Tag Archives: ამერიკა

ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი დაუმორჩილებლობაზე

თითქმის ექვსი წლის წინ ფავნის ლაბირინთზე მცირე რეცენზია დავწერე.

ამჯერად სახეცვლილ რეცენზიას ვიდეო ესსეს სახით გთავაზობთ

წერილი ფილიპ როტს

დინამიტის” წამოწყება რომელიც მოგვიანებით “გიყვარდეთ ჩემნაირებმა” გააგრძელა  და ესტაფეტა გადმომილოცა, მაიძულებს დავუწერო ღია წერილს ფილიპ როტს, თანამედროვე ამერიკელ მწერალს (დაიბადა 1933 წელს), მრავალრიცხოვანი რომანების ავტორს.

ძვირფასო ბატონო როტ,

ყოველთვის მაეჭვებდა ხოლმე ინგლისურენოვან ქვეყნებში წერილების ასეთი ფორმით წამოწყება. ფამილარული მეჩვენება. რატომ უნდა მიმართო ადამიანს რომელსაც არ იცნობ სიტყვა “ძვირფასო-თი,” ამიტომაც ასეთის დაწერისას ყოველთვის ვორჭოფობ ხოლმე და შინაგანად ოდნავ მაინც მრცხვენია. კიდევ კარგი თქვენ ამერიკიდან და არა ბრიტანეთიდან ხართ, თორემ ამ უკანასკნელის კონსერვატიზმი კიდევ  უფრო დამაბნევდა.

ისე ფამილარობას რაც შეეხება, ბოდიში ტაფტოლოგიისთვის, მაგრამ ქართველები საოცრად ფამილარული ხალხი ვართ, ასე მაგალითად თქვენობით თითქმის არასდროს ვლაპარაკობთ და ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება თქვენთანაც პირდაპირ შენობითზე გადასულიყო, ყოველგვარი კითხვის გარეშე. არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს ჩემს პროფესიაში, ანუ ჟურნალისტიკაში. ხშირად არის ხოლმე უყურებ დებატებს ტელე სივრცეში და აქ ჟურნალისტი – რესპოდენტი ერთმანეთს ლამისაა “შეჩემობით” ელაპარაკება. “შეჩემა” ქართული “იდიომატური” გამონათქვამია და ინგლისურად რთულად ითარგმნება. თუ დაინტერესდით, შემდეგ წერილში შევეცდები აგიხსნათ.

ხოდა, ეს “შეჩემათი” ლაპარაკი არაპროფესიონალურად მიმაჩნია. მაგრამ ასეთია საქართველო და ამას რთულად თუ შეცვლის რამე.

გვეყო საქართველოზე, ბატონო როტ, თუ მუშაობთ ახალ წიგნზე? თუ კი წერის პროცესი როგორია? კვლავ ისეთი, ადრე რომ გჩვეოდათ, ასკეტური და მკაცრი? ძალიან ვაფასებ რომ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მომთხოვნი ბრძანდებით, თქვენ უკანასკნელი მოჰიკანივით ხართ, რომელიც თანამედროვეობაში კლასიკის შექმნას ახერხებს, 400 გვერდიანი მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწარმოებების შექმნას. რთულია თანამედროვე სამყაროში სადაც ყველაფერი სისწრაფით ფასდება და საყვარელი ადამიანის მოსაფერებლადაც კი დრო არ გვრჩება, დაწერო ისეთი წიგნი რომელსაც მკითხველს 400 გვერდს ერთ ამოსუნთქვაზე წააკითხებს.

მახსოვს თქვენმა “ჩემი ქმარი კომუნისტია” რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 3 თუ 4 დღე ვკითხულობდი, ბოლოს ღამით ჩავუჯექი და რომ დავასრულე ისეთი შთაბეჭდილებებით აღვივსე რომ ნახევარი ღამე ვერ დავიძინე, არ მინდოდა წიგნი დასრულებულიყო, კიდევ 400 გვერდი რომ ყოფილიყო კიდევ წავიკითხავდი, იმავე ღამეს.

