Tag Archives: მუსიკა

Facebook მომხმარებელთა რამდენიმე ტიპი

მელანქოლიური, ოდნავ გარიყული და შიგადაშიგ მოწუწუნე იუზერი

კარგ ხასიათზე მყოფი ხშირად აშეარებს კატების საყვარელ და სასაცილო ვიდეოებს. ცუდ ხასიათზე ყოფნისას როგორც წესი ამის შესახებ საკუთარი სტატუს აფდეითით იუწყება. ყველაზე ხშირად იყენებს შემდეგ ემოტიკონს: ❤ და 😦

მიაქვს გულთან ყველაფერი ახლოს, ვერ ხვდება სარკაზმს და ამავდროულად ძალიან უხარია როდესაც რომელიმე ფოტოზე ვინმე უკეთებს შემდეგ შინაარსის კომენტარს: “როგორიიი ლამაზი ხარ, მენატრები <3”

საყვარელი წიგნი – ჯეინ ეირი, საყვარელი ფილმი – Notebook, უსმენს სოულს.

აქტივისტი

ზედმიწევნით კარგად ფლობს NGO ლექსიკონს. აშეარებს და დადის იმ ივენთებზე, რომელსაც მეტწილად მისი ორგანიზაცია აწყობს. უკვირს აქციაზე საკუთარი ნებით, პირდაპირი დაინტერესების გარეშე მოსულ ადამიანს თუ ხედავს.

განსაკუთრებით კარგად ერკვევა გენდერთან და LGBT დაკავშირებულ თემებში, ნაკლებად სოციალურ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გადის საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძებაზე. მუსიკას მაინცმდაინც არ უსმენს, მაგრამ იცის რომ ჯაზი კარგია. კითხულობს თანამედროვე ლიტერატურას (მურაკამი, ფამუქი, კუნდერა), უყურებს ჰოლივუდის ნაწარმს, მაგრამ საჯაროდ არტ ჰაუსზეც ძალუძს ერთი ორი სიტყვის ჩაგდება. უყვარს ასეთი ტიპის პოსტების კითხვა და დაშეარებისას “ვაიმე რაღაცეები რა სიმართლეა-ს” კომენტარად მიწერა.

აქტივისტ-ინტელექტუალ-ექსპერტი

გმობს და აკრიტიკებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უმეტესობას, აშეარებს ივენთებს, აჭერს “ეთენდინგს”, მაგრამ თავად ასეთ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდის ხოლმე.

უყვარს დისტანცირება, იქმნება შთაბეჭდილება რომ საკუთარ თავს რიგ შემთხვევებში “ბნელი მასისგან” გამოყოფს.

თუ მემარცხენეა  სურს ელიტარულობა და თან “უტყდება”, თუ მემარჯვენეა სურს ელიტარულობა და არც “უტყდება” მაგრამ სერიოზულად არავინ აღიქვამს და ასეთად არავინ მიიჩნევს.

უსმენს კლასიკას, უყურებს არტ ჰაუსს, მაგრამ თუ ერთზე ან მეორეზე საუბრობს ამას სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში აკეთებს და განიხილავს. მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის ფეისბუქზე აქტიურობის გამო ნაკლები დრო რჩება.

საკუთარ თავთან მოლაპარაკე იუზერი

იმის გამო რომ სტატუსებს საუკეთეშო შემთხვევაში ძალიან ცოტა თუ ულაიქებს ან უარესში საერთოდ არავინ, როგორც წესი ამას თვითონ აკეთებეს.

ჰგონია რომ გონებამხვილურად ხუმრობს, მაგრამ ეს უკეთ გასაგები რომ იყოს ისტერიულად სმაილიკების დიდ რაოდენობას რთავს ხოლმე. სხვისგან კომენტარს რომ ვერ აღმოაჩენს – თავად იწყებს კომენტირებას და საკუთარ თავთან შედის დიალოგში.

ლაპარაკობს და წერს პირად თემებზე, რომლებიც პრინციპში სხვას არაფერს ეუბნება და ამავდროულად არც აინტერესებს. გაურკვეველია რას უსმენს, უყურებს თუ კითხულობს.

მეოჯახე დიასახლისები (AKA ორი ერთში)

ამ ჯგუფის წარმომადგენლები როგორც წესი ერთ პროფაილში როგორც მინიმუმ ორ ადამიანს აერთიანებენ – ანუ საკუთარ თავს და მინიმუმ ერთ მცირეწლოვან შვილს, მეტწილად არიან დედები.

ფოტოების შეფარდება 60-40-ზეა, შვილის სასარგებლოდ.  სხვებისგან ხშირია კომენტარები, “ვაიმე რამხელა გაზრდილა” (ანუ ადრე, უინტერნეტობის პერიოდში ყველასათვის კარგად ნაცნობი შორი ნათესავის რეპლიკამ დიჯიტალიზაცია განიცადა).  წიგნების კითხვაზე დრო არ რჩებათ, უსმენენ სამზარეულოში ჩართულ რადიოს, უყურებენ ჰოლივიდურ მელოდრამა/კომედიებს. საყვარელი მსახიობი – ეშთონ კატჩერი ან ჯონი დეპი.

