Tag Archives: ომი

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. ბრეტ ისტონ ელისი, ლაშა ბუღაძე, უილიამ ტრევორი და სხვები.

odd1

უილიამ ტრევორი, თანამედროვე ირლანდიელი მწერალია, რომელსაც სტილის გამო ხშირად ანტონ ჩეხოვს ადარებენ. “A bit on the Side”  კრებულია, რომელიც 12  მოთხრობას აერთიანებს. აქ ტრევორი საუბრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, მარტოობაზე და პერსონაჟების სულიერ მდგომარეობას მდიდარი ფსიგოლოგიური პორტრეტების მეშვეობით აღწერს. წიგნი მელანქოლიურ-სევდიანი, თუმცა ადამიანური ამბების კრებულია, შეიძლება ზედმეტად ადამიანურიც კი.

ქეით ფოქსის  “Watching the English” (დაკვირვება ინგლისელებზე) ერთდროულად სერიოზული ანთროპოლოგური და ამასთანავე ძალიან სახალისო ნაშრომია, რომლის დაკვირვების მთავარ ობიექტს ინგლისელი ერი და ამ ერისთვის დამახასიათებელი თავისებურებები წარმოადგენენ. თებერვალში ამ ბლოგზე ჯერემი პაქსმანის ინგლისელები (“The English”) განვიხილეთ, წიგნი, რომელიც იგივე თემას ეხება. თუმცა, პაქსმანისგან განსხვავებით ფოქსი პროფესიონალი ანთროპოლოგია და ამიტომაც ეს ნაშრომი უფრო საფუძვლიან კვლევად შეგვიძლია მივნიჩნიოთ. კიდევ ერთი განსხვავება პაქსმანისგან ის არის, რომ ამ ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ თემად ავტორს კლასობრივი სხვაობები აქვს აღებული და ამ განსხვავებზე საუბრობს მთელი წიგნის განმავლობაში. განსხვავებები იმდენია, რომ ვფიქრობ შეუძლებელია მკითხველმა მათი უმეტესობა დაიმახსოვროს, თუმცა გართობა გარანტირებულია.

ძალიან კარგი ექსკურსია ევროპის მე-20 საუკუნის სამხედრო ისტორიაში ჯეიმს შიანის “The Monopoly of Violence” (“ძალადობის მონოპოლია”). ავტორი მე-20 საუკუნის კონფლიქტების, განსაკუთრებით პირველ და მეორე მსოფლიო ომების შესახებ მოგვითხრობს და ევროპულ სამხედრო პოლიტიკას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიური პრიზმიდან გვაჩვენებს.  წიგნი მარტივად და საინტერესოდ არის დაწერილი და ამიტომაც არ მოითხოვს თემის სპეციალიზირებულ ცოდნას. შეიძლება ევროპული ისტორიის მკვლევარებისთვის ნაშრომი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს, მაგრამ მათთვის ვისაც ამ თემაში გარკვევა სურს, “ძალადობის მონოპოლია” კარგი სასტარტო წერტილი უნდა იყოს.

ბრეტ ისტონ ელისი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფილმად ადაპტირებადი ნაწარმოებების ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ “American Psycho – სგან (ამერიკელი ფსიქოპატი)” და Rules of Attraction -სგან (“სექსის წესები-ს”) განსხვავებით, წიგნ “The Informers-ის” (“ინფორმატორები”) ეკრანიზაცია კინომოყვარულებს შორის ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, თავად ნაწარმოები არაფრით ჩამოუვარდება ავტორის სხვა რომანებს. ელისის თემები უცვლელია – გლამური, სექსი, ნარკოტიკები… ამ ნაწარმოებში ავტორი ლოს ანჯელესში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებზე, მეტწილად მდიდარი მამიკოების და დედიკოების შვილებზე მოგვითხრობს, რომელთა ერთადერთი პრობლემა გართობის აუტანელი სიმსუბუქეა. მიუხედავად იმისა რომ ნაწარმოები სულ რაღაც 200 გვერდს წარმოადგენს, ის მდიდარია პერსონაჟებით, რომლებიც რომანის სხვადასხვა მონაკვეთში ქრონოლოგიური ნარატივის გარეშე აქა-იქ გვევლინებიან. თავიდან ყველაფერი მეტნაკლებად “გულუბრყვილოდ” იწყება, ვკითხულობთ სხვადასხვა წვეულებებზე, სექსუალურ თავგადასავლებზე და ა.შ, თუმცა წიგნში რაც უფრო მეტად შევდივართ, მით უფრო მძიმდება თემები. ბრეტ ისტონ ელისი ის მწერალია, რომელიც დაუღალავად და ყოველგვარი შეწყალების გარეშე დასცინის ელიტის წარმომადგენლებს და ეს მშვენივრად გამოსდის.

თუ რამე გასართობი გსურთ და მაინცდამაინც სერიოზულ ლიტერატურას არ დაეძებთ, ლაშა ბუღაძის Lukrecia515-ს გირჩევდით. მართალია წიგნს ცოტა სიღრმეები აკლია, მაგრამ ალბათ ავტორს ეს ამ შემთხვევაში არც ჰქონდა მიზნად. სამაგიეროდ ძალიან სახალისოა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სიცილის შეკავებაც კი გაგიჭირდეთ. წიგნი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც ცოლ-შვილის ყოლის მიუხედავად დაუღალავად ეძებს და “აბავს” ქალებს მის ირგვლივ. ის იმდენადაა გართული ამ საქმით, რომ მას საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან თემად აქცევს. მართალია ბუღაძის ეს ნაწარმოები მხატვრულია, მაგრამ ვფიქრობ წიგნში მოყვანილ მაგალითებს ჩვენს ირგვლივ მრავლად შეგვიძლია შევხვდეთ.

