Tag Archives: ჟურნალისტი

ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

კოლაჟი: Georg Gamez

სერვანტესს უთქვამს, “შედარებანი ოდიოზურიაო,” რომ დაფიქრდე მართლაც ეგრეა, მაგრამ რას იზამ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ სხვა საშუალებას არ გვაძლევს. იქ სადაც არსებობს მაღალი და დაბალი, განიერი და ვიწრო, მდიდარი და ღარიბი, კარგი და ცუდი, შედარება ის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ.

ამ პოსტში მეც შედარებას გავაკეთებ, შედარებას ორ ქართულ გამოცემას შორის რომელიც ბევრის თქმით ერთმანეთისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის კონკურენტად ითვლება. სანამ ამ ორ ჟურნალს ხელში ავიღებდე მეც ვფიქრობდი რომ თვისობრივად ერთი და იგივე ჟურნალს ვკითხულობ, უბრალოდ განსხვავებული პოზიციებით, თუმცა წაკითხვის შემდეგ განსხვავებებიც აღმოვაჩინე.

მაშ ასე, ვინ მოერევა, ტაბულა თუ ლიბერალი?

ყველაზე ზედაპირულით დავიწყოთ და ნელ ნელა “სიღრმეებშიც” შევიჭრათ.

ფასი

 ლიბერალი ორი ლარი ღირს, ტაბულა ლარნახევარი, არცერთია მაინცდამაინც მაღალი ფასი, მაგრამ ქართული რეალიიდან გამომდინარე 50 თეთრსაც მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ლიბერალს 6-დან 3, ხოლო ტაბულას 4 ქულას ვუწერ.

ლიბერალს 42 გვერდი აქვს, ტაბულას72, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ უკანასკნელის საგრძნობი ნაწილი რეკლამას უჭირავს და პირველს ამასთან შედარებით რეკლამას შიგთავსის ძალიან მწირ ნაწილს იკავებს, ქულებს თანაბრად ვანაწილებ, 3-3 ორივეს.

ქაღალდის ხარისხი

გაზეთს რომ კითხულობ ქაღალდს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, მაგრამ როდესაც ხელში ყოველკვირეული “მოინტელექტუალო” ჟურნალი გიჭირავს გასაკვირი არაა რომ ამასაც მიაქცევ ყურადღებას. ციდან მწვერვალებს არცერთი კრეფს, თუმცა ლიბერალი მაინც ოდნავ წინაა და ტაბულას გაცილებით სჯობია.  ასე რომ 3 და 2, ლიბერალის სასარგებლოდ.

ყდა, დიზაინი, ილუსტრაცია

ტაბულას ამ კვირის ნომერს “ყოვლისშემძლე თაგვი” ამშვენებს, რომელიც კედელშიც (ეს ინტერნეტ ცენზურას ასახავს) კი აღწევს, აქ თვალშისაცემია მსგავსება კონკურენტ ჟურნალთან, რომელიც კედლის მაგივრად ჩარჩოს (პრეს პაპიეს ფორმით) ასახავს, რომელზეც ფონეიდესკოპი იკლაკნება, ჟურნალის მთავარი თემა ჯანდაცვაა. ლიბერალის შიგთავსი უფრო სადაა, უფრო სერიოზულად გამოიყურება და გრაფიკით ნაკლებად დატვირთული, ამასთან ტაბულას მეტი სურათი აქვს გამოყენებული, თუმცა რიგ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდი ნამეტანად გადატვირთულია. საერთოდ ამ პარამეტრებით ერთი მეორეს საკმაოდ ჰგავს, ასე რომ აქ უპირატესობას არცერთს მივცემ და ორივეს 3-3 ქულას დავუწერ.

პრობლემატური თემების არსებობა

თანამედროვე ჟურნალისტიკა ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული რომაა საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც ნათელია რომ თუ მედია გამომცემელი პრობლემატურ და მნიშვნელოვან თემას ივიწყებს ის განწირულია მკითხველის დაკარგვაზე. მიუხედავად იმისა რომ ორივე ჟურნალი ერთ პერიოდშია გამოსული ყრდაზე ორი განსხვავებული მთავარი თემა გვაქვს, ტაბულა თვლის რომ კვირის მთავარი თემა ინტერნეტცენზურაა, ხოლო ლიბერალი საავადმყოფოების პრივატიზაცია.

მოგეხსენებათ ინტერნეტცენზურაში აგვისტოს 5 დღის გამო დაბლოკილი ტორენტ საიტები იგულისხმება, მართალია გასულ კვირას ამ აკრძალვამ მართლაც რომ ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი შეაწუხა და ფეისბუქზე პროტესტიც კი გამოათქმევინა, მაგრამ მეორე დღესვე აკრძალვის მოხსნა და ჟურნალში 5 გვერდიანი სტატიის მიძღვნა  “მთავარი თემის” ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს.

