Tag Archives: პრეზიდენტი

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის პრევიუ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოში ალბათ იმ მცირერიცხოვან ღონისძიებათა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც მაყურებელი დიდი ხნით ადრე და განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ რიგით მე-15 კინოფესტივალი ჯერ არ დაწყებულა და ოფიციალურად 1 დეკემბერს იხსნება რამდენიმე ფილმზე ბილეთები უკვე მთლიანად გაყიდულია. ასე მაგალითად, ვეღარ იშოვით ადგილს თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის ფილმზე “ზამთრის ძილზე”. ამ ფილმისადმი ინტერესი გასაგებია, ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ის ყველაზე ტიტულოვანთა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. სწორედ მას ხვდა წილად წლევანდელი კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო.  ამიტომაც, თუ “ზამთრის ძილზე” ბილეთი ვერ იშოვეთ, აუცილებლად მოინიშნეთ მომავალში სანახავ ფილმებს შორის.

წლევანდელ ფესტივალს ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის მხატვრული ფილმი – “პრეზიდენტი” გახსნის. ქართველ მაყურებლის ამ ფილმისადმი ინტერესი გასაგები მიზეზების გამო (საქართველოშია გადაღებული და მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ) დიდია. თუმცა, ამის მიუხედავად სამწუხაროდ ფილმი მხოლოდ ერთხელ იქნება ნაჩვენები და ისიც მოსაწვევებით. ორგანიზატორებს ეს ალბათ უნდა გაეთვალისწინებათ და თუ ამის საშუალება არსებობდა ფილმის განმეორებითი ჩვენება დაეგეგმათ.

ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული ფილმების რაოდენობა დამაიმედებელ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. ნათელია რომ წარმოებული ქართული ფილმების რაოდენობამ აშკარად იმატა, ხარისხს რაც შეეხება, მაყურებელს მისი განსაზღვრა რამდენიმე დღეში თავად შეეძლება. სანახავ ქართულ ფილმებს შორის მე პირადად გამოვყოფდი თინათინ კაჯრიშვილის “პატარძლებს” (ნაჩვენები იქნება სამშაბათს, 14 საათზე), გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულს” (ოთხშაბათი, 12 საათი) და სალომე ალექსიძის “კრედიტის ლიმიტს” (სამშაბათი, 17 საათი).

ფესტივალის პროგრამა დოკუმენტალური კინოს მხრივ ასევე საკმაოდ მდიდარია.  სანახავად საინტერესო უნდა იყოს “ყოველდღიური  ამბოხი, (სამშაბათი, 14 საათი)”, რომელიც თანამედროვე არაძალადობრივ პროტესტების სხვადასხვა ფორმების შესახებ მოგვითხრობს.  ასევე საინტერესო უნდა იყოს ორი დოკუმენტური რომელიც სამწუხაროდ ერთი და იმავე დროს (პარასკევი, 14 საათი) იქნება ნაჩვენები – “ვადა,” ფილმი იმაზე თუ როგორია წარმოადგენდე პუტინის ოპოზიციას რუსეთში და “ადამიანური მაშტაბი,” აწ აღიარებული ფილმი დანიიდან, რომელიც ურბანულ პრობლემაზე, კერძოდ კი იმაზე მოგვითხობს, რომ დღევანდელი გათვლებით 2050 წლისათვის დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი ქალაქებში იცხოვრებს. ამიტომაც, მე პირადად ამ ორს შორის არჩევანი ჯერჯერობით ვერ გავაკეთე. სხვათაშორის, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის როდესაც მაყურებელს არჩევანის გაკეთება ორ ან სულაც სამ ფილმს შორის მოუწევს. ეს ერთის მხრივ კარგია და მეორეს მხრივ ცუდი. კარგია რადგანაც ეს იმას ნიშნავს რომ ფესტივალზე ბევრი ხარისხიანი ფილმი ჩამოვიდა და ცუდი იმიტომ რომ თბილისში არ გვაქვს საკმარისი კინოთეატრი და პირობა მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად. სხვათაშორის, ფესტივალზე მოთხოვნის და ინტერესის გათვალისწინებით მემგონი დროა ორგანიზატორები დაფიქრნდნენ და მომავალი წლიდან “პრომეთე” უფრო მაშტაბური და თუნდაც ხანრგლივი მოვლენა გახადონ.

