Tag Archives: კონკურსი

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 4]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას საქართველომ ერთგვარ შიდა პოლიტიკური ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა და ამ მხრივ უხვი საპოპკორნე მასალა შემოგვთავაზა. ტრანსფორმერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მესამე იპოსტასიის (მეცენატი, პოლიტიკოსი და აწ უკვე მთავარი მოქალაქე) მომსწრენი ვხდებით, საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა ადამიანი, რომლის პრეზიდენტობა ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ავიწყდება ხოლმე. აქაც ყოველი შემთხვევისთის შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ისე, ხომ დაგვიპრდა ივანიშვილი საკუთარი თანაგუნდელების გაკრიტიკება არ მომერიდებაო და ამიტომაც არც მეტი და არც ნაკლები ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირის (?) ა ლა “გახსოვდეს ვისი გორისა ხარ” კრიტიკით დაიწყო.

ყოფილი საქართველოს პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმე სულ უფრო და უფრო ჯონ კენედის მკვლელობის საქმის ერთგვარ ქართულ რემეიქად გვევლინება.  ბევრი ლაპარაკის და ახალი ფაქტების თუ მასალების გასაჯაროების მიუხედავად საქმე ვერა და ვერ იხსნება. ასე რომ, მე პირადად არ გამიკვირდება თუ 2040 წელს მარსზე პირველი კოლონიების მომსწრენი გავხდეთ, ხოლო ჟვანიას საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩეს.

ამასობაში აწ უკვე ლექტორს/რევოლუციონერს მიხეილ სააკაშვილს შეახსენეს რომ ქართული პოლიტიკის ტრადიციების მიხედვით მას როტაციის წესით განსასჯელის სკამზე უწევს დაჯდომა. ამაზე სავარაუდოდ ერთ მამათელს, რომელმაც როტაციის წესი არა თუ უბრალოდ აირიდა, არამედ საპრეზიდენტო რეზიდენციის “პრივატიზაცია” მოახერხა, გვარიანად ეცინება. ამ კომენტარს თუ გავითვალისწინებთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლექტორს როტაციის წესით კარიერის გაგრძელება აშკარად არ უნდა. ამავე თემაზე არაპოლიტკორექტული კომენტარის გაკეთებით გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ ეჭვის ქვეშ დააყენა თუ როგორ უნდა წავიკითხოთ მისი სახელის მესამე ასო.

საკუთარი გადაცემის ანონსისას, Twerking-ის ერთგვარი რემეიქი და ახალი სიტყვა ჟურნალისტიკაში შემოგვთავაზა უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლემ თამარა ჩერგოლეიშვილმა. თუმცა, მე უფრო მგონია რომ გადაცემის წამყვანი ანონსის ჩაწერამდე როლიკებზე კატაობდა და უბრალოდ ფეხზე გამოცვლა ვერ მოასწრო.

იმ შემთხვევაში თუ ჭიდაობას ოლიმპიურ სახეობებს ჩამოაშორებენ, მათი ჩანაცვლება “მონაზვნური” დისციპლინით გახდება შესაძლებელი. ვფიქრობ ეს დისციპლინა ჩვენთვის არანაკლები წარმატების მომტანი უნდა იყოს ვიდრე ჭიდაობა და ასეთ შემთხვევაში მედლების გარეშე ნამდვილად არ დავრჩებით. ასეთი დისციპლინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის კი არგუმენტად თავის დროზე კერლინგის ოლიმპიურ სახეობად აღიარება შეიძლება. ორივე აშკარად თანაბრად “სპორტულია”.

ამასობაში, იტალიელმა მონაზონმა ვინმე კრისტინა სუჩიამ მართალია არა სპორტში, მაგრამ ასევე საკონკურსო დისციპლინაში მოსინჯა საკუთარი თავი და ეს საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა. სკუჩიას, კულისებში ასევე მონაზვნებისგან შემდგარი “ჩირლიდერების” გუნდი ახლდა თან, რომლის წევრებიც მხიარულად ხტუნავდნენ მათი კოლეგის “მუსიკის ჰანგებზე”. არ ვიცი როგორ წარიმართება ახალი პოპ დივის კარიერა სასულიერო ინდუსტრიაში, მაგრამ პოპ კულტურის ტაძარში მან უკვე მოახერხა წარმატების მოპოვება და რა თქმა უნდა იმ ტრენერს შეუერთდა, რომელმაც საკუთარი თავი ეშმაკს შეადარა.

