Tag Archives: ჟურნალი

კედებში გამოწყობილი ქართველი “ევროპელების” ფიქრები

პირველ რიგში მოცემულ ტექსტს არანაირ ლიტერატურულ ღირებულებაზე არ გააჩნია პრეტენზია, ეს უფრო სატირული ხასიათის პუბლიკაციაა რომლის მთავარი დანიშნულებას მკითხველის გართობა წარმოადგენს. მიუხედავად სტერეოტიპებზე სატირისა, თავად ტექსტია სავსეა სტერეოტიპებით და განზოგადოებით, ამიტომაც ზედმეტად სერიოზულადაც ნუ მიიღებთ.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ვინმე კითხვისას საკუთარ თავს აღმოაჩენს (თუ აღმოჩენისთანავე ეწყინა სულ უკეთესი), ესეიგი პოსტმა გაამართლა და გართობაზე ოდნავ მეტი დატვირთვა შეიძინა.

საქმე ისაა რომ თანამედროვე ქართულ რეალობაში ევროპა მახინჯ ფორმებში შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში. არსებობს გარკვეული სტერეოტიპები დასავლეთზე, რომელზეც უმეტეს შემთხვევაში იმ ხალხს რომელსაც ასეთებად (ევროპელებად) მიაჩნიათ სინამდვილეში არანაირი წარმოდგენა არ აქვთ.

მოკლედ, გთავაზობთ თანამედროვე ქართველი “ევროპელის” რამდენიმე ტიპაჟს, რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრით.

1. უგზო უკვლოდ მუსიკალურად განათლებული ინტერნეტში გამომწყვდეული მეინსტრიმში მოღვაწე მარგინალი

ასეთებს ფორუმებზე შეხვდებით ხშირად, ყველაზე პოპულარულზე ერთი წლის განმაბლობაში შეიძლება 10 ათასზე მეტი პოსტი დააგროვოს და ერთ დღეში გრაფომანიით გატაცებულმა კლავიატურაზე პრაქტიკულად ფეხებ შემდგარმა და მონიტორს აკრულმა 100 კომენტარიც კი დატოვოს.

უსმენს ყველაფერს, ანუ არაფერს. ზედაპირულად შეიძლება ისაუბროს ნებისმიერ თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფზე, მაგრამ კომპიუტერს მოწვეტილმა უმეტესობის სამი სიმღერაც ვერ დაგისახელოს. ანუ, ტრადიციულად მუსიკალურად ძლიერია კომპიუტერთან სიახლოვეს და ძალიან სუსტი არავირტუალურ სამყაროში.

პირად საუბარში შეიძლება შემდეგი შინაარსის დიალოგი გააბას, “ფრენკ ზაპა, აუ, აუ, მაგარია… ისა და ეისტურზუნდე ნეუბატენის ბოლო ალბომი მოგეწონა? მაგარია, მაგარია, იელო მოგწონს? იესი? აუ, აუ, მაგარია. ბლექ ფლეგი მაგარი პანკია. ნირვანა? ნირვანა, პაპსა. მაგრამ მაგარი.”

მიუხედავად მარგინალობისა და “რეალურ” სამყაროში გაუსვლელობისა კომპიუტერს მიჯაჭვული მუსიკალური ენციკლოპედიკი შეიძლება რომელიმე რესპექტაბელური მუსიკალური ჟურნალის (“კაკ მინიმუმ” რუბრიკის) რედაქტორადაც დანიშნონ, რაც მის ევროპულ იდენტობას ავტომატურად ერთი ორად ზრდის.  ახალ დანიშნული რედაქტორი ეიფორიაში  ვარდება და დაქვემდებარებულ ჟურნალისტებს ვერ “უმკლავდება,” რადგანაც ესენი უცნაურ კითხვებს სვამენ, დაახლოებით შემდეგი შინაარსის, “ჯგუფთან “ქიუ ენდ ეი” ჩავწერო თუ თხრობით, როლინგსტოუნსის სტილში დავწერო? დაბნეული მარგინალი, მაგრამ ევროპელი პასუხობს, “რავიცი აბა, რა განსხვავებაა მაგათ შორის?”

ჟურნალისტი ვერ მშვიდდება და შემაწუხებელ კითხვებს განაგრძნობს, “რამდენი სიტყვა გინდა?” “მოდი გვერდებით ვიმსჯელოთ,” პასუხობს რედაქტორი და თან შრიფტის ზომასაც კი არ აზუსტებს.

ჟურნალისტი განაგრძნობს მომაბეზრებელ კითხვებს, რედაქტორი იბნევა, ასეთი რამ ფორუმზე არ შეხვედრია, ამიტომაც კვლავ ფორუმს უბრუნდება და წუთში 17 ჯგუფზე ასწრებს ლაპარაკს (პოსტვას).

