Tag Archives: კრიტიკა

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი. პირველი შთაბეჭდილებები.

IMG_8528

“პრეზიდენტის” ვარსვკლავი დაჩი ორველაშვილი ფესტივალის გახსნაზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ კრიტიკოსთა და ზოგადად საზოგადოების დიდი ნაწილი თბილისის მე-15 კინოფესტივალის გახსნის ფილმის „პრეზიდენტის“ არ მოწონებაზე შეთანხმდა, მე მოჰსენ მახმალბაფის ამ ნამუშევარს ასე მარტივად ხელს არ ვკრავდი. ვფიქრობ “პრეზიდენტი” იმ ფილმების რიცხვს განეკუთვნება რომელსაც რადიკალურად განსხვავებული რეაქცია შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა ქვეყანაში და საზოგადოებაში. მართალია თავად რეჟისორმა გაგვაფრთხილა, რომ მისი ფილმი არა ერთი კონკრეტული, არამედ ზოგადად ბევრი “სხვადასხვა ადგილის” შესახებ იყო, ვფიქრობ ერთია თუ როგორ აღიქვავდა მას დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე და მეორე, ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანი. ამ ფაქტორს ემატება ისიც, რომ ფილმი საქართველოშია გადაღებული და მთლიანად ქართულ ენაზეა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, თუ რაოდენ განსხვავებული იქნება, სიტყვაზე ჰოლანდიაში მცხოვრები ადამიანის, რომელსაც საქართველოს შესახებ გაკვრით თუ გაუგია და ქართული ენა ცხოვრებაში არ მოუსმენია, მიღებული შთაბეჭდილება ქართველი მაყურებლის გამოცდილებისგან. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ შეიძლება ქართველ მაყურებელს ნაკლებად მოსწონებოდა “პრეზიდენტი” განსხვავებით დასავლელი კრიტიკოსებისგან არის ის, რომ ფილმი რეალურად კლოუნადაა, ქართველებს კი კლოუნადა უფრო რეალურ ცხოვრებაში და პოლიტიკაში მოგვწონს ვიდრე კინოში ან თუნდაც ცირკში, შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად აღვიქვავთ საკუთარ თავს და თუნდაც ეკრანზე ჩვენი ქვეყნის დანახვა მაინცდამაინც არ გვსიამოვნებს. ბოლოს, უშუალოდ ფილმზე იმის თქმა შეიძლება რომ “პრეზიდენტი” არ განეკუთვნება შედევრების რიცხვს, მაგრამ ამავდროულად მისი “საშინელი” ფილმების რიცხვში გაყვანა არასერიოზული დამოკიდებულებაა.

ვფიქრობ რადგანაც კინოფესტივალის მიმოხილვაზე მაქვს საუბარი და არა ცალკეულ ფილმებზე როგორც განყენებულ მოცემულობაზე,  აუცილებლად უნდა შევეხო ორგანიზების ხარიხს. ოდნავ მაინც რომ მქონდეს იმის იმედი რომ ამ მხრივ არსებულ ხარვეზებზე თვალის დახუჭვა ფესტივალის დონეზე მომავალ წელს აისახება, გავჩუმდებოდი და მხოლოდ ფილმების გარჩევით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საპირისპიროში ვარ დარწმუნებული. ალბათ თავისუფლად შეიძლება თვალის დახუჭვა უშუალოდ გახსნაზე სადაც შესვლაზე ისეთი ამბები ტრიალებდა ადამიანს ოთხმოოცდაათიან პურის რიგებზე ნოსტალგიას აღგიძრავდა, მაგრამ ის რომ მეორე დღეს, როდესაც ადამიანები ფესტივალზე უკვე ნაყიდი ბილეთებით მიდიოდნენ და ხშირ შემთხვევაში სპეციალურად კინოჩვენების გამო სამსახურიდან დროზე ადრე თავისუფლდებოდნენ, ფილმების დიდი ნაწილი როგორც მინიმუმ ნახევარ საათიანი დაგვიანებით იწყებოდა, მართლაც რომ აღშფოთების ღირსია. ფესტივალი უკვე 15 წელია რაც არსებობს და ნამდვილად წარმოადგენს დადებით მოვლენას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თან წელს მშვენიერი საფესტივალო პროგრამა არის წარმოდგენილი, თუმცა 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში ალბათ დროა წინ წავიდეთ და უფრო მეტი მოვითხოვოთ იმ იმედით რომ მე-16 ფესტივალი ორგანიზების მხრივ წინაზე ცოტათი მაინც უკეთესი იქნება.

ზუსტად ორმოცწუთიანი დაგვიანებით დაიწყო “ყოველდღიური ამბოხი,” (Everyday Rebellion) ფილმი სამოქალაქო აქტივიზმზე და მიუხედავად იმისა რომ დაბრაზში ათ ადამიანზე ნაკლები ვისხედით, ვფიქრობ ეს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ფესტივალზე წარმოდგენილ დოკუმენტურ ფილმებს შორის. ალბათ არასწორი იქნება ფილმის მხატვრულობის და ტექნიკური მხარის შეფასება (მიუხედავად იმისა რომ ამ მხრივ არ დაეწუნება), რადგანაც პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ თავად ფილმი არის აქტივიზმის ერთ-ერთი გამოვლინება რომლის მიზანიც არის აუწყოს მაყურებელს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანი გზებით იბრძოლოს უფრო სამართლიანი მსოფლიოსათვის და ასევე ზოგადად იმ წარმატებული აქტივისტების შესახებ (“ფემენი”, “დაიკავე უოლ სტრიტი და ა.შ.”). ფილმი ფესტივალის ფარგლებში მეორედ იქნება ნაჩვენები, ასე რომ დაინტერესების შემთხვევაში ის შეგიძლიათ რუსთაველის დარბაზში შაბათს (6 დეკემბერს) იხილოთ.

