Tag Archives: კულტურა

ზედაპირული შთაბეჭდილებები ბერლინიდან + რამდენიმე ფოტო

towerberlin

შენ შეგიძლია იყო პატარა ზურგჩანთიანი ტურისტი, რომელიც რუკის თანხლებით ქალაქის ცენტრში, თავის რუტინული როტაციით ათვალიერებს ისტორიულ ღირშესანიშნეობებს.  შენ შეგიძლია იყო ჰიპსტერი, რომელიც კროიცბერგერ-ნოიკოლნს შორის მოძრაობს  და აქაური ცხოვრების ბოჰემურ წესს ეზიარება. შენ შეგიძლია იყო ცივსისხლიანი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც თავისუფალ დროს სადილად შარლოტენბურგის რესტორანში 30 ევროდ  შნიცელს მიირთმევს. შენ შეგიძლია  ბერლინის ისტორიაში და საკუთარი ხმის ძიებაში გართული არტისტი იყო. შეგიძლია იყო მათხოვარი და  უსახლკარო,  რეჟისორი ან ექიმი, ავტობუსის მძღოლი ან პარლამენტის წევრი. ბერლინი ყველა ამ შესაძლებლობას გაძლევს, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული.

berlinmuseum brandeburgtor

berlinchurch

berlinbeercar

კაცმა რომ თქვას, რა უფლება მაქვს ვისაუბრო ბერლინზე, როდესაც მანდ ტურისტის სახით სულ რაღაც რვა დღე გავატარე? ტურიზმი ხომ სიყალბეა, რომელიც ქალაქის ან ქვეყნის გაცნობის ილუზიას გიქმნით და პრინციპში, გიდის წიგნში წაკითხულისგან დიდად არ განსხვავდება. შთაბეჭდილება წლების განმავლობაში მკრთალდება და ბოლოს აღარაფერი გრჩება გარდა მოგონებისა რომ ოდესღაც რომელიღაც ქალაქში დაფიქსირდი. ალბათ თუ გინდა ობიექტურად შეიცნო ბერლინი, ან ნებისმიერი სხვა მეტნაკლებად დიდი ქალაქი, აუცილებელია მანდ იცხოვრო, სხვა შემთხვევაში ყველას ქალაქის შესახებ საკუთარი სიმართლე ექნება, მათ შორის მეც. ეს პოსტი კი ჩემი პირადი სიმართლეა.

ერთ დროს პრუსიის და მოგვიანებით გერმანული იმპერიის დედაქალაქი, ბერლინი უნიკალური მოვლენაა, რომლის უნიკალურობა მეტწილად ჯერ კედლის აღმართვამ, შემდგომ კი მის დანგრევამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა რომ კედელი 20 წელიწადზე მეტია რაც დაინგრა, ის მაინც ცოცხალია და ეს შეგრძნება ყოველდღიურობაში ქალაქის ყველა მონაკვეთზე იგრძნობა. ბერლინში სიარულისას არცერთი წამით არ მტოვებდა ინტერესი იმისა თუ როგორ და ვინ ცხოვრობდა ამა თუ იმ უბანში. ამიტომაც, მგონია რომ ბერლინი ის ქალაქია სადაც ისტორია ყველაზე მკვეთრად ცოცხლობს. ეს ის ქალაქია ოთხმოცდაათიან წლებში  კედლის დანგრევამ, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით მასობრივი მიგრაცია რომ გამოიწვია, მიგრაცია რომელმაც ქალაქი-კოქტეილი შექმნა, კოქტეილი რომელიც მუდმივი მზადების და მიქსის პროცესშია.

