Tag Archives: ოსკარი

ასღარ ფარჰადი, აზრი დეტალებშია

ეგრეთ წოდებული ვიდეო ესსეების კეთება გადავწყვიტე, ესეც პირველი ვიდეო

ბევრი წუნია, კითხვის ტეპმი ზედმეტად ნელი და რამდენიმე შესამჩნევი ხარვეზი, მომავალში შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ

Advertisements

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

რუსეთი Game of Thrones-ის პროდიუსერებს მაყურებელს ართმევს და ახალი სეზონის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე “დრაკონებს” აგზავნის უკრაინაში. სანამ გაერო, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ევროპა და ნატო უკრაინის კრიზისზე მსჯელობს, ქართველი Facebook ექსპერტები ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ თეორიებს დაუღალავად ავითარებენ. ზოგიერთი მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს და საკუთარი აზრის გასატანად მოვლენების ასეთ განვითარებზეც კი თანახმაა. თუმცა, ყველაზე მაგარი ვერსია რამდენიმე იუზერის მიერ სრული სერიოზულობით გამოთქმული აზრი იყო, თითქოს ბარაკ ობამა რუსეთის მიერ დავერბოვკებული აგენტია.

ოსკარების დაჯილდოებამ მაინც მოახერხა უკრაინის ამბების გადაფარვა. თუმცა, სოციალური მედიის იმ მომხარებლებს, რომლებსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ოსკარზე ლაპარაკი ეჩოთირებოდა, გამოსავალი აწ უკვე ოსკაროსანმა ჯარედ ლეტომ გამოუნახა, რომელმაც სამადლობელო სიტყვის დროს უკრაინა და ვენესუელა ახსენა. ამრიგად ლეტომ სოციალური მედიის მომხარებლებს ორი ერთში “დასაშეარებელი” და “დასალაიქებელი” პროდუქტი შეუქმნა.

მინიმუმ ერთი წლით გადაიდო ლეონარდო დი კაპრიოს ოსკარი და შესაბამისად, ასევე მინიმუმ ერთი წელი მსახიობი ინტერნეტ მემეების მთავარი გმირი იქნება. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ აკადემიისგან დაჩაგრული დი კაპრიო, მისმა კოლეგებმაც კი დაჩაგრეს და ჯგუფუს “selfie-შიც” კი არ ჩასვეს. წარმომიდგენია თუ როგორ უნდოდა დი კაპრიოს კადრში მოხვედრა, მაგრამ იქვე მდგომს ეხათრებოდა ჯგუფთან შეერთეება, მერე ვინმე გაიფიქრებდა, “ლეოს ხომ არ დავუძახოთ”, თუმცა პოზიორობით გართულს იმავე წამს დაავიწყდებოდა მის შესახებ. დი კაპრიო  ჯგუფს გარეთ დარჩენილ იმ ყველაზე არაპოპულარულ ბავშვს ჰგავს, რომელსაც ფოტოს გადაღებამდე ერთი წამით ადრე “მოდი, მოდი” ეუბნებიან ხოლმე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში მისთვის ეს ფრაზა სავარაუდოდ არავის უთქვამს.

როგორც ცნობილია თბილისში და ზოგადად საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები ერთმანეთს ყველაზე ცუდი ნაგებობის შექმნაში ეჯიბრებიან. ცოტა ხნის წინ დაანონსებული ახალი პროექტის ავტორს ლეგიტიმური უფლება აქვს მოიგოს ეს საპატიო ტიტული, რადგანაც ვარდების მოედანზე პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც კვერცხობის დადგმას აპირებენ.

ნაწყვეტმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩიდან youtube-ზე სულ რაღაც ხუთ დღეში ერთ მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა. არა, საქართველოს ჩემპიონატმა იტალიურ, ესპანურ თუ ინგლისურ ლიგას სანახაობით ჯერჯერობით ვერ აჯობა და ამხელა ყურადღება მხოლოდ იშვიათი კურიოზის ხარჯზე მოიპოვა, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ესეც პროგრესია. ახლა მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანა, რომელიც მალტასტან ფრეს თამაშობს, საკუთარი ჩემპიონატი გააჩნია.

