი შეგნებულად “დაბნეულ ბრინჯებს” ბლომად შევხვდებით.

მე მგონია, რომ თანამედროვე საქართველოში ადამიანებისთვის, რომლებსაც რიგში დგომა ხშირად უწევთ და რომლებიც კუთვნილი თითო გოჯი ტერიტორიისთვის სამართლიანად იბრძვიან, სპეციალური სახელმწიფო ორდენი უნდა დაწესდეს, ეს ადამიანები უნდა გავუთანაბროთ ცხრა ძმა ხერხეულიძეებს, ან როგორც მინიმუმ 300 არაგველებს მაინც.

სადაც არ უნდა დგებოდეთ რიგში, იქნება ეს ბანკი, მაღაზია თუ კინოთეატრი ყველგან ნამდვილი ბრძოლის გადატანა გიწევთ. ერთადერთი სადაც მშვიდად შეიძლება იყოთ თეატრის რიგია, თუმცა არა იმიტომ რომ აქ მოსიარულე ადამიანები სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან, უბრალოდ ამ დაწესებულებაში თითქმის არავინ დადის.

საქართველოში “ურიგო რიგები” იმდენად ყოველდღიური მოვლენაა, რომ მასზე რომანის დაწერაც კი შემიძლია, სახელების სხვადასხვა ვარიანტებიც კი მაქვს მოფიქრებული, მაგალითად: “როგორ იწრთობოდა რიგი,” “რიგითი რიგის გადასარჩენად,” “რიგის გარეშე სიარულის აუტანელი სიმსუბუქე,” “დაკარგული რიგის ძიებაში…”

იცით რა მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში 2014 წელს, იმ პირობებში ხდება როდესაც ხელისუფლებასაც კი არჩევნების გზით ვცვლით, რა ხდებოდა შავბნელ 90-იანებში? რიგი როგორ უნდა დაგეცვა? ბენზოხერხით? მაგრამ, ეს ბენზოხერხი რომ აგემუშავებინათ, ხომ ასევე რიგში უნდა ჩამდგარიყავით? მაგრამ ბენზოხერხი თუ არ გქონდათ, ამ რიგში საკუთარ უფლებებს როგორ დაიცავდით? მოკლედ, ჩაკეტილი წრე გამოდის. ან იქნებ ეს ყველაფერი იმ წლების შემდეგ ინსტინქტად ჩამოგვიყალიბდა და რიგის დანახვაზე პავლოვის ძაღლის მსგავსად გვენთება რაღაც ნათურა?

ზოგიერთს შეიძლება ეს თემა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში დღეს არ დგას და ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რიგის დამღვევებს შორის არიან მამაკაცები, რომლებიც საკუთარ ცოლებს ურტყამენ, ქალები, რომლებიც ქმრისგან ასეთ საქციელს იტანენ და იწონებენ კიდეც. ასეთ ადამიანებს შორის არიან მძღოლები, რომლებიც ზებრაზე მოსიარულეს დანახვაზე გაზს უმატებენ, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში არ ეფერებოდნენ, ადამიანები რომლებიც საშუალება რომ მიეცეთ კრთამს ჯიბეში დიდი ოდენობით ჩაიდებდნენ, ადამიანები რომლებიც არჩევნებზე კარუსელებს ორგანიზებას უკეთებენ და ადამიანები, რომლებსაც საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის არასდროს შეუხედავთ და საკუთარ რაობაზე არასდროს ჩაფიქრებულან…

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას ქართული საზოგადოება, ვინმე თინა მახარაძის სახით მომავალი ახალი ლალი მოროშკინას დაბადების მომსწრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ორალური სექსით სავარაუდოდ ჯერ კიდევ ჰომო საპიენსის გამოჩენამდე კავდებოდა, 24 წლის გოგონამ “სექსუალური რევოლუციის” მოხდენა ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე მილენიუმში გადაწყვიტა. არ ვიცი რამდენად მოახდენს მისი განაცხადი გავლენას ახალგაზრდებზე, მაგრამ ბაბუა-ბებიების თაობაში შეიძლება სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. ასევე საინტერესო იყო მისი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში რეალურად “რამის შექმნა” მას და მის იმ მეგობრებს შეუძლიათ, რომლებიც საზოგადოების “სულ რაღაც ორ პროცენტს” შეადგენენ.  მინდა გითხრათ, რომ ყველაზე პესიმისტური გამოთვლებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტი 60,000 ადამიანს გულისხმობს. აკი ნათქვამია, “Не имей сто рублей, а имей сто друзей”.  არ ვიცი რამდენად იცნობს თინა მახარაძე ვუდი ალენის შემოქმედებას, მაგრამ როგორც ჩანს არაერთხელ აქვს ნანახი “გაანალიზე ეს”, რადგანაც ძალიან ზედმიწევნით გაიმეორა ამ ფილმის ციტატა ქართველების ორალურ სექსზე დამოკიდებულების კომენტირებისას.