და მაინც, რატომ ჰგონია უგზო უკვლოდ მუსიკალურად განათლებულ ინტერნეტში გამომწყვდეულ მეინსტრიმში მოღვაწე მარგინალს  თავი ევროპელი?

ამაში გარკვეული როლი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოში სუპერ ჩანელის, მეჯიქ ტივის და მოგვიანებით ემტივის შემოსვლამ ითამაშა. მარგინალს გულწრფელად სწამს რომ ევროპა იგივეა რაც პოპ კულტურა, მაგრამ ამავდროულად იმ პოპ კულტურის წარმომადგენლებს რომელსაც რეალურად აღმერთებს ვერ აღიქვამს ასეთად და საქართველოს რეალობაში ალტერნატივად, სუბკულტურად წარმოაჩენს. ჰგონია რომ რაც უფრო მეტ ევროპულ ჯგუფს მოუსმენს (მოუსმენს და არა და არ გაიგებს), რაც უფრო მეტის სახელი ეცოდინება (პოპ კულტურა მუსიკის სახით ამ შემთხვევაში პირობითია და შეიძლება სხვადასხვა ნაირსახეობას შევხვდეთ) მით უფრო განამტკიცებს საკუთარ ევროპულ იდენტობას.

2. თავის დროზე ემო გოგონა, სქესობრივი კავშირების არ ქონით შეწუხებული, კონფორმისტად ქცეული პუბლიცისტი და ორგანიზატორი

15-17 წლის ასაკში აქტიურად უსმენს ზომიერ პანკს, მათ შორის ნირვანას, ყველაფერი ქართული მახინჯი და გოიმობა ჰგონია, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ტრადიციულ ოჯახში მოუწიოს შეგნებული “თინეიჯერობის” გატარება. იცმევს კედებს, იღებავს თვალებს, ზის კლასის ბოლო მერხზე და საშუალების და მიხედვით ყიდულობს კედებს, ამ შემთხვევაში დიაპაზონი შეიძლება ვენიდან – ლილოს ბაზრობამდე ვარირებდეს.

თუმცა, გადის დრო და ემო კლასის ბოლო მერხი იცვლება კვარიათში ბუნგალოში ცხოვრებით, შიგადაშიგ მაღალი ქუსლებით და ზოგადად ამა ქვეყნის წარმატებულებთან ურთიერთობით…

პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ ემო გოგონა “ნაშდება.”

ურთიერთობებს პოზიტიური შედეგი მოაქვს ემო გოგონასთვის და ისიც სხვადასხვა “ივენთების” ორგანიზატორად გვევლინება, ხდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ბოლომდე იხსნის ემო გოგონას ნიღაბს.

ინტერნეტის სწრაფ განვითარებასთან ერთად აწ ემო გოგონას დღიურის ჩანაწერები წარმატებით ინაცვლებენ მის პირად ბლოგზე. სულ რამოდენიმე თვეში მისი ნაწერები ზე პოპულარობას იძენენ, მეტწილად ეროტიული ხასიათის მოთხრობების თუ ჩანახატების ხარჯზე. მოხიბლული მკითხველი პოტენციური სქესობრივი აქტის ძიებაში ავტორს ეკითხება, “ეს მართლა გადაგხდა თავს?”

ავტორი პასუხს თავს არიდებს, რადგანაც ერთის მხრივ დადებითი პასუხის  გაცემის შემთხვევაში ეშინია “ბოზის” იარლიყი არ მიეწებოს და მეორეს მხრივ, ანუ უარყოფითის შემთხვევაში უბრალოდ გოიმად არ აღიქვან…

როგორც შეიძლება მიმხდარიყავით ავტორი მეტწილ შემთხვევაში მისივე ქვეცნობიერი თუ ცნობიერი განმარტებით უბრალოდ “გოიმია” და წერს იმაზე რაზეც წარმოდგენა არ აქვს.

3. არაპოლიტკორექტული, რუსოფობიით და მამაოფობიით შეპყრობილი ქართველო “ლიბერალი” (შემდგომში ბრჭყალების გარეშე)

ასეთების რამდენიმე ნაირსახობა არსებობს, ერთის მხრივ შეიძლება არსებობდეს უბრალოდ რუსოფობი ლიბერალი და მეორეს მხრივ არარუსოფობი (ზოგიერთ შემთხვევაში რუსოფილიც კი) მაგრამ მამაოფობი ლიბერალი. არსებობს ჰიბრიდებიც, რომელიც ორივე ფობიაზე აერთიანებს. მოდით, ჰიპოტეტიურად ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ.

ჭეშმარიტად სწამს რომ რუსეთი დაიშლება და აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტი ხანია ამტკიცებს რომ 3-4 წელიწადში ბოროტი იმპერია გაქრება მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან. გადის დრო და ეს “ოხერი” არ ქრება, პირიქით ხდება ოლიმპიადის და მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი.