Advertisements

მანდარინები – ფილმი ადამიანობაზე

mandarinebi

რამდენიმე წლის წინ ყოვლად უნიჭო “აგვისტოს 5 დღე” რომ გამოვიდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიკვირვა რომ ასეთი ბიუჯეტით და მხარდაჭერით ფილმის ავტორებმა ისტორია ელემენტარულად ვერ გამართეს. იმის ნაცვლად რომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამე ადამიანური ამბის მეშვეობით მოეყოლათ, რეჟისორმა და პროდუსერებმა აბსოლუტურად გაუმართავი პროპაგანდისტული ფილმი შემოგვთავაზეს, რომლის თავიდან ბოლომდე ყურება კინოს მოყვარული ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

საბედნიეროდ “აგვისტოს 5 დღისგან” განსხვავებით ფილმი “მანდარინები” სწორედ რომ მსგავსი ადამიანური ისტორიის მეშვეობით გვიყვება ომის, ამ შემთხვევაში აფხაზეთის 1992-93 წლების ომის შესახებ. აქ არ შეხვდებით ქვეყნის მეთაურებს, პოლიტიკოსებს, სარდლებსაც კი, მაგრამ ამის მიუხედავად არცერთი წამით არ გტოვებთ შეგრძნება, რომ ფილმი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. ფილმში არც ბრძოლებია ასახული და მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არც სროლებია დიდად.

მოვლენები აფხაზეთის ერთ სოფელში ვითარდება, რომლის ძირითად მოსახლეობას თავის დროზე გადმოსახლებული ესტონელები წარმოადგნდნენ, ომის დაწყებისთანავე მათ უმრავლესობამ სოფელი დატოვა, აქ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანიღაა დარჩენილი. სწორედ რომ ერთ-ერთი ესტონელის სახლში ვითარდება მთელი ამბავი. აქ ხვდებიან ერთად დაჭრილი ქართველი და აფხაზების მხარეზე მებრძოლი ჩეჩენი. ცხადია, ორივე ადამიანი, რომელსაც თავისი სიმართლე და ომში მონაწილეობის გამართლება აქვს, ერთმანეთს ვერ იტანს და თავიდან მზადაა ერთმანეთი მოკლას კიდეც.

ამ ორი ადამიანის ურთიერთობის  გარკვეულ ეტაპზე ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა და სწორედ რომ ამ გარდატეხაში მე მინდა დავინახო, ის რაც ასე აკლია ქართულ კინემატოგრაფს, ანუ ჰუმანიზმი. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში შემოდის სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტება, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი მეორე ადამიანს იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არაფერს ერჩის, საკმარისია მათი ურთიერთობა საყოფაცხოვრებო დონეზე რამდენიმე დღე გაგრძელდეს და ის ყველაფერი რაც შენს მტერს ხანგრძლივი და სისტემატური პროპაგანდის წყალობით გაძულებდა, საპნის ბუშტივით ქრება. ასეთ ვითარებაში ადამიანები რჩებიან შიშვლები, აჩვენებენ საკუთარ რეალურ სახეს და ასეთ ვითარებაში აფასებენ ერთმანეთის ღირსებას.  ასეთ ვითარებაში აღარ აქვს აზრი თუ ვინ გააკეთა სკამი რომელზეც ზიხარ, ან მაგიდა რომელთანაც ზიხარ, ან ვინ ააშენა ის სახლი რომელშიც იმყოფები, მთავარი ღირებულება ადამიანობა და ადამიანებია.

ანტი-მილიტარისტული განწყობა ყველაზე კარგად პერსონაჟ ივოს მიერ წარმოთქმულ ფრაზაში ჩანს, რომლის როლსაც ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი ასრულებს. ის ამბობს – “ეს ომი არავისია”. ზოგადად ვფიქრობ ამ პერსონაჟის მეშვეობით  რეჟისორმა ფილმის რამდენიმე მთავარი მესიჯი გააჟღერა, ერთ-ერთ სხვა ეპიზოდში იგივე ივო ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ქართველი, ჩეჩენი თუ ესტონელი და ის, რომ შენ სიტყვის შენახვა შეგიძლია ან პირიქით არ შეგიძლია, ეროვნებაზე ვერ იმეტყველებს. ზოგადად ლემბიტ ულფსაკის თამაში აღნიშვნის ღირსია და თამამად შეიძლება ითქვას რომ მისი შესრულება ამ ფილმში საუკეთესოა.

მიუხედავად იმისა, რომ  დრამატურგიულად ფილმი შეიძლება უფრო გამართული ყოფილიყო, (მაგალითად ზოგიერთი პერსონაჟის უკეთ გაშლა შეიძლებოდა, მცირედი ფაქტობრივი შეცდომებია გაპარული, გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთი ეპიზოდი  ოდნავ გაწელილი გეჩვენება და ა.შ.) საერთო ჯამში ამ ყველაფრის პატიება შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ ბოლოდროინდელ ქართულ კინემატოგრაფიას აკლია არაპროპაგანდისტული, ადამიანურ ისტორიებზე ორიენტირებული ფილმები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზაზა ურუშაძის ეს ფილმი პირველ რიგში სოციალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ ვიდრე ვიწრო კინემატოგრაფიულში.

გაჩერებული საათის ძიებაში ანუ 90იანი წლების საქართველო

საჯარო ბიბლიოთეკაში ვზივარ, სამკითხველო დარბაზის დიდი საათი საღამოს ცხრა საათის 25 წუთს აჩვენებს, გაჩერებულია. სინამდვილეში, მოცემულ მომენტში დღის სამ საათს რაღაც წუთები აკლია. ნეტა როდის გაჩერდა დიდი საათი? ხუთი, ათი თუ 20  წლის წინ?

იქნებ დიდი საათი მაშინ გაჩერდა, როდესაც ჩვენი ქალაქი ომმა მოიცვა, ნათესავი ნათესავს ემტერებოდა, მეზობლები ერთმანეთს ექიშპობდნენ და თითქოს დაევიწყათ რომ ადამიანები არიან და სიცოცხლის სიმოკლიდან გამომდინარე ერთმანეთის მოფერების და გატანის გარდა არაფერს უნდა აკეთებდნენ.

შეიძლება პირიქითაც იყო, იქნებ დიდი საათი მაშინ გაჩერდა როდესაც ძალაუფლებისათვის ბრძოლის პარალელურად  ადამიანებს ერთმანეთი გაჰქონდათ და ძნელბედობის ჟამს  ვისაც რით შეეძლო იმით ეხმარებოდა სხვას?

ასეთი ისტორიებიც იქნებოდა და ისეთიც. 20 წლის წინ პატარა ვიყავი, რთულია მოვლენების ობიექტური გახსენება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ორივეს მაგალითები მახსოვს.

