Tag Archives: მითი

ოდა ბორხესს

ცოტაა ისეთი ადამიანი რომელსაც სიკვდილის შემდგომ წარუშლელი კვალის
დატოვება ძალუძს, ასეთი ადამიანები უკვდავნი არიან. ხორხე ლუის ბორხესი ერთ-ერთი მათგანია, მიუხედავად მისი სურვილისა სიცოცხლის შემდგომ მომკვდარიყო სრულიად, ფიზიკურად და სულიერად, წაშლილიყო სამუდამოდ კაცობრიობის ისტორიიდან, ბორხესის სახელი სავარაუდოთ ადამიანებს ლიტერატურის აღსასრულამდე ემახსოვრებათ.

საოცრად მორცხვი, თავმდაბალი და უბრალო ხორხე ლუის ბორხესი ყველაზე დიდ სიხარულს ბიბლიოთეკაში, წიგნებში პოულობდა, ის წერდა და კითხულობდა, ყოველდღიურად გებულობდა უფრო მეტს სამყაროზე, იმ წიგნებიდან რომლებიც თაროზე მკითხველის მოლოდინში ატარებენ მარადისობას. პოპულარობამ ბორხესი სიბერეში აღმოაჩინა, დაახლოებით 60 წლის იქნებოდა როდესაც მსოფლიომ აღიარა და მრავალრიცხოვან ტურნეებში მიიპატიჟა, ბორხესი კითხულობდა საჯარო ლექციების არგენტინისგან ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი და საკუთარი ისტორიებით და ენით აჯადოვებდა ყველაზე ნაკლებად დაინტერესებულ მსმენელებსაც კი.

ბორხესი თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე, წერდა ესპანურად და ინგლისურად, რთულია წარმოიდგინო ენაზე მასსავით შეყვარებული ადამიანი. ამის მიუხედავად ბორხესი თვლიდა რომ არცერთი ენა არ არის სრულყოფილი და ხელოვნურად შექმნილი ენა ვერ გადმოსცემდა ყველაფერ იმას რაც ჩვენს ირგვლივ, სამყაროში არსებობს, ამიტომაცაა რომ ბორხესის შემოქმედებას ეტყობა ავტორის ძალისხმევა მაქიმალური სიზუსტით გადმოსცეს სამყაროს მითოლოგია, სამყაროს რომელშიც დიდი ადგილი არგენტინას და ბუენოს აირესს ეთმობა.

ბორხესი მთლიანად ბუენოს აირესს ეკუთვნის ისევე როგორც ჯოისი დუბლინს და  ვუდი ალენი ნიუ იორკს. ბორხესის მოთხრობები გაჯერებულია ბუენოს აირესისგან მიღებული მუხტით, მათ წაკითხვისას ბუენოს აირესში ფიზიკურად მოხვედრა არ არის საჭირო რომ შეგიყვარდეს ეს ქალაქი თუ ბორხესს კითხულობ.

ბორხესს არ სჯეროდა რომანის, ამიტომაც არცერთი არ დაუწერია, მას მოთხრობების, ესეების და ლექსების სწამდა, ამიტომაც მხოლოდ ასეთ ფორმებში პოულობდა სიცოცხლესთან საერთო პოეზიას. როგორც ენა ვერ აღწერს სიცოცხლის პოეზიას  ისევე შეუძლებელია ბორხესი ერთი პოსტით დაახასიათო, ამიტომაც ვისაც ესპანური ან ინგლისური გესმით გიტოვებთ ამ საოცარ ლექსს რომელიც ბორხესის ამაღლებულ ბუნებას უშეცდომოდ ასახავს.

Advertisements

ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი რწმენაზე

ფავნის ლაბირინთი დიდებისთვის განკუთვნილი ზღაპარია და როგორც
უმრავლესობა ზღაპარს ახასიათებს, ეს სურათიც გარკვეული მორალის მატარებელია.