არ შეიძლება თქვენს მიმართ პატივისცემით არ აღივსე როდესაც თქვენს ინტერვიუს კითხულობ, ერთხელ დაახლოებით ასეთი რამე თქვით რომ წერისას “წერთ წინადადებას, ატრიალებთ მას, მერე კვლავ ატრიალებთ და მერე კვლავ,” ამის არ შენიშვნა თქვენს სკურპულოზურ, პრაქტიკულად უბადლო სიტყვათა წყობაში შეუძლებელია.

ისე უნდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურული ცოდვა ჩავიდინე, მიუხედავად ინგლისურის ცოდნისა თქვენი ნაწარმოებები რუსულად, თარგმანში წავიკითხე. ალბათ ორივემ, მთარგმნელს უნდა ვუმადლობდეთ, უფრო მე, ცუდი რომ შემხვედროდა თქვენი წიგნებით არც არასდროს დავინტერესდებოდი და ბევრსაც დავკარგავდი.

რამდენი რამის დაწერა და რამდენ რამეზე საუბარი შეიძლება ამ წერილში, მაგალითად თქვენი ამერიკის აღქმაზე, თქვენი ბავშვობის და დღევანდელი ამერიკის შედარება, თქვენს “გამოგონილ რეალიზმზე” და ა.შ. თუმცა, რთულია წერილში ყველაფერი ჩაატიო, ამიტომაც ამის მაგიერ იმაზე ვიფიქრებ რომ იქნებ ოდესმე თქვენთან შეხვედრა მეღირსოს, თუნდაც ჟურნალისტის რანგში… გპირდებით თქვენობით და “ძვირფასოთი” მოგმართავთ.

რა მოუვიდა დამოუკიდებლობას?

ფილმი “Everything is illuminated” მოგვითხრობს ერთ ამერიკელ ებრალზე,
რომელიც ბაბუამისის სამშობლოს სანახავად უკრაინას სტუმრობს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში აღნიშნული სტუმარი მანქანიდან დანგრეულ და მიტოვებულ შენობებს დაინახავს. გაოცებული ეკითხება უკრაინელ მასპინძლებს: “რა არის ეს?” ერთ-ერთი უკრაინელი პასუხობს, “საბჭოელები.” კვლავ გაოცებული სტუმარი კითხულობს “და რა მოხდა?” რაზეც პასუხად პატარა პაუზის შემდეგ ასეთ რამეს ისმენს: “დამოუკიდებლობა”.

ამ პოსტში არ ვაპირებ ზოგადად საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს, ეს გაცილებით ვრცელი განსჯის საგანია და მისი ბლოგ პოსტში ჩატევა ცოტა მეუხერხულება. ამ შემთხვევაში მე უფრო კინოზე მსურს საუბარი, ქართულ კინოზე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

“გრუზია ფილმი” როგორც ასეთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა და გვარიან კონკურენციას უწევდა რუსულ, უკრაინულ თუ საბჭოეთში არსებულ რომელიმე სხვა სკოლას. ამასთან ერთად მოსკოვში არაერთი  წარმოშობით ქართველი რეჟისიორი თუ მსახიობი მოღვაწეობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ “გრუზია ფილმაც” შეწყვიტა არსებობა და ამასთან ერთად ქართულ კინო ინდუსტრიასაც მძიმე დღე დაუდგა. ოცი ცლის განმავლობაში იშვიათი გამონაკლისების გარდა საქართველოში არცერთ დადგმულ ფილმს წარმატებისთვის პრაქტიკულად არ მიუღწევია.

აქვე გეტყვით რომ არც თანამედროვე ქართული კინოს ზოგად კრიზისზე მინდა საუბარი ამ პოსტით. უბრალოდ ერთი პატარა დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ.  ეს პოსტი თავიდანვე აღნიშნული ფილმით შემთხვევით არ დამიწყია, 1991 წელს საქართველომ ნანატრ დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან კინო პრაქტიკულად მიატოვა და ასევე არა შემთხვევით ნახსენებ “გრუზია ფილმისთვის” და საბჭოეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორებისთვის დამახიასეთებელი ეშხი დაკარგა. ანუ, მივიღეთ პარადოქსი, ფაქტობრივ და იურიდიულ დამოუკიდებლობამ მოგვიტანა მდარე პროდუქციაზე დამოკიდებული ქართული ფილმი.

