Tag Archives: ბრიტანეთი

წერილი ფილიპ როტს

დინამიტის” წამოწყება რომელიც მოგვიანებით “გიყვარდეთ ჩემნაირებმა” გააგრძელა  და ესტაფეტა გადმომილოცა, მაიძულებს დავუწერო ღია წერილს ფილიპ როტს, თანამედროვე ამერიკელ მწერალს (დაიბადა 1933 წელს), მრავალრიცხოვანი რომანების ავტორს.

ძვირფასო ბატონო როტ,

ყოველთვის მაეჭვებდა ხოლმე ინგლისურენოვან ქვეყნებში წერილების ასეთი ფორმით წამოწყება. ფამილარული მეჩვენება. რატომ უნდა მიმართო ადამიანს რომელსაც არ იცნობ სიტყვა “ძვირფასო-თი,” ამიტომაც ასეთის დაწერისას ყოველთვის ვორჭოფობ ხოლმე და შინაგანად ოდნავ მაინც მრცხვენია. კიდევ კარგი თქვენ ამერიკიდან და არა ბრიტანეთიდან ხართ, თორემ ამ უკანასკნელის კონსერვატიზმი კიდევ  უფრო დამაბნევდა.

ისე ფამილარობას რაც შეეხება, ბოდიში ტაფტოლოგიისთვის, მაგრამ ქართველები საოცრად ფამილარული ხალხი ვართ, ასე მაგალითად თქვენობით თითქმის არასდროს ვლაპარაკობთ და ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება თქვენთანაც პირდაპირ შენობითზე გადასულიყო, ყოველგვარი კითხვის გარეშე. არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს ჩემს პროფესიაში, ანუ ჟურნალისტიკაში. ხშირად არის ხოლმე უყურებ დებატებს ტელე სივრცეში და აქ ჟურნალისტი – რესპოდენტი ერთმანეთს ლამისაა “შეჩემობით” ელაპარაკება. “შეჩემა” ქართული “იდიომატური” გამონათქვამია და ინგლისურად რთულად ითარგმნება. თუ დაინტერესდით, შემდეგ წერილში შევეცდები აგიხსნათ.

ხოდა, ეს “შეჩემათი” ლაპარაკი არაპროფესიონალურად მიმაჩნია. მაგრამ ასეთია საქართველო და ამას რთულად თუ შეცვლის რამე.

გვეყო საქართველოზე, ბატონო როტ, თუ მუშაობთ ახალ წიგნზე? თუ კი წერის პროცესი როგორია? კვლავ ისეთი, ადრე რომ გჩვეოდათ, ასკეტური და მკაცრი? ძალიან ვაფასებ რომ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მომთხოვნი ბრძანდებით, თქვენ უკანასკნელი მოჰიკანივით ხართ, რომელიც თანამედროვეობაში კლასიკის შექმნას ახერხებს, 400 გვერდიანი მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწარმოებების შექმნას. რთულია თანამედროვე სამყაროში სადაც ყველაფერი სისწრაფით ფასდება და საყვარელი ადამიანის მოსაფერებლადაც კი დრო არ გვრჩება, დაწერო ისეთი წიგნი რომელსაც მკითხველს 400 გვერდს ერთ ამოსუნთქვაზე წააკითხებს.

მახსოვს თქვენმა “ჩემი ქმარი კომუნისტია” რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 3 თუ 4 დღე ვკითხულობდი, ბოლოს ღამით ჩავუჯექი და რომ დავასრულე ისეთი შთაბეჭდილებებით აღვივსე რომ ნახევარი ღამე ვერ დავიძინე, არ მინდოდა წიგნი დასრულებულიყო, კიდევ 400 გვერდი რომ ყოფილიყო კიდევ წავიკითხავდი, იმავე ღამეს.

არ შეიძლება თქვენს მიმართ პატივისცემით არ აღივსე როდესაც თქვენს ინტერვიუს კითხულობ, ერთხელ დაახლოებით ასეთი რამე თქვით რომ წერისას “წერთ წინადადებას, ატრიალებთ მას, მერე კვლავ ატრიალებთ და მერე კვლავ,” ამის არ შენიშვნა თქვენს სკურპულოზურ, პრაქტიკულად უბადლო სიტყვათა წყობაში შეუძლებელია.

