Category Archives: Photo/ფოტო/Фото

ზედაპირული შთაბეჭდილებები ბერლინიდან + რამდენიმე ფოტო

towerberlin

შენ შეგიძლია იყო პატარა ზურგჩანთიანი ტურისტი, რომელიც რუკის თანხლებით ქალაქის ცენტრში, თავის რუტინული როტაციით ათვალიერებს ისტორიულ ღირშესანიშნეობებს.  შენ შეგიძლია იყო ჰიპსტერი, რომელიც კროიცბერგერ-ნოიკოლნს შორის მოძრაობს  და აქაური ცხოვრების ბოჰემურ წესს ეზიარება. შენ შეგიძლია იყო ცივსისხლიანი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც თავისუფალ დროს სადილად შარლოტენბურგის რესტორანში 30 ევროდ  შნიცელს მიირთმევს. შენ შეგიძლია  ბერლინის ისტორიაში და საკუთარი ხმის ძიებაში გართული არტისტი იყო. შეგიძლია იყო მათხოვარი და  უსახლკარო,  რეჟისორი ან ექიმი, ავტობუსის მძღოლი ან პარლამენტის წევრი. ბერლინი ყველა ამ შესაძლებლობას გაძლევს, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული.

berlinmuseum brandeburgtor

berlinchurch

berlinbeercar

კაცმა რომ თქვას, რა უფლება მაქვს ვისაუბრო ბერლინზე, როდესაც მანდ ტურისტის სახით სულ რაღაც რვა დღე გავატარე? ტურიზმი ხომ სიყალბეა, რომელიც ქალაქის ან ქვეყნის გაცნობის ილუზიას გიქმნით და პრინციპში, გიდის წიგნში წაკითხულისგან დიდად არ განსხვავდება. შთაბეჭდილება წლების განმავლობაში მკრთალდება და ბოლოს აღარაფერი გრჩება გარდა მოგონებისა რომ ოდესღაც რომელიღაც ქალაქში დაფიქსირდი. ალბათ თუ გინდა ობიექტურად შეიცნო ბერლინი, ან ნებისმიერი სხვა მეტნაკლებად დიდი ქალაქი, აუცილებელია მანდ იცხოვრო, სხვა შემთხვევაში ყველას ქალაქის შესახებ საკუთარი სიმართლე ექნება, მათ შორის მეც. ეს პოსტი კი ჩემი პირადი სიმართლეა.

ერთ დროს პრუსიის და მოგვიანებით გერმანული იმპერიის დედაქალაქი, ბერლინი უნიკალური მოვლენაა, რომლის უნიკალურობა მეტწილად ჯერ კედლის აღმართვამ, შემდგომ კი მის დანგრევამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა რომ კედელი 20 წელიწადზე მეტია რაც დაინგრა, ის მაინც ცოცხალია და ეს შეგრძნება ყოველდღიურობაში ქალაქის ყველა მონაკვეთზე იგრძნობა. ბერლინში სიარულისას არცერთი წამით არ მტოვებდა ინტერესი იმისა თუ როგორ და ვინ ცხოვრობდა ამა თუ იმ უბანში. ამიტომაც, მგონია რომ ბერლინი ის ქალაქია სადაც ისტორია ყველაზე მკვეთრად ცოცხლობს. ეს ის ქალაქია ოთხმოცდაათიან წლებში  კედლის დანგრევამ, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით მასობრივი მიგრაცია რომ გამოიწვია, მიგრაცია რომელმაც ქალაქი-კოქტეილი შექმნა, კოქტეილი რომელიც მუდმივი მზადების და მიქსის პროცესშია.

berinwarshauwer

potsdammer

soviethatsberlin

ისე, ლირიკას და რომანტიკას თავი რომ დავანებოთ და ცოტათი მექანიკაზე გადავერთოთ, ყველაზე დიდი აღფრთოვანების საგანი ჩემთვის ტრანსპორტის სისტემა აღმოჩნდა. ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი  გერმანული ორგანიზების და მოწესრიგებულობის ერთგვარი სიმბოლო და ავატარია. მიუხედავად იმისა თუ რომელ უბანში, ან რომელ დროს იმყოფებით, პრაქტიკულად გამორიცხულია რომ ტრანსპორტით ვერ ისარგებლოთ და დანიშნულების ადგილას ვერ მოხვდეთ. მეტროს, მატარებლის, ავტობუსის და ტრავმაის ხაზები ისეა ერთმანეთში გადაკლაკნილი და შეერთებული, რომ ქალაქს შიგნით მოძრაობა ბევრ დროს არ დაგარკვინებთ, განსხვავებით ლონდონისა, სადაც მეტროში შეიძლება საათები გაატაროთ.

