Tag Archives: აფხაზეთი

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. მესამე დღის მიმოხილვა.

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” იმ ნამუშევრების რიცხს განეკუთვნება სადაც “სურათის” ასაწყობად რეჟისორს და მის გუნდს ყველაფრის თავისი ხელით გაკეთება უწევთ, “ბუნებრივი სცენისაც” კი. სცენა ამ შემთხვევაში სიმინდის კუნძულია, რომლის შენების და ტრანსფორმაციის ხილვა მაყურებლის თვალწინ ხდება. ეს ქმნის მძლავრ განწყობას, რომელიც კინოთეატრში მისულ მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისიც ფილმის გმირების მსგავსად იმყოფება კუნძულზე რომელიც “ყოფს,” ან პირიქით, “აერთიანებს” აფხაზებს და ქართველებს. ფილმი ასაკოვანი მამაკაცის და მისი შვილიშვილის შესახებ მოგვითხრობს, ისინი თესავენ სიმინდს, უვლიან მას და ელოდებიან მოსავალს. კუნძულს შიგადაშიგ ნავით სამხედრო პატრული ჩამოუვლის, ხან ქართული და ხანაც აფხაზური, რომლებსაც ფილმის მთავარი გმირი (აფხაზი) თანაბარმნიშვნელოვნად ესალმება, თითქოს არ არჩევდეს ერთმანეთისგან ერთ ან მეორე “ნაპირს” და მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ თავისი ხელებით შექმნილი კუნძული იყოს. გამორჩეულია მთავარი როლების შემსრულებლების ილიას სალმანის და მარიამ ბუთურიშვილის თამაში და ასევე ძალიან კარგია ოპერატორული ნამუშევარი, რომელიც გამოცდილ, წარმოშობით უნგრელ ოპერატორს – ელემერ რაგაის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძალიან ბევრი დადებითი შეფასების ღირსია, ფილმის დასასრულისკენ ბოლომდე დამუშავებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს ერთ-ერთი საკვანძო სცენა. პირველად ნახვის სიამოვნება არ მინდა გავუფუჭო იმ ადამიანებს ვისაც ფილმი არ აქვს ნანახი და ამიტომაც სცენის აღწერისგან თავს შევიკავებ.

ძალიან სპეციფიურ კინო მოყვარულებზე გათვლილ ფილმად შეგვიძლია მივიჩნიოთ “ქუჩის ძაღლები”. თუ ნელი კინო გიყვართ და უსაშველოდ ხანგრძლივი, თითქმის სტატიკური კადრები გიზიდავთ, ტაივანელი რეჟისორის ცაი მინლიანის ნამუშევარი თქვენთვისაა. ზოგიერთმა კრიტიკოსმა უკვე მონათლა “ქუჩის ძაღლები” ფილმად “რომელიც ჩვენთან შეიძლება სხვა პლანეტიდანაა მოსული” და საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაუწერა. ფილმის რეჟისორის კინოსამყაროში მოსვლამდე ექსპერიმენტალურ სპექტაკლების დადმით იყო ცნობილი და როგორც ჩანს ექსპერიმენტების გადატანა კინოშიც გადაწყვიტა. ეს მისი რიგით მე-11 სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი მოკლებულია გმირებს კლასიკური გაგებით, რომლებსაც “რაღაც ამოძრავებთ,” აქვთ გარკვეული მიზნები და ასე შემდეგ, აქ არ გვხდება სიუჟეტური ხაზი და ამ ყველაფრის მაგივრად მაყურებელი თვალს ადევდნებს ადამიანების არსებობას, სადაც სიტყვაზე ჭამის ან  მოსაქმების სცენა შეიძლება ხუთიდან ათ წუთამდე გრძელდებოდეს.

ასევე ცოტათი უცნაური გამოდგა ისლანდიური ფილმი “ცხენები ჩვენში,” რომლის ქართული თარგმანი სხვათაშორის უფრო შეესაბამება ორიგინალს ვიდრე მისი ინგლისური ვარიანტი (Of horses and men). გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი სათაურის მქონე ფილმი ადამიანების და ცხენების შესახებ მოგვითხრობს, აქ ტიტრებში ცხენების როლების შემსრულებლებიც კი არ გამორჩათ ფილმის შემქნელებს. ამიტომაც არის, რომ აქ ადამიანებს და ცხენებს შეიძლება ითქვას თანაბარი მნიშვნელობის როლები აქვთ. ისე კი, იმ უცნაური და სასაცილო ისტორიებიდან გამომდინარე რომლებსაც ფილმში ბლომად ვხვდებით, ცხენები გაცილებით ადეკვატურები და საღად მოაზროვნე შეიძლება მოგეჩვენოთ ვიდრე ადამიანები.

