თბილისის მე-16 კინოფესტივალი: 3 დეკემბრის ანონსი, გასული დღის შეფასება

დღეს რამდენიმე კარგ ფილმს უნდა ველოდოთ…

FarFromMen_web_1

45 წელი (45 years)

ფილმი, რომელში ერთ-ერთ მთავარ როლს შარლოტ რემპლინგი ასრულებს, წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი ქორწინების 45-ე წლისთავის აღნიშნვნისთვის ემზადება. თუმცა, ღირშესანიშნავ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე თავს დავიწყებული აჩრდილი იჩენს თავს. “45 წელს” ორ საათზე ამირანის დიდ დარბაზში აჩვენებენ.

შორს კაცთაგან (Loin Des Hommes)

ფილმები ვიგო მორტენსენით მთავარ როლში ყოველთვის საინტერესოა. “შორს კაცთაგან” ალბერ კამიუს მოთხრობას, “სტუმარი” (L’Hôte) ეფუძნება, რომელიც ყოფილ ფრანგ ჯარისკაცის ალჟირში 50-იან წლებში ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მორტენსენის პერსონაჟს, დარუს, ალჟირელი დისიდენტის მეზობელ ქალაქში სასამართლოში გადაყვანას ავალებენ… ის რომ ფილმის საუნდტრეკის ავტორი ნიქ ქეივია ალბათ მისი ნახვის დამატებით მოტივაციაა. “შორს კაცთაგან” რუსთაველის მეხუთე დარბაზში საღამოს ცხრა საათზე გავა.

თუ თავისუფალი დრო გაქვთ და ორზე მეტი ფილმის ნახვის სურვილი გაქვთ, დღის დაწყებას “გაკვეთილით” (Urok) გირჩევდით, ამ ბულგარულმა ფილმმა უკვე მაოსწრო არაერთი ჯილდოს მოპოვება. მას საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში 12 საათზე ამირანის დიდ დარბაზში აჩვენებენ.

კურტ კობეინის და ალბათ ზოგადად თანამედროვე მუსიკის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება კობეინი, “არეული მონტაჟი,” (Cobain: Montage of Heck) დოკუმენტური საკულტო ჯგუფ Nirvanas ლიდერზე.

თუ ცხრა საათზე ზემოთ ხსენებულ სეანსზე (“შორს კაცთაგან”) დარბაზი სავსე დაგვხდათ, ან უბრალოდ არ გაინტერესებთ და სხვა რამის ნახვას ისურვებდით, ამირანის მესამე დარბაზში საჩვენებელ ფილმს გამოვარჩევდით. აქ ამ დროს ვენესუელურ-მექსიკური “შორიდან” (Desde Alla) გადის.

მოკლედ 2 დეკემბერს ნანახ ფილმებზე

გუშინდელი დღე გარკვეულწილად იმედგაცრუბების დღე აღმოჩნდა. ეს პირველ რიგში ჟაკო დორმალის “ახალთახალ აღთქმას” ეხება. ფილმს თითქოს არაფერი აკლია,  გადასარევი ვიზუალი, უბადლო მონტაჟი, ნოვატორული თხრობის სტილი, მაგრამ ყურებისას გარკვეულ მომენტში ხვდები, რომ სინამდვილეში უყურებ ფილმს არაფრის შესახებ. კი, ლამაზი და კარგად დალაგებული კადრებია, რომელიც მძლავრ ეფექტს ახდენს მაყურებელზე, მაგრამ სეანსის შემდეგ შემდგომი საფიქრალის გარეშე ტოვებს. სამწუხაროდ, დორმალი იმ მაგს დაემსგავსა, რომლის საუკეთესო ტრიუკებიც წარსულს ჩაბარდა.

პაოლო სორენტინოს “ახალგაზრდობის” (Youth) ყურებისას ფიქრობ, რა დიდებული სილამაზეა… თუმცა, მერე ჰარვი კეიტელი, მაიკლ კეინი, რეიჩელ უეისი, პოლ დენო და ვიღაც ჭარბწონიანი მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს მარადონას, გახსენდება და ფიქრობ, რომ ძალიან რთულია ასეთი კასტით ვერ გადაიღო კარგი ფილმი. თუმცა, ასეთი არაერთი გვინახავს, ასე რომ ნუ დავუკარგავთ სორენტინოს ოსტატობას და შევირგოთ მისი საფირმოდ გამორმებული დელიკატესი.

