Tag Archives: ირანი

ასღარ ფარჰადი, აზრი დეტალებშია

ეგრეთ წოდებული ვიდეო ესსეების კეთება გადავწყვიტე, ესეც პირველი ვიდეო

ბევრი წუნია, კითხვის ტეპმი ზედმეტად ნელი და რამდენიმე შესამჩნევი ხარვეზი, მომავალში შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ

Advertisements

როგორ დაიპყრო ბოდვამ მსოფლიო [წიგნის რეცენზია]

mumbo

იცოდით რომ ჰილარი კლინტონს ერთ დროს მკითხავები ჰყავდა დაქირავებული, ან ის რომ პრინც ფილიპი (ელიზაბეთ II-ის მეუღლე) ნიუ ეიჯით იყო გატაცებული და რეგულარულად იწერდა წიგნს მფრინავ თეფშებზე, ან თუნდაც ის რომ  ნენსი რეიგანი ასტროლოგებს ენდობოდა? მე არა, სანამ ფრენსის უინის წიგნს არ წავიკითხავდი.

არ ვიცი როგორ ვთარგმნო ქართულად წიგნის სახელწოდება How Mumbo-Jumbo Conquered the World. თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ამ წიგნის ქართული თარგმანი დიდი ალბათობით არ არსებობს, თავს მივცემ უფლებას და Mumbo-Jumbo-ს ქართულ ვარიანტში ბოდვას მივუსადაგებ (ზუსტი განმარტებისთვის მიაკითხეთ განმარტებით ლექსიკონს).

უინის ნაწარმოები 1979 წლის ირანის რევოლუციით და  იმავე წელს ბრიტანეთის სათავეში მარგარეტ ტეტჩერის მოსვლით იწყება. საგულისხმოა რომ პირველ თავს “ვუდუ რევოლუცია” ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ორ რადიკალურად განსხვავებულ სახელმწიფოზე საუბრობს, მოგვიანებით ის შლის თემას და მიუთითებს იმაზე, რომ მეთოდები რომლითაც ამ ორი განსხვავებული სახელმწიფოს ლიდერები სარგებლობენ დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ამ მეთოდებს უინი სხვადასხვა ლიდერების გამონათქვამებით და დოქტრინებით ამაგრებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად აბსურდულია, რომ რთულია დაიჯერო, რომ მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს განაგებენ.

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ეს სამყარო სახიფათო ადგილს წარმოადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვიცოდით, თუ ვინ იყვნენ ისინი [მტრები]. ვითარება ასეთი იყო, ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიყავით და გასაგები იყო თუ ვინ იყვნენ ისინი [საბჭოთა კავშირი]. დღეს ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ვინ არიან ისინი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ისინი სადღაც იქ არიან,” ამ “გენიალური” ფრაზის ავტორი ადამიანია რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს რვა წლის განმავლობაში მართავდა და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მას სახელად ჯორჯ ბუში [რა თქმა უნდა უმცროსი] ერქვა, მაგრამ რას იტყვით ალბერტ გორზე,  რომელიც ბევრი რესპექტაბელური ადამიანის წარმოდგენაში გარემოს უფლებებისთვის დამცველ აქტივისტად არის ცნობილი.

ფრენსის უინს ასეთ პატივცემულ ადამიანზეც აქვს საინტერესო ისტორია.  ერთ დროს თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ალ გორი შეკრებილ აუდიტორიას უყვებოდა ტრაგიკულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაუდგინეს ბევრი წლის წინ მის დას კიბო, რომელიც სიგარეტს თინეიჯერობის ასაკიდან ეწეოდა. საბოლოო ჯამში მან თავი ვერ დაანება მოწევას და მალევე გარდაიცვალა. ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ ალ გორი პათოსით ამბობს რომ “სწორედ იმ მომენტში, სანამ ის ლაპარაკობს რამდენიმე ათასი ადამიანი ამერიკაში იწყებს სიგარეტის მოწევას და ბევრ მათგანს ოცი წლის შემდეგ დაუსვამენ კიბოს დიაგნოზს”. გამოსვლას ის იმით ამთავრებს, რომ მისთვის ყველა ეს ადამიანი “მის დაკარგულ დას წარმოადგენს” და ამიტომაც იბრძვის ის თამბაქოს წინააღმდეგ.