ვფიქრობ დიანა ტრაპაიძეს და თეონა გეგელიას ძალიან გაუმართლათ, რომ იმ თაობას განეკუთვნებიან, რომლებსაც ზოგადი უნარების ჩაბარება არ მოუწიათ. ჟურნალისტებმა პირდაპირი მნიშვნელობით აბუჩად აიგდეს ისედაც აბუჩად აგდებული ნოდარ ხადური მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც საკითხში ვერ ერკვევიან. ამრიგად, კიდევ ერთხელ განმტკიცდა თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანმა შეიძლება ნაკლები იცოდეს, მაგრამ თავი სხვაზე გაცილებით ჭკვიანი ეგონოს. ასეთ პირობებში ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მზადაა მასზე კონკრეტულ საკითხში უფრო გარკვეულ ადამიანს “შეხე რა შტერია-ს” პათოსით საჯაროდ დასცინოს .

ვარაუდის დონეზე შეიძლება იმ აზრის გამოთქმა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელსაც თავი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი ჰგონია, ფსიქიატრმა Anger Management-ის მიზნით “რთულად გასატეხი კალამი” გამოუწერა. კალამი როგორც ჩანს ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთ მუშაობს, ნახეთ თუ როგორ დამშვიდდა იანუკოვიჩი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ და კუთხეში ჩაყენებულ იმ ბუნჩულა ბავშვს დაემსგავსა, რომელიც ბოდიშს ითხოვს.

ბოლოს გიტოვებთ “პუტინის და კადიროვის” ცეკვის ამსახველ ვიდეოს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

 

გასული კვირა ქართული კულტურის მორიგი დამაჯერებელი და საყოველთაო გამარჯვებით დაიწყო. საუბარია აკაკი წერეთლის თხზულებანის პორნო ფილმის კადრში მოხვედრაზე.  ისე კი, კიდევ კარგი ამ სცენაში წერეთლის მაგივრად ილია ჭავჭავაძის, ანუ ილია მართლის რომელიმე ნაწარმოები არ მოხვდა. ასე რომ ყოფილიყო საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებოდით. ასეთ შემთხვევაში მოწამეობისთვის და პროტესტისთვის გამზადებული ათასობით ქართველი გეზს AVN award-ისკენ აიღებდა და იქ აღგზნებულ მდგომარეობაში გააპროტესტებდა ქართული სიწმინდის შებღალვას.

ინტერნეტ განხილვის და აღშფოთების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ალბათ უილიამ დანბარის თავისუფალი თემა “როგორ გავატარე ზაფხული” კი არადა,  “რა მომწონს და არ მომწონს ქართულ სამზარეულოში” უნდა მივიჩნიოთ. დანბარის დაბნეულმა პოსტმა (სადაც ავტორი კულინარიაზე უფრო მეტად გეოგრაფიაზე გვესაუბრება) და აშკარად ნაძალადევმა თარგმანმა ერი და ბერი აალაპარაკა, მკაცრი ქართული ენის მასწავლებლებიდან დაწყებული პროფესორებით და საზოგადო მოღვაწეებით დამთავრებული. პატრიოტული სუფრის ფრთა, თემის ავტორს უცოდინრობაში და უმადურობაში სდებდა ბრალს, ქართველთა მეორე ფრთა, რომელიც გულის სიღრმეში საკუთარ თავს საზოგადოების უფრო ნათელ ნაწილად მიიჩნევს, დანბარს წერილს უქებდა.

წინა კვირაში კვლავ აქტუალური იყო ძალიან საყვარელი ფეისბუქ აპლიკაცია Quiz Your Friends. არაფერი მაქვს იმ ადამიანთა საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ეს ძალიან საყვარელი ტესტი გააკეთეს, მაგრამ ამავდროულად მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებმაც ცდუნებას გაუძლეს. ადამიანებს რომლებაც გადაწყვიტეს არ შეეხსენებინათ სხვებისთვის თუ რა მაგარი, იუმორის მქონე, ათლეტური თუ ინტელექტუალური ტიპები არიან. თუმცა, პირველ რიგში ქედს ვიხრი მათ წინაშე იმის გამო, რომ ეყოთ ჭკუა და მიხვდნენ რომ პრინციპში მათი პერსონა მათი ახლო მეგობრების გარდა არავის აინტერესებს.