ფორს მაჟორის (Force Majeure) ყურებისას ასეთი აზრი მიტრიალებდა, “იქნებ ამერიკულ კინოაკადემიას შეცდომა არ მოსვლია ფილმი საუკეთესო უცხოენოვანების შორტლისტში, რომ არ შეიყვანა?” არა, ცუდი ფილმი ნამდვილად არაა, საინტერესო თემით და კითხვით, რომელიც თანამევედროებაში ოჯახის როგორც ინსტიტუტის სიმყარეს ეხება, რეჟისორის მცდელობით საკითხი სხვადსხვა კუთხიდან დაენახა, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც აკლია… ან იქნებ, მე შევიქმენი გადაჭარბებული მოლოდინი ფილმზე, რომელიც პრინციპში არაა ცუდი, მაგრამ მისი მნიშვნელობის გადაჭარბება არასწორი იქნებოდა?

 

 

თბილისის მე-16 კინოფესტივალი: გასული დღის შეფასება, მომავალი დღის მიმოხილვა [2 დეკემბერი]

7GUzXta7ExAMYeCXznnbQYnjOyA

არ ვიცი Louder than Bombs-ის ძლიერ ვიზუალურ მხარეს დავაბრალო თუ იმას, რომ არავის სურდა ინგლისურის არცოდნის აღიარება, მაგრამ ხოაკიმ ტრიერის უსუბტიტრო დრამაზე დარბაზი ბოლომდე სავსე დარჩა. ტექნიკური წუნი იქეთ იყოს (თვალებს ვხუჭავ იმაზე, რომ ფირი სამჯერ გაიჭედა) და ფილმი დღევანდელი ფესტივალის ნამდვილი გვირგვინი იყო. ტრიერის ფილმი მრავალწახნაგოვანი დრამაა, საკმაოდ ორიგინალური თხრობის სტილით, გადასარევი ვიზუალით, მუსიკით და ატმოსფეროთი. მოკლედ, ისეთი ფილმია ცალკე, ფესტივალის დასრულების შემდეგ ვრცელი რეცენზიის დაწერას რომ მოგანდომებს
ადამიანს…

შექებას იმსახურებს ასევე ფენიქსი (Phoenix), დრამა მეორე მსოფლიო შემდეგდროინდელ გერმანიაზე.  ფილმი მთავარი გმირი, გერმანიაში საკონცეტრაციო ბანაკიდან დაბრუნებული სახედასახიჩრებული ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ახალ სახესთან, იდენტობასთან და გერმანიასთან შეგუება უწევს. ფილმი ორფენიანია, ერთის მხრივ მისი წაკითხვა სწორხაზოვნად, მთავარი პერსონაჟების ერთმანეთთან ურთიერთობით შეიძლება და მეორეს მხრივ – ამ ურთიერთობებში სიმბოლოების დანახვით. ასეთი განზოგადოება გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რომ ფილმი ცდილობს გაანალიზოს რამდენად მზადა არიან
ერთის მხრივ ებრაელები დაუბრუნდნენ თავის ცხოვრებას გერმანიაში და მეორეს მხრივ რამდენად შეუძლია გერმანულ საზოგადოებას საკუთარი თავის პატიება.

“ხმელთაშუა ზღვისპირეთი” (Mediterranea) მოგვითხრობს იმაზე თუ რა კოშმარამდე შეიძლება მიიყვანონ ოცნებებმა არალეგალი აფრიკელი მიგრანტები. ფილმი ორ ბურკინა ფასოელ მეგობარის სარისკო მოგზაურობაზე და შემდგომ უკვე იტალიაში მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობს. რეჟისორი იონას კარპინიანო ფილმით მნიშვნელოვან კითხვას სვამს, ღირს კი მიგრაცია ქვეყანაში სადაც არავინ გელოდება?