berinwarshauwer

potsdammer

soviethatsberlin

ისე, ლირიკას და რომანტიკას თავი რომ დავანებოთ და ცოტათი მექანიკაზე გადავერთოთ, ყველაზე დიდი აღფრთოვანების საგანი ჩემთვის ტრანსპორტის სისტემა აღმოჩნდა. ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი  გერმანული ორგანიზების და მოწესრიგებულობის ერთგვარი სიმბოლო და ავატარია. მიუხედავად იმისა თუ რომელ უბანში, ან რომელ დროს იმყოფებით, პრაქტიკულად გამორიცხულია რომ ტრანსპორტით ვერ ისარგებლოთ და დანიშნულების ადგილას ვერ მოხვდეთ. მეტროს, მატარებლის, ავტობუსის და ტრავმაის ხაზები ისეა ერთმანეთში გადაკლაკნილი და შეერთებული, რომ ქალაქს შიგნით მოძრაობა ბევრ დროს არ დაგარკვინებთ, განსხვავებით ლონდონისა, სადაც მეტროში შეიძლება საათები გაატაროთ.

ბერლინის კლუბური და ღამის ცხოვრება ცალკე თემაა. ქალაქი ამ მხრივაც მრავალფეროვნებას გთავაზობთ. აქ ყველაფერია, დაწყებული მეინსტრიმ კლუბებისგან, მაღალი ფასებით სადაც  მოკლე კაბებიან გოგოებს და საგანგებოდ ნაკაჩავებ ბიჭებს შეხვდებით, გაგრძელებული ჰიპსტერებით გაძეძგილი კლუბებით, სადაც ტექნო მუსიკა უკრავს და დამთავრებული მყუდრო ხმელთაშუაზღვის სტილში გადაწყვეტილი ბარებით.

ბერლინი მსოფლიო პროცესებში მონაწილე აქტიური მოთამაშეა, აქ იქმნება არტი, მოდის, პოლიტიკის და სხვა ტენდენციები. ეს ის ქალაქია სადაც დროს ფასი აქვს, მაგრამ განსხვავებით ზოგიერთი სხვა დიდი ქალაქისა, ბერლინს გასანკუთრებული შარმი და სიმყუდროვე ახასიათებს, რომელიც დიდი სისტემის მარწუხებში მოქცეულ პატარა ჭანჭიკად არ გაგრძნობინებს თავს. აქ შენ ადამიანი ხარ და თუ არჩევანის თავისუფლება ზოგადად არსებობს, ბერლინი სწორედ ის ქალაქია სადაც არჩევანის გაკეთება შეგიძლია.

berlinriver berlingraffiti berlinpark berlinwall

ორჰან ფამუქის თოვლში გახვეული აღმოსავლეთი და დასავლეთი [რეცენზია წიგნ “თოვლზე”]

ორჰან ფამუქის თოვლი

ცოტა ხნის წინ ერთი ნაცნობის კითხვაზე თუ რას ვკითხულობდი, წიგნის ყდა დავანახე. ავტორი რომ ამოიკითხა, მომიგო: “ორჰან ფამუქი? არაა კარგი მწერალი”.

შენიშვნაზე მწვავე რეაქცია არ მომიხდენია, ფამუქის დაცვას არ ვაპირებდი, თუმცა ხმამაღალი განაცხადით არც ლიტერატურული სნობიზმის გილდიაში ვაპირებდი გაწევრიანებას და ამიტომაც მოკრძალებით ვიკითხე, “რატომ?” ჩემი ნაცნობის მთავარი არგუმენტი “უბრალოდ არაა კარგი მწერალი” აღმოჩნდა და იმ მოკლე არგუმენტაციაში ფამუქის დასაცავად მხოლოდ ის თქვა რომ “ერთადერთი კარგი წიგნი, რომელიც მან დაწერა ‘თეთრი ციხესიმაგრეაო’ “.

იმ მოკლე საუბრიდან გამომდინარე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩემი ნაცნობი ფამუქის შემოქმედებას მაინცდამაინც კარგად არ იცნობდა, ხოლო “თეთრი ციხესიმაგრის აღიარებაში,” ანუ იმ ნაწარმოების აღიარებაში რომელიც ავტორის ყველაზე წარმატებულ რომანებს პოპულარობით საგრძნობლად ჩამორჩება,  განსხავავებული, ერთგვარი ლიტერატურული ჰიპსტერული დამოკიდებულება ამოვიკითხე.