პროზელიტიზმით დაკავებული ერის სულიერი მამები

შეიძლება იყვნენ სხვადასხვა იდეოლოგიების მატარებლები და ამის მიხედვით ქადაგებენ იდეებს. ჰყავთ 5000 ფრენდი, თუმცა აქ ორი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება 1) ტელევიზიის წყალობით პოპულარული ინდივიდები, ვისაც სხვები ისტერიულად იმატებენ 2) არაპოპულარული ინდივიდები, რომელსაც პოპულარობა სურთ და თავად ამატებენ სხვებს (ოღონდ თუ ვინმემ ჰკითხა “ამდენი ფრენდი საიდანო,” პასუხობენ “რავიცი, მამატებენ და უარს ხომ არ ვეტყვი”).

სტატუსები ლაიქების გარეშე არ რჩებათ ხოლმე (განსაკუთრებით პირველ შემთხვევაში) და ამიტომაც “საკუთარ თავთან მოლაპარაკე იუზერის” ანტიპოდს” წარმოადგენენ. თვლიან რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას ფლობენ და ღიზიანდებიან თუ ვინმე არ ეთანხმება, თუმცა ამას ნაკლებად გამოხატავენ. იდეოლოგიური სიჭრელის გამო უყურებენ, უსმენენ და კითხულობენ (ან არ უყურებენ, არ უსმენენ და არ კითხულობენ) სხვადასხვა პროდუქციას.

კინიკოსები

რეალურად ძალიან დაუცველი ჯგუფია და სწორედ ეს დაუცველობა აიძულებთ ყველაფერი “აიგდონ” და სერიოზულად არაფერი აღიქვან. სარკაზმით ეპყრობიან პროზელიტიზმით დაკავებულ ერის სულიერ მამებს, გმობენ აქტივისტებს და ზოგადად მეგობრობენ მხოლოდ ერთმანეთთან, თუმცა ამ შემთხვევაში კონკურენციის გამო ხშირად ცდილობენ “უკეთ იხუმრონ” ან “აიგდონ” რამე თემა. ხშირად ტროლაობენ, რასაც ხშირად სხვები ვერ ხვდებიან და მათ კომენტარებს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ. უსმენენ Depeche Mode-ს და Kraftwerk-ს, მეტწილად კითხულობენ სამეცნიერო ფანტასტიკას და უყურებენ ყველაფერს.

მტკვარ-დივან-გალერის კრიტიკული მასა

ერთობიან ერთფეროვან კლუბებში ერთფეროვანი ვიზიტებით. ამის შესახებ ფეისბუქზე დადებული ფოტოებიდან ვიგებთ. ლოცულობენ ბერლინზე და უსმენენ მინიმალს. შიგადაშიგ იკვებებიან ხინკლით, მაგრამ ამავდროულად  დასცინიან ხინკლის მოყვარულებს. ზევიდან უყურებენ მათ ვინც მათ “სტანდარტებში” არ ჯდება. წიგნებს არ კითხულობენ, სამაგიეროდ კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ერთი ორი კარგი ლინკი ყოველთვის უგდიათ.  ძალიან “უტყდებათ” როდესაც აღმოაჩენენ ხოლმე რომ მათ მიერ დაშეარებული კომპოზიცია სხვისთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ამას არ იმჩნევენ.

Advertisements

საუნდტრეკები მხატვრულ ნაწარმოებებში

უყურებ ფილმს, რომელსაც ფონად კარგი მელოდია სდევს, ეცემი გუგლს და სასწრაფო წესით ეძებ სასურველ საუნდტრეკს, ან იპოვი ან ვერა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რიგიანად გაწვალდები. სამაგიეროდ კინოსგან განსხვავებით, წიგნებში ყველაფერი გაცილებით მარტივია, ავტორი ხომ იქვე ახსენებს კომპოზიციასაც და მის ავტორსაც…

მოკლედ, ქვემორე გთავაზობთ ჩემს მიერ წიგნებში აღმოჩენილ რამდენიმე საუნდტრეკს და აქვე კომენტარების ველში გთავაზობთ ამ სიის შევსებას.

