Tag Archives: ენა

“სვეცკი და ინტელიგენტი” პირწიგნაკელები, ანუ ინგლისურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრეებს

“Словарь Вильяма Шекспира, по подсчету исследователей, составляет 12000 слов. Словарь негра из людоедского племени «Мумбо-Юмбо» составляет 300 слов. Эллочка Щукина легко и свободно обходилась тридцатью. “

– ილფი და პეტროვი – 

” – Do you speak English?

– Yes, I  learnt it from a book.”

-ალფონსო მელერო-

დაახლოებით ორი კვირის წინ ფეისბუქის მომხმარებელს კიდევ ერთი “მარგალიტი” გამოკითხვის ნახვის საშუალება მიეცა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით შემდეგ შინაარსის კითხვა დასვა “გსურთ თუ არა რომ ინგლისური ენა გამოცხადეს მეორე სახელმწიფო ენად საქართველოში?”

კითხვა რომ ვნახე გამეღიმა და ხუმრობად აღვიქვი, თუმცა როგორც აღმოჩნდა პირწიგნაკის მომხმარებლის რეაქცია არ ყოფილა ერთგვაროვანი, უფრო მეტიც დაახლოებით 10 000 პასუხიდან 1000 – მდე ადამიანმა კითხვას დადებითად უპასუხა და სრული სერიოზულობით ჩათვალა რომ ინგლისური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს!

ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და იმის მტკიცებას შეუდგა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველო განვითარდება, წინ წავა და საერთოდ ქვეყნის მსოფლიო გლობალურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ოპონენტ მოპასუხეს კი კითხვაზე “რატომ უნდა გამოცხადეს ინგლისური სახელმწიფო ენად” მომხრეებმა რკინის არგუმენტით და რიტორიკული შეკითხვით “რატომ არ უნდა გამოცხადეს?” უპასუხეს.

არ ვიცი რაში აღმოაჩინეს ასე “პროგრესულად” მოაზროვნე ადამიანებმა კავშირი ქართულ და ინგლისურ კულტურებს შორის, ან სად იპოვეს საქართველოში ინგლისურად მოსაურბე (მშობლიური ენის რანგში) ადამიანები, მაგრამ მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარტივ ჭეშმარიტებად მონათლეს.

საინტერესოა რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოს და სომხებს გამონაკლისის სახით ჰქონდათ საკუთარი ოფიციალური ენა, ქართული და შესაბამისად სომხური, მაგრამ ერთხელაც მოსკოვიდან წამოსულ ინიციატივამ ასეთი სტატუსი საფრთხის ქვეშ დააყენა. ისეთ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი როგორიც საბჭოთა კავშირია ასეთ ინიციატივას ქართულ საზოგადოებაში პროტესტით შეხვდნენ, პროტესტი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა რომ მოსკოვი ვერაფერს გახდა და ქართულ იფიციალურ ენად დატოვა.

დღეს მეორე სახელმწიფო ენის ქონას (მითუმეტეს ინგლისურის) საქართველოს მოსახლეობას არავინ ეძალება. რა საჭიროა? მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (მცირე მაგრამ მაინც) ხომ თავადაა მზად მიიღოს ასეთი აბსურდი საქმე საქმეზე რომ მიდგეს.

ძალიან მეეჭვება ასეთების რიგებში ისეთი ადამიანები იყვნენ რომლებსაც ა.შ.შ – ში ან ევროპაში ცხოვრების ჰქონდეთ გამოცდილება მიღებული, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში ეცოდინებოდათ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ძალიან დიდი მნიშვნელობა იდენტობას ენიჭება, სადაც იდენტობა არა მარგინალიზაციად, არამედ პიროვნების ან ადამიანების ჯგუფის საინტერესო ფენომენად აღიქმება.

მარტივად რომ ვთქვათ უცხოელს არა შენი ცუდად გადამღერებული ინგლისური სიმღერა, არამედ შენი თავისებურება აინტერესებს.

გამოკითხვა იქეთ იყოს და მოდით ზოგიერთი ქართველი პირწიგნაკის (ზოგადად საზოგადოების, თუმცა ფეისბუქზე ეს უკეთ ჩანს) მომხმარებლის ლექსიკას გადავხედოთ.

