Tag Archives: ჟურნალისტიკა

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აფხაზეთში, რომელიც თურმე რუკის გარდა, რეალურ განზომილებაშიც არსებობს, ხელისუფლება შეიცვალა. მოხდა რადიკალური ცვლილებები, ანუ პრო-რუსული მთავრობა შეიცვალა ასევე პრო-რუსული მთავრობით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული, სხვანაირად ისეთ რეგიონში სადაც მთავარ ვალუტას რუსული რუბლი წარმოადგენს, რეგიონში რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, რეგიონში რომელსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ, რეგიონში რომლის ბიუჯეტიც მეტწილად რუსეთიდან ფინანსდება, სხვანაირად არც კი შეიძლებოდა.

დაახლოებით ათ წელიწადში ვინმე 20 წლის ახალგაზრდასთან ბრედ პიტი სილამაზის ეტალონად და “კრასავჩიკად” რომ მოიხსენიოთ მინიმუმ რისკავთ ამ ახალგაზრდამ ვერ გაგიგოთ და უარესს შემთხვევაში დაგცინოთ როგორც ძველმოდურ ადამიანს. ანუ ათ წელიწადში ასეთი ქმედება დღეს გოიკო მიტიჩის შექების ტოლფასი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრედ პიტი თვალსა და ხელს შუა,  ანჯელინა ჯოლის პირობებში ორმოცდაათი წლის გამხდარა. ამ მიმოხილვაში კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი მეუღლის ფილმის პრემიერაზე ცნობილ ადამიანებზე “მონადირე” ადამიანის მორიგი მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ რეპორტაჟი აცხადებს, რომ ბრედ პიტმა თავდამსხმელს საპასუხო დარტყმა უთავაზა, დამადასტურებელი საბუთი ანუ ვიდეო არსად მოიპოვება, ასე რომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია იმაზე მსჯელობა თუ რამდენად ღირსეულად დაიცვა ტაილერ დარდენის ინტერფეისი 50 წლის მამაკაცმა.

ძალიან რთული იქნება აუხსნა ბავშვს  თუ რატომ არ უშვებენ ამ პასპორტის მფლობელს საზღვარზე. არა იმიტომ რომ “ბავშვია, რას გაიგებს,” არამედ იმიტომ რომ ბავშვები რეალობას, რომელშიც უფროსები თამაშის სხვადასხვა წესებს იგონებენ, ხშირად უფრო საღად და სწორად აღიქვამენ ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ასეთი ბავშვისთვის ლოგიკურია ქაღალდი უფრო სახატავ მასალად აღიქვას ვიდრე გადაადგილების საშუალებად. ისე კი, დარწმუნებული ვარ რომ მესაზღვრეს რომელსაც ხელში ასეთი პასპორტი მიაწოდეს, მსოფლიო მესაზღვრეების ისტორიაში ყველაზე გაკვირვებული სახე უნდა ჰქონოდა.

ვფიქრობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საქართველოში მაინც, აუცილებლად უნდა შემოიტანონ ახალი შესწავლის საგანი – “რესპოდენტთან ჩახტომის ხელოვნება”. აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რესპოდენტთან “მივარდნა,” მიკროფონის სწორად “შეტენვა,” ჭიდაობის ელემენტები, “ნაგლობა,” სხვა ჟურნალისტის მიკროფონის “მოგერიება” და ა.შ. ამასთან ერთად ჟურნალისტი სტუდენტი უნდა სწავლობდეს სწორად “ჩაცუცქვას,” ოპერატორი კი სწორად დაყენებულ ყვირილს და ბღავილს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