IMG_3787 [50%]

საუნდტრეკი:  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია (მეტწილად “ოდა სიხარულს”)

ნაწარმოები: მექანიკური ფორთოხალი

ავტორი: ლუდვიგ ვან ბეთხოვენი/ენტონი ბერჯესი

ლიტერატურულ ნაწარმოებებში გამოყენებულ მუსიკაზე საუბრისას დიდი ალბათობით და ყოველგვარი მეცნიერული ანალიზის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესობას პირველ რიგში ეს მაგალითი მოუვიდოდა აზრად. “მექანიკური ფორთოხალი” პირველად 1962 წელს, ინგლისელი მწერლის ენტონი ბერჯესის ავტორობით გამოიცა. ნაწარმოების მთავარი გმირი/ანტიგმირი ალექსია, ჩვეულებრივი ჰულიგანი, არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნებით. ის პათოლოგიურადაა შეყვარებული მე-9 სიმფონიაზე, რომლის მოსმენისას ის ღვთაებრივ სიამოვნებას იღებს, მანამ სანამ იმავე სიმფონიას მასზე გამოსასწორებელი ღონისძიების გატარებისას არ ასმენინებენ და მის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ…

საუნდტრეკი: The end of the world

ნაწარმოები: საოცრებათა ქვეყანა მუხრუჭების გარეშე და სამყაროს აღსასრული

ავტორი: The Carpenters/ჰარუკი მურაკამი

იაპონელ მწერალ ჰარუკი მურაკამის ზოგადად უყვარს საკუთარ ნაწარმოებებში ჯაზ, პოპ და კლასიკური მუსიკალური კომპოზიციების აღწერა, ამიტომაცაა რომ მის წიგნებში ასეთებს პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე ყველგან შეხვდებით. აქვე, მოვლენებს დავასწრებ და ვიტყვი, რომ ამ სიაში მურაკამის კვლავ იხილავთ. სამოცდაათიან წლებში პოპულარული ამერიკული ბენდ The Carpenters – ის სიმღერის ტექსტი მურაკამის ნაწარმოების ერთ-ერთი თავის ეპიგრაფად აქვს გამოყენებული, თუ წიგნის და სიმღერის სახელწოდებას გავითვალისწინებთ, ეს არც გასაკვირია და არც მაინცდამაინც ორიგინალური გადაყვეტილებაა.

საუნდტრეკი: #9 Dream

ნაწარმოები: Number9Dream

ავტორი: ჯონ ლენონი/დევიდ მიტჩელი

თუ მურაკამიმ The Carpenters-ის სიმღერის ტექსტი ეპიგრაფად გამოიყენა, ინგლისელი მწერალი დევიდ მიტჩელი ორიგინალურობაში კიდევ უფრო შორს წავიდა და ჯონ ლენონის სიმღერა #9 Dream (სიზმარი ნომერ 9) წიგნის ყდაზე გამოაჭენა. Number9Dream სურეალისტური ტიპის ნაწარმოებია, რომლის მოქმედებაც ტოკიოში ვითარდება, მისი მთავარი გმირი (ეიჯი) კი სიზმარს და რეალობას ერთმანეთში ურევს. ამიტომაცაა, რომ წიგნის კითხვისას ხანდახან მკითხველისთვისაც კი რთულია გაერკვიოს სად იმყოფება ეიჯი. პრინციპში,  რას ვერჩით? არც არაფერს, მიტჩელმა ჯონ ლენონის კომპოზიცია ზუსტად გაარტყა, წიგნიც და სიმღერაც აშკარად მსგავს “დუხშია” დაწერილი.

საუნდტრეკი:  ლეოს იანაჩეკის სინფონიეტა

ნაწარმოები: 1Q84

ავტორი: ლეოს იანაჩეკი/ჰარუკი მურაკამი

კვლავ ინტუიციას ვენდობი და ყოველგვარი მეცნიერული ანალიზის გარეშე ვიტყვი, რომ ამ პოსტში მოყვანილ ნაწარმოებებს შორის, მოყვანილი კომპოზიციების პოპულარუზაციის კუთხით ყველაზე დიდი წვლილი, სწორედ რომ მურაკამის ნაწარმოებმა შეიტანა. ჰიპოთეზის გასამყარებლად კი გთავაზობთ ქვემოთ მოყვანილ ლინკზე გადასვლას და პირველივე კომენტარების წაკითხვას. მოდით ხელზე გული დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ კლასიკურ მუსიკაში მაინცდამაინც თუ ვერ ვერკვევით, ჩეხი კომპოზიტორის იანაჩეკის აღმოჩენა 1Q84-ის წაკითხვის გარეშე ალბათ გაჭირდებოდა. კომპოზიცია იაპონელი მწერლის ნაწარმოებს ლაითმოტივად სდევს, რომელსაც წიგნის სხვადასხვა გმირები სიუჟეტის განვითარების სხვადასხვა მონაკვეთში უსმენენ.

