Tag Archives: ისტორია

პრესტიჟი, მანიპულაციის ხელოვნება

თანამედროვე კინორეჟისორებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მანიპულატორად კრისტოფერ ნოლანი მიმაჩნია. თუ რატომ, იხილეთ ვიდეო მიმოხილვაში.

Advertisements

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასული კვირის “You don’t say” სერიის ჰიტად, ანუ აღმაშფოთებელი ბანალურობის შინაარსის მატარებელ ვიდეოდ, რომელსაც სრულიად ფეისბუქი აშეარებს ხოლმე, აი ეს რგოლი მოგვევლინა. დარწმუნებული ვარ ასეთები თქვენს საფრენდეთშიც მრავლად იყვნენ და იმედი მაქვს მათ რიცხვში არ შედიოდით. თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, სასწრაფოდ დატოვეთ ეს რაფინირებული და არამეინტსრიმული პოსტი. თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, გილოცავთ, იუმორის გრძნობა გქონიათ, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ადვილად არ ვარდებით. არა, მართლა რამდენად ირონიულია ის, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს ფეისბუქზე ატარებს  სწორედ ისე იქცევა როგორც ამ რგოლშია აღწერილი და ამ ვიდეოს იგივე ფეისბუქზე აშეარებს. საერთოდ რაღაც უცნაური ტენდენციაა, კომუნიკაციის ინსტრუმენტს, ანუ ფეისბუქს აბრალებდე ყველაფერს. ეს დაახლოებით იგივეა, ტელეფონზე რომ დაურეკო ვიღაცას, ძალიან სისულელეები ილაპარაკო და ყველაფერი არა საკუთარ თავს, არამედ ტელეფონს დააბრალო. თუმცა, ამ ვიდეოს ყოველ დამლაიქებელს და დამშეარებელს ალბათ გულის სიღრმეში საკუთარი თავი ასეთად არ მიაჩნია და მას სხვა ფრენდების სამხელად აკეთებს. გონს მოდით ადამიანებო, ფეისბუქი რომ არა, ბოლოს და ბოლოს, როგორ გაიგებდით მიწისძვრის ან თუნდაც წვიმის შესახებ?

სულ უფრო ჭირს რეალური და ფიქტიური სამყაროს ერთმანეთისგან გარჩევა, ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის რეგულარულ სტუმარს, კიმ ჯონგ უნგს ნამდვილად უჭირს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში სეტ როგენის კომედია (ჯეიმს ფრანკოს და სეტ როგენის მონაწილეობით) უნდა გამოვიდეს. ფილმი როგორც ჩანს საშა ბარა კოენის “დიქტატორის” სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კიმ ჯონგ უნი რეალურად არსებული ტირანია. მოკლედ, Game of Throne-ის ენაზე რომ ვთარგმნოთ, კიმ ჯონგ ჯოფრის უთქვამს, რომ პასტის გული ვერ მოითმენსო და ფილმი მართლა რომ გამოვიდესო, არც მეტი არც ნაკლები, ომს დავიწყებო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზად სეტ როგენი და ჯეიმს ფრანკო მოგვევლინებიან. გახსოვთ ისტორიული ომების წინაპირობები? ტერიტორიების გადანაწილება, ერცჰერცოგის მკვლელობა და ა.შ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რას იფიქრებენ ჩვენი შთამომავლები ისტორიის წიგნის გადაშლისას წაიკითხავენ, რომ ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდრი კომედია, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის მიღება იყო, გლობალური ომის მიზეზი გახდა?

იგივე ისტორიის სახელმძღვანელოებში მოსწავლეები ამოიკითხავენ, რომ მე-19 საუკუნეში ადამიანმა მოიგონა ტელეგრაფი, რომელსაც მოჰყვა რადიოს გამოგონება, მე-20 საუკუნეში ტელევიზორი, ინტერნეტი და ა.შ. 21-ე საუკუნეში კი აი ეს სპერმის ექსტრაქტორი. ანუ მეცნიერებმა გაამარტივეს ის, რაც პრინციპში ისედაც საკმაოდ მარტივი იყო და კაცობრიობის ეს ტრივიალური ჰობი, კიდევ უფრო გაამარტივეს. საერთოდ ასეთ გამოგონებას გრძელვადიან პერიოდში, შეუძლია გარკვეული ორგანოს ატროფია გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს შთამომავლებს ორასი წლის შემდეგ გაცილებით სუსტი მარჯვენა უნდა ჰქონდეთ.

