Tag Archives: იუმორი

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. როალდ დალიდან ფიოდორ დოსტოევსკიმდე.

გასულ თვეში წაკითხული წიგნების მოკლე რეცენზია.

ლიტერატურული ღმერთები რომ არსებობდნენ, ერთი-ერთ ასეთ ღმერთად აუცილებლად ფიოდორ დოსტოევსკი მოგვევლინებოდა. ამ სახელის ხსენებისას უმეტესობა ადამიანს განსაკუთრებულ პედესტალზე მდგომი ბუმბერაზი წარმოუდგენია,  მათ შორის მათ ვისაც დოსტოევსკი საერთოდ არ აქვს წაკითხული. თუმცა, “ბიძიას სიზმარი” (Дядюшкин Сон) არ განეკუთვნება იმ ნაწარმოების რიცხვს, რომლის მეშვეობითაც ამ მწერალს ახასიათებენ ხოლმე. ეს შედარებით ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები იუმორით და ფსიქოლოგიური პორტრეტების აღწერით უფრო ანტონ ჩეხოვს ჰგავს. თუმცა, ბოდიში, არა. ჩეხოვი ჰგავს ამ ნაწარმოებს. საქმე ისაა, რომ “ბიძიას სიზმარი” ჩეხოვის დაბადებამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა, ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ თავის დროზე სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა ჩეხოვზე გავლენა.

თუ რამე ცინიკურის და სასტიკის წაკითხვის ხასიათზე ხართ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ავტორის ნორმან მეილერის “ამერიკულ ოცნებას” (American Dream) გირჩევთ. მეილერი მარტივად წერს, მაგრამ ამავდროულად აღწერის ოსტატია. ხდება ხოლმე, რომ ავტორი ისე კარგად  ხაზავს გარემოს რომ შეუძლებელია გონებაში სცენის რეკონსტრუქცია ვერ მოახერხო – ასეთია ნორმალ მეილერის ეს რომანი. სიუჟეტს რაც შეეხება, ნაწარმოები იმით იწყება რომ მთავარი გმირი, ამერიკული გაგებით წარმატებული ადამიანი (ომის გმირი, ყოფილი კონგრესმენი და წარმატებული ტელე წამყვანი) ალკოჰოლურ აგონიაში საკუთარ ცოლს კლავს, თუმცა შემდგომ ცდილობს უარყოს საკუთარი დანაშაული… სიუჟეტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ “ამერიკული ოცნება” ამერიკაზე ერთგვარ სატირას წარმოადგენს.

ბრიტანეთი თუ გაინტერესებთ და ამავდროულად ბრიტანულ იუმორზე თუ ხალისობთ, ჯერემი პაქსმანის ინგლისელებს” (The English) გირჩევდით. სანამ რეცენზიას გავაგრძელებდე, კითხვა თქვენ: საშუალება რომ გქონოდათ დაბადებულიყავით რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლად, რომელ ერს აირჩევდით? წიგნის დასაწყისში პაქსმანი გვეუბნება რომ დედამიწის მოსახლეობის 99 პროცენტი სწორედ რომ ინგლისელობას აირჩევდა, თუმცა აქვე სვავს კითხვას, თუ რას ნიშნავს იყო ინგლისელი თანამედროვე გაგებით და ამაზე მთელი წიგნის განმავლობაში საუბრობს. პაქსმანს მოჰყავს ისტორიული მაგალითები, საუბრობს ინგლისელებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებებზე და ცდილობს ამ სტერეოტიპების მიზეზებს ჩაწვდეს.

ჯორჯ ორუელის კრებული “რატომ ვწერ?” (Why I Write) ამ აინგლისელი ავტორის რამდენიმე ესეს მოიცავს, მათ შორის ორუელის როგორც მწერლის გამოცდილებას. კრებულში შესულ სხვა ესეში ავტორი ასევე საუბრობს პოლიტიკაზე, მემარცხენეობაზე და მის სიმპატიებზე სოციალიზმის მიმართ. ზოგადად, თუ ორუელის მოყვარული ხართ და ამავდროულად ამ მწერლის სხვანაირად, შეიძლება ითქვას “შიგნიდან” დანახვა გსურთ, ამ კრებულს აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში შეყვანას გირჩევდით.