დოკუმენტალურ ნამუშევრების მხრივ ასევე საინტერესო უნდა იყოს “უკანასკნელი გატაცება,” ფილმი სომალელ მეკობრეებზე (პარასკევი, 16 საათი) და ჯოშუა ოპენჰაიმერის “სიჩუმის სახე” (პარასკევი, 2130-ზე). ეს უკანასკნელი დროის მიხედვით კვლავ ემთხვევა სხვა საინტერესო ფილმს – “სენ ლორანს”.

ამერიკული კინოს ნახვა თუ გადაწყვიტეთ, “ძებნილს” (პარასკევი, 12 საათი), სადაც მთავარ როლს აწ გარდაცვლილი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ასრულებს და “დიდ მნიშვნელოვან საგნებს” გირჩევდით (სამშაბათს 19 საათზე და განმეორებითი ჩვენება შაბათს, 12 საათზე).

აზიურ ფილმებს შორის აღნიშვნის ღირსია ტაივანური ნამუშევარი – “მოხეტიალე ძაღლები”(ოთხშაბათი, 16 საათი),  რომელმაც უკვე მოასწრო ბევრ საერთაშორისო ფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოების მოპოვება.

აფრიკულ ცხოვრებაზე და კინოზე მეტის გაგება თუ გსურთ, შეგიძლიათ აბდერაჰმან სისოკოს უკვე აღიარებული და კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტოზე ნომინირებული “ტიმბუქტუ” (სამშაბათი, 12 საათი) იხილოთ.

ასევე საინტერესო უნდა იყოს “ზილს მარია” (ოთხშაბათი, 16 საათი), სადაც მთავარ როლს ჯულიეტ ბინოში ასრულებს, ჰოლანდიური ტრილერი “ბორგმანი” და “ცხენები ჩვენში”, კომედიური დრამა ისლანდიიდან (ორივე ოთხშაბათს 2130-ზე იქნება ნაჩვენები). პარასკევს საჩვენებელ ფილმს შორის ალბათ შეგვიძლია უკრაინული “ტომი” (2130 საათზე) გამოვარჩიოთ, ეს ფილმი ყრუ-მუნჯი თინეიჯერის შესახებ მოგვითხრობს და მთლიანად არის დაცლილი ხმოვანი დიალოგებისაგან, თუ რატომ ეს ტრეილერი უკეთესს წარმოდგენას შეგიქმნით.

კინოფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეგვიძლია შაბათს საჩვებენელი ძმები დარდენების “ორი დღე, ერთი ღამე” (14 საათი) მივიჩნიოთ, ეს ფილმი ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე იყო ანონსირებული და ამიტომაც დამატებით კომენტარს ალბათ არ საჭიროებს.

საკმაოდ დატვირთული იქნება ფესტივალის დასკვნითი, კვირა დღე, რომელიც ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ოზონის “ახალი მეგობარი ქალით” დაიწყება” (12 საათი), გაგრძელდება საკმაოდ არაორდინალური “წყვდიადის შემდეგ ნათელით” (14 საათი) და “გოლგოთის გზით” (1630) და შეიძლება დასრულდეს ოთხმოც წელს გადაცილებული ლენეგენდარულ ფრანგი რეჟისორის ჟან ლუკ გოდარის ჯერჯერობით ბოლო ნამუშევრით – “მშვიდობით, ენავ” (2130-ზე).

საბოლოო ჯამში კინოფესტივალზე 120 ნამუშევარზე მეტი იქნება წარმოდგენილი, ყველაფრის ნახვას ფიზიკურად ვერავინ შეძლებს. იქნება იმედგაცრუებები და იქნება ისეთი ფილმებიც რომლებიც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ გველის ერთ კვირიანი ფესტივალი, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ზეიმს ქართველი კინომოყვარულებისათვის.