ლიბერალს თავის მხრივ საკმაოდ მტკივნეული და საჭირო თემა აქვს წამოჭრილი. საავადმყოფოების პრივატიზაცია მართლაც რომ ბევრს ეხება და ცვლილებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ სტატიაა უფრო მოცულობითი შეიძლება ყოფილიყო (ავტორები მაგალითად არ საუბრობენ იმაზე თუ რა ბედი ეწევათ ექიმებს, პაციენტებსაც შეიძლება მეტი ყურადღება მიქცეულიყო) მაინც ინფორმატულია და კარგ დონეზე შესრულებული. გარდა ამისა ლიბერალი ამ კვირის ნომერში ეხება ისეთ პრობლემატურ თემებს როგორიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა,  სახელმწიო ეკონომიკური პოლიტიკა იაფი კრედიტების კუთხით, პრობლემები ზღვაზე სეზონთან დაკავშირებით და დებატები აფხაზეთის აღიარება არ აღიარებაზე.

ტაბულა ამ მხრივ აშკარად ჩამორჩება კონკურენტს. ერთადერთ პრობლემატურ თემად რომელიც პრობლემატურად არის წარმოჩენილი ნაგვის გადასახადი შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი პრობლემატური თემები მომხიბვლელადაც კი არის წარმოჩენილი, მაგალითად ერთ-ერთ სტატიას ასეთი სახელი ჰქვია: “კანონი მანიფესტაციების შესახებ-გამკაცრება თუ ლიბერალიზაცია?”

ამგვარად ამ კატეგორიაში 4-2 ლიბერალის სასარგებლოდ.

ენა, პროფესიონალიზმი 

მწერალი ერთგვარი კულინარია. სხვადასხვა კულინარს შეიძლება ერთნაირი მოცემულობა, უმი მასალა ჰქონდეს, აი რა და როგორ კერძს მოამზადებს უკვე მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მართალია ჟურნალისტიკა და მწერლობა ორი სხვადასხვა ფენომენია, მაგრამ ბეჭდვითი პრესა, განსაკუთრებით კი საჟურნალო სტატიები სხვა მედია საშუალებებისგან შედარებით გაცილებით ახლოს დგანან ლიტერატურასთან. სწრაფ ინფორმაციის მისაღებად მავანმა შეიძლება ტელევიზორს უყურო, რადიოს მოუსმინო, ინტერნეტი მოათვალიერო, უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიური გაზეთი შეიძინო. ჟურნალის შემთხვევაში კი სხვა ესთეტიკასთან გვაქვს საქმე, ჟურნალი გრჩება, თავისუფალ დროს გინდა წაიკითხო, ნაწერისგან სიამოვნება მიიღო და მოკლედ რაღაც ისეთი აღმოაჩინო რომელიც შეიძლება ბევრად გვიან ვინმე მეგობარს წააკითხო. მოკლედ ჟურნალი თითქმის ლიტერატურაა, ამიტომაც მოდით ამ ორი ჟურნალის მენიუ დავათვალიეროთ.

ხშირ შემთხვევაში ჟურნალს კითხვას, უკნიდან, კულტურის რუბრიკიდან ვიწყებ, ასე მოვიქეცი ამ შემთხვევაშიც. ორი ძალიან სასიამოვნო, გულს რომ გითბობს ისეთი წერილი შემხვდა ბოლო ორი სტატიის სახით. საუბარია კახა თოლორდავას “ისევ პარკებზე და ისევ ყოფილ ოპოდრომზე” და დავით ბუხრიკიძის უბადლოდ დაწერილი “რეცენზია – მოსაზრებაზე” “მსხვილი წითელი ხაზი,” რომელიც კინოფილმ “სიცოცხლის ხეს” ეხება.

კარგია და სახალისო ასევე ლაშა ბუღაძის “აქცენტირება,” რომელიც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს. რაზე? თუ წინა კვირის ტელე სივრცეს ადევნებდით თვალს ადვილად მიხვდებით.

დანარჩენი ლიბერალში მაინცდამაინც ლიტერატურული იყო თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ დაწერილ სტატიებში იგრძნობა განსხვავება ტაბულასთან, კერძოდ კი ჟურნალისტები უფრო პროფესიონალურად უდგებიან სტატიებს. უმრავლესობაზე რესპოდენტებთან მუშაობა იგრძნობა, სამწუხაროდ ტაბულას შემთხვევაში უფრო “გატელევიზორებულ” ან ტელეფონში ნათქვამ ფრაზებს შეხვდებით, ყველას არ ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ბევრი ჟურნალისტი თავს მაინცდამაინც რესპოდენტებთან ურთიერთობით თავს არ იკლავს.

