Category Archives: შოუბიზი/არტი

თბილისის კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

45-Years-xlarge

თბილისში დეკემბერი ის თვეა, საშუალება თუ გაქვს, შვებულება რომ უნდა აიღო და მეტწილი დრო კინოთეატრებში ფილმების ყურებით გული იჯერო. წლევანდელი კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. მართალია ჩვენებების ზუსტი განრიგი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ვიცით თუ რა ფილმების ნახვა შეგვეძლება ღონისძიებაზე. 100-ზე მეტი ფილმის საკმაოდ სკრუპულოზური შესწავლის  შემდეგ გადავწყვიტე ჩემეული სიის გაკეთება, რომელსაც ქვემორე გთავაზობთ.

Dheephan 

სიას წლევანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებულით თუ დავიწყებ, ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ფილმი პარიზში შრი-ლანკიდან გამოქცეული მერბძოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქალაქში მომვლელად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ კანის ფესტივალს წელს ძმები კოენები თავმჯდომარეობდნენ, ასე რომ წინ წესით კარგი სანახაობა გველის.

Youth

კიდევ ერთი მოსალოდნელი ფილმი სიაში, ფილმის რეჟისორი ხომ აწ უკვე აღიარებული პაოლო სორენტინოა. კასტი? მაიკლ კეინი, ჰარვი კეიტელი, რეიჩელ უესი…

Even The Rain

მართალია, შედარებით ძველი (2010 წ), მაგრამ მაინც აბსოლუტურად საჭირო ფილმია. ფესტივალზე მას სოციალური ცვლილების სექციაში აჩვენებენ, რაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე სრულად ლოგიკურია. ფილმის გმირები ბოლივიაში კოლუმბის კოლონიზაციაზე ფილმს იღებენ, რაც თანამედროვე ბოლივიაში წყლის რეალურად მომხდარ პრივატიზაციას  და შემდგომ პროტესტებს ემთხვევა.

The Brand New Testament

სახალისო და საინტერესო ფილმი უნდა იყოს ჟაკო ვან დორმეილის ახალი ნამუშევარი. დორმეილს მაყურებელი ყველაზე კარგად მისი მაგნუმ ოპუსის Mr. Nobody-ის გამო იცნობს. ფილმის სიუჟეტიც საკმაოდ დამაინტრიგებელია – ღმერთი თავის ქალიშვილთან ერთად ბრიუსელში ცხოვრობს…

Force Majeur 

წლევანდელ ფესტივალზე ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანზე წინა ოსკარებზე უსამართლოდ დაჩაგრული ფილმის ნახვის საშუალება ექნება. 2014 წლის შვედური დრამა ბოლო ოსკარებზე უცხოური ფილმის კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში შორტლისტის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

45 Years

არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ეს ფილმი, რომელსაც როტენ ტომატოს ვებ გვერდზე კრიტიკოსებისგან 100-დან 98 პროცენტიანი შეფასება ერგო.

Carol

კეიტ ბლანშეტის და მარა რუნის სამსახიობო კლასში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად ამ ფესტივალზე ქეროლის ნახვა ნამდვილად ღირს.

No One’s Child

ამ ფილმისგან შოკს უნდა ველოდოთ. სერბო-ხორვატული დრამა ნამდვილ ამბავს ეფუძნება, ის  მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცივილიზაციაში მოხვედრილი რთულად ეგუება ახლადაღმოჩენილ სამყაროს.

Victoria

“ვიქტორიამ ჩემი სამყარო შეანჯღრია” – ასე გამოხმაურა დარენ არანოფსკი ამ ფილმს. ფილმისთვის ყურადღების მისაქცევად ეს ალბათ საკმარისი უნდა იყოს.

Far From Men

2014 წლის ეს ფილმი ალბერ კამიუს მოთხრობას ეფუძნება და ალჟირში ომის პერიოდში წარმოშობით ფრანგი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლში – ვიგო მორტენსენი.

A Girl Walks Home Alone At Night

უკვე ძალიან გახმაურებული ფილმი ირანიდან, რომელიც სხვადასხვა ჟანრების თამამ კოქტეილს წარმოადგენს…

From Afar

სამხრეთ ამერიკული კინო ყოველთვის საინტერესოა, ეს ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება.

Dancing Arabs

კიდევ ერთი კომედიური ფილმი სერიოზულ თემაზე სიაში. “მოცეკვავე არაბები” ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა პალესტინელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.

