Tag Archives: თბილისი

თბილისის კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

45-Years-xlarge

თბილისში დეკემბერი ის თვეა, საშუალება თუ გაქვს, შვებულება რომ უნდა აიღო და მეტწილი დრო კინოთეატრებში ფილმების ყურებით გული იჯერო. წლევანდელი კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. მართალია ჩვენებების ზუსტი განრიგი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ვიცით თუ რა ფილმების ნახვა შეგვეძლება ღონისძიებაზე. 100-ზე მეტი ფილმის საკმაოდ სკრუპულოზური შესწავლის  შემდეგ გადავწყვიტე ჩემეული სიის გაკეთება, რომელსაც ქვემორე გთავაზობთ.

Dheephan 

სიას წლევანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებულით თუ დავიწყებ, ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ფილმი პარიზში შრი-ლანკიდან გამოქცეული მერბძოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქალაქში მომვლელად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ კანის ფესტივალს წელს ძმები კოენები თავმჯდომარეობდნენ, ასე რომ წინ წესით კარგი სანახაობა გველის.

Youth

კიდევ ერთი მოსალოდნელი ფილმი სიაში, ფილმის რეჟისორი ხომ აწ უკვე აღიარებული პაოლო სორენტინოა. კასტი? მაიკლ კეინი, ჰარვი კეიტელი, რეიჩელ უესი…

Even The Rain

მართალია, შედარებით ძველი (2010 წ), მაგრამ მაინც აბსოლუტურად საჭირო ფილმია. ფესტივალზე მას სოციალური ცვლილების სექციაში აჩვენებენ, რაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე სრულად ლოგიკურია. ფილმის გმირები ბოლივიაში კოლუმბის კოლონიზაციაზე ფილმს იღებენ, რაც თანამედროვე ბოლივიაში წყლის რეალურად მომხდარ პრივატიზაციას  და შემდგომ პროტესტებს ემთხვევა.

The Brand New Testament

სახალისო და საინტერესო ფილმი უნდა იყოს ჟაკო ვან დორმეილის ახალი ნამუშევარი. დორმეილს მაყურებელი ყველაზე კარგად მისი მაგნუმ ოპუსის Mr. Nobody-ის გამო იცნობს. ფილმის სიუჟეტიც საკმაოდ დამაინტრიგებელია – ღმერთი თავის ქალიშვილთან ერთად ბრიუსელში ცხოვრობს…

Force Majeur 

წლევანდელ ფესტივალზე ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანზე წინა ოსკარებზე უსამართლოდ დაჩაგრული ფილმის ნახვის საშუალება ექნება. 2014 წლის შვედური დრამა ბოლო ოსკარებზე უცხოური ფილმის კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში შორტლისტის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

45 Years

არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ეს ფილმი, რომელსაც როტენ ტომატოს ვებ გვერდზე კრიტიკოსებისგან 100-დან 98 პროცენტიანი შეფასება ერგო.

Carol

კეიტ ბლანშეტის და მარა რუნის სამსახიობო კლასში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად ამ ფესტივალზე ქეროლის ნახვა ნამდვილად ღირს.

No One’s Child

ამ ფილმისგან შოკს უნდა ველოდოთ. სერბო-ხორვატული დრამა ნამდვილ ამბავს ეფუძნება, ის  მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცივილიზაციაში მოხვედრილი რთულად ეგუება ახლადაღმოჩენილ სამყაროს.

Victoria

“ვიქტორიამ ჩემი სამყარო შეანჯღრია” – ასე გამოხმაურა დარენ არანოფსკი ამ ფილმს. ფილმისთვის ყურადღების მისაქცევად ეს ალბათ საკმარისი უნდა იყოს.

Far From Men

2014 წლის ეს ფილმი ალბერ კამიუს მოთხრობას ეფუძნება და ალჟირში ომის პერიოდში წარმოშობით ფრანგი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლში – ვიგო მორტენსენი.

A Girl Walks Home Alone At Night

უკვე ძალიან გახმაურებული ფილმი ირანიდან, რომელიც სხვადასხვა ჟანრების თამამ კოქტეილს წარმოადგენს…

From Afar

სამხრეთ ამერიკული კინო ყოველთვის საინტერესოა, ეს ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება.

Dancing Arabs

კიდევ ერთი კომედიური ფილმი სერიოზულ თემაზე სიაში. “მოცეკვავე არაბები” ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა პალესტინელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.

