Tag Archives: კინოფესტივალი

თბილისის მე-16 კინოფესტივალის: ხუთი [+1] საუკეთესო ფილმი [ბლოგის ვერსიით]

თბილისის მე-16 კინოფესტივალი გუშინ დასრულდა. წელს წარმოდგენილი 117 ფილმიდან ექვს დღეში მხოლოდ 17-ის ნახვა მოვახერხე, სამწუხაროდ ყველა ნამუშევრის ნახვა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა, წინასწარ შედგენილი სიის დამსახურებით საკმაოდ გამორჩეული და საინტერესო ფილმების ნახვა მომიწია.

აქვე იმის თქმაა საჭირო, რომ მეტწილად იმის გამო რომ ზოგიერთ შემთხვევაში სეანსები ერთმანეთს ემთხვეოდა, რამდენიმე ისეთი ფილმის ნახვა ვერ შევძელი, რომელსაც პოტენციურად ამ ხუთეულში მოხვედრა შეეძლო. ამ მხრივ ყველაზე მეტად ტაქსიზე  და მოცეკვავე არაბებზე  მწყდება გული.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე ფილმები სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში აჩვენებდნენ, ამ სიაში გადავწყვიტე ეს დაყოფა არ გამეთვალისწინებინა და მარტივად, ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით ამერჩია ხუთი ფილმი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. აქვე, ფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის ოფიციალური გამარჯვებულები გაინტერესებთ, მიჰყევით ამ ბმულს. ბლოგის ვერსიით შარშანდელი საუკეთესო ფილმების სანახავად კი, დააჭირეთ აქ.

film-nicije-dete-1409696642-561483

სანამ უშუალოდ ფესტივალზე ნანახ ფილმებზე და ხუთეულზე გადავალ,  ფესტივალზე  ნაჩვენებ ფილმებს შორის მინდა გამოვარჩიო, 2010 წლის “წვიმასაც კი ყიდიან” (Even The Rain). ნაწილობრივ იმიტომ რომ ეს ფილმი ფესტივალამდე მქონდ ნანახი და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ არის გადაღებული, გადავწყვიტე ძირითად ხუთეულში არ შემეყვანა. ეს ორი ფაქტორი რომ არა, ნამდვილად მოხდებოდა ქვემოთ მოყვანილ ხუთეულში.

5. შორს კაცთაგან (Loin des hommes)

ვიგო მორტენსენი იდეალურად მოერგო მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ალჟირში მცხოვრებ წარმოშობით ფრანგ მასწავლებლის როლს. “შორს კაცთაგან” ალბერ კამიუს მოთხრობის ეკრანიზაცია მძლავრი მორალური მესიჯით, ფრანგი მასწავლებლის, დარუს და მას ჩაბარებული პატიმრის – მოჰამედის შესახებ მოგვითხრობს. ორივე პერსონაჟი მტკიცე მორალური პრინციპების მატარებლები არიან, რომლებიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად უარს აცხადებენ ცალსახად დაემორჩილონ აქ დაწესებულ არაბულ თუ ფრანგულ წესებს და მიუხედავად იმისა, რომ არჩევანში ისინი შორს არიან ადამიანებისგან, სწორედ მათ მიერ არჩეული პრინციპები გამოარჩევენ მათ როგორც პიროვნებებს.

4. გაკვეთილი (Urok)

ბულგარული სოცდრამა “გაკვეთილი” (Urok) არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება გადაიღო მაღალი დონის ფილმი შეზღუდული ბიუჯეტით. მართალია, ფილმის რეჟისორებისთვის – კრისტინა გროზევასთვის და პეტარ ვალჩანოვისთვის ეს სადებიუტო ნამუშევარია, ვფიქრობ მათ შეუძლიათ გაკვეთილი ჩაუტარონ უფრო გამოცდილ რეჟისორებს იმაზე თუ როგორ შეიძლება მიაჯაჭვო მაყურებელი ეკრანს.

