Tag Archives: აბერდინი

როგორ ვერ მოვიცილოთ დამღლელი თანამგზავრი და შევეცადოთ დაძინება ფართოდ დახუჭული თვალებით

რას აირჩევდით, მარტო მგზავრობას თუ ისეთ ტიპის ადამიანთან ჯდომას რომელიც ერთ საათის განმავლობაში საკუთარი ისტორიების მოყოლით შეგახსენებთ რომ ამ სამყაროში ნამდვილად არსებობენ დამღლელი და ცოტათი არანორმალური ადამიანები?

ჩემი უალტერნატივო არჩევანი გლაზგოდან აბერდინში მგზავრობისას მგზავრების აყვანის მიზნით ქალაქ დანდის ავტობუსების გაჩერებაზე გაკეთდა. წყლის ყიდვა გადავწყვიტე და ჩემი ადგილიც უპატრონოდ (ჩანთა დავტოვე სავარძლის ქვეშ) დავტოვე.

5 წუთის შემდეგ დაბრუნებულმა ჩემს ადგილზე დაბალი, მაგრამ ჯირკი, შოტლანდიურ ნაციონალურ კოსტიუმში, ანუ კილტში გამოწყობილი 35-40 წლის მამაკაცი აღმოვაჩინე.

“თუ შეიძლება ჩანთას ავიღებ, მანდ დავტოვე,” ვეუბნები და თან ჩანთას ვიღებ. წინა სავარძელზე, ყურსასმენებიანი, იტალიელი გოგო ზის და ჩემთვის ადგილს ათავისუფლებს, მეც ვჯდები.

ამ დროს, შოტლანდიელი მეძახის, “იტალიანო?” – ვიღიმი და ვპასუხობ რომ არა. “ესპანიოლ?” – ისევ არას ვეუბნები.

“ფრანსეზ?” – ვეუბნები კვლავ არას და თან ვხვდები რომ თუ რამე არ ვიღონე ამ ადამიანმა შეიძლება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ჩამოთვალოს, ამიტომაც ინგლისურად მიმინოს სტილში ვპასუხობ, “ნეტ, გრუზინ”.

“აჰ, ჩვენ ამჯერად ერთ ჯგუფში არ ვართ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენ ესპანეთთან და ლიტვასთან ვართ.” – მეუბნება, მე ვუღიმი.

“ეს გოგოც ქართველია?” – მეკითხება და ყურსასმენებიან გოგოზე მანიშნებს.

“არა, არ ვიცნობ,” ვპასუხობ.

“მაშინ ჩემთან გადმოჯექი, მოდი, მოდი ვილაპარაკოთ.”

რომ მცოდნოდა ერთ საათის განმავლობაში რა დღეში ჩამაგდება ეს ზღაპრიდან რეალურ ცხოვრებაში გამოქცეული პერსონაჟი ნამდვილად არ დავთანხდებოდი, მაგრამ…

“ჩემი რუსული სახელი გიორგია, გიორგი რობოტი, ინგლისურად კიდევ ჯორჯ რობერტ”, რობოტი თავიდან ხუმრობად აღქვიქვი, მაგრამ შემდგომში რამდენიმეჯერ რომ გაიმეორა ეჭვი შემეპარა, მოკლედ ხელი გამომიწოდა და მეც გამოვეცნაურე.

ამის შემდეგ “რობოტმა” თავისი მონოლოგი დაიწყო. ის მიყვებოდა იმაზე თუ როგორ უყვარს ფეხბურთი, დალევა და ა.შ. ზოგადად თემიდან თემაზე დახტოდა, თემებს შორის ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა კი ხშირად შეუძლებელი იყო.

რაღაც მომენტში უცბად მან საკუთარ კატაზე დამიწყო მოყოლა.

