Tag Archives: ვუდი ალენი

TBC-ის სამი მუშკეტერის რგოლი ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

ამბობენ რომ სანამ TBC – ის მესვეურები სამი მუშკეტერის საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებოდნენ, საზოგადოდ ცნობილ რეჟისორებს მიაკითხეს და რგოლის გადაღება სთხოვეს. შემკვეთებმა რეჟისორებს სრული თავისუფლება მისცეს, ოღონდ ერთი პირობით – კლიპში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარადა და საწოლი. “კი მაგრამ, ეს ხომ სირობაა?!” ერთხმად იყვირა ტარანტინომ, ტრიერმა და ოზონმა. “სირობა, თუ არაა სირობა, ასეთია ჩვენი პირობა.” რეჟისორები გაჯიუტდნენ, შემკვეთებმა ეს რომ დაინახეს, პრობლემის სხვანაირად გადაწყვეტა და თითოსთვის 200-200 ლარის ჩაჯიბება გადაწყვიტეს. ამან რეჟისორები რა თქმა უნდა მოთაფლა და რგოლებიც გადაიღეს. აი, რა გამოვიდა.

ანდრეი ტარკოვსკი

კარადა ტყეშია. იქვეა საწოლი. თავიდან კადრში ხეებში ჩაფლული კარადა ჩანს. კადრი დაახლოებით ათი წუთი გრძელდება. ისმის მხოლოდ ფოთლების შხრიალი და ახლო-მახლო მომავალი მდინარის ხმა. კადრი ძალიან ნელა საწოლზე გადადის. საწოლი ნელნელა ლევიტაციას განიცდის. მასზე სანდრო და მისი მეგობარი გოგო წვანან. ისინი ჩუმად არიან და ერთმანეთს თვალებში უყურებენ. კადრი კვლავ კარადაზე გადადის, რომლის კარებიც ძალიან ნელა იღება. ათოსი სერიოზული სახით გამოდის. კარადაში ვხედავთ გაქვავებულ პორთოსს და არამისს. ისინი ცარიელ სივრცეში იყურებიან. ათოსი უსიტყვოდ უახლოვდება სანდროს, უყურებს თვალებში. კადრი, რომელიც ათოსის სახეს ასახავს ათ წუთს გრძელდება. სანდრო უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს.

ლარს ფონ ტრიერი

მოქმედება კარადაში ხდება. თავიდან, სამივე მუშკეტერი ძალიან მეგობრულად და ადამიანურად ექცევა ერთამენთს. თუმცა, ნელ-ნელა დახურულ სივრცეში ადამიანისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები ვლინდება. თავიდან ყველაფერი შედარებით უწყინარი კინკლაობით იწყება, თუმცა ძალიან მალე მიზანტროპია ყველაზე მძაფრ ფორმებში ვლინდება. საბოლოოდ, ყველაფერი იმით სრულდება რომ მუშკეტერები ერთმანეთს კლავენ. გვამები კარადიდან ცვივა. ბუნებრივია, რომ საწოლში ჩაწოლილი სანდრო და მისი მეგობარი გოგო გადმოვარდნილ გვამებს ხედავენ. სანდრო წარმოიდგენს რომ გადმოვარდნილი კაცები სინამდვილეში მისი მეგობარი გოგოს საყვარლები არიან, ამიტომაც ახსნა-განმარტებას არ აცლის და განსაკუთრებული სისასტიკით კლავს გოგოს. ოთახში გოგონას მამა შემოდის და ამ სცენის დანახვისას სანდროს ეცემა და გასაკუთრებული სისასტიკით უსწორდება. ბოლოს, გოგონას მამა თავს იკლავს.

ფრანსუა ოზონი

იგივე რაც ტრიერი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ გადმოვარდნილი კაცები სანდროს მეგობარ გოგოს აფიქრებინებს რომ ის გეია. სანდროს გოგონა უსწორდება, ხოლო ოთახში არა მამა, არამედ ბიჭის დედა შემოდის, რომლის როლსაც აუცლებლად კატრინ დენევი უნდა ასრულებდეს.