ჩემი მშობლები ექიმები არიან, მაშინაც ექიმები იყვნენ და რა გასაკვირია რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებში საჭიროება ყოველთვის არსებობს და იარსებებს.

დანამდვილებით ის შემიძლია გავიხსენო რომ იმ პერიოდში როდესაც ცნება “ფული” პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო მატერიალური სიმდიდრე სახლში საჭმლის, ნავთის და სანთლის არსებობით განისაზღრებოდა, ექიმები პრაქტიკულად უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს. ასეთ პირობებში კი ბარტერზე საუბარი ზედმეტია.

ჩვეულებრივი მოქალაქეები პურის რიგში დგომისას ღამეებს ათენდნენ და თუ ვინმეს სახლში პურთან ერთად კარაქიც მოეპოვებოდა, ეს უკვე ნამდვილი ფუფუნება იყო. მახსოვს რუსეთში ცოტა ხნით წასულმა დედაჩემმა კარაქი რომ ჩამოიტანა… პურზე რომ წაგესვა და ჩაისთან მიგეყოლებინა თავს უფრო ბედნიერად იგრძნობდი ვიდრე იმავე პერიოდის ნიუ იორკის პენთჰაუსში მცხოვრები მდიდარი პოპ მუსიკოსი, რომელიც ვახშამზე შავ ხიზილალას მიირთმევდა.

ალბათ ისევ ბავშვობის ბრალია ასეთ მოვლენებს რომანტიზირებას რომ ვუკეთებ, არამგონია ჩემი თაობის წარმომადგენლების მშობლებს იგივე გრძნობები ეუფლებოდეთ იმ პერიოდის გახსენებისას.

ბარტერი და ჩემი მშობლების პროფესია ვახსენე ცოტა ხნის წინ და რადგანაც ამაზე ჩამოვარდა საუბარი, იმას დავამატებ რომ თუ რამე ტიპის ბარტერზე შეიძლება ლაპარაკი, ეს ჩემი მშობლების შემთხვევაში ალბათ შემდეგში გამოიხატებოდა; დღე არ გავიდოდა ისე რომ დედმამა ექიმთან ვინმე ავადგამხდარი მეზობელი ან ნაცნობი არ მოსულიყო, ესენიც მკურნალობდნენ, დღისით ხშირად მახსოვს ჩვენთან მოსული პაციენტი, მე და ჩემი ძმა სხვა ოთახში რომ გავიოდით და უცხო სტუმრის დანახვაზე მორიდებულები რომ ვიმალებოდით. ვითარება დაახლოებით იმ ცნობილ ანეგდოტს ჰგავდა ტუალეტში ჩაკეტილი ბავშვი რომ ეძახის მშობელს, “მა, სტუმრები წავიდნენ და შეიძლებოდა გამოვიდე?” იმ განსხვავებით რომ არც ტუალეტში ვიყავით ჩაკეტილები და ისიც ვიცოდით როდის გამოვსულიყავით საერთო ოთახში.

ერთ-ერთ ასეთ პაციენტს, მეზობელი, სახელად აღუნია წარმოადგენდა, მარტოხელა ბერძენი ქალი იყო რომელიც მერვე სართულზე ცხოვრობდა. ეს ისეთი სიხშირით დადიოდა ხოლმე რომ ნელნელა შთაბეჭდილება შემექმნა რომ ჯანმრთელობასთან პრობლემების გამო კი არადა, უბრალოდ ურთიერთობისათვის ჩამოდიოდა ხოლმე, დედაჩემიც ურთიერთბოდა მასთან, საჭირბოტო ჭორებს განიხილავდა და ისე გაუშვებდა ხოლმე სახლში.

აღუნიას შემთხვევაში ძალიან საინტერესო ბარტერს ჰქონდა ადგილი. საქმე ის იყო რომ აღუნია მერვე სართულზე ცხოვრობდა, ჩვენ კი პირველზე. გაზი, წნევის გამო ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში არ იყო ხოლმე, ყველაზე კარგად კი სწორედ რომ მერვე სართულზე მოდიოდა, სწორედ იქ სადაც აღუნია ბინადრობდა.  მოცემულ სიტუაციაში კი საჭმლის მომზადებისას კომუნალური პირობებით გამოწვეული მორიგი მარცხის შემდეგ, დედაჩემი იძულებული იყო ქვაბში საჭირო ინგრიდიენტები აღუნიასთან ფეხით აეტანა ხოლმე. ფეხით იმიტომ რომ მაშინ ლიფტის კარები დეკორაციულ ფუნქციას წარმოადგნდნენ, შიგთავსი ჯართის სახით კაი ხანია რაც თურქეთის საზღვარს გასცდენოდა და მეზობელ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილ ღვაწლს წარმოადგენდა.
აღუნიას ცისფერი მბჟუტავი ალის სახით ნამდვილი პრომეთე ჰყავდა სახლში გამოკეტილი, მას ღმერთებისკან მოპარული ის განძი ჰქონდა რომელიც დანარჩენი მეზობლების უმრავლესობისათვის მიუწდვდომელ ფუფუნებას წარმოადგენდა. ამიტომაც იყო რომ ერთ მომზადებულ სადილზე აღუნია სამჯერ მაინც რომ გაწვებოდა ხოლმე კარდიოლოგიურ ელექტროდებზე მიერთებული და სეანსის შემდეგ დედაჩემს საკუთარ მდგომარეობას რომ ჰკითხავდა აფორიაქებული. დედაჩემის დაამშვიდებდა ალბათ, ეტყოდა რომ ყველაფერი რიგზეა, შეიძლება ერთი ორი წამალი დაენიშნა და მერე ისევ იმას ჰკითხავდა მოკრძალებით, გაზზე თუ შეიძლებოდა ამოსვლა.

ისე, ისიც მახსოვს მამაჩემი გაზის გარეშე რომ გადიოდა ფონს, კარტოფილს ჩაყრიდა ხოლმე ქვაბში, წყლით აავსებდა და იმ ბედნიერ მომენტში როდესაც შუქი ცოტა ხნით გვეწვეოდა ხოლმე, შიგ “კიპიაწილნიკს” დურთავდა. უნდა ითქვას რომ საკმაოდ კარგი მოხარშული კარტოფილი გამოდიოდა ხოლმე და თუ მაგ კარტოფილს კიდევ ფუფუნების საგანი სახელად კარაქი ემატებოდა ხოლმე, მაშინ სადილი ნამდვილად მეფურ ტრაპეზას წარმოადგენდა.