იყო დრო და საქართველოში მოდურად ითვლებოდა რუსულად ლაპარაკი, უფრო სწორედ არა ზოგადად რუსულად მეტყველება, აზრის რუსულად დაწყება, გაგრძელება და დასრულება, არამედ რუსული სიტყვების ჩასმა ქართულ კონტექსტში, ანუ ჰიბრიდული აზრთა წყობა.  ასეთი ტენდენცია მარტო საქართველოსთვის როდი იყო დამახასიათებელი, მსგავსი შემთხვევები გვხდება მაგალითად ისეთ პოსტ კოლონიურ ქვეყნებში როგორიც ინდოეთი და ნიგერიაა.

ინდოელი ან ნიგერიელი საუბრისას ხშირად იყენებს ინგლისურ სიტყვებს, რაც მის განათლებულობაზე (?) და პრივილიგირებულ (?) მდგომარეობაზე მიუნიშნებს.

თუ რუსულის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ინგლისური ენის ქართულ კონტექსტში ხმარება განსხვავებულ, საინტერესო ფენომენად შეიძლება ჩავთვალოთ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ბრიტანეთის ან ა.შ.შ.-ს კოლონია. ამ შემთხვევაში ინგლისური ენის ექსპანსია ნებაყოფლობითია, გარკვეულწილად ნებაყოფლობითი ლინგვისტური მონობაა.

ფბ-ს მომხმარებლებში გამოირჩევა რამდენიმე ტენდენცია,

ა) ქართულში რუსული სიტყვების “შემრევები,” ასეთებს ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლებში უნდა ვპოულობდეთ, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლისწინანდელი მდგომარეობიდან არ გამოსულან და “სვეცკად” იყენებენ რუსულ სიტყვებს, ასევე გვხვდებიან ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ “ტრადიციულ,” ინტელიგენტურ ოჯახებში არიან აღზრდილები და ასე ლაპარაკს ბავშვობიდან არიან შეჩვეულები.

ბ) ახალგაზრდები რომლებიც დაიბადნენ ან გვიანდელ საბჭოთ კავშირში ან სულაც მის დაშლის შემდეგ, ასეთები უფრო ინგლისურს ანიჭებენ უპირატესობას, საინტერესოა რომ ამ და პირველ ჯგუფს შორის განსხვავება მხოლოდ ენის პრიორიტეტშია, ანუ შინაარსობრივად იგივე მენტალიტეტის მატარებლებს წარმოადგენენ, განსხვავდებიან მხოლოდ ფორმით. ასევე საინტერესოა რომ რამე წინადადების დაწერისას ძირითადად იყენებენ ქართულს, მაგრამ რამდენიმე სიტყვას (ან ფრაზას) ინგლისურად მიაყოლებენ, ჩემი აზრით განსხვავება პირველ ჯგუფთან ჩემი მოკრძალებული აზრით ისაა რომ ესენი უბრალოდ ინგლისურს ვერ ფლობენ წესიერად და მთელ წინადადებას ვერ შლიან ნორმალურად.

გ) ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფია, ასეთ კატეგორიაში 30-40 წლის ადამიანები გვხვდებიან, ანუ ისეთები რომლებიც ჯერ კიდევ ძველ, საბჭოურ ეპოქად მოესწრნენ  მაგრამ ახალ “ყაიდაზე” ყრმობაში მოუწიათ გადასვლა. ეს აბსოლუტური ჰიბრიდია, რადგანაც ესენი ორივე ენის სიტყვებს იყენებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ წინადადებაშიც კი. გამოდის რომ სახეზე გვაქვს ადამიანის გასამაგება, რომელიც ერთდროულად იყენებს 3 აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული ტრადიციების მატარებელ ენას!

ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა საუკუნეების წინ შექმნა, შექმნა უნიკალური დამწერლობა რომელსაც მსოფლიო დამწერლობებში ღირსეული ადგილი უკავია,  თავისთავად ეს განძია, განძი რომელიც დღემდე შევინარჩუნეთ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში განძის გარდა მენტალიტეტი გამოგყვა, მენტალიტეტი რომელიც როგორც ჩანს თავიდან ჩვენს იდენტობას არ წარმოადგენდა, მაგრამ შევიძინეთ ურიცხვი შემოსევების და დაპყრობების დროს და თუ დღეს მოდურია იმაზე საუბარი რომ ჩვენ საბჭოური მენტალობიდან ვერ გამოვედით ალბათ აუცილებელია დაეჭვება და კითხვის დასმა, “ვიყავით კი საბჭოთა კავშირამდე მენტალურად თავისუფლები და ამ “ტრადიციას” უფრო გრძელი ფესვები ხომ არ გააჩნია?

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ვინ არიან ქართველი მწერლები?

მაშინ როდესაც ინგლისური ენის ლექსიკონები ყოველდღიურად ახალი
სიტყვებით ივსება, ხოლო შეგნებული სამყაროს მწერლები ერთმანეთს ენის ცოდნაში თუ ფანტაზიის უკიდეგანოობაში ეჯიბრებიან, ზაზა ბურჭულაძე ბანალური და მოძველებული ეპატაჟის ხერხებით ცდილობს ქუთაისის მოსახლეობის “აგდებას.”

ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ესენიც “ვარდებიან” და აღშფოთებულები “გარყვნილ” მწერალს განიხილავენ.

ქვეყანაში სადაც 40 წლით დაგვიანებული მასალის დაკოპირებით გადიან ფონს , მსგავსი საღამოების ახალ ამბებში (თუნდაც სოციალურ მედიაში) მოხვედრის არ უნდა გვიკვირდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საქართველოში დრო “გაჩერდა” და ახალი არ აფერი ხდება.

თუმცა, გაჩერებული თუ დაკარგული დროის თემაზე აქ საუბარს არ ვაპირებ, ამის ნაცვლად სჯობია “თანამედროვე” ქართველი მწერლის რამდენიმე სახე თუ ტიპი განვიხილოთ.

მამა – პაპური ტრადიციების გამგრძელებლები

ესენი ძირითადად უფროსი, “კომუნიზმში” დაბადებული თაობის
წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველაფერ ქართულს სათუთად ეპყრობიან და გარე (დასავლური) ჩარევისგან იცავენ.

გულწრფელად სწამთ რომ ქართული ლიტერატურა კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მოკვდა, ერი გაირყვნა და აღარაფერი გვეშველება.

წარსულში სახელოვანი და წარმატებული მწერლებისგან განსხვავებით ამ ჯგუფის უმრავლესობამ აქტუალობა ვერ შეინარჩუნა, იმ მარტივი მიზეზით რომ დროს ფეხი ვერ აუწყო და სიახლეების ძებნის მაგივრად ქართველი კლასიკოსების პირდაპირი კოპირება გადაწყვიტა.

ზომიერი თაობის მწერლები

ესენი 90-იანების დასაწყისში, ქართული დამოუკიდებლობის ფეხდაფეხ აღმოცენდნენ.  ამ პერიოდმა მათ პატრიოტული გრძნობები გაუღვივა, თუმცა ჟამთა ცვლამ ფუნდამენტალიზმობამდე გრძნობები ვერ დაიყვანა და ისინიც “მამა პაპური” თაობისგან რიგ საკითხებში განსხვავდებიან.

თუმცა, ზომიერების გამო  “მამა-პაპური” თაობისგან სიმპატიითაც კი სარგებლობენ, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ხანდახან ქართულ “სიწმინდეებს” ეხება და გვახსენებს რომ ესა თუ ის ისტორიული პიროვნებაც ადამიანი იყო და ხანდახან ტუალეტშიც კი დადიოდა.

ხშირად ჩნდებიან ტელევიზორში, ხანდახან გვახსენებენ რუსულ ინტერვენციას და ქართული ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობას.

“მესამე არს კარგი ლექსი სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად…”

ამათი მწერლებად მოხსენიება უხერხულიც კია, მწერლობა მათვის უფრო “ჰობის” წარმოადგენს. ის ფაქტი რომ ხანდახან მათი ნამუშევრები ამ პოსტში სხვა კატეგორიის წარმომადნლების ნამუშევრებს არ ჩამოუვარდება რა თქმა უნდა არა მათ ნიჭზე არამედ “ჩამოყალიბებული მწერლების” რეგრესზე მიუთითებს.