ვუდი ალენი

კარადაში სამი ებრაელი პატარა მაგიდის ირგვლივ ზის. ისინი ცხოვრების ამაოებაზე და დეიდა სარას მიერ მომზადებულ უგემრიელეს ბლინებზე საუბრობენ. ლაპარაკში საათები გადის. უცბად სანდროს ხმა ესმით, “მაპატიე საყვარელო, ბანკში მივდივარ, კომუნალურები უნდა გადავიხადო”. იცხაკი სასწრაფო წესით აღებს კარებს, უახლოვდება სანდროს და ნერვიულად უხსნის რომ მას ბანკში წასვლა არ სჭირდება. თუმცა, სანამ ამას ეტყვის აზრს ვერ აყალიბებს და მიედებ-მოედება ყველა თემას, მათ შორის სარა დეიდას ბლინებს და ცხოვრების ამაოებას. “შეგიძლია ამ სერვისით ისარგებლო და გაუსვლელად გადაიხადო კომუნალურები,” ეუბნება ბოლოს იცხაკი და აიპადს აწვდის. “ჩვენი მოგონილი სერვისია და უბრალოდ ძალიან მინიმალური საკომისიო ჩვენს ანგარიშზე დაჯდება, ჩვენც ხომ უნდა ვირჩინოთ რაღაცით თავი,” ამატებს იცხაკი.

ტარანტინო

რგოლს ფონად  ეს სიმღერა გასდევს. კარადაში ზედი და ტყავებში გამოწყობილი იზვრაშენეცი ძმაკაცი სიგარეტს ეწევიან. სანდრო მეგობარ გოგონას კომუნალურების გადახდის მიზნით ტოვებს და ბინიდან გადის. ზედი კარადიდან გამოდის, თან ღვედით ოთხზე დამდგარ იზვრაშენეც ძმაკაცს მოათრევს. ზედი და მისი ძმაკაცი გოგონას ცუდ რამეს უპირებენ. გოგონა ამას ხვდება და არსაიდან კატანას აძრობს. გოგონა ზედს და მის ძმაკაცს კუწავს.  ოთახი წითლად იღებება. კამერა კრუპნი პლანით რეზკად გადადის გოგონას თვალებზე, რომლის ირგვივ სისხლის წვეთებია მოგროვილი. უცბად, გოგონა აღმოაჩენს რომ ზედს ჩოპერის გასაღები აქვს ჩამოკიდებული, აძრობს და იქვე ეზოში მდგარ ჩოპერს ქოქავს.ბანკისკენ მიემართება. სანდროს მეგობარი გოგოს დანახვა უკვირს და ეკითხება, “ეს ვისი მოტოციკლია?” “ეს მოტოციკლი არაა, ეს ჩოპერია,” პასუხობს გოგონა.

“- კარგი, მაშინ ვისი ჩოპერია?”

“-ზედის”.

“- ზედი ვინაა?”

” – Zed is dead baby, Zed is dead,” პასუხობს გოგონა.

ძმები კოენები

ბრედ პიტი სანდროს ოთახშია. ის  რუსებისთვის საინტერესო მასალების შემცველ დისკს ეძებს. უცბად ფეხის ხმა ესმის და სასწრაფო წესით კარადაში იმალება. ჭუჭრუტანიდან სანდროს აკვირდება და მის გასვლას ელოდება. სანდრო ტანზე იხდის და კოსტიუმის დაკიდების მიზნით კარადისკენ მიემართება. სანდრო დაცვად მუშაობს და ამიტომაც შიდა ჯიბეში მაკაროვი უდევს. სანდრო კარადას აღებს და ხედავს ბრედ პიტს, რომელიც იდიოტივით იცინის. მოულედნოლობისგან სანდრო იბნევა და თვალის დახამხამებაში ბრედ პიტს მაკაროვით კლავს.

ტინტო ბრასი

გადაიღებდა იგივეს რაც საბოლოოდ ორგინალ კლიპში გადაიღეს, ოღონდ “შეიძლება კარადაში დავრჩეთ?” უფრო სექსუალურად და მრავალმნიშვნელოვნად გაიჟღერებდა.

Advertisements

24 ისტორიული კოცნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფილმიდან

kisssceneგავიხსენოთ ცნობილი კოცნის სცენები კინოს ისტორიაში. დეტალები ქვემოთ

თავგადასავლების მაძიებელი სკარლეტ იაჰანსონის პერსონაჟი ხავიერ ბარდემს კომპანიაზე უარს ვერ ეუბნება

ფილმი: Vicky Christina Barcelona

რეჟისორი: ვუდი ალენი

დაბნეული ანა კარენინა, დაბნეულ ეკრანიზაციაში, დაბნეულ თინეიჯერ ვრონსკის (აარონ ტეილორ ჯონსონი) მკლავებში

ფილმი: Anna Karenina

რეჟისორი: ჯო რაითი

ნატალი პორტმანის და მილა კუნისის მღზნებარე კოცნა ყველაზე აგრესიულ ჰომოფობსაც კი ვერ დატოვებს გულგრილს

ფილმი: Black Swan

რეჟისორი: დარენ არანოფსკი

ჯუდ ლოსთვის და ნორა ჯონსისთვის სიყვარული ჰორიზონტალურია და თანაც ბრუნვადი

ფილმი: My Blueberry Nights

რეჟისორი: კარ ვაი ვონგი

კოვბოური სიყვარული ჰით ლეჯერისგან და ჯეკ გილენჰალისგან

ფილმი: Brokeback Mountain 

რეჟისორი: ანგ ლი

იზაბელ აჯანის პერსონაჟი, მოქანდაკე როდენის მუზა, აწ უკვე რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიესთან ერთად