როგორც იქნა, ოცწლიანი ნაცნობობის შემდეგ უმა ტურმანი და ქვენტინ ტარანტინო მიხვდნენ, რომ დროა რომანტიული ურთიერთობა დაეწყოთ. ჯერჯერობით უცნობია მათი ურთიერთობა “წამიერი გატაცებაა,” თუ რამე უფრო სერიოზული, მაგრამ თუ ეს ესეა ძალიან საინტერესო უნდა იყოს მათი ქორწილი, მაგალითად მეჯვარეების ამბავი, რომლის როლშიც აუცილებლად შავ კოსტიუმში გამოწყობილი ჯონ ტრავოლტა და სამუელ ელ ჯექსონი უნდა მოგვევლინონ. დაპატიჟებულებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბრიუს უილისიც, რასაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით ვინმე ზედის როლის შემსრულებლებზე. ისე კი, ტარანტინომ და ტურმანმა შეიძლება ითქვას მსგავსი ღონისძიებისთვის საჭირო რეპეტიცია გაიარეს და ერთმანეთის სადღეგრძელო ფეხსაცმლის მეშვეობით შესვეს. ამ ქმედებით კი იმ ქართველების ლუსტრაცია მოახდინეს, რომლებიც სიბნელეში სდებენ ბრალს იმ თანამემამულეებს, რომლებიც მსგავსად იქცევიან. მოკლედ ცნობილმა წყვილმა მათი ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილება ამხილეს. მორალი, ღვინოს ფეხსაცმლიდან დალევა შეიძლება, მაგრამ ამას არა “პალატკაში” ან რომელიმე სოფელში უნდა აკეთებდე, არამედ “კაკ მინიმუმ” რამე გლამურულ წვეულებაზე.

ბოლოს გიტოვებთ გოგონას რომელიც სამშობლოს გადარჩენის მიზნით “პირადად ყიდულობს ბილეთს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ. 

მიდი შეუგორე ანუ ქართველი გოგჩოს სახე ქართულ მედია სივრცეში

აქტი I

გადაწყვეტილება პატივცემულაძეების ოჯახში

პეკინის ქუჩაზე,  საქართველოს დედაქალაქ თბილისში ერთ-ერთი საშუალო სტატისტიკური, მაგრამ ზომიერად შეძლებული ოჯახის წევრები საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ. 17 წლის ქალიშვილ ნინჩოს მშობლების რჩევით აბიტურიენტობა გადაუწყვეტია, რა თქმა უნდა მშობლების დახმარებით.

ამ საბედისწერო დღესაც სპეციალობის არჩევის პროცესში ოჯახის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას, რათა არ დაკმინდეს დემოკრატიის უდრეკი ბუნება.

ნინჩო და დადამისი, ქალბატონი ლიკა, ბინის “ზალაში” სხედან დივანზედ და ელოდებიან ოჯახის თავის, ბატონ ზაურის შემოსვლას, ბატონი ზაური საშუალო სტატისტიკურად კორუმპირებული ჩინოვნიკია, რომელსაც გასტრონომიის მძიმე ბუნებამ და სიცოცხლის აუტანელმა სიმსუბუქემ  წლების განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად ზომაზე დიდი ღიპის სახით მძიმე დაღი დაასვა.

ქალბატონი ლიკა ტრადიციული თბილისელი ქალბატონი რომელიც საუბარში შიგადაშიგ რუსულ სიტყვებს ურევს თავისმხრივ საშუალო სტატისტიკურ ქართველ დიასახლისს წარმოადგენს, მაგრამ დაქალებთან ყავაზე შეხვედრის აუცილებლობა აიძულებს მუდამ ფორმაში, ანუ “გაკრასკული” იყოს, მაშინაც კი როდესაც სახლში მარტო იმყოფება.  ეს ჯერიც გამონაკლისს არ წამოადგენს და ისიც თვალებ შეღებილი – “პომადა” წასმული  მორჩილად ელოდება საკუთარ მეუღლეს.

ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე “სვეცკი” მანერებით შეიარაღებული ნინჩო თავის მხრივ ტელევიზორს მისჩერებია და მანერულად პულტზე არსებულ ღილაკებს აჩხაკუნებს. ნინჩო შიგადაშიგ პულტს ივიწყებს და თითების კმეტას იწყებს.

ამის დანახვაზე ქალბატონი ლიკა “ნუ-ს” მიუგებს ხოლმე და მორჩილ ლოდინს განაგრძობს.

როგორც იქნა სცენაზე, ანუ “ზალაში” ჩნდება ღიპმომარჯვებული და პატივცემული ბატონი ზაური. ზაური იღიმის მაგრამ ამასთან ერთად ცდილობს სერიოზულობის ელფერი შესძინოს შეხვედრას.

ნინჩო: “როგორ ხარ მამიკო?”

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდგომ ნინჩო მყისიერ უბრუნდება ტელევიზორს.

ქალბატონი ლიკა უღიმის მეუღლეს, რომელიც ამასობაში სავარძელს ადებს ჩინოვნიკის მძიმე წონას და საუბარს იწყებს.

ზაური: აბა, რა გადავწყვიტეთ? სად ვაბარებთ?