Advertisements

თანამედროვე ზღაპარი დიდებისთვის

კარიკატურის ავტორი: Georg Gamez

შენიშვნა: პირველად დაიბეჭდა http://mappedperspectives.wordpress.com/ – ზე

პრინცი პოულობს პრინცესას და ცოლად მოჰყავს, ამ დროს სამყაროს სხვა ნაწილში ბოროტმოქმედს ამარცხებენ და კლავენ. არ იფიქროთ რომ ეს რომელიმე ზღაპრის დასასრულია, ამ რეალობის მომსწრენი გასულ კვირას გავხვდით.

ლონდონში გამართულ პომპეზურ სამეფო ქორწინებას, ორ დღეში ბარაკ ობამას მიერ  პაკისტანში ჩატარებული წარმატებული სპეც. ოპერაციის შედეგად ოსამა ბინ ლადენი დამარცხების და მოკვლის შესახებ გაკეთებული განცხადება მოჰყვა.

ოპერაციას, რომელსაც ზედმეტსახელად “ჯერონიმო” ერქვა, პირდაპირ ეთერში, თეთრ სახლში ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონთან და ჯო ბაიდენთან ერთად ადევნებდა თვალს. ზოგიერთი,  ვისაც ასეთი საშუალების ფუფუნება არ ჰქონდა სვამს შეკითხვას თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება.

ნავთზე ცეცხლი ერთ-ერთი პაკისტანური არხის მიერ გავრცელებული, ბინ ლადენის  ფოტო სურათმა დაასხა, რომელიც სულ რამდენიმე საათში ინტერნეტს და სხვა მედია საშუალებებს კალიასავით მოედო.

ოთხშაბათს ობამას მიერ გაკეთებულ გადაწყვეტილებამ “არ გამოექვეყნათ ოსამა ბინ ლადენის ცხედარის ფოტომასალა” და პრეზიდენტის მართლების მცდელობა, შეთქმულების თეორიების მოყვარულთათვის შთაგონების წყაროდ იქცა.  ა.შ.შ. – ს მთავარსარდლის აზრით, ფოტომასალა ზედმეტად ნატურალისტურია და ასევე ეროვნული ინტერესს წარმოადგენს.

ჯერჯერობით, ფართო აუდიტორიისთვის მხოლოდ ზღვაში დამარხული ბინ ლადენის ფოტოა ცნობილი. თავად “დამარხვის” ფაქტმა ხალხში ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია, თუმცა ზოგიერთი სხვა ასპექტისგან განსხვავებით ასეთ გადაწვეტილებას შეიძლება ლოგიკური ახსნაც მოეძებნოს. ტრადიციულ, მიწაში დამარხვას მართლაც შეიძლება არასასურველი აუდიტორია მოეზიდა და ამავდროულად ისლამის მიხედვით საჭირო იყო 24 საათში მოქმედება. ამის მიუხედავად ბევრი ბინ ლადენის ლიკვიდაციას ფაბრიკაციად მიიჩნევს.

იქედან გამომდინარე კი რომ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება საბოლოო ჩანს, ახალი შეთქმულების თეორიები ცხვება.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამ თეორიათაგანი იმას ამტკიცებს რომ ბინ ლადენი დიდი ხნის მოკლულია და ა.შ.შ. – მ ამის სააშკაროეზე გამოტანა მხოლოდ ახლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბინ ლადენის ფენომები მისცემდა სახელმწიფოს ეხარჯა ბიუჯეტის საგრძნობი ნაწილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ ა.შ.შ.-ში არჩევნები ახლოვდება.

მიუხედავად ეჭვებისა, ფაქტია რომ რესპუბლიკელების მომავალ 2012 საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ნაკლები იმედი უნდა ჰქონდეთ. ობამა ხომ “ჰერკულესის გმირობების სერიას” აგრძელებს, ნობელის ლაურეატობასთან ერთად ის ამჯერად მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის დამარცხელებლის ტიტულს ატარებს, მოკლედ პრაქტიკულად ჩემპიონია. ამერიკელი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი კი მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიხსენებს 11 სექტემბრის ისტორიულ მოვლენას.