ისე უნდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურული ცოდვა ჩავიდინე, მიუხედავად ინგლისურის ცოდნისა თქვენი ნაწარმოებები რუსულად, თარგმანში წავიკითხე. ალბათ ორივემ, მთარგმნელს უნდა ვუმადლობდეთ, უფრო მე, ცუდი რომ შემხვედროდა თქვენი წიგნებით არც არასდროს დავინტერესდებოდი და ბევრსაც დავკარგავდი.

რამდენი რამის დაწერა და რამდენ რამეზე საუბარი შეიძლება ამ წერილში, მაგალითად თქვენი ამერიკის აღქმაზე, თქვენი ბავშვობის და დღევანდელი ამერიკის შედარება, თქვენს “გამოგონილ რეალიზმზე” და ა.შ. თუმცა, რთულია წერილში ყველაფერი ჩაატიო, ამიტომაც ამის მაგიერ იმაზე ვიფიქრებ რომ იქნებ ოდესმე თქვენთან შეხვედრა მეღირსოს, თუნდაც ჟურნალისტის რანგში… გპირდებით თქვენობით და “ძვირფასოთი” მოგმართავთ.

სად არის საქართველო? თარგმანში დაკარგულები.

ძალიან მიკვირს ხოლმე როდესაც საზღვარგარეთ, აქამდე უცნობი ადამიანის გაცნობისას საქართველოს ადგილმდებარეობის შესახებ ადეკვატური რეაქცია მესმის. როგორც წესი უცხოელების უმრავლესობამ არათუ არ იცის სად არის საქართველო, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში პირველად ესმის ასეთი ქვეყნის არსებობის შესახებ.

ამიტომაც, არ მიკვირს როდესაც მეკითხებიან, “ჯორჯია? ვერ იზ ით?” ასეთი დიალოგები დამღლელია და მოსაბეზრებელი, თუმცა ზოგიერთი რეაქცია იმდენად საინტერესოა რომ მეც ზოგიერთი ასეთი პიროვნების კომენტარზე რიგიანად ვხალისობ.

მოკლედ, გთავაზობთ ჩემი აზრით და გამოცდილებით 5 საუკეთესო რეაქციას.

5. “ჯორჯია? – რაშია?”

ძალიან გავრცელებული რეაქციაა, უფრო ტაქსისტებში და უფროსი თაობის წარმომადგენლებში გხვდება, რომლებსაც საბჭოთა კავშირი რუსეთი ჰგონია და ყველაფერი მასთან დაკავშირებით რუსული. ასე მაგალითად ერთმა გლაზგოში მცხოვრებ არაბმა იმის  მტკიცება დამიწყო რომ ქართველებს არაყი გვიყვარს და ზოგადად კულტურად რუსებთან იდენტური ვართ. როდესაც ვუთხარი რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ, მან ყოყმანის გარეშე მომიგო, “კი მაგრამ, მანამდე ხომ რუსეთის ნაწილი იყავით?” ძალიან რთული აღმოჩნდა იმის ახსნა ამ ადამიანისთვის რომ საბჭოთა კავშირამდე და რუსული იმპერიის დაარსებამდე საქართველო არსებობდა.

ლონდონში ყოფნისას კი ერთი სლოვაკი გოგო გავიცანი, რომელმაც “ჯორჯიას” გაგებაზე, ღიმილით მომიგო “ჯორჯია, რაშია, იეს?” რამდენწამიანი პაუზის შემდეგ ღიმილში ვაჯობე და “იეს, ჯორჯია რაშია, ჯასთ ლაიკ სლოვაკია ჩექ რეფაბლიკ.” ასე დავაშოშმინე სლოვაკი გოგონა.

4. “ჯორჯია – იუ ეს ეი?”

ჩემთან საუბარში ვინმემ რომ დაასკვნას რომ სწორედ რომ ამერიკულ ჯორჯიიდან ვარ ა) ან ყრუ უნდა იყოს რომ ჩემი აქცენტი ვერ შეამჩნიოს ან ბ) მსოფლიოში ყველაზე დიდი ცინიკოსი. მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ხდება, როგორც ჩანს აქცენტს ამჩნევენ, მაგრამ ჯორჯიაში გაქცეული არალეგალი ემიგრანტი ვგონივარ.