The Golden Era

ამერიკელების გარდა მასშტაბური ფილმების გადაღება ვინმეს თუ შეუძლია ალბათ ჩინელები არიან. ამიტომ პირადად მე ფესტივალზე ამ ფილმის გამოტოვებას არ ვაპირებ.

Mediterranea

ფილმი აქტუალურ თემას ეხმაურება – ორი აფრიკელი ლტოლვილი იტალიისკენ მიემგზავრება, თუმცა გზაში ბევრ მოულოდნელ სირთულეს და სისასტიკეს წააწღდება. რეჟისორი მასზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და თავიდან მოკლე დოკუმენტურ ფილმის გაკეთებას გეგმავდა…

აქვე გთავაზობთ იმ ფილმებს, რომლებიც მიუხედავად სურვილისა დიდი კონკურენციის გამო ვერ მოვახვედრე 15ეულში, მაგრამ ვფიქრობ ნახვად ნამდვილად ღირს.
The Lesson,  A Pigeon Sat On A Branch Reflecting on ExistenceLouder than Bombs, Pride, Rams, Tale of TalesWondrous BoccaccioFassbinder – To Love Without Demands,  Sound of TortureOnegin, 13 Minutes, PhoenixThe People vs. Fritz BauerStanding TallCasanova VariationsCobain: Montage of HeckTaxiA Girl At My DoorLooking for Grace, Forbidden Voices,  As I Open My Eyes, Much Loved, Paulina.

ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან ჯოჯოხეთში ხვდებიან

დარწმუნებული ვარ, ადამიანები რომლებიც რიგის გარეშე მიძვრებიან – ჯოჯოხეთში ხვდებიან. ასევე მჯერა, რომ იქაური მენეჯერები, რომლებიც საქმის ნამდვილი პროფესიონალები უნდა იყვნენ, მათ ქვაბის რიგში ურიგოდ უშვებენ. თუმცა, სანამ ასეთი ადამიანები ცხელ წერტილში მუდმივ საგზურს მოიგებდნენ, ისინი აქ, დედამიწაზე არიან და პატიოსან მოქალაქეებს ნამდვილ ჯოჯოხეთს გვიწყობენ.

რაღაც ზებუნებრივი თუ ლოგიკური მიზეზების გამო რიგის დამრღვევების დიდი პროცენტი საქართველოშია კონცენტრირებული. ამ მხრივ ქართველები იმდენად განვსხვავდებით ცივილური საზოგადოებებისგან, რომ რომელიმე საერთაშორისო აეროპორტში თბილისის “გეითის” მოსაძებნად დამატებითი მინიშნება გეძლევათ. თუ სწორ და მოწესრიგებულ რიგს ხედავთ, გააგრძელეთ სვლა, ეს ლონდონი, პარიზი, ბერლინი ან რომელიმე სხვა ევროპული ქალაქია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოში მიმავალი თვითმფრინავი. თუ რომელიმე გასასვლელთან ხედავთ რიგს, რომელიც ფორმით მაგიდაზე დაბნეულ ბრინჯს წააგავს, გილოცავთ თქვენ სწორ გზაზე ბრძანდებით და მალე იმ ქვეყანაში ჩაფრინდებით სადაც ასეთი შეგნებულად “დაბნეულ ბრინჯებს” ბლომად შევხვდებით.

მე მგონია, რომ თანამედროვე საქართველოში ადამიანებისთვის, რომლებსაც რიგში დგომა ხშირად უწევთ და რომლებიც კუთვნილი თითო გოჯი ტერიტორიისთვის სამართლიანად იბრძვიან, სპეციალური სახელმწიფო ორდენი უნდა დაწესდეს, ეს ადამიანები უნდა გავუთანაბროთ ცხრა ძმა ხერხეულიძეებს, ან როგორც მინიმუმ 300 არაგველებს მაინც.

სადაც არ უნდა დგებოდეთ რიგში, იქნება ეს ბანკი, მაღაზია თუ კინოთეატრი ყველგან ნამდვილი ბრძოლის გადატანა გიწევთ. ერთადერთი სადაც მშვიდად შეიძლება იყოთ თეატრის რიგია, თუმცა არა იმიტომ რომ აქ მოსიარულე ადამიანები სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან, უბრალოდ ამ დაწესებულებაში თითქმის არავინ დადის.