აი, ისევ რომანტიზმისკენ გამირბის თემა…

თუმცა, თუ რომანტიზმია, რომანტიზმი იყოს. მახსოვს უშუქობაში გატარებული დროის გამო, ადამიანი იძულებული იყო კომუნიკაციურ მეთოდებისათვის მიემართა. აი ისეთ მეთოდებს, ადამიანურ ურთიერთობას რომ ეძახიან.

საღამოთი ოჯახის წევრები შევიკრიბებოდით ხოლმე და სანთლის ან ლამფის შუქის ირგვლივ შემომსხდარნი ერთმანეთს ქალაქობანაში ან მსგავსი ტიპის თამაში ვეჯიბრებოდით. პარადოქსალურია მაგრამ გარკვეულწილად დარწმუნებული ვარ რომ ჩემს განათლებაში დიდი როლი სწორედ რომ სიდუხჭირემ და კომუნალურმა პრობლემებმა ითამაშეს დიდი როლი. მაშინ როდესაც მთელი ქალაქი უშუქობაში ისე იძირებოდა როგორც რომელიმე მითიური პერსონაჟი ჰადესის სამეფოში ჩასული, ჩემთვის ყველაზე დიდ გართობას სანთლის შუქზე წიგნის კითხვა წარმოადგენდა.

წიგნის კითხვა წარმოადგენდა გაქცევას რეალობისგან, თავშესაფარს ზღაპრულ სამყაროში სადაც ყველაფერი სხვანაირადაა, სადაც შეიძლება თავი მე-17 საუკუნეში მცხოვრებ მუშკეტიორად, უკაცრიელ კუნძულზე დარჩენილ მეზღვაურედ რომელიც მარტოობაში დარჩენილი საკუთარი მეურნებობის აღორძინებაზე ფიქრობს, ან თავისუფლებისათვის მებრძოლ რომაელ მონად წარმოგედგინა თავი. მოკლედ, მხატვრული ლიტერატურა შეიძლება ითქვას მაშინ ეკონომიკას, სოციოლოგიას, გეოგრაფიას, და მრავალ სხვა დისციპლინის ქვეცნობიერად სწავლისკენ მიბიძგებდა. თუმცა, ასეთი დისციპლების სწავლის ნაცვლად, რა თქმა უნდა ეს უფრო მოგზაურობა იყო, მოგზუარობა უსაზღვროდ საინტერესო სამყაროში, რომელიც ძალიან ტკბილად გახსენდებოდა ხოლმე ძილის წინ ბალიშზე თავის დადებისას.

ბევრად გვიან, განვითარებული დასავლეთის გაცნობის შემდგომ, სადაც სიტყვაზე თეთრ პერანგ გამოწყობილი ფრანგი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ეიფელის კოშკთან ახლო-მახლო დეკორატიულ ძაღლს ასეირნებს და საღამოს შეყვარებულთან რომელიმე რესტორანში გემრიელ საჭმელს მიირთმევს, იმ დასავლეთის გაცნობის შემდგომ რომელიც ჩვენი ბედრკული ქვეყნისგან სულ რამდენიმე საათიანი ფრენის მოშორებით მდებარეობს და მდებარეობდა მაშინაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები ერთმანეთს ტერიტორიის, ძალაუფლების თუ ფულის გამო ხოცავდნენ, მივხვდი რომ ყველაფრის მიუხედავად წიგნი აქაც იგივე ფუნქციას ატარებს.

ეს ფუნქცია ყოველდღიური რეალობიდან გაქცევას წარმოადგენდა. განსხვავება კი მხოლოდ შინაარსში იყო. თუ ჩვენ, გარეთ გასულებს ომი და ძარცვა ჩვეულებრივ მომენტად წარმოგვედგინა და წიგნებში რომანტიკას, მოგზაურობას ან თუნდაც ბურჟუაზიულ, “სვეცკი” ცხოვრების ხიბლს ვეძებდით, სადაც ჟულიენი სორელი რომელიმე ქალბატონს ეარშიყებოდა, დასავლეთში ცხოვრებას შეჩვეული ადამიანები, პირიქით, იმ ლიტერატურით ინტერესდებოდნენ სადაც ბრძოლები, მკვლელობები, ძარცვები და სხვა მამაძაღლობები იყო აღწერილი. ეს იყო სხვაობა ჩვენს შორის, ჩვეთან კი 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მოვლენები რიგითი ევროპელისთვის უფრო ლიტერატურულ ფიქციად წარმოედგინათ ვიდრე შესაძლო რეალობად.

ახლა კი, როდესაც 2012 წლის 12 ივნისს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ვზივარ და 90იანი წლების ქართულ პრესას ვათვარიელებ, ვხვდები რომ იმ პერიოდზე ძალიან ცოტა რამ ვიცი, გაყვითლებული და შეთხელებული ფურცლები კი იმაზე მიმანიშნებენ, რომ დრო გამანადგურებელი ძალით წინ მიდის, მოგონება სულ უფრო ფერმკრთალი ხდება და ჩვენც გვავიწყდება რა გამოვიარეთ. დავიწყებაზე უარესი კი ამ შემთხვევაში ალბათ ისაა რომ მომხდარის გააზრება არ გვიცდია, ისე გამოვიარეთ ოცი წელი თითქოს ეს ისტორია ვიღაც სხვას ეკუთვნოდეს. ერთხელ მახსოვს თბილისში ჩატარებულ ერთ ერთ დისკუსიაზე კითხვა დავსვი იმის შესახებ თუ რატომ არ ვიაზრებთ უახლოეს ისტორიას. ერთ-ერთ მომხსენებელს პასუხის გაცემა გაუჭირდა და გარკვეული პაუზის შემდგომ გაუაზრებლობა კვლავ საბჭოთა კავშირულ მენტალიტეტს დააბრალა. თითქოს პასუხი, “ალბათ ამის ბრალი საბჭოთა კავშირია” სცემდეს პასუხს იმ კითხვაზე რომელიც ჩვენი პასუხისგებლობის საკითხს უნდა წარმოადგენდეს, თითქოს ოროსანი ბავშვი ვიყოთ რომელიც ყველაფერს სხვას აბრალებს.