3. სანამ გაიგებენ ჯორჯიის შესახებ…

ზოგიერთ შემთხვევაში ჩემი წარმომავლობის შესახებ კითხვისას, კითხვის ავტორს ვთავაზობ თავად მიხვდეს საიდან შეიძლება ვიყო. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის დარწმუნებული ვარ რომ სწორ ვერსიამდე მისვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. შედეგებიც ძალიან საინტერესოა ხოლმე, თუმცა თუ ისეთ ვარაუდებს როგორიც “საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ან პოლონეთია” ლოგიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ხშირად ძალიან ალოგიკური ვარიანტები მესმის. აქედან კი ყველაზე საინტერესო, შემდეგი ვარიანტი იყო – არგენტინა. ესპანეთი რომ ეთქვა გავიგებდი, იტალიასაც, მაგრამ არგენტინა??? რატომ უნდა მოგივიდეს ევროპაში მყოფ ევროპელ ადამიანს არგენტინის ვარაუდი ცოტა უცნაურია. ასეთ პასუხზე მაშინ გამეღიმა, არადა ალბათ უნდა მეპასუხა, “არგენტინიდან არა, ურუგვაიდან.”

2.  გეოგრაფიაში დაკარგული

ერთ ფრანგ გოგომ რომლის ძლიერ მხარეს გეოგრაფია ნამდვილად არ წარმოადგენდა, პრაქტიკულად იმის მტკიცება დამიწყო რომ საქართველო სადღაც შვედედთან ახლოს უნდა იყოს. “შვედედთანაა, არა?” ეს რომ მითხრა მეც სრული სერიოზულობით ვუპასუხე, “ხო შვედეთის სამხრეთით და მოროკოს დასავლეთით.” გეოგრაფია თუ არა, ირონია შეუმჩნევია და ამანაც მთელი საღამო სხვა ხალხთან იმის გარკვევაში გაატარა თუ სად არის ჯორჯების მისტიური ქვეყანა. ბოლოს რუქის დახატვაც გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ადგილი სადღაც ჩრილოეთ კავკასიაში მიუჩინა და შავი ზღვა რუმინეთის დასავლეთით მოათავსა, ვაპატიე და გაწეული სამუშაო შევუქე.

1. ბასკები მართლა ქართველების ნათესავები არიან

ეს ვერსია აბსოლუტური ჩემპიონია. “ფართიზე” ახალგაზრდა, ჭკუა მხიარული ბიჭი გამომეცნაურა და მალევე ჩემი წარმომავლობის შესახებ მკითხა. მეც “ჯორჯია” მივუგე, დაბნეული ჩანდა, მაგრამ თავიდან არ შეიმჩნია, ამ დროს ჩვენი საერთო მეგობარი ჩაერია, “დათო ალფონსოს მეგობარია, ხომ იცნობ? ესპანელი ბიჭი რომაა.” რომ დაგვტოვა ამ ჭკუამხიარულმა ბიჭმაც მცირეოდენი ეჭვით, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ თამამად მკითხა, “ესეიგი, ჯორჯია ესპანეთშია არა?” ისღა დამრჩენია ზრდილობიანად და სერიოზულად მეპასუხა, “არა, ჯორჯია ესპანეთში არაა.”

თსუ მაშინ და დღეს, ანუ ყოფილი სტუდენტის ბოზური ტექსტი

თამამად თუ არა, მოკრძალებით მაინც შეიძლება ითქვას რომ საქართველოში
სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება. გასულ კვირას უნივერსიტეტში მომხდარ მოვლენებზე რეაგირება თსუ-ს სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების მხრიდან ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.