ფილმი: Camille Claudel 

რეჟისორი: ბრუნო ნიუტენი

ჰამფრი ბოგარტი და ინგრიდ ბერგმანი ჯერ კიდევ იმ ეპოქაში როდესაც კოცნას შუქის ჩაქრობა მოჰყვებოდა

ფილმი:  Casablanca

რეჟისორი: მაიკლ კერტისი

სელმა ბლეერის და სარა მიშელ ჟელარის ბოროტი განზრახვები, ძალიან ბოროტი

ფილმი: Cruel Intentions

რეჟისორი: როჯერ კამბლი

რაიან გოსლინგი კერი მალიგანს რომანტიულად კოცნის. რამდენიმე წამში ის ჩაქუჩით ლიფტში შემოსულ ცუდ ადამიანს სახეს გაუჭეჭყავს… პირდაპირი მნიშვნელობით გაუჭეჭყავს

ფილმი: Drive

რეჟისორი: ნიკოლას ვინდინგ რეფნი

50-იან წლების ჰოლივუდი მკაცრად განსაზღვრავდა მამაკაცის და ქალის სილამაზეს. ნერდებს აქ ადგილი არ ჰქონდათ. კაცი მასკულანური, ქალი კი უაღრესად ქალური უნდა ყოფილიყო. ასეთები იყვნენ ბარტ ლანკასტერი და დებორა კერი.

ფილმი: From Here to Eternity 

რეჟისორი: ფრედ ცინემანი

“წარმოსახვითი” პატრიკ სუეიზი 90-იანების სექს სიმბოლო დემი მურთან

ფილმი: Ghost

Frankly, my dear you DO give a damn. ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი.

ფილმი: Gone with the Wind

რეჟისორი: ვიქტორ ფლემინგი

თექვსმეტი წლის სოფი მარსო კინოფილმ ბუმის მეორე ნაწილში. პოპულარობამ არ დააყოვნა

ფილმი: La Boum 2

რეჟისორი: კლოდ პინოტო

ბრედ პიტის “მკვდარი ემოცია” და კლერ ფორლანის “მჟავე ლიმონის ჩაკბეჩის გამომეტყველება” (რომელიც ამ შემთხვევაში არ ჩანს)

ფილმი: Meet Joe Black

რეჟისორი: მარტინ ბრესტი

ჟან მარე და მიშელ მორგანი ძალიან ძველ და ჟან მარეს კარიერაში ნაკლებად ცნობილ ფილმში

ფილმი: Aux yeux du souvenir

რეჟისორი: ჟან დელანო

კერი გრანტი, ინგრიდ ბერგმანი და ძველებური აიფოუნი…

ფილმი: Notorious

ნარცისი ალენ დელონი. უკომენტაროდ

ფილმი: Plein soleil

რეჟისორი: რენე კლემენტი

“როკერი” ჯარედ ლეტო, ჯენიფერ კონელი და “დოზანა”

ფილმი: Requiem for a Dream

რეჟისორი: დარენ არანოფსკი

ახალგაზრდა დი კაპრიო, რომელსაც ოსკარის იმედი ჯერ არ ამოსწურვია. პარტნიორი – კლეირ დენისი

ფილმი: Romeo + Juliet

რეჟისორი: ბაზ ლურმანი

სველ კირსტენ დანსტის სულ არ ანაღვლებს ის რომ ჩვეულებრივ ადამიანს სახელად ტობი მაგვაერი ამ დუბლის გამეორობით თავში სისხლი ჩაექცა და საერთოდ არ იღებს სიამოვნებას კოცნისგან

ფილმი: Spider-Man

რეჟისორი: სემ რამი

არ ვიცი, მე მაქვს გართულება დარენ არანოფსკის ფილმებზე, თუ ზოგადად არანოფსკის კარგ კოცნებს იღებს, თუმცა მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რომ ამ სიაში ამ რეჟისორის სამი ფილმი მოხვდა. რეიჩელ ვეისი და ჰიუ ჯეკმენი არანოფსკის კოსმიურ/ფილოსოფიურ/დრამატულ საგაში

ფილმი: The Fountain

რეჟისორი: დარენ არანოფსკი

კაცმა რომ თქვას თორი საერთოდ ამ სიაში რა ჩასასმელი იყო, თუმცა ნატალი პორტმანის გამო რას არ გააკეთებ…