ნინჩო: არ ვიცი, მამიკო, რა ჯობია? მირჩიე რამე.

ზაური: შენ რა გინდა?

ნინჩო: არ ვიცი, რა უნდა მინდოდეს.

ზაური: აბა მე უნდა ვიცოდე?

ლიკა: კარგი ზაურ, მოიფიქრებს რამეს, თან რავიცი აბა რა მნიშვნელობა აქვს.

ზაური: მაგის ასაკში ცოლი მყავდა უკვე.

ლიკა კეკლუცურად უღიმის მეუღლეს და “მოტაცების” სცენას იხსენებს.

ზაური: დღეს გიგას ველაპარაკე, მეთქი ასე – ისე, არ ვიცით თქო სად ჩავაბაროთ…

ლიკა: კარგი ბიჭია გიგა, რაო მერე გიგამ?

ზაური: რავიცი, ყველაზე პრესტიჟული იურიდიული და ჟურნალისტიკაო.

ნინჩო საუბარში არ ერთვება, შიგადაშიგ ნათქვამს ყურს მოკრავს ხოლმე, მაგრამ ძირითადად ტელევიზორს მისჩერებია.

ლიკა: ხო, აი მეც ეგრე მითხრა ვიკამ, მაგის ბიჭმა შარშან წინ ჩააბარა იურიდიულზე.

ზაური: რა დაუჯდათ?

ლიკა:  ათი

ზაური: ხო ეგრეა ახლა ფასები. მარა რავიცი აბა, რომელი სჯობია ნინჩოსთვის.  ესაც იურიდიულზე ხომ არ გავუშვათ? პერსპექტიულია.

ლიკა: კარგი რა, ზაურ, რა განსხვავებაა, თან ახლა ეგაც არ გამომივიდეს ერთი პროფესიონალი, მთავარია კარგად გათხოვდეს.

ზაური (იცინის) : ქალები რავა სულ გათხოვებაზე ფიქრობთ? ხო ისე, რავიცი რაღაც არა მგონია მაინცდამაინც კარგი იურისტი დადგეს.

როგორც იქნა დილემაში ჩაგდებული მშობლები ყურადღებას ნინჩოსგან ითხოვენ. ნინჩო სდებს პატივს და მშობლებს უტრიალდება.

ზაური: ჰა, რომელი გირჩევნია, იურიდიული თუ ჟურნალისტიკა?

ნინჩო: რავიცი აბა… რა განსხვავებაა მაგათ შორის?

ზაური: იურიდიულზე თუ ჩააბარებ ადვოკატი გამოხვალ, თუ ჟურნალისტიკაზე – ტელევიზორში გიყურებთ ყოველ დღე.

ლიკა: მემგონი აშკარად ჟურნალისტიკა სჯობია. ზაურ, შენი შვილი რომ ნახო ყოველ დღე ტელევიზორში წარმოიდგინე რა კარგი იქნება. თან გეცოდინება სად გყავს გოგო.

ნინჩო: რავიცი აბა… შეიძლება ჟურნალისტიკა…

ზაური: ნინჩო, მიკროფონის ხელში დაჭერას შეძლებ?

ნინჩო: შევძლებ, რატომაც ვერ შევძლებ?

ზაური: ხოდა მაშინ გადაწყვეტილია, ჟურნალისტი გამოხვალ.

სცენა II 

ნინჩოს სიზმარი

მისაღები გამოცდის წინა დღეს ერთი უცნაური სიზმარი დაესიზმრა – ის ინტერვიუს ღმერთს ართმევდა.

მიკროფონ ამხედრებული ოპერატორთან ერთად ნინჩო ჩქარი მაგრამ ამავდროულად აუღელვებელი ნაბიჯით ღმერთის მისაღებისკენ მიემართებოდა, კარები ტრადიციულად თეთრ ტანისამოში გამოწყობილ ანგელოზმა გაუღო და შესვლა შესთავაზა.

“რა სიმპატიურია,” გაიფიქრა ნინჩომ და თან ღმერთთან მისალმება იჩქარა.

ნინჩო: გამარჯობა ღმერთ, როგორ ხარ?..

ღმერთი: კარგ…

ნინჩო (სწრაფ ტემპში): მეც, მეც… ოღონდ, მოდი ღმერთ, მალე ჩავწეროთ ხო?