ფილმებსაც დღესაც იღებენ საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ძალიან დამოკიდებულია, დამოკიდებული პირველ რიგში დასავლეთის მდარე პროდუქციაზე, მდარეზე და სამწუხაროდ არა კარგზე. დღეს ყველაზე მარტივ გამოსავალს ქართველი რეჟისიორები იაფფასიანი ბლოკბასტერების კოპირებაში პოულობენ. იაფფასიან ბლოკბასტერს შეიძლება ვუყურო კიდევაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ის აუცილებლად იქედან უნდა იყოს წამოსული სადაც დაიბადა და არა კავკასიაში არსებულ ერთ ქვეყნიდან, რომელსაც ამ მხრივ დასავლურ პოპ კულტურასთან არაფერი საერთო აქვს, ამიტომაცაა რომ ზოგიერთი ქართული (ჰორორი იქნება ეს თუ კომედია) ფილმი პაროდიულ გადამღერებას ჰგავს, რომელიც დაცინვის გარდა აუდიტორიისგან არაფერ სხვას არ იმსახურებს.

პარადოქსია ასევე ის რომ მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სულაც არ იყო მაინც შეიძლებოდა ქართულ ფილმებში უნიკალური, განმასხვავებელი ნიშნების ნახვა, თუნდაც სტერეოტიპული. მიმინო:  “Сдачи не надо,” “и мне не надо.” მიზანდარს ფული არ აქვს, მაგრამ ტაქსით მაინც
უნდა წავიდეს, მიზანდარი შემთხვევით ისრაელში რეკავს, მაგრამ ქართული სიმღერის გაგონებისას მაინც ხარჯავს ბოლო სახსარს. მერე რა, რომ სტერეოტიპულია? ამჟამად არც სტერეოტიპული გვაქვს და არც არა სტერეოტიპული. რა თქმა უნდა ეს ყველა ფილმს არ ეხება, როგორც უკვე ვთქვი არსებობს გამონაკლისები, მაგრამ გამონაკლისების ფონზე გულის ამრევია ამერიკული ჰორორიდან დაკოპირებული ეპიზოდები, პერსონაჟების ქცევები და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმავე გონზე მოსული ამერიკის ცნობიერებაში ხითხითის გარდა არაფერს იწვევს.

ვინმემ იმ ამერიკელი ებრაელი ტურისტისა არ იყოს, ქართულ ფილმის ყურების შემდეგ რომ მკითხოს, “რა სჭირს, რა მოუვიდა?” რა ვქნა? რა ვუპასუხო?

პოლიტიკა ჩემს პლეილისტში

პოლიტიკურ სიმღერებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, ამის მიუხედავად არის რამდენიმე ისეთი რომელიც ყოველთვის მახსოვს და შიგა და შიგ ვუსმენ ხოლმე.ამ პოსტში შევეცდები რამდენიმე ასეთს მოვუყარო თავი. თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ ისეთები რომლებიც გგონიათ რომ გამომრჩა.

ამ პოსტის დაწერაზე სულ რაღაც ერთი საათის წინ პირველად მოსმენილმა სიმღერამ და ნანახ კლიპმა შთამაგონა,  pig with a face of a boy – Complete history of the Soviet Union

განვაგრძოთ საბჭოთა კავშირის თემა და “პერესტროიკის” დროს პოპულარულ იგორ ტალკოვს მოვუსმინოთ. ტექსტი განსაკუთრებულად მომწონს.

ცივი ომის თემა, სტინგი.

პოლიტიკური მუსიკა წარმოუდგენელია პინკ ფლოიდის გარეშე

ცივი ომის მეორე მხარე, ა.შ.შ და რამშტაინი

ზოგადად დღევანდელი სამყაროს წყობაზე, მღერის ჯარვის კოკერი 🙂

…და ბოლოს, ერთი კარგი ფრანგული რეპიც ხომ უნდა გამოერიოს ამ სიას.