როგორც იქნა ქართულ სტოუნჰენჯს მოვესწარით. ადგილობრივ გამგეობას თერთმეტსაფეხურიანი კიბის ასაშენებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოუყვია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო საფეხური 100,000 ლარზე მეტი დაჯდა. ჩემი ძალიან არამეცნიერული გათვლებით ასე ძვირი თავის დროზე მაიების პირამიდების აშენებაც კი არ ღირდა. შესაბამისად, თუ რომელიმე კონკრეტული პირამიდა უფრო იაფი დაჯდა და მას წელიწადში ათიათასობით ტურისტი სტუმრობს, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უფრო ძვირ ღირშესანიშნეობას გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ესტუმროს. ამიტომ, უახლოეს მომავალში ხულოს რაიონში უნდა ველოდოთ სტუმრებს დედამიწის ყველა კონტინენტიდან. ისე კი, ამ კიბის ნახვისას პირველი რაც გამახსენდა თამაში Sim City იყო. ვისაც გითამაშიათ, გამორიცხულია თუნდაც პირველ თამაშზე შეცდომა არ მოგსვლოდათ და შემთხვევით რამე ნაგებობა არაადეკვატურ ადგილას არ აგეშენებინოთ. დაახლოებით ამას ჰგავს ხულოში აშენებული ეს შედევრი.

აინშტაინის თუ დავუჯერებთ, ყველაფერი ფარდობითია. ამ თეორიის მიხედვით, ფეხბურთის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებისთვის ყველაზე სასიამოვნო მოვლენად, იმ მატჩებთან შედარებით რაც მსოფლიო ჩემპიონმა (!) ჩაატარა, ნაკრების თვითმფრინავზე დაცემული მეხი უნდა ჩავთვალოთ. წარმომიდგენია, თუ რა კოშმარული სიზმრები ესიზმრებოდათ სახლში მიმავალ ესპანელებს მეხმა რომ გამოაღვიძა. ვფიქრობ ეს შემთხვეა მათთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც სპორტსმენები აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ფეხბურთის გარდა არსებობს სხვა “რამეები” რამაც შეიძლება სიხარული მოგიტანოს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს სხვა “რამეები” შეიძლება უკეთ გამოგდიოდეს.

ამ კვირისთვის სულ ეს იყო, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა, მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, ტოტალიზატორები ხარობენ, X-factor-ის ფანები არაადეკვატურად “ვაიმე რა მაგარია” პათოსით აშეარებენ მათი ფავორიტების ვიდეოებს, ქართველი “კრეატივშიკები” განაგრძობენ უნიჭო რეკლამების შემოთავაზებას, ლუდი კი გაგანია ზაფხულში სულ უფრო და უფრო ემსგავსება H2O-ს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ტარანტინოს “ჯანგოს” როლი პოპ კულტურასა და “ისტორიაში” [+ სცენარი ბონუსად]

django1

ქვენტინ ტარანტინოს პატივს ოდნავ მაინც თუ სცემთ, ჩემს აზრს მისი ბოლო ნამუშევარის, “ჯანგოს” ავკარგიანობის შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რეცენზიას,  თქვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ამიტომაც, ამ პოსტში ფილმის სუბიექტურ თუ ობიექტურ შეფასებას არ ვაპირებ და ამის ნაცვლად მოკლედ ვისაუბრებ “ჯანგოში” წარმოჩენილი თემატიკის კულტურული მნიშვნელობის შესახებ.