რა თქმა უნდა ჯერჯერობით შორს ვართ საზოგადოებისგან სადაც ყოველ ადამიანს საკუთარი მოვალეობა/პასუხისმგებლობა აქვს გათავისებული და ყოველდიურად საზოგადო ინტერესებისათვის იბრძვის. თუმცა,თუნდაც თსუ-ს მაგალითზე შეიძლება იმის თქმა რომ 5-7 წლის წინ სიტუაცია გაცილებით მძიმე იყო ვიდრე დღეს. ასეთი შედარების გაკეთების საშუალებას საკუთარი გამოცდილება მაძლევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტზე 2002 წელს ჩავაბარე, რამაც 2007 წლამდე “ცოდნის ტაძრით ტკობიბის” საშუალება მომცა . აღნიშნულმა დიპლომმა ცხოვრებაში საერთაშორისო სამართალში თუ იურისპრუდენციაში გზა გამიკაფა თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, თუმცა რაღაცა გზა მაინც დამისახა და თვითგამორკვევაც მოვახდინე, მაგალითად მივხვდი რომ იურისპრუდენცია ჩემი საქმე არაა. მაგრამ  ეს სხვა თემაა და მოდით უშუალოდ ცოდნის ტაძრის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე მოვახდინოთ რეაგირება.

მაშ ასე, რა ხდებოდა იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟულ, ანუ საერთაშორისო სამართლის სპეციალობის სტუდენტურ სამყაროში?

მაშინ როდესაც საზოგადოებას თუ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა ზურაბ ჟვანიას ფრაზა, “მე ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი” და  მთელ ძალისხმევას ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციისკენ არ იშურებდა, პოტენციურად მომავალი დიპლომატები და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები, იმ დროისათვის კი უბრალოდ სტუდენტები მეორე-მესამე კურსზე დიპლომატიის ისტორიის დაუფლების მაგიერ ერთმანეთს ე.წ. “ტრუბკებს” ესროდნენ.

თუმცა, კარგი ნიშნების მიღებას მაინც ახერხებდნენ. ქართველები ხომ ძალიან ნიჭიერები ვართ, ასე მაგალითად მთელი დღე შეგვიძლია ბირჟაძე გავატაროთ მაგრამ წითელ დიპლომს მაინც მივიღებთ. ასეთი ნიჭის გათვალისწინებით ევროკავშირმა კი არა, ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირი ჩვენს სტრუქტურებში.

პაციფისტური სიმბოლოს თუ ალტერნატიული ბენდების მაისურების მასონობად, ხოლო გრძელი თმების და ჯაჭვის ტარება პიდარასტობად აღიქმებოდა. იმის მაგალითებიც არ გვაკლდა როდესაც თვითმართველობის წევრები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მობილირების “ახევებში.”

არც მაშინ და არც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმრავლესობამ არ იცოდა და არც ახლა იცის რა არის თვითმართველობა ზოგადად, რა ფუნქცია აკისრია და რა მოვალეობები აქვს. ეჭვი მაქვს ამაში არც თავად თვითმართველობის წევრები არიან წესიერად გარკვეულები და საკუთარ პოზიციას მხოლოდ პარაზიტული კუთხიდან განიხილავენ. ასეთ ვითარებაში კი ამომრჩეველი სტუდენტების დარწმუნება მისცენ ხმა პარაზიტებს ან სულაც მოახდინონ არჩევნების ფალსიფიცირება პრობლემას ნამდვილად არ წამოადგენს.

ოთხშაბათს შალვა რამიშვილის გადაცემაში დაცვის სამსახურის უფროსი ირწმუნება რომ კონფლიქტს უპირპირდება და მთელი ძალისხმევით ცდილობს სტუდენტების შერიგებას. საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებდა იგივე პიროვნება ყველაფერი პირიქით რომ მოხდარიყო, ანუ ჩვეულებრივ სტუდენტებს რომ ეცემათ  თვითმართველობის პრივილიგირებული წევრები? ისიც ავიწყდება დაცვის უფროსს რომ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა კანონით ისჯება.