ფილმი: Thor

რეჟისორი: კენეტ ბრანაჰი

დი კაპრიო და კეიტ უინსლეტი აისბერგამდე

ფილმი: Titanic

რეჟისორი: ჯეიმ კამერონი

ლოველასი და გულთამპყრობელი ვუდი ალენი რომი შნაიდერს სწვდება

ფილმი: What’s new Pussycat

რეჟისორები: კლაივ დონერი და რიჩარდ ტალმაჯი

ვინ უნდა მოიტოვო “დესერტად” თუ არა ოდრი ჰეპბერნი. ჰეპბერნი ტრუმენ კაპოტეს წიგნის ეკრანიზაციაში ჯორჯ პეპარდთან ერთად

ფილმი: Breakfast at Tiffany’s

რეჟისორი: ბლეიქ ედვარდსი

ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ… ნაწილი II.

hitlerdraft

hydradraft kevindraft akakidraft woodydraft

sizyfusპირველი ნაწილი

 

რა ახდენს გავლენას ჩვენზე? ანუ, გავუზიაროთ ერთმანეთს ზღაპრები

ადამიანი კრეატიული არსებაა, ეს ფაქტია, აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი მეტნაკლებად შემოქმედია და პოტენციურად შეუძლია რამე ახალი მოიგონოს, შექმნას და ა.შ.

მაგრამ ორიგინალური იდეის თუ პროდუქტის შექმნის პროცესში აუცილებელი პირობაა ფლობდე გარკვეულ ცოდნას. მოდით ასე ვთქვათ, ყოველი ახალი ქმნილება ეფუძნება წარსულში დაგროვილ გამოცდილებას.

სიცოცხლის განმავლობაში ყოველი ჩვენთაგანი განიცდის გავლენას, გავლენას წაკითხული, ნანახი, გაგონილიდან და ა.შ. ჩვენი ქვეცნობიერი თავისებური ბანკია რომელიც წლების განმავლობაში აგროვებს გამოცდილებას და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ქმნის ახალს.

ისიც მართალია რომ მაგალითად რამე ტექსტის წაკითხვის შემდეგ ეს ტექსტი გარკვეულწილად შენი ხდება, აცოცხლებ, სხვებს გადასცემ, სხვები იმახსოვრებენ ან მთლიანად ან კი ნაწილ-ნაწილ, და თავის მხრივ გადასცემენ სხვებს. ლამაზი პროცესია რომელიც პოტენციურად შეიძლება მანამ გაგრძელდეს სანამ ადამიანი არსებობს.

ამ პოსტში შევეცდები ვისაუბრო იმაზე თუ რამ იქონია გავლენა ჩემზე პირადად, განსაკუთრები ადრეულ ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრი რამ გამომრჩება, მოგვიანებით სხვა მაგალითები გამახსენდება და ალბათ ვინანებ კიდევაც. საინტერესო იქნება თუ ამ იდეას სხვა ბლოგერებიც გააგრძელებენ და საკუთარ ამბავს მოჰყვებიან.

მაშ ასე რამ იქონია ჩემზე გავლენა?

ენა – ქართული, რუსული, ინგლისური. 

ალბათ შეიძლება იმის თქმა რომ ორი მშობლიური ენა გამაჩნია, ქართული და რუსული. ლაპარაკი და მოგვიანებით კითხვა და წერა ამ ორ ენაზე ერთდროულად დავიწყე. ინგლისურის სწავლა 5 წლის ასაკში დავიწყე. ყოველდღიურად მიწევს ამ სამ ენაზე საუბარი, კითხვა, წერა და აზროვნება (ჩემი ვარაუდით 40/40 პროცენტით ნაწილდება ქართულის და რუსულის შემთხვევაში, დანარჩენი 20 ინგლისურს უწევს). ბავშობაში ნაკლებად, მაგრამ შეგნებულ ასაკში ენის ფენომენით დავინტერესდი, ენის და კულტურის ერთობლიობით, მისი სიცოცხლისუნარიაობით და სხვადასხვა ენების (კულტურის) თავისებურებით.

კინო

ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ბავშვობიდან  “კუ ნინძების” ეკრანიზაციაა, მიუხედავად იმისა რომ ფილმი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი ჩემი მშობლები დიდი ხანი ცდილობდნენ ჩემს დაწყარებას ეკრანზე უზარმაზარ (ჩემი მაშინდელი წარმოდგენით) კუ ნინძების და განსაკუთრებით მათი მასწავლებლის, ვირთხის ნახვის შემდგომ.

ასევე ბავშვობის მკაფიო მოგონებაა, “ქორწინება იტალიურად.” ფილმს მამაჩემთან და ბაბუაჩემთან ერთად ვუყურებდი, კარგად მახსოვს იმ ღამის პრაქტიკულად ყველა დეტალი, მიზეზი ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმა – ბაბუაჩემს ფილმის ყურებისას ჩაეძინა და გული გაუჩერდა.