ალ გორის საქციელი და ამ სიტყვით გულისამაჩუყებელი გამოსვლა ნამდვილად საქები იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ რამდენიმე დღეში ერთმა ამერიკულმა გაზეთმა რამდენიმე წლის წინ მომხდარი ამბავი ამოქექა: ალ გორი და მისი დემოკრატი მეგობარი სახელად ბილ კლინტონი ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ა.შ.შ-ს ერთ სამხრეთულ შტატში მდებარე თამბაქოს პლანტანციას სტუმრობდა. ყურადსაგდები ის ფაქტია რომ გორის და უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა ამან მას შთამაგონებელი სიტყვის წარმოთქმაში ხელი არ შეუშალა. გორმა ფერმერებს სოლიდარობა გამოუცხადა და მოუყვა, თუ როგორ თესავდა ბავშვობაში საკუთარი ხელებით თამბაქოს მამამისის პლანტანციაზე. რა თქმა უნდა დის ისტორიის გახსენება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილო იქნებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც პლანტანციების მფლობელებისგან გორი და კლინტონი ფინანსურ სარგებელს ელოდნენ.

უინის წიგნი საინტერესოა არამხოლოდ პოლიტიკოსების უპრინციპო და უპასუხისმებლო მაგალითებით, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ავტორი ბევრ შემთხვევაში იმ ფილოსოფოსებსაც წვდება, რომლებსაც არც თუ ისე უკანასკნელი სიტყვა ეთქმით დღევანდელი სამყაროს ჩამოყალიბებაში. უინისითვის არ არსებობს ავტორიტეტები, ის თვით ნომ ჩომსკისაც და ჟაკ დერიდასაც აკრიტიკებს და რა გასაკვირია, რომ ამათ ფონზე ფრენსის ფუკუიამას და მილტონ ფრიდმანს საერთოდ შარლატანებად მოიხსენიებს.

ერთ-ერთ თავს წიგნის ავტორი პოსტმოდერნიზმს უძღვნის, რომელიც საბოლოო ჯამში წიგნის ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო მონაკვეთად გვევლინება. უინი წერს თუ როგორ დაიპყრო პოსტმოდერნიზმა ამერიკის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები და ამ ფონზე რა აბსურდულ გარემოში მიმდინარეობდა ზოგიერთ შემთხვევაში აკადემიური სწავლება, თუ როგორ ასწავლიდნენ სტუდენტებს რომ არ არსებობდა არანაირი ჭეშმარიტება და სინამდვილე. ზოგიერთი პროფესორი იქამდეც კი მიდიოდა, რომ სტუდენტს რომელიც სიტყვა რეალობას ბრჭყალების გარეშე დაწერდა აკლებდა ნიშანს. აქვე ავტორს მოჰყავს იმ დროისთვის განთქმული ფემინისტის, ლუსი ირიგარაის მაგალითი, რომელიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ალბერტ აინშტაინის ფორმულა E=MC2 სექსისტურია. ირიგარაის წარმოდგენა არ ჰქონდა ფიზიკაზე, მაგრამ ის თავისებური არგუმენტაციით და ლოგიკით ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ფორმულა სექსისტურია. აქვე ავტორი ბარბარა ეჰრენრიჰის, სხვა ფემინისტის, სარკასტულ შენიშვნას, რომლის ადრესატებიც პოსტ მოდერნიზმის მქადაგებლები არიან, ციტირებს, “რა პრობლემაა თუ რომელიმე ფრანგ ტიპს მისი პენისი მინუს ერთის ფესვად წარმოუდგენია?”