ბერლინის კლუბური და ღამის ცხოვრება ცალკე თემაა. ქალაქი ამ მხრივაც მრავალფეროვნებას გთავაზობთ. აქ ყველაფერია, დაწყებული მეინსტრიმ კლუბებისგან, მაღალი ფასებით სადაც  მოკლე კაბებიან გოგოებს და საგანგებოდ ნაკაჩავებ ბიჭებს შეხვდებით, გაგრძელებული ჰიპსტერებით გაძეძგილი კლუბებით, სადაც ტექნო მუსიკა უკრავს და დამთავრებული მყუდრო ხმელთაშუაზღვის სტილში გადაწყვეტილი ბარებით.

ბერლინი მსოფლიო პროცესებში მონაწილე აქტიური მოთამაშეა, აქ იქმნება არტი, მოდის, პოლიტიკის და სხვა ტენდენციები. ეს ის ქალაქია სადაც დროს ფასი აქვს, მაგრამ განსხვავებით ზოგიერთი სხვა დიდი ქალაქისა, ბერლინს გასანკუთრებული შარმი და სიმყუდროვე ახასიათებს, რომელიც დიდი სისტემის მარწუხებში მოქცეულ პატარა ჭანჭიკად არ გაგრძნობინებს თავს. აქ შენ ადამიანი ხარ და თუ არჩევანის თავისუფლება ზოგადად არსებობს, ბერლინი სწორედ ის ქალაქია სადაც არჩევანის გაკეთება შეგიძლია.

berlinriver berlingraffiti berlinpark berlinwall

24 მაისის აქცია – არა ძალადობას [ფოტო]

თბილისი. 24 მაისი. დაახლოებით 19.00 საათი. დედა ენის ბაღში შეკრებილები 17 მაის მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.
dedaena

17 მაისის მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ადგილზე პოლიცია ამჯერად მაქსიმალურად მობილიზირებულია. სამართალდამცავების რიცხვი რამოდენიმეჯერ აღემატება დემონსტრანტების რიცხვს.

police

აქციის მონაწილე
banner
couple

ნინო გიორგობიანი, “ზედაზენი” და ბევრი პოლიციელი
giorgobiani

გაკვირვებული ბაბუ როგორც ჩანს შემთხვევით ხვდება აქციაზე და ცდილობს გაერკვეს თუ სად აღმოჩნდა

babu

წარწერა მობილურზე: “სიყვარულით საქართველოდან”

mobileანაფორიანი ადამიანი დანახულ ფოტოობიექტივს იწონებს
mamao

ფოტო ესსე ქართულ ნეგატივზე

რამოდენიმე თვის წინ დასავლეთში მგზავრობის მიზნით თბილისში არსებულ ოკრიბას ავტო სადგურს მივაკითხე. ჩემი  ჩანთით ხელში გამოჩენა და მძღოლების შემოსევა ერთი იყო. მე მათვის პოტენციური კლიენტი ვიყავი, რომლის ხელიდან გაშვება და შესაბამისად ერთი ორი კაპიკის დაკარგვა, არავის სურდა.

როგორც იქნა, “სწორ” სამარშრუტო ტაქსში აღმოვჩდი და მის გასვლას ველოდებოდი, როდესაც კარები ახალგაზრდა ბიჭმა შემოაღო და ორცხობილები შემომაჩეჩა, “ოცდაათი თეთრი, ოცდაათი თეთრი,” მითხრა და ორცხობილები კიდევ უფრო ახლოს მომიწია. რამდენიმე კბილი შემორჩენოდა, სახე კი ლამისაა 70 წლის მოხუცივით დანაოჭებული ჰქონდა. დაახლოებით 25-27 წლის იქნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე ბებერს ჰგავდა. მივხვდი, რომ მის მთავარ საზრუნავს დღითი-დღე საჭმლისთვის იმ მინიმალური თანხის შოვნა წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ დილამდე გაატანინებდა თავს, იმ დილამდე, რომელიც კვლავ საკვების ფულზე ფიქრით დაიწყებოდა.

სამწუხაროდ, დიდი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო, რომ მსგავს პირობებში საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს. ის ახალგაზრდა ბიჭი კი, ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანს შორის, რომელსაც არა თუ მხოლოდ ოკრიბას ავტო სადგურზე, არამედ თბილისში არსებულ ძალიან ბევრ სხვა ტერიტორიაზეც შევხვდებით.  