მოგვიანებით კინომ გამიტაცა. მეტწილად ტელევიზორში ნანახ ფილმებმა, ისევე როგორც ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგადად”ტელევიზორს მიმსხდარ” თაობად შეიძლება იწოდონ, დღეებს ფილმების ყურებაში ვატარებდი.

კიდევ ერთი მოგონება… სექსის დროს თვალებზე ხელის აფარების თხოვნა, რომელიც დაუყონებლივ სრულდებოდა და მხოლოდ ყველაზე გაბუდულების და უშიშრების შემთხვევაში ირღვეოდა თითებს შორის სპეციალურად შექმნილი ნაპრალით.

ფილმებს რა თქმა უნდა სპონტანურად, რეჟისორის, მსახიობის თუ დამაინტრიგებელი შინაარსის არ ცოდნით ვუყურებდი. უფრო სერიოზულად კი მოგვიანებით დავინტერესდი.

დაინტერესების შემდგომ აღმოვაჩინე რომ ძალიან მომწონს შემდეგი რეჟისორები, ფატიჰ აკინი, ანდრეი ტარკოვსკი, პიტერ ვეირი, რიჩარდ ლინკლეიტერი, ინგმარ ბერგმანი, ალეხანდრო ამენაბარი, ქვენთინ ტარანტინო, ვუდი ალენი და ა.შ. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ სავარაუდოდ ჩემზე გავლენა იმ რეჟისორებმაც მოახდინეს რომლებიც ნაკლებად მომწონს, მაგრამ ჯიუტად ვუყურებ, ასეთებს, ლარს ფონ ტრიერი, დარენ არანოფსკი, ანდრეი მიხალკოვი, ნაით შიამალანი, ბრიან დე პალმა წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა ხსენებული რეჟისორების გარდა სადღაც ქვეცნობიერში “ტონობით” სხვა ფილმებია ჩარჩენილი და ისინიც დაუღალავად ახდენენ გავლენას ჩემს ცნობიერებაზე.

მუსიკა 

ძალიან პატარა რომ ვიყავი და ბიძაშვილის ოთახში მუსიკალური ცენტრი და საკმაოდ კარგი “ხმა” აღმოვაჩინე, გავიკვირკვე, რა ფუჭი საქმიანობაა თქო მუსიკის მოსმენა. სულ რაღაც ორ თუ სამ წელიწადში კი ასეთი ცენტრის ქონაზე თავად დავიწყე ოცნება. ყველაფერი მაინც ალბათ ბიტლზით დაიწყო, მეგობრის მიერ კასეტაზე ჩაწერილი “სბორნიკი,” რომელსაც პრაქტიკულად ყოველ ღამით, ძილის წინ ვრთავდი და სიმღერის ფონზე ოცნებას ვიწყებდი.

მერე იყო ქუინი და ფრედ მერკური. დანარჩენს ჩემს ძმასთან ერთად სპონტანურად რადიოდან ვიწერდით, სიმღერების უმეტესობა რა თქმა უნდა ნაწილობრივ იყო ჩაწერილი და ზოგი შუაში სარეკლამო ტიხრით წყდებოდა. არც ჯგუფების და შემსრულებლების სახელები ვიცოდით ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინეთ რომ სპონტანურად ჩაწერილთა რიგებში აღმოჩნდენ, პეტ შოპ ბოისი, როქსეტი, ბიჩ ბოისი, ეუროტმიკსი, ა.შ. და ა.შ.

მერე იყო კომპაქტ დისკებით გადატეცება და კოლექციის შექმნის მცდელობა, მაშინ ყოველ კვირას ყველაზე ნაკლებ ერთ დისკს ვყიდულობდი და კოლექციას ვმატებდი. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეკითხათ ვის/რას უსმენ დაუყონებლივ ვუპასუხებდი და პრობლემის გარეშე 10 შემსრულებელს მაინც დავასახელებდი. მაგრამ, დღეს როდესაც მუსიკის ჩამოქაჩვა ინტერნეტიდან ტონობითაა შესაძლებელი შენც ნებაუნებლიეთ ამ უკიდეგანო სივრცეში იკარგები და წესირ პასუხს ვეღარ სცემ, ამიტომაც მეც ამ კითხვას აქ გარკვეულწილად პასუხგაუცემელს დავტოვებ.