პარლამენტარები ერთმანეთს კვლავ პროფესიონალიზშმი და მაღალი ინტელექტის გამოვლენაში ეჯიბრებიან, ამჯერად ზურამ ტყემალაძემ იაქტიურა და საზოგადოებას სოსო ჯაჭვლიანი დროებით დაავიწყა . შეგახსენებთ რომ ტყემალაძე თბილისში მდებარე ძველი პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. ბუნებრივია ტყამალაძის ეს ინიციატივა ფეისბუქ მომხმარებელმა აიგდო და სწორედ მისი წყალობით მოგვეცა საშუალება გაგვეგო ა) სად ცხოვრობს ზოგიერთი ჩვენი “ფრენდი” ბ) რომელ ქალაქში ისურვებდა ეს კონკრეტული “ფრენდი” ცხოვრებას. ასე მაგალითად ჩემს ფეისბუქ მეგობრების სიაში შემოვიდა წინადადება ნახალოვკა ეჩუქებინათ ედინბურგისთვის, ხოლო გლდანი გადაეცათ ნიუ იორკისთვის. თუმცა, უფრო მთავარი ისაა რომ ტყემალაძის წყალობით ჩვენ გავიგეთ რომ ა) თბილისში ცხოვრება არავის სურს და ბ) თბილისზე კიდევ უფრო ნაკლებად თბილისელებს ქუთაისელობა უნდათ.

ამასობაში ყოფილი პრეზიდენტის ყოფილმა “სახლმოურავმა”, ანდრო ბარნოვმა ხაშურის რომელიღაც გაყინულ შენობაში პალტო ჩაცმულმა შეხვედრა გამართა. თუ ამ სიუჟეტის ავტორს დავუჯერებთ, ბარნოვი სამოქალაქო-საინიციატივო ჯგუფს  “გორი დამოუკიდებლობისთვის და ევრო ინტეგრაციისთვის” ხელმძღვანელობს.  რთული მისახვედრი არ არის, რომ ბარნოვი საბჭოურობის ამოძირკვას მისი გულიდან, ანუ სტალინის მშობლიური ქალაქიდან იწყებს, მაგრამ ამავდროულად ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე ერთი კითხვა მიჩნდება. გორი ჯერ დამოუკიდებელი უნდა გახდეს და საქართველოს ავლით შევიდეს ევროპაში, თუ ჯერ საქართველოსთან ერთად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მერე გამოეყოს ქვეყანას?

ეკლესიის ბნელმა ფრთამ ლიბერალების წინააღმდეგ საბრძოლველად youtube-ზე მორიგი დესანტი გადმოსხა. ამჯერად დესანტი ვინმე სპირიდონ აბულაძის სახით მოგვევლინა, რომელიც სხვა აბულაძის “მონანიების” რომელიღაცა სცენის ესთეტიკაში გადაწყვეტილ ვიდეოთი დაგვემუქრა და ძალიან აღელვებულმა გვამცნო, რომ პატრიარქის ყველა კრიტიკოსი არც მეტი და არც ნაკლები, მოკვდება. ბუნებრივია ექვს წუთიან მიმართვაში მამაო გაუჩერებლად ვერ ლაპარაკობს და ამიტომაც სახეზეა რამდენიმე “რესტარტი”. ერთ-ერთი ასეთი რესტარტი მე-2 წუთსა და მე-16 წამზე შეგვიძლია ვიხილოთ. ამ პაუზის დროს ირთვება საყვარელი და მშვიდი ინტერფეისი, თუმცა რამდენიმე წამში სპირიდონ აბულაძე ახალი შემართებით აგრძელებს მუქარას. თუმცა ვიდეოს დასასრული, ის მონაკვეთი სადაც ავტორი სპერმებზე და ლამის ტინტო ბრასის სიუჟეტებზე საუბრობს  ალბათ ყველაზე საინტერესოდ და ფანტასმაგორიულად უნდა ჩავთვალოთ.

ამასობაში, მსოფლიოში ვითომ ყველაზე პრესტიჟულმა კინო აკადემიამ, რომელმაც ვითომ საუკეთესო ფილმები და მსახიობები უნდა გამოავლინოს, ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მაყურებელი სხვადასხვა მსახიობებით და ფილმებით ინტერესდებოდა, წელს ერთადერთ ინტერესს (რომელიც ინტერნეტ ისტერიის მსუბუქ და რიგ შემთხვევაში მძიმე ფორმებში ვლინდება) ლეონარდო დი კაპრიოს და ოსკარის ურთიერთობა წარმოადგენს, რაც იძლევა ეჭვს ვიფიქროთ რომ ჟიურის წევრები ამ უკანასკნელს მთავარი როლის შესრულებისთვის ისე მისცემენ ჯილდოს, რომ სხვების მონაწილეობით ფილმებს არც კი ნახავენ.