ღმერთი: კარგ…

ნინჩო (ისევ სწრაფ ტემპში): ღმერთ, ღმერთ, აი ეს “პეტლიჩკა” გამომართვი, ოღონდ ისე გაიკეთე რომ არ გამოჩნდეს ხოოო? თორემ კამერაში ცუდად ჩანს.

ღმერთი  “პეტლიჩკას” იკეთებს და ისწორებს.

ნინჩო: ღმერთო რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობებზე საქართველოში?

ღმერთი:  საინტერესო შეკითხვა. მე ასე დავიწყებდი, ადამიანი საკუთარი ბუნებით…

ნინჩო: მშვენიერი, მშვენიერი პასუხია ღმერთ. ბოლო შეკითხვა, ვიქტორიას სეკრეტი სჯობია თუ ლა პერლა?

ღმერთი:  მე ლა პერლას ვამჯობინებდი.

ნინჩო: ძაააალიან დიდი მადლობა ღმერთ, მე და თამჩო სანთელს დავანთებთ შენს სახელზე.

ამ სიტყვებზე ნინჩო  სწრაფად ხსნის “პეტლიჩკას ღმერთს და თან ოპერატორს მიმართავს, “პერებივკები” გადაიღე?

კამერა ამხედრებული და მდუმარე ოპერატორი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

ნინჩი: მშვენიერი, წავედით, წავედით, მანქანა გამოიძახე…

სცენა III

კარიერული ზრდა

თითქოს რა შეიძლება იყოს საერთო მამის ღიპს და ახალგაზრდა და ფიზიკურად მომხიმბვლელი ცისფერთვალება გოგოს შორის. მიუხედავად აშკარა ესთეტიური სხვაობისა ღიპმა თურმე წლების განმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბატონი ზაურის ქალიშვილის წარმატებაში.

ეს დაახლოებით ასეთი სცენარით განვითარდა. მაშინ როდესაც ბატონი ზაური გავლენიან მეგობრებთან სვამდა მისი დიპლომატიური ურთიერთობა მათთან ღრმავდებოდა, მაგრამ ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად სმისგან ასევე ფართოვდებოდა ზაური პატივცემულაძის ღიპი. თუმცა მისაღებ გამოცდებზე ღიპის დიპლომატიის შედეგად დამყარებულ კავშირებმა აშკარა როლი ითამაშეს ცისფერთვალება ნინჩოს კარიერულ წინსვლაში.

…და აი ჟურნალისტურ სამჭედლოში ჩაბარების 5 წლის თავზე ცისფერთვალება ნინჩომ მყისიერ დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ მოწინავე “სამთავრობო” ტელეარხზე.

მიუხედავად იმისა რომ ნინჩომ ბუნდოვნად იცოდა რომ დედამიწაზე არსებული კონტინენტების რაოდნენობა 5-დან 8-მდე მერყეობდა, მუშაობა ტელეარხზე არც თუ ისე რთული აღმოჩნდა, რადგანაც პროდიუსერებთან, რომლებმაც თავის მხრივ ბუნდოვნად იცოდნენ განსხვავება პალესტინასა და პაკისტანს შორის, ყავის სმა შედეგს იღებდა და ლოიალობის ყველაზე კარგ გამოვლინებას წარმოადგენდა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ პროდიუსერებიც თავის მხრივ ყავას სვამდნენ “მთლად” უფროსთან, რომელსაც ზოგადად ჟურნალისტიკაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.

სიუჟეტების აწყობა სირთულეს არ წარმოადგენდა, წახვედი გადაღებაზე, გადაიღე ერთი ორი კადრი, დასვი კითხვა (სულერთია რა და როგორი), მოხვედი, დაგიმონტაჟა მემონტაჟემ, დაადე ხმა და ეგაა.

გაცილებით რთული ნინჩოსთვის ლა პერლას და ვიქტორიას სეკრეტის ვებ გვერდებზე ძრომიალი და სწორი გადაწყვეტილების მიღება იყო. “ლა პერლა” თუ “ვიქტორიას სიკრეტი?” ეს შეკითხვა მოსვნებას არ აძლევდა და ხშირად პროდიუსერებთან შესული რჩევას უფროსობას სთხოვდა.