ტაბულაში სამარცხვინოა მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარაძის საავტორო სვეტი რომელიც კითხვას სვამს თუ რატომ არ არიან ისინი (თუმცა გაუგებარია ვინ კონკრეტულად, ავტორები თუ ზოგადად რედაქცია?) სოციალისტები? ტექსტი არ ტოვებს “უნივერსიტეტდამთავრებულობის” შთაბეჭდილებას და კითხვისას გიჩნდება ეჭვი რომ ერთ-ერთი ავტორი წამი წამზე გინებას დაიწყებს.

ამის ფონზე კი სპორტის სექცია ნამდვილი განძია, განსაკუთრებით კი ზურაბ თალაკვაძის “გერმანელი.” ეს სტატია ორივე ჟურნალში ყველაზე მეტად მომეწონა, ძალიან კარგი ენითაა დაწერილი, საინტერესოდ და შთაგაგონებს კიდეც. ნორმალურად და კარგად იმუშავა ასევე ნინა ახლოურმა. დანარჩენი… რავიცი აბა…

4-3, კვლავ ლიბერალის სასარგებლოდ.

შეჯამება

რა შეიძლება ითქვას? გვაქვს ორი ჟურნალი, რომელსაც პრეტენზია Newsweek – ობა Time – ობაზე თუ არა, ნამდვილად ხარისხიანზე რომ აქვთ ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ჯერჯერობით ბევრი აქვთ სამუშაო. ტაბულას შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს იბეჭდება დაბეჭდვის და გართობის ხათრით, ხოლო ლიბერალი ცდილობს იყოს სერიოზული, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს ვიდრე რეალურ შედეგს აღწევს….

ამ ეტაპზე კი ამ ორს და Newsweek-Time დუეტს შორის სხვაობა უფრო მეტია ვიდრე “სარკე-თბილისელების” ტანდემისგან.

შედარებანი მართლაც რომ ოდიოზურია.

ანგარიში, შესაძლო მაქსიმალური 36 ქულიდან, ლიბერალი 20 – 17 ტაბულა. გაიმარჯვა ლიბერალმა.

არ ესროლოთ შეყვარებულს, ის ზასაობს როგორც შეუძლია

საქართველო ის ქვეყანაა სადაც ერთდროული მოვლენების ადგილი არაა, აქ მომხდარი ერთდროულად ყველას ინტერესი და კვირის სალაპარაკო ხდება. ასე მაგალითად ბოლო თვის განმავლობაში ისეთი დაუკავშირებელი თემები ენაცვლებოდა ერთმანეთს როგორიც 26 მაისის დარბევა, შერონ სტოუნის ჩამოსვლა და რობერტ სტურუას  ირგვლივ ატეხილი აურზაური იყო.

გუშინდელის მერე როგორც ჩანს რამდენიმე დღე მაინც “კოცნის აქცია” გვექნება სალაპარაკოდ. გაანალიზება გუშინვე

ფოტოს ავტორი: სოფო დათიშვილი

დაიწყო, “მოზასავეებზე” ათჯერ მეტი შეკრებილი ჟურნალისტი “გასაყიდი” მასალის ძიებაში ძვირადღირებულ კამერებს აჩხაკუნებდა და პროდიუსერის დარწმუნებას ცდილობდა რომ აქციისგან რამე შეიძლება გამოვიდეს. ვერ მიართვეს. არაფერი გამოვიდა.

მაშინვე დაიწყო ლაპარაკები “ხალხია ბანძიაო,” “ხალხია ბნელიაო,” “სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს” და მსგავსი ლირიკა. მე შეუმდგარ აქციას ზასაობის მოლოდინში მოსულ სულ ცოტა 100 ადამიანს მაინც არ დავაბრალებდი, არამედ ორგანიზატორებთან მექნებოდა პრეტენზია.

ყველა აქცია საჭიროებს ორგანიზებას, ყველაზე გულახდილ, სახალხოც კი, ეს ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მოსთხოვო ვერორგანიზებულ ჯგუფს სინქრონული მოქმედება. რა მოცემულობა გვქონდა აქციამდე და აქციის მსვლელობისას გუშინ? ფეისბუქზე წამოსული ინიციატივა და ღონისძიების გვერდი. მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ასეთ აქციაზე უფრო მეტი ისეთი წავიდოდა, “მოდი ვუყურებ წყვილი მაინც არ მყავს” ვიდრე ადამიანი რომელიც აქციაში უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას. შედეგად – ყბადაღებული მაყურებელი რომელმაც სულ სამი წყვილი იხილა და ალბათ პარკის სხვა მონაკვეთში რომ გაესეირნა გაცილებით მეტს შეხვდებოდა.