ზოგადად ამ თემაზე დაწერილ ერთ-ერთ წერილში  ავტორი იმას ამბობს რომ დამნაშავეების დასჯა უნივერსიტეტის პრეროგატივა არაა და ამის გაკეთება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ. მინდა შევახსენო წერილის ავტორს რომ არსებობს უამრავი შემთხვევა როდესაც დამნაშავეს რომელმაც თუნდაც ეთიკური ნორმები დაარღვია და ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა იმავე დაწესებულებიდან მოჰყოლია რეაქცია და ხშირ შემთხვევაში რეაქცია მისი სამსახურიდან/პოზიციიდან დათხოვნაში გამოიხატებოდა. ამიტომაც აქ იბადება კითხვა, იმსახურებს თუ არა დამნაშავე ამ შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას? ესეც ხომ არაა პოლიციის პრეროგატივა?

ერთია იმსახურებდეს და მეორე ის რომ არც არავინ აპირებს დამნაშავეების განთავისუფლებას ან თუნდაც უფრო მსუბუქად დასჯას.

ამჟამად საქართველოდან შორს, ბრიტანეთში ვიმყოფები და გლაზგოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობ. შედარების გაკეთება ანალოგიურ მოვლენებთან რთულია, უფრო სწორედ შეუძლებელია, იმიტომ რომ აქ თვითმართველობა თუ რომელიმე სხვა ოფიციალური ორგანო უნივერსიტეტის ფარგლებში სულ სხვა პრინციპებით მოქმედებს. მაშინ როდესაც ბრიტანეთში სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირდა და უნივერსიტეტებში ფასების გაზრდა დააპირეს ამას რეაქცია მოჰყვა, უნივერსიტეტების მხრიდან მკვეთრი დაპირისპირება წამოვიდა.

უნივერსიტეტის კედლებზე გამოკიდულ პოსტერებმა რომლებიც საპროტესტო აქციაზე პატიჟებდნენ სტუდენტებს ჩემში გაკვირვება გამოიწვია. მერე დავფიქრდი, “რატომ მიკვირს?” პასუხი მარტივია, იმიტომ რომ იმას ვარ შეჩვეული რომ იგივე თსუ ერთი კონფორმისტული ორგანოა რომელიც იმას აკეთებს რასაც სახელმწიფო ეტყვის და არაფერს აპროტესტებს.

კიდევ უფრო მეტად იმ შემთხვევამ გამაკვირვა როდესაც რამდენიმე ჩემმა ლექტორმა ლექცია იმიტომ გადაიტანა (გადაიტანა და არ გააცდინა) რომ საპროტესტო აქციაზე აპირებდა წასვლას და სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის გაპროტესტებას.

არადა, გასაკვირი არაფერია, უნივერსიტეტი, სტუდენტობა ხომ საზოგადოების ის ნაწილია რომელიც მუდამ “მშიერი,” უკმაყოფილო და მეამბოხე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ საზოგადოებას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

ქართველ სტუნდობასს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისათვის რომ ნამდვილ და არა ფსევდო სტუდენტობას დაემსგავსოს, თუმცა ის ფაქტი რომ თუნდაც მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ასეთი ტიპის ტექსტს ვწერ (უნდა ვაღიარო რომ 5 წლის წინ ასე სავარაუდოდ ვერ მოვიქცეოდი) და უკმაყოფილებას გამოვხატავ, მომავლის იმედს იძლევა.

ამიტომაც, Gaudeamus !

მოკლე პოსტი მშვიდობაზე

Give peace a chance

-John Lennon-

დღეს  ჩემს ფბ კედელზე ავღნიშნე რომ კავკასიის რეგიონი კვლავ ითვლება
სახიფათო რეგიონად, სადაც ახალი ან გაყინული კონფლიქტის წამოწყება არც თუ ისე არარეალურია.

ეს ამბავი სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ დღეს, ამ ვარაუდის ბრიტანულ ჟურნალში წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი ასეთის ალბათობის შესახებ. ერთია როდესაც კავკასიაში ცხოვრობ და ამ ხიფათს ყოველდღიურად გრძნობ, მაგრამ მეორე როდესაც ამის შესახებ ისეთი ქვეყნის პრესაში წაიკითხავ რომელიც როგორც წესი კავკასიის ამბებით ნაკლებად ინტერესდება, ესეიგი ხიფათი მართლაც რეალურია.

ამას ის დაემთხვა რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ევროკავშირის ტრიბუნიდან განუცხადებია რომ საქართველო აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს.

