Tag Archives: ლარს ფონ ტრიერი

ინტერსტელარი – სახარება კრისტოფერ ნოლანისგან

შესავლის მაგივრად

ჟაკ ტატის აქვს ნათქვამი, რომ ფილმი უნდა იწყებოდეს დარბაზის დატოვების შემდეგ. დაახლოებით ასეთი ტიპის ნამუშევარია კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი, ყოველშემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთხელ მაინც აუხედავთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში და დაფიქრებულან კოსმოსის უკიდეგანობაზე. ინტერსტელარი მაშტაბურ, ზოგადსაკაცობრიო, თუ გნებავთ პრეტენზიულ ფილმთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა ეს პრეტენზია არ არის უსაფუძვლო. შეიძლება ითქვას, რომ ინტერსტელარმა უკვე გაიმეორა (ან სულაც აჯობა) წარმატება რომელიც 15 წლის წინ ძმებ (აწ უკვე და-ძმა) ვაჩოვსკების მატრიცას ხვდა წილად. ორივე ფილმმა ახალი სიტყვა თქვა კინოში და ზოგადად პოპ კულტურაში, გახადა პოპულარული იდეები, რომლებიც შედარებით მარგინალურად არსებობდნენ და მაყურებელს შეახსენა რომ სიახლის შემოტანა ყოველთვის არის შესაძლებელი.

იყავი შერლოკ ჰოლმსი კოსმოსში

კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟი – შერლოკ ჰოლმსი განსაკუთრებული პერსონაჟია, რომლის ინტელექტიც ბევრად აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს. იმავე კონან დოილმა შექმნა სხვა პერსონაჟი – ექიმი უოტსონი, ეს მეორე, შერლოკისგან განსხვავებით ოდნავ ჩამოუვარდება საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ამიტომაც არის რომ დოილის ნაწარმოების კითხვის დროს მკითხველი ვერასდროს “ეწევა” შერლოკს, თუმცა უმეტესს შემთხევაში “უსწრებს” უოტსონს, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ხერხით მწერალი იზიდავს და “ამშვიდებს” მკითხველს. კრისტოფერ ნოლანი მსგავს ფუფუნებას არ გვაძლევს, ის თავიდანვე წირავს მაყურებელს და ბოლო მომენტამდე აგდებს სასპენში. ნოლანი ერთგვარი ილუზიონისტია, რომლის ამოცანაც პრესტიჟის შენარჩუნება და მაყურებლის ერთგვარ ჰიპნოზში ჩაგდებაა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ფიქრობ რომ აი ახლა მიხვდი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს, ან სულაც დასრულდეს ისტორია, ნოლანი თითქოს გეთამაშება და სრულიად სხვა სცენარს გთავაზობს. მაგალითისთვის შეგვიძლია ფილმის დასაწყისშივე გამოყენებული ინტერვიუები გავიხსენოთ, რომლებიც შემდგომში საკმაოდ დიდი ხნით ქრება… რაღაც მომენტში თქვენ გახსენდებათ ეს ინტერვიუები და ფიქრობთ, რომ რეჟისორმა “საკმარისად არ დაგავიწყათ” ისინი და გექმნებათ ილუზია, რომ ახლოს ხართ სიუჟეტის დროზე ადრე გამოცნობასთან და სწორედ ამ დროს ვარდებით ნოლანის საოცრებათა ქვეყანაში, რომლის მიზუდულობის ძალა დიდი ხნით გტოვებთ ამ სამყაროში.

კვლავ მანიპულაციებზე, სიმბოლოებზე და ალუზიებზე

დიახ, ნოლანი ილუზიონისტია, ერთგვარი მანიპულატორი, რომელმაც იცის თუ როგორ იმუშავოს თქვენს ემოციებზე. იცის რა გაშინებთ, რას განიცდით, რა გაძლევთ იმედს და რაც მთავარია იცის, თუ როგორ გამოიწვიოს ეს ყველაფერი თქვენში. პირველ, ყველაზე მძლავრ შთაბეჭდილებას ალბათ  “მილერის პლანეტაზე” ჩასვლის მომენტი და გიგანტური ტალღა ქმნის. ჰანს ციმერის მუსიკა (რომელიც შესაძლოა მის კარიერაში საუკეთესოა) და ეკრანზე მიმდინარე მოვლენები გაიძულებთ წინ სავარძელში წამოიწიოთ  და ჩაეჭიდოთ სკამს. მუსიკა, დილან ტომასის პოეზია, ოპერატორული ნამუშევარი, ყველაფერი ეს იმ მაგიას ქმნის რომელსაც კინო შეგვიძლია ვუწოდოთ.