მიუხედავად იმისა რომ 9 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლების საგრძნობი ნაწილი, ანუ ისინი ვისაც მაშინ ნათესავები დაეღუპნენ, გახარებული სჩანან ტერორისტის ლიკვიდაციით, ზოგიერთი ზეიმს ნაადრევად მიიჩნევენ. ამ კატეგორიაში კი ისინი შედიან ვისაც რაციონალურად აზროვნების უნარი გააჩნია და სჯერა რომ ტერორიზმთან ბრძოლაში პრობლემის ძირფესვეული გაგებაა საჭიროა და არა ზედაპირულ გამოვლინებებთან ბრძოლა. ასეთ ბრძოლამ შეიძლება შვება მოუტანოს უშუალოდ დაზარალებულებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდია ტერორიზმის დამარცხება პრობლემის სწორი გაანალიზების გარეშე გახდეს შესაძლებელი.

მართალია ობამამ კიდევ ერთი “ჰერკულესის გმირობა” ჩაიდინა და ახლა “ტერორისტული ჰიდრა” უთავოდაა დარჩენილი (თუ რა თქმა უნდა შეთქმულების თეორიების დიდი მოტრფიალე არ ბრძანდებით), მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა იმის გაანალიზება თუ რამდენი თავი დარჩა იგივე ჰიდრას? აქვე შეიძლება სავსებით ლეგიტიმური კითხვა დავსვათ, “ვინ იქნება შემდეგი ბოროტების განსახიერება, რომელიც ცუდად დაემუქრება პრინცების და ოცნებების სამყაროს? და რა თქმა უნდა, იცხოვრებენ თუ არა პრინცები და პრინცესები ბედნიერად?

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა და ფქვილი აქა.

მოკლე პოსტი მშვიდობაზე

Give peace a chance

-John Lennon-

დღეს  ჩემს ფბ კედელზე ავღნიშნე რომ კავკასიის რეგიონი კვლავ ითვლება
სახიფათო რეგიონად, სადაც ახალი ან გაყინული კონფლიქტის წამოწყება არც თუ ისე არარეალურია.

ეს ამბავი სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ დღეს, ამ ვარაუდის ბრიტანულ ჟურნალში წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი ასეთის ალბათობის შესახებ. ერთია როდესაც კავკასიაში ცხოვრობ და ამ ხიფათს ყოველდღიურად გრძნობ, მაგრამ მეორე როდესაც ამის შესახებ ისეთი ქვეყნის პრესაში წაიკითხავ რომელიც როგორც წესი კავკასიის ამბებით ნაკლებად ინტერესდება, ესეიგი ხიფათი მართლაც რეალურია.

ამას ის დაემთხვა რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ევროკავშირის ტრიბუნიდან განუცხადებია რომ საქართველო აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს.

ძალიან კარგია, ასე რომ დაემთხვა. მინდა მჯეროდეს ამ რიტორიკის და ამ იმედით რეგიონის მომავალი დემილიტარიზაციის მომსწრე გავხდე. მემგონი კარგი სტარტია იმისთვის რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ გაითავისოს რომ ომი ყველაზე ნაკლებად საჭიროა დღესდღეობით რეგიონში, ეს არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობას, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ეხება.  მე მხოლოდ ამ რეგიონზე იმიტომ ვსაუბრობ რომ ჩვენი მორალური მოვალეობა მეტწილად მხოლოდ საკუთარ საქციელზე პასუხისგებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღარ დავუშვათ მილიტარისტული კონფლიქტი საქართველოს, სომხეთის თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

არ მჯერა რომ რიგით მოქალაქეს ოდესმე სურდეს საკუთარ ტერიტორიაზე ომის, დაკანონებული მვკლელობების ნახვა, ეს არა ჯანსაღი მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მილიტარისტული პროპაგანდით აღზრდილი ადამიანის სურვილი იყოს. არ გვინდა ომი, მორჩა და გათავდა და არ აქვს მნიშვნელობა რა იდეა იდება ასეთის წამოწყებაში.