ძალიან კარგია, ასე რომ დაემთხვა. მინდა მჯეროდეს ამ რიტორიკის და ამ იმედით რეგიონის მომავალი დემილიტარიზაციის მომსწრე გავხდე. მემგონი კარგი სტარტია იმისთვის რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ გაითავისოს რომ ომი ყველაზე ნაკლებად საჭიროა დღესდღეობით რეგიონში, ეს არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობას, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ეხება.  მე მხოლოდ ამ რეგიონზე იმიტომ ვსაუბრობ რომ ჩვენი მორალური მოვალეობა მეტწილად მხოლოდ საკუთარ საქციელზე პასუხისგებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღარ დავუშვათ მილიტარისტული კონფლიქტი საქართველოს, სომხეთის თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

არ მჯერა რომ რიგით მოქალაქეს ოდესმე სურდეს საკუთარ ტერიტორიაზე ომის, დაკანონებული მვკლელობების ნახვა, ეს არა ჯანსაღი მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მილიტარისტული პროპაგანდით აღზრდილი ადამიანის სურვილი იყოს. არ გვინდა ომი, მორჩა და გათავდა და არ აქვს მნიშვნელობა რა იდეა იდება ასეთის წამოწყებაში.

ამ პოსტით რამე განსაკუთრებული თქმა არ მინდოდა, ეს ნაწერიდანაც ჩანს, ეს პოსტი უბრალო სურვილია ადამიანის რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის ნახვა სურს და მეტი არაფერი. კარგია თუ მეთანხმებით და კარგია თუ ამ აზრს (მაინცდამაინც ეს ბმული თუ არ იქნება არ მეწყინება) გაავრცელებთ.

მშვიდობით!

შინაგანი მოთხოვნილება თუ სოციალური ზრდილობა?

გუშინ მე და ჩემი ჯგუფელი დავალების ფარგლებში გლაზგოს ქუჩებში გამოკითხვას ვატარებდით. გამოკითხვა შემდეგ საკითხს ეხებოდა. დიდი ბრიტანეთი ბიუჯეტში არსებული დეფიციტის მიუხედავად გეგმავს საერთაშორისო დახმარების გაზრდას, ანუ ის დახმარება რომელსაც ეს ქვეყანა მესამე მსოფლიოს სახელმწიფოებს აწვდის უახლოეს მომავალში სავარაუდოთ კიდევ გაიზრდება. ამის ფონზე ბრიტანეთში ასევე მოსალოდნელია შემცირებები, უახლოეს წლებში ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

ჩვენი გამოკითხვას პასუხის სამ ვარიანტს სთავაზობდა: ა) ბრიტანეთმა უნდა გაარგძელოს პოლიტიკა ღარიბი ქვეყნის მიმართ და დაეხმაროს მათ ბ) ბრიტანეთმა უნდა გაყინოს დახმარება და დროებით შეწყვიტოს ასეთის გაწევა გ) ბრიტანეთმა უნდა შეამციროს დახმარება და მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი.

მიუხედავად კრიზისა ქუჩაში გაჩერებული ხალხის უმრავლესობამ პასუხად “ა” ვარიანტი აირჩია. ჩემმა კურსელმა ამის დანახვაზე ასეთი რამე მითხრა: “არ მგონია ეს ადამიანების შინაგანი მოთხოვნილება იყოს, ალბათ უფრო იმიტომ ირჩევენ ასეთ ვარიანტს რომ საზოგადოებაშია მიღებული ასე.”