მართალია ოცი წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ყველაზე შავბნელი პერიოდიდან, მაგრამ ამისმიუხედავად ჩვენთან თითქოს დრო გაჩერდა, ოცწლიანი დამოუკიდებლობის კვალობაზე კი პასუხისგებლობის გრძნობა არ გაგვიჩნდა.
თუმცა, ალბათ პასუხისგებლობის გრძნობაც მაშინ გაგვახსენდება როდესაც წარსულის, ამ შემთხვევაში კი მე-20 საუკუნის, ქართული ისტორიის გახსენებას უფრო მეტ დროს, ფიქრს და ანალიზს დავუთმობთ და იქნებ ერთ დღეს დიდი გაჩერებული საათის შემყურენი აღარ ვიკითხოთ, “ნეტა რატომ გაჩერდა ეს საათი?”

 შენიშვნა: მოცემული ტექსტი წარმოადგენს ერთგვარ ანონს, წინასიტყვაობას ნაწარმოებზე რომელზეც მუშაობა დავიწყე. აღნიშნული ნაწარმოები მიეძღვნება 90-იანი წლების საქართველოს, რომელიც მეტწილად ომის დროინდელ პერიოდს მიეძღვნება.  ჯერჯერობით ადრეა დეტალებზე საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია რომ ნაწარმოები იქნება  მხატვრული ხასიათის, დოკუმენტალური ელემენტებით.

აგვისტოს ომის სამი წლისთავზე, ანუ ახალი ქართული სამხედრო პოლიტიკის აუცილებლობა

“მე გამომაქვს განაჩენი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც სიხარულით მარშირებენ ‎სამხედრო მუსიკაზე. მათი ტვინი შეცდომის ნაყოფია, ასეთი ქმედებისთვის ზურგის ტვინიც კი საკმარისი იქნებოდა.  ცივილიზაციის ეს სამარცხვინო მოდგმა უნდა წაიშალოს ერთბაშად.  ნაბრძანები გმირობა, უგულო სისასტიკე, ქვეყნის უაზრო და სავალალო სიყვარული, როგორ მძულს ეს ყველაფერი, როგორი საზიზღარი და უმეცარია ომი; პირადად მირჩევნია დამანაწევრონ ვიდრე ამ ყველაფრის მონაწილე გავხდე.”

– ალბერტ ანშტაინი –

1989 წლის ფილმ “ერიკ ვიკინგი” არის ერთი ასეთი საგულისხმო მონაკვეთი, ვიკინგების რაზმი რომელიც გასასვლელს ვალჰალაზე ეძებს მოგზაურობისას მოხვდება კუნძულ “ჰაი ბრაზილზე.”  მათ ერთი ახალგაზრდა გოგო შეეგებება და ეკითხება თუ რა უჭირავთ ხელში, ერიკი, ანუ ვიკინგი პასუხობს რომ ეს ხმალია, გოგონას შეეშინდება და ხმლების დაუყონებლივ დაგდებას სთხოვს. როდესაც ასეთი თხოვნას გაიგებენ ვიკინგები ახსნას მოითხოვენ.  პასუხად კი იმას მიიღებენ რომ ლეგენდის თანახმად თუ კი კუნძულზე ერთი წვეთი სისხლი მაინც დაიღვარა ჰაი ბრაზილი ჩაიძირება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 20 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში საქართველომ რამდენიმე ფართომაშტაბიანი ომი გადაიტანა, ყოველი ასეთი კი ქვეყანას არა თუ პრობლემის გადაწყვეტაში არ ეხამრებოდა, არამედ სულ უფრო და უფრო უკან სწევდა.

მიუხედავად არაერთი მარცხისა და მნიშვნელოვანი დანაკარგისა 2008 წლის ომამადე საქართველოს პოლიტიკა მილიტარისტული პროპაგანდისკენ იყო მიმართული, ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი სამხედრო შეიარაღება – ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო მიმართული.

აწ გარდაცვლილი ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი გავრცელებულ აზრს თითქოს ადამიანი ბუნებით აგრესიულია და საჭიროებს ასეთის გამომჟღავნებას, აბსურდულად მიიჩნევდა. ის ამტკიცებდა რომ პირიქით ადამიანის დაყოლიება ომზე და ბრძოლაზე უდიდეს პროპაგანდას და ტვინის გამორეცხვას მოითხოვს, ასეთი მიზნის მისაღწევად კი უდიდესი რესურსია გამოსაყენებელი.

საქართველო რომელიც ისტორიულად ევროპის და აზიის გასაყარზე იმყოფება მშვიდობისათვის არახელსაყრელ ტერიტორიაზეა განთავსებული, ქვეყნის ისტორია სავსეა ომის მაგალითებით, სადაც გადარჩენისთვის პრაქტიკულად ყოველდღიური ბრძოლა იყო საჭირო.

თუმცა, დრონი მეფობენო და არა მეფენიო. მოდით ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითი. თუნდაც იყოს სკანდინავიის ქვეყნები, ისტორიულად ამას ტოლს საეჭვოა ვინმე დაუდოს, ვიკინგების ცხოვრების არსი ომში მდგომარეობდა. მაგრამ მოდით კვლავ დავუბრუნდეთ ჟამთა ცვლას, რა ტიპის სახელმწიფოებს წარმოადგენენ შვედეთი, ნორვეგია ან დანია? 21-ე საუკუნის პირობებში ეს ქვეყნები მშვიდობიან და ტოლერანტული ნაციების ეტალონად გვევლინებიან.

21-ე საუკუნეში სადაც დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი თანხმდება იმაზე რომ ომით კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია და ნებისმიერი საომარი მოქმედება ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ დასაგმობია საქართველომ უნდა გაითავისოს რომ ეს კურსი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

და სწორად იმიტომ რომ საქართველო იმყოფება აზია-ევროპის, რთულ გასაყარზე ქვეყნის პოლიტიკა პაციფიზმე, მშვიდობაზე და არა მილიტარიზმზე უნდა იყოს მიმართული. საქართველომ პრიორიტეტად ნეიტრალიტეტი უნდა გახადოს, ომი კი შეუძლებელ პერსპექტივად უნდა აქციოს, მეტიც სამხრეთ კავკასიის პირობებში მას პოტენციურად შემრიგებლის როლიც კი შეიძლება  იკისროს.