რა შეეძლო გაეკეთებინათ ორგანიზატორებს? პირველ რიგში აქციამდე შეეძლოთ თუნდაც საკუთარი მეგობრებისგან შეექმნათ ე.წ. “ბირთვი,” ვთქვათ 10 წყვილისგან მაინც, რომელიც სინქრონულად დაიწყებდა კოცნას, ასეთ პირობებში კი უბრალოდ მოსულებსაც შეეძლოთ წამოწყება გაეგრძელებინათ. გუშინ კი სამი წყვილის შიგადაშიგ, არა სინქრონულ ქმედებას ლოგიკურია არაფერი მოჰყვებოდა.

ორგანიზატორებს ასევე შეეძლოთ ჩაერთოთ მუსიკა, გაეშვათ კოცნის ცნობილი კადრები, დაედგათ პერფომანსი, გამოსულიყვნენ სიტყვით ბოლოს და ბოლოს, მოკლედ გაეკეთებინათ რამე ისეთი რაც “გამოაღვიძებდა” სხვებს, აღუძრავდა პროტესტის სურვილის, აიძულებდა ეკოცნა ვინმესთვის და ა.შ. ლიდერს ხომ უნდა შეეძლოს სხვისი აყოლიება, წამოწყების გავრცელება, სხვისი ჩართვა, ბოლოს და ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს ხალხი სიკვილზე მიდიოდა ძლიერი პროპაგანდის შედეგად, აქ კიდევ, ერთ უბრალო კოცნაზე იყო საუბარი და ამის ორგანიზებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია გახდა.

ორგანიზეტორები ორგანიზების ნაცვლად მრავალრიცხოვან ჟურნალისტებთან საუბარში გაერთნენ (ნეტა რაზე ელაპარაკებოდნენ, კოცნაზე ნამდვილად არა), მარტო დარჩენილი, სეირის საყურებლად მოსული ადამიანები კინერთმანეთთან “რიტორიკულ ჭორაობაში”  რა ხდება რატომ არ კოცნის ეს ხალხი ერთმანეთს” გაერთნენ? ხალხის კიდევ მესმის, რა ქნან, აი “ორგანიზატორების” ადგილზე კი მედია საშუალებებს ინტერვიუს ნამდვილად არ მივცემდი.

შალვა მაგარია! შიში შეიქმნს სიყვარულსა!

ორი თვის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, “ქართულ ტელეპროდუქტზე აუცილებლად დაწერ დადებით პოსტს” ა) ძალიან გამიკვირდებოდა და ცხარე კამათში შევიდოდი, ბ) გულიანად გავიცინებდი.

ორი დღის წინ მივხვდი რომ დადებითი რეცენზიის დაწერა უთქმელად შემიძლია. რა თქმა უნდა შალვა რამიშვილის “აკრედიტაციის გარეშეს” ვგულისხმობ.

დროის უქონლობის გამო მეშინოდა რამე არ გააფუჭოს ავტორმა თქო და ხუთშაბათს მე-6 გადაცემის (ეთერში ოთხშაბათს გავიდა) ყურებას ცოტა არ იყოს და გულის ფანცქალით ველოდი.

გადაცემამ მოლოდინს გადააჭარბა. პარლამენტის წევრებთან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ნაკლოვანებების გასაგებად მისულ შალვამ სასწაული და დამრთგუნველი შედეგები დაგვანახა.

კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო ავლაბრის მიდამოებში (სავარაუდოდ ეს ადგილი მიზანმიმართულად იყო შერჩეული) ხალხის მიერ “გამოთქმული” აზრი. ”

ხალხი შეშინებულია, დაბნეული, დაჩაჩანაკებული, გამოთიშული, უფერული და ა.შ.

მათ მდგომარეობას ყველაზე კარგად გადაცემაშივე ერთ-ერთი რესპოდენტის მიერ გამოთქმული წინადადება ასახავს , “აფხაზეთში არ მეშინოდა, აქ მეშინია.”

სხვა რესპოდენტი კი ისე დაიბნა რომ ყოვლად არაადეკვატური პასუხი, “ორი დღეა რაც აქ ვმუშაობ, ჯერ არ ვიცი” გასცა “ნაჯახ ამხედრებულ” ჟურნალისტს.

თუმცა, ყველაზე დამთრუნგველი მაინც “სამარშრუტო ტაქსია” . შეკითხვაზე “რა ნაკლი აქვს მიხეილ სააკაშვილს?” ხალხი სდუმს, თითქოს პირი ამოკერილი ჰქონოდეთ, რაღაცის თქმას ლამობდნენ, მაგრამ ვერა…ჩუმად სხედან. კომატოზურია მდგომარეობა, ეს მდგომარეობა მაყურებელში აღძრავს სურვილს იბღავლოს და სასოწარკვეთილმა იკითხოს, “ხალხნო, რა გჭირთ? რა მოგივიდათ?”