ინტერსტელარი სავსეა ალუზიებით. მატრიცის მსგავსად ფილმი გარკვეულწილად ბიბლიური სიუჟეტის განმეორებაა, 12 ასტრონავტი (მოციქული), მთავარი გმირი კუპერი, რომელიც გაფრენის მომენტში 33 წლის არის და რომელიც ყველაფრის ამოსავალ წერტილად სიყვარულს (ამაზე ცოტა ვრცლად შემდეგ ქვეთავში) ხედავს. მისი ეს გრძნობა ადამიანებთან მიმართებაში ძალიან მძლავრია, განსხვავებით მაიკლ კეინის პერსონაჟისგან, რომელიც მზად არის გაწიროს ცოცხალი ადამიანები უფრო დიადი მიზნებისათვის.

კიდევ ერთი ალუზია შეგვიძლია “სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეას” დავუკავშიროთ. ასე მაგალითად, გავიხსენოთ კოსმოსში გაფრენის სცენა. კუპერი ტოვებს სახლს, დეგრადირებულ პლანეტას, რომელიც დასახლებულია ადამიანებით, რომლებსაც არ ახსოვთ კაცობრიობის მამოძრავებელი ძალის შესახებ, ადამიანებით რომლებიც აღარ იყურებიან ცაში და ამის მაგივრად მიწას მისჩერებიან. კუპერი მანქანაშია, მანქანა მოძრაობს სიმინდის ყანის გასწვრივ (რომელიც სწორედ რომ პოსტ-კონსიუმერისტული დედამიწის სიმბოლოდ გვევლინება), იწყება ათვლა, რომლის ბოლოს კადრი უკვე შატლზე გადადის. ინტერსტელარის ადამიანი ერთგვარი პრიმატია, რომელმაც კვლავ უნდა აიხედოს ცაში და უპოვოს საკუთარ თავს დანიშნულება.

ნოლანი ტრიერის წინააღმდეგ

მეინსტრიმულ კინოში ლარს ფონ ტრიერი ალბათ ყველაზე მიზანტროპ რეჟისორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ჭეშმარიტ ნიჰილისტად. ეს ნიჰილიზმი აპოგეას “მელანქოლიაში” აღწევს, სადაც კირსტენ დანსტის პერსონაჟი მის დას ეუბნება რომ “დედამიწა ბოროტია.” მას თუ დავუჯერებთ, ზოგადად ბუნება ბოროტია და ამიტომაც მისი განადგურება პოზიტიურ მოვლენად უნდა აღვიქვად. სრულიად საპირისპიროა ნოლანის ხედვა. ინტერსტელარის შემთხვევაში, მისიაში გაფრენისას კუპერი და ბრენდი ბუნების ავკარგიანობაზე ლაპარაკობენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ბუნება არ არის ბოროტი და სიტყვაზე ის რომ “ლომი კლავს ანტილოპას” თვითგადარჩენის ინსტინქტს უნდა დავუკავშიროთ და არა ბოროტებას. მოგვიანებით თემა უფრო იშლება და ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება. სიყვარულს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელს, რომელიც გვაიძულებს ჩავაგდოთ საკუთარი თავი ხიფათში და საჭიროების შემთხვევაში გავწიროთ კიდეც, იმ სიყვარულს რომელიც დრამატურგიაში ყოველთვის გვევლინებოდა ერთ-ერთ მთავარ თემად.

მეორედ ნახვის სიამოვნება

თუ ინტერსტელარს ორჯერ უყურებთ, მეორე შემთხვევაში “სხვა ფილმს” ნახავთ, დაინახავთ სხვა დეტალებს, გაგეცინებათ იმაზე თუ როგორ არ აკვირდებობით მნიშვნელოვან სცენებს, რომლებიც პირველ ნახვაზე საკმაოდ უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ. თუ პირველად არ იცი რას ელოდო ფილმისგან, თავიდან შედარებით რელაქსირებულად იწყებ მის ყურებას, თუმცა მეორე შემთხვევაში რადიკალურად სხვა განწყობით მიდიხარ სეანსზე და პირველივე წამიდან ცდილობ შენიშნო ის, თუ რა გამოგრჩა პირველი ნახვისას. შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ ასეთი მომენტი არც ისე ბევრია, მაგრამ ძალიან მალე ხვდები რომ შეცდი და არც მეორე ჯერზეც გაქვს შანსი გაექცე ინტერსტელარის გრავიტაციას.  კინოდან გამოსული კი კვლავ ხვდები, რომ ფილმი მხოლოდ ახლა იწყება.

Advertisements

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აგრესიული მარკეტინგის მოყვარული და რეჟისორად წოდებული ლარს ფონ ტრიერი, მიხვდა რა, რომ საკუთარი ახალი, მაგრამ ძველებურად ეპატაჟური ფილმით ვეღარავის გააკვირვებდა და ბერლინის კინოფესტივალზე აი ასეთ მაიუსურში გამოეწყო. თუ გსურთ დარწმუნდეთ რომ ბერლინალეს შემთხვევაში, ტრიერს მაისურზე გაცილებით მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მის ახალ ფილმზე, გუგლში შეგიძლიათ Berlin+Trier+Nymphoniac ჩაწეროთ და შემდგომ Berlin+Trier+T-shirt კომბინაციას შეადაროთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ სწორი პასუხი ამ ოპერაციის შესრულების გარეშეც იცით. ეს არცაა გასაკვირი, ტრიერის ფილმები იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ რეჟისორს პრესის და საკუთარი ფანების ამგვარად გართობის გარდა, აღარაფერი დარჩენია.
ახდა ევროკავშირის სადისკრედიტაციოდ ჩასაფრებული რუსული მეინსტრიმ მედიის ოცნება – დანიაში ჟირაფი საჯაროდ მოკლეს. დანიური ზოოლოგისტების თანახმად ქვეყანის ზოოპარკებში ჟირაფები სწრაფი მრავლდებიან და ამავდროულად ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას მოხდეს ჟირაფების “ექსპორტი”. ასეთ პირობებში კი სპეციალისტებმა რა თქმა უნდა ყველაზე “ოპტიმალური” და „ჰუმანური“ გადაწყვეტილება მიიღეს – ჟირაფი, ბავშვების თანდასწრებით მოკლეს და იქვე დაანაწევრეს. ასეთი სურათის შემხვედვარე, ფეოდალურად მოაზროვნე რამზან კადიროვიც კი შეშფოთდა და შემდეგი მოსაკლავი ჟირაფის გადასარჩენად მზადყოფნა გამოთქვა.

დანიაში მომხდარი ამბავის მიუხედავად, ანდერს ბრეივიკმა რომელმაც ორნახევარი წლის წინ მეზობელ ნორვეგიაში რამდენიმე საათში 77 ადამიანი მოკლა, playstation-3-ს (playstation-2 მოუძველდა) ითხოვს. ბრეივიკმა განაცხადა, რომ თუ ამ და რიგ სხვა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ შიმშილობას დაიწყებს, რადგანაც ფიქრობს რომ მას “ცხოველზე ცუდად ეპყრობიან,” რაზეც დანიიდან აწი მოსაკლავმა და კადიროვის იმედზე დარჩენილმა ჟირაფმა ბრეივიკს შემოუთვალა – “მაშ მტყუანისო?”

ამასობაში, მამა გაბრიელის საფლავის პრემიერა 22 თებერვალს გაიმართება.  თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების დროს, საფლავის სიახლოვეს არსებულ დედა პარასკევას VIP ლოჟას დემონტაჟი უკვე გაუკეთდა და მას საზეიმო ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ ჩვეულებრივი მაყურებლის როლში შეეძლება. ჯერჯერობით უცნობია გაყიდის თუ არა Swoop.ge დასასწრებ ბილეთებს იაფად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ლიტერეტურისგან ძალიან შორს მყოფი რაღაც პორნოგრაფიულ-სპორტულ-კომერციული ელფერის პროექტი დაანონსა. “საქართველო ირჩევს საყვარელ წიგნს” – ასე ჰქვია ძალიან არაპოეტურ მარათონს, რომელსაც პოეტი რატი ამაღლობელი გაუძღვება. ასევე საინტერესოა პრომოს სლოგანი, “იბრძოლე რომ შენი წიგნი იყოს პირველზე”. რატომ უნდა ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემი საყვარელი წიგნი იყოს პირველზე, ან და ვაი თუ ჩემი საყვარელი წიგნი ალისტერ კროულის რომელიმე ნაშრომია – ეგი გინდათ ქართველებს?

ბოლოს გიტოვებთ აწ უკვე გამეინსტრიმებული ილო ბეროშვილის “თაკოს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ცნობილი რეჟისორების ფილმები სხვა ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

გახსოვთ 12 განრისხებული მამაკაცი-ს სიუჟეტი?

ნაფიც მსაჯულებმა ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გაასამართლონ თუ სიკვდილით დასაჯონ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ბრალად მამის მკვლელობა ედება. ყველას, ერთი პერსონაჟის გარდა სჯერა რომ ბიჭი დამნაშავეა და მის ელექტრო სკამზე გაგზავნას ემხრობიან. რამდენიმე საათში ის ერთადერთი პერსონაჟი სხვებს საპირპისპიროში არწმუნებს.

დარწმუნებული ვარ სიდნი ლუმეტის მაგივრად ფილმი ლარს ფონ ტრიერს რომ გადაეღო, ყველაფერი პირიქით იქნებოდა. ყველა ერთის გარდა დარწმუნებულია რომ ბიჭი უდანაშაულოა. ის ერთადერთი უხსნის სხვებს რომ ადამიანი ბუნებით ბოროტია და შესაბამისად აუცილებლად დანაშაულის ჩამდენი. სხვები ეტაპობრივად ეთანხმებიან და ბოლოს ბიჭის ელექტრო სკამზე გაგზავნის გადაწყვეტილებას იღებენ. ფილმი სრულდება ეგზეკუციის ვრცელი სცენით.

ძალიან საინტერესო გამოდგებოდა მატრიცის ტრილოგია დარენ არანოფსკის რომ ეთავა. მის ვერსიაში არაფერი არ არსებობს, მათ შორის არც მატრიცა. ყველაფერი ერთი შეშლილი ნარკომანი მათემატიკოსის ტვინში ხდება, რომელსაც სისტემატური გაჩხერვისგან მარჯვენა მკლავი ძვრება. ფილმი ტრაგიკულად თავდება, ბოლოს თეთრ ფონზე ძალიან დიდი ასოებით ჩნდება წარწერა “დარენ არანოფსკი” და მაყურებელი ხვდება რომ არანოფსკის ძალიან პატარა ასო უნდა ჰქონდეს.

მებრძოლთა კლუბს აუცილებლად მარტინ სკორსეზეს გადავაღებინებდი. ედვარდ ნორტონის მაგივრად წარმოიდგინეთ რობერტ დე ნირო თავისი მიმიკით. მოგეხსენებათ ნორტონის პერსონაჟს საკუთარი თავი არარაობად მიაჩნია, ამიტომაც მწვავე შიზოფრენიის სტადიაში ის წარმოიდგენს ბრედ პიტს ტაილერ დარდენის სახით. ხოდა, ვინ იქნებოდა მარტინ სკორსეზეს ვერსიაში ტაილერ დარდენი, თუ არა ჯო პეში? ვინ არის თინეიჯერ გოგოების საყვარელი ბრედ პიტი, ნამდვილ განსტერ ჯო პეშისთან შედარებით? ჯო პეში პრეზიდენტად, კი არადა ტაილერ დარდენად.

რადგანაც სკორსეზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე ვიტყვი რომ ავიატორის ავტორი მშვენივრად გაუმკლავდებოდა მოსფილმის პროდუქციას სახელწოდებით “მიმინო”. თვალწინ მიდგას სცენა თუ როგორ ამტკიცებენ საბჭოური კინომატოგრაფიული კავშირის წევრები მთავარ როლზე ლეონარდო დი კაპრიოს, ოღონდ იქვე კომისიის ერთ-ერთი წევრი ამატებს, “ლეოს ძალიან მოუხდებოდა კარგი ქართული ულვაში, ასე რომ ვალიკო მიზანდარის პერსონაჟზე მუშაობას რომ დაიწყებთ, გთხოვთ ეს დეტალი გაითვალისწინოთ.”

პიერ პაოლო პაზოლინის გადავაღებინებდი ბერნარდო ბერტოლუჩის ყველა ფილმს, მხოლოდ იმიტომ რომ პირველი უკანასკნელის “დააპგრეიდებული” ვერსიაა.

საერთოდ ვერ ვხვდები რა გამოვიდოდა დიდი ლებოვსკი პედრო ალმადოვარს რომ გადაეღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ მაჩოების არმიას რომელსაც ეს ფილმი უზომოდ უყვარს, ალმადოვარის ესთეტიკა გულგრილს ვერ დატოვებდა.

დარწმუნებული ვარ სტივენ სპილბერგმა ნახა და ძალიან მოიწონა მელანქოლიაში გამოყენებული სპეც. ეფექტები, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ რომ ეს ფილმი სპილბერს რომ გადაეღო, ზუსტად იგივე გამოუვიდოდა, უბრალოდ ორჯერ უფრო მოკლე, კირსტენ დანსტის “ჟღვინტების” და ტრიერის კომპლექსების პროეცირების გარეშე, ანუ პრინციპში გაცილებით უკეთესი.

სრულად თავისუფლად შეიძლებოდა ოცნების რექვიემი დენი ბოილისთვის მიენდოთ, არ შეეცვალათ ფილმის შინაარსი თუ სიუჟეტი და უბრალოდ Trainspotting 2 დაერქვათ.

ამ სიაში ძალიან მინდოდა ჯეიმს კამერონისთვის მომენახა ადგილი, მაგრამ ეს რეჟისორი იმდენად იშვიათად და ისეთ განსხვავებულ და “უხელწერო” ფილმებს (ტერმინატორი, ტიტანიკი, ავატარი) იღებს რომ მემგონი დამატებითი ქილიკი არ სჭირდება.

TBC-ის სამი მუშკეტერის რგოლი ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

ამბობენ რომ სანამ TBC – ის მესვეურები სამი მუშკეტერის საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებოდნენ, საზოგადოდ ცნობილ რეჟისორებს მიაკითხეს და რგოლის გადაღება სთხოვეს. შემკვეთებმა რეჟისორებს სრული თავისუფლება მისცეს, ოღონდ ერთი პირობით – კლიპში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარადა და საწოლი. “კი მაგრამ, ეს ხომ სირობაა?!” ერთხმად იყვირა ტარანტინომ, ტრიერმა და ოზონმა. “სირობა, თუ არაა სირობა, ასეთია ჩვენი პირობა.” რეჟისორები გაჯიუტდნენ, შემკვეთებმა ეს რომ დაინახეს, პრობლემის სხვანაირად გადაწყვეტა და თითოსთვის 200-200 ლარის ჩაჯიბება გადაწყვიტეს. ამან რეჟისორები რა თქმა უნდა მოთაფლა და რგოლებიც გადაიღეს. აი, რა გამოვიდა.

ანდრეი ტარკოვსკი

კარადა ტყეშია. იქვეა საწოლი. თავიდან კადრში ხეებში ჩაფლული კარადა ჩანს. კადრი დაახლოებით ათი წუთი გრძელდება. ისმის მხოლოდ ფოთლების შხრიალი და ახლო-მახლო მომავალი მდინარის ხმა. კადრი ძალიან ნელა საწოლზე გადადის. საწოლი ნელნელა ლევიტაციას განიცდის. მასზე სანდრო და მისი მეგობარი გოგო წვანან. ისინი ჩუმად არიან და ერთმანეთს თვალებში უყურებენ. კადრი კვლავ კარადაზე გადადის, რომლის კარებიც ძალიან ნელა იღება. ათოსი სერიოზული სახით გამოდის. კარადაში ვხედავთ გაქვავებულ პორთოსს და არამისს. ისინი ცარიელ სივრცეში იყურებიან. ათოსი უსიტყვოდ უახლოვდება სანდროს, უყურებს თვალებში. კადრი, რომელიც ათოსის სახეს ასახავს ათ წუთს გრძელდება. სანდრო უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს.