“უჰ, საშინლად მტკივა თავი, გუშინ ბევრი დავლიე, და გვიან დავწექი, მაგრამ ამ კატამ დილით გამაღვიძა, მპორჭყნა, აი უყურე,” ამ სიტყვებზე მან დეტალურად მაჩვენა თითები.

ვიღიმი.

ის აგრძელებს და მეუბნება თუ როგორ უყვარს თავის კატი ყველაფრის მიუხედავად. შემდეგ მობილურს “აძრობს,” რაკუშკას რომ ეძახიან ისეთს, საუკუნის დასაწყისში რომ იყო თბილისში პოპულარული და თავის კატის სურათს მაჩვენებს.

ვუღიმი.

“მე ზოგადად ძალიან კარგი ფოტოგრაფი ვარ, აი მოდი სხვებსაც გაჩვენებ,” და ამ სიტყვებზე მაჩვენებს ძალიან ცუდი ხარისხის ფოტოებს სადაც რამის გარჩევა შეუძლებელია.

“აი ეს პრინც ვილიამის ხელია,” თვალებს ფართოდ ვახელ და თან ვუღიმი. ორი ვარიანტია, ამ ადამიანს ან ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, ან კიდევ შეშლილია.

საუბარს რომ აგრძელებს ვხვდები რომ პირველი ვარიანტი უნდა გამოვრიცხო.

“აი მე იცი რა მაგარი რაღაცეების გაკეთება ვიცი?”

ვუღიმი.

ამ სიტყვების შემდეგ ის იწყებს ხელების “გრეხვას”, თითს მეორე ხელის თითში იყრის, ატრიალებს და მოკლედ ბოლომდე მაგიჟებს. შემდეგ ხელს იღლიის ქვეშ იყოფს და მეუბნება, “აი ასეც შემიძლია ხმის გამოცემა, ხომ მაგარია?”

მე ფარისევლურად ვეუბნები, რომ “კი, მაგარია.” და ამავდროულად ვიწყებ ფარული კამერის ძიებას.

“იცი, მე რელიგიური ვარ” მეუბნება და ძალიან სერიოზულად მიყურებს.

“ოპა, ჩამოვედით, ღმერთო შენ მიშველე” ვფიქრობ.

“შენ რელიგიური ხარ?” მეკითხება.

“…არც ისე…” ამ სიტყვებზე ჩემი თანამგზავრის სახეს ვამჩნევ და ვხვდები რომ ფატალური შეცდომა დავუშვი.

“არა, ისე მონათლული ვარ ქრისტიანად, ოღონდ მართლმადიდებლად,” ვცდილობ შეცდომის გამოსწორებას.

“ეგ არაფერი, ღმერთი იქ ერთია და ყველას ზემოთ გველოდება,” მეუბნება და თან რაღაც უცნაურ ლოცვასავით მიმართავს.

მერე მთხოვს მოვუყვე მართლმადიდებლური ლოცვები როგორია, კონკრეტულად რა აინტერესებს ვერ ვხვდები, მაგრამ ბოლოს მეუბნება რომელიმე ლოცვის დასაწყისი მითხარიო.

ყველაზე საინტერესო ისაა კი რომ მეც “მამაო ჩვენოს” ტექსტს ვეუბნები ნაწილობრივ. გაოგნებული თვალების მიყურებს, კილტზე მიმაგრებულ პატარა ჩანთას ხსნის, იქედან ამოაქვს ცხვირსახოცი, იწყებს ქვითინს და თვალებს იწმენდს.

“მადლობა, მადლობა,” მეუბნება და ხელს მართმევს.

მერე საკუთარ თავს უბრუნდება ხელებს აერთებს, ღმერთს მადლობას უხდის და ქვითინ ლოცვაში ვხედავ თუ როგორ უკანკალებს ყბა.

“გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ” ვფიქრობ და თან ვრწმუნდები რომ ეს ტიპი “აძერჟიმია,” ფანტაზია მეხსნება და წარმოვიდგენ თუ როგორ მიტაცებს, მივყავარ სახლში და მსხვერპლად მწირავს.