დღეს ერთ-ერთი ასეთი ადგილის მონახულება და ფოტო სურათების გადაღება გადავწყვიტე.

Kolkheti

House

Icons

Game

Bin

Sleeping

კილტები, გოგოები, ბრედ პიტი და ბიბლიოთეკა ანუ გლაზგოური ფოტოაჯაფსანდალი

შოტლანდიის ყველაზე არეულ, მხიარულ და მთვრალ დიდ ქალაქ, გლაზგოში გატარებული ორი წლის შემდეგ, რომელიც ისე შევისწავლე, რომ არც თუ ისე იშვიათად გზააბნეული ან მთვრალი ტურისტის შეკითხვაზე; “როგორ მოვხვდე ქალაქის ცენტრში,” მე ამაყად, თითის მარტივი მოძრაობით და კომსომოლური მონდომებით გვირაბის ბოლოს სინათლეს გზას ვუჩვენებდი. მადლიერების ნიშნად სიტყვა “Thank you-ს” რომ გავიგებდი,  საკუთარ თავს თვითმაყოფილებით ვეტყოდი, “ყოღაღ დავით.”

მარტოდ ქუჩაში გასულს კი, ნაცნობები იმდენად ხშირად მხვდებოდნენ რომ თავს ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში თბილისში რუსთაველის გამზირზე.  ასე რომ, ამ პოსტში გადავწყვიტე გლაზგოში სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებისთვის მომეყარა თავი.

ფოტომასალა თბილისის ზოოპარკიდან

ერთი კვირის წინ თბილისის ზოოპარკში გასეირნება გადავწყვიტე. დამთვარიელებლების რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა, აქა-იქ პანტა-პუნტად ბავშვები ჩანდნენ, თუმცა ისინიც სცდილობდნენ ჩრდილის პოვნას და ცხოველებს გაუსაძლის სიცხეში ათვარიელებდნენ.

მეც ოფლად ვიღვრებოდი, ასეთ პირობებში კი წამოიდგინეთ ცხოველების მდგომარეობა. საწყლები, გალიაში გამოკეტილნი უალტერნატივოდ იყვნენ დარჩენილები და ხშირ შემთხვევაში მათთვის გამოყოფილ დახურულ სივრცეში ჩრდილსაც კი ვერ პოულობდნენ. ცხოველების უმეტესობა ინსტინქტურად ცდილობდა წყლის დალევას იმ ადგილიდან სადაც წესით და რიგით წყალი უნდა ესხას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ადგილი გამომშრალი ხვდებოდა.

ზოგადად, ჩემი ნება რომ იყოს ზოოპარკს როგორც მოვლენას საერთოდ ავკრძალავდი, რადგანაც მიმაჩნია რომ ცხოველებს უნდა შეეძლოთ ბუნებაში თავისუფლად ცხოვრება.

ჩემი მოკრძალებული აზრით ზოოპარკი, არაბუნებრივ, არაცივილურ და ბარბაროსულ მოვლენას წარმოადგენს. მე პირადად ორჯერ დავფიქრდებოდი ბავშვის წაყვანა/არ წაყვანას ასეთ დაწესებულებაში.

თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ზოოპარკი თბილისში არავის აუკრძალია, მაშინ ვფიქრობ იმ პირებმა რომლებსაც ეხებათ, ცხოველებს ნორმალური პირობები მაინც უნდა შეუქმნან, ეს პირობები კი როგორც მინიმუმ ლომის და დათვის გალიის ზემოთ  ტრასის მშენებლობას არ უნდა გულისხმობდნენ.

დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი რომ ზოოპარკი სხვაგან უნდა გადაიტანონ, სადაც ცხოველებს უკეთესი პირობები შეექმნებათ, თუმცა როდის მოხდება გადატანა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ჯერჯერობით კი ზოოპარკის ბინადრებს ქვემორე მოყვანილ პირობებში უწევთ არსებობა.

ოცდაცხრამეტი სურათი ნავთლუღის ბაზრობიდან

კომენტარის გარეშე გთავაზობთ ნავთლუღის ბაზრობაზე გადაღებულ ფოტომასალას.

თქვენ ხომ არ ანგრევთ ანუ გუდიაშვილის მოედნის საპროტესტო ლოზუნგი

გთავაზობთ ფოტომასალას, გუშინ, 20 მაისს გუდიაშვილის მოედანზე გამართული აქციიდან. ინფორმაციას უშუალოდ აქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ლიბერალის ვებ გვერდზე.