დავეთანხმე, მეხსიერებაში კი ერთი საინტერესო დაკვირვება ამომიტივდა. საქმე ისაა რომ ამ ბლოგზე რამდენიმე თვეა “Social Vibe” სერვისი მიყენია, მის ფარგლებში ამ ბლოგზე განთავსებულია ბანერი, ქველმოქმედებით ხასიათისაა და იმ შემთხვევაში თუ შემოსული სტუმარი მას ერთხელ დააკლიკებს აფრიკაში გასაჭირში მყოფ ბავშვს განათლებით ერთი დამატებითი საათით უზრუნველყოფენ. როგორც უკვე ვთქვი ეს ბანერი უკვე რამდენიმე თვეა რაც ამ ბლოგზეა განთავსებული, ბლოგის ვიზიტორების საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად ყველაზე ნაკლები 150 კაცს უდრის, თითქოს ბევრმა უნდა დააკლიკოს ასეთ შემთხვევაში ბანერს, თუმცა ამის მიუხედავად კლიკების რაოდენობა გასაკვირად დაბალია. კერძოდ კი, ამ პოსტის დაწერი მდომარეობით მხოლოდ და მხოლოდ 9-ს უდრის. ეს კატასტროფა იმ ვარაუდს ამაგრებს რომ შინაგანად ადამიანებს მიუხედავად მათი საჯარო პოზიციისაა რბილად რომ ვთქვათ არ აინტერესებთ პრობლემა აფრიკაში ან ზოგადად რამე პრობლემა რაც მათ უშუალოდ არ ეხებათ.

დასანანია და ყალბია როდესაც მსგავს თემებზე პასუხისას ასეთი ადამიანები დადებით პასუხს მხოლოდ პოლიტ კორექტულობის გამო იძლევიან.

კოლონიალიზმი და კაპიტალისტური ირონია

– Cunts are still running the world –

Jarvis cocker

გლაზგოს ცენტრალუს ქუჩებში სიარულისას ზოგჯერ ბევრ სასარგებლო, ზოგჯერ კი ფუჭ რამეს მოგაწოდებენ ხოლმე, ძირითადად ეს ან სარეკლამო ხასიათის ფლაიერია, ჟურნალი ან გაზეთი. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ერთი გაზეთის მომაწოდეს, სულ 4 ან 6 გვერდი იქნებოდა,  გაზეთის დანახვის თანავე ნათელი იყო რომ ის ავტორების სახსრებით არსებობდა, რომ დავხედე აღმოვაჩინე რომ გაზეთი ადგილობრივი ანარქისტების მიერ იყო გამოცემული და სტატიებიც შესაბამისად რადიკალური, ანარქისტული იყო.   ზოგადად, აღსანიშნავია რომ ანარქიზმი ან კომუნიზმი დასავლეთის ინტელექტუალებში მეტ ნაკლებად გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს, შეიძლება ითქვას მოდურია კიდევაც, მაგრამ თქვა რომ ეს ორი მოვლენა ფართო მასებში პოპულარობით სარგებლობს თქო ტყუილი იქნება.  მოკლედ, ზემოხსენებული გაზეთი როგორც უკვე ითქვა ანარქისტულ ხასიათს ატარებდა და მოუწოდებდა საზოგადოებას გამოფხიზლებულიყო და აქტიურად ჩართულიყო ანარქისტულ საქმიანობაში. ერთ-ერთი სტატია კი აფრიკას ეხებოდა, უფრო სწორედ აფრიკის და ბრიტანეთის ურთიერთობას, სტატიის ავტორი წერდა რომ ზოგიერთი ბრიტანული კომპანიის აქტივობაში ირონია დევს, საუბარია ისეთი ტიპის აქტივობებზე რომლის დროსაც ესა თუ ის კამპანია თითქოს ცდილობს გაჭირვებულ აფრიკელებს დაეხმაროს და საკუთარი შემოსავლის გარკვეული პროცენტი (როგორც წესი ძალიან დაბალი) წყლის მილის ან რამე მაგდაგვარის მშენებლობას მოახმაროს. სტატიის ავტორი წერდა, რომ კომპანიის ბრიტანელი მართველი არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობს გაჭირვებულ აფრიკელებზე და ვერ აკავშირებს საკუთარ თავს რეალურ გაჭირვებულებთან, რომ როდესაც ესა თუ ის ბიზნესმენი იძინებს ის რეალურად არ ფიქრობს ამა თუ იმ აფრიკელ ბავშვზე და თავი მხოლოდ საკუთარი სარგებლის პოვნით აქვს გამოტენილი.