 

3.  არავის შვილი (Nicije Dete)

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ეს ფილმი ერთგვარი იგავია ადამიანებზე მძლავრი პოლიტიკური (ამ სიტყვის ფართო გაგებით) მესიჯით. ფილმის მთავარ გმირს, დაახლოებით ათი წლის ბავშვს იუგოსლავიაში ტყეში მგლების ხროვაში პოულობენ, რომელსაც ცხადია უჭირს ადამიანებთან და ცივილიზაციასთან შეგუება. თუმცა, საინტერესო არა ამ ბიჭზე დაკვირვება, არამედ ამ ბავშვის თვალით, განსხვავებული კუთხით ნაჩვენები ცივილიზაციის დანახვაა.

2. ვიქტორია (Victoria)

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ვიქტორია შინაარსიდან გამომდინარე ერთხელ სანახავი ფილმია, ტექნიკური თვალსაზრისით მსგავსი ნამუშევარი ფესტივალზე არ მინახავს. ღამის ბერლინი სცენაა სადაც ერთი დუბლით გადაღებული ფილმი ავანტიურაზე და კრიმინალზე  გვიყვება. რეპეტიციები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, საბოლოოდ კი მივიღეთ ფილმი ძალიან ძლიერი სამსახიობო შესრულებით და კამერის ვირტუოზული ნამუშევრით. ამის დამსახურებით ფილმი სრულად იპრყობს მაყურებლის ყურადღებას და ორ საათზე მეტ ხანს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს.

1. ბომბებზე ხმამაღლა (Louder than Bombs)

ხოაკიმ ტრიერის ფილმი მრავალწახნაგოვანი დრამაა, საკმაოდ ორიგინალური თხრობის სტილით, გადასარევი ვიზუალით, მუსიკით და ატმოსფეროთი. “ბომბებზე ხმამაღლა” ურთიერთობის სირთულეზე და ამ ურთიერთობებში სრული სურათის დანახვის აუცილებლობაზე მოგვითხრობს. ტრიერი ამ სირთულეს საინტერესოდ, სწორედ რომ სრული სურათის ჩვენებით ახერხებს.

Advertisements

თბილისის კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

45-Years-xlarge

თბილისში დეკემბერი ის თვეა, საშუალება თუ გაქვს, შვებულება რომ უნდა აიღო და მეტწილი დრო კინოთეატრებში ფილმების ყურებით გული იჯერო. წლევანდელი კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. მართალია ჩვენებების ზუსტი განრიგი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ვიცით თუ რა ფილმების ნახვა შეგვეძლება ღონისძიებაზე. 100-ზე მეტი ფილმის საკმაოდ სკრუპულოზური შესწავლის  შემდეგ გადავწყვიტე ჩემეული სიის გაკეთება, რომელსაც ქვემორე გთავაზობთ.

Dheephan 

სიას წლევანდელი კანის ფესტივალის გამარჯვებულით თუ დავიწყებ, ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ფილმი პარიზში შრი-ლანკიდან გამოქცეული მერბძოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქალაქში მომვლელად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ კანის ფესტივალს წელს ძმები კოენები თავმჯდომარეობდნენ, ასე რომ წინ წესით კარგი სანახაობა გველის.

Youth

კიდევ ერთი მოსალოდნელი ფილმი სიაში, ფილმის რეჟისორი ხომ აწ უკვე აღიარებული პაოლო სორენტინოა. კასტი? მაიკლ კეინი, ჰარვი კეიტელი, რეიჩელ უესი…

Even The Rain

მართალია, შედარებით ძველი (2010 წ), მაგრამ მაინც აბსოლუტურად საჭირო ფილმია. ფესტივალზე მას სოციალური ცვლილების სექციაში აჩვენებენ, რაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე სრულად ლოგიკურია. ფილმის გმირები ბოლივიაში კოლუმბის კოლონიზაციაზე ფილმს იღებენ, რაც თანამედროვე ბოლივიაში წყლის რეალურად მომხდარ პრივატიზაციას  და შემდგომ პროტესტებს ემთხვევა.