სპორტის სამყაროში კვირის მთავარ მოვლენად შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხავის მისამართით გაკეთებული “შალაბანი” აღმოჩნდა. არ ვიცი რამდენად კარგი ფეხბურთელია იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ამ ვიდეოში ის იმ სკოლის მოსწავლეს ჰგავს, რომელიც ყველას გვყავდა კლასში თუ სკოლაში. ტიპი რომელიც არაადეკვატურ და კონტექსტიდან ამოვარდნილ საქციელს სჩადიოდა ხოლმე. ისე კი, ვფიქრობ შვედეთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს ის რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ვაკანტური არაა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართული ფეისბუქისთვის საინტერესო არავინ მომკვდარა და ამიტომაც კვირამ ელექტრონული პანაშვიდების გარეშე ჩაიარა.

დასასრულისთვის გიტოვებთ ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის ამსახველ ამ ვიდეოს, რომლისთვისაც კომენტარის მოფიქირება უბრალოდ ზედმეტად ჩავთვალე.

ჩაიკოვსკის “გედების ტბა,” ანუ არანოფსკის “შავი გედი”

შენიშვნა: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

სანამ ფილმის უშუალო კრიტიკას დავიწყებდე, უნდა აღინიშნოს რომ “შავი გედი” მიუხედავად პრესაში არსებული მრავალრიცხოვანი დადებითი თუ უარყოფითი კრიტიკისა, კინომოყვარულებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ამ ფილმზე ბევრს საუბრობენ, გასაგებიცაა, ცნობილი და ათასჯერ გადამღერებული “გედების ტბა” დარენ არანოფსკიმ ორიგინალურად წარმოგვიჩვინა.

უშუალოდ ფილმზე საუბარს სურათის დასასრულიდან დავიწყებ. ნატალი პორტმანის პერსონაჟი, საყვარელი და უმანკო ნინა, რომელიც უბადლოდ ასრულებს ორივე გედის (ამაზე მოგვიანებით) როლს სცენაზე კვდება. ცეკვით აღფროთავებული ვინსენტ კასელის პერსონაჟი მოსწავლეს მივარდება და სიხარულისგან “პატარა პრინცესას” ეძახის. ნინას ბოლო სიტყვებია “სრულყოფილი ვარ.” თითქოს ძალიან ბანალური და მარტივი უნდა იყოს ასეთი ფინალის ახსნა, ა ლა “სრულყოფილი არავინაა.” მაგრამ… რამდენიმე წამში ეკრანი თეთრ ფონად გარდაისახება, რომელზეც დიდი ასოებით რეჟისორის სახელის და გვარს ვხედავთ: “დარენ არანოფსკი.” ასეთის დანახვისას მე პირადად ამ რეჟისორის სხვა ფილმები გამახსენდა, განსაკუთრებით “პის” და “შადრევანს” გამოვყოფ, ორივე ფილმში რეჟისიორი თითქოს რაღაც მისტერიებით და ზებუნებრივი თემებით მანიპულირებს, რაღაც “ინტელექტუალური ესთეტიკით.” უდავოა რომ არანოფსკი ნიჭიერი და პროფესიონალი რეჟისორია, მაგრამ ამასთან ერთად ჩნდება კითხვა: “საკუთარ თავს ღმერთს ხომ არ ადარებს? და არა მხოლოდ ადარებს, არამედ უტოლებს” სუბიექტური სრულფყოფილებით საკუთარი თავის შესახებ.

ღმერთი არანოფსკის ამბავი იქეთ იყოს და რეჟისორს წინა ფილმებისგან განსხვავებით თითქოს იუმორის გრძნობაც გამოუჩნდა. ფილმის დასაწყისში ვაინონა რაიდერის პერსონაჟს, რომელიც გამოცდილ ბალერინას წარმოადგენს ასაკის და სტაჟის გამო თომა ლეროი (ვინსენტ კასელი) ათავისუფლებს. ბეთი (ვაინონა რაიდერი) ისტერიკაშია და საკუთარი ოთახიდან აგონიაში გამოდის, რასაც ნინა ხედავს. ორონიას მაშინ ვხედავთ როდესაც რაიდერის ოთახში შესული პორტმანი საყოველთაოდ ცნობილ კლეპტომანიაკის (რეალურ რაიდერს და არა პერსონაჟის) პომადას იპარავს. არანოფსკი თითქოს თამაშობს და ფილმიდან ჰოლივუდის ამბებზე გადააქვს მაყურებლის ყურადღება… არადა, შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