დღეს ნაჩვენებ ფილმებს შორის, ასევე კარგი იყო “უსიმღერო ქვეყანა”(No Land’s song),
დოკუმენტური, რომელიც ირანში არსებული შეზღუდვის შესახებ მოგვითხრობს, კონკრეტულად კი 1979 წლის რევოლუციის შემდგომ არსებული კანონზე, რომელიც კრძალავს ირანში ქალების სოლო სიმღერას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ფილმი სწორედ ამ პრობლემაზე ფოკუსირებით და ერთ-ერთი ჯგუფის მიერ ამ უფლებისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს.

რეკომენდაციები 2 დეკემბრისთვის

12:00 სთ

თუ ზემოთმოყვანილმა მინი რეცენზიამ “ხმელთაშუა ზღვისპირეთზე” (Mediterranea) დაგაინტერესათ და მისი დღეს ნახვა ვერ შეძელით, მაგრამ ხვალ საქმეს მზად ხართ 12 საათიდან შეუდგეთ, შეგიძლიათ რუსთაველის მეოთხე დარბაზს მიაკითხოთ.

14:00 სთ

ამ დროს ორი საინტერესო, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ფილმი გადის, ორივე რუსთაველში. პირველი, “არავის ბავშვი” (No One’s Child) სერბო-ხორვატული რეალურ ამბებზე დაფუძნებული ფილმია, რომელიც მგლების ხროვაში ნაპოვნი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს. მეორე ბელგიური კომედია ჟაკ ვან დორმალის (Mr. Nobody-ს ავტორი) რეჟისორობით, “ახალთახალი აღთქმა” (The Brand New Testament)  ბრიუსელში მცხოვრები ღმერთის შესახებ მოგვითხრობს… თუმცა, აქვე გეტყვით, რომ “არავის ბავშვს” შაბათს ორ საათზე იმეორებენ.

16:00

ოთხ საათზე დიდ ამბავს უნდა ველოდოთ რუსთაველის მეხუთე დარბაზში. აქ ამ დროს მარტა ფაინსის 1999 წლის “ონეგინი” (Onegin) გავა, რომლის შემდგომაც გაიმართება რეჟისორის მასტერ კლასი.

19:00

შვიდ საათზე დიდი დატვირთვა ექნება ამირანის მეორე დარბაზს. აქ, ამ დროს პაოლო სორენტინოს “ახალგაზრდობა” (Youth) გავა.

21:00

ამ დროს საჩვენებელ ფილმებს შორის საინტერესო იქნება “ფორს მაჟორი” (Force Majeure), შვედური დრამა, რომელიც შარშან ოსკარებზე უსაფუძვლოდ დაიჩაგრა და მიუხედავად კრიტიკოსთა მოლოდინებისა, ვერ მოხვდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების შორტლისტში.

თბილისის მე-16 კინოფესტივალი: მომავალი დღის მიმოხილვა, 1 დეკემბერი

მიმდინარე კინოფესტივალის ფარგლებში გადავწყვიტე ყოვედლღიურად მომდევნო დღეს საჩვენებელ ფილმებს შორის რამდენიმე გამოვარჩიო და იმათზე გავამახვილო ყურადღება, რომლებიც ჩემი მოკრძალებული აზრით მაყურებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. მართალია ფესტივალი ოფიციალურად ორშაბათს იწყება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ერთადერთი ფილმი (მოირა) იქნება ნაჩვენები, მეორე დღით ვიწყებ.

PHOENIX

14:00 სთ.

Baal (ბაალი)

1969 წლის ეს გერმანული ფილმი ბერტოლტ ბრეხტის და ზოგადად თეატრის მოყვარულებს დაგაინტერესებთ. ფილმი ბრეხტის ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციას წარმოადგენს და სულ 24 სცენისგან შედგება.

No Land’s Song (უსიმღერო ქვეყანა)

ირანელი კომპოზიტორი, სარა ნაჯაფი საკუთარ ქვეყანაში საჯარო კონცერტის ჩატარებისთვის წლებია იბრძვის, უფლებისთვის რომელიც ირანში კანონით იკრძალება. დოკუმენტური ამ ერთგვარი ამბოხის შესახებ მოგვითხრობს.