ძალიან კარგია საბავშვო მწერლად აღიარებული როალდ დალი “ბიჭი” (Boy). მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების დასაწყისში დალი აღნიშნავს რომ ბიოგრაფიული რომანები ზოგადად მოსაწყენია, ის ამ წიგნში მის ბავშვობაზე საუბრობს და ნაწარმოებს მამამისის ისტორიით იწყებს, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში მშობლიურ ნორვეგიას ტოვებს და საბოლოო ჯამში უელსში სახლდება. სწორედ აქ იბადება ადამიანი, რომელიც მომავალში მე-20 და 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საყვარელ მწერლად იქცევა. ნაწარმოები ქრონოლოგიურ სტილშია დაწერილი და შეიძლება ითქვას რომ წიგნის გადაფურცვლასთან ერთად დალიც იზრდება. თუ ამ პოსტის სიიდან ყველაზე “კეთილი” ნაწარმოების არჩევა მოგინდეთ, სწორედ რომ როალდ დალს გირჩევდით.

წინა თვის მიმოხილვა.

Advertisements

ცნობილი ადამიანები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ

camusreadycolumbusreadymonalisaready copperfieldreadypeterready
სხვა პოსტები იმავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ,  ააქ, აააქ, ააააქ და აააააქ

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი II.  კოკა კოლის სიროპით გამთბარი გული.

დღეს კოკა კოლით საქართველოში ვერავის გააკვირვებ.

არადა, ჩემს მეხსიერებაში ამ სასმელთან პირველი ურთიერთობა დღემდე ბავშვობის მოგონებებს აღძრავს.

ვახშამის მაგიდასთან შემომსხდარი, თბილ სვიტრში გამოწყობილი და “კეროსინკისგან” არც თუ ისე შორს მყოფი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბიძაჩემის მოსვლას ველოდებოდი. ბიძაჩემის მოსვლა ბავშვობაში განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე, მიუხედავად უშუქობისა, შიდასახელმწიფოებრივი არეულობისა თუ სხვა არასასიამოვნო (განსაკუთრებით უფროსებითვის) ფაქტებისა ის ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გამხიარულებას.

ამ ეტაპზე რთულია იმის დანამდვილებით მტკიცება თუ როდის ვეზიარე “იუმორის გრძნობას” პირველად, მაგრამ მინდა ვფიქრობდე და მჯერა კიდევაც რომ ასეთი სწორედ ბიძაჩემმა გამაცნო.

მოკლედ, ბიძაჩემის ვიზიტი სიურპრიზით აღინიშნა, რომელმაც მე და ჩემი ძმა ერთი ორად გაგვახარა, მიზეზი – კოკა კოლის, 0.25-იანი ორი ბოთლი, სწორედ რომ “პატარებისთვის” განკუთვნილი. კარგად მახსოვს ის ბოთლები, ასეთებს დღეს იშვიათად შეხვდებით.

ახლა კოკა კოლა არ მიყვარს და მის დალევას თუნდაც წყლის დალევა მირჩევნია, მაგრამ მაშინ რაღაც განსაკუთრებულ, ენერგიის მომცემ და ტკბილ (მხოლოდ გლუკოზას როდი ვგულისხმობ) სასმელად მეჩვენებოდა.

ჩვენს ბავშვობაში კოკა – კოლა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, სიმბოლოდ რომელიც ერთმანეთში სნიკერს, ბანანებს, ფერად პარკებს, “ნაკლეიკებს” და სხვა დასავლურ პროდუქტებს განასახიერებდა.