სტივენ სიგალმა, იგივე “კიკინიან კაცმა” იმდენჯერ ითამაშა არარეალისტურ ფილმებში, რომლებშიც მისი გმირი ათჯერ და ორმოცდააჯერ აღმატებულ მტერს ამარცხებს, რომ საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ის ვერ ხვდება განსხვავებას კინოს და რეალურ ცხოვრებას შორის. სხვა ვერაფრით ავხსნით, “კიკინიანი კაცის” აბსოლუტურად სერიოზულ განაცხადს იმის შესახებ, რომ საქართველო 2008 წელს მასზე მოსახლეობით დაახლოებით 50-ჯერ და ტერიტორიით დაახლოებით 250-ჯერ დიდ სახელმწიფოს დაესხა თავს. სიგალის ასეთი განაცხადი იმ ქართველ  მემატიანეებსაც კი გააკვირვებდა, რომლებიც  “ერთი ქართველი ათ ავღანელს სჯობდა-ს” მსგავს სისულელეებს გაიძახოდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენდა ბედად სტივენ სიგალი არც ყოვლისშემძლე ჩაკ ნორისი და არც ორ სატვირთო მანქანას შორის გადებული ვან დამია. ის უბრალოდ კიკინიანი კაცია, რომლის ნათქვამსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს.

ჩრდილოეთ კორეის “მონარქმა” კიმ ჯონგ რომელიღაცამ, ძალიან “დაძაბულ” და ,”დემოკრატიულ” საარჩევნო გარემოში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ სტივენ სიგალისგან განსხვავებით, კიმ ჯონგ რომელიღაცა ხვდება განსხვავებას რეალურ ცხოვრებასა და ფიქციას შორის, თუმცა ქვეყნის მისი მმართველობის სტილი ჯორჯ ორუელსაც კი ჩააგდებდა შოკში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, რომელიც მოცემულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, 100 პროცენტის მოპოვება მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის პირდაპირი მნიშნვლებით, სისხლისმსმელ დიქტატორს ხმა მის მიერ ცოტა ხნის წინ მოკლული ბიძის ახლობლებსაც კი უნდა მიეცათ, თან ჩრდილოეთ კორეის თავისებურებებს თუ გავითვალისწინებით, ეს აუცილებლად ბედნიერი სახით უნდა გაკეთებინათ.

ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის მსურველი თურქეთის პრემიერ მინისტრი ცოტა ხნის წინ Facebook-ის და Twitter-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ რომ “ვიღაცეები ანონიმურად მის მთავრობაზე მაკომპრომატირებელ მატერიალს პოსტავენ. ეს კი კიდევ ერთი არგუმენტია Facebook – ზე dislike-ის შემოტანის მომხრეების სასარგებლოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერდოღანი აუცილებლად დააჭერდა “დისლაქს,” მერე ცოტა ხანი გაიბუტებოდა, შეიძლება დროებით Facebook – ის საკუთარი ანგარიში დაეხურა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც დაბრუნდებოდა და თურქეთის 34 მილიონი იუზერების უმრავლესობა გააგრძელებდა კატების და “charlie bit my finger-ის” მსგავსი ვიდოების დაშეარებას. აბა ვის რაში აინტერესებს კორუპციული კომპრომატები, საერთოდ არ ესმის ამ ერდოღანს სოციალური მედიის თავისებურებები. თუმცა, ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება და ამ შემთხვევაში “dislike-ის” მაგივრად, მსხნელად კონსტიტუციური შეზღუდვების და უფუნქციობის გამო ყველასგან დავიწყებული თურქეთის პრეზიდენტი მოგვევლინა, რომელმაც განაცხადა რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ასეთ აკრძალვას და აუცილებლად გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ხომ ხედავთ, ხანდახან პრეზიდენტსაც კი სურს თავი მნიშვნელნად იგრძნოს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული ფეხრბუთი ყველაფერია ფეხბურთის გარდა. ამჯერად ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებმა “იყოჩაღეს”. როგორც ჩანს ქუთათურებმა “აზვერინის” გვარიანი დოზა მიიღეს, სხვა ვერაფრით ავხსნით მათ სტადიონზე ა ლა Resident Evil – ის ზომბებივით შემოვარდნას. თუმცა, ყველაზე მაგარი “ატჟიმანიების” მოყვარული აი ეს ტიპია – “რა არის სტადიონი, თუ მის ცვრიან ბალახზე შიშველი ღიპი არ გავუხახუნე?” არ ვიცი საბოლოოდ რა სანქციებს დაუწესებენ ტორპედოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიქველის მომსწრენი აუცილებლად გავხდებით.