16:00 სთ
Mediterranea (ხმელთაშუა ზღვისპირეთი)
ფილმი ამ ბლოგის ფესტივალზე 15 სანახავ ფილმებში მოხვდა. მოკლე სინოპსისი: ორი აფრიკელი ლტოლვილი იტალიისკენ მიემგზავრება, თუმცა გზაში ბევრ მოულოდნელ სირთულეს და სისასტიკეს წააწყდება.

19:00 სთ.

შვიდსაათიან სეანსებზე მაყურებელს რთული არჩევანის გაკეთება შეიძლება მოუწიოს, ამ დროს ერთმანეთს ორი ძალიან კარგი ფილმი ემთხვევა. საღამოს ამ სეანსზე ამირანში  Phoenix (ფენიქსს) აჩვენებენ, ფილმს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაზე და ამ კონტექსტში იდენტობის კრიზისის შესახებ მოგვითხრობს. რუსთაველში კი ამავე დროს Dancing Arabs (მოცეკვავე არაბები) გავა, ფილმი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორია იყო არაბი და ცხოვრობდე ისრაელში.

21:00 სთ.

არჩევანის გაკეთება არც ცხრასაათიან სეანსზე იქნება მარტივი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა მოგწონთ უფრო მეტად, სპეციფიური სკანდინავიური იუმორი თუ ოჯახური დრამა გარდაცვლილი ფოტოგრაფის შესახებ. პირველს ისეთი სახელწოდება აქვს, ინდი ბენდს დაამშვენებდა… A Pigeon Sat on a Branch Reflecting on Existence (იჯდა მტრედი ტოტზე და ცხოვრებაის არსზე ფიქრობდა), მისი ნახვა რუსთაველში შეგეძლებათ. მეორეს Louder Than Bombs (ბომბებზე ხმამაღლა) ჰქვია და მასაც რუსთაველში აჩვენებენ.

თბილისის კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

45-Years-xlarge

თბილისში დეკემბერი ის თვეა, საშუალება თუ გაქვს, შვებულება რომ უნდა აიღო და მეტწილი დრო კინოთეატრებში ფილმების ყურებით გული იჯერო. წლევანდელი კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. მართალია ჩვენებების ზუსტი განრიგი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ვიცით თუ რა ფილმების ნახვა შეგვეძლება ღონისძიებაზე. 100-ზე მეტი ფილმის საკმაოდ სკრუპულოზური შესწავლის  შემდეგ გადავწყვიტე ჩემეული სიის გაკეთება, რომელსაც ქვემორე გთავაზობთ.

Dheephan 

სიას წლევანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებულით თუ დავიწყებ, ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ფილმი პარიზში შრი-ლანკიდან გამოქცეული მერბძოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქალაქში მომვლელად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ კანის ფესტივალს წელს ძმები კოენები თავმჯდომარეობდნენ, ასე რომ წინ წესით კარგი სანახაობა გველის.

Youth

კიდევ ერთი მოსალოდნელი ფილმი სიაში, ფილმის რეჟისორი ხომ აწ უკვე აღიარებული პაოლო სორენტინოა. კასტი? მაიკლ კეინი, ჰარვი კეიტელი, რეიჩელ უესი…

Even The Rain

მართალია, შედარებით ძველი (2010 წ), მაგრამ მაინც აბსოლუტურად საჭირო ფილმია. ფესტივალზე მას სოციალური ცვლილების სექციაში აჩვენებენ, რაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე სრულად ლოგიკურია. ფილმის გმირები ბოლივიაში კოლუმბის კოლონიზაციაზე ფილმს იღებენ, რაც თანამედროვე ბოლივიაში წყლის რეალურად მომხდარ პრივატიზაციას  და შემდგომ პროტესტებს ემთხვევა.