ორჰან ფამუქის შემოქმედებას მაინცდამაინც კარგად არც მე ვიცნობ. მისი ავტორობოთ სულ სამიოდე წიგნი მაქვს წაკითხული (მათ შორის “თეთრი ციხესიმაგრე”), მაგრამ შეიძლება ამიტომაც ერთი ხელის მოსმით ფამუქის სუსტ მწერლად გამოცხადებას არ ვაპირებ.

აღწერილი ეპიზოდიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფამუქის “თოვლის” კითხვა დავასრულე. წიგნმა შერეული გრძნობები დამიტოვა, ბოლომდე ვერ გავერკვიე რა ნიშანს დავუწერდი ნაწარმოებს, ვფიქრობდი მომეწონა თუ არ მომეწონა. პასუხი ჩემს თავში რომ ვერ აღმოვაჩინე ინტერნეტში რეცენზიების კითხვა დავიწყე. აღმოჩნდა რომ რეცენზიები არც აქ იყო ერთგვაროვანი, ზოგიერთი მას უფრო დადებითად, ზოგიერთი კი უფრო უარყოფითად აფასებდა . შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რაც რეცენზიების უმეტესობას აერთიანებდა ის იყო, რომ წიგნს ერთი ხელის მოსმით არავინ “ანადგურებდა”. წონადი გამოცემების ავტორები კი “თოვლს” ვრცელი განხილვის საგნად აქცევდნენ.

რეცენზიების კითხვამ საერთოდ დამაბნია, თუმცა ამავდროულად მიმახვედრა რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანა არაა საჭირო და ამიტომაც წიგნის განხილვისას თავისუფლად შეიძლება იმაზე საუბარი თუ რა არ მომეწონა და რა მომეწონა. განხილვა რომ გამიმარტივდეს ამ რეცენზიას პირობითად ორ ქვეთავად დავყოფ.

წიგნის  თემა – აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირება?

ფამუქის “თოვლის” მოქმედება თურქეთის პროვინციალურ ქალაქ ყარსში ხდება. ეს ის ქალაქია, რომელიც თავისთავად ერთგვაროვანი არაა, აქ თავის დროზე, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქურთები და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.

თუმცა, ნაწარმოებში მოქმედება მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ვითარდება, ამიტომაც მიუხედავად მულტიკულტურული გამოცდილებისა, ქალაქის დამოკიდებულება “გარე,” სხვა კულტურის წარმომადგენლების მიმართ ერთვაროვანი არაა.

ნაწარმოების მთავარი გმირი კა (აქ აშკარაა ალუზია ფრანც კაფკას სასახლის მთავარ გმირზე) ყარსს სულ რამოდენიმე დღით სტუმრობს, ის სტამბოლელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფრანკფურტში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა რომ კა თურქია, ის მაინც უცხოა ყარსელებისთვის, ის დასავლეთის განსახიერებაა, უფრო სწორედ კი იმ სეკულარული თურქეთის განსახიერება, რომელიც დასავლურ ტრადიციებს ემხრობა.

ამიტომაცაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა კას მაინცდამაინც ცუდს ვერაფერს უბედავენ (მაგალითად პოლიცია დაკავებისას მას მოკრძალებით ექცევა, მაშინ როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილ ადგილობრივებს რიგიანად სცემენ და აწამებენ), მაგრამ ამის მიუხედავად მას მაინც “სხვანაირად,” უცხოსავით ექცევიან.

ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ მიუხედავად თურქეთის გაცხადებული სეკულარული პოლიტიკისა, ქვეყნის შიგნით სიტუაცია არაერთგვაროვანია, მძლავრია ისლამისტების მხარდამჭერების რაოდენობა და რაც უფრო მთავარია – მათი რწმენის ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის კითხვისას შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ფამუქი მთავარი გმირის მიმართ  აშკარა სიმპატიითაა განწყობილი და მასში ის გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ხედავს, ავტორს არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ ის ბალანსს იცავს. მას არც დასავლეთის და არც აღმოსავლეთის კრიტიკა ავიწყდება, ისევე როგორც ამ ორის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში სიმპატიების გამოხატვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფამუქი საკუთარი ნაწარმოებების თემებზე საუბრისას ამბობს რომ ის ერთმანეთს ცივილიზაციებს არ უპირისპირებს, არამედ პირიქით ცდილობს ისაუბროს იმაზე თუ რა აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს. იგივეს თქმა შეიძლება “თოვლზე” და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების კითხვისას სხვადასხვა კულტურები სახეზეა, ავტორი მაინც უფრო მეტად ადამიანობის განმსაზღვრელ თემებზე საუბრობს, ანუ ისეთ თემებზე როგორიც სიყვარული, რწმენა, მეგობრობა და ერთგულებაა. ამ თემებზე საუბრისას კი ავტორი გვახსენებს რომ ყველა ადამიანში, შესაბისად ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელში დევს რაღაც დადებით და რაღაც პირიქით – უარყოფითი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად დადებითი ან იარყოფითი გმირი წიგნში არ არსებობს, ისევე როგორც დადებითი ან უარყოფითი კულტურა, ეს კი ნაწარმოებს ხიბლს სძენს.

წერის სტილი – აღწერით დატვირთული, ცოტა გაწელილი მაგრამ არამომაბეზრებელი?

ფამუქის მკითხველებისგან ხშირად გამიგონია რომ ავტორი უსაშველოდ წელავს სათქმელს და სცენების აღწერას ძალიან დიდ დროს უთმობს . შეიძლება ითქვას რომ გამონაკლისი არც “თოვლია”. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ვითარდება. ამის მიუხედავად, წიგნი 400 გვერდზე დიდია, ზოგიერთ სცენას კი ავტორი მიკროსკოპულად აღწერს.

ასე მაგალითად,  ერთ-ერთ სცენაში ფამუქი იმის აღწერასაც კი არ ერიდება თუ როგორ უკიდებს ერთ-ერთი პერსონაჟი ჯერ სხვის სიგარეტს, მერე საკუთარს და რას გრძნობს ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასეთი სკურპულოზური აღწერა შეიძლება მომაბეზრებლად მოეჩვენოს, მსგავსი დამოკიდებულებით ფამუქი განსაკუთრებით აურას ქმნის, აურას რომელიც მკითხველის გონებას მთლიანად გამოგონილ სამყაროში აგდებს.

“თოვლში” რამდენიმე მძლავრი სცენაა. ორს გამოვყოფდი: რომანის დასაწყისში თურქეთის განათლების სამინისტროს ჩინოვნიკს ვხვდებით, რომელსაც ისლამისტი ფანატიკოსი კლავს. თუმცა, სანამ მოკლავდეს, მკითხველის წინაშე იშლება სცენა რომელიც მკვლელობას წინ უძღვის. ამ მოქმედებაში ჩინოვნიკის და ფანატიკოსის დიალოგი იშლება. ამ სცენის ხიბლი არა უშუალოდ დიალოგი, არამედ ის ტექნიკური ხერხია რომელსაც ფამუქი იყენებს. ავტორი გვეუბნება რომ საუბარი, რომელიც ხსენებულ პირებს შორის გაიმართა, მისთვის ბევრად მოგვიანებით გახდა ცნობილი, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ რაც მას კასეტაზე ჩაწერილი დიალოგის მოსმენის საშუალება მიეცა. კასეტაზე, რომელიც იმ ჩამწერში იდო, რომელიც თავის მხრივ ჩინოვნიკს საუბრისას ჰქონდა ტანზე მიმაგრებული. აუდიო ფირზე ჩაწერილია ორი ადამიანის საუბარი, ადამიანის რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე წუთში გარდაიცვლება და ადამიანის რომელიც იმავე პერიოდში მკვლელი გახდება. ეს კი მათ საუბარს განსაკუთრებით ემოციურობას სძენს.