ამ პოსტით რამე განსაკუთრებული თქმა არ მინდოდა, ეს ნაწერიდანაც ჩანს, ეს პოსტი უბრალო სურვილია ადამიანის რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის ნახვა სურს და მეტი არაფერი. კარგია თუ მეთანხმებით და კარგია თუ ამ აზრს (მაინცდამაინც ეს ბმული თუ არ იქნება არ მეწყინება) გაავრცელებთ.

მშვიდობით!

წაიკითხე ფრთხილად

“The fewer the facts, the stronger the opinion.”

– არნოლდ გლაზგო –

პროფესინალურ ჟურნალისტიკაში არსებობს ოქროს წესი, ეს წესი იმაში
მდგომარეობს რომ სანამ რამეს დაწერდე აუცილებლად უნდა გადაამოწმო ფაქტი ან ციტატა.  ინგლისურ ენაში ეს წესი კიდევ უფრო კარგად ჟღერს: “Double chek” – ანუ, შეამოწმე ორჯერ! მემგონი არ არის საჭირო ჩემგან კიდევ ერთხელ იმის კონსტატირება რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ეს პრობლემა კი არადა, პრაქტიკაში გამჯდარი ჩვეულებაა.

2008 აგვისტოს ომის დროს ერთი კარგად ცნობილი ქართული არხის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ბევრ ჩემს მეგობარს ნერვების ფასად დაუჯდა. ამ ტელეკომპანიის სახელს არ დავასახელებ იმ მიზეზით რომ მის ისედაც გაფუჭებულ რეპუტაციას დამატებითი დარტყმის მიტანა არ სჭირდება, ისედაც ფორთხავს მიწაზე და ხალხში მის სანდოობა ნოლს უტოლდება. აგვისტოს ომის დროს ჩემი მეგობარი კონფლიქტურ ზონაში იმყოფებოდა და დაიჭრა კიდევაც, ეს ჩემთვის, დედამისთვის და კიდევ რამენიმე ადამიანისთვის ცნობილი იყო. ამის მიუხედავად აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმეჯერ გადასცა რომ ის დაუღუპა.  ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ რა გასაკვირია რომ ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო ნაცნობებმა ჩემთამ რეკვა ატეხეს. ანერვიულებულად მეკითხებოდნენ: “მართალიაო?” “რა?” – ვეკითხებოდი. “მოკლესო.” პროტესტის ნიშნად არ ვუყურებდი მაგ არხს და ეს ამბავი რომ გავიგე გავბრაზდი, როგორ შეიძლებოდა ასე უპასიხისმგებლოდ ამ არხს ასეთი ინფორმაცია გადაეცა. ერთ ერთმა ჩვენმა მეგობარმა კი პირდაპირ კომპანიაში დარეკა და კარგა გვარიანად გაკიცხა.

მაშინ როდესაც კომპანიამ ნამდვილი ამბავი გაიგო, თავი არ შეიწუხა და მცდარი ინფორმაციის ეთერში გადაცემის გამო ბოდიში არ მოიხადა .

ადამიანს რომელიც საკუთარ თავს პროფესიანალად თვლის (არა მარტო ჟურნალისტიკაში) პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ზერელედ საკუთარ საქმეს კეთებას, მაშასადამე ხალხის გულების გახეთქვას არ უნდა ეწეოდეს. ეს ფაქტია, ფაქტი რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ მუშაობს, იმიტომ რომ მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობისგან ყველა თავისუფალია.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა სიუჟეტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, როგორც ჩანს მისი პირდაპირი დანიშნულება ობამას და ზოგადად დემოკრატების ხელისუფლების კრიტიკა იყო და ამის ფონზე რესპუბლიკელების რეიტინგის გაზრდა. სიუჟეტის დასაწყისშივე ავტორმა, ერთი ფრაზა თქვა რომელიც დაახლოებით იმას გულისხმობდა რომ დემოკრატების წლევანდელი რეიტინგის დაცემა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე მათი რეიტინგის დავარდნასთან შესადერებელი თუ იყო. სიუჟეტის ყურება გავაგრძელე, მაგრამ ამავდროულად რაღაც მაწუხებდა, რაღაც “ნიტო” იყო ამ ყველაფერში. გავიარ-გამოვიარე და უცბად მივხვდი – რა აბსურდია, ზუსტად რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუზველტი (დემოკრატი) ამერიკაში უპრეცედენტოდ მესამე ვადაზე აირჩეს, 45 წელს კი რუზველტი ასევე დემოკრატმა ჰარი ტრუმენმა შეცვალა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად 53 წლამდე დარჩა, შესაბამისად 1933 წლიდან 1953 წლამდე, ოცი წლის განმავლობაში ამერიკას რესპუბლიკელი პრეზიდენტი არ ჰყოლია! სიუჟეტში ნახსენები ფრაზა იმას გულისხმობდა რომ ჟურნალისტს არა თუ არ გადაუმოწმებია, არამედ საერთოდ არ უფიქრია ფრაზაზე და ის უბრალოდ ფანტაზიის დონეზე იყო დაწერილი.