ჰგონია რომ ევროპელ (ნამდვილს) მასსავით სძულს რუსეთი და ყველაფერს აკეთებს იმპერიასთან საბრძოლველად, თუმცა ეს ჰოლანდიელი თუ ბრიტანელი “ოხერი” ხშირ შემთხვევაში პათოსს არ იზიარებს და ინერციით საქართველოს თუ სხვა მეზობელ ქვეყანას კვლავ რუსეთის სატელიტად აღიქვამს.

რუსეთის თემაზე დაღალული ლიბერალი თემას პირწიგნაკზე ბნელ (მართლა ბნელ) და მარგინალ (რომლის დანახვის და მოსმენისას შეიძლება თავად რომელიმე წმინდანს გაეღიმოს) მამაოებზე იუთუბ ვიდეობს ავრცელებს ისტერიულად, ქილიკობს და საქართველოს ყველა უბედურებას მას და მის მრევლს აბრალებს.

ამ ყველაფერს ამატებს “ხალხია ბნელი, ხალხშია პრობლემა,” დიდი ფიქრის შემთხვევაში რომელიმე ევროპულ საელჩოს ვიზის იმედით აკითხავს, მაგრამ ათ დღეში მტკიცე უარის მიღებისთანავე უალტერნატივოდ დარჩენილი აგრძელებს ჯვაროსნულ ლაშქრობას “სიბნელის” წინააღმდეგ.

რა ქნას, ის ხომ ჭეშმარიტი ევროპელია…

ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

კოლაჟი: Georg Gamez

სერვანტესს უთქვამს, “შედარებანი ოდიოზურიაო,” რომ დაფიქრდე მართლაც ეგრეა, მაგრამ რას იზამ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ სხვა საშუალებას არ გვაძლევს. იქ სადაც არსებობს მაღალი და დაბალი, განიერი და ვიწრო, მდიდარი და ღარიბი, კარგი და ცუდი, შედარება ის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ.

ამ პოსტში მეც შედარებას გავაკეთებ, შედარებას ორ ქართულ გამოცემას შორის რომელიც ბევრის თქმით ერთმანეთისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის კონკურენტად ითვლება. სანამ ამ ორ ჟურნალს ხელში ავიღებდე მეც ვფიქრობდი რომ თვისობრივად ერთი და იგივე ჟურნალს ვკითხულობ, უბრალოდ განსხვავებული პოზიციებით, თუმცა წაკითხვის შემდეგ განსხვავებებიც აღმოვაჩინე.

მაშ ასე, ვინ მოერევა, ტაბულა თუ ლიბერალი?

ყველაზე ზედაპირულით დავიწყოთ და ნელ ნელა “სიღრმეებშიც” შევიჭრათ.

ფასი

 ლიბერალი ორი ლარი ღირს, ტაბულა ლარნახევარი, არცერთია მაინცდამაინც მაღალი ფასი, მაგრამ ქართული რეალიიდან გამომდინარე 50 თეთრსაც მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ლიბერალს 6-დან 3, ხოლო ტაბულას 4 ქულას ვუწერ.

ლიბერალს 42 გვერდი აქვს, ტაბულას72, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ უკანასკნელის საგრძნობი ნაწილი რეკლამას უჭირავს და პირველს ამასთან შედარებით რეკლამას შიგთავსის ძალიან მწირ ნაწილს იკავებს, ქულებს თანაბრად ვანაწილებ, 3-3 ორივეს.

ქაღალდის ხარისხი

გაზეთს რომ კითხულობ ქაღალდს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, მაგრამ როდესაც ხელში ყოველკვირეული “მოინტელექტუალო” ჟურნალი გიჭირავს გასაკვირი არაა რომ ამასაც მიაქცევ ყურადღებას. ციდან მწვერვალებს არცერთი კრეფს, თუმცა ლიბერალი მაინც ოდნავ წინაა და ტაბულას გაცილებით სჯობია.  ასე რომ 3 და 2, ლიბერალის სასარგებლოდ.

ყდა, დიზაინი, ილუსტრაცია

ტაბულას ამ კვირის ნომერს “ყოვლისშემძლე თაგვი” ამშვენებს, რომელიც კედელშიც (ეს ინტერნეტ ცენზურას ასახავს) კი აღწევს, აქ თვალშისაცემია მსგავსება კონკურენტ ჟურნალთან, რომელიც კედლის მაგივრად ჩარჩოს (პრეს პაპიეს ფორმით) ასახავს, რომელზეც ფონეიდესკოპი იკლაკნება, ჟურნალის მთავარი თემა ჯანდაცვაა. ლიბერალის შიგთავსი უფრო სადაა, უფრო სერიოზულად გამოიყურება და გრაფიკით ნაკლებად დატვირთული, ამასთან ტაბულას მეტი სურათი აქვს გამოყენებული, თუმცა რიგ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდი ნამეტანად გადატვირთულია. საერთოდ ამ პარამეტრებით ერთი მეორეს საკმაოდ ჰგავს, ასე რომ აქ უპირატესობას არცერთს მივცემ და ორივეს 3-3 ქულას დავუწერ.