მეორე სცენა ერთ-ერთ საასტუმროში ვითარდება, სადაც შეკრებილი ისლამისტები, მემარცხენეები და ქურთი მეამბოხები ცდილობენ შეჯერდნენ საპროტესტო პეტიციაზე, რომლის გამოქვეყნებასაც ისინი გერმანულ გაზეთში იმედოვნებენ. სწორედ ამ სცენის აღწერისას შლის ავტორი წიგნის მთავარ თემას – აღმოსავლეთის (ტრადიციული თურქეთის) და დასავლეთის (ევროპის) უერთიერთობას.

“ჩვენ დებილები არ ვართ, ჩვენ უბრალოდ ღარიბები ვართ,” ამბობს წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი და აგრძელებს, “როდესაც დასავლელი ხვდება ვიღაცას ღარიბი ქვეყნიდან, მას მძლავრი ზიზღის გრძნობა ეუფლება. ის ფიქრობს რომ საცოდავი ადამიანის გონება სავსე უნდა იყოს იმ უაზრობით რომელმაც მისი ქვეყანა სიღარიბეში და სასოწარკვეთაში ჩააგდო”.

სცენის დასკვნით ნაწილად შეიძლება ავტორის ჩართვა ჩათვალოთ სადაც ის საუბრობს იმაზე თუ რამდენად არ შეუძლია ადამიანს გაუგოს სხვა ადამიანს რომელიც მძიმე მდგომარეობაში არის აღმოჩენილი, რომლის გამოცდილებაც პირველს არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ბევრი მძლავრი სცენაა, წიგნის მთავარ ნაკლად შეიძლება შემდეგი ჩავთვალოთ: “თოვლის” მთავარი პერსონაჟი-კა პოეტია, რომელსაც ყარსში ჩამოსვლამდე არაფერი ღირებული არ აქვს დაწერილი. თუმცა, ქალაქში აღმოჩენისთანავე მას შემოქმედებითი წვა ეწყება და სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ის 19 მძლავრ პოემას დაწერს. ამის მიუხედავად ფამუქი პრაქტიკულად არცერთ პოემაზე არ საუბრობს. შეიძლება იმის ვარაუდი რომ ავტორმა ამით ერთგვარი ხერხი გამოიყენა და პოემები “მისტერიად” დატოვა, მაგრამ ამავდროულად ეჭვი რომ ეს ნაწილი უბრალოდ დაუმუშავებელია ლეგიტიმურობას ბოლომდე მოკლებული არ უნდა იყოს. არადა, ამ პოემების “გამოგონებით” ავტორი ნაწარმოებს სხვა პედესტალზე აიყვანდა, მითუმეტეს რომ  მსგავსი გამოცდილება (ანუ ნაწარმოებში ნაწარმოების შექმნის იდეა) ნამდვილა არსებობს, თუნდაც პოლ ოსტერის “ილუზიების წიგნის სახით”.  

თავში ნახსენებ ჩემს ნაცნობს რომ დავუბრუნდეთ,  ერთ რჩევას მოგცემდით, სანამ რამე დასვკნებს გამოიტანდეთ, არც ჩემს ნაცნობს დაუჯეროთ და არც მე. თუ ლიტერატურა გიყვართ აუცილებლად წაიკითხეთ ხსენებული ავტორი. ის შეიძლება თქვენი საყვარელი ავტორი არ გახდეს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ და საინტერესო თემებსაც გაგიშლით.

რატომ ვირჩევ პოლიტიკას?

ჟურნალისტიკაში წასვლა რომ დავაპირე სულაც არ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, პოსტ მოდერნისტული იდეებით შეიარაღებული საკუთარ თავს აპოლიტიკურად და პოლიტიკის მიმართ ნიჰინილისტურად განწყობილ ადამიანად ვთვლიდი, ვიძახდი რომ არ მაინტერესებს ეს სფერო და მომავალში მხოლოდ კულტურა/გართობა/ხელოვნებაზე დავწერ ან გავაკეთებ თქო სიუჟეტებს.