ფესტივალის მეორე დღეს, სამშაბათს კინოფესტივალის მთავარ მოვლენად წლევანდელი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული, “ზამთრის ძილი” გახდა. ასევე ყველაზე დიდი, ოღონდ ფესტივალის წუნი ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ფილმის ჩვენება, რომელზეც რა გასაკვირია და ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ერთ-ერთ ყველაზე მცირე დარბაზში გადაწყდა. ორგანიზატორების განცხადებით ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ სწორედ ამ დარბაზში მიმდინარეობს იმ ფილმების ჩვენება, რომლებიც “ევროპული კინოს ფორუმის” კატეგორიას განეკუთვნებიან. ვფიქრობ ორგანიზატორებს გამონაკლისი რომ დაეშვათ და ოქროს პალმის რტოს მფლობელს თუნდაც დიდ დარბაზში გაეშვათ, ამის გამო არავინ დაძრახავდა, მითუმეტეს ფილმმა ნამდვილად გაამართლა იმედები და წლევანდელი კანის კინოფესტივალის ღირსეულ გამარჯვებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ვფიქრობ “ზამთრის ძილი” მკაცრად კინოს ფარგლებში არ უნდა მოვაქციოთ, ყურებისას ერთ-ერთ მომენტში ისიც კი მომეჩვენა რომ თანამედროვე თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ფილმს კი არა, არამედ კლასიკური რუსული ლიტერატურის, თუნდაც დოსტოევსკის რომანს ვკითხულობდი. მერე ჩეხოვიც კი გამახსენდა და ბოლოს სარტრიც. ჯეილანი ჯადოსნურ, მაგრამ ძალიან რეალისტურ სცენაზე აგდებს მაყურებელს, სცენაზე სადაც არ გვხდება ცალსახად დადებითი თუ უარყოფითი გმირი და ძალიან გრძელი და ეგზისტენციალისტური დიალოგებით აიძულებს მაყურებელს შევიდეს სამყაროში, რომლის დახასიათებაც შექსპირის პერეფრაზით შეიძლება, “მთელი სცენა მსოფლიოა და ყოველი მსახიობი ადამიანი”.

მომავალ პოსტში იხილავთ ფილმების „სიმინდის კუნძული,“ „მოხეტიალე ძაღლები“ და „ცხენები ჩვენში“ განხილვას. ამ ფილმების ხილვა მაყურებელს კინოფესტივალის მესამე დღეს, ოთხშაბათს შეეძლება.

Advertisements

გამოგონილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კატალოგი მომავლიდან

“ერთხელ ტეიტ მოდერნში საოცარი ინსტალაციის მომსწრე გავხდი. ინსტალაციას რადიატორი წარმოადგენდა. სითბოს გამოსცემდა. სურათების გადაღება დავუწყე. რამდენიმე წამში ჩემთან პერსონალის წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა, რომ რადიატორი უბრალოდ რადიატორს და მეტს არაფერს წარმოადგენდა. თავიდან თითქმის დავუჯერე, თუმცა მალევე მივხვდი რომ ჩემს წინაშე ლეგენდარული რამინა აბლამოვიჩი იდგა და ეს ყველაფერიც რა თქმა უნდა ინსტალაციის ნაწილი იყო.”

– თანამედროვე ხელოვნების მოყვარული უცნობი ტურისტი –

…because the line between art and garbage can be thin… Sometimes even artists cannot see it.

– The Million Dollar Hotel –

 

Facebook მომხმარებელთა რამდენიმე ტიპი

მელანქოლიური, ოდნავ გარიყული და შიგადაშიგ მოწუწუნე იუზერი

კარგ ხასიათზე მყოფი ხშირად აშეარებს კატების საყვარელ და სასაცილო ვიდეოებს. ცუდ ხასიათზე ყოფნისას როგორც წესი ამის შესახებ საკუთარი სტატუს აფდეითით იუწყება. ყველაზე ხშირად იყენებს შემდეგ ემოტიკონს: ❤ და 😦

მიაქვს გულთან ყველაფერი ახლოს, ვერ ხვდება სარკაზმს და ამავდროულად ძალიან უხარია როდესაც რომელიმე ფოტოზე ვინმე უკეთებს შემდეგ შინაარსის კომენტარს: “როგორიიი ლამაზი ხარ, მენატრები <3”

საყვარელი წიგნი – ჯეინ ეირი, საყვარელი ფილმი – Notebook, უსმენს სოულს.

აქტივისტი

ზედმიწევნით კარგად ფლობს NGO ლექსიკონს. აშეარებს და დადის იმ ივენთებზე, რომელსაც მეტწილად მისი ორგანიზაცია აწყობს. უკვირს აქციაზე საკუთარი ნებით, პირდაპირი დაინტერესების გარეშე მოსულ ადამიანს თუ ხედავს.