წინა მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აფხაზეთში, რომელიც თურმე რუკის გარდა, რეალურ განზომილებაშიც არსებობს, ხელისუფლება შეიცვალა. მოხდა რადიკალური ცვლილებები, ანუ პრო-რუსული მთავრობა შეიცვალა ასევე პრო-რუსული მთავრობით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული, სხვანაირად ისეთ რეგიონში სადაც მთავარ ვალუტას რუსული რუბლი წარმოადგენს, რეგიონში რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, რეგიონში რომელსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ, რეგიონში რომლის ბიუჯეტიც მეტწილად რუსეთიდან ფინანსდება, სხვანაირად არც კი შეიძლებოდა.

დაახლოებით ათ წელიწადში ვინმე 20 წლის ახალგაზრდასთან ბრედ პიტი სილამაზის ეტალონად და “კრასავჩიკად” რომ მოიხსენიოთ მინიმუმ რისკავთ ამ ახალგაზრდამ ვერ გაგიგოთ და უარესს შემთხვევაში დაგცინოთ როგორც ძველმოდურ ადამიანს. ანუ ათ წელიწადში ასეთი ქმედება დღეს გოიკო მიტიჩის შექების ტოლფასი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრედ პიტი თვალსა და ხელს შუა,  ანჯელინა ჯოლის პირობებში ორმოცდაათი წლის გამხდარა. ამ მიმოხილვაში კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი მეუღლის ფილმის პრემიერაზე ცნობილ ადამიანებზე “მონადირე” ადამიანის მორიგი მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ რეპორტაჟი აცხადებს, რომ ბრედ პიტმა თავდამსხმელს საპასუხო დარტყმა უთავაზა, დამადასტურებელი საბუთი ანუ ვიდეო არსად მოიპოვება, ასე რომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია იმაზე მსჯელობა თუ რამდენად ღირსეულად დაიცვა ტაილერ დარდენის ინტერფეისი 50 წლის მამაკაცმა.

ძალიან რთული იქნება აუხსნა ბავშვს  თუ რატომ არ უშვებენ ამ პასპორტის მფლობელს საზღვარზე. არა იმიტომ რომ “ბავშვია, რას გაიგებს,” არამედ იმიტომ რომ ბავშვები რეალობას, რომელშიც უფროსები თამაშის სხვადასხვა წესებს იგონებენ, ხშირად უფრო საღად და სწორად აღიქვამენ ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ასეთი ბავშვისთვის ლოგიკურია ქაღალდი უფრო სახატავ მასალად აღიქვას ვიდრე გადაადგილების საშუალებად. ისე კი, დარწმუნებული ვარ რომ მესაზღვრეს რომელსაც ხელში ასეთი პასპორტი მიაწოდეს, მსოფლიო მესაზღვრეების ისტორიაში ყველაზე გაკვირვებული სახე უნდა ჰქონოდა.

ვფიქრობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საქართველოში მაინც, აუცილებლად უნდა შემოიტანონ ახალი შესწავლის საგანი – “რესპოდენტთან ჩახტომის ხელოვნება”. აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რესპოდენტთან “მივარდნა,” მიკროფონის სწორად “შეტენვა,” ჭიდაობის ელემენტები, “ნაგლობა,” სხვა ჟურნალისტის მიკროფონის “მოგერიება” და ა.შ. ამასთან ერთად ჟურნალისტი სტუდენტი უნდა სწავლობდეს სწორად “ჩაცუცქვას,” ოპერატორი კი სწორად დაყენებულ ყვირილს და ბღავილს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