კოკა-კოლა იყო ერთგვარი რევოლუცია პოსტ სოვეტიკუს ბავშვებისთვის. მაშინ როდესაც დასავლელი ბავშვები ამ პროდუქტებს ბავშვობიდანვე იყვნენ შეჩვეულნი და ყოველდღიურ მოსაწყენ რეალობად აღიქვამდნენ ჩვენ ერთმანეთს “ბანანანის თუ სნიკერსის (მოგვიანებით მარსის) ჭამაში” ვეჯიბრებოდით. “იმას სნიკერსი აქვს ნაჭამი” – იტყოდა მავანი სკოლაში თუ ბაღში. ჩემი თაობა “რომანტიკას” ბავშობაშივე ეზიარა.

მერე იყო იუპი, “ჯადოსნური” ფხნილი რომელიც წყლის უბრალო დამატებით გემრიელ “წვენად” გვეჩვენებოდა, მერე ზუკო და ინვაიტი.

ინვაიტი მთლად საოცრებად მიმაჩნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტად იზრდებოდა ამ წვენის პოტენციალი.

თავიდან ერთი პაკეტით ერთ ლიტრს თუ ვაზავებდით, მერე ლიტრ ნახევრის, მოგვიანებით კი სულაც ორ ლიტრზე მეტის გაზავება შეგვეძლო. მერე რა რომ არ იყო სასარგებლო და ბევრ მავნებულ ელემენტსაც შეიცავდა?

ჩვენ მაკონდოს მაცხოვრებლებს ვგავდით, რომლებთანაც “მელკიადეს” ყოველდღიურად სამყაროს ახალი საოცრებები მოჰქონდა. ჩვენც მეტს და მეტს ვითხოვდით და ყოველდღიურ გაოცებას ვეძლეოდით. “გუშინდელი” პროდუქტით გაკვირვებულს კი მავანი ნიშნის მოგებით “უნახავს” უწოდებდა.

“მელკიადესის” მორიგი საჩუქარი დენდი და სუბორი იყო.

ჩვენც ხანმოკლე დროით მოცემულ ელექტროენერგიას მეზობელთან “კონტრას” ან “ტანკების” თამაშში ვატარებდით. მთლად კარგი იყო თუ რომელიმეს მშობელს “ლევი” დენი ჰქონდა გაყვანილი, ეს ხომ ჩვენი თამაშის დროს ერთი ორად ზრდიდა, ჩვენც გვიხაროდა. კომპიუტერის თამაში არასდროს გვებზრდებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაბეზრდებლად დრო არ გვრჩებოდა…

გაგრძელება იქნება

ჩაიკოვსკის “გედების ტბა,” ანუ არანოფსკის “შავი გედი”

შენიშვნა: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

სანამ ფილმის უშუალო კრიტიკას დავიწყებდე, უნდა აღინიშნოს რომ “შავი გედი” მიუხედავად პრესაში არსებული მრავალრიცხოვანი დადებითი თუ უარყოფითი კრიტიკისა, კინომოყვარულებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ამ ფილმზე ბევრს საუბრობენ, გასაგებიცაა, ცნობილი და ათასჯერ გადამღერებული “გედების ტბა” დარენ არანოფსკიმ ორიგინალურად წარმოგვიჩვინა.