ლიტერატურა, წიგნები

ალბათ მაინც ზღაპრების კითხვით დავიწყე, მქონდა ასეთი წიგნი, “სკაზკი ნაროდოვ სსრ” და მეც გულმოდგინეთ ვკითხულობდი, შეიძლება გეოგრაფიითაც პირველად მაშინ დავინტერესდი რადგანაც წიგნის სარჩევი გეოგრაფიულად, რესპუბლიკების მიხედვით იყო განაწილებული. მეც რომელიმე ყირღიზული ზღაპრის წაკითხვის შემდეგ კმაყოფილი ვსვამდი “პტიჩკას” სარჩევში და სიამაყით ჩემთვის იმას ავღნიშნავდი რომ ერთი ზღაპრით მეტი ვიცი.

ძალიან მიყვარდა ანდერსენი, ძალიან კეთილი, ლამაზი და ჭკვიანი ზღაპრები ჰქონდა, ევროპას სავარაუდოდ სწორედ რომ ანდერსენის დამსახურებით ვეზიარე პირველად.

ზღაპრების მერე იყო ჩეხოვი, ჩეხოვის “კაშტანკა.” მიუხედავად იმის რომ ჩემი ძმისგან განსხვავებით ცხოველების დიდი სიყვარულით არასდროს განვსხვავდებოდი ამ ნაწარმოებმა შემძრა და განმაცდევინა. მერე კი იყო, ყველაფერი დანარჩენი. ჩეხოვი, დიკენსი, სკოტი, სტივენსონი, დიუმა (მამა), კუნდერა, ბორხესი, მურაკამი, მარკესი, მილერი, როტი, გროშეკი და ა.შ. კომპაქტ დისკების ყიდვასთან ერთად კი წიგნების შეძენაც ერთგვარ ჰობიდ იქცა.

სხვა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა ჩემზე გავლენა, მაგრამ ამაზე სხვა დროს… თქვენ რას მეტყვით?

ერთ პოსტში მოქცეული “ეროვნული” კრიტიკა

ამბობენ, სალვადორ დალის სიზმრის დროს შიგადაშიგ ეღვიძებოდა, უხაროდა, იმიტომ რომ ამ დროს სიზმრების ფურცელზე აღბეჭდვა შეეძლო, ამიტომაც შემდეგ დილას მათი გახსენება არ უჭირდა.

ამბობენ,  საქართველოს მოქალაქე ხშირად დასაძინებლად უკეთესს ქვეყანაში გაღვიძების იმედით მიდის , მოგეხსენებათ გაღვიძებულს საკუთარ თავს კოშმარში აღმოაჩენს ხოლმე და სალვადორ დალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი დროით ძილის შებრუნებას ცდილობს.

გაღვიძებულს დალის ნახატებზე არა ნაკლებად სურეალური რეალობა ხვდება, მაგრამ ცნობილი მხატვრის სიხარულისხგან განსხვავებით თავბედს იწყევლის, “ასეთი რა დავაშავეო ამ ქვეყანაში რომ დავიბადეო”, უფრო ხშირ შემთხვევაში კი სახელმწიფოს და ხელისუფლებას თვლის ყველა პრობლემის მიზეზად.

საერთოდ, ოპოზიციაში ყოფნა, მე თუ მკითხავთ კარგია და თუ საკუთარი ქვეყანა გიყვარს, ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ოპოზიციურად უნდა იყო განწყობილი.

რელიგიაზე და საკუთარ ათეიზმზე საუბრისას ვუდი ალენმა დაახლოებით შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: “შენთვის ათეისტი ვარ, ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია.”

ვუდი ალენის ფრაზის არ იყოს, იმისთვის რომ ხელისუფლების უზურპირება არ მოხდეს, ყოველთვის საჭიროა ოპოზიცია, ოღონდ ისეთი არა, “ხახა ამოგდებული” საჭირო და არა საჭირო კრიტიკას რომ იწყებს რომელიც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, არამედ, საკუთარი ჯერ კიდევ ტრაკდაუდებელი პერსონის  კარიერის წინწაწევისთვის ცდილობს.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლუკაშენკოსთვის “გამარჯვების” მოლოცვის შემდეგ მინდოდა დამეწერა, უფრო სწორედ იმ რეაქციაზე რომელიც ამ ქმედებას ოპოზიციურად განწყობილ წრეებში მოყვა. სამწუხაროდ ვერ ჩავუჯექი, მაგრამ ეს თემა ამ პოსტში მინდა მიმოვიხილო.

ვინც მიცნობს ეცოდნება რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის დიდ მხარდაჭერად ვერ ჩავითვლები, მაგრამ ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ. არა ჩემი პოზიციის, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, კერძოდ “აფხაზეთის საკითხს” ვგულისხმობ.

საქართველოში აფხაზეთის თემა კვლავ მტკივნეულად აღიქმება, ზოგს ზღვაზე ჩასვლის ნოსტალგია ამოძრავებს, ზოგს სახლი დარჩა, ზოგს ამ ომში ახლობელი დაეღუპა, ზოგს უბრალოდ რუკაზე უფრო დიდი და არადაქუცმაცმებული საქართველოს ნახვა სურს.