სხვა მრავალ თემასთან ერთად უინი ასევე UFO-ს ფენომენზე საუბრობს. საიდუმლო არაა რომ არსებობს ადამიანთა რიცხვი, თან არც თუ ისე პატარა, რომელსაც უცხოპლანეტელების ნამდვილად სჯერა, უფრო სწორედ სჯერა, რომ ისინი არაერთხელ ეწვივნენ დედამიწას, თუმცა წიგნი ამ შემთხვევაში იმით არის საინტერესო რომ ავტორი საუბრობს იმაზე, თუ როგორ მანიპულირებს ამ თემით მედია. ამ შემთხვევაში პატივცემული ლარი კინგის მაგალითია საინტერესო. 1994 წელს ლარი კინგმა ერთ-ერთი თავისი გადაცემა UFO-ს ფენომენს მიუძღვნა, მან სტუმრად შეთქმულების თეორიის მოყვარული ოთხი ადამიანი მოიწვია, რომლებიც იცავდნენ პოზიციას იმის შესახებ, რომ დედამიწას უცხოპლანეტელები არაერთხელ ეწვივნენ. ეს ოთხი ადამიანი მან პირდაპირ ეთერში ალაპარაკა და საკმაოდ დიდი დროც დაუთმო. საპირწონედ კინგმა ასტროფიზიკოსი კარლ საგანი და მეცნიერი ფილიპ კლასი წინასწარ ჩაწერა, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთი დაუთმო. საგანიც და კლასიც იმაზე საუბრობდნენ, რომ UFO-ს შესახებ არსებული მაგალითები გამოგონილია. გადაცემის გასვლიდან რამდენიმე დღეში აღშფოთებულმა კლასმა დაწერა, რომ ვინაიდან და რადგანაც ის და საგანი სტუდიაში არ იმყოფებოდნენ მათ ვერაფრით “უპასუხეს ნონსენს რომლებსაც მოწვეული სტუმრები ლაპარაკობდნენ”. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ლარი კინგის დასკვნითი ფრაზაა: “თეფშები რომლებიც დედამიწას დაეცნენ? ვინ იცის? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ რომ მთავრობა რაღაცას გვიმალავს”.

წიგნი სავსეა მაგალითებით უახლოესი ისტორიიდან, რომლებმაც შეიძლება ისედაც სკეპტიკური მკითხველიც კი გააკვირვოს, ამ პოსტში მოყვანილი მონაკვეთები კი ამ მაგალითების მიზერულ პროცენტს შეადგენენ, უინი საუბრობს იმაზე თუ როგორ სჯეროდა ბევრს რომ სერიალი X-Files არა მხატვრული, არამედ დოკუმენტური ნაწარმოებია, იმაზე თუ როგორ აჯარიმებდნენ გასული საუკუნის 70-იან წლებში ზოგიერთ შტატში მასწავლებლებს, რომლებიც კრეაციონიზმის სწავლებაზე უარს ამბობდნენ, თუ როგორ საუბრობდა მილტონ ფრიდმანი იმაზე რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა, იმ დროს როდესაც ტაილანდელი მოხუცი 20 ცენტად უპრიალებდა ფეხსაცმელს და ა.შ.

ცალკეულად აღებული ინდივიდები თუ თეორიები რომლებიც ამ წიგნშია მოყვანილი მკითხველს შეიძლება უბრალოდ კარგ გასართობად მოეჩვენოს, მაგრამ როდესაც ითავსებ  რომ მსგავსი იდეები იდეოლოგიებს აყალიბებენ, ხოლო მოხსენებული ადამიანები დგანან ქვეყნების სათავეში და ადამიანების ბედზე პასუხისმგებლები არიან, ხვდები რომ ამ სამყაროში რაღაც რიგზე არ არის.

აზიმოვი, ირანი, ჩომსკი, ფაშიზმი და პროპაგანდის მანქანა

გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკული და მსოფლიო ფანტასტიკის
კლასიკოსმა აიზეკ აზიმოვმა “დაფუძნების” (Foundation) წიგნების სერია შექმნა. ამ სერიაში აზიმოვი საუბრობს იმპერიაზე რომელიც გაფართოების მიზნით გალაქტიკაში არსებული სხვა რასების დაუფლებას ცდილობს.  დაახლოებით ორი წლის წინ ციკლიდან ერთ-ერთი რომანის მიმოხილვას წავაწყდი. მიმოხილვის ავტორი აცხადებს რომ აზიმოვს დაფუძნებაში აღწერილ იმპერიის მეშვეობით რომის იმპერია ჰქონდა ნაგულისხმევი, რომის იმპერიაც ხომ დაპყრობით ომებს აწარმოებდა საკუთარი სიმდიდრის და ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად. თუმცა, მიმოხილვის ავტორი პარალელების გავლებას აგრძელებს და აცხადებს რომ მსგავსების პოვნა თანამედროვე ამერიკასთან შეიძლება, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოებში (ვიეტნამი, კორეა, ერაყი და ა.შ.) საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას იღებდა.