როგორც იქნა, ოცწლიანი ნაცნობობის შემდეგ უმა ტურმანი და ქვენტინ ტარანტინო მიხვდნენ, რომ დროა რომანტიული ურთიერთობა დაეწყოთ. ჯერჯერობით უცნობია მათი ურთიერთობა “წამიერი გატაცებაა,” თუ რამე უფრო სერიოზული, მაგრამ თუ ეს ესეა ძალიან საინტერესო უნდა იყოს მათი ქორწილი, მაგალითად მეჯვარეების ამბავი, რომლის როლშიც აუცილებლად შავ კოსტიუმში გამოწყობილი ჯონ ტრავოლტა და სამუელ ელ ჯექსონი უნდა მოგვევლინონ. დაპატიჟებულებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბრიუს უილისიც, რასაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით ვინმე ზედის როლის შემსრულებლებზე. ისე კი, ტარანტინომ და ტურმანმა შეიძლება ითქვას მსგავსი ღონისძიებისთვის საჭირო რეპეტიცია გაიარეს და ერთმანეთის სადღეგრძელო ფეხსაცმლის მეშვეობით შესვეს. ამ ქმედებით კი იმ ქართველების ლუსტრაცია მოახდინეს, რომლებიც სიბნელეში სდებენ ბრალს იმ თანამემამულეებს, რომლებიც მსგავსად იქცევიან. მოკლედ ცნობილმა წყვილმა მათი ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილება ამხილეს. მორალი, ღვინოს ფეხსაცმლიდან დალევა შეიძლება, მაგრამ ამას არა “პალატკაში” ან რომელიმე სოფელში უნდა აკეთებდე, არამედ “კაკ მინიმუმ” რამე გლამურულ წვეულებაზე.

ბოლოს გიტოვებთ გოგონას რომელიც სამშობლოს გადარჩენის მიზნით “პირადად ყიდულობს ბილეთს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ. 

მანდარინები – ფილმი ადამიანობაზე

mandarinebi

რამდენიმე წლის წინ ყოვლად უნიჭო “აგვისტოს 5 დღე” რომ გამოვიდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიკვირვა რომ ასეთი ბიუჯეტით და მხარდაჭერით ფილმის ავტორებმა ისტორია ელემენტარულად ვერ გამართეს. იმის ნაცვლად რომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამე ადამიანური ამბის მეშვეობით მოეყოლათ, რეჟისორმა და პროდუსერებმა აბსოლუტურად გაუმართავი პროპაგანდისტული ფილმი შემოგვთავაზეს, რომლის თავიდან ბოლომდე ყურება კინოს მოყვარული ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

საბედნიეროდ “აგვისტოს 5 დღისგან” განსხვავებით ფილმი “მანდარინები” სწორედ რომ მსგავსი ადამიანური ისტორიის მეშვეობით გვიყვება ომის, ამ შემთხვევაში აფხაზეთის 1992-93 წლების ომის შესახებ. აქ არ შეხვდებით ქვეყნის მეთაურებს, პოლიტიკოსებს, სარდლებსაც კი, მაგრამ ამის მიუხედავად არცერთი წამით არ გტოვებთ შეგრძნება, რომ ფილმი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. ფილმში არც ბრძოლებია ასახული და მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არც სროლებია დიდად.

მოვლენები აფხაზეთის ერთ სოფელში ვითარდება, რომლის ძირითად მოსახლეობას თავის დროზე გადმოსახლებული ესტონელები წარმოადგნდნენ, ომის დაწყებისთანავე მათ უმრავლესობამ სოფელი დატოვა, აქ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანიღაა დარჩენილი. სწორედ რომ ერთ-ერთი ესტონელის სახლში ვითარდება მთელი ამბავი. აქ ხვდებიან ერთად დაჭრილი ქართველი და აფხაზების მხარეზე მებრძოლი ჩეჩენი. ცხადია, ორივე ადამიანი, რომელსაც თავისი სიმართლე და ომში მონაწილეობის გამართლება აქვს, ერთმანეთს ვერ იტანს და თავიდან მზადაა ერთმანეთი მოკლას კიდეც.

ამ ორი ადამიანის ურთიერთობის  გარკვეულ ეტაპზე ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა და სწორედ რომ ამ გარდატეხაში მე მინდა დავინახო, ის რაც ასე აკლია ქართულ კინემატოგრაფს, ანუ ჰუმანიზმი. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში შემოდის სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტება, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი მეორე ადამიანს იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არაფერს ერჩის, საკმარისია მათი ურთიერთობა საყოფაცხოვრებო დონეზე რამდენიმე დღე გაგრძელდეს და ის ყველაფერი რაც შენს მტერს ხანგრძლივი და სისტემატური პროპაგანდის წყალობით გაძულებდა, საპნის ბუშტივით ქრება. ასეთ ვითარებაში ადამიანები რჩებიან შიშვლები, აჩვენებენ საკუთარ რეალურ სახეს და ასეთ ვითარებაში აფასებენ ერთმანეთის ღირსებას.  ასეთ ვითარებაში აღარ აქვს აზრი თუ ვინ გააკეთა სკამი რომელზეც ზიხარ, ან მაგიდა რომელთანაც ზიხარ, ან ვინ ააშენა ის სახლი რომელშიც იმყოფები, მთავარი ღირებულება ადამიანობა და ადამიანებია.

