Tag Archives: ადამიანი

კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი

1990 წელს ვოიაჯერ 1-მა ჩვენს პლანეტას 6 მილიარდი კილომეტრის სიშორიდან სურათი გადაუღო. ამ სურათს “მკრთალი ლურჯი წერტილი” უწოდეს. 1994 წელს ასტროფიზიკოსმა კარლ სეიგანმა ეს სათაური საკუთარი წიგნის სახელწოდებაში გამოიყენა. ქვემოთ მოყვანილი ტექსტი წიგნის ნაწყვეტის ჩემეულ თარგმანს წარმოადგენს.

Pale_Blue_Dot

მკრთალი ლურჯი წერტილი [ნაწყვეტი]

შეხედეთ ამ წერტილს კიდევ ერთხელ. ის აქ არის. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ, ყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას მანდ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და  შემგროვებელი, ყოველი გმირი და მხდალი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა  და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და  გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი,  დედა, მამა, ყოველი დაიმედებული ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალის ყოველი მასწავლებელი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი,  ლიდერი,  წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა.

დედამიწა ძალიან პატარა სცენაა უკიდეგანო კოსმიური არენის პირობებში. დაფიქრდით სისხლის მდინარეებზე, რომლებსაც  სხვადასხვა გენერლები და იმპერატორები ღვრიდნენ,  მხოლოდ იმიტომ რომ დიდების და ტრიუმფის ძიებაში, ამ წერტილის პატარა ფრაგმენტზე წარმავალი ბატონობა მოეპოვებინათ.

 დაფიქრდით გაუთავებელ სისასტიკეებზე, რომლებსაც სჩადიოდნენ ამ წერტილის ერთი კუთხის მაცხოვრებლები მეორე კუთხის მაცხოვრებლებზე, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდნენ. დაფიქრდით, რამდენად ხშირად არ ესმით მდგომარეობა, როგორ არიან მზად მოკლან ერთმანეთი, რამდენად მგზნებარენი არიან ისინი ერთმანეთის სიძულვილში. 

ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ მნიშვნელობაზე, ჩვენი ილუზია თითქოს სამყაროში განსაკუთრებული ადგილი გვიკავია – ყველაფერ ამას მკრთალ შუქზე მოციმციმე წერტილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა კოსმიური სიბნელის უკიდეგანო სივრცეში მარტოხელა ლაქას წარმოადგენს. ამ წყვდიადში და უსასრულობაში არ არის მინიშნება იმაზე რომ დახმარება, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავისგან გადაარჩენდა, გარედან მოვა.

დედამიწა ერთადერთი ცნობილი პლანეტაა სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები დასახლებას შეძლებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.  ვიზიტი შესაძლებელია. დასახლება – არა. მოგწონთ თუ არა, დღესდღეობით დედამიწა ის ადგილია, რომელსაც ვერ გავცდებით.

ამბობენ რომ ასტრონომია თავმდაბლობას და კეთილშობილებას გვასწავლის. ეს პატარა წერტილი სავარაუდოდ ყველაზე კარგად გვაგებინებს თუ რამდენად ამაოა ადამიანთა ამპარტავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთმანეთს უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაჩუქოთ, შევინარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს. ის ხომ ჩვენი ერთადერთი სახლია!

 

Advertisements

უკადრებელი 20 თეთრი, ორგიები ავტობუსებში და ზებრაზე გაბრაზებული ქართველი მძღოლები

ასე გვჩვევია ქართველებს, ცუდი თუ მოგვივიდა რამე და ცუდის მეტი რა მოგსვლია ბოლო 20 წლის განმავლობაში, ობიექტურად თუ სუბიექტურად ყოველთვის ხელისუფალს ვაბრალებთ ხოლმე.

მართალია ამ 20 წლის განმაბლობაში მაინცდამაინც ღმერთს ვერცერთი ჩვენი ლიდერი ვერ უქნია, ზვიადიდან დაწყებული მიშათი დამთავრებული, მაგრამ ის რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენი ბრალდება აბსურდამდე დადის, “რა ამინდია, რას გვიშვრება ეს შევადნაძე,” ეს ფაქტია.

ასეა, ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად სადაც ყოველი წევრი იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკუთარ თავზე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებდა და კარგ მოქალაქედ წარმოაჩენდა თავს.

ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც გინდა გიამბოთ ჩემს რამოდენიმე ბოლოდროინდელ დაკვირვებების შესახებ.

20 თეთრი როგორ გაკადრო?

რამდენიმე კვირის წინ ბოულინგ კლუბში ვაგზლის მოედანზე რომ მდებარეობს, ლუდის დალევა გადავწყვიტე ბარში, არ მახსოვს რომელიც იმპორტირებულ ლუდს მივადექი (ქართული არ ჰქონდათ) და ფასი ვიკითხე. “ხუთი და ოთხმოცი,” მომიგო “ბარგოგონამ”. კი ვიფიქრე “ღმერთმანი, ხუთი და ოთხმოცი რა ამბავია თქო, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით 400 ლარია,” მაგრამ გულისწყრომა ხმამაღლა აღარ გამოვხატე და პატიოსნად ხელი ჯიბისკენ წავიღე, ექვსი ლარი მივაწოდე და ჩემს კუთვნილ ლუდს და ხურდას დაველოდე. ლუდი ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მომაწოდა, რომ მივხვდი ამისგან ხურდის დაბრუნებას ამაოდ ველოდები თქო.

ოცი თეთრის დედაც ვატირე, არც გამოვართმევდი, მაგრამ ის რომ ქართულ ბარებში სადაც სასმელს კატასტროფული ფასი ადევს ხოლმე, მომსახურე პერსონალი ხურდის დაბრუნების ჟესტის ჩადენა როგორც ჩანს პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ უტყდებათ. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მცირედი თანხის არ დაბრუნება, არა სარგებლის მიღების მიზნით არამედ “კარგი რა ოც თეთრს ხომ არ გაკადრებ” ვერსიითაა განპირობებული.

დავეწიოთ და გადავუსწროთ ზებრას

მიუხედავად იმისა რომ გადასასვლელებზე, აი ისეთ გადასასვლელებზე ე.წ. ზებრა რომ ამშვენებს და წესით და რიგით მანქანები სისწრაფეს რომ უნდა უკლებდნენ და ფეხით მოსიარულე  რომ უნდა ატარებდნენ, კინაღამ ერთიორჯერ მანქანამ გამიტანა, მაინც მედგრად ვდგავარ და ზებრას ფუნქციას არ ვუკარგავ.

საინტერესო ისაა რომ ისეთ ადგილებში სადაც ზებრა ახლოსაც კი არ არის ნახსენები, მანქანის მძღოლმა გადამსვლელი რომ დაინახოს სისწრაფეს შეანელებს და პატიოსნად გაატარებს. მაგრამ ზებრა… ზებრა სულ სხვაა. ასეთ დროს როგორც ჩანს ქართველ მძღოლს ზებრაზე დატანილი კონტურები ფინიშის ხაზს აგონებს რომელიც პირველმა უნდა გადაკვეთოს, საჭეს მთელი ძალით ეჭიდება და ზებრაზე პატიოსანი მოქალაქის გატანას ლამობს, ქვეცნობიერად მაინც.

ორგიები თბილისის ავტობუსებში

ვისაც ერთხელ მაინც გიმგზავრიათ თბილის ქალაქის ცნობილ ყვითელ ავტობუსში ალბათ განცდილი გექნებათ ვინმე უცხოსთან ჩახუტება, სასწაული სურნელი და გასასვლელისკენ სვლისას ჯიკაობა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო რუსთაველიდან ვაკეში მივდიოდი ბაგდანოვკით, ჩვეულად გაჯეჯგილი იყო და სადღაც გასასვლელს და სკამებს შორის ერთი ფეხით მდგარი მეორე ფეხისთვის ამაოდ ვეძებდი დასადგმელ ადგილს. ალბათ მიხვდით რომ ჩემნაირად მგზავრების უმეტესობა ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.

ერთ-ერთ გაჩერებაზე ახლო მახლო ადგილი განთავისუფლდა. იმ ადგილზე თავიდანვე ხელი კი არადა ფეხი ჩავიქნიე, ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი იდგა.

ვიფიქრე რომელიმე დაჯდება თქო და ჩემს მეორე ფეხსაც დასადგმელი ადგილი გაუჩნდება თქო… თუმცა იმ ადგილთან მჯდომ სუბიექტი სულ სხვა იდეამ შეაწუხა – გადაწყვიტა რომ ერთ ადგილზე ვერ ეტეოდა და ერთის ნაცვლად ორ ადგილზე გაიშხლართა.