The Golden Era

ამერიკელების გარდა მასშტაბური ფილმების გადაღება ვინმეს თუ შეუძლია ალბათ ჩინელები არიან. ამიტომ პირადად მე ფესტივალზე ამ ფილმის გამოტოვებას არ ვაპირებ.

Mediterranea

ფილმი აქტუალურ თემას ეხმაურება – ორი აფრიკელი ლტოლვილი იტალიისკენ მიემგზავრება, თუმცა გზაში ბევრ მოულოდნელ სირთულეს და სისასტიკეს წააწღდება. რეჟისორი მასზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და თავიდან მოკლე დოკუმენტურ ფილმის გაკეთებას გეგმავდა…

აქვე გთავაზობთ იმ ფილმებს, რომლებიც მიუხედავად სურვილისა დიდი კონკურენციის გამო ვერ მოვახვედრე 15ეულში, მაგრამ ვფიქრობ ნახვად ნამდვილად ღირს.
The Lesson,  A Pigeon Sat On A Branch Reflecting on ExistenceLouder than Bombs, Pride, Rams, Tale of TalesWondrous BoccaccioFassbinder – To Love Without Demands,  Sound of TortureOnegin, 13 Minutes, PhoenixThe People vs. Fritz BauerStanding TallCasanova VariationsCobain: Montage of HeckTaxiA Girl At My DoorLooking for Grace, Forbidden Voices,  As I Open My Eyes, Much Loved, Paulina.

Advertisements

კინო 100 სიტყვაში. N 4. Caramel (2007).

“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად,”

ლევ ტოლსტოი

11391327_10155784751055165_8734394227501082666_n

მიუხედავად იმისა, რომ ნადინ ლაბაკი სულ ორადორი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ის მაინც განსაკუთრებული მოვლენაა ლიბანურ და ზოგადად მსოფლიო კინომატოგრაფიაში.

ლაბაკის სამყარო ქალების სამყაროა, ლიბანში მცხოვრები ქალების, რომლებიც აბსოლუტურად პატრიარქალურ გარემოში ახერხებენ საკუთარი ხასიათის და ინდივიდუალიზმის გამომჟღავნებას. სწორედ ასეთ სამყაროს წარმოადგენს “კარამელი.” აქ სხვადასხვა წარსულის, კულტურის (მუსულმანები და ქრისტიანები), ასაკის და გემოვნების ქალებს შეხვდებით.

ფილმის მოვლენები მეტწილად ერთ საპარიკმახეროში ვითარდება. ეს ერთი შეხედვით ლაღი და პოზიტიური გარემოა, მაგრამ ამ სილაღის მიღმა ხშირად ჩახშობილი ვნებით გამოწვეული სევდა იმალება, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. ამ განსხვავების მიუხედავად ფილმის გმირები ერთმანეთს თანაუგრძნობენ და გასაჭირში არ კარგავენ სოლიდარობის გრძნობას.

კინო 100 სიტყვაში. N 2. Testament of Youth (2014).

7.7/10

ნახე რა კარგად ვმღერი, მიუხედავად იმისა რომ პირი ჭიებით მაქვს გამოტენილი,”

დალტონ ტრამბო

 11425420_10155762647835165_259970148606062706_n

პირველ მსოფლიო ომს ხანდახან უკანასკნელ რომანტიულ ომსაც უწოდებენ. შეიძლება იმიტომ, რომ ომის საშინელებამ გლობალური, აქამდე არნახული მასშტაბები მიიღო. 1914 წელს ადამიანები ომის გამოცხადებას სიხარულით, ოპტიმიზმით, თავის გამოჩენის იმედით შეეგებნენ. ყველას ეგონა, ომი დღეებში თუ არა, კვირებში დამთავრდებოდა.

ფრონტზე წამსვლელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხლად დაბრუნებულები თავის მეგობრებს და შვილებს საგმირო ამბებზე მოუყვებოდნენ… სინამდვილეში, ამას მხოლოდ დასახიჩრებულები თუ გააკეთებდნენ, ან უარეს შემთხვევაში, ისტორიებს მათზე მოყვებოდნენ.

Testament of Youth ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა. ფილმი ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ეს რომანტიულ ტყავში გახვეული ანტიმილიტარისტული, ჰუმანისტური მანიფესტია, სადაც ეიფორიაში მყოფი საზოგადოება საკუთარ თავს აჩრდილებით სავსე კოშმარში აღმოაჩენს.