განსაკუთრებით კარგად ერკვევა გენდერთან და LGBT დაკავშირებულ თემებში, ნაკლებად სოციალურ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გადის საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძებაზე. მუსიკას მაინცმდაინც არ უსმენს, მაგრამ იცის რომ ჯაზი კარგია. კითხულობს თანამედროვე ლიტერატურას (მურაკამი, ფამუქი, კუნდერა), უყურებს ჰოლივუდის ნაწარმს, მაგრამ საჯაროდ არტ ჰაუსზეც ძალუძს ერთი ორი სიტყვის ჩაგდება. უყვარს ასეთი ტიპის პოსტების კითხვა და დაშეარებისას “ვაიმე რაღაცეები რა სიმართლეა-ს” კომენტარად მიწერა.

აქტივისტ-ინტელექტუალ-ექსპერტი

გმობს და აკრიტიკებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უმეტესობას, აშეარებს ივენთებს, აჭერს “ეთენდინგს”, მაგრამ თავად ასეთ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდის ხოლმე.

უყვარს დისტანცირება, იქმნება შთაბეჭდილება რომ საკუთარ თავს რიგ შემთხვევებში “ბნელი მასისგან” გამოყოფს.

თუ მემარცხენეა  სურს ელიტარულობა და თან “უტყდება”, თუ მემარჯვენეა სურს ელიტარულობა და არც “უტყდება” მაგრამ სერიოზულად არავინ აღიქვამს და ასეთად არავინ მიიჩნევს.

უსმენს კლასიკას, უყურებს არტ ჰაუსს, მაგრამ თუ ერთზე ან მეორეზე საუბრობს ამას სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში აკეთებს და განიხილავს. მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის ფეისბუქზე აქტიურობის გამო ნაკლები დრო რჩება.

საკუთარ თავთან მოლაპარაკე იუზერი

იმის გამო რომ სტატუსებს საუკეთეშო შემთხვევაში ძალიან ცოტა თუ ულაიქებს ან უარესში საერთოდ არავინ, როგორც წესი ამას თვითონ აკეთებეს.

ჰგონია რომ გონებამხვილურად ხუმრობს, მაგრამ ეს უკეთ გასაგები რომ იყოს ისტერიულად სმაილიკების დიდ რაოდენობას რთავს ხოლმე. სხვისგან კომენტარს რომ ვერ აღმოაჩენს – თავად იწყებს კომენტირებას და საკუთარ თავთან შედის დიალოგში.

ლაპარაკობს და წერს პირად თემებზე, რომლებიც პრინციპში სხვას არაფერს ეუბნება და ამავდროულად არც აინტერესებს. გაურკვეველია რას უსმენს, უყურებს თუ კითხულობს.

მეოჯახე დიასახლისები (AKA ორი ერთში)

ამ ჯგუფის წარმომადგენლები როგორც წესი ერთ პროფაილში როგორც მინიმუმ ორ ადამიანს აერთიანებენ – ანუ საკუთარ თავს და მინიმუმ ერთ მცირეწლოვან შვილს, მეტწილად არიან დედები.

ფოტოების შეფარდება 60-40-ზეა, შვილის სასარგებლოდ.  სხვებისგან ხშირია კომენტარები, “ვაიმე რამხელა გაზრდილა” (ანუ ადრე, უინტერნეტობის პერიოდში ყველასათვის კარგად ნაცნობი შორი ნათესავის რეპლიკამ დიჯიტალიზაცია განიცადა).  წიგნების კითხვაზე დრო არ რჩებათ, უსმენენ სამზარეულოში ჩართულ რადიოს, უყურებენ ჰოლივიდურ მელოდრამა/კომედიებს. საყვარელი მსახიობი – ეშთონ კატჩერი ან ჯონი დეპი.

პროზელიტიზმით დაკავებული ერის სულიერი მამები

შეიძლება იყვნენ სხვადასხვა იდეოლოგიების მატარებლები და ამის მიხედვით ქადაგებენ იდეებს. ჰყავთ 5000 ფრენდი, თუმცა აქ ორი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება 1) ტელევიზიის წყალობით პოპულარული ინდივიდები, ვისაც სხვები ისტერიულად იმატებენ 2) არაპოპულარული ინდივიდები, რომელსაც პოპულარობა სურთ და თავად ამატებენ სხვებს (ოღონდ თუ ვინმემ ჰკითხა “ამდენი ფრენდი საიდანო,” პასუხობენ “რავიცი, მამატებენ და უარს ხომ არ ვეტყვი”).

სტატუსები ლაიქების გარეშე არ რჩებათ ხოლმე (განსაკუთრებით პირველ შემთხვევაში) და ამიტომაც “საკუთარ თავთან მოლაპარაკე იუზერის” ანტიპოდს” წარმოადგენენ. თვლიან რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას ფლობენ და ღიზიანდებიან თუ ვინმე არ ეთანხმება, თუმცა ამას ნაკლებად გამოხატავენ. იდეოლოგიური სიჭრელის გამო უყურებენ, უსმენენ და კითხულობენ (ან არ უყურებენ, არ უსმენენ და არ კითხულობენ) სხვადასხვა პროდუქციას.