საქართველოში “ურიგო რიგები” იმდენად ყოველდღიური მოვლენაა, რომ მასზე რომანის დაწერაც კი შემიძლია, სახელების სხვადასხვა ვარიანტებიც კი მაქვს მოფიქრებული, მაგალითად: “როგორ იწრთობოდა რიგი,” “რიგითი რიგის გადასარჩენად,” “რიგის გარეშე სიარულის აუტანელი სიმსუბუქე,” “დაკარგული რიგის ძიებაში…”

იცით რა მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში 2014 წელს, იმ პირობებში ხდება როდესაც ხელისუფლებასაც კი არჩევნების გზით ვცვლით, რა ხდებოდა შავბნელ 90-იანებში? რიგი როგორ უნდა დაგეცვა? ბენზოხერხით? მაგრამ, ეს ბენზოხერხი რომ აგემუშავებინათ, ხომ ასევე რიგში უნდა ჩამდგარიყავით? მაგრამ ბენზოხერხი თუ არ გქონდათ, ამ რიგში საკუთარ უფლებებს როგორ დაიცავდით? მოკლედ, ჩაკეტილი წრე გამოდის. ან იქნებ ეს ყველაფერი იმ წლების შემდეგ ინსტინქტად ჩამოგვიყალიბდა და რიგის დანახვაზე პავლოვის ძაღლის მსგავსად გვენთება რაღაც ნათურა?

ზოგიერთს შეიძლება ეს თემა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში დღეს არ დგას და ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რიგის დამღვევებს შორის არიან მამაკაცები, რომლებიც საკუთარ ცოლებს ურტყამენ, ქალები, რომლებიც ქმრისგან ასეთ საქციელს იტანენ და იწონებენ კიდეც. ასეთ ადამიანებს შორის არიან მძღოლები, რომლებიც ზებრაზე მოსიარულეს დანახვაზე გაზს უმატებენ, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში არ ეფერებოდნენ, ადამიანები რომლებიც საშუალება რომ მიეცეთ კრთამს ჯიბეში დიდი ოდენობით ჩაიდებდნენ, ადამიანები რომლებიც არჩევნებზე კარუსელებს ორგანიზებას უკეთებენ და ადამიანები, რომლებსაც საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის არასდროს შეუხედავთ და საკუთარ რაობაზე არასდროს ჩაფიქრებულან…

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 3]

 

 

 

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

hodor-v2

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც მკვდარი სულების მიერ არჩევნებნზე მიცემული ხმა ჩვეული ამბავია, ა.შ.შ-ში ძალიან გაუკვირდათ, თუ როგორ “ჩააგდო ყუთში” ბულეტინი 2010 წლის არჩევნებზე მუმიფიცირებულმა მიჩიგანელმა ქალბატონმა, რომელიც სავარაუდოდ 2008 წელს გარდაიცვალა და სულ ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი საკუთარ გარაჟში. როგორც ჩანს ამერიკაში საარჩევნო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ადამიანებს და მედიას ურჩევნია შეთქმულების თეორიების და მისტიკის უფრო დაიჯერონ, ვიდრე ადმინისტრაციულ შეცდომაზე შეთანხმდნენ. ის რომ გარაჟში ნაპოვნი ქალბატონი მუმიფიცირებული და გაუხრწნელი იპოვეს, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. თუმცა, მოდით ამაზე ნუ ვიხუმრებ.
არა სიტყვაზე , თბილისი-ვარშავისს, თბილისი – სტამბოლის, ან რამე სხვა რეისის, არამედ მაინცდამაინც თბილისი-ამსტერდამის რეისის მგზავრებს გამოეცხადათ ილუმინატორზე წმინდა ნიკოლოზი (რატომღაც რეიბანების მსგავს სათვალეებში). დანამდვილებით ვერ გეტყვით დატროლა თუ არა წმინდანმა მგზავრები, მაგრამ აწ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი არ ივიწყებს “თუ ვისი გორიდანაა” და კომპანია აირზენას მშვენიერ პიარს უკეთებს.

როგორც ჩანს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს ფონად – “დავეწიოთ და გავუსწროთ ჩრდილოეთ კორეას” სულისკვეთება სდევდა. პროექტის ორგანიზატორმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც რუს თანამემალუებზე ფიქრში დღეს და ღამეს აერთიანებს, ჯერ ვერც დაწევა და მითუმეტეს გადასწრება ვერ მოახერხა, მაგრამ თითქის 97 პროცენტი მაინც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. როგორც ჩანს პუტინმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მმართველის ტიტულზე ხელი ჩაიქნია და ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე ყველაზე “ბოროტი ხელმწიფის” ორდენზე ,“ჩალიჩობს“. თუმცა, როგორც ჩანს იმდენად „ლუზერია“ რომ ამ შემთხვევაშიც კი მეორე ადგილზე მაღლა ვერ ადის (კიმ ჯონგ უნი აშკარად “უკეთესს ფორმაშია”).