კინო 100 სიტყვაში. N 1. შეფი (2014).

9.2/10

DSC_1547.NEF

” – მომისმინე, როლინგსტოუნზე ბილეთი რომ გეყიდა და ჯაგერს Satisfaction არ დაეკრა, მოგეწონებოდა? 

– არა. 

– რა თქმა უნდა არა, იქაურობას გადაწვავდი.”

ინგლისურად Chef, ესპანურად Jefe, ქართულად შეფი, იმდენად “შიკარნი” ფილმია, რომ სიტყვა შიკარნის ბრჭყალები არც კი სჭირდება.

“შეფი” კერძი რომ იყოს, მას სტანდარტული მენიუსა და რესტორანში ვერ შეხვდებოდით. ეს საგანგებოდ, სიყვარულით  შერჩეული ინგრედიეტებისგან მომზადებული დელიკატესია,რომლის გასინჯვისას ხვდები, რომ ცოცხალი ხარ.

ეს ფილმი სიყვარულზე, საქმისადმი სიყვარულზე, სინაღდეზე და თუ გნებავთ, უფრო მეტიც, ცხოვრების აზრზე და დანიშნულებაზეა.

ჯონ ფავრო, სკარლეტი იოჰანსონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ეს ფილმის კასტია. თუმცა, ეს არ არის მთავარი მიზეზი თუ რის გამოც შეფი ყურადღებას იმსახურებს.

თბილისის კინოფესტივალის ტოპ 5 ფილმი [ბლოგის ვერსიით] და ოფიციალური გამარჯვებულები

hid

მაყურებელი სტიკერით “ალაიქებს” თავის მოწონებულ ფილმს

თბილისის მე-15 კინოფესტივალზე წარმოდგენილი 122 ნამუშევრიდან მხოლოდ 19-ის ნახვა მოვახერხე. თუმცა, სანახავი სია წინასწარ, საკმაოდ სკრუპულოზურად გავაკეთე და ალბათ ამის დამსახურებაა რომ ცუდი ფილმი პრაქტიკულად არ მინახავს. სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი ნამუშევარი მაინც გამომრჩა, მათ შორის არის, “გოლგოთის გზა”  (Kreuzweg), “სასწაულები” (Le Meraviglie) და “წყნარი ცხოვრებაა” (Still life), ამიტომაც მოცემული სია ამ ფილმების გათვალისწინების გარეშე შედგა.

5. “ძებნილი” (A Most Wanted Man)                                                                                                      

აწ გარდაცვლილი ფილიპ სეიმურ ჰოფმანის შესანიშნავად შესრულებული მთავარი როლი და ანტონ კორბეინის ოსტატურად შეკრული ფილმი ჯაშუშებზე და ტერორისტულ პოლიტიკაზე.

4. “ტომი” (The Tribe)

ორიგინალური და მაღალმხატვრული ფილმი უკრაინიდან, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ვერბალურ დიალოგს, მაგრამ ამის მიუხედავად მაყურებელს ორი საათის განმავლობაში “იჭერს”. გამაოგნებელი ოპერატორული ნამუშევარი.

3. ზამთრის ძილი (Kis uykusu)

წლევანდელი კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი. თურქული დრამა ძალიან მდიდარი ეგზისტენციალისტური დიალოგებით და დამაჯერებელი პერსონაჟებით.

2. ორი დღე, ერთი ღამე (Deux jours, une nuit)

უმაღლეს დონეზე შესრულებული რეჟისორული ნამუშევარი ძმებ დარდენებისგან, რომელიც ოპტიმისტურ და ადამიანურ ხასიათზე დაგაყენებთ. მარიონ კოტიარდის ერთ-ერთი საუკეთესო როლი.

1. სიჩუმის სახე (The Look of Silence)

შოკისმომგვრელი დოკუმენტური ჯოშუა ოპენჰაიმერისგან, რომელიც ინდონეზიაში 60-იან წლებში პოლიტიკური დევნის და გენოციდის შესახებ მოგვითხრობს.

თბილისის მე-15 კინოფესტივალის ოფიციალური გამარჯვებულები

lasha

ლაშა ცქვიტინიძე, კინოფილმის “მე ვარ ბესო” რეჟისორი

პრომეთე საუკეთესო რეჟურისთვის – ნუცა მესხიშვილს, ფილმისთვის “კრედიტის ლიმიტი”.

