Tag Archives: რუსეთი

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 7]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

9 აპრილის კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ  განათლებაში ინვესტიციების ჩადება აუცილებელია, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გეოგრაფიის მიმართულებით. სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, ბესო გაზდელიანმა, რომლის სახელიც სამგორელებსაც კი სავარაუდოდ არაფერს ეუბნება, პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ რუსეთის მზაკვრული გეგმები “სლოვაკეთის გავლით” გაშიფრა და საქართველოში მეტწილად ევროტურის დამსახურებით ცნობილი ქვეყნის დროშა “გმირულად” დაწვა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში გაზდელიანის ბოდიშის მოხდაზე უარის თქმა და სლოვაკეთის წარმომადგენლების “შეცდომაზე” გადაბრალება აღმოჩნდა. გაზდელიანმა სლოვაკეთის ქმედებას, ანუ ლენტის მიტანას “მექანიკური შეცდომა” უწოდა… სლოვაკეთის ჰერალდიკის სპეციალისტები ალბათ გაითვალისწინებენ ამ პრეცედენტს და დაფიქრდებიან, იქნებ თავის დროზეც დროშის მიღებისას რამე “მექანიკური” შეცდომა გაეპარათ.

კვლავ აქტუალურია ამ მიმოხილვის პრაქტიკულად მუდმივი სტუმარი კიმ ჯონგ უნი, რომელიც იმდენჯერ ვახსენე, რომ ამ ეტაპზე მის სახელს გუგლის დახმარების გარეშეც კი ვწერ. რთულია დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი ამ პლანეტაზე ხდება, არადა ამ ქვეყანაში მოხვედრა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან საათების განმავლობაშია შესაძლებელია (მართალია არავინ შეგიშვებთ და მითუმეტეს უკან არ გამოგიშვებთ, მაგრამ მაინც…). რთულია დაიჯერო, რომ დარბაზში შეგროვილი ადამიანები იგივე ბიოლოგიურ, ფიზიკურ და სხვა ზოგადსაკაცობრიო წესებს ემორჩილებიან. საინტერესოა, სახლში მისულები თუ ეფერებიან ნეტა შვილებს? თუ შვილებს კიმ ჯონგ უნი უჭამთ? თუ ჩრდილოეთ კორეა საერთოდ არ არსებობს და უბრალოდ გვატყუებენ? პასუხი დენის როდმანს თუ ეცოდინება…

ამასობაში, რუსეთის ახალი სლოგანი როგორც ჩანს “დავეწიოთ და გადავუსწროთ” ჩრდილოეთ კორეას უნდა იყოს. ბოდიში ტავტოლოგიისთვის და რუსეთის ხმამ ამერიკის ხმა პროპაგანდაში დაადანაშაულა და რუსეთის მხრიდან რადიო სადგურის დახურვა “გააპრავა”. თუმცა, ამას გაპრავება არ ჰქვია, ამას ჰქვია… რა ჰქვია და… ა ხო, პროპაგანდა. თუმცა, ამ პროპაგანდაში ყველაზე საინტერესო მე-9 აბზაცის ბოლო ნაწილია, რომლის ჩემეულ თარგმანსაც აქვე გთავაზობთ, “პრეზიდენტი პუტინი ჭადრაკის მოთამაშეს ჰგავს, რომელიც 250 სვლით წინ ფიქრობს, მაშინ როდესაც ზოგიერთს სამი სვლის გათვლაც კი უჭირს.” მემგონი პატივცემულ კიმ ჯონგ უნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და ასე თუ გაგრძელდა, ნამდვილი “გროსმეისტერების” პარტიის მომსწრენი უნდა გავხდეთ. ამასობაში, როგორც ჩანს ძალიან მალე პუტინის კრიტიკოსებს ყვითელი ვარსკვლავების მსგავს იარლიყებს დაურიგებენ. პროცესი აშკარად დაწყებულია.

ადამიანები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. არიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ Game of Thrones-ს და არიან ადამიანები, რომელსაც Game of Thrones ჯერ არ უნახავთ, მაგრამ აუცილებლად ნახავენ. ანალოგიურად არიან საქართველოში მცხოვრები ადამიანები მანჩო გიორგობიანთან მიმართებაში. საკმარისია, გიორგობიანის რომელიმე ვრცელი ვიდეოს დასაწყისი ნახოთ და მისი ბოლომდე ნახვა გარდაუვალია. თუმცა, მაშინ როდესაც ყველას ეგონა, რომ მანჩო გიორგობიანი ვეღარავის გააკვირვებდა, ახლადგამოჩენილმა ვარსკლავმა Red Wedding – ის (იხილე Game of Thrones) დონის შოკისმომგვრელი სერია შემოგვთავაზა. ადამიანი, რომელიც გასულ კვირამდე სავარაუდოდ თავისი ახლობლების გარდა არავისთვის იყო ცნობილი (მიუხედავად იმისა რომ თავად ამბობს რომ მესტიაშიც კი იცნობენ), რამდენიმე დღეში “ტოპ სელებრითად” მოგვევლინა. სხვათაშორის, ჯორჯ მარტინიც (იხილე Game of Thrones) ეგრე იყო დიდი ხნის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებს როგორც წესი ამ მიმოხილვაში მოხვედრა უჭირთ ხოლმე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოწოდების სიმაღლეზე დგას. კომენტარის გარეშე გთავაზობთ ფეხბურთელის მორიგ “გამოხტომას”.