ბოლოს გიტოვებთ ქართული ტელევიზიების მიკროფონებისგან შემდგარ კორდაბალეტს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

Advertisements

რატომ არ სჭირდება ბაქოს ალტერვიზია?

ფოტო: გარი ბრაუნი

14 მაისი ჩემთვის იმით აღმოჩნდა აღსანიშნავი რომ მუსიკალური სნობისთვის ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩავიდინე. დიახ, დიახ, მე ევროვიზიას ვუყურე!

მაგრამ გუშინ, არათუ შემრცხვა არამედ ამ კონკურს რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ უაღრესად პოპულარულია შოტლანდიის ყველაზე დიდი ქალაქის ერთ-ერთი კლუბში ევროპის სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ სტუდენდებთან ერთად ვადევნე თვალი.

ევროვიზია ხომ სპორტია და არავითარ შემთხვევაში მუსიკალური კონკურსი. წარმოდგენილი სიმღერების უმრავლესობა აქ დიდი არაფერი ხვითოა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ჩემთვის სებასტიენ ტელიერი აღმოვაჩინე, რომელიც კონკურში დიდ ვერაფერს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებლად იქცა.

ევროვიზიის გუშინ ყურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ევროპული ქვეყნების წამომადგენლებთან ერთად ამა თუ იმ ქვეყნის გულშემატკივრობა იყო. აღელვებული სახეები, შევსებული ჭიქები, შეძახილები – ეს ყველაფერი გუშინ საოცარ ემოციურ მუხტს ქმნიდა.  ყოველ ქვეყანას რომლის წარმომადგენელიც საღამოს ესწრებოდა ხმამაღალი რეპლიკა სდევდა ფონად და რა დასამალია რომ ბოლოს საქართველოს გამოსვლაზე აუდიტორიიდან წამოსული შეძახილები გულს სასიამოვნოდ და რაღაცნაირად მითბობდა.

მართალია ევროვიზიამ გუშინ დაგვანახა უგემოვნო სიმღერების კასკადი (გამონაკლისების გარდა), განსაკუთრებით შვედეთის და რუსეთის შემთხვევაში, მაგრამ ვაღიარებ რომ ამ უგემოვნების ყურება საოცრად საინტერესო იყო.  პირადად მე ამ ყველაფრის ფონზე ფინეთს და საფრანგეთს დადებითად შევაფასებდი. პირველი მშვენიერი ლირიული სიმღერა თანამედროვე გლობალურ პრობლემებზე, მეორე კი კორსიკულად შესრულებული საოპერო სტილში გადაწყვეტილი პოპ შესრულება აღმოჩნდა.

ძალიან საინტერესო ასევე ბარში მსხდომი იმ ხალხის რეაქციების ნახვა იყო რომლის თანამემალეც იმ მომენტში სიმღერას ასრულებდა. ძირითადად, რეაქცია უმეტეს შემთხვევაში იდენტური იყო, დამორცხვილი გამოხედვა რომელიც თითქოს დანარჩენებს ბოდიშს სთხოვდა შემსრულებლის მაგივრად. გამონაკლისად შეიძლება რუსების და ბრიტანელების რეაქცია ჩავთავლოთ. დროშის ფრიალთან ერთად ესენი საკუთარი წარმომადგენლის გამოსვლამდე ერთ შემთხვევაში რუსეთს, მეორეში კი ბრიტანეთს სკანდირებდნენ.

საქართველო 25-ე გამოვიდა და ამრიგად კონკურსის მუსიკალური ნაწილი დაასრულა… და დაიწყო ყველაზე საინტერესო, ის რაც რეგულარულად მაყურებინებს ამ კონკურსს, ანუ ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც მეტწილად პოლიტიკაა.

შვედეთი აძლევს ხმებს სკანდინავიის სხვა ქვეყნებს და ამ პრინციპით მოქმედებენ ევროპული ქვეყნების სხვა წარმომადგენლებიც. ერთადერთ საიდუმლოდ ჩემთვის ალბათ სან მარინოს შემთხვევა იქნება, რომელმაც რატომღაც რამდენიმე ქულა გადმოგვიგდო. გაურკვეველია ასევე ის თუ რატომ არ გაიმეტა ლატვიამ ჩვენთვის ერთი ქულაც კი.