რამდენიმე კვირის წინ ერთ ჩემს ბრიტანელ ნაცნობთან საუბარი გავაბი, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთის პრობლემას და რიგ სხვა საკითხებს შევეხეთ. საუბრის ბოლოს მან ძალიან მწუხარე სახით მითხრა: “შემდეგი ირანი იქნება, სამწუხაროდ, დამიჯერე ჩვენ (ა.შ.შ. დიდი ბრიტანეთი) ირანს დავარტყამთ.” შევწუხდი და იმის მტკიცება დავიწყე რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება და ერაყის ტრაგედია საკმარისია იმისთვის რომ ა.შ.შ. და ბრიტანეთი საკუთარ შეცდომას მიმხვდარიყვნენ, ბოლოს და ბოლოს ისიც ვუთხარი რომ ხალხიც წინააღმდეგია. ამაზე პასუხად მან შემდეგი რამე მითხრა “ჩვენთან ხალხი ერაყის ომის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ვინ დაუჯერა?”

დასავლეთში ჩამოყალიბებულია აზრი რომ ირანი, ირანის მთავრობა და
სისტემა წარმოადგენს ერთგვარ “მორდორს,” ბოროტების იმპერიას, ხოლო მანდ მცხოვრები ხალხი ამ რეჟიმის მონაა. ამ პოსტის დაწერაზეც ფეისბუქზე ნანახი ერთ-ერთ კლიპმა შთამაგონა. კლიპი გვიჩვენებს ფოტო მასალას ირანში არსებული საპროტესტო აქციებიდან და ამავდროულად გარკვეულწილად მოუწოდებს ხალხს აღუდგეს წინ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს და სისტემას. “თუ მოვკვდები, მოვკვდები პარტიზნად”, გვეუბნება ერთ-ერთი მონაკვეთი. ამ სიმღერის ტექსტი რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი და სოციალურ ქსელებში მსოფლიო მასშტაბით პოპულარობით სარგებლობს… რა გასაკვირია რომ დასავლეთი ამ ყველაფრის შემხედვარე ირანში არსებულ ვითარებას გმობს?..

მაგრამ…


რამდენიმე კვირის წინ ფოტო ჟურნალისტიკის ლექციაზე ერთი სლაიდი გვაჩვენეს, ამ სლაიდს “Imagine Iran” ჰქვია. თუ  ლინკზე გადახვალთ ნახავთ რომ ეს კლიპი წინა კლიპისგან შინაარსობრივად მკვეთრად განსხვავდება და სულ სხვა მესიჯს ატარებს. თუ პირველ შემთხვევაში მაყურებელი ფიქრობს “საწყალი ირანელები, მათ შველა ესაჭიროება,” მეორე კლიპის ნახვის შემდეგ ყველაფერი სულ სხვა ფერშია გამოსახული და შეიძლება ირანში წასვლაც მოგანდომოს ადამიანს.

ერთ-ერთ ინტერვიუში გამოჩენილი ამერიკელი ლინგვისტი და მოაზროვნე ნოამ ჩომსკი თანამედროვე დასავლეთის მედიას გასული საუკუნის 20-იანი წლების გერმანიას ადარებს, რომელიც იმ დროისათვის დემოკრატიის, მეცნიერების და ხელოვნების კერა
იყო, მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში საკუთარი პოლიტიკის გამო ფაშიზმის იმპერიად იქცა. ჩომსკი ამ საშიშროებაზე საუბრობს და ამ საშიშროებას მედია კონტროლში ხედავს.