პრობლემატური თემების არსებობა

თანამედროვე ჟურნალისტიკა ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული რომაა საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც ნათელია რომ თუ მედია გამომცემელი პრობლემატურ და მნიშვნელოვან თემას ივიწყებს ის განწირულია მკითხველის დაკარგვაზე. მიუხედავად იმისა რომ ორივე ჟურნალი ერთ პერიოდშია გამოსული ყრდაზე ორი განსხვავებული მთავარი თემა გვაქვს, ტაბულა თვლის რომ კვირის მთავარი თემა ინტერნეტცენზურაა, ხოლო ლიბერალი საავადმყოფოების პრივატიზაცია.

მოგეხსენებათ ინტერნეტცენზურაში აგვისტოს 5 დღის გამო დაბლოკილი ტორენტ საიტები იგულისხმება, მართალია გასულ კვირას ამ აკრძალვამ მართლაც რომ ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი შეაწუხა და ფეისბუქზე პროტესტიც კი გამოათქმევინა, მაგრამ მეორე დღესვე აკრძალვის მოხსნა და ჟურნალში 5 გვერდიანი სტატიის მიძღვნა  “მთავარი თემის” ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს.

ლიბერალს თავის მხრივ საკმაოდ მტკივნეული და საჭირო თემა აქვს წამოჭრილი. საავადმყოფოების პრივატიზაცია მართლაც რომ ბევრს ეხება და ცვლილებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ სტატიაა უფრო მოცულობითი შეიძლება ყოფილიყო (ავტორები მაგალითად არ საუბრობენ იმაზე თუ რა ბედი ეწევათ ექიმებს, პაციენტებსაც შეიძლება მეტი ყურადღება მიქცეულიყო) მაინც ინფორმატულია და კარგ დონეზე შესრულებული. გარდა ამისა ლიბერალი ამ კვირის ნომერში ეხება ისეთ პრობლემატურ თემებს როგორიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა,  სახელმწიო ეკონომიკური პოლიტიკა იაფი კრედიტების კუთხით, პრობლემები ზღვაზე სეზონთან დაკავშირებით და დებატები აფხაზეთის აღიარება არ აღიარებაზე.

ტაბულა ამ მხრივ აშკარად ჩამორჩება კონკურენტს. ერთადერთ პრობლემატურ თემად რომელიც პრობლემატურად არის წარმოჩენილი ნაგვის გადასახადი შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი პრობლემატური თემები მომხიბვლელადაც კი არის წარმოჩენილი, მაგალითად ერთ-ერთ სტატიას ასეთი სახელი ჰქვია: “კანონი მანიფესტაციების შესახებ-გამკაცრება თუ ლიბერალიზაცია?”

ამგვარად ამ კატეგორიაში 4-2 ლიბერალის სასარგებლოდ.

ენა, პროფესიონალიზმი 

მწერალი ერთგვარი კულინარია. სხვადასხვა კულინარს შეიძლება ერთნაირი მოცემულობა, უმი მასალა ჰქონდეს, აი რა და როგორ კერძს მოამზადებს უკვე მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მართალია ჟურნალისტიკა და მწერლობა ორი სხვადასხვა ფენომენია, მაგრამ ბეჭდვითი პრესა, განსაკუთრებით კი საჟურნალო სტატიები სხვა მედია საშუალებებისგან შედარებით გაცილებით ახლოს დგანან ლიტერატურასთან. სწრაფ ინფორმაციის მისაღებად მავანმა შეიძლება ტელევიზორს უყურო, რადიოს მოუსმინო, ინტერნეტი მოათვალიერო, უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიური გაზეთი შეიძინო. ჟურნალის შემთხვევაში კი სხვა ესთეტიკასთან გვაქვს საქმე, ჟურნალი გრჩება, თავისუფალ დროს გინდა წაიკითხო, ნაწერისგან სიამოვნება მიიღო და მოკლედ რაღაც ისეთი აღმოაჩინო რომელიც შეიძლება ბევრად გვიან ვინმე მეგობარს წააკითხო. მოკლედ ჟურნალი თითქმის ლიტერატურაა, ამიტომაც მოდით ამ ორი ჟურნალის მენიუ დავათვალიეროთ.