გასართობად ნინჩოს მარგინალი მემონტაჟე სახელად ბაჩო ჰყავდა. ბაჩო სამონტაჟოდან არ გამოდიოდა ხოლმე და ხან კითხულობდა და ხან რაღაც ნინჩოსთვის უცნაურ ვიდეოებს უყურებდა. ნინჩოც “სწერვულად” დასცინოდა და წაუკბენდა ხოლმე. ბაჩოს მთელი სულით და არსით სძულდა ნინჩო, დასანახად ვერ იტანდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბრაზს არ აჩვენებდა და ჩუმად უსმენდა ნინჩოს შენიშვნებს.

ერთხელაც ბაჩო ერთი ამერიკელი  პუბლიცისტის და ფილოსოფოსის ვიდეო ინტერვიუს უყურებს, ოთახში ახალშემოსული ნინჩო ბაჩოს ეკითხება

ნინჩო: ბაჩო, ეგ ვინაა?

ბაჩო: ნომ ჩომსკი.

ნინჩო: ვიიინ?

ბაჩო: ნომ ჩომსკი, ამერიკელი ლინგვისტია.

ნინჩო: და რა უნდა? რას ლაპარაკობს?

ბაჩო: თანამედროვე მედიას განიხილავს.

ნინჩო: აუუუფ, მოგცლია რა, კარგი რა, ნახე რა ბებერია, ამან რა უნდა გასწავლოს? დროს ტყუილად ნუ ხარჯავ ეგეთ სისულელეებზე. მოდი დამეხმარე რა.

ბაჩო: ერთი წუთი მაცალე და დაგეხმარები.

ნინჩო: ერთი წუთი არა, ახლავე დამეხმარე.

ბაჩო: ერთი წუთი დამაცადე რა, ხომ ხედავ მთავრდება, თან ეთერამდე ბლომად დრო გვაქვს.

ნინჩო: შენ შეიძლება გაქვს დრო, მე არ მცალია. დავაი ახლა, რომ გეუბნები. აი ეს შემიგორე.

ამ სიტყვებზე ნინჩო ბაჩოს მინი დივი კასეტას აწვდის.

ბაჩო ვიდეოს რთავს, სავარძელს ნინჩოსკენ ატრიალებს, დგება, კარებისკენ მიემართება, კეტავს და ხელგამოშვერილ ნინჩოს რამდენიმეწამიან სიჩუმეში სერიოზულად უყურებს.

ნინჩო: ჰა, შემიგორებ?

ბაჩო: შეგიგორებ, შეგიგორებ, დედას არ მო…?

დასასრული

რატომ ვირჩევ პოლიტიკას?

ჟურნალისტიკაში წასვლა რომ დავაპირე სულაც არ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, პოსტ მოდერნისტული იდეებით შეიარაღებული საკუთარ თავს აპოლიტიკურად და პოლიტიკის მიმართ ნიჰინილისტურად განწყობილ ადამიანად ვთვლიდი, ვიძახდი რომ არ მაინტერესებს ეს სფერო და მომავალში მხოლოდ კულტურა/გართობა/ხელოვნებაზე დავწერ ან გავაკეთებ თქო სიუჟეტებს.

ცოტა ხანი რომ გავიდა უფრო სოციალური თემებით დავინტერესდი და ისტორიების ძიება სწორედ რომ ხალხში დავიწყე, მივხვდი რომ აქაცაა კულტურა და ხელოვნება.

კიდევ უფრო ცოტა ხანი სოციალური თემებიდან პოლიტიკაზე გადასვლაში დამჭირდა. მთავარი შეცდომა რომელსაც ჟურნალისტიკაში წასვლისას ვაკეთებდი იმაში მდგომარეობდა რომ პოლიტიკას ვიწროდ ვუყურებდი, ანუ საქართველოში პოლიტიკურ კულტურის არ მქონე ადამიანებზე თვალის დევნისას  ამ სფეროზე არასწორ წარმოდგენას ვიქმნიდი.

უხეში შედარება: პოლიტიკაზე საქართველოში არსებული პოლიტიკოსებით რომ იმსჯელო იგივეა ჰოკეიზე ქართველი ჰოკეისტებით გამოიტანო დასკვნა.

სპეციალობად პოლიტიკა უკვე ბრიტანეთში სწავლისას ავირჩიე, იქ სადაც პოლიტიკური კულტურა საუკუნიების განმავლობაში გაკაჟების შედეგად დღეს ერთ-ერთ საინტერესო და რაფინირებულ სფეროდ წარმოგვიდგება, სადაც პოლიტიკა ხელოვნებაცაა და ხალხთან ურთიერთობის საშუალებაც.