ბევრს ალბათ არაფერს ეუბნება კრისტიან ნაირნის სახელი, თუმცა Games of Throne-ის ყველა მოყვარულმა იცის თუ ვინ არის ჰოდორი. მოკლედ ჰოდორი, იგივე ნაირნი, გეი ყოფილა. მართალია ჰოდორის ლექსიკონი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება (ჰოდორი), ინტერვიუში “ქამინგ აუთი” გამართული ინგლისურით გაუკეთებია. თან ისიც უთქვამს, რომ ამას არც მალავდა, მაგრამ ადრე ამით არავინ დაინტერესებულა. ამრიგად, ინტერესი ჰოდორის და მისი სექსუალური ორიენტაციის მიმართ მხოლოდ ჯორჯ მარტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საქართველოში ახალი, დარწმუნებულ ვარ ძალიან დიდი ჟურნალისტიკის დაბადების მომსწრეები ვხვდებით. ტრიბუნიდან მობილურით გადაღებული ვიდეო, გულშემატკივარი გოგონას აღტკინებული კომენტარი და ამის ფონზე დინამოს ფეხბურთელის, ჩისკოს მშობელი დედის ესპანეთში გაგზავნილი ეროტიული შინაარსის მქონე მოკითხვა ქმნის სინთეზს, რომელსაც საოცარი “დუხი” მოაქვს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

 

ვაგინა მონოლოგები საქართველოში [ფოტორეპორტაჟი]

ხანდახან სიგარა მხოლოდ სიგარაა, მოსაწყენი ფილმი კი უბრალოდ მოსაწყენი ფილმი. საუბრები თბილისის მე-13 კინოფესტივალზე.

გუშინ დამთავრებულ თბილისის რიგით მე-13 კინო ფესტივალზე, რამე კარგი სანახავი თუ იყო, ან ადრე მენახა ან კიდევ დროის უქონლობის გამო ვერ ვნახე. ამჯერად კი, სულ სამი, ძალიან საშუალო დონის ფილმის ყურებას, ძალიან ცუდ ორგანიზებას და სეანსების შემდგომ ფილმების ავტორების მიმართ ქართული აუდიენციის მიერ სასწაულ კითხვების კორიანტელს დავჯერდი.

კაცმა რომ თქვას, უმეტესს შემთხვევაში, ფესტივალზე არა წარმოდგენილი ფილმების, არამედ სწორედ სეანსების გამართული დისკუსიების ან თუნდაც რეაქციების და რეპლიკების გამო უნდა გევლო ადამიანს. ნამდვილად სახალისო იყო. ასე მაგალითად, საშუალო დონის, ცოტა არ იყოს და მოსაწყენი ავსტრიული ფილმ, “სუნთქვის” შემდგომ დარბაზიდან გამოსულმა ერთმა ქალბატონმა, თანმხლებ პირს საკმაოდ ხმამაღლად მიუგო: “ნუ აი ესაა კინო, სასწრაფოდ უნდა მივწერო ყველა ჩემს სტუდენტს, გადავუგზავნო და ვაყურებინო”. ამ ქალბატონს მინდა ვუთხრა, რომ თუ ფილმი მოსაწყენია და ამავდროულად ევროპული, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას რომ ფილმი კარგია. თუმცა, როგორც ჩანს სანამ ის სტუდენტები ამ კონკრეტულ ფილმს მათი პედაგოგისგან მიიღებდნენ, სხვა ფილმებს ესწრებიან.