ცოტა ხანი რომ გავიდა უფრო სოციალური თემებით დავინტერესდი და ისტორიების ძიება სწორედ რომ ხალხში დავიწყე, მივხვდი რომ აქაცაა კულტურა და ხელოვნება.

კიდევ უფრო ცოტა ხანი სოციალური თემებიდან პოლიტიკაზე გადასვლაში დამჭირდა. მთავარი შეცდომა რომელსაც ჟურნალისტიკაში წასვლისას ვაკეთებდი იმაში მდგომარეობდა რომ პოლიტიკას ვიწროდ ვუყურებდი, ანუ საქართველოში პოლიტიკურ კულტურის არ მქონე ადამიანებზე თვალის დევნისას  ამ სფეროზე არასწორ წარმოდგენას ვიქმნიდი.

უხეში შედარება: პოლიტიკაზე საქართველოში არსებული პოლიტიკოსებით რომ იმსჯელო იგივეა ჰოკეიზე ქართველი ჰოკეისტებით გამოიტანო დასკვნა.

სპეციალობად პოლიტიკა უკვე ბრიტანეთში სწავლისას ავირჩიე, იქ სადაც პოლიტიკური კულტურა საუკუნიების განმავლობაში გაკაჟების შედეგად დღეს ერთ-ერთ საინტერესო და რაფინირებულ სფეროდ წარმოგვიდგება, სადაც პოლიტიკა ხელოვნებაცაა და ხალხთან ურთიერთობის საშუალებაც.

სწორია როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკა ყველაფერი და ყველაფერშია. ფართო გაგებით პოლიტიკა ყოველდღიურ მოვლენას და ურთიერთობების ერთობლიობას წარმოადგენს, სამწუხაროდ ჩვენთან ასეთი სხვადასხვა რეალიებში არსებული ლიდერებთან ასოცირდება და არავითარ შემთხვევაში ამ ფიგურების მიღმა მდგარ პროგრამებსა თუ შინაარსობრივ დატვირთვაში.

აბსოლუტურად სწორი იყო რატი ამაღლობელი რამდენიმე დღის წინ მაესტროს ეთერით რომ განაცხადა- საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციებიო რომლებიც შექმნიდნენ, გამოწვრთიდნენ ძლიერ, ღირსეულ პოლიტიკოსებს, პარლამენტი კი რომელიც იდეაში უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოდ უნდა ითვლებოდეს იქცა სანოტარო ბიუროდ.

დედამიწა ლოგიკურობის სავანეა, ამიტომაც პოლიტიკური ორგანოების თუ ტრადიციების უქონლობის გამო ვერც პოლიტიკოსები და ვერც რეალურად პროფესიონალური პოლიტიკა გვექმნება. საქართველოს პოლიტიკური ასპარეზი ეს არის სპონტანური პირების თავშეყრის ადგილი სადაც დიდ როლს გამართლება და პოპულიზმი თამაშობს.

ილუსტრაციისთვის მოდით გავიხსენოთ ვინ გვყავდა პოლიტიკაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის მიღების თანავე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებისას მიღებული ნდობის აბსოლუტური მანდატის შედეგად ზვიად გამსახურდია ხდება, ნაციონალისტური რიტორიკით შეიარაღებული ის იდეალურად მიცურავს პოსტ კომუნისტურ, “განმანთავისებლურ” ტალღაზე და ხდება ყველა ქართველის ლიდერი. მცირე ხანში გამსახურდიას პოლიტიკაში გამოუცდელობა იმდენად თვალსაჩინოა რომ ქვეყანა კატასტროფის, არსებობა/არ არსებობის წინაშე დგას.