სწორია როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკა ყველაფერი და ყველაფერშია. ფართო გაგებით პოლიტიკა ყოველდღიურ მოვლენას და ურთიერთობების ერთობლიობას წარმოადგენს, სამწუხაროდ ჩვენთან ასეთი სხვადასხვა რეალიებში არსებული ლიდერებთან ასოცირდება და არავითარ შემთხვევაში ამ ფიგურების მიღმა მდგარ პროგრამებსა თუ შინაარსობრივ დატვირთვაში.

აბსოლუტურად სწორი იყო რატი ამაღლობელი რამდენიმე დღის წინ მაესტროს ეთერით რომ განაცხადა- საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციებიო რომლებიც შექმნიდნენ, გამოწვრთიდნენ ძლიერ, ღირსეულ პოლიტიკოსებს, პარლამენტი კი რომელიც იდეაში უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოდ უნდა ითვლებოდეს იქცა სანოტარო ბიუროდ.

დედამიწა ლოგიკურობის სავანეა, ამიტომაც პოლიტიკური ორგანოების თუ ტრადიციების უქონლობის გამო ვერც პოლიტიკოსები და ვერც რეალურად პროფესიონალური პოლიტიკა გვექმნება. საქართველოს პოლიტიკური ასპარეზი ეს არის სპონტანური პირების თავშეყრის ადგილი სადაც დიდ როლს გამართლება და პოპულიზმი თამაშობს.

ილუსტრაციისთვის მოდით გავიხსენოთ ვინ გვყავდა პოლიტიკაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის მიღების თანავე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებისას მიღებული ნდობის აბსოლუტური მანდატის შედეგად ზვიად გამსახურდია ხდება, ნაციონალისტური რიტორიკით შეიარაღებული ის იდეალურად მიცურავს პოსტ კომუნისტურ, “განმანთავისებლურ” ტალღაზე და ხდება ყველა ქართველის ლიდერი. მცირე ხანში გამსახურდიას პოლიტიკაში გამოუცდელობა იმდენად თვალსაჩინოა რომ ქვეყანა კატასტროფის, არსებობა/არ არსებობის წინაშე დგას.

მოდის შევარდნაძე, ადამიანი რომელიც გვამშვიდებს, “გვირიგებს კანფეტებს” თოვლის ბაბუასავით და იმას მაინც აკეთებს რომ გაეროს საქართველოს აღიარებინებს, გაპარტახებულ ქვეყანას ოდნავ “გააკოსმეტიკებს” მაგრამ ამის იქეთ მთელ ერს “ზასტოიში” ამყოფებს. ერიც ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს რომელიც შეუძლებელს დაპირდება, განუვითარებლობაში დამნაშავეებს დასჯის და ქვეყანას წინ ევროპისკენ წაიყვანს. ასეთიც ჩნდება, ახალგაზრდა, ენერგიული და რევოლუციონერი (მაშინ ჯერ კიდევ ასეთი იყო) მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხმამაღალი განცხადებებით სწრაფად იგებს უმრავლესობის გულებს და ხელისუფლებაშიც სისხლის ღვრის გარეშე მოდის.

სამივე პრეზიდენტის ერთი და იმავე ტერმინით მოხსენიებაა შესაძლებელი – “იმედის პრეზიდენტები”. სამივე ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობისგან წამოსული არსებული იმედის ხარჯზე მოვიდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე პოლიტიკის ანბანის უცოდინრობის შესახებ სწრაფად დაკარგა ნდობა.

პოლიტიკის უცოდინრობა  და პოპულიზმი მხოლოდ პრეზიდენტებს როდი ეხება, აქ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რელიგიურ სექტორებს “მომუშავე” თარგამაძე, პლანქტონი – თორთლაძე, “ხან რას ვიტყვი, ხან რას” – ოქრუაშვილი, განაწყენებული – ბურჯანაძე და ა.შ და ა.შ. არც პარტიები არსებობს საქართველოში, მათი უმეტესობა 10 წელიწადსაც კი ვერ უძლებს და არჩნევნებიდან არჩევნებამდე არსებობს.

პოლიტიკოსებს და პარტიებშ თავი რომ გავანებოთ პოლიტიკური კულტურა არც ე.წ. ექსპერტებს აზრია მაინცდამაინც გასათვალისწინებელი, რომლებიც უფრო ბირჟაზე დომინოს თამაშისას პოლიტიკურ განათლება მიღებულ ადამიანებს ჰგვანან ვიდრე რეალურ მეცნიერებს.