მოკლედ, ყველა დაძაბული უყურებდა ხმის მიცემის პროცედურას და თავ-თავიანთ ქვეყანას გულშემატკივრობდა. ამათგან ყველაზე ბედნიერი ბოლოსკენ მაინც ვინმე მურადი, აზერბაიჯანიდან იყო, რომელმაც სწორი მათემატიკური გამოთვლის შედეგად ბოლოსკენ გამარჯვების აღსანიშნავად ცეკვა გადაწყვიტა.

აზერბაიჯანულ დუეტმა ევროვიზიის ფორმატისთვის განკუთვნილი, იდეალურად გათვლილი რომანტიული პოპ სიმღერა შემოგვთავაზა და ამით ევროპელების გულიც მოიგო. შედეგად მივიღებთ ბაქო 2012 წელს. პირველად ევროვიზია მუსულმანურ ქვეყანაში ჩატარდება, რუსეთის და უკრაინის შემდეგ კი მესამედ ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიქმნა საინტერესო პრეცედენტი.

საკითხავი ის არის, ისხდება თუ არა ბაქოს რომელიმე კლუბში საერთაშორისო სტუდენტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოება და რაც უფრო საინტერესოა, იქნება თუ არა მათ შორის ერთი სომეხი მაინც და ვინ იცის იქნებ 2012 წელს ბაქოში მოცეკვავე სომეხიც კი ვიხილოთ?

Dislike TBC smart club and Bank of Georgia

“ტვინი შეჭამეს.” – ზოგიერთი ქართული ფრაზა მაინც რა ზუსტად ასახავს რიგ მოვლენებს.

ხოდა, ამათმაც ტვინი შეჭამეს რა. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის ქართული სივრცე ისტერიის სავანედ იქცა. დღეში ათობით წერილი ან ჩეთ მესიჯი მხვდებოდა, თხოვნით “დამელაიქებინა” ფოტოგრაფების თუ მხატვრების ფოტოები.

ერთი ფანჯარა დავხურე, მეორე დავხურე, მესამე დავხურე! მეოთხე, დავახურე! დავახურე, არა მომხმარებელს, არამედ ამ ბანკებს რომლებიც ასეთ არაადამიანურ კამპანიებს აწარმოებენ.

ძალიან საინტერესო იყო, რომ 10-დან 8 ისეთი ადამიანი მთხოვდა მის ნამუშევრის “დალაიქებას” რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ერთი მოკითხვაც კი არ შემოუთვლია, ამასთან ერთად იყვნენ ჩემთვის ახლო ადამიანები, ამიტომაც აქვე მათთან ბოდიშის მოხდა მსურს, იმის გამო რომ თხოვნა არ შევუსრულე, მაგრამ ასეთ ვითარებაში პრინციპულად უმოქმედობა ავირჩიე.

საქმე ისაა, რომ ეს ბანკები კონკურსანტებს კაბალურ პირობებში აყენებენ და მათ ხარჯზე უზარმაზარ რეკლამას აკეთებენ. მათი ნამუშევრების გამოქვეყნებას სთავაზობენ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ათავსებენ და კონკურსანტებს შორის გამარჯვებულს “ლაიქების” რაოდენობით არჩევენ. ნათქვამია, “იმედი ბოლოს კვდებაო” და ეს კონკურსანტებიც გაარფთრებულნი ერთვებიან პირველობისთვის ბრძოლაში. მართლაც რომ “ნეტარნი არიან მორწმუნი,” აიპოდს ხომ სიტყვაზე ასიდან (ან ორასიდან) მხოლოდ ერთი, კარგ შემთხვევაში კი თითზე ჩამოსათვლელი კონკურსანტი მიიღებს.

ამ დროს რას ღებულობს ბანკი? ათასობით ადამიანის თავში ათასჯერ გაჟღერებული აზრი: “თიბისი, ო თიბისი, მოდი დამიპყარი.”

საკუთარი ცოდვაც უნდა ვაღიარო, ერთხელ მსგავს კონკურში მივიღე მონაწილეობა, ბლოგერებს შორის ეწყობოდა. მეც, მეამიტურად მივამატე ჩემი ერთი პოსტი, თუმცა არც თავი შემიწუხებია დიდად და არც სხვები, სულ ათამდე, ახლო ადამიანს ვთხოვე “დალაიქება.” შედეგმა არ დააყოვნა, ბოლო პოზიციებში მოჩანჩალე აღმოვჩნდი.