ასე მაგალითად, რუსულმა ფილმა და კომედიამ “სანამ ღამე არ გაგვყრიდეს,” რომელსაც აშკარად არ აქვს რამე განსაკუთრებულზე პრეტენზია და მე პირადად ერთი ორჯერ თუ დამტოვა გაღიმებული, რატომღაც სრული ფურორი მოახდინა დარჩენილ მაყურებელზე. ასე მაგალითად, მომხიბვლელი და ოდნავ გამომწვევი ახალგაზრდა ქალბატონი ფილმის რეჟისორს დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდა თუ როგორ მოეწონა მას მისი ფილმი, როგორ მოახერხა და ასახა მან “რეალობის მთელი გამა” და როგორ უყურა ამ ქალბატონმა ფილმსს ერთ ამოსუნთქვაზე. შემდეგ კი ის უთხრა, რომ ძალიან მოეწონა ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც რესტორნის დირექტორის როლს თამაშობდა (მთელი ფილმის მოქმედება რესტორანში მიმდინარეობდა, ერთ-ერთ როლს კი ცნობილი რუსული პანკ ჯგუფ ლენინგრადის ლიდერი, სერგეი შნუროვი ასრულებდა. შნუროვი ფილმში საკუთარ თავს თამაშობდა). ფილმის რეჟისორმა ეს რომ გაიგო ცოტა დაიბნა და აღფრთოვანებულ მაყურებელს ჰკითხა თუ ვის გულისხმობდა დირექტორის შემთხვევაში. აღფრთოვანებულმა და სუნთქვაშეკრულ მაყურებელმა კი მიუგო რომ “აი ის, ფერად პერანგიანი კაცი, მთელი ფილმი მაგიდასთან რომ იჯდა.” ამაზე ფილმის რეჟისორმა ძალიან ზრდილობიანად და მოკრძალებულად მიუგო რომ ის არა რესტორნის დირექტორი, არამედ რუსეთში ცნობილი მომღერალი იყო. პასუხმა წამიერი უხერხულობა შექმნა, რომელმაც მაყურებლის მიერ გენიალური ჩანაფიქრის გამოცნობის  მითი დაამსხვრია, თუმცა მხოლოდ წამიერი, იმდენად რამდენადაც ახალგაზრდა ქალბატონმა განაგრძო რეჟისორის და ფილმის ქება და დიდება.

ისე გენიალური ჩანაფიქრების კვანძების ამოხსნაზე ჩამოვარდა საუბარი და ამიტომაც ყველაზე სახალისო მაგალითი ამ კინოფესტივალზე მაინც შვედური კინოფილმ “ჭამა. ძილი. სიკვდილი-ს” დროს მოხდა. ფილმს მარტივი შინაარსი და თხრობის სტილი აქვს, ის ემიგრანტებზე და მუშათა კლასის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სრულიად სხვა, გაჭირვებულ და პრობლემატურ შვედეთს გვაჩვენებს. მოკლედ, ერთ-ერთი პერსონაჟი, მთავარი გმირის მამა, ნორვეგიაში ხშირად ფიზიკურად სამუშაოდ დადის, მიუხედავად იმისა რომ ზურგის ტკივილი აწუხებს და ექიმი მუშაობას კატეგორულად უკრძალავს. ბოლოს, ტკივილი გაუსაძლისი რომ გახდება, ის აცხადებს რომ ვეღარ იმუშავებს.

მოკლედ, ასეთი მარტივი და გასაგები სიუჟეტის ნახვის შემდეგ, კინოთეატრ რუსთაველის დარბაზში მოსული ერთ-ერთი მაყურებელი, საშუალო ასაკის  და სამკაულ აღკაზმული ქალბატონი, ჩვენების შემდეგ, ძალიან თამამად აცხადებს და ეკითხება რეჟისორს, თუ რა ჩადო მან ხსენებულ ეპიზოდში და საუბრობს თუ არა ის ამ შემთხვევაში “მამათა და შვილთა” ბრძოლაზე. სკამზე ვიკეცები და სახეზე ხელის გულს ვიფარებ, რეჟისორი კი მოკრძალებით პასუხობს კითხვის ავტორს, “არა, მას უბრალოდ ზურგი სტკიოდა”.

კიდევ ერთი სახალისო ეპიზოდს ბილეთზე რიგში დგომისას მოხდა, ჩემს წინ ერთი გოგონა პინაზე ბილეთს ყიდულობდა და სანამ ბილეთს იყიდდა, მოლარეს ჰკითხა, გააჩნდა თუ არა პინას, ფილმს რომელიც საათი და ორმოცი წუთის განმავლობაში ცეკვების გარდა, სულ რამდენიმე ფრაზას გვთავაზობს, სუბტიტრები! გოგონა, ნამდვილად მომზადებული მოვიდა მისთვის საინტერესო ფილმის სანახავად და დიალოგების ქართულა საკითხავად. თუმცა, უფრო საინტერესო მოლარის რეაქცია აღმოჩნდა, დაღლილი, არამოტივირებული და გაღიზიანებული ჟესტიკულაციით, მან პროგრამის ძიება დაიწყო, ბოლოს როგორც იქნა საჭირო ინფორმაცია მოიპოვა და გოგონას მიუგო, “კი!”