“ჯანგოს” მთავარ თემას მონობა წარმოადგენს. ტარანტინოს თუ დავუჯერებთ და ჰოლივუდის  წარსულს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ რომ ამ თემაზე პოპ კულტურაში პრაქტიკულად არავის უსაუბრია. გასული საუკუნის ჰოლივუდი სავსეა ვესტერნებით, ფილმებით რომლებიც მე-19 საუკუნეს აღწერენ, მაგრამ ამ აღწერაში იშვიათად თუ შეხვდებით მონებს, ან თუ შეხვდებით – მხოლოდ გაკვრით. ასეთი ფილმების ყურებისას, მაყურებელს ავიწყდება რომ ეს მოვლენა ნამდვილად არსებობდა ამერიკის ისტორიაში.

ფილმის კომენტირებისას ტარანტინომ არაერთხელ განაცხადა რომ მონობის თემა მიჩქმალულია და ამ ფილმით მან მის შესახებ პრაქტიკულად პირველმა განაცხადა. ამ განაცხადს კი მისივე აზრით აუცილებლად მოჰყვება განხილვები და პოპ კულტურის, თუ ჰოლივუდის დონეზე საკითხის უკეთ შესწავლა. ტარანტინოს აზრით მიუხედავად იმისა რომ ამერიკაში მონობა  დიდი ხანია მოისპო, პრობლემა სხვა სახით განაგრძობს არსებობას და ის არსად წასულა. “ჯანგოს” დასკვნით ნაწილში რეჟისორი ამაზე მინიშნებას აკეთებს როდესაც სამუელ ელ ჯექსონის ანტიგმირი ფილმის პროტაგონისტს დაახლოებით შემდეგ შინაარსის ფრაზას მიაძახებს: “ქენდილენდი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს”.  ქენდილენდი პლანტანციაა სადაც მონობაში ბევრი შავკანიანი იმყოფება და რომელიც მონათფლობელობის ერთგვარი სიმბოლოა.

თუ დავუშვებთ, რომ ჰოლივუდი წარსულში მონობის თემას გაკვრით მაინც ეხმაურებოდა, ის ნამდვილად  არ საუბრობდა რომელიმე შავკანიანი მონის გმირობის შესახებ. მონა მონა იყო, ის განწირული იყო და თავის სიმართლეს ვერასდროს დაამტკიცებდა. ტარანტინო ამ შემთხვევაში  პირველად კინომატოგრაფიის ისტორიაში თავისუფალ დაშვებას აკეთებს; მისი ფილმის შავკანიანი გმირი ნამდვილად გმირია და მისი მთავარი მისია ძველი ეპოსების მსგავსად მიჯნურის გადარჩენაში გამოიხატება. ამ კონტექსტში კი გაუგებარია თუ რა მოტივი ამოძრავებდა ცნობილ შავკანიან რეჟისორ სპაიკ ლის, რომელმაც განაცხადა რომ “ჯანგოს” ნახვას არ აპირებს და ტარანტინო მისი წინაპრების უპატივცემულობაში დაადანაშაულა (ამას ის ფილმის ნახვის გარეშე აცხადებს!). 

გასაკვირი არაა რომ ტარანტინო ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს – მიუხედავად მონობისა, ჯანგო ცოლიანი კაცია. ეს იმ დროისთვის მონებისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგანაც ოჯახის შექმნის ფუფუნება მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ჰქონდათ. ცოლიანი მონა? ჰმმ…

თუ მონებს შორის ქორწინების მაგალითების თაობაზე თეორიული კამათი შეგვიძლია (იქნებ არსებობდა ასეთი მაგალითებიც) ფილმის აშკარად ფიქტიურ ელემენტს მანდინგოს ჩხუბები წარმოადგენენ. მანდინგოს შესახებ ერთ-ერთ სტატიაში ავტორს რამდენიმე ამერიკელი ისტორიკოსის ციტატა მოჰყავს, რომელიც მონებს შორის ერთგვარი გლადიატორულ ბრძოლებს უარყოფს. საქმე ისაა რომ მონათმფლობელებისთვის მონა საკუთრებას, შესაბამისად მატერიალურ სიკეთეს წარმოადგენდა და ამ მატერიალური სიკეთის დაკარგვა, ანუ მონის გარდაცვალება სერიოზულ ზიანს აყენებდა მის ბიუჯეტს. თუმცა, ტარანტინოს ისტორიის ამ ინტერპრეტაციაში მაინცდამაინც დიდ აზრს არ უნდა ვეძებდეთ – საქმე ისაა რომ “მანდინგო” 1975 წელს გადაღებული ფილმია, რომლის მთავარ თემასაც სწორედ რომ მონებს შორის ბრძოლები წარმოადგენენ.