ომში იდეოლოგები, პროპაგანდისტები არ იღუპებიან, ომისგან არც ისინი ზარალდებიან ვინც ბრძანებს იძლევიან, ომში ჩვეულებრივი, მილიტარისტული პროპაგანდის მსხვერპლები იხოცებიან ვისი დედებიც ომში მათვის ყველაზე ძვირფასს განძს კარგავენ. თუ კი ომში წასულს გაუმართლებს და ის სახლში ცოცხალი ბრუნდება არც მაშინაა ხშირ შემთხვევაში დალხენილი, ომში ერთხელ მოხვედრილს მეტწილად მთელ ცხოვრების განმავლობაში ახსოვს ბრძოლაში ნანახი საშინელებები.

ომი არაბუნებრივი მოვლენაა, ანტი ადამიანური, ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ რელიგიას, ჰუმანიზმს და საერთოდ “სიკარგის” იდეას. ადამიანის ბუნებაში არ დევს მისი მსგავსის კვლა.

ამიტომაც სიტყვის კარგი გაგებით შექმნილ რეალიებში აუცილებელია მშვიდობის პროპაგანდირება,  პროპანდირება კი პირველ რიგში სტუდენტობას, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორს ეკისრება.

წინააღმდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტის შემთხვევაში კი წერილის დასაწყისში ნახსენები ჰაი ბრაზილის მსგავსად ომის სახელით სისხლის კიდევ ერთი დაღვრილი წვეთიც  ქვეყნისთვის საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდება.

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი III. სისხლი.

2005 წელს ჩეხეთში საზაფხულო ბანაკში ყოფნისას ჩემი ასაკის ადამიანები გავიცანი, ათზე მეტი იყვნენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ.

ერთად ორი კვირა გავატარეთ და ყოველ საღამოს კოცონს მივუსხდებოდით ხოლმე და რა თქმა უნდა სხვადასხვა თემებს მიმოვიხილავდით. ერთხელაც საუბარი საქართველოს თემას შეეხო. 90-იანების ომის მოვლენებს რა თქმა უნდა ვერ გავექეცით და ამიტომაც განხილვისას საქართველოს ხორვატია (ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე ხორვატიიდან იყო) დაემატა.

ჩვენც ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყნებში გაგონილ თუ ნანახ ამბებს ვუყვებოდით. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენმა ერთ-ერთმა ფრანგმა მეგობარმა სახეშეწუხელმა გამოგვიცხადა, “შოკირებული ვარ ამ ყველაფრით და ძალიან დიდი ბოდიში რომ ეს თემა წამოვწიეთ და ასეთი მტკივნეულ თემას შევეხეთ.”

გულახდილად შეშფოთებული და შეშინებული იყო.

ჩვენ ღიმილით ვუპასუხეთ და დავამშვიდეთ. მართლაც, დღევანდელი გადასახედიდან 90-იანი წლების ომი საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანისთვის ალბათ უფრო ადვილი გადასატანი იყო, ის იმდენად ადრე იქცა ბიოგრაფიის ნაწილად ჩვენი თოაბის წარმომადგენლებისთვის რომ მას თითქოს “ნორმალურ” მოვლენადაც კი აღვიქვამდით.

აი, 2008 წლის ომი კი სულ სხვა შემთხვევა იყო, სწორედ მაშინ გაგვახსენდა ბავშობის არც თუ ისე ბედნიერი დღეები და თითქოს სამუდამოდ დავიწყებული უბრალოდ დალექილი აღმოჩნდა ჩვენს მეხსიერებაში.

და მაინც რა გვახსოვს იმ პერიოდიდან?

უშუქობა, “კეროსინკით” გათბობა, სანთლის შუქი, კილომეტრობით მანძილის ფეხით გავლა და ა.შ. ამ ყველაფრის რომანტიზირება ალბათ შესაძლებელია და ზოგჯერ საჭიროც კია, მაგრამ ამავდროულად იმის აღქმა რომ ეს ყველაფერი არანორმალურია აბსოლიტურ აუცილებლობას წარმოადგენს.

ჩვენ ბავშვობა წაგვართვეს, ჩვენს მშობლებთ კი ახალგაზრდობა…

სანთლის შუქი ნორმალურ მოვლენას წარმოადგენდა ჩემთვის, არასდროს გამკირვებია მის ფონზე საათობით საშინაო დავალების კეთება ან წიგნის კითხვა. არც მინიტიარული აკუმულატორზე “ელექტონრონიკიდან” შავ თეთრად მულტფილმების ყურება. ბევრად უფრო მიკვირდა დენს რომ გვაძლევდნენ და ჩვენს “ზალაშიც” ჭაღი კაშკაშებდა, თუმცა უფრო ხშირად კაშკაშის ნაცვლად დაბალი ძაბვის გამო, უფრო ბჟუტურებდაო ითქმის.

თან ეს დენის მოცემის მომენტები სოციალური აქტობობით გამოირჩეოდა და უბანში სინქრონულად გაისმოდა ხოლმე გახარებული “სტვენის” თუ აღფრთოვანების შეძახილები. ეს იყო გულახდილი სიხარული და “საერთო ზეიმი.” მაშინ დღეში ერთხელ დენის მოცემა ზოგჯერ ალბათ უფრო უხაროდა ხალხს და უფრო სოციალურ მოვლენას წარმოადგენდა იმდროინდელი ადამიანისთვის ვიდრე დღეს ერთბაშად 50 ლაიქი ფეისბუქზე.

რთულ პირობებში გაზრდილებს შეიძლება ილუზიაც კი შეგვქმნოდა რომ ის რაც ჩვენთან ხდებოდა (და გარკვეულწილად კიდევ ხდება) ნორმალურობას წარმოადგენს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები და ცხოვრების წესი ყალბია.

ადამიანი იმდენად ეჩვევა ზოგიერთ რამეს რომ რეალობის ასეთი აღქმა სავსებით ლოგიკურია. არადა, “ისინი” ცხოვრობენ ნორმალურად და ისე როგორც ეს ადამიანებს შეეფერებათ.