მოდის შევარდნაძე, ადამიანი რომელიც გვამშვიდებს, “გვირიგებს კანფეტებს” თოვლის ბაბუასავით და იმას მაინც აკეთებს რომ გაეროს საქართველოს აღიარებინებს, გაპარტახებულ ქვეყანას ოდნავ “გააკოსმეტიკებს” მაგრამ ამის იქეთ მთელ ერს “ზასტოიში” ამყოფებს. ერიც ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს რომელიც შეუძლებელს დაპირდება, განუვითარებლობაში დამნაშავეებს დასჯის და ქვეყანას წინ ევროპისკენ წაიყვანს. ასეთიც ჩნდება, ახალგაზრდა, ენერგიული და რევოლუციონერი (მაშინ ჯერ კიდევ ასეთი იყო) მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხმამაღალი განცხადებებით სწრაფად იგებს უმრავლესობის გულებს და ხელისუფლებაშიც სისხლის ღვრის გარეშე მოდის.

სამივე პრეზიდენტის ერთი და იმავე ტერმინით მოხსენიებაა შესაძლებელი – “იმედის პრეზიდენტები”. სამივე ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობისგან წამოსული არსებული იმედის ხარჯზე მოვიდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე პოლიტიკის ანბანის უცოდინრობის შესახებ სწრაფად დაკარგა ნდობა.

პოლიტიკის უცოდინრობა  და პოპულიზმი მხოლოდ პრეზიდენტებს როდი ეხება, აქ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რელიგიურ სექტორებს “მომუშავე” თარგამაძე, პლანქტონი – თორთლაძე, “ხან რას ვიტყვი, ხან რას” – ოქრუაშვილი, განაწყენებული – ბურჯანაძე და ა.შ და ა.შ. არც პარტიები არსებობს საქართველოში, მათი უმეტესობა 10 წელიწადსაც კი ვერ უძლებს და არჩნევნებიდან არჩევნებამდე არსებობს.

პოლიტიკოსებს და პარტიებშ თავი რომ გავანებოთ პოლიტიკური კულტურა არც ე.წ. ექსპერტებს აზრია მაინცდამაინც გასათვალისწინებელი, რომლებიც უფრო ბირჟაზე დომინოს თამაშისას პოლიტიკურ განათლება მიღებულ ადამიანებს ჰგვანან ვიდრე რეალურ მეცნიერებს.

…არადა, ძალიან საინტერესოა თუნდაც დომინო, რა თქმა უნდა თამაში თუ იცი.

 

მე იაპონია დამესიზმრა

მეგონა იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას არასათანადო ყურადღება მივაქციე და

საკუთარი თავის მრცხვენოდა, მრცხვენოდა იმდენად რამდენადაც საკუთარ თავს ამ ერის კულტურაზე შეყვარებულ ადამიანად ვთვლი.

თუმცა, გუშინდელმა სიზმარმა  ჩემი ეჭვი საბედნიეროდ გააქარწყლა.

არ მახსოვს თვითმფრინავში ვისხედით თუ ვერთფრენში, არც ის მახსოვს ვისთან ერთად ვიყავი, მოკლედ ციდან დავტრიალებდით იაპონიის ქალაქებს და ვათვარიელებდით.

დანგრეული სახლები ან ზოგადად მიწისძვრის შედეგად დაზარებულებული ინფრასტრუქტურა არ დამსიზრებია, საერთოდ არ ეტყობოდა ამ ქალაქებს მიწისძვრით გამოწვეული შედეგი.

პირიქით, ჩვენ ზეგანვითარებული სახელმწიფო დავინახეთ, რომლის გზებზეც მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანები დადიოდნენ.

აღტაცებას ვერ ვმალავდით და სულ იმას ვიმეორებდით რამდენად წინ არიან დანარჩენ სამყაროსთან შედარებით იაპონელები და რამდენად ძლიერი ხასიათის მატარებლები არიან.

სიზმრის პარალელურად თითქოს ჩემი მეორე მე მიწისძვრას იხსენებდა და რწმუნდებოდა რომ ეს ხალხი მიწისძვრით გამოწვეულ დარტყმას აუცილებლად გადაიტანს და ძალიან მცირე ხანში ჩვეულ რითმში ჩაჯდება.