რწყილებზე ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ. დახურულ ქილაში მოაქციეს. ერთი თუ ორი დღის განმავლობაში დატოვეს, რწყილები ჩაკეტილ სივრცეში გამოსავალს რა თქმა უნდა ვერ პოულობდნენ და წრეზე მოძრაობდნენ. გარკვეული დროის შემდგომ ქილას თავსახური ახადეს, მაგრამ გარეთ არცერთი რწყილი გადმომხტარა, კვლავ წრეზე მოძრაობას განაგრძობნდნენ, ნიშანდობლივია რომ გამრავლების შემთხვევაში ამ რწყილების შთამომავლებიც ანალოგიურად განაგრძნობდნენ მოძრაობას.

ექსპერიმენტმა ის დაგვანახა რომ ადამიანები ხშირად რწყილების მსგავსად მოქმედებენ, რეალური საფრთხე შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ შიში თუ ჩვევა ძალზედ ძლიერია.

პოლიტიკოსები რომლებსაც შალვა პასუხის მოლოდინში “მისდევს” საბჭოთა კავშირს ებრძვიან, სიმბოლიკას კრძალავენ, სტალინის ძეგლს ანგრევენ, წარსულის ფანტომებს ებრძვიან და ალბათ არავის გაგაკვირვებთ თუ ვიტყვი რომ ამავე ტრადიციებს საკუთარი საქციელით სხვა თუ არაფერი, ყველაზე ნაკლები აგრძელებენ მაინც.

ზოგადად, “აკრედიტაციის გარეშეს” მსგავსი გადაცემები თუ დოკუმენტური ნამუშევრები სიახლეს არ წარმოადგენენ, დასავლეთში ასეთების შექმნელებად მაიკლ მური, მარკ ტომასი და ა.შ. გვევლინებიან, მაგრამ ქვეყანაში სადაც ტელე ეთერი რბილად რომ ვთქვათ უხარისხო, სურეალური და არააქტუალურია ასეთი პროდუქტი ერთი ორად ფასობს.

საერთოდ შალვა რამიშვილის ამ გადაცემას რომ უყურებ ერთი სიტყვა თუ გრძნობა გახსენდება ძალიან ხშირად, “შიში, “შიში” და კვლავ “შიში.” შიში აბრმავებს და ანადგურებს.

ეშინიათ ბიზნესმენებს, ეშინიათ ჟურნალისტებს, ეშინიათ პოლიციელებს, ეშინია ხალხს, უბრალო გამვლელებს.

რისი?

გასული გადაცემის ერთ-ერთ რესპოდენტს თუ დავესესხებით ” თქვენ გაარკვიეთ.”

ერთ პოსტში მოქცეული “ეროვნული” კრიტიკა

ამბობენ, სალვადორ დალის სიზმრის დროს შიგადაშიგ ეღვიძებოდა, უხაროდა, იმიტომ რომ ამ დროს სიზმრების ფურცელზე აღბეჭდვა შეეძლო, ამიტომაც შემდეგ დილას მათი გახსენება არ უჭირდა.

ამბობენ,  საქართველოს მოქალაქე ხშირად დასაძინებლად უკეთესს ქვეყანაში გაღვიძების იმედით მიდის , მოგეხსენებათ გაღვიძებულს საკუთარ თავს კოშმარში აღმოაჩენს ხოლმე და სალვადორ დალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი დროით ძილის შებრუნებას ცდილობს.

გაღვიძებულს დალის ნახატებზე არა ნაკლებად სურეალური რეალობა ხვდება, მაგრამ ცნობილი მხატვრის სიხარულისხგან განსხვავებით თავბედს იწყევლის, “ასეთი რა დავაშავეო ამ ქვეყანაში რომ დავიბადეო”, უფრო ხშირ შემთხვევაში კი სახელმწიფოს და ხელისუფლებას თვლის ყველა პრობლემის მიზეზად.

საერთოდ, ოპოზიციაში ყოფნა, მე თუ მკითხავთ კარგია და თუ საკუთარი ქვეყანა გიყვარს, ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ოპოზიციურად უნდა იყო განწყობილი.

რელიგიაზე და საკუთარ ათეიზმზე საუბრისას ვუდი ალენმა დაახლოებით შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: “შენთვის ათეისტი ვარ, ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია.”

ვუდი ალენის ფრაზის არ იყოს, იმისთვის რომ ხელისუფლების უზურპირება არ მოხდეს, ყოველთვის საჭიროა ოპოზიცია, ოღონდ ისეთი არა, “ხახა ამოგდებული” საჭირო და არა საჭირო კრიტიკას რომ იწყებს რომელიც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, არამედ, საკუთარი ჯერ კიდევ ტრაკდაუდებელი პერსონის  კარიერის წინწაწევისთვის ცდილობს.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლუკაშენკოსთვის “გამარჯვების” მოლოცვის შემდეგ მინდოდა დამეწერა, უფრო სწორედ იმ რეაქციაზე რომელიც ამ ქმედებას ოპოზიციურად განწყობილ წრეებში მოყვა. სამწუხაროდ ვერ ჩავუჯექი, მაგრამ ეს თემა ამ პოსტში მინდა მიმოვიხილო.