თუმცა, არ ვნანობ. რაღაც არა მგონია მაინცდამაინც დონის (საკუთარ თავს არ ვგულისხმობ) მიხედვით ფასდებოდეს გამარჯვებული ასეთი ტიპის კონკურსებში.

მოგეხსენებათ, ადამიანის ტვინი საცავივითაა, მანდ თითქოს გამუდმებით ფუსფუსებენ დამლაგებლები და მეხსიერებაში მხოლოდ საჭირო რამეებს ტოვებენ, ნაკლებად საჭიროს კი ტვინის “სხვენში” ტოვებენ, ასევე მოგეხსენებათ რომ ძალიან ბევრი ნაგავი თუ დაგროვდა ყველაზე გამოცდილ დამლაგებელსაც კი გაუჭირდება მისი დროზე მოშორება.

ამიტომაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მსგავსი აქციები არის ნაგავი!

ბანკებს ერთი მომაჯოდავებელი თვისება აქვთ, თანამშრომლები ისე გიღიმიან თითქოს შენი ტრუსიკის მეგობრები იყვნენ, ფლაიერებში კი ისე აღწერენ რაღაცეებს, გეგონება სამყარო შენი იყოსო, მაგრამ რეალობაში ანგარიშის გახსნაზე ან სესხზე ერთი ფაღათინა ქაღალდის უქონლობის გამო უმოწყალოდ უარს გეუბნებიან.

ბანკი კერძო პირია, მას უარის თქმის უფლება აქვს ასეთ ქმედებაზე, ამავდროულად მეც კერძო პირი ვარ და შემიძლია ბანკს ხანდახან ასეოდენ საჭირო ღილაკი “Dislike” ვაჩუქო და თან ვუთხრა, “განვედ ჩემგან.”

Love like love

მოცემულმა კლიპმა ორი რამე გამახსენა. პირველი, მივხდი რომ ეს ადამიანები ძალიან მომენატრნენ და მეორე, თურმე გასართობი კლიპის გადასაღებად ფული არაა საჭირო და ამის გაკეთება საქართველოშიც კი შეიძლება.

მოკლედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოგვწონს (და ვიცით რომ მოგვწონს) კლიპი შევდივართ ამ მისამართზე და ვაჭერთ “ლაიქ” (საქართველოს ბანკს “ლავით” რომ შეეცვალა ალბათ უკეთესი იქნებოდა) ღილაკს.

სტუმარი ბლოგერი/Guest blogger/Гость блога

წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას ბლოგზე, დღეიდან ნებისმიერ მსურველ
ბლოგერს და არა მხოლოდ ბლოგერს შეუძლია განათავსოს ამ ბლოგზე საკუთარი ტექსტი, არ აქვს მნიშვნელობა შინაარს და ფორმატს, შეგიძლიათ წეროთ რაზეც გინდათ.

ასევე გაითვალისწინეთ რომ თქვენი პოსტი არ დაექვემდებარება ცენზურას და თავისუფლად ნებისმიერი ტექსტის წარმოდგენა შეგიძლიათ. ამისათვის უბრალოდ დამიკავშირდით ან ფეისბუქზე ან კიდევ მეილზე: dvdlobzhanidze@gmail.com ტექსტის (ქართულად, რუსულად ან ინგლისურად) გამოგზავნის შემდეგ მცირე (ან არანაირი) რედაქტურის შემდეგ პოსტი განთავსდება ამ გვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არ არის აუცილებელი იყოთ ბლოგერი იმისთვის რომ თქვენი ტექსტი ჩემს ბლოგზე განთავსდეს. მათთვის ვინც ფიქრობს: “მე რა ხეირი, ჩემი ბლოგიც მაქვს და იქ დავდებ” მინდა გითხრათ, ყოველი პოსტის შემდეგ მითითებული იქნება თქვენი ბლოგ გვერდის მისამართი (რაც გაძლევთ ბლოგის რეიტინგის გაზრდის საშუალებას), ასევე თქვენ შეგიძლიათ იგივე ტექსტი საკუთარ ბლოგზეც განათავსოთ და რაც მთავარია წლის ბოლოს კომენტარების და “ლაიქების” გათვალისწინებით ჩემს მიერ (ამ შემთხვევაში დემოკრატიული მოდელი არ მუშაობს) შეირჩევა გამარჯვებულ(ებ)ი, რომელსაც გადაეცემა საჩუქარი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალი ბლოგინგის ზონაში! ვაშა, ვაშა, ვაშა! 🙂