პრომეთე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – მარი კიტიას ფილმისთვის”პატარძლები”.

პომეთე მამაკაცის როლის საუკეთესო შერსულებისთვის – ილიას სალმანს ფილმისთვის “სიმინდის კუნძული”.

ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟურისთვის – იური კურსიერისს ფილმისთვის “მოდრისი”.

ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის – მიროსლავ სლაბოშპიტსკის ფილმისთვის “ტომი”.

სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული პოეტური ხედვისათვის – ფილმს “ტომი”.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ფილმი – ლაშა ცქვიტინიძის “მე ვარ ბესო”.

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. დღე მეოთხე.

“ძებნილი” (A Most Wanted Man) იმ რამდენიმე ფილმს შორისაა რომელიც ფილიპ სეიმურ ჰოფმანის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე და რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რა დონის მსახიობი დაკარგა კინო სამყარომ. “ძებნილი” ჟანრობრივადნ ჯაშუშურ ფილმებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, თუმცა ამ ჟანრში სხვა ბევრი ფილმისგან იგი იმით არის გამორჩეული რომ ევროპაში საკმაოდ აქტუალურ თანამედროვე პრობლემას ეხმაურება – ტერორიზმს, რადიკალურ ისლამს და ამ თემებთან თანმდევ ცრურწმენას, რომლის გამოც ბევრი უდანაშაულო ადამიანების უფლებების შელახვა უსაფუძვლოდ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თბილისის მე-15 კინოფესტივალზე ევროპული ფორუმის ფარგლებშია წარმოდგენილი (მწარმოებელი ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, ა.შ.შ, გერმანია) მე მას მაინც უფრო ამერიკულ სკოლას მივაკუთვნებდი და რადგანაც ფესტივალი ასეთი ფილმების დეფიციტს განიცდის, აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის მოვინიშნავდი. მსურველებს მისი განმეორებითი ნახვის საშუალება შაბათს მიეცემა.

დამაინტრიგებელი სინოპსის მიუხედავად იმედგაცრუება აღმოჩნდა ბრიტანული ფილმი “დამალობანა” (Hide and Seek).  ფილმი თითქოს პოლიამორულ თემას უნდა შეჰხებოდა, თუმცა ეს მხოლოდ გაკვრით მოახერხა. რეალურად ფილმი უბრალოდ ოთხი ცხოვრებისგან ოდნავ მოწყენილი ინგლისელი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც “რაღაც განსხვავებულის” ცდა სურს. სამწუხაროდ, ამაზე შორს და ღრმად ფილმი ვერ მიდის, არადა ამავე თემაზე ბევრი კარგი და საინტერესო ფილმი არსებობს, მაგალითად შვედური “ერთად” ( Tillsammans ).

სამაგიეროდ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმავე დღეს ნაჩვენებმა ჯოშუა ოპენჰაიმერის დოკუმენტურმა ნამუშევარმა “სიჩუმის სახემ”. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტურის აღიარების შესახებ მაყურებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი, ფილმმა რუსთაველის სავსე დარბაზი შოკურ მდგომარეობაში დატოვა. ოპენჰაიმერის ნამუშევარი ინდონეზიაში 50-60-იან წლებში განხორციელებულ გენოციდის შესახებ მოგვითხრობს და ყველაზე გამაოგნებელი ის არის რომ 50 წლის შემდგომ კამერის წინ ამ თემის შესახებ  საუბრობენ გენოციდის უშუალო გამტარებლები და ამას არა თუ სირცხვილით, არამედ გახარებულები და ამაყები აკეთებენ.  აქ ჰანა არენდტის აზრი ბოროტების ბანალურობის შესახებ შეიძლება გაგახსენდეს და ასეთ დროს ხვდები რომ ამ ადამიანებს მათ მიერვე ჩადენილი საქცილი არანაირ მორალურ ტვირთად არ აწვება, ისინი უბრალოდ საკუთარ თავს როგორც საქმის შემსრულებლად აღიქვავენ და ხშირად ამით ამაყობენ კიდევაც.  

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. მესამე დღის მიმოხილვა.