მათ შორის გვხდებიან ბიზნესმენები, მენეჯერები, უფროსები და ა.შ. ხშირად წერენ ლექსებს და სუფრაზე ახლო წრეს უზიარებენ, ამიტომაც მათ ყოველთვის საუკეთესო კრიტიკა ხვდება.

როგორც წესი აქვეყნებენ ერთ წიგნს და ამაზე ჩერდებიან, თუმცა გამონაკლისს შემთხვევაში სიცოცხლის მიწურულს ერთ ავტობიოგრაფიასაც გვჩუქნიან ხოლმე, რომ ჩვენ, უბრალო მომკვდავებმა მათგან ვისწავლოთ.

ამორალური მორალისტები

ჭარბობენ ახალგაზრდა თაობაში. იყენებენ მძიმე ირონიას ძველი თაობის მწერლების დასაცინად. ხშირად მათი დაცინვის ობიექტი თანამედროვე “მამა-პაპებს” სცდება და აღიარებულ კლასიკოსებსაც ეხება.

პოპ კულტურის პირმშო.  აგრძელებენ “სწრაფი კვების” ტრადიციებს და “სწრაფ” ლიტერატურას გვთავაზობენ.

წერენ მარტივად გასაგებ ენაზე და “გვაკვირვებენ” არანორმატიული ლექსიკის ცოდნით.  უყვართ დასავლეთი, მაგრამ დასავლეთს ყველაზე ნაკლები 40 წლით ჩამორჩნენ. კითხულობენ ბიტნიკებს, თანამედროვე ფრანგ მწერლებს, იშვიათად კლასიკას.

წარმოადგენენ თანამედროვე ფრანგი “მეტ ნაკლებად ქულ ბოტანიკოსის” ექვივალენტს, პატარა განსხვავებით, იწოდებიან მწერლებად და სარგებლობენ პოპულარობით ეპატაჟის ხარჯზე.


ოდა ბორხესს

ცოტაა ისეთი ადამიანი რომელსაც სიკვდილის შემდგომ წარუშლელი კვალის
დატოვება ძალუძს, ასეთი ადამიანები უკვდავნი არიან. ხორხე ლუის ბორხესი ერთ-ერთი მათგანია, მიუხედავად მისი სურვილისა სიცოცხლის შემდგომ მომკვდარიყო სრულიად, ფიზიკურად და სულიერად, წაშლილიყო სამუდამოდ კაცობრიობის ისტორიიდან, ბორხესის სახელი სავარაუდოთ ადამიანებს ლიტერატურის აღსასრულამდე ემახსოვრებათ.

საოცრად მორცხვი, თავმდაბალი და უბრალო ხორხე ლუის ბორხესი ყველაზე დიდ სიხარულს ბიბლიოთეკაში, წიგნებში პოულობდა, ის წერდა და კითხულობდა, ყოველდღიურად გებულობდა უფრო მეტს სამყაროზე, იმ წიგნებიდან რომლებიც თაროზე მკითხველის მოლოდინში ატარებენ მარადისობას. პოპულარობამ ბორხესი სიბერეში აღმოაჩინა, დაახლოებით 60 წლის იქნებოდა როდესაც მსოფლიომ აღიარა და მრავალრიცხოვან ტურნეებში მიიპატიჟა, ბორხესი კითხულობდა საჯარო ლექციების არგენტინისგან ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი და საკუთარი ისტორიებით და ენით აჯადოვებდა ყველაზე ნაკლებად დაინტერესებულ მსმენელებსაც კი.

ბორხესი თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე, წერდა ესპანურად და ინგლისურად, რთულია წარმოიდგინო ენაზე მასსავით შეყვარებული ადამიანი. ამის მიუხედავად ბორხესი თვლიდა რომ არცერთი ენა არ არის სრულყოფილი და ხელოვნურად შექმნილი ენა ვერ გადმოსცემდა ყველაფერ იმას რაც ჩვენს ირგვლივ, სამყაროში არსებობს, ამიტომაცაა რომ ბორხესის შემოქმედებას ეტყობა ავტორის ძალისხმევა მაქიმალური სიზუსტით გადმოსცეს სამყაროს მითოლოგია, სამყაროს რომელშიც დიდი ადგილი არგენტინას და ბუენოს აირესს ეთმობა.