უშუალოდ ფილმზე საუბარს სურათის დასასრულიდან დავიწყებ. ნატალი პორტმანის პერსონაჟი, საყვარელი და უმანკო ნინა, რომელიც უბადლოდ ასრულებს ორივე გედის (ამაზე მოგვიანებით) როლს სცენაზე კვდება. ცეკვით აღფროთავებული ვინსენტ კასელის პერსონაჟი მოსწავლეს მივარდება და სიხარულისგან “პატარა პრინცესას” ეძახის. ნინას ბოლო სიტყვებია “სრულყოფილი ვარ.” თითქოს ძალიან ბანალური და მარტივი უნდა იყოს ასეთი ფინალის ახსნა, ა ლა “სრულყოფილი არავინაა.” მაგრამ… რამდენიმე წამში ეკრანი თეთრ ფონად გარდაისახება, რომელზეც დიდი ასოებით რეჟისორის სახელის და გვარს ვხედავთ: “დარენ არანოფსკი.” ასეთის დანახვისას მე პირადად ამ რეჟისორის სხვა ფილმები გამახსენდა, განსაკუთრებით “პის” და “შადრევანს” გამოვყოფ, ორივე ფილმში რეჟისიორი თითქოს რაღაც მისტერიებით და ზებუნებრივი თემებით მანიპულირებს, რაღაც “ინტელექტუალური ესთეტიკით.” უდავოა რომ არანოფსკი ნიჭიერი და პროფესიონალი რეჟისორია, მაგრამ ამასთან ერთად ჩნდება კითხვა: “საკუთარ თავს ღმერთს ხომ არ ადარებს? და არა მხოლოდ ადარებს, არამედ უტოლებს” სუბიექტური სრულფყოფილებით საკუთარი თავის შესახებ.

ღმერთი არანოფსკის ამბავი იქეთ იყოს და რეჟისორს წინა ფილმებისგან განსხვავებით თითქოს იუმორის გრძნობაც გამოუჩნდა. ფილმის დასაწყისში ვაინონა რაიდერის პერსონაჟს, რომელიც გამოცდილ ბალერინას წარმოადგენს ასაკის და სტაჟის გამო თომა ლეროი (ვინსენტ კასელი) ათავისუფლებს. ბეთი (ვაინონა რაიდერი) ისტერიკაშია და საკუთარი ოთახიდან აგონიაში გამოდის, რასაც ნინა ხედავს. ორონიას მაშინ ვხედავთ როდესაც რაიდერის ოთახში შესული პორტმანი საყოველთაოდ ცნობილ კლეპტომანიაკის (რეალურ რაიდერს და არა პერსონაჟის) პომადას იპარავს. არანოფსკი თითქოს თამაშობს და ფილმიდან ჰოლივუდის ამბებზე გადააქვს მაყურებლის ყურადღება… არადა, შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

მეორე სასაცილო ეპიზოდი დამთხვევას ნამდვილად არ წარმოადგენს. ერთ-ერთ ეპიზოდში პორტმანის პერსონაჟი გაღვიძებულზე თვითდაკმაყოფილებას ეწევა და ოთახში მძინარე დედას აღმოაჩენს. კარგი იქნება თუ არანოფსკი მომავალშიც გამოიყენებს უფრო ლაღ მომენტებს.

ისე კი, პორტმანის თამაშმა აშკარად დაჩრდილა გამოცდილი რაიდერის სტაჟი. ნინა, ერთი უმანკო, სახლის გოგონაა, მოწესრიგებული და ძალიან წესიერი, მოკლედ თეთრი გედია. ნატალი პორტმანის სხვა როლები რომ არ მქონდეს ნანახი ვიტყოდი ეს გოგო რა სათუთია თქო. ფილმის დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ნინამ თეთრი გედის გარდა ასევე შავი გედის როლი უნდა განასახიეროს, ეშმაკისეული წარმონაქმნი, ამიტომაც მიუხედავად ტექნიკის უბადლო ცოდნისა ნინას ამის გაკეთება უჭირს, ფილმის დასასრულისკენ მაყურებელი პორტმანის, ანუ ნინას სასწაულ მეტამორფოზას ხედავს. შეიძლება დავა იმაზე არის თუ არა ნინას როლი “შავ გედში” პორტმანისთვის ყველაზე წარმატებული, მაგრამ უდავოა რომ “შავი გედის” ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ რომ პორტმანის თამაშია.

აღსანიშნავია ფილმის სიმდიდრე მძლავრი, ეროტიკული ეპიზოდებით.  დასანანია ოსკარს საუკეთესო სექს სცენისთვის რომ არ აძლევენ, ასეთი რომ არსებობდეს მე პირადად ოსკარს ნატალი პორტმანს და მილა კუნისის ლესბოსურ სცენას მივანიჭებდი.