ბოლოს გიტოვებთ ქეთი დოლიძის “კოდურ სიტყვებს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები ّFacebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ

 

larisa_ivanovna

dickens

henry VIII

robinnero

galaktioni figaro

2013 წლის 10 ყველაზე კითხვადი პოსტი ამავე ბლოგიდან

ჯერ კიდევ ვცდილობ დავძლიო პოსტ ახალი წლის სიზარმაცე, მოვიფიქრო ახალი პოსტები და მკითხველს შეძლებისდაგვარად საინტერესო იდეები შევთავაზო, თუმცა ჯერჯერობით ეს ნაკლებად გამომდის. ამიტომაც, სანამ მუზები შემაწუხებდნენ და ბახუსის სამფლობელოს საბოლოოდ დავაღწევდე, გადავწყვიტე ფონს შედარებით მარტივად გავიდე და 2013 წლის ერთგვარი შეჯამება მოვახდინო იმ პოსტების ჩამონათვალით, რომელსაც თუ სტატისტიკა არ ტყუის, ბლოგის მკითხველი ყველაზე ხშირად სტუმრობდა.

10.

საპატიო, მე-10 ადგილი 854 ნახვით 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა პოსტმა, Facebook მომხმარებელთა რამდენიმე ტიპმა დაიკავა. პოსტი მეტწილად ქართულ მომხარებელს ეხება და ასეთი მომხმარებლის რამდენიმე ტიპს განიხილავს. ყველამ ვიცით რომ ფეისბუქი ზოგადად ფენომენია, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ქართული ფეისბუქის შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ამიტომაც ის ხშირად იქცევა ბლოგერების საქილიკო თემად.

9-7.

ბლოგის სტატისტიკაზე დადებითად იმოქმედა სერიამ “ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ…” , ამიტომაც  ამ თემაზე გაკეთებულ პოსტებმა ამ ათეულში რამდენიმე პოზიცია დაიკავეს. პირველად მსგავსი შინაარსის პოსტი ორიოდე წლის წინ რომელიღაც ინგლისურენოვან გვერდზე შემხვდა, შეიძლება ითქვას იდეა “მოვიპარე,” თუმცა შინაარსობრივად შევეცადე ორიგინალური ვყოფილიყავი და იდეები არ გამემეორა (მემგონი გამომივიდა). მე-9, მე-7 ადგილები (ზევიდან ქვემოთ) შემდეგნაირად გადანაწილდა.

ცნობილი ადამიანები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ – 1,719 ნახვა

ცნობილი პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ (+ რუსთაველი ბონუსად)… – 1,873 ნახვა

ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ… – 2,010 ნახვა

6.

ძალიან გამიხარდა რომ ამ ათეულში ორი კინო რეცენზია მოხვდა, ორმაგად სასიხარულოა ის რომ ორივე ფილმი ქართულია. მე-6 პოზიცია 2,084 ნახვით ზაზა ურუშაძის  ფილმ “მანდარინებმა” დაიკავა. მკითხველი მეტწილად საძიებო სისტემების მეშვეობით მოხვდა ბლოგზე, რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს რომ ზოგადად საზოგადოებისგან მოთხოვნა ამ ფილმზე მაღალი იყო.

5.

მე-5 პოზიციაზე კვლავ “ფეისბუქის სერიიდან” ერთ-ერთი პოსტი მოთავსდა. პოსტი სერიის მეორე ნაწილს წარმოადგენს და მას საერთო ჯამში 3,909 ნახვა აქვს.

4.

მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ დავით კოვზირიძის გადაცემა “მძიმე კაცთან” მეტნაკლებად საინტერესო, სახალისო და უპრეტენზიო პროექტია, ვერაფრით ვაპატიებ რამდენიმე თვის წინ დაწერილ “აი  იას,” რომელიც მდარე და იაფფასიან ტექსტად მიმაჩნია. მე-4 ადგილზე ამ წერილის საპასუხოდ დაწერილი აი თითი გავიდა, რომელიც მეტწილად იგივე კოვზირიძის დამსახურებით სულ 4,542 მომხმარებელმა მოინახულა და უშუალოდ ბლოგზე 46 კომენტარი დატოვა.

3.