ბორხესი მთლიანად ბუენოს აირესს ეკუთვნის ისევე როგორც ჯოისი დუბლინს და  ვუდი ალენი ნიუ იორკს. ბორხესის მოთხრობები გაჯერებულია ბუენოს აირესისგან მიღებული მუხტით, მათ წაკითხვისას ბუენოს აირესში ფიზიკურად მოხვედრა არ არის საჭირო რომ შეგიყვარდეს ეს ქალაქი თუ ბორხესს კითხულობ.

ბორხესს არ სჯეროდა რომანის, ამიტომაც არცერთი არ დაუწერია, მას მოთხრობების, ესეების და ლექსების სწამდა, ამიტომაც მხოლოდ ასეთ ფორმებში პოულობდა სიცოცხლესთან საერთო პოეზიას. როგორც ენა ვერ აღწერს სიცოცხლის პოეზიას  ისევე შეუძლებელია ბორხესი ერთი პოსტით დაახასიათო, ამიტომაც ვისაც ესპანური ან ინგლისური გესმით გიტოვებთ ამ საოცარ ლექსს რომელიც ბორხესის ამაღლებულ ბუნებას უშეცდომოდ ასახავს.

ჩვენი ენა, ქართული, ანუ რანი ვართ ჯოუ?

თუ ვიტყვი რომ ენა ამა თუ იმ ერის, ეთნოსის თუ საზოგადოების მენტალიტეტზე მეტყველებს და მასზე ბევრი რამის მოთხრობა შეუძლია, ალბათ არავის გაგაკვირვებთ. ამის მიუხედავად ქართულ ენაში არსებობს სიტყვები, ფრაზები, ან თუნდაც ანდაზები რომლებიც ბავშვობიდან მესმის და დღემდე საინტერესოდ მეჩვენება. ზოგიერთი მათგანი ხომ აუხსნელი ფენომენია. ამ თემაზე პოსტის დაწერას დიდი ხნის წინ ვფიქრობდი, სავარაუდოდ მაშინ მის დაწერაზე სხვა სიტყვებმა შთამაგონეს, ამ პოსტში წარმოდგენილი მაგალითები კი დღეს საღამოს სპონტანურად გახსენებულ სიტყვებს და ფრაზებს წარმოადგენენ. მოკლედ, ეს სია ასე გამოიყურება.

“გოიმი” – არსებითი სახელი, აქედანვე ნაწარმოებია ზედსართავი სახელი “გოიმური.” გეცოდინებათ, “გოიმი” ებრაული წარმოშობისაა და “არა ებრაელს ნიშნავს.” ამის მიუხედავად ქართული საზოგადოება ამ ტერმინს ისე ხშირად ხმარობს რომ  ყველაზე მორწმუნე რაბინსაც კი შეშურდებოდა. ქართულ ენაში ეს სიტყვა “იაფფასიანის,” “ცუდი ხარისხის მქონეს,” “უგემოვნოს”გამოსახატავად გამოიყენება. სიტყვამ საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა. საინტერესოა ასევე ის რომ არსებობს ტენდენციები რომლის თანახმადაც სიტყვა “გოიმურის” ხშირი ხმარება ასევე გოიმობას აღნიშნავს. სიტყვის არსებობა ქართულ ენაში ისტორიულად საქართველოში ებრაელთა დიდ რაოდენობაზე უნდა მიუთითებდეს.

“ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები” – ხშირად ფრაზად გამოყენებული, სიმღერის ტექსტი, რომელიც ბავშვობიდანვე საგონებელში მაგდებდა და გაურკვევლობაში მტოვებდა. ერთის მხრივ გასაგებია ავტორის გონებამახვილური სარკაზმი, მაგრამ მეორეს მხრივ ამ საცოდავ პეპელას რას ერჩის, რატომ აგდებს ევკლიდესეურ პარადოქსში? ან იქნებ მისი ავტორი ნევროზის სინდრომის მქონე მოქალაქე იყო რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებდა ა ლა ჰამლეტი?