ავტობუსში სამგზავრო 50 თეთრის გადახდა კიდევ ცალკე თემაა. თან რატომღაც მგონია რომ გადასახადს უფრო ისეთი მოქალაქეები არ იხდიან რომლებსაც საშუალეაბა აქვთ და არა ისინი ვინც 100 ლარიან პენსიაზე ცხოვრობენ.

ერთხელ მგზავრობისას ჩემს ახლო მახლო 3 ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და ცოცხალი თავით ბილეთს არ იღებდა. კონტროლიორის საყვედურზე ამათმა ცინიკურად მოიშორეს, “ხო, ხო, გადავხიდით, გვაცადე რა…” შემდეგ გაჩერებაზე მეორე კონტროლიორი ამოვიდა, იგივე მოთხოვნაზე ბიჭები გაუბრაზდნენ, ასეთ რამეს როგორ გვაკადრებო და აქეთ მოსდეს შარი რომ ჩასვლისას უნდა იღებდნენ ბილეთს. კონტროლიორი კონფლიქტს მოერიდა და მალევე ჩავიდა.

“ხოდა ასე,” გაიფიქრეს როგორც ჩანს კმაყოფილმა ბიჭებმა და გზაც მთავრობის გინებაში გააგრძელეს…

მათემატიკურად ზუსტი, კოსმიურად ლამაზი

ბმულები. კოსმოსივით ლამაზი და მათემატიკურად ზუსტი.

ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებაც კი ცვლის მომავალს. ყოველი ჟესტი, ყოველი მოძრაობა, ჩვენი სასრული, უსასრულო კომბინაციების ერთობლიობას წარმოადგენს.

ყოველი აწმყო, წარსული ქმედებების პირმშოა.

ამონარიდი კინო ფილმიდან “127 საათი”

“იცით, მე ვფიქრობდი. ყველაფერი… ყველაფერი დაკავშირებულია. ჩემი არჩევანია. მე ავირჩიე ეს ყველაფერი.  ეს კლდე, ეს ქვა… ეს ქვა მთელი ცხოვრება მელოდებოდა. ლოდინი დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მეტეორიტს წარმოადგენდა, მილიონი, მილიარდი წლის წინ.  კოსმოსში. მანდ მელოდებოდა. მელოდებოდა, რომ აქ შემხვედროდა. მე მისკენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მივილტვოდი. ეს ყველაფერი წამმა განსაზღვრა, წამმა როდესაც დავიბადე. ყოველ ახალ ამოსუნთქვას, ყოველ ჩემი ქმედებას ამ ქვისკენ მივყავდი.”

ბმულების ერთმანეთთან დაკავშირება მიყვარს ხოლმე. კარგი გასართობია და ტვინის სავარჯიშო. თქვენც შეგიძლიათ. აირჩიეთ ნებისმიერი მონაკვეთი თქვენ ცხოვრებაში, მაგალითად აწმყო და დაფიქრდით რამ მოგიყვანათ აქამდე.

ხშირად, ბმულების სახით ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს და დავიწყებულ ადამიანებს აღმოაჩენთ.

იმიტომ რომ კოსმიურად ლამაზია და მათემატიკურად ზუსტი.

ამ წერილის დაწერა, ერთ-ერთ ასეთმა ანალიზმა გადამაწყვეტინა. გლაზგოს ქუჩებში, უნივერსიტეტში მიმავალი ვფიქრობდი როგორ მოვხდი აქ, ამ უნივერსიტეტში? ვინ მომიყვანა. “ბმულ ადამიანებზე” ვფიქრობდი.

რომ არა, ვინმე მარტა პოლონეთიდან რომელიც 2 წლის წინ გლაზგოში “couchsurfing-დან” გავიცანი ვერასდროს გადავწყვეტდი კალედონიის უნივერსიტეტში საბუთების ჩაბარებას.

რომ არა, ვინმე უინსტონი, რომელმაც “couchsurfing-ზე” დარეგისტრირება ლონდონში დასარჩენი ადგილის საპოვნელად მირჩია ვერასდროს გავიცნობდი ვინმე მარტას პოლონეთიდან.

რომ არა, ვინმე სტეფანი რომელმაც უინსტონთან გასაუბრებაზე მისვლა მირჩია, ვერასდროს გავიცნობდი ვინმე უინსტონს, შესაბამისად არ დავრეგისტრირდებოდი “couchsurfing-ზე” და არ გავიცნობდი ვინმე მარტას პოლონეთიდან.