ასეთია “ჯანგოს” პოპ კულტურის მითოლოგია ზედაპირულ დონეზე და იმ დროს როდესაც ფილმის მხატვრულ ღირებულაბაზე დავა უკვე დაწყებულია, როგორც ჩანს მისი თემატიკაც არაერთგვაროვან აზრებს და დისკუსიებს წარმოშობს. იქნებ ასეც უნდა იყოს და იქნებ ფილმის მხატვრულ ღირებულებაზე მეტად, ამ შემთხვევაში მისი თემა უფრო მნიშვნელოვანია?

ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ტარანტინოს შემოქმედების განსაკუთრებულ მოყვარულებს “ჯანგოს” სცენარს ვთავაზობ. 

რატომ უნდა გვახსოვდეს თეთრკანიანი ადამიანების სხვადასხვა ისტორია

თეთრი კაცი პირველად რომ დავინახე  ტირილი მოვრთე, დეიდაჩემთან გავვარდი და ქვითინით მოვახსენე, “ფილიპე ბიძიამ თეთრი კაცები მოიყვანა.” ექვსი წლის ვიქნებოდი და ჩვენს ქვეყანაში თეთრკანიანი ადამიანები ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენდნენ. თეთრი კაცები ბიძაჩემმა მოიყვანა, ტაქსის მძღოლად მუშაობდა და როდესაც ორი გადამთიელი ადამიანი დაემგზავრა სახლთან გავლა და ზაფხულში დასასვენებლად ჩამოსული ბავშვისთვის უცნაური ხალხის ჩვენება გადაწყვიტა, რომლისთვისაც სხვა ფერის ადამიანები სიახლეს წარმოადგენდნენ. ბავშვისთვის სიახლე შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ხოლო უფროსებისთვის მისი რეაქცია სასაცილო.

მსგავსი ისტორია მართლა გადამხდა თავს, იმ განსხვავებით რომ ეს კაცები თეთრკანიანი კი არა შავკანიანები იყვნენ და არც ბიძაჩემს ჰქვია სახელად ფილიპე, თუმცა წერილის დაწყება ასეთი  ფორმით  ორი მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველი მიზეზი – არ გავმხდარიყავი ბოლოდროინდელი პოლიტქორექტულობის მსხვერპლი და მეორე – ეს ამბავი პერსონაჟების მსგავსი გადანაცვლებით თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოში. მთავარი აქ ისაა რომ ხუთი თუ ექვსი წლის ბავშვისთვის რომელსაც რასიზმის შესახებ არაფერი სმენია უცნაურია დანახვა ადამიანების რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან იმ სხვებისგან რომელსაც ის შეჩვეულია(თუმცა აქ ისიც არის აღსანიშნავი რომ მიუხედავად ტერმინების უცოდინრობისა მაშინ კი სრულად პოლიტქორექტულად განვაცხადე “ავთო ბიძიამ შავი (და არა ზანგი) კაცები მოიყვანა”).

რამდენიმე კვირის წინ მეგობართან საუბრისას რასიზმის თემას შევეხეთ და იმაზე შევთანხმდით რომ საქართველოში ეს პოპულარულ განხილვებში შემოსული თემა ბოლოდროინდელი რიტორიკის ფონზე გაფუქებული, გაზვიადებული და არალევანტურია. მაგალითად კვლავ პატარა ბავშვის რეაქცია გამოდგება.

საქმე ისაა რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ გამოუვლია ის გზა რომელიც თავის დროზე დასავლეთმა აირჩია, ანუ რეალური რასიზმის და ნაციზმის გზა. საქართველოში არასდროს ყოფილა აფრიკიდან ჩამოყვანილი ადამიანების მონობაში მოქცევის თუ ექპლოატაციის ფაქტები, არ მომხდარა ჰოლოკოსტი, ინკვიზიცია თუ რომელიმე სხვა სასირცხვილო მოვლენა რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე იქნებოდა აყვანილი.