საუნდტრეკი: რობერტა

ნაწარმოები: თოვლი

ავტორი: პეპინო დი კაპრი/ორჰან ფამუქი

ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე საყვარელი და სახასიათო სიმღერა ამ სიაში. გარდა იმისა, რომ “თოვლი” პოლიტიკურ-სოციალურ თემაზეა აგებული ნაწარმოებია, მის ერთ-ერთ მთავარ თემას ასევე სიყვარული წარმოადგენს. ნაწყვეტი ნაწარმოებიდან:  “მას პეპინო დი კაპრის ‘რობერტა’ ჩაესმოდა და საკუთარი თავი ტურგენევის რომანტიულ დაღვრემილ გმირად მიაჩნდა, რომელიც იმ ქალის შესახვედრად მიდიოდა, რომლის ხატსაც ის ბევრი წლის განმავლობაში ქმნიდა.” კარგია, არა? სიმღერაც კარგია.

კედებში გამოწყობილი ქართველი “ევროპელების” ფიქრები

პირველ რიგში მოცემულ ტექსტს არანაირ ლიტერატურულ ღირებულებაზე არ გააჩნია პრეტენზია, ეს უფრო სატირული ხასიათის პუბლიკაციაა რომლის მთავარი დანიშნულებას მკითხველის გართობა წარმოადგენს. მიუხედავად სტერეოტიპებზე სატირისა, თავად ტექსტია სავსეა სტერეოტიპებით და განზოგადოებით, ამიტომაც ზედმეტად სერიოზულადაც ნუ მიიღებთ.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ვინმე კითხვისას საკუთარ თავს აღმოაჩენს (თუ აღმოჩენისთანავე ეწყინა სულ უკეთესი), ესეიგი პოსტმა გაამართლა და გართობაზე ოდნავ მეტი დატვირთვა შეიძინა.

საქმე ისაა რომ თანამედროვე ქართულ რეალობაში ევროპა მახინჯ ფორმებში შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში. არსებობს გარკვეული სტერეოტიპები დასავლეთზე, რომელზეც უმეტეს შემთხვევაში იმ ხალხს რომელსაც ასეთებად (ევროპელებად) მიაჩნიათ სინამდვილეში არანაირი წარმოდგენა არ აქვთ.

მოკლედ, გთავაზობთ თანამედროვე ქართველი “ევროპელის” რამდენიმე ტიპაჟს, რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრით.

1. უგზო უკვლოდ მუსიკალურად განათლებული ინტერნეტში გამომწყვდეული მეინსტრიმში მოღვაწე მარგინალი

ასეთებს ფორუმებზე შეხვდებით ხშირად, ყველაზე პოპულარულზე ერთი წლის განმაბლობაში შეიძლება 10 ათასზე მეტი პოსტი დააგროვოს და ერთ დღეში გრაფომანიით გატაცებულმა კლავიატურაზე პრაქტიკულად ფეხებ შემდგარმა და მონიტორს აკრულმა 100 კომენტარიც კი დატოვოს.

უსმენს ყველაფერს, ანუ არაფერს. ზედაპირულად შეიძლება ისაუბროს ნებისმიერ თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფზე, მაგრამ კომპიუტერს მოწვეტილმა უმეტესობის სამი სიმღერაც ვერ დაგისახელოს. ანუ, ტრადიციულად მუსიკალურად ძლიერია კომპიუტერთან სიახლოვეს და ძალიან სუსტი არავირტუალურ სამყაროში.

პირად საუბარში შეიძლება შემდეგი შინაარსის დიალოგი გააბას, “ფრენკ ზაპა, აუ, აუ, მაგარია… ისა და ეისტურზუნდე ნეუბატენის ბოლო ალბომი მოგეწონა? მაგარია, მაგარია, იელო მოგწონს? იესი? აუ, აუ, მაგარია. ბლექ ფლეგი მაგარი პანკია. ნირვანა? ნირვანა, პაპსა. მაგრამ მაგარი.”

მიუხედავად მარგინალობისა და “რეალურ” სამყაროში გაუსვლელობისა კომპიუტერს მიჯაჭვული მუსიკალური ენციკლოპედიკი შეიძლება რომელიმე რესპექტაბელური მუსიკალური ჟურნალის (“კაკ მინიმუმ” რუბრიკის) რედაქტორადაც დანიშნონ, რაც მის ევროპულ იდენტობას ავტომატურად ერთი ორად ზრდის.  ახალ დანიშნული რედაქტორი ეიფორიაში  ვარდება და დაქვემდებარებულ ჟურნალისტებს ვერ “უმკლავდება,” რადგანაც ესენი უცნაურ კითხვებს სვამენ, დაახლოებით შემდეგი შინაარსის, “ჯგუფთან “ქიუ ენდ ეი” ჩავწერო თუ თხრობით, როლინგსტოუნსის სტილში დავწერო? დაბნეული მარგინალი, მაგრამ ევროპელი პასუხობს, “რავიცი აბა, რა განსხვავებაა მაგათ შორის?”

ჟურნალისტი ვერ მშვიდდება და შემაწუხებელ კითხვებს განაგრძნობს, “რამდენი სიტყვა გინდა?” “მოდი გვერდებით ვიმსჯელოთ,” პასუხობს რედაქტორი და თან შრიფტის ზომასაც კი არ აზუსტებს.