რამდენად შესაძლებელია ყოველი ჩვენთაგანი მედია პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდეს, რამდენად შესაძლებელია, რომ ყოველი ჩვენთაგანის მხრიდან ირანის რეჟიმის პოლიტიკის დაგმობა მხარდაჭერა აღმოჩნდეს იმ საშიშროებისა რომელზეც ჩემი ბრიტანელი ნაცნობი ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა რომ ომის გამართლება არ შეიძლება ძალები რომლებიც ასეთებს იწყებენ საზოგადოებაში მხარდაჭერას ეძებენ. მხარდაჭერას ომის გასამართლებლად.  ძალიან არ მინდა ჩომსკის ან ზემო აღნიშნული ავტორის ვარაუდი სიმართლე აღმოჩნდეს, ძალიან არ მინდა.

სოლიდარობა ირანელი ხალხისადმი


დღეს თბილისში კანცელარიის შენობასთან 14.00 საათზე ირანში მიმდინარე მოვლენების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. შეკრებილი 30 – მდე ადამიანი საქართველოს მთავრობას მიმართავს თხოვნით მოახდინოს რეაგირება განაჩენზე, რომელიც ირანის სასამართლომ ამ სახელმწიფოს მოქალაქის საქინე მოჰამადი აშთიანის წინააღმდეგ გამოიტანა. შეგახსენებთ, რომ აშთიანს, ორი შვილის დედას ცოლ ქმრული ღალატი ედება ბრალად. პირველად ის 2006 წელს გაასამართლეს და 99 როზგი მიუსაჯეს, განაჩენის სისრულეში მოყვანის მიუხედავად 2007 წელს სასამართლომ მისი საქმე თავიდან განიხილა და ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა.

დღევანდელი ღონისძიება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ანალოგიური აქციების პარალელურად მიმდინარეობდა, კანცელარიასთან შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯგუფის მოთხოვნის მიუხედავად საეჭვოა, რომ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,  ნაკლებად სავარაუდოა რომ საქართველოს მთავრობამ გაიფუჭოს ირანთან არსებული ნორმალური ურთიერთობა. ამ ვარაუდს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ აქციის გასაშუქებლად არცერთი ქართული ტელევიზია არ მოვიდა.

თუ ფეისბუქში ამ თემასთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ კომენტარებს გადავავლებთ თვალს ნათელი გახდება,  აქციაზე მოსულ ადამიანთა მცირე რიცხოვნების მიზეზი. ინტერნეტში არსებული ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარობას არ გამოხატავს დემონსტრანტებისადმი და ამგვარ აქციას გაუმართლებლად მიიჩნევს, მთავარ არგუმენტად მათ ის მოჰყავთ რომ “ჯერ ჩვენს პრობლემებს უნდა მივხედოთ და მერე სხვისას”. საკმაოდ საკამათო პოზიციაა და პირადად მე ამ ორ მოვლენას შორის ურთიერთსაწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, სოლიდარობა ირანის მოქალაქეებისადმი რატომ უნდა გამორიცხავდეს საქართველოში არსებულ პრობლემებზე რეაგირებას? ამ კითხვაზე მხოლოდ ის ადამიანები თუ მიპასუხებენ, რომლებიც აქციას გაუმართლებლად მიიჩნევენ.

დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას რამდენიმე ირანელი გავიცანი, რომლებიც სამშობლოდან რიგი მიზეზების გამო წამოვიდნენ. ყველა მათგანს იმ დროისათვის ირანში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია გააჩნდა, საუბარი მაქვს 2009 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე და ირანის მთავრობის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე. ორი მათგანი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა, თუმცა იმ იშვიათ შემთხვევაში როდესაც პოზიციას მაინც გამოხატავდა აღნიშნავდა, რომ ასეთი რამ თანამედროვე სახელმწიფოში დაუშვებელია. მესამე ერთადერთ გზად, ბრძოლას მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ირანელი ხალხიამ რეჟიმისგან ადრე თუ გვიან მაინც განთავისუფლდება. მეოთხე სხვა პოზიციაზე იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად მიყვებოდა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის გამორჩეულ მოაზროვნეებზე, მას თანამედროვე ირანზე ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა. “ისინი ვერაფერს გახდებიან, ამ მთავრობას ვეღარაფერს მოუხერხებენ, როდესაც არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია თავი უნდა აარიდო, ხელებიც დამიბანია, აღარ მაინტერესებს”£- მითხრა მან როდესაც მე მწუხარება და მხარდაჭერა გამოვხატე ნედას სიკვდილთან დაკავშირებით.