სანამ გილერმო დელ ტოროს ფანტაზიის ნამუშევარს ჩავუჯდებოდი ცხადია გარკვეული მოლოდინი მქონდა,  ეს მოლოდინი ფილმს არ დაემთხვა. განვითარებული სიუჟეტი და დელ ტოროს ფანტაზია იმდენად არაორდინარული აღმოჩნდა რომ ერთის მხრივ იმედგაცრუებული დავრჩი რომ რეჟისორს სურათი შეიძლებოდა კიდევ უფრო ზღაპრული და მითიური გაეხადა, მაგრამ მეორეს მხრივ მომეწონა რეალიზმთან სიახლოვე და ფილმში ჩადებულ სიმბოლიზმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

და მაინც, რაში მდგომარეობს ფავნის ლაბირინთის მორალური შინაარსი? რისი თქმა სურს რეჟისორს ჩვენთვის? მაშინ როდესაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, პატარა ოფელია მითიური ფავნისგან დავალებას იღებს და წარმატების შედეგად გასაღებს პოულობს ჩვენ ვერთვებით ჩვენი გასაღების ძიების პროცესში და ფილმის მსვლელობისას ვცდილობთ მის აღმოჩენას. ფილმი მდიდარია პერსონაჟებით; ერთის მხრივ ვხვდებით კეთილ და თავდადებულ მერსედესს, რომელსაც რისკის ქვეშ უწევს ცხოვრება და მუშაობა. გვყავს ასევე ოფელიას დედა, ლამაზი, მაგრამ ცხოვრებისგან გატეხილი კარმენი, რომელიც გამოსავალს ნაცისტი კაპიტან ვიდალის მეუღლეობაში ხედავს. იმ ადამიანის მეუღლეობაში რომელიც სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ნაცისტია და არაადამიანი, რომელსაც უდანაშაულო ადამიანის მოკვლისას ნერვი არ შეუტოკდება. ასევე გვყავს ექიმი და სწორედ რომ ამ ექიმის მეშვეობით ვპოულობთ ფილმის გასაღებს.

მაშინ როდესაც კაპიტანი მიხვდება რომ ექიმი მას ღალატობს და კომუნისტებს ეხმარება, ის მის მოკვლას დააპირებს, მაგრამ სანამ ამას იზამდეს, ეკითხება რატომ არ დაემორჩილა ის მას, რაზეც ექიმი დაახლოებით ასეთ რამეს პასუხობს: “დამორჩილება? მხოლოდ დამორჩილების ხათრით?.. ყოველგვარი კითხვის გარეშე?.. ასე მოქცევა მხოლოდ თქვენნაირ ხალხს შეუძლია.”

ეს ეპიზოდი და დიალოგი სავარაუდოდ ჩვენს ყურადღებას არ მიიპყრობდა
რომ არა ფილმის სხვა მონაკვეთი რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი. მაშინ როდესაც ოფელია მეორე დავალებაზე მიდის და ფავნისგან მკაცრ დავალებებს იღებს ის მის სიტყვებში ეჭვ შეიტანს და თავისებურად მოიქცევა, რადგანაც ის კითხვებს სვამს და ხშირად დოგმატურ წესებს უხვევს. სწორედ ასეთი საქციელი ფილმის ბოლოს, როდესაც ოფელია უარს იტყვის უდანაშაული ახლადდაბადებული ბავშვის სისხლისღვრაზე და ფავნის განრისხებას იწვევს, საბოლოოდ მოახვედრებს მშობლებთან, ზღაპრულ სამეფოში სადაც ის პრინცესას წარმოადგენს. მან დავალება ისე შეასრულა როგორც მისგან ფავნი და მამამისი, მეფე ითხოვდა, არა პირდაპირი მორჩილებით არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.

გამოდის რომ ამ ფილმში დელ ტორო რწმენაზე გვესაუბრება? თან ისეთზე რომელიც დოგმატიზმს არ ცნობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს როდესაც სიკეთეს და ჭეშმარიტებას ჩვენს საკუთარ თავებში და არა სხვების მიერ მოცემულ დირექტივების უსიტყვო მორჩილებაში ვპოულობთ (როგორც ამას კაპიტნის ნაცისტურ ქმედებებში ვხვდებით), ვპოულობთ მაშინ როდესაც ვაზროვნებთ ჩარჩოებს მიღმა და შეგვიძლია წესი დავარღვიოთ თუ ის თავისთავად ამორალურია.