“იძლევა?” – სხვა ტრადიციულ მნიშვნელობებთან ერთად წარმოადგენს ქართველ მამრის კითხვას საპირპირო სქესის მიმართულებით, რომელიც ცდილობს საკუთარი შანსების შეფასებას შესაძლო სქესობრივი აქტის განხორციელების მხრივ, რომელიც ასეთს ვალდებულებას არ აკისრებს. არსებობს სახეშეცვლილი ფორმაც, “ქალიშვილია?” თუ ქალიშვილი არაა, ამას შეიძლება მოყვეს დამატებითი კომენტარი, რომელიც ასევე საინტერესო ფრაზეოლოგიას უნდა მივაკუთვნოთ: “შიოტჩიკი ხომ არ უყენია?” კითხვით ფორმასთან ერთად არსებობს მტკიცებითი “კი, იძლევა” და “არა, ქალიშვილია შე ჩემა.”

“გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი” – აფორიზმი ვეფხისტყაოსნიდან, რომელმაც როგორც ჩანს სადავო კითხვას “აზია ვართ თუ ევროპა” ჯერ კიდევ 8 საუკუნის წინ გასცა პასუხი, რამეთუ აღმოსავლეთი მაშინ ყოველ შემთხვევაში დიპლომატიას და ენას ბევრად უკეთ ხმარობდა ვიდრე დასავლეთი. ასევე უნდა მიუნიშნებდეს ქართული მენტალიტეტის არაერთგვაროვნებაზე, ვამბობთ ერთს, ვფიქრობთ მეორეს, ვაკეთებთ მესამეს, გვინდა მეოთხე. მე მაპატიეთ.

“მე რა, ზანგი ვარ?” – ეს ფრაზა სულ რამოდენიმე თვის წინ კვლავ აქტუალური საქართველოს პრეზიდენტმა გახადა, ოღონდ ამჯერად მას მრავალწლიანი გამოცდილებისგან განსხვავებით საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან (როგორც ჩანს “ევროპელები ვართ თუ აზიელები კვლავ აქტუალური რჩება)სხვაგვარი კომენტარი მოჰყვა. პრეზიდენტის ოპონენტებმა ის რასისტობაში დაადანაშაულეს, მომხრეებმა კიდევ ფრაზის პირვანდელი მნიშვნელობა მოიხმარეს და განაცხადეს რომ მას ეს ფრაზა პირვანდელი მნიშვნელობით უთქვამს. რაში მდგომარეობს პირვანდელი მნიშვნელობის ეტიმოლოგია ჩემთვის პირადად საიდუმლოა.  არსებობს სახეშცლილი ფორმაც: “მე რა, წითელი კოჭი ვარ?”

“ეკაიფე ჯო დასენს” – ფრაზა რომელიც “დამცინავს” მოუწოდებს გაჩერდეს და გონს მოეგოს, საზოგადოებისთვისაც და ალბათ აწ გარდაცვლილი ჯო დასენისთვის ამ ფრაზის ლოგიკა სამუდამო საიდუმლოთ დარჩება. არსებობს “ეკაიფე ჯო დასენის” და “ბერმუდის სამკუთხედის” მისტერია, არსებობს კიდევ სხვა მისტერიები, მაგრამ გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის ვიდრე ეს ორი.

“იარაღი” – თითქოს რა უნდა იყოს უცნაური ამ სიტყვაში, ჩვეულებრივი სიტყვაა რომელიც სხვა არაფერზე თუ არა იარაღზე მიუნიშნებს. არსებობს ცეცხლსასროლი, ცივი და სამუშაო იარაღი. თუმცა, სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავეძიებით საინტერესო ფსიქოლოგიურ დეტალებს აღმოვაჩენთ. ლოგიკურია დავასკნათ რომ ეს სიტყვა ჩვენთან თურქული ენიდან შემოვიდა, ასევე ლოგიკურია დავასკვნათ რომ ის თურკ სელჩუკების შემოსევების დროს გახდა ქართული ლექსიკის ნაწილი. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ეს სიტყვა თურქულად ნიშნავს “ასოს” ანუ “პენისს.” სიტყვის ტრანსფორმაციის ლოგიკა აშკარად სახეზეა.