ძალიან მეეჭვება ამ გაზეთს რეალური გავლენა მოეხდინა ზოგადად ბრიტანეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მაგრამ ჩემთვის ერთი წლის მერე რაც ეს სტატია წავიკითხე ამ წერილის შთაგონების წყაროდ იქცა. საქმე ისაა ეს სტატია რომ გამახსენდა შევეცადე გამეაზრებინა რამდენად ჩაბარდა წარსულს ბრიტანული კოლონიალური მიდრეკილებები და რამდენად გულახდილია ის კამპანიები რომლებიც აფრიკას ან სამყაროს სხვა ნაწილების დახმარების მიზნით ეწყობა. ისევ და ისევ გლაზგოს ქუჩაში დღისით რომ გაიარო უამრავი აქტივისტი შეგხვდება, რომელიც ფულს კეთილშობილური მიზნებისთვის აგროვებს… თუმცა რამდენად რეპრეზენტაბელურია ეს ყველაფერი? იმავე ქუჩაში ღამით, რომ გაირო ძალიან ბევრ მთვრალ მკვიდრს შეხვდებით, რომელიც ძალიან ცუდად ამცირებს პაკისტანელს, ინდოელს ან რომელიმე სხვა ნაციის წარმომადგენელს. თითქოს პოლიტკორექტულობა აქ უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი და არაფერს გაგრძნობინებენ, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, დაბალ დონეზე კი ზოგიერთი საკითხი არც თუ ისე ცალსახა შეიძლება იყოს. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ მაინცდამაინც გლაზგოს და ბრიტანეთს არ ვგულისხმობ, ზოგადად დასავლეთს და პოსტ კოლონიალურ ქვეყნებს ვაქცევ ყურადღებას.

რამდენიმე კვირის წინ ე.წ. ფართიზე ვიყავი სადაც ერთი ესპანელი შემხვდა, მას დიდი ხანია უკვე ვიცნობ და ალბათ ამიტომაც მან საკუთარ თავს უფლება მისცა შემდეგი კითხვა დაესვა ჩემთვის:  “აი, თქვენ, თქვენ როგორც სახელმწიფო, ანუ საქართველო, რას აძლევთ ამ სამყაროს? რა სარგებელი მოგაქვთ?” ჩემზე ერთი თავით მაღალი რომ არ ყოფილიყო ალბათ ყურსაც ავუწევდი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ვერბალური პასუხით შემოვიფარგლე:  “თქვე დალოცვილებო, ამდენი საუკუნე ჩვენ და ჩვენაირ ქვეყნებს ხმარობდით და ახლა კიდევ ამ კითხვით მოგვმართავთ? იქნებ ახლა მაინც გვაცადოთ ცხოვრება?”

ამ თემას მინდა ოდნავ გავცდე, მხოლოდ იმიტომ რომ კვლავ დავუბრუნდე და აქ გამოთქმული აზრი დავუკავშირო. საქმე ისაა რომ იმ წრეში სადაც მიწევს ურთიერთობა (ძირითადად აკადემიური) ძალიან ხშირად შეიძლება მემარცხენე შეხედულებების მქონე ადამიანებს შეხვდეთ, ესენი კი როგორც წესი უფრო გულახდულები არიან, ნაკლებად შემორჩენიათ იმპერიალისტური შეხედულებები და რეალობას უფრო ობიექტურად აფასებენ, მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ აქაურებიც კი აღიარებენ, რომ მიუხედავად თითქოს საზოგადოების ლიბერალური შეხედულებების მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს ჯერ კიდევ შერჩენია იმპერიალისტური შეხედულებები და წინააღმდეგი არ იქნებოდა ინდოეთი, პაკისტანი ან თუნდაც ახალი კოლონიები ეხილა ბრიტანეთის ფარგლებში…

მაგრამ ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ამიტომაც ის ქვეყნები რომლებიც სულ რამდენიმე საუკუნის წინ დაპყრობებს აწარმოებდნენ დღეს პოლიტკორექტულები არიან, ადამიანის უფლებებს იცავენ (ყველაზე მცირე ჯგუფებისაც კი) და დემოკრატიის არეალს აფართოვებენ, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვინმე ინდივიდი დათვრეს და რომელიმე წვეულებაში გულში ნადები გამოქითვას და სრულიად შემთხვევით წამოცდეს რომ ზევიდან გიყურებს…