ვინც მიცნობს ეცოდნება რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის დიდ მხარდაჭერად ვერ ჩავითვლები, მაგრამ ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ. არა ჩემი პოზიციის, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, კერძოდ “აფხაზეთის საკითხს” ვგულისხმობ.

საქართველოში აფხაზეთის თემა კვლავ მტკივნეულად აღიქმება, ზოგს ზღვაზე ჩასვლის ნოსტალგია ამოძრავებს, ზოგს სახლი დარჩა, ზოგს ამ ომში ახლობელი დაეღუპა, ზოგს უბრალოდ რუკაზე უფრო დიდი და არადაქუცმაცმებული საქართველოს ნახვა სურს.

მოკლედ, მიზეზები ბევრია, მაგრამ აფხაზეთი უმეტეს მოსახლეობას კვლავ უნდა და თუ ვინმე განაცხადებს “დავივწყოთ აფხაზეთი” ის მყისვე ერის მოღალატედ ჩაითვლება.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლუკაშენკოს გამარჯვება ამ აზრის გათვალისწინებით მიულოცა, ამიტომაც იმ ადამიანების კრიტიკა რომლებსაც აფხაზეთის ხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ სურს, მე პირადად ალოგიკურად მეჩვენება.

მოდით, მაშინ ავირჩიოთ პრიორიტეტები, რა გვინდა, რა უფრო, რა ნაკლებად? გვინდა ტერიტორიული მთლიანობა, თუნდაც არადემოკრატიული სახელმფწიოების მეთაურებისთვის მოლოცვის გზით, თუ გვირჩევნია დემოკრატიულ იდეალებს ვეზიაროთ, ოღონდ გარკვეულ ფასად.

ყველაფერი ერთად შეუძლებელია, ამიტომაც რაღაცის მისაღებად რაღაც უნდა დავთმოთ. ამიტომაც, მოდით ვიაზროვნოთ და გარეთ უამინდობას მაინცდამაინც სააკაშვილს ნუ დავაბრალებთ.

საერთოდ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უფრო კრიტიკულად თუ მიუდგება და რეალურ პრობლემებს მიაქცევს ყურადღებას უფრო პროდუქტიული უნდა იყოს.  რომ ვყეფთ ხოლმე იმაზეც უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, უძაღლო ქვეყანაში, კატებად ხომ არ ვიქეცით? ზოგიერთი ჩვენგანი იმენად კომფორტულა გრძნობს თავს რომ ერთხელ კარგ ყეფას შეჩვეულმა კარგი “ხმა” ვერ შეინარჩუნა და ნელ ნელა კატად იქცა.

სურეალურია ჩვენი ქვეყანა, იმენად სურეალური რომ დალის არც კი დაესიზმრებოდა, სურეალური და ალოგოკური.

ამ სურეალიზმში ცოტა მედიასაც შევეხები.

ყოვლად ცნობილ და საყოვალთაოდ გინების ობიექტად ქცეულ არხების თუ მედია საშუალებების კრიტიკას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს, ისედაც ვიცით ყველაფერი, მაგრამ ქართული მედიის კატასტროფა მაშინ ხდება ნათელი როდესაც პირობითად “ცივი საუზმე” ან “დემოკრატი” ჟურნალისტიკის ფლაგმანად საღდება და საშუალო სტატისკური მკითხველი გაზეთს ცხვირის წინ გიფრიალებს და გეუბნება, “წაიკითხე, შენ კიდევ ამბობ ქართული მედია არ არსებობსო, ნახე რა კარგად წერენ.”

კარგად რომ წერენ მაგაში ეჭვი არ მეპარება, არც მაგათ განათლებაში, მაგრამ საშუალო სტატისკური მკითხველის ყურადღებით გამთბარი ფეჩზე წამოსკუპებულ ემელიას რომ ემსგავსება და “კარიერული ზრდით” თუ პირობითად  “ჟიჟეკისთვის მიტანილი ლამბაქით” რომ იწონებს თავს ეგ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს იმიტომ რომ ამ დროს ასეთი ჟურნალისტი თუ ზოგადად მოქალაქე ფუნქციას კარგავს და სიკეთის მოტანის ნაცვლად ფუჭი გლამურის კიდევ ერთ მაგალითად იქცევა.

სწრაფვა კარიერისკენ ცუდი ნამდვილად არაა, პირიქით საჭირო და დადებითია, კარიერული კომფორტით კმაყოფილებაა დამღუპველი, თორემ წარმატება და საზოგადოებისთვის მსახურობას რა სჯობია.