ბრიტანეთში კიდევ ერთი ღირშესანიშნავი რამ მოხდა, ყოველთვის როდესაც თავისუფალი დრო მქონდა გლაზგოს ცენტრალურ ქუჩებში ვსეირნობდი  და იმ აქციებს თუ პერფომანსებს ვაკვირდებოდი, რომელიც აქ ყოველდღიურად იმართებოდა. ძალიან ვნანობ, რომ თან კამერა არ მქონდა და ეს მოვლენა ვიდეო ფირზე ვერ ავღბეჭდე, ამის მიუხედავად ამ ისტორიას ხშირად ვყვები ხოლმე. ბუქანანის ქუჩაზე (გლაზგოს ცენტრში არსებული ერთ-ერთი ქუჩა) ირანის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ყველაზე მეტი 50 ადამიანი იქნებოდა შეკრებილი, რომელიც ძირითადად ემიგრანტი ირანელებისგან შედგებოდა, მკვიდრი ბრიტანელი აქ იშვიათი მოვლენა იყო. მოკლედ ამ აქციას შევესწარი, ტრანსპარანტებს და მოთხოვნებს დავაკვირდი და ადამიანთა რაოდენობა ჩემთვის დავთვალე,  ნამდვილი შოკი იყო როდესაც იქვე 20-30 მეტრში ერთი პერფომანსი ვნახე, რამდენიმე შავკანიანი ბრეიკ დანსერი ცეკვას ასრულებდა. გაინტერესებთ რამდენი ადამიანი შეიკრიბა ამის სანახავად? ყველაზე ნაკლები 300. სულ რამდენიმე მეტრში ჩემთვის ორი სხვადასხვა სამყარო გაიშალა, ამ ფაქტმა თვალნათლივ დამანახა ის თუ რამდენად აღელვებს დასავლელ ადამიანს ირანის ბედი. დასავლეთს თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ ირანისგან მოშორებულ ნებისმიერ სახელმწიფოში ანალოგიური სიტუაცია იქნებოდა.

როგორც არ უნდა ეცადოს საერთაშორისო თანამეგობრობა (საქართველოს ჩათვლით)  ამ საკითხზე რეაგირების მოხდენას, ნაკლებად სავარაუდოა
ირანში რამე შეიცვალოს იმ მომენტამდე სანამ თვითონ ირანელი ხალხი არ მოინდომებს და არ შეებრძოლება იმ რეჟიმს, რომელიც ქვეყნის სათავეში დაახლოებით 30 წლის წინ რევოლუციის შედეგად მოვიდა.

საკუთარი რელიგიისა და ტრადიციების პატივისცემა ნებისმიერი ერის უფლებაა,  ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ინიციატივა აკრძალონ ბურკების ტარება საფრანგეთში ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ როდესაც საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე და ბუნებით მონიჭებულ უფლებებზეა, მაშინ არცერთი სახელმწიფო, არცერთი სულიერი მოძღვარი არ შეიძლება გახდეს საკუთარი ერის მკვლელი, ამიტომაც დღეს 2010 წლის 5 აგვისტოს მთელი მსოფლიო უნდა დადგეს ერთად და სოლიდარობა გამოხატოს იმ ირანელი ხალხის მიმართ, რომელიც უსამართლოდ საკუთარ მიწაზე და საკუთარ სამშობლოში ისჯება იმისთვის რაც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში მხოლოდ მორალური განკიცხვის საგანს წარმოადგენს.  2010 წლის 5 აგვისტოს დაუშვებელია ისეთი ხელისუფლების ყოლა,  რომელიც საკუთარი ერის და მოქალაქეების უფლებებს არ სცნობს.