ჟურნალისტი განაგრძნობს მომაბეზრებელ კითხვებს, რედაქტორი იბნევა, ასეთი რამ ფორუმზე არ შეხვედრია, ამიტომაც კვლავ ფორუმს უბრუნდება და წუთში 17 ჯგუფზე ასწრებს ლაპარაკს (პოსტვას).

და მაინც, რატომ ჰგონია უგზო უკვლოდ მუსიკალურად განათლებულ ინტერნეტში გამომწყვდეულ მეინსტრიმში მოღვაწე მარგინალს  თავი ევროპელი?

ამაში გარკვეული როლი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოში სუპერ ჩანელის, მეჯიქ ტივის და მოგვიანებით ემტივის შემოსვლამ ითამაშა. მარგინალს გულწრფელად სწამს რომ ევროპა იგივეა რაც პოპ კულტურა, მაგრამ ამავდროულად იმ პოპ კულტურის წარმომადგენლებს რომელსაც რეალურად აღმერთებს ვერ აღიქვამს ასეთად და საქართველოს რეალობაში ალტერნატივად, სუბკულტურად წარმოაჩენს. ჰგონია რომ რაც უფრო მეტ ევროპულ ჯგუფს მოუსმენს (მოუსმენს და არა და არ გაიგებს), რაც უფრო მეტის სახელი ეცოდინება (პოპ კულტურა მუსიკის სახით ამ შემთხვევაში პირობითია და შეიძლება სხვადასხვა ნაირსახეობას შევხვდეთ) მით უფრო განამტკიცებს საკუთარ ევროპულ იდენტობას.

2. თავის დროზე ემო გოგონა, სქესობრივი კავშირების არ ქონით შეწუხებული, კონფორმისტად ქცეული პუბლიცისტი და ორგანიზატორი

15-17 წლის ასაკში აქტიურად უსმენს ზომიერ პანკს, მათ შორის ნირვანას, ყველაფერი ქართული მახინჯი და გოიმობა ჰგონია, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ტრადიციულ ოჯახში მოუწიოს შეგნებული “თინეიჯერობის” გატარება. იცმევს კედებს, იღებავს თვალებს, ზის კლასის ბოლო მერხზე და საშუალების და მიხედვით ყიდულობს კედებს, ამ შემთხვევაში დიაპაზონი შეიძლება ვენიდან – ლილოს ბაზრობამდე ვარირებდეს.

თუმცა, გადის დრო და ემო კლასის ბოლო მერხი იცვლება კვარიათში ბუნგალოში ცხოვრებით, შიგადაშიგ მაღალი ქუსლებით და ზოგადად ამა ქვეყნის წარმატებულებთან ურთიერთობით…

პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ ემო გოგონა “ნაშდება.”

ურთიერთობებს პოზიტიური შედეგი მოაქვს ემო გოგონასთვის და ისიც სხვადასხვა “ივენთების” ორგანიზატორად გვევლინება, ხდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ბოლომდე იხსნის ემო გოგონას ნიღაბს.

ინტერნეტის სწრაფ განვითარებასთან ერთად აწ ემო გოგონას დღიურის ჩანაწერები წარმატებით ინაცვლებენ მის პირად ბლოგზე. სულ რამოდენიმე თვეში მისი ნაწერები ზე პოპულარობას იძენენ, მეტწილად ეროტიული ხასიათის მოთხრობების თუ ჩანახატების ხარჯზე. მოხიბლული მკითხველი პოტენციური სქესობრივი აქტის ძიებაში ავტორს ეკითხება, “ეს მართლა გადაგხდა თავს?”

ავტორი პასუხს თავს არიდებს, რადგანაც ერთის მხრივ დადებითი პასუხის  გაცემის შემთხვევაში ეშინია “ბოზის” იარლიყი არ მიეწებოს და მეორეს მხრივ, ანუ უარყოფითის შემთხვევაში უბრალოდ გოიმად არ აღიქვან…

როგორც შეიძლება მიმხდარიყავით ავტორი მეტწილ შემთხვევაში მისივე ქვეცნობიერი თუ ცნობიერი განმარტებით უბრალოდ “გოიმია” და წერს იმაზე რაზეც წარმოდგენა არ აქვს.

3. არაპოლიტკორექტული, რუსოფობიით და მამაოფობიით შეპყრობილი ქართველო “ლიბერალი” (შემდგომში ბრჭყალების გარეშე)

ასეთების რამდენიმე ნაირსახობა არსებობს, ერთის მხრივ შეიძლება არსებობდეს უბრალოდ რუსოფობი ლიბერალი და მეორეს მხრივ არარუსოფობი (ზოგიერთ შემთხვევაში რუსოფილიც კი) მაგრამ მამაოფობი ლიბერალი. არსებობს ჰიბრიდებიც, რომელიც ორივე ფობიაზე აერთიანებს. მოდით, ჰიპოტეტიურად ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ.