კინიკოსები

რეალურად ძალიან დაუცველი ჯგუფია და სწორედ ეს დაუცველობა აიძულებთ ყველაფერი “აიგდონ” და სერიოზულად არაფერი აღიქვან. სარკაზმით ეპყრობიან პროზელიტიზმით დაკავებულ ერის სულიერ მამებს, გმობენ აქტივისტებს და ზოგადად მეგობრობენ მხოლოდ ერთმანეთთან, თუმცა ამ შემთხვევაში კონკურენციის გამო ხშირად ცდილობენ “უკეთ იხუმრონ” ან “აიგდონ” რამე თემა. ხშირად ტროლაობენ, რასაც ხშირად სხვები ვერ ხვდებიან და მათ კომენტარებს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ. უსმენენ Depeche Mode-ს და Kraftwerk-ს, მეტწილად კითხულობენ სამეცნიერო ფანტასტიკას და უყურებენ ყველაფერს.

მტკვარ-დივან-გალერის კრიტიკული მასა

ერთობიან ერთფეროვან კლუბებში ერთფეროვანი ვიზიტებით. ამის შესახებ ფეისბუქზე დადებული ფოტოებიდან ვიგებთ. ლოცულობენ ბერლინზე და უსმენენ მინიმალს. შიგადაშიგ იკვებებიან ხინკლით, მაგრამ ამავდროულად  დასცინიან ხინკლის მოყვარულებს. ზევიდან უყურებენ მათ ვინც მათ “სტანდარტებში” არ ჯდება. წიგნებს არ კითხულობენ, სამაგიეროდ კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ერთი ორი კარგი ლინკი ყოველთვის უგდიათ.  ძალიან “უტყდებათ” როდესაც აღმოაჩენენ ხოლმე რომ მათ მიერ დაშეარებული კომპოზიცია სხვისთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ამას არ იმჩნევენ.

აი თითი ანუ კომენტარი დავით კოვზირიძის ეპისტოლეზე

“მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი”

– სოკრატე-

წვერგაუპარსავი რაიან გოსლინგი რომელსაც დავით კოვზირიძისგან “გაუტყდა”

არც კი ვიცი ღირს თუ არა პუბლიცისტ, მწერალ თუ ჟურნალისტ (აქედან კონკრეტულად რომელია არ ვიცი) დავით კოვზირიძის მარგალიტ ტექსტზე გამოხმაურება, რომლის წაკითხვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ, მაგრამ სხვა თუ არაფერი, გავერთობი მაინც.

2013 წლის 2 ივლისს, მოცემული ტექსტი ჩემი ფეისბუქ ფრენდების დიდმა ნაწილმა მოიწონა და “დედა ეს რა მაგარი რამე წავიკითხე-ს” მაგვარი პათოსით საკუთარ კედელზე გამოაშანშალა. აღფროთვანებულ ადამიანთა რიცხვი დღის განმავლობაში წუთობრივად მატულობდა, ტექსტი, “აიფონიანი” საპროფილე სურათის მქონე გოგოებით დაწყებული, მანქანის საჭესთან მიმსხდარი ბიჭებით დამთავრებული ყველამ მოიწონა. იკითხებოდა შემდეგი ტიპის კომენტარები, “რა მართალია,” “დიდებულია,” “აუ ეს დავბეჭდოთ და ქუჩაში დავარიგოთ”.

სანამ უშუალოდ ტექსტს წავიკითხავდი, ვიფიქრე ბორხესმა რეინკარნაცია განიცადა და ტაბულას მესვეტეს სახით მოგვევლინა თქო… თუმცა, მერე წავიკითხე ტექსტი… ხოოოდა, რა გითხრათ, რითი გაგახაროთ?..

ავტორის მიერ წამოჭრილი თემა იმდენად ბანალური, არაფრის მომცემი და ცარიელია, რომ მსგავსი ტექსტის ავტორობას მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცუდი რეჟისორი სახელად ედ ვუდიც კი არ მოინდომებდა.

საქმე ისაა რომ კოვზირიძე ისეთ მარტივ თემებზე საუბრობს, რომელსაც წესით და რიგით ბავშვობაში მშობლები უნდა გასწავლიდნენ, ან მშობლები თუ არა პედაგოგები მაინც. როგორ წარმოუდგენია ავტორს, სიტყვაზე, თუ ადამიანმა ადრეულ ასაკში ვერ გაითავისა რომ “ბანაობა კარგია,” უცბად ტაბულას ვებ გვერდზე შემოვა, მის დიდაქტიკურ ტექსტს წაიკითხავს, შეიგნებს, დაიყვირებს “ევრიკა” და სასწრაფო წესით სახლში “დუშ კაბინას” დაამონტაჟებს? მერე წყალს გადაივლებს და ნასიამოვნები განაცხადებს, “კარგია კიკეთი” კი არადა, “კარგია ბანაობა?”

ერთ-ერთ “მცნებად” ავტორს შემდეგი ფრაზა მოჰყავს: “ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.” – მინდა ვუთხრა ავტორს”: You don’t say. აქვე შემიძლია წავაშველო და დამატებითი იდეები შევთავაზო, მაგალითად, ასევე ცუდია ბოდიში და  აცუებდე საზოგადოებრივ თაშეყრის ადგილებში, იფხანდე ერთ ადგილს, აბოყინო და ა.შ. მაგრამ მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქილიკის გარეშე, ჟურნალის ვებ გვერდზე (მნიშვნელობა არ აქვს რომლის) ეს რა დასაწერია?