ეს ამბავი რამდენიმე ჩემს ახლობელს გავუზიარე, ერთ-ერთმა მითხრა ის რასაც თვითონ ვხვდებოდი, მაგრამ ამ დაკვირვებამ კიდევ უფრო შემაშინა: “საქმე ისაა რომ მაგას შენ ხვდები და გარკვეული ცოდნა გაგაჩნია და შენ შეგიძლია ამის გადამოწმებმა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამას არ გადაამოწმებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფაქტად მიიღებს.” მართალია, მე ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ ჩემს საქმეს პროფესიონალურად მივუდგე, 10-დან 7 შემთხვევაში მაინც ქართული სტატიის, სიუჟეტის თუ სხვა პუბლიკაციის ნახვისას მიწევს მისი გადამოწმება, იმიტომ რომ თუ ასე არ მოვიქცევი და რამე მცდარ “ფაქტს” დამაჯერებენ მაშინ წლების განმავლობაში გამყვება მცდარი ინფორმაცია რომელსაც ჩემს მსოფმხედველობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ყველა ჟურნალისტი ვერ იქნება და უმეტესობა ადამიანი წაკითხვისას ფაქტის გადამოწმების გარეშე მიიღებს მოწოდებულ ინფორმაციას.

ადამიანს არსებობისთვის კვება სჭირდება, კვება ხარისხიანი უნდა იყოს, თორემ შეიძლება ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ დასნეულდეს და მის ორგანიზმა წესიერად ფუნქციონირება შეწყვიტოს. ზუსტად ასეა სულიერი, გნებავთ გონებრივი კვება, ამიტომაც არის რომ ჟურნალისტებმა ან თუნდაც სამოქალაქო ჟურნალისტებმა არ უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს უხარისხო პროდუქტი, არ უნდა მოვწამლოთ ხალხი უვარგისი მასალით. გონება ხორციელის ნაწილია და მასსაც ხარისხიანი პროდუქტი სჭირდება.

რამდენიმე თვის წინ ჩემს ბლოგზე ერთი პოსტი გავაკეთე, მასში შეცდომით ავღნიშნე რომ რეიგანმა საბჭოთა კავშირს “მორდორი” უწოდა. სინამდვილეში მან მას “მორდორი” კი არა, არამედ “ბოროტების იმპერია” შეარქვა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს რომელმაც ამ შეცდომაზე მიმითითა და მეც იძულებული გავხდი ბლოგის ნაწილი შემეცვალა და ფაქტი გამესწორებინა. ჩემს შეცდომას გამართლება არ აქვს იმ მიზეზით რომ წერისას მე ვარაუდით და არა ფაქტებით ვიხელმძღვანელე. იმ ვარაუდით რომელიც მე ადრე ვიღაცამ ფაქტად გამისაღა და მეც ასე გამყვა. სტატიის წერისას გადამოწმება დამეზარა, ამიტომაც ეს შემთხვევა სავარაუდოთ კიდევ დიდი ხანი მემახსოვრება.

ამიტომაც, მეგობრებო, როდესაც რამე კითხვას დაიწყებთ, ფრთხილად იყავით, გადაამოწმეთ, თუნდაც ჟურნალისტი არ იყოთ თქვენ ხომ პიროვნებები  ხართ რომლის მსოფხედველობას გართხილება სჭირდება. Bon appetit.