წაიკითხე ფრთხილად

“The fewer the facts, the stronger the opinion.”

– არნოლდ გლაზგო –

პროფესინალურ ჟურნალისტიკაში არსებობს ოქროს წესი, ეს წესი იმაში
მდგომარეობს რომ სანამ რამეს დაწერდე აუცილებლად უნდა გადაამოწმო ფაქტი ან ციტატა.  ინგლისურ ენაში ეს წესი კიდევ უფრო კარგად ჟღერს: “Double chek” – ანუ, შეამოწმე ორჯერ! მემგონი არ არის საჭირო ჩემგან კიდევ ერთხელ იმის კონსტატირება რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ეს პრობლემა კი არადა, პრაქტიკაში გამჯდარი ჩვეულებაა.

2008 აგვისტოს ომის დროს ერთი კარგად ცნობილი ქართული არხის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ბევრ ჩემს მეგობარს ნერვების ფასად დაუჯდა. ამ ტელეკომპანიის სახელს არ დავასახელებ იმ მიზეზით რომ მის ისედაც გაფუჭებულ რეპუტაციას დამატებითი დარტყმის მიტანა არ სჭირდება, ისედაც ფორთხავს მიწაზე და ხალხში მის სანდოობა ნოლს უტოლდება. აგვისტოს ომის დროს ჩემი მეგობარი კონფლიქტურ ზონაში იმყოფებოდა და დაიჭრა კიდევაც, ეს ჩემთვის, დედამისთვის და კიდევ რამენიმე ადამიანისთვის ცნობილი იყო. ამის მიუხედავად აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმეჯერ გადასცა რომ ის დაუღუპა.  ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ რა გასაკვირია რომ ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო ნაცნობებმა ჩემთამ რეკვა ატეხეს. ანერვიულებულად მეკითხებოდნენ: “მართალიაო?” “რა?” – ვეკითხებოდი. “მოკლესო.” პროტესტის ნიშნად არ ვუყურებდი მაგ არხს და ეს ამბავი რომ გავიგე გავბრაზდი, როგორ შეიძლებოდა ასე უპასიხისმგებლოდ ამ არხს ასეთი ინფორმაცია გადაეცა. ერთ ერთმა ჩვენმა მეგობარმა კი პირდაპირ კომპანიაში დარეკა და კარგა გვარიანად გაკიცხა.

მაშინ როდესაც კომპანიამ ნამდვილი ამბავი გაიგო, თავი არ შეიწუხა და მცდარი ინფორმაციის ეთერში გადაცემის გამო ბოდიში არ მოიხადა .

ადამიანს რომელიც საკუთარ თავს პროფესიანალად თვლის (არა მარტო ჟურნალისტიკაში) პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ზერელედ საკუთარ საქმეს კეთებას, მაშასადამე ხალხის გულების გახეთქვას არ უნდა ეწეოდეს. ეს ფაქტია, ფაქტი რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ მუშაობს, იმიტომ რომ მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობისგან ყველა თავისუფალია.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა სიუჟეტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, როგორც ჩანს მისი პირდაპირი დანიშნულება ობამას და ზოგადად დემოკრატების ხელისუფლების კრიტიკა იყო და ამის ფონზე რესპუბლიკელების რეიტინგის გაზრდა. სიუჟეტის დასაწყისშივე ავტორმა, ერთი ფრაზა თქვა რომელიც დაახლოებით იმას გულისხმობდა რომ დემოკრატების წლევანდელი რეიტინგის დაცემა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე მათი რეიტინგის დავარდნასთან შესადერებელი თუ იყო. სიუჟეტის ყურება გავაგრძელე, მაგრამ ამავდროულად რაღაც მაწუხებდა, რაღაც “ნიტო” იყო ამ ყველაფერში. გავიარ-გამოვიარე და უცბად მივხვდი – რა აბსურდია, ზუსტად რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუზველტი (დემოკრატი) ამერიკაში უპრეცედენტოდ მესამე ვადაზე აირჩეს, 45 წელს კი რუზველტი ასევე დემოკრატმა ჰარი ტრუმენმა შეცვალა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად 53 წლამდე დარჩა, შესაბამისად 1933 წლიდან 1953 წლამდე, ოცი წლის განმავლობაში ამერიკას რესპუბლიკელი პრეზიდენტი არ ჰყოლია! სიუჟეტში ნახსენები ფრაზა იმას გულისხმობდა რომ ჟურნალისტს არა თუ არ გადაუმოწმებია, არამედ საერთოდ არ უფიქრია ფრაზაზე და ის უბრალოდ ფანტაზიის დონეზე იყო დაწერილი.