ხშირ შემთხვევაში ჟურნალს კითხვას, უკნიდან, კულტურის რუბრიკიდან ვიწყებ, ასე მოვიქეცი ამ შემთხვევაშიც. ორი ძალიან სასიამოვნო, გულს რომ გითბობს ისეთი წერილი შემხვდა ბოლო ორი სტატიის სახით. საუბარია კახა თოლორდავას “ისევ პარკებზე და ისევ ყოფილ ოპოდრომზე” და დავით ბუხრიკიძის უბადლოდ დაწერილი “რეცენზია – მოსაზრებაზე” “მსხვილი წითელი ხაზი,” რომელიც კინოფილმ “სიცოცხლის ხეს” ეხება.

კარგია და სახალისო ასევე ლაშა ბუღაძის “აქცენტირება,” რომელიც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს. რაზე? თუ წინა კვირის ტელე სივრცეს ადევნებდით თვალს ადვილად მიხვდებით.

დანარჩენი ლიბერალში მაინცდამაინც ლიტერატურული იყო თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ დაწერილ სტატიებში იგრძნობა განსხვავება ტაბულასთან, კერძოდ კი ჟურნალისტები უფრო პროფესიონალურად უდგებიან სტატიებს. უმრავლესობაზე რესპოდენტებთან მუშაობა იგრძნობა, სამწუხაროდ ტაბულას შემთხვევაში უფრო “გატელევიზორებულ” ან ტელეფონში ნათქვამ ფრაზებს შეხვდებით, ყველას არ ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ბევრი ჟურნალისტი თავს მაინცდამაინც რესპოდენტებთან ურთიერთობით თავს არ იკლავს.

ტაბულაში სამარცხვინოა მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარაძის საავტორო სვეტი რომელიც კითხვას სვამს თუ რატომ არ არიან ისინი (თუმცა გაუგებარია ვინ კონკრეტულად, ავტორები თუ ზოგადად რედაქცია?) სოციალისტები? ტექსტი არ ტოვებს “უნივერსიტეტდამთავრებულობის” შთაბეჭდილებას და კითხვისას გიჩნდება ეჭვი რომ ერთ-ერთი ავტორი წამი წამზე გინებას დაიწყებს.

ამის ფონზე კი სპორტის სექცია ნამდვილი განძია, განსაკუთრებით კი ზურაბ თალაკვაძის “გერმანელი.” ეს სტატია ორივე ჟურნალში ყველაზე მეტად მომეწონა, ძალიან კარგი ენითაა დაწერილი, საინტერესოდ და შთაგაგონებს კიდეც. ნორმალურად და კარგად იმუშავა ასევე ნინა ახლოურმა. დანარჩენი… რავიცი აბა…

4-3, კვლავ ლიბერალის სასარგებლოდ.

შეჯამება

რა შეიძლება ითქვას? გვაქვს ორი ჟურნალი, რომელსაც პრეტენზია Newsweek – ობა Time – ობაზე თუ არა, ნამდვილად ხარისხიანზე რომ აქვთ ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ჯერჯერობით ბევრი აქვთ სამუშაო. ტაბულას შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს იბეჭდება დაბეჭდვის და გართობის ხათრით, ხოლო ლიბერალი ცდილობს იყოს სერიოზული, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს ვიდრე რეალურ შედეგს აღწევს….

ამ ეტაპზე კი ამ ორს და Newsweek-Time დუეტს შორის სხვაობა უფრო მეტია ვიდრე “სარკე-თბილისელების” ტანდემისგან.

შედარებანი მართლაც რომ ოდიოზურია.

ანგარიში, შესაძლო მაქსიმალური 36 ქულიდან, ლიბერალი 20 – 17 ტაბულა. გაიმარჯვა ლიბერალმა.

მოკლე პოსტი მშვიდობაზე

Give peace a chance

-John Lennon-

დღეს  ჩემს ფბ კედელზე ავღნიშნე რომ კავკასიის რეგიონი კვლავ ითვლება
სახიფათო რეგიონად, სადაც ახალი ან გაყინული კონფლიქტის წამოწყება არც თუ ისე არარეალურია.

ეს ამბავი სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ დღეს, ამ ვარაუდის ბრიტანულ ჟურნალში წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი ასეთის ალბათობის შესახებ. ერთია როდესაც კავკასიაში ცხოვრობ და ამ ხიფათს ყოველდღიურად გრძნობ, მაგრამ მეორე როდესაც ამის შესახებ ისეთი ქვეყნის პრესაში წაიკითხავ რომელიც როგორც წესი კავკასიის ამბებით ნაკლებად ინტერესდება, ესეიგი ხიფათი მართლაც რეალურია.

ამას ის დაემთხვა რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ევროკავშირის ტრიბუნიდან განუცხადებია რომ საქართველო აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს.