ის რომ “მათ” ომი მხოლოდ ფილმებში და ათასობით კილომეტრის მოშორებით აქვთ ნანახი ბევრად უფრო სწორია (აქ არ იგულისხმება ზოგიერთ შემთხვევაში თემის ნიჰილირება) ვიდრე კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება.

ჩემს თაობას ახსოვს სისხლი, ახსოვს განუკითხაობა ქუჩებში, ახსოვს პურის რიგები, დეფიციტი საქონელზე და ასე შემდეგ. ამის დავიწყება არ შეიძლება და არც არასოდეს დაგვავიწყდება, აი ამის გამეორება კი დანაშაულია.

გაგრძელება იქნება

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში. ნაწილი I

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში. ნაწილი II

ნომ ჩომსკი: სამართლიანი ომი? ძალიან საეჭვოა.

სტატია პირველად გამოქვეყნდა  2006 წლის 9 მაისს
თარგმანის ავტორი: დავით ლობჟანიძე

დღესდღეობით, აქტიური დაპრყობების ფონზე დისკუსია “სამართლიან ომზე” მკვლევარებს და თუნდაც პოლიტიკოსებს შორის კვლავ აქტუალურია.
თანამედროვე სამყაროს პირობებში ბერძენ ფილსოფოსს თუკიდიდეს კონცეპცია “ძლიერნი ღებულობენ იმას რაც შეუძლიათ და სუსტები ბუნებრივად იტანჯებიან” ხშირად გვახსენდება, რაც თავისთავად არა მხოლოდ უსამართლობაზე მიუნიშნებს, არამედ სიცოხლისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
საკუთარ ნაშრომში სამართლიანი ომის შესახებ, მაიკლ ვალცერი ავღანეთის დაპყრობას აღწერს როგორც “სამართლიანი ომის ტრიუმფს,” და მას კოსოვოს გვერდზე აყენებს, რომელსაც ის ასევე”სამართლიან ომს” უწოდებს. სამწუხაროდ, ამ ორივე შემთხვევაში ავტორის არგუმენტაცია ეფუძნება ისეთ ვარაუდებს როგორიცაა “ჩემთვის სამართლიანი ჩანს” ან “მე მჯერა,” ან “ეჭვი მეპარება.
ანუ, ფაქტებს არ ექცევათ ყურადღება, ყველაზე მნიშვნელონებსაც კი. ავღანეთის დაბობმვისას, 2001 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ ბუშმა გააფრთხილა ავღანელები, რომ ეს პროცესი მანამ გაგრძელდებოდა სანამ ავღანელები არ გადასცემდნენ ა.შ.შ. – ს მიერ ეჭვმიტანილ ტერორისტებს.

სიტყვა “ეჭვმიტანილი” ძალიან ყურადსაგდებია ამ კონტექსტში.  დაბობმვიდან 8 თვის შემდეგ, ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ ს. მიულერმა “ვაშინგტონ პოსტის” რედაქტორებს ამცნობა რომ ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ნადირობა პიროვნებებზე. “ჩვენ გვგონია რომ 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის სულის ჩამდგემელები ავღანეთში იმყოფებოდნენ, ალ ქაიდას ლიდერებს შორის. თუმცა, ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია სადმე გერმანიაში შეკრებილიყო ან შეიძლება სადმე სხვაგან.”

ის რაც დანამდვილებით 2002 წლის ივნისში არავინ იცოდა შეუძლებელია ვინმეს უფრო ადრე, ოქტომბერში გადაჭრით სცნოდნოდა.  სამართლიანი იქნება აღინიშნოს რომ ეს შემთხვევები მიუნიშნებენ იმაზე რომ უნდა დაისვას კითხვა, “რამდენად შეიძლება ავღანეთის შემთხვევა ჩაითვალოს სამართლიან ომად?”

ვალცერის ვარაუდები უსახელო სუბიექტებისკენაა მიმართული, მაგალითად ის წინააღმდეგობას “პაციფისტებში” ხედავს. ის აცხადებს რომ “პაციფიზმი” ხანდახან “ცუდი არგუმენტია,” რადგანაც ის თვლის რომ ომი ხანდახან შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ჩვენ (მე) შეგვიძლია დავეთანხმოთ ვალცერს რომ ძალადობა ხანდახან ლეგიტიმურია, თუმცა სიტყვათაშეთანხმება “მე მგონია” ძალიან სუსტი არგუმენტია ისეთი საკითხების განხილვისას რომელსაც ეს ადამიანი გვთავაზობს.

“სამართლიანი ომით,” კონტრტერორიზმე ან სხვა რამეზე აპელირებით ა.შ.შ. თავს ითავისუფლებს იმ პრინციპებისგან რომელსაც სამყაროს წესრიგი ეფუძნება და რომლის ჩამოყალიბებაშიც თავის დროზე მთავარი როლი სწორედ რომ ა.შ.შ. – მ ითამაშა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ახალი მოდელი. საერთაშორისო კანონი ომის შესახებ შეგვიძლია გაეროს ქარტიაში, ჟენევის კონვენციებში და ასევე ნუირბერგის პრინციპებში მოვიძიოთ. ქარტიის მიერ გაწერილი ქმედებები შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნან სისრულეში მოყვანილი თუ ამაზე უსაფრთხოების საბჭო მისცემს ნებას, ან 51 მუხლის გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომელიც აგრესორისგან თავდაცვას გულისხმობს, იმ მომენტამდე სანამ კონფლიქტში უსაფრთხოების საბჭო ჩართვება.

2004 წელს, მაღალი რანგის წარმომადგენლები გაეროდან, მათ შორის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ბრენტ სკოვკროფტმა განაცხადა რომ 51 – ე მუხლი არანაირი გავრცობას ან აკრძალვას არ საჭიროებს. “სამყაროში პოტენციურად ბევრი საშიშროებაა, და იმ პირობებშჲ როდესაც გლობალურ პირობებში საჭიროა ინტერვენციისან თავდაცვა, 51-ე მუხლი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ გამონაკლისს ეს იმის მაუწყებელი იქნება რომ ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით სხვების შემთხვევაშიც ასე მოვიქცეთ.”