ინგლისურ ენაში ერთი შესანიშნავი სიტყვა არსებობს – “Patronizing”. ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით რომ ვთქვათ ეს ისეთი ქცევაა როდესაც ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც საკუთარი თავი სხვებზე გამოცდილი და ჭკვიანი ჰგონია, არიგებს სხვებს, თითქოს მათზე ზრუნავდეს. დაახლოებით ასეთ სტილშია დაწერილი კოვზირიძის სტატიაც: “თქვენ ბნელები, მე (ჩვენ) რაფინირებული”. დანამდვილებით არ ვიცი ვინ რამდენად ბნელია და ვინ რამდენად რაფინირებული, მაგრამ ერთი რამის ზუსტად თქმა შემიძლია – ნაკლებად სახიფათოა ადამიანი რომელიც საკუთარ სიბნელეს აღიქვამს, ვიდრე ბნელი ადამიანი, რომელიც საკუთარ სიბნელეს ვერ ხვდება.

თუმცა, ყველაზე მეტად ავტორის ტექსტში არა თუ დიდაქტიკური მოტივები მომეწონა, რომლებიც ტექსტის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ, არამედ ის იდეოლოგიურად გაჯერებული, თითქოს შეუმჩნეველი, ფსევდო ნეო ლიბერალური პოსტულატები, რომლებსაც ავტორი შავზე თეთრად დაწერილი წინადადების სახით გვაპარებს, მაგალითად – “უფასო არაფერი ვარგა” – WHAT? ბატონო ავტორო, კლასიკური გაგებით უფასო მოცემულობების რიცხვში შედის ძალიან ბევრი კარგი რამეები, მაგალითად მზე, ბავშვობაში დედის ალერსი, წყაროს წყალი და ა.შ. კარგით, ამ ყველაფერმა თუ არ დაგარწმუნათ, ბოლოს და ბოლოს ამბობენ ტაბულაც უფასოაო (ან იყო მაინც). ტაბულა რომ კარგია ამის მაინც ხომ გჯერათ?.. თუ?..

უცბად წარმოვიდგინე ავტორის საკუთარ თავთან დაახლოებთ შემდეგი შინაარსის დიალოგი, “ბანაობა კარგია… კიდევ რა არის კარგი?.. კიდევ მზე… მოიცა, მზე როგორ იქნება კარგი თუ უფასოა? უფასო ხომ კარგი არ შეიძლება იყოს, მაგრამ მზე ხომ კარგია? სექსი? სექსი უფასო სჯობია თუ ფასიანი?” Error, error… Do you want to restart your computer now?

თუმცა, ყველაზე ცუდი ის კი არ არის რომ ავტორმა ძალიან სასაცილო (შემთხვევით და არა შეგნებულად) ტექსტი წარმოადგინა, არამედ ის რეაქციები, რომლებიც ამ ტექსტის დაბეჭდვას მოჰყვა. არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მეგობრებო, ნუთუ ნორმალური პუბლიცისტიკა არავის წაგიკითხავთ? კარგით, შეიძლება ქართულენოვანი ღირებული ტექსტი არ შეგხვედრიათ, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი რომლებმაც იცით, ინტერნეტში მაინც არ გინახავთ სიტყვაზე ინგლისურ ენაზე (რუსულს შეგნებულად არ დავასახელებ, ავტორი იძახის “ფუააო ეგ”) დაწერილ მართლაც რომ აღსაფრთოვანებელ ტექსტი. რა მოგივიდათ?

ქილიკი ერთი აბზაცით მაინც გვერდზე გადავდოთ და სერიოზულად რომ ვთქვათ ავტორს რეალურად რომ აღელვებდეს ის მდგომარეობა, რომელსაც სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში მოდით ვაღიაროთ და შევხვდებით, დიდაქტიკის სხვა ფორმას აირჩევდა და არა ასეთს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი რომელიც შეიძლება უმსგავსოდ იქცეოდეს ან აზროვნებდეს შემოვიდეს ტაბულას საიტზე, წაიკითხოს ტექსტი და ერთ დღეში შეიცვალოს. ანუ, ავტორის ტექსტი სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვერ აღწევს ადრესატამდე და დარწმუნებული ვარ ამის შესახებ ავტორმა ძალიან კარგად იცის.

სამწუხაროდ მგონია რომ ადამიანთა კატეგორია რომელმაც ტექსტი მოიწონა არათუ მართლა ღელავს პრობლემებზე საზოგადოებაში, არამედ წერილის გაზიარებით და მოწონებით ცდილობს ერთმანეთს ნარცისისტული სიამაყით განუცხადოს: “აი რა კარგები ვართ , ჩვენ ხომ ასე მაგრად ვაზროვნებთ, ფუ ის ბნელები, რომლებიც არ ბანაობენ”.

და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელი გულზე დაიდეთ და ერთ მარტივ კითხვას უპასუხეთ, “მართლა გგონიათ რომ პუბლიცისტ,  მწერალ თუ ჟურნალისტ დავით კოვზირიძის მიერ დაწერილი პოსტი ზოგიერთს გააგებინებს რომ ქართველები ყველაზე მაგრები არ ვართ (ჩემი, თქვენი და კოვზირიძის ჩათვლით)?

ეპილოგის მაგიერ

დამატებითი კომენტარი დავით კოვზირიძის რამდენიმე პოსტულატზე

“წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა” – ბატონო ავტორო, გააჩნია სიტუაციას, მაგალითად საქმიან შეხვედრაზე თქვენს კოლეგას ასე რომ მიმართოთ, ყველაზე მინიმუმ ქაჯობად შეიძლება იყოს აღქმული.

“თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.” – კი, შევალთ. ზეგ.

“სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო” – ძალიან გთხოვთ, მიეცით ადამიანებს არჩევანის თავისუფლება, თქვენს სათაყვანებელ დასავლეთში (ასევე ჩემს სათაყვანებელ დასავლეთში) მოქალაქეებს ამის უფლება ნამდილად აქვთ, მრავალფეროვნება კარგია.

“მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან” – კვლავ, “You do not say”.

“მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური” – თქვენ როგორც ჩანს ევროპული ქალაქებში უიქენდზე კლუბებთან არ გაგივლიათ.

“წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია” – დავიჯერო წვერგაპარსული ფრენკ რიბერი წვერგაუპარსავ რაიან გოსლინგზე უფრო კარგი შესახედავია?

“სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა,” გეთანხმებით ოღონდ უფასო (ამაზე რა გეწერათ?), ფასიანი გულისამრევია.

“მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით”– პუბლიცისტები, მწერლები და ჟურნალისტები თუ წერას ისწავლიან ალბათ ამათაც დაადგებათ საშველი.

“სწავლა, სწავლა და სწავლა” – გეთანხმებით 🙂

“რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი” – ზაზა ბურჭულაძეს მაგალითად არ მოსწონს რომ უღიმიან.

“მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის” – ძუძუდან ხელი აიღე იაშა ბიძია კი არადა, ბოზი საკუთარი სურვილით არავინ ხდება, ანუ ცუდი არ არის.

წაიკითხეთ, ჩამქოლეთ, გაავრცელეთ

ნორვეგიელი მხატვარი სახელად ედვარდ მუნკი რომ ვყოფილიყავი და ჩემთვის ქართული Facebook – ის დახატვა რომ ეთხოვათ, აი ასე გამოვსახავდი.

მერე რომ ეკითხათ, “ამ ნახატის შექმნაზე რამ შთაგაგონათ?” შემდეგ ისტორიას მოვყვებოდი:

“სახლში დაღლილ-დაქანცული მივედი, ამის მიუხედავად კარები სასწრაფოდ გავაღე, ფეხსაცმელი შემოსასვლელში დავყარე, კომპიუტერის ჩამრთველ დიდ წითელ ღილაკს თითი ჩავჭიდე და მას შემდეგ, რაც მოწყობილობის ჩართვის აღმნიშვნელი გუგუნი გავიგე, ტანსაცმლის სასწრაფოდ გამოცვლა დავიწყე.

გუგლ ქრომი მაუსის ორმაგი წკაპუნით რამდენიმე მეგაბაიტი წამის სიჩქარით ოპტიკო ბოჭკოვან გზას ისე გავაყოლე, რომ წინდები ჯერ კიდევ ამოცმული არც მქონდა. შემდეგ სასწრაფოდ, თავიდან შეცდომით, facd, მერე კვლავ შეცდომით fas, და ბოლოს როგორც იქნა სწორად Face ავკრიფე, რომელმაც ‘გუდილიონ ბილიონჯერ’ დამახსოვრებული Facebook.com თავისით ამომიგდო.

აქ ვარ-ქართულ ფეისბუქზე, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ცუკერბერგის ატლასზე მდებარე ყველა დანარჩენი კონტინენტისაგან. უცბად ვხედავ, რომ ვიღაც ‘იუზერი’ აზიარებს რაღაც ‘ნიუსს’ რომელიღაც პოლიტიკოსზე და კომენტარად სიტყვა ‘გაეთრიე-ს’  გამრავლებული ასო ბგერა “ე-თი”უძღვნის, ანუ ასე; გაეთრიეეეეეეეეეე (ამ ასო ბგერის რაოდენობა კლავიატურის სისწრაფეზე და თითის ერთ კლავიშზე გაჩერების ხანგრძილობაზეა დამოკიდებული). სხვა იუზერი ამ პირველი იუზერის აქტივობას სკრინავს და კომენტარად მამაკაცის რეპროდუქტულ ორგანოს უძღვნის. ამ მეორე იუზერს კიდევ ვიღაც სკრინავს… მესამეს-მეოთხე, მეოთხეს-მეხუთე და ეს ყველაფერი იმ მომენტამდე გრძელდება, სანამ პირველ იუზერს საკუთარი აქტივობა უკან (აწ დასკრინული) არ უბრუნდება…. თხამ ვენახი შეჭამა…

ეს ყველაფერი ჩემზე ისეთ გავლენას ახდენს, რომ ისტერიკაში მაგდებს და მეც სასწრაფო წესით ნახატს ვამზადებ. ნორვეგიის ბუნება თავის  არა რელევანტობას ხვდება და გვერდზე სიგარეტს ნერვიულად ეწევა.”

კინოფილმ “მიმინოს” პერსონაჟი, “ტოვარიშჩ” ხაჩიკიანი რომ ვყოფილიყავი და ვინმეს ჩემთვის ქართული Facebook – ის აღწერა ეთხოვა, შემდეგნაირად აღვუწერდი:

“Эти Грузинские юзеры крутятся, крутятся, крутятся. Чем думают не знаю.’ მერე მოსამართლეს რომ ეკითხა: ‘Товарищ Хачикян, расскажите как это произошло,’ ვუპასუხებდი: ‘Ну этот юзер поставил ссылку, а этот потерпевшый говорит, что тоже хочет и делает репост, а потом другой, и еще другой, а совсем другой говорит, что случайно мышью зацепил…’ მერე ამ ყველაფერზე ფილმს გადაიღებდნენ და სახელად ‘ვინ გადაუფრინა ქართულ ფეისბუქს’ დაარქმევდნენ.”