ჭეშმარიტად სწამს რომ რუსეთი დაიშლება და აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტი ხანია ამტკიცებს რომ 3-4 წელიწადში ბოროტი იმპერია გაქრება მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან. გადის დრო და ეს “ოხერი” არ ქრება, პირიქით ხდება ოლიმპიადის და მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი.

ჰგონია რომ ევროპელ (ნამდვილს) მასსავით სძულს რუსეთი და ყველაფერს აკეთებს იმპერიასთან საბრძოლველად, თუმცა ეს ჰოლანდიელი თუ ბრიტანელი “ოხერი” ხშირ შემთხვევაში პათოსს არ იზიარებს და ინერციით საქართველოს თუ სხვა მეზობელ ქვეყანას კვლავ რუსეთის სატელიტად აღიქვამს.

რუსეთის თემაზე დაღალული ლიბერალი თემას პირწიგნაკზე ბნელ (მართლა ბნელ) და მარგინალ (რომლის დანახვის და მოსმენისას შეიძლება თავად რომელიმე წმინდანს გაეღიმოს) მამაოებზე იუთუბ ვიდეობს ავრცელებს ისტერიულად, ქილიკობს და საქართველოს ყველა უბედურებას მას და მის მრევლს აბრალებს.

ამ ყველაფერს ამატებს “ხალხია ბნელი, ხალხშია პრობლემა,” დიდი ფიქრის შემთხვევაში რომელიმე ევროპულ საელჩოს ვიზის იმედით აკითხავს, მაგრამ ათ დღეში მტკიცე უარის მიღებისთანავე უალტერნატივოდ დარჩენილი აგრძელებს ჯვაროსნულ ლაშქრობას “სიბნელის” წინააღმდეგ.

რა ქნას, ის ხომ ჭეშმარიტი ევროპელია…

ერთი “უიქენდის” ღამე გლაზგოში

პარასკევ-შაბათს, ანუ დასავლეთში უიქენდს რომ ეძახიან, გლაზგოს ქუჩები ტრანსფორმაციას განიცდიან.

თუ კვირის დღეებში აქ დაკავებულ, სიტყვაზე სამსახურში ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ხალხს შეხვდებით, უქმე საღამოს, სულ სხვა სიტუაციაა.

ყოველი ასეთი საღამო ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად თავისებურად უნიკალურია.

ერთ ასეთ ღამეს გარეთ გასულმა ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და აშკარად თუ შეპარვით ხალხს სურათების გადაღება დავუწყე.

ჩემი სენტიმენტალური სამყარო

ინტერნეტ სივრცეში ნახევარ დღეს მაინც ვატარებ, ამ დროის მეტწილს კი პირწიგნაკზე.

საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები, ამის მიუხედავად პირწიგნაკის დამსახურებით ყოველ დღე ვირტუალურ სამშობლოში ვატარებ, იმ საქართველოში, სადაც პოლიტიკური დებატები არცერთი წამით არ ჩერდება, იქ სადაც ერთნი უსამართლობას ყოველ დღე აპროტესტებენ, ხოლო მეორენი ასეთის არსებობას არ აღიარებენ, იქ სადაც მეგობრები ერთმანეთს ემტერებიან და არაფერს თმობენ, იქ სადაც დაგროვილი უარყოფითი ამბების კრიტიკას ვერ აუდიხარ და მილან კუნდერას წიგნებივით ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან.

დღესაც ასეთი დღე იყო, რაც მეტწილად საქართველოს პრეზიდენტის დამსახურება აღმოჩნდა. გაბრაზებული სააკაშვილი თამარ ამაშუკელს და გოგი გვახარიას პირადად გადაწვდა. მოგეხსენებათ პირადად პირველად პრეზიდენტი ბურჭულაძეს შეეხო, ასეთი ტენდენცია სახიფათოდ მივიჩნიე და ვიფიქრე პოსტსაც დავწერ თქო…

მერე მივხვდი, რა აზრი აქვს თქო, ჩემს მაგივრად ამას ათობით სხვა ბლოგერი გააკეთებს და სწორადაც მოიქცევიამ თავის მხრივ, მე კი ამ შემთხვევის ანალიზისგან თავს შევიკავებ და სულ სხვა რამეს შემოგთავაზებთ.

მე მოგიყვებით ხუთ გამოგონილ ამბავს, ხუთ კეთილ და სილაღით სავსე ამბავს, ამბავს რომლის მონაწილეებსაც სიცოცხლე უხარიათ, ამბავს რომელიც გვახსენებს რომ ადამიანები ვართ და გვახსენებს რომ სიყვარული ყველას უნდა.