ნაცვლად ამისა ყოველთვის არსებობდა რიტორიკა რომელიც სიტუაციაში გაურკვეველ ადამიანს შეიძლება რასისტულად თუ ნაცისტურად მოჩვენებოდა, მაგრამ ეს რიტორიკა უფრო ქართული მოსახლეობის მატრაკვეცობის და ქილიკის სიყვარულზე უნდა მიუნიშნებდეს ვიდრე რამენაირი სახის სიძულვილზე.

ამერიკულ შეერთებულ შტატებში დღეს როდესაც სიძულვილის ენა რიგ შემთხვევაში დასჯადია სხვა ისტორიულ რეალობას ემყარება და სწორედ რომ ასეთი რეალობის არსებობის გამო ხდება მწვავე რეაქციის საგანი. იგივე სიტუაციაა ევროპაში როდესაც სიძულვილის ენის მსხვეპლნი ებრაელები ხდებიან. ზოგადად აღსანიშნავია რომ გენოციდის ფაქტები, კოლონიალიზმი, ნაციზმი და ა.შ. მეტწილად დიდი სახელმწიფოებისთვის, პოსტ კოლონიალური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ინერციით თანამედროვე მოსახლეობაშიც კი ვლინდება.

პოსტ კოლონიალური ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს  მოსახლეობას ისტორიულად სხვადასხვა ერები წარმოადგენდნენ, მართალია იგივე სომხებზე ქილიკი საქართველოში ყოველთვის არსებობდა მაგრამ ქილიკი იმ ადამიანებზე რომლებიც ქვეყნის დედაქალაქში მის დაარსებისთანავე ცხოვრობდნენ რეალურად ქილიკს არ სცდებოდა და მეტწილად სახუმარო თემას წარმოადგენდა ვიდრე სიძულვილს.

მარტივად, საყოფაცხოვრებო ენაზე რომ ვთქვათ თუ საქართველოში ვინმე ირაკლი დასცინის ვინმე რუდიკას, მეორე დღეს ირაკლი და რუდიკა ერთად სვამენ. თუ მსგავს ვითარებაში სიტყვაზე ადოლფი ქილიკობს მოსეზე, მეორე დღეს ადოლფი მიდის და მოსეს თავში აგურს ურტყამს(ბოდიში უხეში შედარებისთვის).

შექმნილ ისტორიულ რეალობაში კი გადამატებული პოლიტქორექტულობა და გარკვეული პირების დემონიზაცია (მაგალითად მიხეილ საააკაშვილის თუ რობერტ სტურუას გამონათქვამი ზანგებზე გამოდგება)  არელევანტური და აბსურდულიც კია. მიზეზი კვლავ და კვლავ ალბათ ისტორიული სინამდვილის გაუცნობიერებაში და დასავლეთში არსებული ტენდენციების ბრმა კოპირებაშია, რომელმაც მომავალში შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ხომ შეიძლება ასეთ ვითარებაში გაიზარდოს თაობა რომელსაც მართლა ეგონოს რომ საქართველოში პოლიტქორექტულობა არსებობს იმდენად რამდენადაც ქვეყანაში არსებობს სხვა ერების თუ რასების შეგნებული განადგურების ფაქტები?

საინტერესოა, როგორი იქნება მაშინ ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ბავშვობა?

ნიუ-იორკის მშენებლობაზე შემჯდარი მუშა და ბედნიერი განდეგილი

ფანტასმაგორიის დაწერის სურვილი რომ მიჩნდება, დაბურულ ტყეს წარმოვიდგენ, ტყეში სახლი, სახლი კი არადა ქოხმახის მაგვარი რაღაც დგას, იქ სადღაც ახლო მახლო მდინარეც ჩამოდის, განა დიდი მდინარეა… პატარაა და იმ ტყეში მომდინარე წყლის და ჩიტების ჟღურტუნის გარდა არაფერი ისმის, ხანდახან ამ ფონს შეშის მტვრევის ხმა ჰარმონიულად ერწყმის.