ძველბერძენი ფილოსოფოსი სახელად ზოილი რომ ვყოფილიყავი და ჩემთვის ქართული Facebook – ის ლიტერატურული ღირებულების შეფასება ეთხოვათ, ჩემს უკიდეგანო ბიბლიოთეკას დილიდანვე მივადგებოდი, თხუთმეტ საფეხურიან კიბეს მივადგამდი და ჰომეროსიდან დაწყებული პაოლო კოელიოთი დამთავრებული ყველა თაროს გადავქექავდი.  საღამოს, მტვერ ნაყლაპი და დაქანცული აბაზანას რომ მივაკითხავდი და ფიქრით დამძიმებული შიგ ჩავწვებოდი, წყალში ჩავყვინთავდი და ბოლოს რომ ამოვყინთავდი, ჩემს თვალწინ Head & Shoulders – ის ფლაკონს  დავინახავდი.

ფლაკონზე შემდეგ სიტყვებს, “Smooth and Silky-ის” ამოვიკითხავდი და მთელ ხმაზე ვიყვირებდი: “ევრიკა, ქართული ფეისბუქის ლიტერატურული ღირებულების ანალოგი აღმოჩენილია”.

ერთ პოსტში მოქცეული “ეროვნული” კრიტიკა

ამბობენ, სალვადორ დალის სიზმრის დროს შიგადაშიგ ეღვიძებოდა, უხაროდა, იმიტომ რომ ამ დროს სიზმრების ფურცელზე აღბეჭდვა შეეძლო, ამიტომაც შემდეგ დილას მათი გახსენება არ უჭირდა.

ამბობენ,  საქართველოს მოქალაქე ხშირად დასაძინებლად უკეთესს ქვეყანაში გაღვიძების იმედით მიდის , მოგეხსენებათ გაღვიძებულს საკუთარ თავს კოშმარში აღმოაჩენს ხოლმე და სალვადორ დალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი დროით ძილის შებრუნებას ცდილობს.

გაღვიძებულს დალის ნახატებზე არა ნაკლებად სურეალური რეალობა ხვდება, მაგრამ ცნობილი მხატვრის სიხარულისხგან განსხვავებით თავბედს იწყევლის, “ასეთი რა დავაშავეო ამ ქვეყანაში რომ დავიბადეო”, უფრო ხშირ შემთხვევაში კი სახელმწიფოს და ხელისუფლებას თვლის ყველა პრობლემის მიზეზად.

საერთოდ, ოპოზიციაში ყოფნა, მე თუ მკითხავთ კარგია და თუ საკუთარი ქვეყანა გიყვარს, ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ოპოზიციურად უნდა იყო განწყობილი.

რელიგიაზე და საკუთარ ათეიზმზე საუბრისას ვუდი ალენმა დაახლოებით შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: “შენთვის ათეისტი ვარ, ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია.”

ვუდი ალენის ფრაზის არ იყოს, იმისთვის რომ ხელისუფლების უზურპირება არ მოხდეს, ყოველთვის საჭიროა ოპოზიცია, ოღონდ ისეთი არა, “ხახა ამოგდებული” საჭირო და არა საჭირო კრიტიკას რომ იწყებს რომელიც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, არამედ, საკუთარი ჯერ კიდევ ტრაკდაუდებელი პერსონის  კარიერის წინწაწევისთვის ცდილობს.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლუკაშენკოსთვის “გამარჯვების” მოლოცვის შემდეგ მინდოდა დამეწერა, უფრო სწორედ იმ რეაქციაზე რომელიც ამ ქმედებას ოპოზიციურად განწყობილ წრეებში მოყვა. სამწუხაროდ ვერ ჩავუჯექი, მაგრამ ეს თემა ამ პოსტში მინდა მიმოვიხილო.

ვინც მიცნობს ეცოდნება რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის დიდ მხარდაჭერად ვერ ჩავითვლები, მაგრამ ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ. არა ჩემი პოზიციის, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, კერძოდ “აფხაზეთის საკითხს” ვგულისხმობ.

საქართველოში აფხაზეთის თემა კვლავ მტკივნეულად აღიქმება, ზოგს ზღვაზე ჩასვლის ნოსტალგია ამოძრავებს, ზოგს სახლი დარჩა, ზოგს ამ ომში ახლობელი დაეღუპა, ზოგს უბრალოდ რუკაზე უფრო დიდი და არადაქუცმაცმებული საქართველოს ნახვა სურს.

მოკლედ, მიზეზები ბევრია, მაგრამ აფხაზეთი უმეტეს მოსახლეობას კვლავ უნდა და თუ ვინმე განაცხადებს “დავივწყოთ აფხაზეთი” ის მყისვე ერის მოღალატედ ჩაითვლება.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლუკაშენკოს გამარჯვება ამ აზრის გათვალისწინებით მიულოცა, ამიტომაც იმ ადამიანების კრიტიკა რომლებსაც აფხაზეთის ხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ სურს, მე პირადად ალოგიკურად მეჩვენება.