ოპერატორის მუშაობა აღნიშვნის ღირსია, მაგრამ ეს არანოფსკის სხვა ფილმებისთვისაც დამახასიათებლია, ასე რომ ამაზე დიდხანს შეჩერება არ ღირს. სპეც ეფექტებში კი ფილმს ოსკარი აშკარად ეკუთვნის, ნამდვილად დიდ ეკრანზე საყურებელი ფილმია.

ბანალურ კითხვაზე “მოგეწონა თუ არა ფილმი?” ასევე ბანალურად და მოკლედ რომ ვუპასუხო “კი, მომეწონას” ვიტყვი, მაგრამ არანოფსკის ღმერთამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, იმიტომ რომ სრულყოფილი არავინაა.

საშინაო დავალება, ანუ ტარანტინოს, ტრიერის და ალენის შედარებითი დახასიათება


“არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ბიტლზის ადამიანები და ელვისის ადამიანები. ბიტლზის ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ ელვისი და ელვისის ხალხს ბიტლზი, თუმცა არცერთს უყვარს ორივე თანაბრად. არჩევანი ბიტლზს და ელვის შორის შენს პიროვნებაზე მეტყველებს.“„მაკულატურა,“ ქვენთით ტარანტინო

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება მოვლენა, რომელიც არასდროს გავიწყდება, ხანდახან ესა თუ ის შემთხვევა ნაკლებად მნიშვნელოვანი გგონია, მაგრამ რატომღაც გაგონილი ფრაზა შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე შეგრჩეს მეხსიერებაში და არასდროს დაგავყწდეს.

ესე მაგალითად ალბათ ყოველთვის მემახსოვრება ერთი შემთხვევა გლაზგოში.მოგეხსენებათ ევროპის ქალაქებში ხშირად ეწყობა ქუჩის პერფომანსები, არც გლაზგოა ამ მხრივ გამონაკლისი და ერთ კვირა დღეს სასეირნოდ გასული ასეთი შემთხვევის მომსწრე გავხდი. 13-15 წლის ბიჭი იქნებოდა, ქუჩაში იდგა და სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებდა, მათ შორის სახიფათოებსაც. ერთი მხრიდან მაღაზიის კედელს იყო აყუდებული, დანარჩენი სამი მხრიდან კი ხალხი შეკრებილიყო პერფომანსის მოლოდინში, ესეც ხმამაღალი შეძახილებით სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს იზიდავდა. ერთ-ერთი ტრიუკის შესრულებისას ამ ბიჭს დანები დასჭირდა, რომლებსაც ის ჰაერში ისროდა და შემდეგ კვლავ იჭერდა. როგორც ჩანს ბევრს შეეშინდა და ამიტომაც ერთ-ერთი მხარე ნელ-ნელა იცლებოდა, ეს რომ შენიშნა მოგვაძახა: „როგორც ჩანს ჩემგან მარცხნივ კომედიაა, ხოლო მარჯვნივ ტრაგედია“. სხვათაშორის მე ზუსტად შუაში ვიდექი და გამეღიმა კიდეც. მართლაც, თითქოს ზღვარი კომიკურს და ტრაგიკულს შორის ხშირად შეუმჩნეველია და ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებში კომიკურობის კვალის შენიშვნაა შესაძლებელი. ამ წერილში სამი რეჟისორის მეშვეობით შევეცდები ვისაუბრო კომიკურზე კინოში.