ანტი-მილიტარისტული განწყობა ყველაზე კარგად პერსონაჟ ივოს მიერ წარმოთქმულ ფრაზაში ჩანს, რომლის როლსაც ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი ასრულებს. ის ამბობს – “ეს ომი არავისია”. ზოგადად ვფიქრობ ამ პერსონაჟის მეშვეობით  რეჟისორმა ფილმის რამდენიმე მთავარი მესიჯი გააჟღერა, ერთ-ერთ სხვა ეპიზოდში იგივე ივო ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ქართველი, ჩეჩენი თუ ესტონელი და ის, რომ შენ სიტყვის შენახვა შეგიძლია ან პირიქით არ შეგიძლია, ეროვნებაზე ვერ იმეტყველებს. ზოგადად ლემბიტ ულფსაკის თამაში აღნიშვნის ღირსია და თამამად შეიძლება ითქვას რომ მისი შესრულება ამ ფილმში საუკეთესოა.

მიუხედავად იმისა, რომ  დრამატურგიულად ფილმი შეიძლება უფრო გამართული ყოფილიყო, (მაგალითად ზოგიერთი პერსონაჟის უკეთ გაშლა შეიძლებოდა, მცირედი ფაქტობრივი შეცდომებია გაპარული, გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთი ეპიზოდი  ოდნავ გაწელილი გეჩვენება და ა.შ.) საერთო ჯამში ამ ყველაფრის პატიება შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ ბოლოდროინდელ ქართულ კინემატოგრაფიას აკლია არაპროპაგანდისტული, ადამიანურ ისტორიებზე ორიენტირებული ფილმები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზაზა ურუშაძის ეს ფილმი პირველ რიგში სოციალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ ვიდრე ვიწრო კინემატოგრაფიულში.

აგვისტოს ომის სამი წლისთავზე, ანუ ახალი ქართული სამხედრო პოლიტიკის აუცილებლობა

“მე გამომაქვს განაჩენი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც სიხარულით მარშირებენ ‎სამხედრო მუსიკაზე. მათი ტვინი შეცდომის ნაყოფია, ასეთი ქმედებისთვის ზურგის ტვინიც კი საკმარისი იქნებოდა.  ცივილიზაციის ეს სამარცხვინო მოდგმა უნდა წაიშალოს ერთბაშად.  ნაბრძანები გმირობა, უგულო სისასტიკე, ქვეყნის უაზრო და სავალალო სიყვარული, როგორ მძულს ეს ყველაფერი, როგორი საზიზღარი და უმეცარია ომი; პირადად მირჩევნია დამანაწევრონ ვიდრე ამ ყველაფრის მონაწილე გავხდე.”

– ალბერტ ანშტაინი –

1989 წლის ფილმ “ერიკ ვიკინგი” არის ერთი ასეთი საგულისხმო მონაკვეთი, ვიკინგების რაზმი რომელიც გასასვლელს ვალჰალაზე ეძებს მოგზაურობისას მოხვდება კუნძულ “ჰაი ბრაზილზე.”  მათ ერთი ახალგაზრდა გოგო შეეგებება და ეკითხება თუ რა უჭირავთ ხელში, ერიკი, ანუ ვიკინგი პასუხობს რომ ეს ხმალია, გოგონას შეეშინდება და ხმლების დაუყონებლივ დაგდებას სთხოვს. როდესაც ასეთი თხოვნას გაიგებენ ვიკინგები ახსნას მოითხოვენ.  პასუხად კი იმას მიიღებენ რომ ლეგენდის თანახმად თუ კი კუნძულზე ერთი წვეთი სისხლი მაინც დაიღვარა ჰაი ბრაზილი ჩაიძირება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 20 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში საქართველომ რამდენიმე ფართომაშტაბიანი ომი გადაიტანა, ყოველი ასეთი კი ქვეყანას არა თუ პრობლემის გადაწყვეტაში არ ეხამრებოდა, არამედ სულ უფრო და უფრო უკან სწევდა.