მამარდაშვილი თავის რუსს კოლეგებს ხშირად ეუბნებოდა ხოლმე, “არ გეგონოთ, რომ ჩვენთან იგივე შესაძლებელია, ჩვენ არასდროს დავუხრით თავს უსამართლობას.” პარადოქსალურია მაგრამ რუსები ღირსების შენარჩეუნებას დღესდღეობით ჩვენზე კარგად ახერხებენ.

რუსებს შევჩუკი ჰყავთ, კიდევ ბევრი სხვა ვინმე ჰყავთ, ჩვენ არა. რუსების პირობითად აღებული შევჩუკი ყოველთვის ოპოზიციაში იყო, მაგრამ ამავროულად ადეკვატური და არა საკუთარი კარიერული მიზნების მიღწევით დაბრმავებული ამინდის მუსიკოსი.

მისთვის ვისთვისაც კანტი მხოლოდ წიგნზე გამოსახული რამენიმე ასოსგან შემდგარი სიტყვა არაა, ეცოდინება რომ ეს ფილოსოფოსი “საერთო კარგის” აუცილებლობაზე საუბრობდა, იმაზე რომ ყოველი ადამიანის დანიშნულებაა მოიტანოს სარგებელი და ზოგადად, საერთო მიზნებს ემსახუროს. სამწუხაროდ, ეს უმეტესობას ავიწყდება, განსაკუთრებით ისეთ ბედკრულ სახელმწიფოებში სადაც კატებს აყეფებენ, ანუ ჩვენთან.

შეიძლება ვიღაც გაბრაზეს კიდევაც, არადა, არავის გაბრაზება არ მსურს, არავინ მძულს, პირიქით რამდენად პათეთიკურადაც არ უნდა ჟღერდეს მიყვარს საქართველო და ერთხელაც გაღვიძებულს ნორმალურ სახელმწიფოში მსურს საკუთარი თავის აღმოჩენა.

წაიკითხე ფრთხილად

“The fewer the facts, the stronger the opinion.”

– არნოლდ გლაზგო –

პროფესინალურ ჟურნალისტიკაში არსებობს ოქროს წესი, ეს წესი იმაში
მდგომარეობს რომ სანამ რამეს დაწერდე აუცილებლად უნდა გადაამოწმო ფაქტი ან ციტატა.  ინგლისურ ენაში ეს წესი კიდევ უფრო კარგად ჟღერს: “Double chek” – ანუ, შეამოწმე ორჯერ! მემგონი არ არის საჭირო ჩემგან კიდევ ერთხელ იმის კონსტატირება რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ეს პრობლემა კი არადა, პრაქტიკაში გამჯდარი ჩვეულებაა.

2008 აგვისტოს ომის დროს ერთი კარგად ცნობილი ქართული არხის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ბევრ ჩემს მეგობარს ნერვების ფასად დაუჯდა. ამ ტელეკომპანიის სახელს არ დავასახელებ იმ მიზეზით რომ მის ისედაც გაფუჭებულ რეპუტაციას დამატებითი დარტყმის მიტანა არ სჭირდება, ისედაც ფორთხავს მიწაზე და ხალხში მის სანდოობა ნოლს უტოლდება. აგვისტოს ომის დროს ჩემი მეგობარი კონფლიქტურ ზონაში იმყოფებოდა და დაიჭრა კიდევაც, ეს ჩემთვის, დედამისთვის და კიდევ რამენიმე ადამიანისთვის ცნობილი იყო. ამის მიუხედავად აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმეჯერ გადასცა რომ ის დაუღუპა.  ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ რა გასაკვირია რომ ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო ნაცნობებმა ჩემთამ რეკვა ატეხეს. ანერვიულებულად მეკითხებოდნენ: “მართალიაო?” “რა?” – ვეკითხებოდი. “მოკლესო.” პროტესტის ნიშნად არ ვუყურებდი მაგ არხს და ეს ამბავი რომ გავიგე გავბრაზდი, როგორ შეიძლებოდა ასე უპასიხისმგებლოდ ამ არხს ასეთი ინფორმაცია გადაეცა. ერთ ერთმა ჩვენმა მეგობარმა კი პირდაპირ კომპანიაში დარეკა და კარგა გვარიანად გაკიცხა.

მაშინ როდესაც კომპანიამ ნამდვილი ამბავი გაიგო, თავი არ შეიწუხა და მცდარი ინფორმაციის ეთერში გადაცემის გამო ბოდიში არ მოიხადა .