…არადა, ძალიან საინტერესოა თუნდაც დომინო, რა თქმა უნდა თამაში თუ იცი.

 

What the F… is Shorthand ანუ მოკლედ სტენოგრაფიაზე

ამ პოსტის დაწერაზე ჩემმა დავალებამ შთამაგონა, იმ დავალებამ რომელიც არცერთ ჩემს ჯგუფელს მოსვენებას არ აძლევს და თავს სკოლის მოსწავლედ აგრძნობინებს, საუბარი ე.წ. სტენოგრაფიაზე მაქვს, ინგლისურად “Shorthand,” წესით და რიგით ეს მოვლენა თანამედროვე ჟურნალისტებს მუშაობას და შესაბამისად ცხოვრებასაც უნდა უადვილებს, მაგრამ ჯერჯერობით როდესაც ამ ენაზე დაწერილ ტექსტს ძალიან ნელა ვკითხულობთ ცხოვრება მხოლოდ რთულდება.

სტენოგრაფია, ძალიან მოკლედ რომ გავმარტოთ ნიშნავს გრძელი წინადადებას მოკლედ ჩაწერას, ოღონდ არ გეგონოთ რომ ამ შემთხვევაში რომელიმე ცნობილი დამწერლობის გამოყენება მოგიწევთ, ნურას  უკაცრავად სტენოგრაფიას საკუთარი ენა აქვს და რაც ყველაზე დასანანია ყველა ენის სტენოგრაფიული ენა განსხვავებული იქნება, მაგალითად ინგლისურს ინგლისური ექნება, ფრანგულს ფრანგული, რუსულს რუსული და ა.შ. (ქართულის შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული). თურმე სტენოგრაფიის გამოყენება ჯერ კიდევ ჩვ. წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ძველ საბერძნეთში დაიწყეს. მას ასევე აქტიურად ძველ რომში და ეგვპიტეში გამოიყენებდნენ.

კაცმა რომ თქვას თანამედროვე ტექნიკის პირობებში როდესაც ჟურნალისტს თავისუფლად შეუძლია ტექნიკის და ე.წ. დიქტოფონის გამოყენება რა საჭიროა ცხოვრების გართულება და კალმით რაღაც სიმბოლოების ჩაწერა? მეც ეს ვიფიქრე, მაგრამ მერე მივხვდი… პროფესიონალი ჟურნალისტს რომელიც სტენოგრაფიას თავისუფლად ფლობს წუთში ამ ენის გამოყენებით 100-დან 140 სიტყვის ჩაწერა შეუძლია. თუ ვთქვათ რამე მოვლენა ძალიან დიდხანს გრძელდება დიქტოფონი შეიძლება არაპრაქტიკული იყოს და ჟურნალისტს შეიძლება რამე კონკრეტული მასალის მოძიება გაუჭირდეს, სტენოგრაფიის შემთხვევაში ეს პროცესი გაცილებით მარტივია.

სიმართლე გითხრათ არ გამიგია რომ საქართველოში ვინმე სტენოგრაფიით(ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებში) იყოს დაკავებული ან თუნდაც ჰობის დონეზე გატაცებული, მაგრამ ისეთ ქვეყანაში როგორიც დიდი ბრიტანეთია სტენოგრაფია სამსახურში მიღებისას აუცილებელი პირობაა, რა თქმა უნდა აქაც არსებობს ბევრი პრესს სამსახური რომელიც სტენოგრაფიას ნაკლებად აქცევს ყურადღებას, მაგრამ თუ საქმე სერიოზულ გამოცემაზე მიდგა დარწმუნებული იყავით, როგორც მინიმუმ 100 სიტყვას წუთში თქვენი პოტენციური დამქირავებელი აუცილებლად მოგთხოვთ.

მეცადინეობიდან ერთ თვის შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ წუთში 100 სიტყვისგან ძალიან შორს ვარ, ძალიან გამიხარდება თუ ჩემი მაჩვენებელი ამ მომენტისთვის წუთში 20 სიტყვას მაინც უდრის… ამიტომაც ჯერჯერობით ლექციაზე წინადადების წაკითხვისას მე და ჩემი ზრდასრული ჯგუფელები უფრო პირველ კლასელებს ვგავართ რომლებიც სტენოგრაფიის წაკითხვისას სიტყვებს ძალიან ფრთხილად მარცლავენ.