ძალიან კარგია, ასე რომ დაემთხვა. მინდა მჯეროდეს ამ რიტორიკის და ამ იმედით რეგიონის მომავალი დემილიტარიზაციის მომსწრე გავხდე. მემგონი კარგი სტარტია იმისთვის რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ გაითავისოს რომ ომი ყველაზე ნაკლებად საჭიროა დღესდღეობით რეგიონში, ეს არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობას, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ეხება.  მე მხოლოდ ამ რეგიონზე იმიტომ ვსაუბრობ რომ ჩვენი მორალური მოვალეობა მეტწილად მხოლოდ საკუთარ საქციელზე პასუხისგებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღარ დავუშვათ მილიტარისტული კონფლიქტი საქართველოს, სომხეთის თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

არ მჯერა რომ რიგით მოქალაქეს ოდესმე სურდეს საკუთარ ტერიტორიაზე ომის, დაკანონებული მვკლელობების ნახვა, ეს არა ჯანსაღი მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მილიტარისტული პროპაგანდით აღზრდილი ადამიანის სურვილი იყოს. არ გვინდა ომი, მორჩა და გათავდა და არ აქვს მნიშვნელობა რა იდეა იდება ასეთის წამოწყებაში.

ამ პოსტით რამე განსაკუთრებული თქმა არ მინდოდა, ეს ნაწერიდანაც ჩანს, ეს პოსტი უბრალო სურვილია ადამიანის რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის ნახვა სურს და მეტი არაფერი. კარგია თუ მეთანხმებით და კარგია თუ ამ აზრს (მაინცდამაინც ეს ბმული თუ არ იქნება არ მეწყინება) გაავრცელებთ.

მშვიდობით!

ერთი მუსიკალური ჟურნალი ქართველებს რით ვერ გეღირსათ?

შენიშვნა: მოცემულ ტექსტში მოცემული ფაქტები სულაც არ წარმოადგენენ ფაქტებს და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ.

წელს ნიუ იორკში სულ სამი დღით ვიყავი, მეტს ვერ გავჩერდებოდი, პარიზში უნდა ჩავფრენილიყავი ორი დღით და ტოკიოში წასვლამდე რაღაც საქმეები
მომეგვარებინა.  ჩემმა მეგობარმა სვენ ბერგემ ეს ამბავი რომ გაიგო ესემესი გამომიგზავნა: “რა მაგარი დამთხვევაა, 30-ში კონცერტი გვაქვს და აუცილებლად უნდა მოხვიდე, უკანა შემოსასვლელში მახსენე და ბილეთს შენს სახელზე დავტოვებ.”

სვენი როგორც ალბათ ბევრი თქვენთაგანი მიხვდა სკანდინავიელია, უფრო სწორედ ნორვეგიელი. რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ჩაიკოვსკის ბალეტზე გავიცანი. საქართველოთი იყო დაინტერესებული რატომღაც და ჩემი გაცნობა აღმოჩენად მონათლა. სვეინი მუსიკოსია, მის ჯგუფს “როიკსოპი” ჰქვია, ამბობენ ცნობილიაო, არ ვიცი, თანამედროვე მუსიკაში ნაკლებად ვერკვევი და ინტერნეტში გადამოწმებაც მავიწყდება ხოლმე. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მთავარი ისაა რომ სვენი კარგი ბიჭია.

ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებისას პირველ რიგჩი ჩემი ორგანაიზერი კიდევ ერთხელ შევამოწმე, პარიზში გაფრენის წინა ღამე თავისუფალი მქონდა, მაგრამ რომ არ დამვიწყდებოდა მაინც სვენის კონცერტი ავღნიშნე. ნიუ იორკს კარგად ვიცნობდი, აქ სტუდენტობისას 4 წელი გავატარე, ასე რომ დათვარიელებაში დიდი ხნის დახარჯვას არ ვაპირებდი. პირდაპირ საქმეებს შევუდექი.

30-ში როიკსოპის კონცერტს ვეწვიე, როგორც სვენი დამპირდა ჩემს სახელზე ბილეთი დამხვდა. კონცერტს არაუშავდა, ბევრი ახალგაზრდა შეკრებილიყო და ეიფორიაში სიმღერის ტექსტებს იმეორებდა. მე ვისკის ვსვამდი და კონცერტის დამთავრებას ველოდებოდი.

კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა, ოდნავ ნასვამმა კულისებში მისვლა გადავწყვიტე. სვენი ხომ უნდა მენახა. არაადამიანური სიმაღლის და კუნთების მქონე დაცვა წინ აღმიდგა და ხელით მანიშნა რომ უფრო წინ ვერ წავალ. “ასეთები ნეტა როგორ ერთობიან? ან როგორ ცხოვრობენ, ან როგორი ოჯახები ჰყავთ ხოლმე?” – არავითარი ირონია, მართლა მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა რომ მასაც ჩემნაირად ადამიანი ჰქვია მისი ფიზიკური მონაცემების შემხედვარე ვერაფრით დავიჯერებდი რომ ერთი პლანეტიდან ვიყავით.