The Brand New Testament

სახალისო და საინტერესო ფილმი უნდა იყოს ჟაკო ვან დორმეილის ახალი ნამუშევარი. დორმეილს მაყურებელი ყველაზე კარგად მისი მაგნუმ ოპუსის Mr. Nobody-ის გამო იცნობს. ფილმის სიუჟეტიც საკმაოდ დამაინტრიგებელია – ღმერთი თავის ქალიშვილთან ერთად ბრიუსელში ცხოვრობს…

Force Majeur 

წლევანდელ ფესტივალზე ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანზე წინა ოსკარებზე უსამართლოდ დაჩაგრული ფილმის ნახვის საშუალება ექნება. 2014 წლის შვედური დრამა ბოლო ოსკარებზე უცხოური ფილმის კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში შორტლისტის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

45 Years

არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ეს ფილმი, რომელსაც როტენ ტომატოს ვებ გვერდზე კრიტიკოსებისგან 100-დან 98 პროცენტიანი შეფასება ერგო.

Carol

კეიტ ბლანშეტის და მარა რუნის სამსახიობო კლასში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად ამ ფესტივალზე ქეროლის ნახვა ნამდვილად ღირს.

No One’s Child

ამ ფილმისგან შოკს უნდა ველოდოთ. სერბო-ხორვატული დრამა ნამდვილ ამბავს ეფუძნება, ის  მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცივილიზაციაში მოხვედრილი რთულად ეგუება ახლადაღმოჩენილ სამყაროს.

Victoria

“ვიქტორიამ ჩემი სამყარო შეანჯღრია” – ასე გამოხმაურა დარენ არანოფსკი ამ ფილმს. ფილმისთვის ყურადღების მისაქცევად ეს ალბათ საკმარისი უნდა იყოს.

Far From Men

2014 წლის ეს ფილმი ალბერ კამიუს მოთხრობას ეფუძნება და ალჟირში ომის პერიოდში წარმოშობით ფრანგი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლში – ვიგო მორტენსენი.

A Girl Walks Home Alone At Night

უკვე ძალიან გახმაურებული ფილმი ირანიდან, რომელიც სხვადასხვა ჟანრების თამამ კოქტეილს წარმოადგენს…

From Afar

სამხრეთ ამერიკული კინო ყოველთვის საინტერესოა, ეს ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება.

Dancing Arabs

კიდევ ერთი კომედიური ფილმი სერიოზულ თემაზე სიაში. “მოცეკვავე არაბები” ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა პალესტინელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.

The Golden Era

ამერიკელების გარდა მასშტაბური ფილმების გადაღება ვინმეს თუ შეუძლია ალბათ ჩინელები არიან. ამიტომ პირადად მე ფესტივალზე ამ ფილმის გამოტოვებას არ ვაპირებ.

Mediterranea

ფილმი აქტუალურ თემას ეხმაურება – ორი აფრიკელი ლტოლვილი იტალიისკენ მიემგზავრება, თუმცა გზაში ბევრ მოულოდნელ სირთულეს და სისასტიკეს წააწღდება. რეჟისორი მასზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და თავიდან მოკლე დოკუმენტურ ფილმის გაკეთებას გეგმავდა…

აქვე გთავაზობთ იმ ფილმებს, რომლებიც მიუხედავად სურვილისა დიდი კონკურენციის გამო ვერ მოვახვედრე 15ეულში, მაგრამ ვფიქრობ ნახვად ნამდვილად ღირს.
The Lesson,  A Pigeon Sat On A Branch Reflecting on ExistenceLouder than Bombs, Pride, Rams, Tale of TalesWondrous BoccaccioFassbinder – To Love Without Demands,  Sound of TortureOnegin, 13 Minutes, PhoenixThe People vs. Fritz BauerStanding TallCasanova VariationsCobain: Montage of HeckTaxiA Girl At My DoorLooking for Grace, Forbidden Voices,  As I Open My Eyes, Much Loved, Paulina.

კინო 100 სიტყვაში. N 4. Caramel (2007).

“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად,”

ლევ ტოლსტოი

11391327_10155784751055165_8734394227501082666_n

მიუხედავად იმისა, რომ ნადინ ლაბაკი სულ ორადორი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ის მაინც განსაკუთრებული მოვლენაა ლიბანურ და ზოგადად მსოფლიო კინომატოგრაფიაში.