The Brand New Testament

სახალისო და საინტერესო ფილმი უნდა იყოს ჟაკო ვან დორმეილის ახალი ნამუშევარი. დორმეილს მაყურებელი ყველაზე კარგად მისი მაგნუმ ოპუსის Mr. Nobody-ის გამო იცნობს. ფილმის სიუჟეტიც საკმაოდ დამაინტრიგებელია – ღმერთი თავის ქალიშვილთან ერთად ბრიუსელში ცხოვრობს…

Force Majeur 

წლევანდელ ფესტივალზე ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანზე წინა ოსკარებზე უსამართლოდ დაჩაგრული ფილმის ნახვის საშუალება ექნება. 2014 წლის შვედური დრამა ბოლო ოსკარებზე უცხოური ფილმის კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში შორტლისტის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

45 Years

არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ეს ფილმი, რომელსაც როტენ ტომატოს ვებ გვერდზე კრიტიკოსებისგან 100-დან 98 პროცენტიანი შეფასება ერგო.

Carol

კეიტ ბლანშეტის და მარა რუნის სამსახიობო კლასში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად ამ ფესტივალზე ქეროლის ნახვა ნამდვილად ღირს.

No One’s Child

ამ ფილმისგან შოკს უნდა ველოდოთ. სერბო-ხორვატული დრამა ნამდვილ ამბავს ეფუძნება, ის  მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცივილიზაციაში მოხვედრილი რთულად ეგუება ახლადაღმოჩენილ სამყაროს.

Victoria

“ვიქტორიამ ჩემი სამყარო შეანჯღრია” – ასე გამოხმაურა დარენ არანოფსკი ამ ფილმს. ფილმისთვის ყურადღების მისაქცევად ეს ალბათ საკმარისი უნდა იყოს.

Far From Men

2014 წლის ეს ფილმი ალბერ კამიუს მოთხრობას ეფუძნება და ალჟირში ომის პერიოდში წარმოშობით ფრანგი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლში – ვიგო მორტენსენი.

A Girl Walks Home Alone At Night

უკვე ძალიან გახმაურებული ფილმი ირანიდან, რომელიც სხვადასხვა ჟანრების თამამ კოქტეილს წარმოადგენს…

From Afar

სამხრეთ ამერიკული კინო ყოველთვის საინტერესოა, ეს ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება.

Dancing Arabs

კიდევ ერთი კომედიური ფილმი სერიოზულ თემაზე სიაში. “მოცეკვავე არაბები” ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა პალესტინელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.

The Golden Era

ამერიკელების გარდა მასშტაბური ფილმების გადაღება ვინმეს თუ შეუძლია ალბათ ჩინელები არიან. ამიტომ პირადად მე ფესტივალზე ამ ფილმის გამოტოვებას არ ვაპირებ.

Mediterranea

ფილმი აქტუალურ თემას ეხმაურება – ორი აფრიკელი ლტოლვილი იტალიისკენ მიემგზავრება, თუმცა გზაში ბევრ მოულოდნელ სირთულეს და სისასტიკეს წააწღდება. რეჟისორი მასზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და თავიდან მოკლე დოკუმენტურ ფილმის გაკეთებას გეგმავდა…

აქვე გთავაზობთ იმ ფილმებს, რომლებიც მიუხედავად სურვილისა დიდი კონკურენციის გამო ვერ მოვახვედრე 15ეულში, მაგრამ ვფიქრობ ნახვად ნამდვილად ღირს.
The Lesson,  A Pigeon Sat On A Branch Reflecting on ExistenceLouder than Bombs, Pride, Rams, Tale of TalesWondrous BoccaccioFassbinder – To Love Without Demands,  Sound of TortureOnegin, 13 Minutes, PhoenixThe People vs. Fritz BauerStanding TallCasanova VariationsCobain: Montage of HeckTaxiA Girl At My DoorLooking for Grace, Forbidden Voices,  As I Open My Eyes, Much Loved, Paulina.