რომ არა, ფელიქსი რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ინსტიტუტში ჩაბარება მირჩია, ვერასდროს გავიცნობდი ვინმე სტეფანის რომელიც მასწავლიდა და შესაბამისად ვერასდროს გავიცნობდი ვინმე უინსტონს და შესაბამისად ვერასდროს დავრეგისტრირდებოდი “couchsurfing-ზე” და ვერ გავიცნობდი ვინმე მარტას პოლონეთიდან.

და რაც მთავარია, რომ არა ეს ყველაფერი, ამ წერილს ახლა და ამ ღამეს არ დავწერდი. მართლაც, რომ Everythng is illuminated.

ასეა და ამრიგად. ამ ადამიანებთან სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით წელიწადში ერთხელ-ორჯერ ვლაპარაკობ, ხანდახან ნაკლებსაც, მაგრამ სწორედ რომ მათი დამსახურებაა ჩემი აწმყოს ამგვარი განვითარება.

მათ შეიძლება ამის შესახებ არც კი იცოდნენ. ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში არსებობენ “ადამიანი ბმულები” და ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მომავლის განვითარებაში.

ასეა და ამრიგად, იმიტომ რომ კოსმიურად ლამაზია და მათემატიკურად ზუსტი.

მე მარტივი ბმულების მაგალითი მოვიყვანე. არსებობს უფრო რთულიც, ასეთები არ გვახსოვს ხოლმე, მეხსიერებაა ასე მოწყობილი. მაგრამ საკმარისია ერთ-ერთი ყველაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო ბმული ამოვარდეს და ჩვენი აწმყო და მომავალი უკვე სხვაა, იმიტომ რომ მათემატიკურად ზუსტია და კოსმოსივით ლამაზი.

НЕВЕДОМОЕ

Луна не знает, что она луна,
     И светится, не ведая об этом.
     Песок песку непостижим. Предметам
     Не осознать, что форма им дана.
     Не сходен мрамор выщербленной гранью
     Ни с отвлеченной пешкой, ни с рукой,
     Ее точившей. Вдруг и путь людской,
     Ведущий нас от радости к страданью, --
     Орудие Другого? Он незрим.
     Здесь не помогут домыслы о Боге,
     И тщетны колебания, тревоги
     И плоские мольбы, что мы творим.
     Чей лук стрелой, летящею поныне,
     Послал меня к неведомой вершине?
     Х. Л. Бохес

შინაგანი მოთხოვნილება თუ სოციალური ზრდილობა?

გუშინ მე და ჩემი ჯგუფელი დავალების ფარგლებში გლაზგოს ქუჩებში გამოკითხვას ვატარებდით. გამოკითხვა შემდეგ საკითხს ეხებოდა. დიდი ბრიტანეთი ბიუჯეტში არსებული დეფიციტის მიუხედავად გეგმავს საერთაშორისო დახმარების გაზრდას, ანუ ის დახმარება რომელსაც ეს ქვეყანა მესამე მსოფლიოს სახელმწიფოებს აწვდის უახლოეს მომავალში სავარაუდოთ კიდევ გაიზრდება. ამის ფონზე ბრიტანეთში ასევე მოსალოდნელია შემცირებები, უახლოეს წლებში ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

ჩვენი გამოკითხვას პასუხის სამ ვარიანტს სთავაზობდა: ა) ბრიტანეთმა უნდა გაარგძელოს პოლიტიკა ღარიბი ქვეყნის მიმართ და დაეხმაროს მათ ბ) ბრიტანეთმა უნდა გაყინოს დახმარება და დროებით შეწყვიტოს ასეთის გაწევა გ) ბრიტანეთმა უნდა შეამციროს დახმარება და მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი.

მიუხედავად კრიზისა ქუჩაში გაჩერებული ხალხის უმრავლესობამ პასუხად “ა” ვარიანტი აირჩია. ჩემმა კურსელმა ამის დანახვაზე ასეთი რამე მითხრა: “არ მგონია ეს ადამიანების შინაგანი მოთხოვნილება იყოს, ალბათ უფრო იმიტომ ირჩევენ ასეთ ვარიანტს რომ საზოგადოებაშია მიღებული ასე.”