მეორე სასაცილო ეპიზოდი დამთხვევას ნამდვილად არ წარმოადგენს. ერთ-ერთ ეპიზოდში პორტმანის პერსონაჟი გაღვიძებულზე თვითდაკმაყოფილებას ეწევა და ოთახში მძინარე დედას აღმოაჩენს. კარგი იქნება თუ არანოფსკი მომავალშიც გამოიყენებს უფრო ლაღ მომენტებს.

ისე კი, პორტმანის თამაშმა აშკარად დაჩრდილა გამოცდილი რაიდერის სტაჟი. ნინა, ერთი უმანკო, სახლის გოგონაა, მოწესრიგებული და ძალიან წესიერი, მოკლედ თეთრი გედია. ნატალი პორტმანის სხვა როლები რომ არ მქონდეს ნანახი ვიტყოდი ეს გოგო რა სათუთია თქო. ფილმის დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ნინამ თეთრი გედის გარდა ასევე შავი გედის როლი უნდა განასახიეროს, ეშმაკისეული წარმონაქმნი, ამიტომაც მიუხედავად ტექნიკის უბადლო ცოდნისა ნინას ამის გაკეთება უჭირს, ფილმის დასასრულისკენ მაყურებელი პორტმანის, ანუ ნინას სასწაულ მეტამორფოზას ხედავს. შეიძლება დავა იმაზე არის თუ არა ნინას როლი “შავ გედში” პორტმანისთვის ყველაზე წარმატებული, მაგრამ უდავოა რომ “შავი გედის” ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ რომ პორტმანის თამაშია.

აღსანიშნავია ფილმის სიმდიდრე მძლავრი, ეროტიკული ეპიზოდებით.  დასანანია ოსკარს საუკეთესო სექს სცენისთვის რომ არ აძლევენ, ასეთი რომ არსებობდეს მე პირადად ოსკარს ნატალი პორტმანს და მილა კუნისის ლესბოსურ სცენას მივანიჭებდი.

ოპერატორის მუშაობა აღნიშვნის ღირსია, მაგრამ ეს არანოფსკის სხვა ფილმებისთვისაც დამახასიათებლია, ასე რომ ამაზე დიდხანს შეჩერება არ ღირს. სპეც ეფექტებში კი ფილმს ოსკარი აშკარად ეკუთვნის, ნამდვილად დიდ ეკრანზე საყურებელი ფილმია.

ბანალურ კითხვაზე “მოგეწონა თუ არა ფილმი?” ასევე ბანალურად და მოკლედ რომ ვუპასუხო “კი, მომეწონას” ვიტყვი, მაგრამ არანოფსკის ღმერთამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, იმიტომ რომ სრულყოფილი არავინაა.

“ქუჩის დღეები,” სინათლე გვირაბის ბოლოს?

ფრაზა “თითზე ჩამოსათვლელიაო” აბსოლუტურ უმრავლესობას გექნებათ
გაგონილი. დამოუკიდებელი ქართულ კინოს ვარგისიანობაზე საუბრისას ამ ფრაზას შეგვიძლია არ არსებული ფრაზა “ათი თითიც კი არ დაგჭირდებათ” დავუმატოთ.

თამამად შეიძლება ითქვას რომ ლევან კოღუაშვილის დებიუტი მხატვრულ კინოში წარმატებული აღმოჩნდა. კარგ კინოს გადაჩვეული ქართველ მაყურებლის სკეპტიციზმი კი ევროპულ და ამერიკულ პრესაში ფილმის დადებითმა კრიტიკამ გააქარწყლა. დაბალბიუჯეტიან “ქუჩის დღეები” არამარტო მაყურებლის, არამედ კინოკრიტიკოსების და პროფესიონალების ყურადღება მოიპოვა, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებულ ჯილდოებში აისახა.

თუმცა, ქართველი მაყურებლისთვის მრავალრიცხოვან ჯილდოებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი თვითონ ფილმის ხარისხი უნდა იყოს, იმდენად გადავეჩვიეთ კარგ ფილმებს. მე პირადად ამ ნამუშევარს “უძინართა მზის” გვერდზეც კი დავაყენებდი, ცხადია არა შინაარსის, არამედ ხარისხის გამო.