მიუხედავად არაერთი მარცხისა და მნიშვნელოვანი დანაკარგისა 2008 წლის ომამადე საქართველოს პოლიტიკა მილიტარისტული პროპაგანდისკენ იყო მიმართული, ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი სამხედრო შეიარაღება – ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო მიმართული.

აწ გარდაცვლილი ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი გავრცელებულ აზრს თითქოს ადამიანი ბუნებით აგრესიულია და საჭიროებს ასეთის გამომჟღავნებას, აბსურდულად მიიჩნევდა. ის ამტკიცებდა რომ პირიქით ადამიანის დაყოლიება ომზე და ბრძოლაზე უდიდეს პროპაგანდას და ტვინის გამორეცხვას მოითხოვს, ასეთი მიზნის მისაღწევად კი უდიდესი რესურსია გამოსაყენებელი.

საქართველო რომელიც ისტორიულად ევროპის და აზიის გასაყარზე იმყოფება მშვიდობისათვის არახელსაყრელ ტერიტორიაზეა განთავსებული, ქვეყნის ისტორია სავსეა ომის მაგალითებით, სადაც გადარჩენისთვის პრაქტიკულად ყოველდღიური ბრძოლა იყო საჭირო.

თუმცა, დრონი მეფობენო და არა მეფენიო. მოდით ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითი. თუნდაც იყოს სკანდინავიის ქვეყნები, ისტორიულად ამას ტოლს საეჭვოა ვინმე დაუდოს, ვიკინგების ცხოვრების არსი ომში მდგომარეობდა. მაგრამ მოდით კვლავ დავუბრუნდეთ ჟამთა ცვლას, რა ტიპის სახელმწიფოებს წარმოადგენენ შვედეთი, ნორვეგია ან დანია? 21-ე საუკუნის პირობებში ეს ქვეყნები მშვიდობიან და ტოლერანტული ნაციების ეტალონად გვევლინებიან.

21-ე საუკუნეში სადაც დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი თანხმდება იმაზე რომ ომით კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია და ნებისმიერი საომარი მოქმედება ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ დასაგმობია საქართველომ უნდა გაითავისოს რომ ეს კურსი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

და სწორად იმიტომ რომ საქართველო იმყოფება აზია-ევროპის, რთულ გასაყარზე ქვეყნის პოლიტიკა პაციფიზმე, მშვიდობაზე და არა მილიტარიზმზე უნდა იყოს მიმართული. საქართველომ პრიორიტეტად ნეიტრალიტეტი უნდა გახადოს, ომი კი შეუძლებელ პერსპექტივად უნდა აქციოს, მეტიც სამხრეთ კავკასიის პირობებში მას პოტენციურად შემრიგებლის როლიც კი შეიძლება  იკისროს.

ომში იდეოლოგები, პროპაგანდისტები არ იღუპებიან, ომისგან არც ისინი ზარალდებიან ვინც ბრძანებს იძლევიან, ომში ჩვეულებრივი, მილიტარისტული პროპაგანდის მსხვერპლები იხოცებიან ვისი დედებიც ომში მათვის ყველაზე ძვირფასს განძს კარგავენ. თუ კი ომში წასულს გაუმართლებს და ის სახლში ცოცხალი ბრუნდება არც მაშინაა ხშირ შემთხვევაში დალხენილი, ომში ერთხელ მოხვედრილს მეტწილად მთელ ცხოვრების განმავლობაში ახსოვს ბრძოლაში ნანახი საშინელებები.

ომი არაბუნებრივი მოვლენაა, ანტი ადამიანური, ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ რელიგიას, ჰუმანიზმს და საერთოდ “სიკარგის” იდეას. ადამიანის ბუნებაში არ დევს მისი მსგავსის კვლა.

ამიტომაც სიტყვის კარგი გაგებით შექმნილ რეალიებში აუცილებელია მშვიდობის პროპაგანდირება,  პროპანდირება კი პირველ რიგში სტუდენტობას, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორს ეკისრება.

წინააღმდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტის შემთხვევაში კი წერილის დასაწყისში ნახსენები ჰაი ბრაზილის მსგავსად ომის სახელით სისხლის კიდევ ერთი დაღვრილი წვეთიც  ქვეყნისთვის საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდება.