Tag Archives: მეცნიერება

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 6]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასული კვირის “You don’t say” სერიის ჰიტად, ანუ აღმაშფოთებელი ბანალურობის შინაარსის მატარებელ ვიდეოდ, რომელსაც სრულიად ფეისბუქი აშეარებს ხოლმე, აი ეს რგოლი მოგვევლინა. დარწმუნებული ვარ ასეთები თქვენს საფრენდეთშიც მრავლად იყვნენ და იმედი მაქვს მათ რიცხვში არ შედიოდით. თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, სასწრაფოდ დატოვეთ ეს რაფინირებული და არამეინტსრიმული პოსტი. თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, გილოცავთ, იუმორის გრძნობა გქონიათ, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ადვილად არ ვარდებით. არა, მართლა რამდენად ირონიულია ის, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს ფეისბუქზე ატარებს  სწორედ ისე იქცევა როგორც ამ რგოლშია აღწერილი და ამ ვიდეოს იგივე ფეისბუქზე აშეარებს. საერთოდ რაღაც უცნაური ტენდენციაა, კომუნიკაციის ინსტრუმენტს, ანუ ფეისბუქს აბრალებდე ყველაფერს. ეს დაახლოებით იგივეა, ტელეფონზე რომ დაურეკო ვიღაცას, ძალიან სისულელეები ილაპარაკო და ყველაფერი არა საკუთარ თავს, არამედ ტელეფონს დააბრალო. თუმცა, ამ ვიდეოს ყოველ დამლაიქებელს და დამშეარებელს ალბათ გულის სიღრმეში საკუთარი თავი ასეთად არ მიაჩნია და მას სხვა ფრენდების სამხელად აკეთებს. გონს მოდით ადამიანებო, ფეისბუქი რომ არა, ბოლოს და ბოლოს, როგორ გაიგებდით მიწისძვრის ან თუნდაც წვიმის შესახებ?

სულ უფრო ჭირს რეალური და ფიქტიური სამყაროს ერთმანეთისგან გარჩევა, ყოველ შემთხვევაში ამ მიმოხილვის რეგულარულ სტუმარს, კიმ ჯონგ უნგს ნამდვილად უჭირს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვეში სეტ როგენის კომედია (ჯეიმს ფრანკოს და სეტ როგენის მონაწილეობით) უნდა გამოვიდეს. ფილმი როგორც ჩანს საშა ბარა კოენის “დიქტატორის” სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კიმ ჯონგ უნი რეალურად არსებული ტირანია. მოკლედ, Game of Throne-ის ენაზე რომ ვთარგმნოთ, კიმ ჯონგ ჯოფრის უთქვამს, რომ პასტის გული ვერ მოითმენსო და ფილმი მართლა რომ გამოვიდესო, არც მეტი არც ნაკლები, ომს დავიწყებო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზად სეტ როგენი და ჯეიმს ფრანკო მოგვევლინებიან. გახსოვთ ისტორიული ომების წინაპირობები? ტერიტორიების გადანაწილება, ერცჰერცოგის მკვლელობა და ა.შ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რას იფიქრებენ ჩვენი შთამომავლები ისტორიის წიგნის გადაშლისას წაიკითხავენ, რომ ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდრი კომედია, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის მიღება იყო, გლობალური ომის მიზეზი გახდა?

იგივე ისტორიის სახელმძღვანელოებში მოსწავლეები ამოიკითხავენ, რომ მე-19 საუკუნეში ადამიანმა მოიგონა ტელეგრაფი, რომელსაც მოჰყვა რადიოს გამოგონება, მე-20 საუკუნეში ტელევიზორი, ინტერნეტი და ა.შ. 21-ე საუკუნეში კი აი ეს სპერმის ექსტრაქტორი. ანუ მეცნიერებმა გაამარტივეს ის, რაც პრინციპში ისედაც საკმაოდ მარტივი იყო და კაცობრიობის ეს ტრივიალური ჰობი, კიდევ უფრო გაამარტივეს. საერთოდ ასეთ გამოგონებას გრძელვადიან პერიოდში, შეუძლია გარკვეული ორგანოს ატროფია გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს შთამომავლებს ორასი წლის შემდეგ გაცილებით სუსტი მარჯვენა უნდა ჰქონდეთ.

როგორც იქნა ქართულ სტოუნჰენჯს მოვესწარით. ადგილობრივ გამგეობას თერთმეტსაფეხურიანი კიბის ასაშენებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოუყვია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო საფეხური 100,000 ლარზე მეტი დაჯდა. ჩემი ძალიან არამეცნიერული გათვლებით ასე ძვირი თავის დროზე მაიების პირამიდების აშენებაც კი არ ღირდა. შესაბამისად, თუ რომელიმე კონკრეტული პირამიდა უფრო იაფი დაჯდა და მას წელიწადში ათიათასობით ტურისტი სტუმრობს, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უფრო ძვირ ღირშესანიშნეობას გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ესტუმროს. ამიტომ, უახლოეს მომავალში ხულოს რაიონში უნდა ველოდოთ სტუმრებს დედამიწის ყველა კონტინენტიდან. ისე კი, ამ კიბის ნახვისას პირველი რაც გამახსენდა თამაში Sim City იყო. ვისაც გითამაშიათ, გამორიცხულია თუნდაც პირველ თამაშზე შეცდომა არ მოგსვლოდათ და შემთხვევით რამე ნაგებობა არაადეკვატურ ადგილას არ აგეშენებინოთ. დაახლოებით ამას ჰგავს ხულოში აშენებული ეს შედევრი.

აინშტაინის თუ დავუჯერებთ, ყველაფერი ფარდობითია. ამ თეორიის მიხედვით, ფეხბურთის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებისთვის ყველაზე სასიამოვნო მოვლენად, იმ მატჩებთან შედარებით რაც მსოფლიო ჩემპიონმა (!) ჩაატარა, ნაკრების თვითმფრინავზე დაცემული მეხი უნდა ჩავთვალოთ. წარმომიდგენია, თუ რა კოშმარული სიზმრები ესიზმრებოდათ სახლში მიმავალ ესპანელებს მეხმა რომ გამოაღვიძა. ვფიქრობ ეს შემთხვეა მათთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც სპორტსმენები აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ფეხბურთის გარდა არსებობს სხვა “რამეები” რამაც შეიძლება სიხარული მოგიტანოს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს სხვა “რამეები” შეიძლება უკეთ გამოგდიოდეს.

ამ კვირისთვის სულ ეს იყო, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა, მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, ტოტალიზატორები ხარობენ, X-factor-ის ფანები არაადეკვატურად “ვაიმე რა მაგარია” პათოსით აშეარებენ მათი ფავორიტების ვიდეოებს, ქართველი “კრეატივშიკები” განაგრძობენ უნიჭო რეკლამების შემოთავაზებას, ლუდი კი გაგანია ზაფხულში სულ უფრო და უფრო ემსგავსება H2O-ს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

Advertisements

იტალო კალვინოს კოსმიოკომიკური ისტორიები [რეცენზია წიგნზე]

calvino

იტალო კალვინოს ნაწარმოებები უცნაურია. უცნაურია თავისი სტრუქტურით, შინაარსით, გმირების არაორდინალურობით და ჟანრების აღრევით. აქ ყველაფერია; ფენტეზი, ფანტასტიკა, ფილოსოფია… ეს ყველაფერი კი კალვინოს პროზაულ ნაწარმოებებს პრაქტიკულად პოეზიად აქცევს.

კოსმიოკომიკური ისტორიები მოკლე ნოველებისგან შემდგარი ნაწარმოებია. აქ გმირებს ავტორი სახელების მაგივრად ფორმულებად მოიხსენიებს. ასე მაგალითად: Qfwfq და Ph(i)nko ნაწარმოების გმირები არიან, პირველი მამაკაცია, მეორე კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

ნაწარმოებში კალვინოს ხშირ შემთხვევაში მეცნიერული ფაქტები მოჰყავს, რომელთა მეშვეობითადაც ის სამყაროს ევოლუციაზე საუბრობს.  თუმცა, საინტერესო ისაა თუ როგორი პოეტურობით მოგვითხრობს ავტორი ამ ისტორიებს. კრებულის ერთ-ერთი ნოველა, “ყველაფერი ერთ წერტილში” აღწერს მეცნიერულ თეორიას იმის შესახებ, რომ თავიდან სამყარო ერთ წერტილში იყო მოქცეული და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო გაფართოება. თუმცა, ავტორის ვერსია სამყაროს შექმნის შესახებ არა მეცნიერული, არამედ თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამ შემთხვევაში სიყვარულია (ჩემი თარგმანი რუსულიდან) :

“მაშინ როდესაც სენიორა Ph(i)nko-მ წარმოთქვა “…ეჰ ლაფშა, ბიჭებო…” – წერტილმა რომელშიც ყოველი ჩვენთაგანი იყო, გაფართოება და გადიდება დაიწყო, რომელიც სიდიდეში ათეულობით სინათლის წელიწადს, სინათლის საუკუნეს და მილიარდობით სინათლის ათასწლეულებს აღწევდა და ყოველი ჩვენთაგანი სამყაროს სხვადასხვა კუთხეში მოგვისროლა, ის კი თვითონ რაღაც ენერგიად გარდაიქმნა – ის, ან სინათლედ ან სითბოდ იქცა – ზუსტად არ ვიცი, სწორედ რომ ის სენიორა Ph(i)nko რომელიც ჩვენს ჩაკეტილ, ცეროდენა სამყაროში ერთადერთი იყო, რომელიც გულუხვობის ბიძგისთვის აღმოჩნდა მზად (‘ეჰ ბიჭებო, რა ლაფშას გაჭმევდით ეს ადგილი ოდნავ დიდი რომ ყოფილიყო), აბსოლუტური სიყვარულის ბიძგისთვის, რომელმაც ერთ წამში დაუდო საფუძველი სივრცის, დროის და სამყაროს მიზიდულობის ცნებას…”

კოსმიოკომიკური ისტორიების კიდევ ერთი ნოველა “მანძილი მთვარემდე” ასევე სასიყვარული ისტორიაზე მოგვითხრობს. “მანძილი მთვარემდე” უცნაური ისტორიაა, რომლის ნარატივიც თითქოს მკითხველის  ქვეცნობიერამდე აღწევს. ამბის მოყოლის მაგივრად, თქვენი და ჩემი დროის ეკონომიის, თუმცა უფრო მეტად საინტერესო ანიმაციის გაცნობის, მიზნით აი ამ მოკლე ანიმაციის ყურებას გირჩევთ. 

რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ალბათ საჭიროა იმის თქმა, რომ კალვინომ დროს გაუსწრო და მე-20 საუკუნეში არსებული ლიტერატური დოგმატები უარყო. მან წერის ახალი სტილი შემოიღო. ამის მაგალითად იმ ფაქტის მოყვანა შეიძლება, რომ ავტორს მისი თანამედროვე კრიტიკოსების უმრავლესობა არასერიოზულად აღიქვამდა და მისი ნაწარმოებების  დაფასება მხოლოდ 90-იან წლებში დაიწყეს.

ბოლოს იმის თქმა შეიძლება, რომ კოსმიოკომიკური ისტორიები მარტივი წასაკითხი არაა. დამწყებ მკითხველს რომელიც სწორხაზოვან ნარატივსაა შეჩვეული, კითხვისას შეიძლება ძილიც კი მოერიოს, თუმცა თუ საკუთარ თავს ლიტერატურის მოყვარულად თვლით, კალვინო წასაკითხ ავტორების სიაში ნამდვილად უნდა შეიყვანოთ.