დავეთანხმე, მეხსიერებაში კი ერთი საინტერესო დაკვირვება ამომიტივდა. საქმე ისაა რომ ამ ბლოგზე რამდენიმე თვეა “Social Vibe” სერვისი მიყენია, მის ფარგლებში ამ ბლოგზე განთავსებულია ბანერი, ქველმოქმედებით ხასიათისაა და იმ შემთხვევაში თუ შემოსული სტუმარი მას ერთხელ დააკლიკებს აფრიკაში გასაჭირში მყოფ ბავშვს განათლებით ერთი დამატებითი საათით უზრუნველყოფენ. როგორც უკვე ვთქვი ეს ბანერი უკვე რამდენიმე თვეა რაც ამ ბლოგზეა განთავსებული, ბლოგის ვიზიტორების საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად ყველაზე ნაკლები 150 კაცს უდრის, თითქოს ბევრმა უნდა დააკლიკოს ასეთ შემთხვევაში ბანერს, თუმცა ამის მიუხედავად კლიკების რაოდენობა გასაკვირად დაბალია. კერძოდ კი, ამ პოსტის დაწერი მდომარეობით მხოლოდ და მხოლოდ 9-ს უდრის. ეს კატასტროფა იმ ვარაუდს ამაგრებს რომ შინაგანად ადამიანებს მიუხედავად მათი საჯარო პოზიციისაა რბილად რომ ვთქვათ არ აინტერესებთ პრობლემა აფრიკაში ან ზოგადად რამე პრობლემა რაც მათ უშუალოდ არ ეხებათ.

დასანანია და ყალბია როდესაც მსგავს თემებზე პასუხისას ასეთი ადამიანები დადებით პასუხს მხოლოდ პოლიტ კორექტულობის გამო იძლევიან.

მე ვარ ბლოკნოტი, წამიკითხე

Для того чтобы что-то воспринять-надо положить всего себя на карту

– მერაბ მამარდაშვილი –


ბლოგის განახლება ძალიან მიყვარს ხოლმე, ამის გაკეთებას საკუთარი თავის გარდა არავინ მაძალებს, მე ვარ ამ ბლოგის ბატონ პატრონი, ან კიდევ ეს ბლოგია ჩემი ბატონ პატრონი, როგორც გენებოთ, მე მაინც ურთიერდაკავშირებული პროცესი მგონია.

ჩემი ბიოგრაფიის მანძილზე ხდებოდა ხოლმე ისე რომ ბლოკნოტებს მჩუქნიდნენ, ძირითადად ან დედაჩემი ან მამაჩემი, ხანდახან სხვებიც (ახლა კონკრეტულად გახსენება მიჭირს), თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა თუ რატომ ან ვინ მჩუქნიდა ამ ბლოკნოტებს. საქმე ისაა რომ როდესაც ახალ ბლოკნოტს მაძლევდნენ და მე ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ცარიელ სივრცეს ვხედავდი მაშინვე მიჩნდებოდა სურვილი რამე დამეწერა, რამე, ოღონდ რამე! სამწუხაროდ ჩემი სურვილი შესაძლებლობასთან ხშირად თანხვედრასთან არ მოდიოდა და მეც დაღონებული არ ვიცოდი რა მექნა, არ მომდიოდა არანაირი შთაგონება ან მუზა. მაგრამ, იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი, ვწერდი რაღაც აბსურდულს (ამ სიტყვას ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო გაგებით ვხმარობ) ან თითიდან გამოწოვილ ნააზრევს და ვკმაყოფილდებოდი:

რაღაც მაინც ვქენი, ახლა ბლოკნოტი ცოტა სხვანაირად გამოიყურება

– ასე ვფიქრობდი.

რამდენიმე კვირის წინ ეს ყველაფერი რომ გამახსენდა ვიფიქრე: მოდი ერთ პოსტს რამე მაგდაგვარზე გავაკეთებ, სათაურად შევურჩევ “პოსტი პოსტისთვის” და თემასაც განვავრცობ.

შეიძლება ეს იდეა განმეხორციელა კიდევაც, მაგრამ გუშინ გადავიფიქრე, გადავიფიქრე იმის გამო რომ ერთ დოკუმენტურ ფულმს ვუყურე – კერძოდ კი დოკუმენტურს რომელიც მერაბ მამარდაშვილს ეძღვნებოდა და მასზე მოგვითხრობდა. ამ წერილის წინასიტყვაობაში გამოტანილი მერაბ მამარდაშვილის ფრაზა გახდა ჩემი ახალი იდეის მიზეზი, რომელზედაც შეპარვით საუბარი ამ წერილის პირველი სიტყვებიდან დავიწყე და აქვე ვაგრძელებ.