ლაბაკის სამყარო ქალების სამყაროა, ლიბანში მცხოვრები ქალების, რომლებიც აბსოლუტურად პატრიარქალურ გარემოში ახერხებენ საკუთარი ხასიათის და ინდივიდუალიზმის გამომჟღავნებას. სწორედ ასეთ სამყაროს წარმოადგენს “კარამელი.” აქ სხვადასხვა წარსულის, კულტურის (მუსულმანები და ქრისტიანები), ასაკის და გემოვნების ქალებს შეხვდებით.

ფილმის მოვლენები მეტწილად ერთ საპარიკმახეროში ვითარდება. ეს ერთი შეხედვით ლაღი და პოზიტიური გარემოა, მაგრამ ამ სილაღის მიღმა ხშირად ჩახშობილი ვნებით გამოწვეული სევდა იმალება, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. ამ განსხვავების მიუხედავად ფილმის გმირები ერთმანეთს თანაუგრძნობენ და გასაჭირში არ კარგავენ სოლიდარობის გრძნობას.

კინო 100 სიტყვაში. N 3. Kingsman: The Secret Service (2014).

8.1/10

11391172_10155777125315165_871849724395551055_n

Kingsman-ს ჯაშუშური ფილმისთვის ყველა დამახასიათებელი თვისება აქვს, კონსპირაციული თეორიები, გლობალური მასშტაბის ბოროტმოქმედი, კალამი რომელიც კალამზეა უფრო მეტია, იუმორი და მოღალატე, რომელიც ფილმის ბოლოსკენ აუცილებლად უნდა გამოვლინდეს.

ამის მიუხედავად, ფილმში არაერთხელ გაჟღერებული ფრაზით რომ ვთქვათ, “ეს სხვა ტიპის ფილმია.” აქ ყველაფერი იმდენად გაზვიადებულია, რომ ამის ფონზე ბონდიანის ფილმები სოცდრამადაც კი შეიძლება მოგეჩვენოს. რამდენიმე სცენაში ბონდზე რამდენიმე საკმაოდ პირდაპირ მინიშნებასაც კი ვხდებით, თითქოს პაროდიის ნიშნებიც სახეზეა, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს პაროდია კი არა, არამედ ჯაშუშური პოპ კულტურისადმი ერთგვარი ძღვენია.

აქვე საინტერესოა, რომ ბონდიანასგან განსხვავებით, სადაც მთავარი გმირი სტერეოტიპულად ბრიტანელი დენდი, შეიძლება სნობიც კი არის, Kingsman-ის მთავარი გმირი პლებსური გარემოდანაა, რომელიც არა დედოფალს, არამედ ხალხს ემსახურება და რომელსაც ბონდისგან განსხვავებით, ჯილდოდ არა უბრალოდ სუპერ გარეგნობის გოგო, არამედ არც მეტი, არც ნაკლები – პრინცესა უნდა ერგოს!

კინო 100 სიტყვაში. N 2. Testament of Youth (2014).

7.7/10

ნახე რა კარგად ვმღერი, მიუხედავად იმისა რომ პირი ჭიებით მაქვს გამოტენილი,”

დალტონ ტრამბო

 11425420_10155762647835165_259970148606062706_n

პირველ მსოფლიო ომს ხანდახან უკანასკნელ რომანტიულ ომსაც უწოდებენ. შეიძლება იმიტომ, რომ ომის საშინელებამ გლობალური, აქამდე არნახული მასშტაბები მიიღო. 1914 წელს ადამიანები ომის გამოცხადებას სიხარულით, ოპტიმიზმით, თავის გამოჩენის იმედით შეეგებნენ. ყველას ეგონა, ომი დღეებში თუ არა, კვირებში დამთავრდებოდა.

ფრონტზე წამსვლელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხლად დაბრუნებულები თავის მეგობრებს და შვილებს საგმირო ამბებზე მოუყვებოდნენ… სინამდვილეში, ამას მხოლოდ დასახიჩრებულები თუ გააკეთებდნენ, ან უარეს შემთხვევაში, ისტორიებს მათზე მოყვებოდნენ.

Testament of Youth ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა. ფილმი ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ეს რომანტიულ ტყავში გახვეული ანტიმილიტარისტული, ჰუმანისტური მანიფესტია, სადაც ეიფორიაში მყოფი საზოგადოება საკუთარ თავს აჩრდილებით სავსე კოშმარში აღმოაჩენს.