ცხოვრება მშვენიერია 

1946 წელს ამერიკელ რეჟისორმა ფრენკ კაპრამ დონა რიდის და ჯეიმს სტიუარტის მონაწილებით კინოფილმი “ცხოვრება მშვენიერია” გადაიღო, ფილმი რომელსაც დღემდე დასავლეთის კინოთეატრებში ყოველ შობას აჩვენებენ.

ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისე რომ პრობლემა პრობლემას ედება ზედ, ყოველდღიურობა დამღლელი და აუტანელი ხდება, ყველას გვაქვს ხოლმე მომენტები როდესაც ვიღლებით ყველაფრისგან, საკუთარ არსებობას უაზროდ მივიჩნევთ, ზოგიერთი ცდუნების მომენტში სიცოცხლიდან გაპარვაზე კი ფიქრობს. იმდენად დაკავებულები ვართ და გადატვირთულები ტვინში მიმდინარე პროცესებით რომ უბრალოდ გათიშვა გვურს.

“ცხოვრება მშვენიერიაც” დაახლოებით ასეთ ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ როგორც ყოველი საშობაო ზღაპარი კარგად და ბედნიერად სრულდება. პირველად სწორედ რომ შობას ვუყურე და  ფილმის დასკვნით ნაწილში აღმოვაჩინე რომ ოდნავ, მაგრამ მაინც ვტირივარ, ვტირივარ ბედნიერებისგან.

ათენის სკოლა

მე-16 საუკუნის გენიალური ნახატზე, “ათენის სკოლა” რომლის ავტორიც რაფაელია პლატონს, არისტოტელეს, დიოეგენეს, ევკლიდს, სოკრატს და რიგ სხვა ტიტან ფილოსოფოსებს ვხვდებით. ეს ნახატი ცოდნის და სიბრძნის სიმბოლოა. ადრე ვთვლიდი რომ ცოდნა და ზოგადად ინტელექტი ადამიანისთვის უბედურების მომტანია რიგ შემთხვევაში, სევდის და სასოწარკვეთილების, მოგვიანებით მივხვდი რომ ვცდებოდი და ესეოდენ ბანალური “ცოდნა სინათლეა, უცოდინრობა სიბნელე” მარტივ ჭეშმარიტებად აღქვიქვი.

ჩვენ ხომ მაშინ გვეშინია როდესაც არ ვიცით, ჩვენში ხომ დამცავი მექანიზმია რომელიც ყოველ სიახლეს სიფრთხილით ხვდება.

ცოდნა უთუოდ კეთილი საწყისია…

მამა და შვილი

ნათქვამია სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. იან საუდეკის ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ სამყაროში მამის და შვილის ურთიერთობას ადამიანის ისტორიის დასაწყისიდან დაედო საფუძველი, რომელიც კაცობრიობის გადაშენებამდე იარსებებს.

მიო, ჩემი მიო

ასტრიდ ლინდგრენმა პეპი გრძელი წინდას და კარლსონის გარდა ასევე “მიო, ჩემი მიო” დაწერა, ზღაპარი პატარა ბიჭზე რომელიც ზღაპრულ და კეთილ სამეფოში აღმოჩნდება. ერთადერთი ბოროტება რომელიც ამ ზღაპარში გვხდება არის რაინდი კატო, რომელიც ასევე ბოროტ სამეფოში ცხოვრობს, მიო მას რა თქმა უნდა ამარცხებს და ცხოვრებას სურვილების ქვეყანაში აგრძელებს.

სამყაროს დასასრულამდე

სანამ ბოლო, მეხუთე მუსიკალურ ამბავს შემოგთავაზებდეთ მინდათ დაფიქრდეთ ღირს კი ყოველ დღე ღელვა, ნერვების შლა, ერთმანეთზე გაბოროტება და ა.შ.

მოკლედ, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი, თესეთ სიკეთე და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

ესაც ამბავი მეხუთე…

ჩემი პირველი მუსიკალური კლიპი

გთავაზობთ ჩემს და ჩემს ჯგუფელს მიერ ამა წლის გაზაფხულზე გადაღებულ ვიდეოს, რომლის მონტაჟიც გუშინ დასრულდა.

რეჟისორი: შტეფან მენსი

ოპერატორი: დავით ლობჟანიძე, რონან მარტინი, სტეფან მენსი

მონტაჟი: შტეფან მენსი

ველი გამოხმაურებებს.

რატომ არ სჭირდება ბაქოს ალტერვიზია?

ფოტო: გარი ბრაუნი

14 მაისი ჩემთვის იმით აღმოჩნდა აღსანიშნავი რომ მუსიკალური სნობისთვის ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩავიდინე. დიახ, დიახ, მე ევროვიზიას ვუყურე!

მაგრამ გუშინ, არათუ შემრცხვა არამედ ამ კონკურს რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ უაღრესად პოპულარულია შოტლანდიის ყველაზე დიდი ქალაქის ერთ-ერთი კლუბში ევროპის სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ სტუდენდებთან ერთად ვადევნე თვალი.