როგორც იქნა კონცერტი მორჩა, სვენს თურმე დავუნახივარ და პირდაპირ “გორილას” მიაკითხა. “გამოატარე, ჩემთან არის.” გორილამ საეჭვოდ გამომხედა, რაღაც გაიხუმრა და გამომატარა.  სვენი გადამეხვია, როგორ ხარო მკითხა და იქვე დააყოლა: “ცოტა ხანი დამელოდე, გამოვიცვლი, დავლაგდები და მერე ჩემთან წავიდეთ.”

მეც ასე მოვიქეცი. 10 წუთში სვენი მზად იყო.

– კაფეში ან კლუბში წასვლას ჩემთან სასტუმროში დაბრუნება სჯობია. მაგარი რაღაც მინდა მოგასმენინო. – მითხრა სვენმა.

– კარგი – ვუთხარი.

სასტუმროში მოხვედრისას ჩემი ჩანთიდან საჩუქრები ამოვალაგე.

– აი, ჩურჩხელები, შენ რომ გიყვარს – დედაჩემმა გამომატანა.

-აუ, რა მაგარია, დიდი მადლობა, ირინა დეიდას ჩემგან მოკითხვა გადაეცი. – მომიგო სვენმა და თან დააყოლა – ღვინო, ღვინო? მუკუზანი ხომ არ ჩამოგიტანია?

-მუკუზანი არა, სამაგიეროდ აგერ ხვანჭკარა მაქვს შენთვის.

-შენ გაიხარე, მაგარი კაცი ხარ.

-მოდი ამ მუკუზანს მერესთვის შევინახავ და ახლა ვისკი დავლიოთ. “დარკ საიდ ოფ ზე მუნს” უნდა მოგასმენინო, ვისკიზე მაგრად მიდის.

ხომ გითხარით არ ვიცი თქო ეს თანამედროვე მუსიკა და ეს “დარკ საიდ ოფ ზე მუნიც” არასდროს მომისმენია. სვენს არ უყვარს ხოლმე მუსიკის მოსმენას რომ აწყვეტინებენ, ამიტომაც 43 წუთის განმავლობაში ვისკის თანხლებში ჩუმად პინკ ფლოიდის ალბომს ვუსმენდით.

რომ მორჩა სვენი მომიტრიალდა და ანთებული თვალებით მითხრა:

– მაგარია არა?

– კი – მოკლედ ვუპასუხე.

-პლანზეც მაგრად მიდის, მაგრამ ვისკიც წავა. – ამიხსნა სვენმა.

ორ წუთიანი პაუზა ჩამოვარდა, რის შემდეგაც სვენმა მელანქოლიურად მითხრა.

-ქუთაისი მაგრად მომენატრა, თბილისიც, მაგრამ ქუთაისი უფრო, სულ სხვა დუხი აქვს, აღდომაზე რომ ჩადიხარ ხომ საერთოდ, რა სჯობია ამ დროს ქუთაისში ქეიფს…

-აბა… – მრავალმნიშვნელოვნად დავეთანხმე – მერე ჩამოდი წელს შენც.

-არ ვიცი, თუ მოვახერხე ამ კონცერტების ამბავი ხომ იცი…

-იდეა მაქვს, ქუთაისში ჩაატარეთ კონცერტი.

-კარგი რა.

– რა იყო?

– ჩემს პროდიუსერებზე ვარ დამოკიდებული, ისინი კიდევ მატერიალურ სარგებელს თუ ვერ ხედავენ არ ჩაატარებენ კონცერტს, სულ რომ ტიბეტი იყოს.

– ხო, ცუდია.

– ეგ კი არადა, იცი რა მითხარი, თქვენ ასეთი მუსიკალური ერი ხართ, წინწყაროს რომ ვუსმენ მგონია მეორედ ვიბადები. და აი, ერთი რამე ამიხსენი რა გთხოვ.

– აბა რა?

-რა და, ერთი მუსიკალური ჟურნალი თქვე დალოცვილებო, კარგ დედმამის შვილებო როგორ არ გეღირსათ? რა გახდა ასეთი?..

რატომ არ მიყვარს გლამური

“Вечер без любви, утро без обиды”

– Тату-

მე-19 საუკუნეში სიტყვა გლამური შელოცვას, აღნიშნავდა, რომლის შედეგადაც ადამიანს არწმუნებდნენ რომ ესა თუ ის ინდივიდი ან ნივთი ლამაზად გამოიყურება. დღესდღეობით ეს სიტყვა გულისხმობს არარეალურ და არაბუნებრივ სილამაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჰაიდი ლამარი გლამურის თვალსაჩინო წარმომადგენლად და ვარსკვლავად ითვლებოდა მან შემდეგნაირი ფრაზა წარმოთქვა: “ყველა გოგოს შეუძლია გლამურულად გამოიყურებოდეს, ერთადერთი რაც მას მოეთხოვება – იდგეს გაუნძრევლად და სახის შტერული გამომეტყველება მიიღოს.”