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ 2002 წელს, რაც ასევე მარტში გაინმეორდა, მისცა უფლება ა.შ.შ. – ს განეხორციელებინა ეგრეთწოდებული “პრევენციული” ომი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო უბრალოდ აგრესიის განხორიცლების დაკონონება კონკრეტული სახელმწიფოსთვის.

ნიურბერგის ტრიბუნალს თუ გადავხედავთ, შევხვდებით სიტყვა “აგრესიას,” რომელიც განისაზღვრება როგორც “უზენაესი საერთაშორისო დანაშაული რომელიც ომის დანაშაულებებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ის წარმოადგენს ბოროტებას და თესავს დაგროვილ ბოროტებას.”— მაგალითად, შეგვიძლია ერაყი მოვიყვანოთ, რომელიც  ა.შ.შ. და დიდი ბრიტანეთის დაპყრობის შემდგომ განადგურდა.

აგრესიის კონცეპცია მაქსიმალურად გასაგებად ჩამოაყალიბა ა.შ.შ. – ს სასამართლომ, კერძოდ რობერტ ჯეკსონმა რომელიც ნიურგებრგის პროცესის დროს ა.შ.შ. – ს მხიდან მბრალდებელს წარმოადგენდა. კონცეპცია დამტკიცდა გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშიც. “აგრესორი” -განაცხადა ჯექსონმა – “არის სახელმწიფო რომელიც ჩაიდენს ისეთ ქმედებას როგორიცაა სხვისი ტერიტორიის დაპყრობა მისი ჯარის მეშვეობით, ომის გამოუცხადებლობის პირობებში.”

ეს რა თქმა უნდა ერაყის დაპყრობასაც ეხება. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ჯექსონის სიტყვები ნიურბერგში: “თუ გარკვეული დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს, ის დანაშაულია მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მას, იქნება ეს ა.შ.შ. თუ გერმანია. ის პრინციპები რომლის მიხედვითაც ჩვენ დღეს ვასამართლებთ ბრალდებულებს იქცევა პრინციპებეთად რომლის მიხედვითაც ისტორია  შეგვაფასებს ხვალ. ”

პოლიტიკური ლიდერებისთვის, ამ პრინციპებით მოქმედება და ზოგადად იყო კანონმორჩილი მძიმე გამოწვევას წარმოადგენს. ასევე, წარმოუდგენელია ვინმე შეეწინააღმდეგოს თუნდაც რაბი პედაძურის მიერ გაკეთებულ დახასიათებას, რომელმაც მაისში გაიჟღერა: “სასტიკი  ძალა რომლის ლიდერობაც ცდილობს სამყარო საკუთარი ხედვის მიხედვით ჩამოაყალიბოს.”

მოდით, რამდენიმე მარტივ ჭეშმარიტებას ჩამოვაყალიბებ. პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ მოქმედება ფასდება დამდგარი შედეგების მიხედვით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს უნივერსალობის პრინციპი, ანუ ჩვენს თავის მიმართ ჩვენ ვიყენებთ იმავე სტანდარტარტებს რომლებსაც გამოვიყენებდით სხვების მიმართ.

გარდა იმისა რომ ეს პრინციპები უბრალო სიმართლეს წარმოადგენენ, მათ ასევე სამართლიანი ომის თეორია ეფუძნება, ეს პრინციპები კი სერიოზულ ყურადღებას და განხილვას იმსახურებენ.

უშიში, ვითარცა უხორცო?

“ერთი ქართველი სიმამაცით ათი ავღანელის ტოლფასიაო”, ასე
გვასწავლიდნენ სკოლაში. საოცრად მამაცები, მებრძოლნი და მოკლედ ომის მოყვარე ერი ვყოფილვართ ჩემი სკოლის პერიოდის პროგრამას თუ დავუჯერებთ.

მიუხედავად იმისა რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ამ ისტორიულ აზრებს მაინც სკეპტიკურად ვუყურებდი, მიზეზი ძალიან მარტივი იყო. “ასეთი ძლიერები თუ ვართ რატომ გვიპრყობდნენ სხვები გაუთავებლად?”

მაშინ ჯერ კიდევ მედიას პროფესიონალურად არ ვსწავლობდი და ისტორიის სახელმძღვანელოებს მთლად კარგად ამ სფეროს ვერ ვუკავშირებდი.

ჩემს მოსწავლეობის დროს (სავარაუდოთ ეს ახლაც გრძელდება) იქმნებოდა მითი ქართველების უძლეველობის შესახებ, ეს ერთის მხრივ ალბათ პატარა ერის კომპლექსების მოსახსნელად და ასევე შესაძლებელი მორიგი კონფლიქტებისთვის “სათანადო” თაობების აღზრდას ემსახურებოდა.

გასაგებია, რომ საუკუნების წინ საქართველოს არჩევანი არ ჰქონდა, ამ პატარა ტერიტორიას ბევრი ერჩოდა და ამიტომაც მკვიდრ მოსახლეობას დაცვა სჭირდებოდა. მაგრამ რა საჭიროა დღეს გვეუბოდნენ იმას რომ ჩვენ მუდამ მეომრები ვიყავით? სხვათაშორის, ქართულ ისტორიაში ქართველებს პრაქტიკულად არასდროს არ უთამაშიათ აგრესორის და დამყრობელის როლი, რაც ქართველების ომის მაინდამაინც დიდ სიყვარულზე არ უნდა მიუნიშნებდეს, რაც თავისთავად კარგია.

თუ ომის სურვილი ქართველების ბუნებაში არ ზის რა საჭიროა იქმნებოდეს მითი და სტერეოტიპი იმის შესახებ რომ ქართველებს ომი უყვართ და ყოველთვის არიან  მზად ბრძოლისთვის?

ერთი ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნებოდა, “თქვენ ქართველები მეომრები
არ ხართ, თქვენ დროს ტარება და ქეიფი გიყვართ, რბილი ხალხი ხართ.” ეს აზრი არ გამიკვირდა, მაგრამ ამავდროულად მესიამოვნა.

ამიტომაც, თუ მაინცდამაინც სტერეოტიპის შექმნის აუცილებლობა დგას მე ვირჩევ “ქართველი მოქეიფე და გართობის მოყვარულ, მოსიყვარულე ქართველის” ვარიანტს ვიდრე “მეომარ, სისხლის მოყვარე ადამიანის.”