ლარს ფონ ტრიერი

მოქმედება კარადაში ხდება. თავიდან, სამივე მუშკეტერი ძალიან მეგობრულად და ადამიანურად ექცევა ერთამენთს. თუმცა, ნელ-ნელა დახურულ სივრცეში ადამიანისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები ვლინდება. თავიდან ყველაფერი შედარებით უწყინარი კინკლაობით იწყება, თუმცა ძალიან მალე მიზანტროპია ყველაზე მძაფრ ფორმებში ვლინდება. საბოლოოდ, ყველაფერი იმით სრულდება რომ მუშკეტერები ერთმანეთს კლავენ. გვამები კარადიდან ცვივა. ბუნებრივია, რომ საწოლში ჩაწოლილი სანდრო და მისი მეგობარი გოგო გადმოვარდნილ გვამებს ხედავენ. სანდრო წარმოიდგენს რომ გადმოვარდნილი კაცები სინამდვილეში მისი მეგობარი გოგოს საყვარლები არიან, ამიტომაც ახსნა-განმარტებას არ აცლის და განსაკუთრებული სისასტიკით კლავს გოგოს. ოთახში გოგონას მამა შემოდის და ამ სცენის დანახვისას სანდროს ეცემა და გასაკუთრებული სისასტიკით უსწორდება. ბოლოს, გოგონას მამა თავს იკლავს.

ფრანსუა ოზონი

იგივე რაც ტრიერი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ გადმოვარდნილი კაცები სანდროს მეგობარ გოგოს აფიქრებინებს რომ ის გეია. სანდროს გოგონა უსწორდება, ხოლო ოთახში არა მამა, არამედ ბიჭის დედა შემოდის, რომლის როლსაც აუცლებლად კატრინ დენევი უნდა ასრულებდეს.

ვუდი ალენი

კარადაში სამი ებრაელი პატარა მაგიდის ირგვლივ ზის. ისინი ცხოვრების ამაოებაზე და დეიდა სარას მიერ მომზადებულ უგემრიელეს ბლინებზე საუბრობენ. ლაპარაკში საათები გადის. უცბად სანდროს ხმა ესმით, “მაპატიე საყვარელო, ბანკში მივდივარ, კომუნალურები უნდა გადავიხადო”. იცხაკი სასწრაფო წესით აღებს კარებს, უახლოვდება სანდროს და ნერვიულად უხსნის რომ მას ბანკში წასვლა არ სჭირდება. თუმცა, სანამ ამას ეტყვის აზრს ვერ აყალიბებს და მიედებ-მოედება ყველა თემას, მათ შორის სარა დეიდას ბლინებს და ცხოვრების ამაოებას. “შეგიძლია ამ სერვისით ისარგებლო და გაუსვლელად გადაიხადო კომუნალურები,” ეუბნება ბოლოს იცხაკი და აიპადს აწვდის. “ჩვენი მოგონილი სერვისია და უბრალოდ ძალიან მინიმალური საკომისიო ჩვენს ანგარიშზე დაჯდება, ჩვენც ხომ უნდა ვირჩინოთ რაღაცით თავი,” ამატებს იცხაკი.

ტარანტინო

რგოლს ფონად  ეს სიმღერა გასდევს. კარადაში ზედი და ტყავებში გამოწყობილი იზვრაშენეცი ძმაკაცი სიგარეტს ეწევიან. სანდრო მეგობარ გოგონას კომუნალურების გადახდის მიზნით ტოვებს და ბინიდან გადის. ზედი კარადიდან გამოდის, თან ღვედით ოთხზე დამდგარ იზვრაშენეც ძმაკაცს მოათრევს. ზედი და მისი ძმაკაცი გოგონას ცუდ რამეს უპირებენ. გოგონა ამას ხვდება და არსაიდან კატანას აძრობს. გოგონა ზედს და მის ძმაკაცს კუწავს.  ოთახი წითლად იღებება. კამერა კრუპნი პლანით რეზკად გადადის გოგონას თვალებზე, რომლის ირგვივ სისხლის წვეთებია მოგროვილი. უცბად, გოგონა აღმოაჩენს რომ ზედს ჩოპერის გასაღები აქვს ჩამოკიდებული, აძრობს და იქვე ეზოში მდგარ ჩოპერს ქოქავს.ბანკისკენ მიემართება. სანდროს მეგობარი გოგოს დანახვა უკვირს და ეკითხება, “ეს ვისი მოტოციკლია?” “ეს მოტოციკლი არაა, ეს ჩოპერია,” პასუხობს გოგონა.

“- კარგი, მაშინ ვისი ჩოპერია?”

“-ზედის”.

“- ზედი ვინაა?”

” – Zed is dead baby, Zed is dead,” პასუხობს გოგონა.

ძმები კოენები

ბრედ პიტი სანდროს ოთახშია. ის  რუსებისთვის საინტერესო მასალების შემცველ დისკს ეძებს. უცბად ფეხის ხმა ესმის და სასწრაფო წესით კარადაში იმალება. ჭუჭრუტანიდან სანდროს აკვირდება და მის გასვლას ელოდება. სანდრო ტანზე იხდის და კოსტიუმის დაკიდების მიზნით კარადისკენ მიემართება. სანდრო დაცვად მუშაობს და ამიტომაც შიდა ჯიბეში მაკაროვი უდევს. სანდრო კარადას აღებს და ხედავს ბრედ პიტს, რომელიც იდიოტივით იცინის. მოულედნოლობისგან სანდრო იბნევა და თვალის დახამხამებაში ბრედ პიტს მაკაროვით კლავს.

ტინტო ბრასი

გადაიღებდა იგივეს რაც საბოლოოდ ორგინალ კლიპში გადაიღეს, ოღონდ “შეიძლება კარადაში დავრჩეთ?” უფრო სექსუალურად და მრავალმნიშვნელოვნად გაიჟღერებდა.

აპოკალიფსის დასაწყისი, ოდა სიხარულს ტრიერის მიხედვით

რეცენზიის დაწყება გინებით რომ შეიძლებოდეს,  ტრიერის გინებით დავიწყებდი, კარგი ქართული, დროს რომ გაუძლო ისეთი გინებით.

მაგრამ არ შეიძლება, ამიტომაც პირდაპირ საქმეზე გადავალ. აქვე ბოდიშს მოვიხდი მათთან ვისაც ფილმი არ უნახავს და ამ წერილის კითხვისას იმ დეტალებს აღმოაჩენს რომელიც ფილმის ყურებისას ხელს შეუშლის.

ამიტომაც, გირჩევთ, თუ ტრიერის მორიგ მიზანტროპიულ და პრაქტიკულად მმკ-ს პათოსით გაჯერებული ფილმის ნახვას მაინც აპირებთ, მაშინ შეწყვიტეთ კითხვა, ვინაიდან “მელანქოლიაზე” მასში ნაჩვენები დეტალების გარეშე მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფილმს ორი მთავარი პერსონაჟი, ჯუსტინი და კლერი ჰყავს, ანუ კირსტენ დანსტი და შარლოტ გინსბურგი. თუმცა, აშკარაა ტრიერის სიმპატია პირველის მიმართ.

დასასრულის დასაწყისი ქორწილით იწყება, თავიდან ჯუსტინი თითქოს ბედნიერიც კია, ქმარს კოცნის, ეხვევა და მოკლედ ეალერსება ყველანაირად. მაგრამ ქორწილის მსვლელობისას ხასიათი ეცვლება და ნელ-ნელა აუტანელი ხდება. აშკარა ხდება რომ ჯუსტინი ქორწილის წინააღმდეგია.

მეორეს მხრივ გვყავს კლერი, გათხოვილი ქალბატონი რომელსაც ვაჟი ეზრდება, ის პატივს სცემს ტრადიციებს, ყველაფერს პროტოკოლის მიხედვით აკეთებს და მიაჩნია რომ ქორწილი ქორწილს უნდა ჰგავდეს.