თუ შეშას ამტვრევენ ესეიგი ქოხის ერთადერთი ბინადარი ზამთრისთვის ემზადება, თუმცა ბუხარას ხანდახან ზაფხულშიც ანთებს, მთებშია ტყე და არც ზაფხულია განსაკუთრებით თბილი. საღამოობით განსაკუთრებით გრილა ხოლმე და ასეთ დროს სავარძელ-სარწეველაში მოკალათებული შუახნის სახლის პატრონი, წიგნ მომარჯვებული ბუხარს უზის. იშვიათად ჩაუკიმარებს ხოლმე, თუმცა ცოტა ხანშივე გაღვიძებული, მოვლილ წვერს გაისწორებს და  საწოლისკენ გაემართება.

ნიუ – იორკი, მსოფლიო ბიზნეს ცენტრი, ამბობენ აქაურ ცათაბჯენების შემყურე თავი მინოსის ლაბირინთში გეგონება, ისეთი მარტივია დაკარგვა. ეს ცათამბჯენებიც, რომლებშიც ბიზნეს ცხოვრება ჯოჯოხეთივის კუპრივით ქუხს თითქოს ადამიანებს არ აუშენებიათ, როგორ შეეძლო საშუალოდ მეტროთხმოცი სიმაღლის მქონე ადამიანს ასეთი სიდიდის მქონე შენების აშენება? არა, ისინი კაცობრიობამდე არსებობდნენ, ადამიანები გამოიგონეს, დაიმორჩილეს, მეხსიერება წაუშალეს და ახლა საკუთარ თავზე ამუშავებენ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ყოველდღიურად სართულიდან – სართულზე სირბილში იღლება, ატარებს შეხვედრებს, ლაპარაკობს ტელეფონზე, სხვასთან საუბრისას ისმენს მის მიმართ ნათქვამ მხოლოდ მცირედ ნაწილს, სხვებს აჩვენებს თითქოს მათი პრობლემებით დაინტერესებულია, უღიმის, ემშვიდობება, ესალმება და ასე მთელი დღე.

დილით გაღვიძებულს, ტყეში უამრავი საქმე აქვს, ჯერ წყაროზე წყლის მოსატანად წავა, ნაცნობ ბილიკს მიუყვება, მაგრამ ეს ბილიკი თითქოს ყოველ დღე იცვლება, ბალახი ისეთი აღარაა როგორც გუშინ, მწერებიც თითქოს სხვანაირად მოძრაობენ, ტყის ერთფეროვნება ხომ მოჩვენებითია და მან ეს მშვენივრად იცის. სახლში დაბრუნებულმა მცირე მეურნეობას უნდა მიხედოს. ძირითად დღე ასე გადის, აი საღამოს კი ცოტა დარჩენილი დრო კვლავ წიგნის კითხვას და ბუხართან ჯდომას შეუძლია მიუძღვნას.

ნიუ იორკში ყოველი დილა ერთნაირია, არა ბირჟაზე ყოველ დღე კი არა, მდგომარეობა ყოველ წუთს იცვლება ხოლმე, ნასდაქის აქციები ქვევით, დოუ ჯონსის ზემოთ,  შაირის ქვემოთ, ტენსიდის ზემოთ… ზოგჯერ კი ყველაფერი პირიქით. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, გულის სიღმრეში იმ ერთ-ერთისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამის შესახებ არ ახსოვს. ის განაგრძობს შეხვედრებს იღიმის, ესალმება, ემშვიდობება და ასე ყოველდღე. აქ ყველა დღე მართლაც რომ ერთნაირია.