არაერთმა კრიტიკოსმა ფილმის თემად ნარკომანიის პრობლემა აღიქვა და ზოგიერთმა (სხვათაშორის არაქართველმა) ძალიან თამამად ადგილი “ნემსზე”  და ოცნების რექვიემის გვერდზე მიუჩინა. რაშიც ძალიან შეცდნენ. მიუხედავად იმისა რომ ფილმი ძირითადად ნარკომანების ირგვლივ ტრიალებს, კინოფილმის მთავარი აზრი მაინც სხვაგან უნდა ვეძებოთ.

ნარკოტიკი ერთგვარი ხერხია რომელსაც რეჟისორი ინსტრუმენტად იყენებს სიუჟეტის ასაწყობად. ასეთი ტიპის დრამატურგიაში იგრძნობა სკოლა (ამ შემთხვევაში ნიუ იორკის) და პროფესიონალიზმი, სიუჟეტის მეშვეობით ავტორი გვიყვება ერთი ადამიანის ისტორიას, რომელიც ირგვლივ მყოფების მსგავსად ეტანება ჰეროინს. თუმცა, მათ შორის განსხვავებაა, ფილმის მთავარი გმირი აშკარად მორალურ ადამიანად არის წარმოჩენილი, რომელიც მიუხედავად სენისა წამლის გამო ყველაფერზე წამსვლელი არაა. რეჟისორი მას მორალური დილემის წინაშე აყენებს და მის მეგობართან (პარავოზასთან) ადარებს), რომელიც ჩეკისგან განსხვავებით არჩევანს მეგობრობას და წამალს შორის წამალზე აჩერებს. ჩეკიც და პარავოზაც ნარკომანები არიან, თითქოს ყველა თანაბარი უნდა იყოს ამ მოვლენასთან, თუმცა…

ფილმი მდიდარია ძლიერი ეპიზოდებით, რამდენიმეს რთულია აუღელვებლად  შეხვდეთ, “ბარიგის” მამის თვითვმკვლელობის ან თუნდაც დასკვნითი სცენა ამის კარგი მაგალითია. მაგრამ ემოციურად დამუხტული ეპიზოდების გარდა, ამ ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია პატარ-პატარა დეტალები. ასე მაგალითად კლასის ან სკოლის ტუალეტის სიტუაცია ძალიან კარგადაა აღწერილი, ასევე დაბადების დღეზე თითქოს გაზრდილი ქალების ბავშვური კეკლუცობა, რომელიც მაყურებელს ისევ და ისევ იმავე სკოლაში აბრუნებს. მოკლედ, ფილმს ეტყობა რეჟისორის ხელი, რეჟისორის რომელიც მონდომებით და არაზერელედ უდგება საქმეს.

გამოსარჩევია ასევე მსახიობების თამაში, საინტერესოა რომ 90-იანებზე ქართული ფილმების უმრავლესობაში მსახიობები, მაშინ როდესაც საქმე ქუჩას ეხება ძირითადად კლიშედ ქცეულ ფრაზებს, ბანალურ ტონალობაში ისვრიან.

ამიტომაც, “ქუჩის დღეებში”  მსახიობების (და არა მარტო მთავარი როლის შემსრულებლების) თამაში ბევრად დამაჯერებელია, თან ეს იმის ფონზე რომ გინება ფილმში პრაქტიკულად არ ისმის, მიუხედავად ამისა ფილმი სიყალბის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ერთი რამე რასაც ასევე ყურადღებას იპყრობს ისაა რომ ჩეკის სკოლიდან ორი ახლო მეგობარი შემორჩენილიყო, ერთი მათგანი მინისტრია, მეორე მღვდელი… ორივე თითქოს მეგობრულად ექცევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დისტანციას ინარჩუნებენ. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამის ნახვისას მაყურებელში ჩნდება ცდუნება ამ ნარატივში სიმბოლიზმის ქექვა დაიწყოს…

და ბოლოს, “ქუჩის დღეები” იბრძოლებს ოსკარების დაჯილდოვებაზე ხუთ მთავარ ნომინანტს შორის მოსახვედრად, მოდით წარმატება ვუსურვოთ და არა იმიტომ რომ ქართული ფილმია, არამედ იმიტომ რომ კარგი კინოს მაგალითია!