მოკლედ, მიზეზები ბევრია, მაგრამ აფხაზეთი უმეტეს მოსახლეობას კვლავ უნდა და თუ ვინმე განაცხადებს “დავივწყოთ აფხაზეთი” ის მყისვე ერის მოღალატედ ჩაითვლება.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლუკაშენკოს გამარჯვება ამ აზრის გათვალისწინებით მიულოცა, ამიტომაც იმ ადამიანების კრიტიკა რომლებსაც აფხაზეთის ხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ სურს, მე პირადად ალოგიკურად მეჩვენება.

მოდით, მაშინ ავირჩიოთ პრიორიტეტები, რა გვინდა, რა უფრო, რა ნაკლებად? გვინდა ტერიტორიული მთლიანობა, თუნდაც არადემოკრატიული სახელმფწიოების მეთაურებისთვის მოლოცვის გზით, თუ გვირჩევნია დემოკრატიულ იდეალებს ვეზიაროთ, ოღონდ გარკვეულ ფასად.

ყველაფერი ერთად შეუძლებელია, ამიტომაც რაღაცის მისაღებად რაღაც უნდა დავთმოთ. ამიტომაც, მოდით ვიაზროვნოთ და გარეთ უამინდობას მაინცდამაინც სააკაშვილს ნუ დავაბრალებთ.

საერთოდ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უფრო კრიტიკულად თუ მიუდგება და რეალურ პრობლემებს მიაქცევს ყურადღებას უფრო პროდუქტიული უნდა იყოს.  რომ ვყეფთ ხოლმე იმაზეც უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, უძაღლო ქვეყანაში, კატებად ხომ არ ვიქეცით? ზოგიერთი ჩვენგანი იმენად კომფორტულა გრძნობს თავს რომ ერთხელ კარგ ყეფას შეჩვეულმა კარგი “ხმა” ვერ შეინარჩუნა და ნელ ნელა კატად იქცა.

სურეალურია ჩვენი ქვეყანა, იმენად სურეალური რომ დალის არც კი დაესიზმრებოდა, სურეალური და ალოგოკური.

ამ სურეალიზმში ცოტა მედიასაც შევეხები.

ყოვლად ცნობილ და საყოვალთაოდ გინების ობიექტად ქცეულ არხების თუ მედია საშუალებების კრიტიკას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს, ისედაც ვიცით ყველაფერი, მაგრამ ქართული მედიის კატასტროფა მაშინ ხდება ნათელი როდესაც პირობითად “ცივი საუზმე” ან “დემოკრატი” ჟურნალისტიკის ფლაგმანად საღდება და საშუალო სტატისკური მკითხველი გაზეთს ცხვირის წინ გიფრიალებს და გეუბნება, “წაიკითხე, შენ კიდევ ამბობ ქართული მედია არ არსებობსო, ნახე რა კარგად წერენ.”

კარგად რომ წერენ მაგაში ეჭვი არ მეპარება, არც მაგათ განათლებაში, მაგრამ საშუალო სტატისკური მკითხველის ყურადღებით გამთბარი ფეჩზე წამოსკუპებულ ემელიას რომ ემსგავსება და “კარიერული ზრდით” თუ პირობითად  “ჟიჟეკისთვის მიტანილი ლამბაქით” რომ იწონებს თავს ეგ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს იმიტომ რომ ამ დროს ასეთი ჟურნალისტი თუ ზოგადად მოქალაქე ფუნქციას კარგავს და სიკეთის მოტანის ნაცვლად ფუჭი გლამურის კიდევ ერთ მაგალითად იქცევა.

სწრაფვა კარიერისკენ ცუდი ნამდვილად არაა, პირიქით საჭირო და დადებითია, კარიერული კომფორტით კმაყოფილებაა დამღუპველი, თორემ წარმატება და საზოგადოებისთვის მსახურობას რა სჯობია.

მამარდაშვილი თავის რუსს კოლეგებს ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, “არ გეგონოთ, რომ ჩვენთან იგივე შესაძლებელია, ჩვენ არასდროს დავუხრით თავს უსამართლობას.” პარადოქსალურია მაგრამ რუსები ღირსების შენარჩეუნებას დღესდღეობით ჩვენზე კარგად ახერხებენ.

რუსებს შევჩუკი ჰყავთ, კიდევ ბევრი სხვა ვინმე ჰყავთ, ჩვენ არა. რუსების პირობითად აღებული შევჩუკი ყოველთვის ოპოზიციაში იყო, მაგრამ ამავროულად ადეკვატური და არა საკუთარი კარიერული მიზნების მიღწევით დაბრმავებული ამინდის მუსიკოსი.