მოხდება ხოლმე ისე რომ ვინმე გზააბნეული ქოხმახს მიადგება და მის პატრონს ღამის გათენებას სთხოვს. ესაც ყოველთვის მიიღებს, ცხელი წვნიანით გაუმასინძლდება, ისიც სუპით შეზარხოშებული მგზნებარედ ამბების მოყოლას იწყებს ხოლმე. მასპინძელი უსმენს, უღიმის, აგულიანებს, მონაყოლს უქებს და მხოლოდ იმის შემდეგ რაც სტუმარი მასაც რამე ისტორიის გაზიარებას სთხოვს იწყებს ლაპარაკს. ოღონდ საკუთარ თავზე არ უყვება, უყვება იმაზე რაც წლების წიგნებში ამოიკითხა, სტუმარი გასუსული უსმენს და სულ უფრო მეტ ამბავს ითხოვს. ბოლოს ღამე რომ ჩამოწვება სტუმარი მასპინძელით მოხიბლული მომავალში კიდევ ერთხელ სტუმრობას პირდება და დასაძინებლად მიმავალი ეკითხება რა უნდა მასპინძელს ქალაქიდან, ესეც თავიდან მორცხვად “არაფერი” ეუბნება, მაგრამ დაჟინებული თხოვნის შემდეგ წიგნებს და მუსიკას სთხოვს, განსაკუთრებით კი კლასიკურს. ესენიც უმეტეს შემთხვევაში დანაპირებს ასრულებენ და ქოხს კიდევ ერთხელ მაინც სტუმრობენ.

ცათაბჯენიდან საღამოს მიწაზე დაშვებული სახლში წლების განმავლობაში გაზუთხულ გზას მიუყვება ხოლმე, ხშირად ხედავს ერთი და იგივე სახეებს, სახეებს რომლებსაც კარგად იცნობს და ხასიათს იმდენად ცუდად, რომ ისინი კაბუკის ნიღბებს ემსგავსებეან, ერთნაირად უღიმიან, ან უღვრიმიან და სახლამდე თანამგზავრობას უწევენ.  სახლში მისულს ცოლი ხვდება, ცოლი რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში დაკარგული სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და საღამოს ტელევიზორს და დივანს მცირედ კონკურენციას თუ უწევს. ორივეს დაავიწყდათ რომ ერთ დროს ერთმანეთი უყვარდათ, ან ეგონათ რომ უყვარდათ, ორივეს დაავიწყდათ თუ როგორ მოეფერონ ერთმანეთს და ისიც თუ როგორ გაატარონ დრო ბავშვებთან. ეს დროს ტარებაც ხომ გართობის მაგივრად, უბრალო რუტინას ემსგავსება.

ძალიან უყვარს როდესაც ტყეში ღამით ქუხს, ცა გრუხუნებს და სტიქია ქოხსაც ცოტ-ცოტა არწევს. ასეთ დროს იცის რომ სიზმრები განსაკუთრებით საინტერესო ექნება. ის ხომ ყოველ ღამე ხან ბონაპარტია, ხან კაზანოვა, ხან მოცარტი, ხან კეისარი და ხანაც ბრუტუსი, აქ ხომ ყოველ ღამე რევოლუციებია, სასიყვარული ისტორიები, ღალატი და საბრძოლო ბატალიები. დილით გაღვიძებულს სიზმარი გაახსენდება ხოლმე, გაიღიმებს და დღესაც ახალი შემართებით იწყებს.

ახალგაზრდა რომ იყო სულ სხვა სიზმრები ესიზმრებოდა, ოცნებებს დიდი გასაქანი ჰქონდა, 20 წლის ასაკში ოსტინის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის ბინადარს მწვერვალების დაპყრობა უნდოდა, ნიუ – იორკში მუშაობაზე ოცნებობდა, რამდენიმე წელიწადში აუხდა კიდევაც, უოცნებოდ დარჩენილი ყოველ ღამე მას ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრებოდა, ის ერთი შუა ხნის კაცი იყო და სადღაც ტყეში განდეგილად ცხოვრობდა. თუმცა, დილით გაღვიძებულს აღარაფერი ახსოვდა.

გლაზგო მუზეუმში

კვირა დღეს გლაზგოში სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო “Peoples” მუზეუმი აღმომაჩენინეს, სახელიდანაც ჩანს რომ მუზეუმი გლაზგოში მცხოვრები ხალხის და სოციუმის ისტორიას ეძღვნება. გთავაზობთ ფოტოსურათებს.

იყო დრო... ზუსტი წლის გამოცნობა თქვენთვის მომინდია...

 

ფუმფულა იქნებოდა, ფაშფაშა თუ გამხდარი, ყოველ პატიოსან შოტლანდიელს ასეთი "კუპალნიკი" უნდა სცმოდა ზღვაზე

კარგი სურათია, არა?