სუბტიტრებზე ჩამოვარდა საუბარი და რადგანაც თავიდან ფესტივალის ორგანიზების მდარე ხარისხი ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი რომ ზემორე ხსენებულ შვედურ კინოფილმ “ჭამა. ძილი. სიკვდილზე,” სუბტიტრები თითქმის ნახევარი ფილმის განმავლობაში მიუწვდომელი იყო, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ორგანიზატორებს ფილმი შეეწყვიტათ და პრობლემა მოეგვარებინათ და იმის მიუხედავად რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა პროტესტის ნიშნად “ტიტრები” დაიყვირა, ფილმს დამთავრება აცალეს და დასრულების შემდგომ მოკრძალებული “ბოდიშს ვიხდით ტექნიკური პრობლემისთვის” ფრაზით შემოიფარგლნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თბილისის მე-13 კინოფესტივალი ცუდი ორგანიზებით, არც თუ ისე საინტერესო და ხშირ შემთხვევაში ძველი ფილმების (ასე მაგალითად კინოფილმი “სირცხვილი,” “ჩვენ გვყავს პაპი” და “სახიფათო მეთოდი” ერთი წლის წინანდელ პროდუქციას წარმოადგენენ) და “სახალისო” დისკუსიების ფონზე ჩაიარა. ასეთი ტიპის ფესტივალი რთულია თუნდაც “ცე” კლასის ფესტივალად მოიხსენიო, მითუმეტეს საერთაშორისო დონის, მაგრამ რას იზამ, ქვეყანაში სადაც კინო ინდუსტრია განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე დგას, ალბათ ასეთი ტიპის კინოფესტივალიც კი მისწრება და სამადლობელოა.

ფოტომასალა თბილისის ზოოპარკიდან

ერთი კვირის წინ თბილისის ზოოპარკში გასეირნება გადავწყვიტე. დამთვარიელებლების რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა, აქა-იქ პანტა-პუნტად ბავშვები ჩანდნენ, თუმცა ისინიც სცდილობდნენ ჩრდილის პოვნას და ცხოველებს გაუსაძლის სიცხეში ათვარიელებდნენ.

მეც ოფლად ვიღვრებოდი, ასეთ პირობებში კი წამოიდგინეთ ცხოველების მდგომარეობა. საწყლები, გალიაში გამოკეტილნი უალტერნატივოდ იყვნენ დარჩენილები და ხშირ შემთხვევაში მათთვის გამოყოფილ დახურულ სივრცეში ჩრდილსაც კი ვერ პოულობდნენ. ცხოველების უმეტესობა ინსტინქტურად ცდილობდა წყლის დალევას იმ ადგილიდან სადაც წესით და რიგით წყალი უნდა ესხას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ადგილი გამომშრალი ხვდებოდა.

ზოგადად, ჩემი ნება რომ იყოს ზოოპარკს როგორც მოვლენას საერთოდ ავკრძალავდი, რადგანაც მიმაჩნია რომ ცხოველებს უნდა შეეძლოთ ბუნებაში თავისუფლად ცხოვრება.

ჩემი მოკრძალებული აზრით ზოოპარკი, არაბუნებრივ, არაცივილურ და ბარბაროსულ მოვლენას წარმოადგენს. მე პირადად ორჯერ დავფიქრდებოდი ბავშვის წაყვანა/არ წაყვანას ასეთ დაწესებულებაში.

თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ზოოპარკი თბილისში არავის აუკრძალია, მაშინ ვფიქრობ იმ პირებმა რომლებსაც ეხებათ, ცხოველებს ნორმალური პირობები მაინც უნდა შეუქმნან, ეს პირობები კი როგორც მინიმუმ ლომის და დათვის გალიის ზემოთ  ტრასის მშენებლობას არ უნდა გულისხმობდნენ.

დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი რომ ზოოპარკი სხვაგან უნდა გადაიტანონ, სადაც ცხოველებს უკეთესი პირობები შეექმნებათ, თუმცა როდის მოხდება გადატანა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ჯერჯერობით კი ზოოპარკის ბინადრებს ქვემორე მოყვანილ პირობებში უწევთ არსებობა.

ოცდაცხრამეტი სურათი ნავთლუღის ბაზრობიდან

კომენტარის გარეშე გთავაზობთ ნავთლუღის ბაზრობაზე გადაღებულ ფოტომასალას.