ევროვიზია ხომ სპორტია და არავითარ შემთხვევაში მუსიკალური კონკურსი. წარმოდგენილი სიმღერების უმრავლესობა აქ დიდი არაფერი ხვითოა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ჩემთვის სებასტიენ ტელიერი აღმოვაჩინე, რომელიც კონკურში დიდ ვერაფერს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებლად იქცა.

ევროვიზიის გუშინ ყურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ევროპული ქვეყნების წამომადგენლებთან ერთად ამა თუ იმ ქვეყნის გულშემატკივრობა იყო. აღელვებული სახეები, შევსებული ჭიქები, შეძახილები – ეს ყველაფერი გუშინ საოცარ ემოციურ მუხტს ქმნიდა.  ყოველ ქვეყანას რომლის წარმომადგენელიც საღამოს ესწრებოდა ხმამაღალი რეპლიკა სდევდა ფონად და რა დასამალია რომ ბოლოს საქართველოს გამოსვლაზე აუდიტორიიდან წამოსული შეძახილები გულს სასიამოვნოდ და რაღაცნაირად მითბობდა.

მართალია ევროვიზიამ გუშინ დაგვანახა უგემოვნო სიმღერების კასკადი (გამონაკლისების გარდა), განსაკუთრებით შვედეთის და რუსეთის შემთხვევაში, მაგრამ ვაღიარებ რომ ამ უგემოვნების ყურება საოცრად საინტერესო იყო.  პირადად მე ამ ყველაფრის ფონზე ფინეთს და საფრანგეთს დადებითად შევაფასებდი. პირველი მშვენიერი ლირიული სიმღერა თანამედროვე გლობალურ პრობლემებზე, მეორე კი კორსიკულად შესრულებული საოპერო სტილში გადაწყვეტილი პოპ შესრულება აღმოჩნდა.

ძალიან საინტერესო ასევე ბარში მსხდომი იმ ხალხის რეაქციების ნახვა იყო რომლის თანამემალეც იმ მომენტში სიმღერას ასრულებდა. ძირითადად, რეაქცია უმეტეს შემთხვევაში იდენტური იყო, დამორცხვილი გამოხედვა რომელიც თითქოს დანარჩენებს ბოდიშს სთხოვდა შემსრულებლის მაგივრად. გამონაკლისად შეიძლება რუსების და ბრიტანელების რეაქცია ჩავთავლოთ. დროშის ფრიალთან ერთად ესენი საკუთარი წარმომადგენლის გამოსვლამდე ერთ შემთხვევაში რუსეთს, მეორეში კი ბრიტანეთს სკანდირებდნენ.

საქართველო 25-ე გამოვიდა და ამრიგად კონკურსის მუსიკალური ნაწილი დაასრულა… და დაიწყო ყველაზე საინტერესო, ის რაც რეგულარულად მაყურებინებს ამ კონკურსს, ანუ ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც მეტწილად პოლიტიკაა.

შვედეთი აძლევს ხმებს სკანდინავიის სხვა ქვეყნებს და ამ პრინციპით მოქმედებენ ევროპული ქვეყნების სხვა წარმომადგენლებიც. ერთადერთ საიდუმლოდ ჩემთვის ალბათ სან მარინოს შემთხვევა იქნება, რომელმაც რატომღაც რამდენიმე ქულა გადმოგვიგდო. გაურკვეველია ასევე ის თუ რატომ არ გაიმეტა ლატვიამ ჩვენთვის ერთი ქულაც კი.

მოკლედ, ყველა დაძაბული უყურებდა ხმის მიცემის პროცედურას და თავ-თავიანთ ქვეყანას გულშემატკივრობდა. ამათგან ყველაზე ბედნიერი ბოლოსკენ მაინც ვინმე მურადი, აზერბაიჯანიდან იყო, რომელმაც სწორი მათემატიკური გამოთვლის შედეგად ბოლოსკენ გამარჯვების აღსანიშნავად ცეკვა გადაწყვიტა.

აზერბაიჯანულ დუეტმა ევროვიზიის ფორმატისთვის განკუთვნილი, იდეალურად გათვლილი რომანტიული პოპ სიმღერა შემოგვთავაზა და ამით ევროპელების გულიც მოიგო. შედეგად მივიღებთ ბაქო 2012 წელს. პირველად ევროვიზია მუსულმანურ ქვეყანაში ჩატარდება, რუსეთის და უკრაინის შემდეგ კი მესამედ ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიქმნა საინტერესო პრეცედენტი.

საკითხავი ის არის, ისხდება თუ არა ბაქოს რომელიმე კლუბში საერთაშორისო სტუდენტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოება და რაც უფრო საინტერესოა, იქნება თუ არა მათ შორის ერთი სომეხი მაინც და ვინ იცის იქნებ 2012 წელს ბაქოში მოცეკვავე სომეხიც კი ვიხილოთ?