ჩემებური ინტერპრეტაცია... დავაპატიმროთ ტელევიზია?

ალკოჰოლი ჩანთაში, ნებისმიერი "პატიოსანი" შოტლანდიელი ქალბატონის ატრიბუტი

ასეთ ბარაკებს ომიანომის დროს დაბობმვისას ექცეოდნენ, ამას მაგალითად 6 ადამიანის დატევა შეეძლო

აბა, მეფე ხომ არ წავა საომრად?

ა, ქალი!

ძირს ფრანკო?

აი, ასე, შეინარჩუენთ ტუალეტის სისუფთავე, მეზობლები ვერ მოითმენენ

50 წლის წინ და თუნდაც უფრო გვიან ყველას არ შეეძლო რამდენიმე ოთახიან ბინაში ცხოვრება გლაზგოში, ბევრს ერთ ოთახში, სამზარეულოსთან გაერთიანებულ ოთახში უწევდა ოჯახური რომანტიკის შენარჩუნება.

შეეკამათეთ თუ გნებავთ, ნება თქვენია

Come on, socialist Glasgow!

დედაქალაქიც ამას ჰქვია

უშიში, ვითარცა უხორცო?

“ერთი ქართველი სიმამაცით ათი ავღანელის ტოლფასიაო”, ასე
გვასწავლიდნენ სკოლაში. საოცრად მამაცები, მებრძოლნი და მოკლედ ომის მოყვარე ერი ვყოფილვართ ჩემი სკოლის პერიოდის პროგრამას თუ დავუჯერებთ.

მიუხედავად იმისა რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ამ ისტორიულ აზრებს მაინც სკეპტიკურად ვუყურებდი, მიზეზი ძალიან მარტივი იყო. “ასეთი ძლიერები თუ ვართ რატომ გვიპრყობდნენ სხვები გაუთავებლად?”

მაშინ ჯერ კიდევ მედიას პროფესიონალურად არ ვსწავლობდი და ისტორიის სახელმძღვანელოებს მთლად კარგად ამ სფეროს ვერ ვუკავშირებდი.

ჩემს მოსწავლეობის დროს (სავარაუდოთ ეს ახლაც გრძელდება) იქმნებოდა მითი ქართველების უძლეველობის შესახებ, ეს ერთის მხრივ ალბათ პატარა ერის კომპლექსების მოსახსნელად და ასევე შესაძლებელი მორიგი კონფლიქტებისთვის “სათანადო” თაობების აღზრდას ემსახურებოდა.

გასაგებია, რომ საუკუნების წინ საქართველოს არჩევანი არ ჰქონდა, ამ პატარა ტერიტორიას ბევრი ერჩოდა და ამიტომაც მკვიდრ მოსახლეობას დაცვა სჭირდებოდა. მაგრამ რა საჭიროა დღეს გვეუბოდნენ იმას რომ ჩვენ მუდამ მეომრები ვიყავით? სხვათაშორის, ქართულ ისტორიაში ქართველებს პრაქტიკულად არასდროს არ უთამაშიათ აგრესორის და დამყრობელის როლი, რაც ქართველების ომის მაინდამაინც დიდ სიყვარულზე არ უნდა მიუნიშნებდეს, რაც თავისთავად კარგია.

თუ ომის სურვილი ქართველების ბუნებაში არ ზის რა საჭიროა იქმნებოდეს მითი და სტერეოტიპი იმის შესახებ რომ ქართველებს ომი უყვართ და ყოველთვის არიან  მზად ბრძოლისთვის?

ერთი ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნებოდა, “თქვენ ქართველები მეომრები
არ ხართ, თქვენ დროს ტარება და ქეიფი გიყვართ, რბილი ხალხი ხართ.” ეს აზრი არ გამიკვირდა, მაგრამ ამავდროულად მესიამოვნა.

ამიტომაც, თუ მაინცდამაინც სტერეოტიპის შექმნის აუცილებლობა დგას მე ვირჩევ “ქართველი მოქეიფე და გართობის მოყვარულ, მოსიყვარულე ქართველის” ვარიანტს ვიდრე “მეომარ, სისხლის მოყვარე ადამიანის.”