მისთვის ვისთვისაც კანტი მხოლოდ წიგნზე გამოსახული რამენიმე ასოსგან შემდგარი სიტყვა არაა, ეცოდინება რომ ეს ფილოსოფოსი “საერთო კარგის” აუცილებლობაზე საუბრობდა, იმაზე რომ ყოველი ადამიანის დანიშნულებაა მოიტანოს სარგებელი და ზოგადად, საერთო მიზნებს ემსახუროს. სამწუხაროდ, ეს უმეტესობას ავიწყდება, განსაკუთრებით ისეთ ბედკრულ სახელმწიფოებში სადაც კატებს აყეფებენ, ანუ ჩვენთან.

შეიძლება ვიღაც გაბრაზეს კიდევაც, არადა, არავის გაბრაზება არ მსურს, არავინ მძულს, პირიქით რამდენად პათეთიკურადაც არ უნდა ჟღერდეს მიყვარს საქართველო და ერთხელაც გაღვიძებულს ნორმალურ სახელმწიფოში მსურს საკუთარი თავის აღმოჩენა.

ოდა ბორხესს

ცოტაა ისეთი ადამიანი რომელსაც სიკვდილის შემდგომ წარუშლელი კვალის
დატოვება ძალუძს, ასეთი ადამიანები უკვდავნი არიან. ხორხე ლუის ბორხესი ერთ-ერთი მათგანია, მიუხედავად მისი სურვილისა სიცოცხლის შემდგომ მომკვდარიყო სრულიად, ფიზიკურად და სულიერად, წაშლილიყო სამუდამოდ კაცობრიობის ისტორიიდან, ბორხესის სახელი სავარაუდოთ ადამიანებს ლიტერატურის აღსასრულამდე ემახსოვრებათ.

საოცრად მორცხვი, თავმდაბალი და უბრალო ხორხე ლუის ბორხესი ყველაზე დიდ სიხარულს ბიბლიოთეკაში, წიგნებში პოულობდა, ის წერდა და კითხულობდა, ყოველდღიურად გებულობდა უფრო მეტს სამყაროზე, იმ წიგნებიდან რომლებიც თაროზე მკითხველის მოლოდინში ატარებენ მარადისობას. პოპულარობამ ბორხესი სიბერეში აღმოაჩინა, დაახლოებით 60 წლის იქნებოდა როდესაც მსოფლიომ აღიარა და მრავალრიცხოვან ტურნეებში მიიპატიჟა, ბორხესი კითხულობდა საჯარო ლექციების არგენტინისგან ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი და საკუთარი ისტორიებით და ენით აჯადოვებდა ყველაზე ნაკლებად დაინტერესებულ მსმენელებსაც კი.

ბორხესი თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე, წერდა ესპანურად და ინგლისურად, რთულია წარმოიდგინო ენაზე მასსავით შეყვარებული ადამიანი. ამის მიუხედავად ბორხესი თვლიდა რომ არცერთი ენა არ არის სრულყოფილი და ხელოვნურად შექმნილი ენა ვერ გადმოსცემდა ყველაფერ იმას რაც ჩვენს ირგვლივ, სამყაროში არსებობს, ამიტომაცაა რომ ბორხესის შემოქმედებას ეტყობა ავტორის ძალისხმევა მაქიმალური სიზუსტით გადმოსცეს სამყაროს მითოლოგია, სამყაროს რომელშიც დიდი ადგილი არგენტინას და ბუენოს აირესს ეთმობა.

ბორხესი მთლიანად ბუენოს აირესს ეკუთვნის ისევე როგორც ჯოისი დუბლინს და  ვუდი ალენი ნიუ იორკს. ბორხესის მოთხრობები გაჯერებულია ბუენოს აირესისგან მიღებული მუხტით, მათ წაკითხვისას ბუენოს აირესში ფიზიკურად მოხვედრა არ არის საჭირო რომ შეგიყვარდეს ეს ქალაქი თუ ბორხესს კითხულობ.

ბორხესს არ სჯეროდა რომანის, ამიტომაც არცერთი არ დაუწერია, მას მოთხრობების, ესეების და ლექსების სწამდა, ამიტომაც მხოლოდ ასეთ ფორმებში პოულობდა სიცოცხლესთან საერთო პოეზიას. როგორც ენა ვერ აღწერს სიცოცხლის პოეზიას  ისევე შეუძლებელია ბორხესი ერთი პოსტით დაახასიათო, ამიტომაც ვისაც ესპანური ან ინგლისური გესმით გიტოვებთ ამ საოცარ ლექსს რომელიც ბორხესის ამაღლებულ ბუნებას უშეცდომოდ ასახავს.