მეორე ქართული ფილმი, რომელიც ამ სიის მე-3 საპრიზო ადგილას განთავსდა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის “გრძელი ნათელი დღეებია”. ამ პოსტს, რომელსაც საერთო ჯამში სულ  4,768-ჯერ ეწვივნენ, შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

2.

ერთ-ერთი პოსტის ინსპირაციის წყაროდ იქცა TBC-ის ავადსახსენებელი სამი მუშკეტერის სარეკლამო კამპანია. TBC-ის სამი მუშკეტერის რგოლი ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ… – ასე ჰქვია პაროდიული სტილის წერილს, რომლის მიხედვით ცნობილ ქართულ რეკლამას მსოფლიო დონის რეჟისორები იღებენ. სულ 5,086 ნახვა.

1.

2013 წლის უპირობო ლიდერი აღმოჩნდა ცნობილი მწერლები და პოეტები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ… ის 9,713 ნახვით ნახსენები სერიის ყველაზე წარმატებულ პოსტად იქცა. საინტერესო კი ისაა, რომ სერია ამ პოსტმა გახსნა და ვერცერთ მომდევნო პოსტს ამავე თემაზე მიახლოვებული წარმატებაც კი ვერ ხვდა წილად.

ქართული “კომიქსების” 5 სუპერგმირი

ირაკლი წერეთელი AKA პროტესტორი

ჯიგარკაცი

ენა, მამული, სარწმუნეობის პრინციპის ჭეშმარიტი დამცველი. ებრძვის ყველაფერ არაქართულს და უცხოს. სჯერა რომ ქართველი გეი არ არსებობს, ან თუ არსებობს ჯიგარკაცის ჩარევის შემდგომ, არ იარსებებს.

ნამდვილი სახელი – მურმანი. ჯიგარკაცისთვის დამახისიათებელი თვისებები შეიძინა მას შემდეგ რაც სოროსის სტიპენდიაზე ზედიზედ რამდენიმეჯერ უთხრეს უარი. მოთმინების ფიალა, რომ ამოეწურა სოროსის ოფისთანვე ზვიადისტების მუდმივ მიტიგენს შეუერთდა. სწორედ აქ შეასხა რომელიღაც ზვიადისტმა ნაკურთხი წყალი, რამაც იმავე ღამეს მურმანს საკუთარ თავში ზებუნებრივი ძალები აღმოაჩენინა.

მთავარი ატრიბუტი საგულდაგულოდ გამოთლილი ტაბურეტკაა. მისი სახლი სავსეა დაბალი, მაღალი, ხის, პლასტმასის და სხვა ტიპის ტაბურეტკებით, განსაკუთრებულ შემთხვევებისთვის აქვს კარგად წაწვეტებულებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან “ქართელობას წართმევის,” ეშინია, ასეთ შემთხვევაში  მან იცის რომ ბოროტ ძალებს ჯერ მისი მოკვლა და მისი გულის ამოგლეჯვა მოუწევთ. მისი გული ერთგვარი სეიფია, რომელსაც წარწერა “ქართველობა” ამშვენებს. სწორედ ამ გულში ძგერს ნამდვილი ქართული სული.

ივერიელი

ნამდვილი სახელი – ზეზვა. მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სჯერა რომ საქართველოს ერთდროულად დინოზავრების, ღვინის და ქრისტიანობის კერაა.

დადის სხვადასხვა ქვეყნებში და ყვება მითებს საქართველოზე. მაგალითად, ფრანგებს უხსნის რომ ღვინო წამოვიდა საქართველოდან, თავად სიტყვა კი მოგვიანებით ლათინურმა ისესხა და ასე მოიგინეს სიტყვა “vino”, ტიბეტელებს უყვება რომ საქართველოზე ლამაზი მთები არსადაა, ხოლო იტალიელებს და ესპანელებს იმას რომ ქართველ მამაკაცებზე კარგი საყვარლები არ არსებობენ. უცხოელები ღიმილით და თავაზიანობით ხვდებიან ხოლმე ივერიელის შეგონებებს, რაც ამ უკანასკნელს აფიქრებინებს რომ მისიას წარმატებით ასრულებს და მისი სჯერათ.

სჯერა რომ ბასკები და ქართველები მართლა ნათესავები არიან.

მისიის შესრულებისას იცვამს ჩოხას სრული ატრიბუტიკით, ჰყავს მეგობრები პარლამენტში და ლობირებს კანონპროექტს ჩოხის ჩაცმის აუცილებლობის შესახებ.

სუპერგმირული თვისებების გაჩენის მიზეზი 15 წლის წინ გერმანიაში სამუშაო ვიზაზე უარის თქმა გახდა.