What the F… is Shorthand ანუ მოკლედ სტენოგრაფიაზე

ამ პოსტის დაწერაზე ჩემმა დავალებამ შთამაგონა, იმ დავალებამ რომელიც არცერთ ჩემს ჯგუფელს მოსვენებას არ აძლევს და თავს სკოლის მოსწავლედ აგრძნობინებს, საუბარი ე.წ. სტენოგრაფიაზე მაქვს, ინგლისურად “Shorthand,” წესით და რიგით ეს მოვლენა თანამედროვე ჟურნალისტებს მუშაობას და შესაბამისად ცხოვრებასაც უნდა უადვილებს, მაგრამ ჯერჯერობით როდესაც ამ ენაზე დაწერილ ტექსტს ძალიან ნელა ვკითხულობთ ცხოვრება მხოლოდ რთულდება.

სტენოგრაფია, ძალიან მოკლედ რომ გავმარტოთ ნიშნავს გრძელი წინადადებას მოკლედ ჩაწერას, ოღონდ არ გეგონოთ რომ ამ შემთხვევაში რომელიმე ცნობილი დამწერლობის გამოყენება მოგიწევთ, ნურას  უკაცრავად სტენოგრაფიას საკუთარი ენა აქვს და რაც ყველაზე დასანანია ყველა ენის სტენოგრაფიული ენა განსხვავებული იქნება, მაგალითად ინგლისურს ინგლისური ექნება, ფრანგულს ფრანგული, რუსულს რუსული და ა.შ. (ქართულის შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული). თურმე სტენოგრაფიის გამოყენება ჯერ კიდევ ჩვ. წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ძველ საბერძნეთში დაიწყეს. მას ასევე აქტიურად ძველ რომში და ეგვპიტეში გამოიყენებდნენ.

კაცმა რომ თქვას თანამედროვე ტექნიკის პირობებში როდესაც ჟურნალისტს თავისუფლად შეუძლია ტექნიკის და ე.წ. დიქტოფონის გამოყენება რა საჭიროა ცხოვრების გართულება და კალმით რაღაც სიმბოლოების ჩაწერა? მეც ეს ვიფიქრე, მაგრამ მერე მივხვდი… პროფესიონალი ჟურნალისტს რომელიც სტენოგრაფიას თავისუფლად ფლობს წუთში ამ ენის გამოყენებით 100-დან 140 სიტყვის ჩაწერა შეუძლია. თუ ვთქვათ რამე მოვლენა ძალიან დიდხანს გრძელდება დიქტოფონი შეიძლება არაპრაქტიკული იყოს და ჟურნალისტს შეიძლება რამე კონკრეტული მასალის მოძიება გაუჭირდეს, სტენოგრაფიის შემთხვევაში ეს პროცესი გაცილებით მარტივია.

სიმართლე გითხრათ არ გამიგია რომ საქართველოში ვინმე სტენოგრაფიით(ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებში) იყოს დაკავებული ან თუნდაც ჰობის დონეზე გატაცებული, მაგრამ ისეთ ქვეყანაში როგორიც დიდი ბრიტანეთია სტენოგრაფია სამსახურში მიღებისას აუცილებელი პირობაა, რა თქმა უნდა აქაც არსებობს ბევრი პრესს სამსახური რომელიც სტენოგრაფიას ნაკლებად აქცევს ყურადღებას, მაგრამ თუ საქმე სერიოზულ გამოცემაზე მიდგა დარწმუნებული იყავით, როგორც მინიმუმ 100 სიტყვას წუთში თქვენი პოტენციური დამქირავებელი აუცილებლად მოგთხოვთ.

მეცადინეობიდან ერთ თვის შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ წუთში 100 სიტყვისგან ძალიან შორს ვარ, ძალიან გამიხარდება თუ ჩემი მაჩვენებელი ამ მომენტისთვის წუთში 20 სიტყვას მაინც უდრის… ამიტომაც ჯერჯერობით ლექციაზე წინადადების წაკითხვისას მე და ჩემი ზრდასრული ჯგუფელები უფრო პირველ კლასელებს ვგავართ რომლებიც სტენოგრაფიის წაკითხვისას სიტყვებს ძალიან ფრთხილად მარცლავენ.