ამის შემდეგ ის კვლავ სხვა თემებზე გადადის და თუ საუბრის პირველ ნახევარში ზრდილობის ფარგლებში ღიმილით თუ მოკლე “კით” ვპასუხობდი ვხვდები რომ სრატეგია უნდა შევცვალო და მიუხედავად იმისა რომ კარგად გამოძინებული ვარ თავს ვაჩვენებ და ვცდილობ დავარწმუნო რომ ვიძინებ.

თუმცა, ეს მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მონოლოგს განაგრძობს და შიგადაშიგ მიტრიალდება და მელაპარაკება. ჩემი სტრატეგია ვერ ამართლებს. საათს ვუყურებ, მეჩვენება რომ თითო წუთი ერთ საათს გრძელდება.

ამ დროს იქმნება საავარიო მდგომარეობა, ავტობუს წინ მსუბუქი ავტომობილი ეღობება, ხალხი ცოტათი შეკრთა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამ დროს ჩემი პერსონაჟი ადგილიდან ხტება და მთელ ავტობუსზე ყვირის “ქალი მძღოლია!!!”

“ღმერთო ჩემო ყველაფერთან ერთად სექსისტიცაა,” ვფიქრობ და ვცდილობ მისი გამოხტომ არ შევიმჩინო და ჯიუტად ვცდილობ გავაგრძელო “ძილი.”

ამ დროს ჩემი თანამგზავრი პირიდან იღებს პროტეზს და მერე კვლავ უკან აბრუნებს.

…მახსენდება რომ ორჯერ ჩამოვართვი ხელი და ამავე დროს ვფიქრობ რომ სენტიმენტალური დამშვიდობება აღარ ღირს.

“ბევრ კანფეტს ვჭამდი ყრმობაში, თან ვისკისაც ვსვამდი და აი მოკლედ აღარ დამრჩა კბილები,” მეუბნება და ლაპარაკს სხვა თემებით აგრძელებს.

“ძალიან მიხარია დევიდ რომ გაგიცანი, საერთოდ ძალიან იშვიათად ველაპარაკები გვერდზე მჯდომებს,” მეუბნება და ვხვდები რომ აშკარად მეკაიფება.

“თუმცა, ამის წინათ კიდევ ერთი კარგი ადამიანი გავიცანი, ნომერი მივეცი და იმედია დამირეკავს მალე.”

“ნეტარნი არიან მორწმუნენი,” ვფიქრობ.

მოგვიანებით ვხვდები რომ ჩემი ძილის სტრატეგია ცოტათი მაინც ამართლებს იმდენად რამდენადაც შოტლანდიელი კოლორიტი უკვე წინ მსხდომ იტალიელებს წვდება და სავარძლებს შორის ნაპრალში ყოფს ცხვირს და ერთ-ერთს მიმართავს, “ოლლა… ოლლაა.”

ისიც თავიდან არ იმნევს, მაგრამ მოგვიანებით უალტერნატივოდ დარჩენილი “ჰაით” პასუხობს.

“ესპანიოლ?”

“არა, იტალიელები ვართ” – პასუხობს გოგონა.

“აა, მე მიყვარს იტალია, პარმაში ვარ ნამყოფი 99 წელს, რეინჯერსს ეთამაშებოდა თქვენი გუნდი”

“ააა”

ცოტა ხანში ჩემი თანამგზავრი დაუკრეფავში გადადის და ისეთ რაღაცეებს ეუბნება იტალიელს, რომ ის იძულებული ყურსასმენები გაიკეთოს და არ შეიმჩნიოს.

პერსონაჟი კვლავ მე მიბრუნდება, “არა, არა, აღარ გინდა გთხოვ, რა დავაშავე” ვფიქრობ და ამავედროულად შვებას ვგრძნობ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ჰორიზონტზე აბერდინი ჩნდება!

შვება ახლოსაა!

Advertisements