ტრიერმა ორი რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟით ორი მხარე დაგვანახა – პირველი, კირსტენ დანსტის სახით რომელიც ეწინააღმდეგება ქორწინებას, როგორც გამრავლების, ადამიანის მოდგმის გაგრძელების სიმბოლოს და მეორეს მხრივ შარლოტ გინსბურგის პერსონაჟი, რომელიც ადამიანობის წარმომადგენელია, და რომლისთვისაც მთავარი სიცოცხლის გაგრძელებაა.

ეს ორი სიმბოლო მელანქოლიის (პლანეტის, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს და შთანთქავს დედამიწას) მოახლოებასთან ერთად ხდება ნათელი. ჯუსტინი რომელიც ქორწილის დროს სუსტდება და სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობს თავს, და ბოლოს პრაქტიკულად უმწეო ხდება, პლანეტის მოახლოვებასთან ძლიერდება. მაშინ როდესაც კლერს შიში იპყრობს და ისიც პანიკაში ვარდება, კლერს სიკვდილი არ სურს, მაშინ როდესაც ჯუსტინი მშვიდადაა და საკუთარ დას (კლერს) ეუბნება, “სიცოცხლე ბოროტებაა.”

ჯუსტინი, ტრიერის მიხედვით კარგი ტიპია, მაშინ როდესაც კლერი, რომელიც ხარბად შთანთქავს ჟანგბადს რომელიც მელანქოლიის მოახლოევებასთან ერთად ნაკლები რჩება – ცუდი, მხოლოდ იმიტომ რომ სიცოცხლე უყვარს.

ჯუსტინის ფრაზასთან ერთად თითქოს შიშვლდება ტრიერის სახე, რომელზეც პათოლოგიური ღიმილი გამოისახება და გვეუბნება, “მძულხართ, ყველანი.”

ტრიერის სიძულვილი იქეთ იყოს და ერთ-ერთ ინტერვიუში ქუენთინ ტარანტინო კრიტიკოსს უპირისპირდება, რომელიც მის ფილმებს ძალადობას და ზედმეტ ნატურალისტობას აბრალებს. ტარანტინო თავის მხრივ ეუბნება რომ თუ კრიტიკოსს კინოზე უნდა საუბარი, მაშინ უნდა ესაუბროს კინოზე და არა რეალურ სიცოცხლეზე. ტარანტინო მართალია, ის აკეთებს კინოს.

ტრიერიც ქმნის კინოს, მაგრამ განსხვავება ამ ორს შორის ისაა, რომ ტრიერისთვის კინო არა უბრალოდ კინო, არამედ პირადი კომპლექსების ეკრანზე გადმოტანა და შეიძლება ითქვას რეალობაზე გავლენის ქონაა.

მელანქოლიის ყურებისას თითქოს ხდება ნათელი თუ რატომ საუბრობდა ტრიერი სიმპატიით ჰიტლერზე, თითქოს ატყობ რომ დიახ, ტრიერს მართლა სურს აპოკალიფსი, კაცთა მოდგმის გადაშენება, და თან ვერ იჯერებ, ეკრანზე ხომ კინომატოგრაფიულად კარგ, გამართულ ფილმს უყურებ. როგორ შეიძლება ხელოვანს ასე სძულდეს ადამიანები?

ტრიერი კვლავ იქეთ იყოს და ბორხესის ერთ-ერთ მოთხრობაში, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, აღწერილია მომავალი სადაც ადამიანები საკუთარი ნებით მიემართებიან გაზის კამერისკენ, წარსულიდან მოგზაური ეკითხება ერთ-ერთს, “სად მიდიხართ? რას შვრებით?” რაზეც ის პასუხობს, “გაზის კამერებში, ეს გამოგონება პირველად ერთმა ფილანტროფმა, სახელად ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა მასობრივად.”

მსგავსია ტრიერის მიდგომა, მისთვის თითქოს ეს ფილანტროპიაა, შვება. აი, მაგიტომაცაა მისთვის აპოკალიფსი მხოლოდ დასაწყისი, ჰიტლერი კიდევ არც თუ ისე ცუდი ტიპი.

ასე რომ, ლარს, კინემატოგრაფიაში ხუთიანი, ადამიანობაში ნოლი!