მაგრამ აქვე ნება მომეციეთ ცოტა გვერდზე დავდგე და წინასიტყვაობაში ფრაზის რუსული ვარიანტის დადების მიზეზი აგიხსნათ (ვინაიდანაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ ინტერესდება: ერთი ფრაზის გადათარგმნა რა გახდაო?).  მოგეხსენებათ მამარდაშვილი რამდენიმე ენას ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ძირითადი სასაუბრო – რუსული ენა იყო, შესაბამისად ფილოსოფოსობასაც ის ამ ენაზე ეწეოდა. სამწუხაროდ მე არ ვარ ლინგვისტი და ჩემი მცდელობა გადამეთარგმნა ეს ფრაზა ქართულად დამთავრდებოდა კრახით, მიუხედავად მისი სიმცირისა ძალიან ადვილია თარგმნისას პოეზიაში ან ფილოსოფიაში დაკარგო აზრი.

დავუბრუნდეთ ძირითად თემას. დაახლოებით ორი წლის წინ ერთ-ერთი ფრანგი განმანათლებლის ფრაზა წავიკითხე, სამწუხაროდ აღარ მახსოვს რომლის კონკრეტულად და ასევე სამწუხაროდ არც ფრაზის სიზუსტეში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა:

“დურგალი აგრძელებს საკუთარ საქმეს, პიანისტი დაკვრას, პურის მცხობელი პურს აცხობს, მე კი ჩემს ნამუშევარზე მუშაობას ვაგრძელებ”

ბლოკნოტი იმისთვისაა რომ წერო, სახაზავი იმისათვის რომ სწორი ხაზი გაავლო, ბურთი იმისთვის რომ ითამაშო, წიგნი იმისთვის რომ წაიკითხო და
ა.შ. ამ სიის მაშტაბებიც გაზრდა ძალიან ადვილია – სასაცილო თემატიკიდან – სერიოზულამდე. მოკლედ ყველაფერს აქვს საკუთარი დანიშნულება. ყველაფერს და ყველას.

მოდით, ისევ მამარდაშვილს დავუბრუნდეთ, ის ამბობდა რომ ადამიანი არსებაა რომელიც სურვილს ეძებს, ყველაზე დიდი სურვილი კი სიცოცხლის სურვილია. სიცოცხლე არა უბრალოდ როგორც არსებობის ფორმა არამედ როგორც მოვლენა რომელიც შეგვიძლია განვიცადოთ. ადამიანს სურს გრძნობდეს საკუთარ თავს, საკუთარ მნიშვნელობას და გარკვეულწილად  იყოს სარგებლიანი.

ნება მომეცით გავაკეთო დასვნა:

სიცოცხლის ყველაზე დიდი სიამოვნებაა – აკეთებდე საქმეს რომელიც გიყვარს, აკეთებდე მას მთელი გულით და სულით და ამ ქმედებით სამყაროს რაღაცას მატებდე.

თუ ადამიანმა საყვარელი საქმე იპოვა ის ბედნიერი იქნება და ამ ბედნიერებით ის მხოლოდ დადებითის მომტანად იქცევა. ყოველი ჩვენთაგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ არაერთ “ზომბს” ხვდება, რამდენი ადამიანი ჩვენს ირგვლივ დაკავებულია ისეთი საქმით რომელიც მოსწონს და უყვარს? დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრად მეტია ისეთი რომელიც საკუთარ საქმეს მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებს. დიახ, საყვარელი საქმის ქონა ფუფუნებაა და რთულია, მაგრამ რატომ უნდა იყოს სიცოცხლე მარტივი? საყვარელი საქმის პოვნა მარტივი არაა, არც უნდა იყოს მარტივი, ბედნიერებირისკენ ან დადებითი შედეგისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იოლი იყოს, წინააღდეგ შემთხვევაში ის გაუფასურდებოდა, მაგრამ სიცოცხლეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ რომ ასეთი საქმის პოვნაა.

ასე რომ, მე წერა, ან თუნდაც “ბლოგინგი” მიყვარს. შენ?