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჩემი ფეისბუქ მეგობრის გვერდზე ფოტო ალბომს ვათვარიელებდი, რომელიც საქართველოში გამართულ ერთ გლამურულ წვეულებას ეძღვნებოდა. ალბომი 100-ზე მეტ სურათს მოიცავდა, ამის მიუხედავად სადღაც მე-20 სურათის დათვარიელების შემდეგ მომწყინდა და მეც სხვა საქმით დავკავდი. მართალია დათვარიელება შევწყვიტე, მაგრამ გონებაში ნამდვილად ჩამრჩა და ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის წვეულებები საქართველოში და არა მარტო საქართველოში ხშირად ეწყობა ხოლმე, რამდენიმე ასეთზე ნამყოფიც კი ვარ, მაგრამ სიყალბის და არარეალურის შეგრძნების გარდა ასეთ შემთხვევებში ვერაფერს განვიცდი.

რატომღაც გლამური და თუნდაც ეგეთი ტიპის სურათები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენს წინაპრების მიერ გადაღებულ სურათებს მაგონებს. ყველას გექნებათ ნანახი ასეთი სურათები – მთელი ოჯახოი სამეზობლო ან თუნდაც სანათესაო საგანგებოდ ემზადებოდა ამ მოვლენისთვის, ყველა სადმე სხდებოდა და სურათის გადაღებას ელოდებოდა. ცხადია ასეთი სურათები გარდა იმისა რომ ეს ადამიანები არსებობდნენ არაფერს გვეუბოდნენ მათ ხასიათზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას გლამური ასეთი ტიპის სურათებს შევადარო.

როგორც ჩანს სიტყვა გლამურმა პირვანდელი მნიშვნელობა ბოლომდე არ დაკარგა და დღესაც აგრძელებს თვალებში ნაცრის შეყრას. გლამური “ფშიკია”, რომელიც ადამიანებს აბრმავებს და სილამაზეზე ყალბ წარმოდგენას უქმნის. წარმოუდგენელია ყოველ დღიურ ცხოვრებაში ხვდებოდე გლამურს, ეს ხომ წინასწარ დადგმული სპექტაკლია, სადაც ქალები უნაკლოები არიან, კაცები განსაკუთრებით ელეგანტურები, გარემო კი წარმოუდგენლად მდიდრული და ლამაზი. სწორედ ამიტომ არის გლამური ყალბი, არარეალური და მიუხედავად იმისა რომ მას ნაკლი არ მოეძებნება ის მაინც საშინლად არაბუნერივია.

არსებობს კაცების დიდი რაოდენობა რომელიც ოცნებობს ქალზე ჟურნალის გარეკანიდან, რომლის პროპორციებიც 90-60-90 – ის შესაბამისია. ქალი – ოცნება, მშვენიერება პირდაპირი გაგებით. თუმცა, განა ასეთი უნდა იყოს ლამაზი ქალი? თუ ის ქალი რომელსაც არ აქვს იდეალური პროპორციები და მოდის კარნახით არ არის “შექმნილი” უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს? გლამური და მასს მოდა აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას სილამაზეზე, ყოველდღიურად გვახსენებს რა არის ლამაზი და როგორი უნდა იყოს გარემო ჩვენს ირგვლივ. თუმცა გლამურის შემქნელებს ავიწყდებათ რომ სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ იდეალური არ არის, რომ მარწყვი რომელსაც იდეალური ფორმები აქვს და ხელოვნურად არის შექმნილი ხშირ შემთხვევაში უფრო უგემურია ვიდრე უფორმო ხილი, რომელსაც უბრალო გლეხები კრეფენ.

მიუხედავად სიყალბისა გლამური არსებობს, უამრავ ადამიანს იზიდავს, უქმნის არარელურ წარმოდგენას სილამაზეზე, ის ხომ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, მიუხედავად არაპრაქტიკულობისა უამრავ ადამიანს სურს მოხვდეს გლამურის წვეულებაზე და ისე გამოიყურებოდეს როგორც მას ტელევიზორში აჩვენებენ. თუმცა ვინ იცის, იქნებ გავიდეს 100 – 200 წელი და გლამურულ როგორც რუდიმენტი დავიწყებას მიეცეს და ჩვენი წინაპრების ფოტოსურათების მსგავსად მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტად იქცეს, რომელიც კაცობრიობის შთმომავლობას მასში მონაწილეებზე არაფრის მომცემ წარმოდგენას შეუქმნის.