ადამიანს რომელიც საკუთარ თავს პროფესიანალად თვლის (არა მარტო ჟურნალისტიკაში) პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ზერელედ საკუთარ საქმეს კეთებას, მაშასადამე ხალხის გულების გახეთქვას არ უნდა ეწეოდეს. ეს ფაქტია, ფაქტი რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ მუშაობს, იმიტომ რომ მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობისგან ყველა თავისუფალია.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა სიუჟეტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, როგორც ჩანს მისი პირდაპირი დანიშნულება ობამას და ზოგადად დემოკრატების ხელისუფლების კრიტიკა იყო და ამის ფონზე რესპუბლიკელების რეიტინგის გაზრდა. სიუჟეტის დასაწყისშივე ავტორმა, ერთი ფრაზა თქვა რომელიც დაახლოებით იმას გულისხმობდა რომ დემოკრატების წლევანდელი რეიტინგის დაცემა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე მათი რეიტინგის დავარდნასთან შესადერებელი თუ იყო. სიუჟეტის ყურება გავაგრძელე, მაგრამ ამავდროულად რაღაც მაწუხებდა, რაღაც “ნიტო” იყო ამ ყველაფერში. გავიარ-გამოვიარე და უცბად მივხვდი – რა აბსურდია, ზუსტად რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუზველტი (დემოკრატი) ამერიკაში უპრეცედენტოდ მესამე ვადაზე აირჩეს, 45 წელს კი რუზველტი ასევე დემოკრატმა ჰარი ტრუმენმა შეცვალა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად 53 წლამდე დარჩა, შესაბამისად 1933 წლიდან 1953 წლამდე, ოცი წლის განმავლობაში ამერიკას რესპუბლიკელი პრეზიდენტი არ ჰყოლია! სიუჟეტში ნახსენები ფრაზა იმას გულისხმობდა რომ ჟურნალისტს არა თუ არ გადაუმოწმებია, არამედ საერთოდ არ უფიქრია ფრაზაზე და ის უბრალოდ ფანტაზიის დონეზე იყო დაწერილი.

ეს ამბავი რამდენიმე ჩემს ახლობელს გავუზიარე, ერთ-ერთმა მითხრა ის რასაც თვითონ ვხვდებოდი, მაგრამ ამ დაკვირვებამ კიდევ უფრო შემაშინა: “საქმე ისაა რომ მაგას შენ ხვდები და გარკვეული ცოდნა გაგაჩნია და შენ შეგიძლია ამის გადამოწმებმა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამას არ გადაამოწმებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფაქტად მიიღებს.” მართალია, მე ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ ჩემს საქმეს პროფესიონალურად მივუდგე, 10-დან 7 შემთხვევაში მაინც ქართული სტატიის, სიუჟეტის თუ სხვა პუბლიკაციის ნახვისას მიწევს მისი გადამოწმება, იმიტომ რომ თუ ასე არ მოვიქცევი და რამე მცდარ “ფაქტს” დამაჯერებენ მაშინ წლების განმავლობაში გამყვება მცდარი ინფორმაცია რომელსაც ჩემს მსოფმხედველობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ყველა ჟურნალისტი ვერ იქნება და უმეტესობა ადამიანი წაკითხვისას ფაქტის გადამოწმების გარეშე მიიღებს მოწოდებულ ინფორმაციას.

ადამიანს არსებობისთვის კვება სჭირდება, კვება ხარისხიანი უნდა იყოს, თორემ შეიძლება ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ დასნეულდეს და მის ორგანიზმა წესიერად ფუნქციონირება შეწყვიტოს. ზუსტად ასეა სულიერი, გნებავთ გონებრივი კვება, ამიტომაც არის რომ ჟურნალისტებმა ან თუნდაც სამოქალაქო ჟურნალისტებმა არ უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს უხარისხო პროდუქტი, არ უნდა მოვწამლოთ ხალხი უვარგისი მასალით. გონება ხორციელის ნაწილია და მასსაც ხარისხიანი პროდუქტი სჭირდება.

რამდენიმე თვის წინ ჩემს ბლოგზე ერთი პოსტი გავაკეთე, მასში შეცდომით ავღნიშნე რომ რეიგანმა საბჭოთა კავშირს “მორდორი” უწოდა. სინამდვილეში მან მას “მორდორი” კი არა, არამედ “ბოროტების იმპერია” შეარქვა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს რომელმაც ამ შეცდომაზე მიმითითა და მეც იძულებული გავხდი ბლოგის ნაწილი შემეცვალა და ფაქტი გამესწორებინა. ჩემს შეცდომას გამართლება არ აქვს იმ მიზეზით რომ წერისას მე ვარაუდით და არა ფაქტებით ვიხელმძღვანელე. იმ ვარაუდით რომელიც მე ადრე ვიღაცამ ფაქტად გამისაღა და მეც ასე გამყვა. სტატიის წერისას გადამოწმება დამეზარა, ამიტომაც ეს შემთხვევა სავარაუდოთ კიდევ დიდი ხანი მემახსოვრება.

ამიტომაც, მეგობრებო, როდესაც რამე კითხვას დაიწყებთ, ფრთხილად იყავით, გადაამოწმეთ, თუნდაც ჟურნალისტი არ იყოთ თქვენ ხომ პიროვნებები  ხართ რომლის მსოფხედველობას გართხილება სჭირდება. Bon appetit.