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” იმ ნამუშევრების რიცხს განეკუთვნება სადაც “სურათის” ასაწყობად რეჟისორს და მის გუნდს ყველაფრის თავისი ხელით გაკეთება უწევთ, “ბუნებრივი სცენისაც” კი. სცენა ამ შემთხვევაში სიმინდის კუნძულია, რომლის შენების და ტრანსფორმაციის ხილვა მაყურებლის თვალწინ ხდება. ეს ქმნის მძლავრ განწყობას, რომელიც კინოთეატრში მისულ მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისიც ფილმის გმირების მსგავსად იმყოფება კუნძულზე რომელიც “ყოფს,” ან პირიქით, “აერთიანებს” აფხაზებს და ქართველებს. ფილმი ასაკოვანი მამაკაცის და მისი შვილიშვილის შესახებ მოგვითხრობს, ისინი თესავენ სიმინდს, უვლიან მას და ელოდებიან მოსავალს. კუნძულს შიგადაშიგ ნავით სამხედრო პატრული ჩამოუვლის, ხან ქართული და ხანაც აფხაზური, რომლებსაც ფილმის მთავარი გმირი (აფხაზი) თანაბარმნიშვნელოვნად ესალმება, თითქოს არ არჩევდეს ერთმანეთისგან ერთ ან მეორე “ნაპირს” და მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ თავისი ხელებით შექმნილი კუნძული იყოს. გამორჩეულია მთავარი როლების შემსრულებლების ილიას სალმანის და მარიამ ბუთურიშვილის თამაში და ასევე ძალიან კარგია ოპერატორული ნამუშევარი, რომელიც გამოცდილ, წარმოშობით უნგრელ ოპერატორს – ელემერ რაგაის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძალიან ბევრი დადებითი შეფასების ღირსია, ფილმის დასასრულისკენ ბოლომდე დამუშავებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს ერთ-ერთი საკვანძო სცენა. პირველად ნახვის სიამოვნება არ მინდა გავუფუჭო იმ ადამიანებს ვისაც ფილმი არ აქვს ნანახი და ამიტომაც სცენის აღწერისგან თავს შევიკავებ.

ძალიან სპეციფიურ კინო მოყვარულებზე გათვლილ ფილმად შეგვიძლია მივიჩნიოთ “ქუჩის ძაღლები”. თუ ნელი კინო გიყვართ და უსაშველოდ ხანგრძლივი, თითქმის სტატიკური კადრები გიზიდავთ, ტაივანელი რეჟისორის ცაი მინლიანის ნამუშევარი თქვენთვისაა. ზოგიერთმა კრიტიკოსმა უკვე მონათლა “ქუჩის ძაღლები” ფილმად “რომელიც ჩვენთან შეიძლება სხვა პლანეტიდანაა მოსული” და საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაუწერა. ფილმის რეჟისორის კინოსამყაროში მოსვლამდე ექსპერიმენტალურ სპექტაკლების დადმით იყო ცნობილი და როგორც ჩანს ექსპერიმენტების გადატანა კინოშიც გადაწყვიტა. ეს მისი რიგით მე-11 სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი მოკლებულია გმირებს კლასიკური გაგებით, რომლებსაც “რაღაც ამოძრავებთ,” აქვთ გარკვეული მიზნები და ასე შემდეგ, აქ არ გვხდება სიუჟეტური ხაზი და ამ ყველაფრის მაგივრად მაყურებელი თვალს ადევდნებს ადამიანების არსებობას, სადაც სიტყვაზე ჭამის ან  მოსაქმების სცენა შეიძლება ხუთიდან ათ წუთამდე გრძელდებოდეს.

ასევე ცოტათი უცნაური გამოდგა ისლანდიური ფილმი “ცხენები ჩვენში,” რომლის ქართული თარგმანი სხვათაშორის უფრო შეესაბამება ორიგინალს ვიდრე მისი ინგლისური ვარიანტი (Of horses and men). გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი სათაურის მქონე ფილმი ადამიანების და ცხენების შესახებ მოგვითხრობს, აქ ტიტრებში ცხენების როლების შემსრულებლებიც კი არ გამორჩათ ფილმის შემქნელებს. ამიტომაც არის, რომ აქ ადამიანებს და ცხენებს შეიძლება ითქვას თანაბარი მნიშვნელობის როლები აქვთ. ისე კი, იმ უცნაური და სასაცილო ისტორიებიდან გამომდინარე რომლებსაც ფილმში ბლომად ვხვდებით, ცხენები გაცილებით ადეკვატურები და საღად მოაზროვნე შეიძლება მოგეჩვენოთ ვიდრე ადამიანები.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.