კაი ბიჭის დის დამცველი AKA პროტექტორი

მიუხედავად იმისა რომ ბევრი მის არსებობაში დარწმუნებულია, ზოგიერთი სკეპტიკოსი თვლის რომ კაი ბიჭის დის დამცველი სხვა არაფერია თუ არა, მითი.

ზოგიერთი თვლის რომ კაი ბიჭის დის დამცველი უფრო მეტად იდეის ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს, ვიდრე ამ იდეის ხორცშესხმა. მათი აზრით ის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც თავიდან გვარიდებს არასასურველ შედეგს. მაგალითად, ის შეიძლება გამოვლინდეს ადამიანში რომელსაც ესმის “აუ რა ნაშაა”, ან თუნდაც შედარებით რბილი, “აუ რა კარგი გოგოა” და ამ რეპლიკის გაგონებაზე ათქმევინებს, “რეებს ბაზრობ, კაი ბიჭის და რომ იყოს?” როგორც ცნობილია, კაი ბიჭის და არ შეიძლება იყოს ნაშა და არც კარგი გოგო.

იმ ნაწილის აზრით, რომელიც კაი ბიჭის დის დამცველი რეალურად არსებული სუპერგმირის არსებობაში დარწმუნებულია, პროტექტორი დადის კლუბებში. ის იცავს გოგოებს, რომლებსაც პოტენციურად შებმა და რაც უფრო უარესია, პერსპექტივაში იმავე კლუბში ზასაობაც კი ემუქრებათ. ამ თვისების გამო, ზოგიერთმა ამ სუპერგმირს ბაბულიკაც კი შეარქვა, ამგვარად ის კონტროვერსიული პერსონაჟია.

მიხუედავად იმისა, რომ მოდიდან დიდი ხანი გადავარდა, მისიის შერულებისას ის ისნის ბაზრობაზე ნაყიდ რეიბანებს, პლატოკს და წვეტიან შავ ტუფლებს ატარებს.

პროტესტორი

საჭიროების შემთხვევაში გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს ყველაფერს რაც არ მოსწონს ქართულ საზოგადოებას. ვინადან და რადგანაც “საჭიროების შემთხვევა” ყოველთვის არსებობს, ის მიტინგისთვის საჭირო სტრატეგიული ობიექტებს არ ცილდება (პარლამენტი, მოედნები, მერია…) და მუდამ გარეთ დგას.

პროტესტორის ბოლოდროინდელი ერთ-ერთი საყვარელი რეპლიკაა – “არ აანთო”. ერთ-ერთი სუპერძალა რომელსაც პროტესტორი ფლობს არის შიმშილობის ატანის არაადამიანური უნარი, ასე მაგალითად მან შეიძლება თვეობით იშიმშილოს და ამის მიუხედავად რიხიანად მისცეს ინტერვიუ რომელიმე ტელევიზიას. თუმცა, ბოროტი ამბობენ რომ ღამ-ღამობით მის ფანებს მის კარავში ჩუმად ღორის ხორცი და ლობიანები შემოაქვთ ხოლმე.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად პროტესტორი ნიღბის უკან ირაკლი წერეთელი იმალება.

თამადამენი

გადაარჩენს ნებისმიერ ქართულ სუფრას, მათ შორის, ქორწილს, დაბადების დღეს და რაც მთავარია ქელეხს. ნამდვილი სახელი ანზორი.

შესანიშნავად ფლობს დიალექტიკას და მუცელში ღვინის N რაოდენობის მოთავსების განსაკუთრებულ უნარს (უნდა აღინიშნოს რომ ამ უკანასკნელს პირველზე გაცილებით უკეთ ფლობს).

უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით კაცები, ამაზე სუფრის გარკვეულ ეტაპზე ბრეჟნევური კოცნების კასკადი უნდა მეტყველებდეს.

მეგობრობს ჯიგარკაცთან (ამბობენ ჯიგარკაცის შვილი თამადამენის მონათულიაო). აჭრის მარცხენას ყველა იმ ადამიანს რომელსაც ჭიქა “არასწორი” ხელით უჭერია. იცის სადღეგრძელოების რიგითობა. თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ მისი პოპულარობა  მას შემდეგ დაეცა როდესაც ერთ-ერთ ქელეხში თამადობისას შეცდომით “ქორწილის სადღეგრძელეობის” შპარგალკა წაუკითხავს. ამ ინციდენტის გადამოწმება ძალიან რთულია, რადგანაც ქელეხში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა “კარგად მთვრალი” ყოფილა და ბევრი რამე არ ახსოვს.