ლარს ფონ ტრიერის ნამუშევრები ჩემში შერეულ გრნძობას აღძრავენ, ერთი მხრივ თითქოს მომწონს კიდევაც, თუმცა ამასთან ერთად სიყალბის სუნი მცემს და ეს სიყალბე სწორედ, რომ კომიკურობასთანაა კავშირში. საქმე ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებშიც კი არსებობს კომიკურობის მარცვალი, არ არსებობს სიტუაცია სადაც იუმორი ბოლომდე ქრება, თითქოს ეს სიცოცხლის აუცილებელი ატრიბუტია, თავდაცვითი რეაქცია, რომლის გარეშედაც არაფერი ცოცხლობს, ტრიერის ფილმებს კი ზუსტად ეს აკლია. სიმართლე გითხრათ ამ რეჟისორის ყველა ნამუშევარი არ მაქვს ნანახი და ამ დასკვნას ძირითადად „წყვდიადი მოცეკვავის“ და „დოგვილის“ საფუძველზე ვაკეთებ, ამიტომაც შეიძლება ვცდებოდე, თუმცა ამ ორის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ფილმი ყალბია იუმორის გრძნობის უქონლობის გამო. ტრიერი უტრირებას უკეთებს ისეთ მოვლენას როგორიც მიზანტროპიაა, კლავს ყველაფერ ცოცხალს და დადებითს ცხოვრებაში და იგნორირებას უკეთებეს კომიკურს. არცერთი სასაცილო ეპიზოდი არ მახსენდება ამ ორ ფილმში, რომელაც შეიძლება ეს რეჟისორი დაიცვას.

ტრიერისგან საპირისპიროდ იქცევა ვუდი ალენი, ეს ნიუ იორკელი რეჟისორი თავის ფილმებში უტრირებას იუმორს უკეთებს, აბსურდამდე დაჰყავს სხვადასხვა მოვლენების კომიკურობა და მაყურებელს შეიძლება ზედმეტად ხოცავს სიცილით, ის ტრიერის ანტიპოდია და ყველაფერს იუმორის პრიზმიდან აკვირდება, გარკვეულწილად ესეც შეიძლება გადამატებული იყოს და ერთგვარ სიყალბეს ქმნიდეს… აი ერთ-ერთი დიალოგი: „რეი: რას მოიმოქმედებ ყვავილების მაღაზიასთან დაკავშირებით? ბენი: უნდა დავწვა. რეი: კვლავ წვავ რაღაცეებს დაზღვევის მისაღებად? ბენი: აბა შენი აზრით ჩემი ორი შვილი კოლეჯში როგორ სწავლობს?.. „

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე ახლოს რეალობასთან ქვენთინ ტარანტინოა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მემგონი ტარკოვსკი და გოდარი თვლიდნენ, რომ ფილმის გადასაღებად წინასწარ დაწერილი სცენარი საერთოდ არ არის საჭირო, საკმარისია გქონოდეს ზოგადი წარმოდგენა გადასაღებ კადრებზე და დანარჩენს ადგილზე მოიფიქრებ. ძალიან მეეჭვება ტარანტინოც იგივე პრინციპით ხელმძღვანელობდეს, თუმცა მის ფილმებში ადვილად შესამჩნევია ისეთი ეპიზოდები, რომლებიც თითქოს სპონტანურად გაჩნდნენ, ეს ანსხვავებს მის ფილმებს სხვა ჰოლივუდური ნაწარმოებებისგან, რომლებიც მკაცრად მიყვებიან სიუჟეტურ ხაზს, მოდით გავიხსენოთ ეპიზოდი ამ რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმიდან. გახსოვთ მარსელესი ბრიუს ვილისის პერსონაჟს რომ მისდევს? რომელ სხვა ფილმში განვითარდებოდა მოვლენები ისე როგორც ეს აქ მოხდა? სრულიად შემთხვევით მოხვდებიან ორივე ვინმე ზედთან და ზედთან რაც მოხდება ვისაც ფილმი აქვს ნანახი ყველას ახსოვს. ძალიან სასაცილო ეპიზოდია და ამავდროულად რეალობასთან მიახლოებული… განა არ შეიძლება ასეთი შემთხვევითობა რეალურ სიცოცხლეში მოხდეს? ეს რაღაც მოულოდნელი ცხოვრებისეული შემთხვევაა, (მაინცდამაინც ზედს და მის მეგობრებს არ ვგულისხმობ) რომელსაც ძალზედ იშვიათად შეხვდები თანამედროვე კინოში…