მოდით, მაშინ ავირჩიოთ პრიორიტეტები, რა გვინდა, რა უფრო, რა ნაკლებად? გვინდა ტერიტორიული მთლიანობა, თუნდაც არადემოკრატიული სახელმფწიოების მეთაურებისთვის მოლოცვის გზით, თუ გვირჩევნია დემოკრატიულ იდეალებს ვეზიაროთ, ოღონდ გარკვეულ ფასად.

ყველაფერი ერთად შეუძლებელია, ამიტომაც რაღაცის მისაღებად რაღაც უნდა დავთმოთ. ამიტომაც, მოდით ვიაზროვნოთ და გარეთ უამინდობას მაინცდამაინც სააკაშვილს ნუ დავაბრალებთ.

საერთოდ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უფრო კრიტიკულად თუ მიუდგება და რეალურ პრობლემებს მიაქცევს ყურადღებას უფრო პროდუქტიული უნდა იყოს.  რომ ვყეფთ ხოლმე იმაზეც უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, უძაღლო ქვეყანაში, კატებად ხომ არ ვიქეცით? ზოგიერთი ჩვენგანი იმენად კომფორტულა გრძნობს თავს რომ ერთხელ კარგ ყეფას შეჩვეულმა კარგი “ხმა” ვერ შეინარჩუნა და ნელ ნელა კატად იქცა.

სურეალურია ჩვენი ქვეყანა, იმენად სურეალური რომ დალის არც კი დაესიზმრებოდა, სურეალური და ალოგოკური.

ამ სურეალიზმში ცოტა მედიასაც შევეხები.

ყოვლად ცნობილ და საყოვალთაოდ გინების ობიექტად ქცეულ არხების თუ მედია საშუალებების კრიტიკას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს, ისედაც ვიცით ყველაფერი, მაგრამ ქართული მედიის კატასტროფა მაშინ ხდება ნათელი როდესაც პირობითად “ცივი საუზმე” ან “დემოკრატი” ჟურნალისტიკის ფლაგმანად საღდება და საშუალო სტატისკური მკითხველი გაზეთს ცხვირის წინ გიფრიალებს და გეუბნება, “წაიკითხე, შენ კიდევ ამბობ ქართული მედია არ არსებობსო, ნახე რა კარგად წერენ.”

კარგად რომ წერენ მაგაში ეჭვი არ მეპარება, არც მაგათ განათლებაში, მაგრამ საშუალო სტატისკური მკითხველის ყურადღებით გამთბარი ფეჩზე წამოსკუპებულ ემელიას რომ ემსგავსება და “კარიერული ზრდით” თუ პირობითად  “ჟიჟეკისთვის მიტანილი ლამბაქით” რომ იწონებს თავს ეგ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს იმიტომ რომ ამ დროს ასეთი ჟურნალისტი თუ ზოგადად მოქალაქე ფუნქციას კარგავს და სიკეთის მოტანის ნაცვლად ფუჭი გლამურის კიდევ ერთ მაგალითად იქცევა.

სწრაფვა კარიერისკენ ცუდი ნამდვილად არაა, პირიქით საჭირო და დადებითია, კარიერული კომფორტით კმაყოფილებაა დამღუპველი, თორემ წარმატება და საზოგადოებისთვის მსახურობას რა სჯობია.

მამარდაშვილი თავის რუსს კოლეგებს ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, “არ გეგონოთ, რომ ჩვენთან იგივე შესაძლებელია, ჩვენ არასდროს დავუხრით თავს უსამართლობას.” პარადოქსალურია მაგრამ რუსები ღირსების შენარჩეუნებას დღესდღეობით ჩვენზე კარგად ახერხებენ.

რუსებს შევჩუკი ჰყავთ, კიდევ ბევრი სხვა ვინმე ჰყავთ, ჩვენ არა. რუსების პირობითად აღებული შევჩუკი ყოველთვის ოპოზიციაში იყო, მაგრამ ამავროულად ადეკვატური და არა საკუთარი კარიერული მიზნების მიღწევით დაბრმავებული ამინდის მუსიკოსი.

მისთვის ვისთვისაც კანტი მხოლოდ წიგნზე გამოსახული რამენიმე ასოსგან შემდგარი სიტყვა არაა, ეცოდინება რომ ეს ფილოსოფოსი “საერთო კარგის” აუცილებლობაზე საუბრობდა, იმაზე რომ ყოველი ადამიანის დანიშნულებაა მოიტანოს სარგებელი და ზოგადად, საერთო მიზნებს ემსახუროს. სამწუხაროდ, ეს უმეტესობას ავიწყდება, განსაკუთრებით ისეთ ბედკრულ სახელმწიფოებში სადაც კატებს აყეფებენ, ანუ ჩვენთან.

შეიძლება ვიღაც გაბრაზეს კიდევაც, არადა, არავის გაბრაზება არ მსურს, არავინ მძულს, პირიქით რამდენად პათეთიკურადაც არ უნდა ჟღერდეს მიყვარს საქართველო და ერთხელაც გაღვიძებულს ნორმალურ სახელმწიფოში მსურს საკუთარი თავის აღმოჩენა.

ჩემი პირველი ვიდეო პოსტი

გთავაზობთ ჩემს პირველ ვიდეო პოსტს,  “დამილაიქე – დაგილაიქებ”