ეს ამბავი რამდენიმე ჩემს ახლობელს გავუზიარე, ერთ-ერთმა მითხრა ის რასაც თვითონ ვხვდებოდი, მაგრამ ამ დაკვირვებამ კიდევ უფრო შემაშინა: “საქმე ისაა რომ მაგას შენ ხვდები და გარკვეული ცოდნა გაგაჩნია და შენ შეგიძლია ამის გადამოწმებმა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამას არ გადაამოწმებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფაქტად მიიღებს.” მართალია, მე ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ ჩემს საქმეს პროფესიონალურად მივუდგე, 10-დან 7 შემთხვევაში მაინც ქართული სტატიის, სიუჟეტის თუ სხვა პუბლიკაციის ნახვისას მიწევს მისი გადამოწმება, იმიტომ რომ თუ ასე არ მოვიქცევი და რამე მცდარ “ფაქტს” დამაჯერებენ მაშინ წლების განმავლობაში გამყვება მცდარი ინფორმაცია რომელსაც ჩემს მსოფმხედველობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ყველა ჟურნალისტი ვერ იქნება და უმეტესობა ადამიანი წაკითხვისას ფაქტის გადამოწმების გარეშე მიიღებს მოწოდებულ ინფორმაციას.

ადამიანს არსებობისთვის კვება სჭირდება, კვება ხარისხიანი უნდა იყოს, თორემ შეიძლება ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ დასნეულდეს და მის ორგანიზმა წესიერად ფუნქციონირება შეწყვიტოს. ზუსტად ასეა სულიერი, გნებავთ გონებრივი კვება, ამიტომაც არის რომ ჟურნალისტებმა ან თუნდაც სამოქალაქო ჟურნალისტებმა არ უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს უხარისხო პროდუქტი, არ უნდა მოვწამლოთ ხალხი უვარგისი მასალით. გონება ხორციელის ნაწილია და მასსაც ხარისხიანი პროდუქტი სჭირდება.

რამდენიმე თვის წინ ჩემს ბლოგზე ერთი პოსტი გავაკეთე, მასში შეცდომით ავღნიშნე რომ რეიგანმა საბჭოთა კავშირს “მორდორი” უწოდა. სინამდვილეში მან მას “მორდორი” კი არა, არამედ “ბოროტების იმპერია” შეარქვა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს რომელმაც ამ შეცდომაზე მიმითითა და მეც იძულებული გავხდი ბლოგის ნაწილი შემეცვალა და ფაქტი გამესწორებინა. ჩემს შეცდომას გამართლება არ აქვს იმ მიზეზით რომ წერისას მე ვარაუდით და არა ფაქტებით ვიხელმძღვანელე. იმ ვარაუდით რომელიც მე ადრე ვიღაცამ ფაქტად გამისაღა და მეც ასე გამყვა. სტატიის წერისას გადამოწმება დამეზარა, ამიტომაც ეს შემთხვევა სავარაუდოთ კიდევ დიდი ხანი მემახსოვრება.

ამიტომაც, მეგობრებო, როდესაც რამე კითხვას დაიწყებთ, ფრთხილად იყავით, გადაამოწმეთ, თუნდაც ჟურნალისტი არ იყოთ თქვენ ხომ პიროვნებები  ხართ რომლის მსოფხედველობას გართხილება სჭირდება. Bon appetit.