გასული კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული ფორმით არჩეულმა დიქტატორმა და დესპოტმა კიმ ჯონგ უნმა როგორც ჩანს კვლავ მოიწყინა და ახალი წესის შემოტანა გადაწყვიტა – ამიერიდან ქვეყნის ყველა სტუდენტი ვალდებული იქნება მისნაირი ვარცხნილობა ატაროს. სავარაუდოდ სეროტონინი, რომელიც ჯინგ ჯონგ ჯუნს, კი არადა, კიმ ჯონგ უნს საკუთარი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ გამოუმაშავდა, კვლავ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და ამიტომაც ახალი გასართობის გამოგონება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თავად ჩრდილო კორეელი ლიდერისთვის თუ არა, რომელიმე ახლობელი პირისთვის მაინც.

დავით გედი დეგი ბედი შედი, კი არადა დავით ბედი გედი… ტფუ… დავით დეფი გოგიბედაშვილს აგინეს! თან ეს ყველაფერი მისი შვილების თანდასწრებით მომხდარა. ცნობილი პოემის სახელად “იმიტომ-ის” ავტორი ინციდენტის შემდეგ კომპიუტერს მივარდნილა და ორგანიზმში გამომუშავებული ადრენალინი ფეისბუქის სტატუტის წერაში დაუხარჯავს.  ადრენალინის ხარჯვისას თან “თავდამსხმელებისთვის” უკვე უპატიებია და ამიტომაც ინციდენტი ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც YMCA-ს ამ სიმღერაზე უმცროსია, გამოვიდა ინიციატივით ოჯახი განისაზღვროს როგორც “ქალის და მამაკაცის” ერთობა. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ თუ ცოლ-ქმარი გაშორებულია და სიტყვაზე დედა და შვილი ცხოვრობენ ერთად, მათი ერთობა არ შეიძლება “ოჯახურად” ჩაითვალოს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ინიციატივის ავტორების განმარტებით ის არაფერს “კრძალავს” და არც ვინმეს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას. ანუ კანონპროეტს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია. ამოცანა გვეკითხება… კარგით, გავიარეთ.

დღევანდელი მდგომარეობით უკრაინისთვის რუსეთზე უარესი შეიძლება მხოლოდ დართ ვეიდერი იყოს. და აი ისიც, მხატვრული სამყაროს ყველაზე ბოროტმოქმედის ნიღაბს ამოფარებულ ადამიანს უკრაინის პრეზიდენტობა გადაუწყვეტია. საინტერესო უნდა იყოს დართ ვეიდერის დებატები სხვა კანდიდატებთან, არა მგონია გადამწყვეტ მომენტში ნათქვამ “I am your father-ის” არგუმენტს რომელიმემ გაუძლოს.

ფეისბუქს “მეშოკ ფულად” ვირტუალური რეალობის მოწყობილება უყიდია. მართალია გარეთ 2014 წელია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა აზრზე არაა თუ რა პრაქტიკული დანიშნულება უნდა ჰქონდეს მსგავს გაჯეტს და ამ ყველაფერზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილი. ეს წარმოდგენა კი აწ პრეისტორიული 90იანებში საკაბელოზე გასულ “ბ კლასის” ფილმებში ასახული რეალობისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. თუმცა, თუ ფეისბუქმა მომავალში სოციალურ ქსელში არსებული ფუნქციები ახლადშეძენილ ინსტრუმენტს პირდაპირ მიუსადაგა, საინტერესო მოვლენის მომსწრენი უნდა გავხდეთ. აი მაგალითად, აჭერ “home-ს” და “მეგობრების” ციფრული ჩამონათვალის მაგივრად, “ხედავ” თუ როგორ აბირჟავებს “სასტავი” შენს ოთახში. ან სულაც გადაწყვიტე poke გაუკეთო მონიკა ბელუჩის და მსახიობის ციფრული არსის მაგივრად ხვდები სულ სხვა “არგუმენტებს”… მაგრამ, მოდით ამ არგუმენტზე შევჩერდეთ.

ბოლოს კი გიტოვებთ “უფლება დამცველების” მიერ ჩატარებულ გინების “მასტერკლასს”. 

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

გასულ კვირას ქართული საზოგადოება, ვინმე თინა მახარაძის სახით მომავალი ახალი ლალი მოროშკინას დაბადების მომსწრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ორალური სექსით სავარაუდოდ ჯერ კიდევ ჰომო საპიენსის გამოჩენამდე კავდებოდა, 24 წლის გოგონამ “სექსუალური რევოლუციის” მოხდენა ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე მილენიუმში გადაწყვიტა. არ ვიცი რამდენად მოახდენს მისი განაცხადი გავლენას ახალგაზრდებზე, მაგრამ ბაბუა-ბებიების თაობაში შეიძლება სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. ასევე საინტერესო იყო მისი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში რეალურად “რამის შექმნა” მას და მის იმ მეგობრებს შეუძლიათ, რომლებიც საზოგადოების “სულ რაღაც ორ პროცენტს” შეადგენენ.  მინდა გითხრათ, რომ ყველაზე პესიმისტური გამოთვლებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტი 60,000 ადამიანს გულისხმობს. აკი ნათქვამია, “Не имей сто рублей, а имей сто друзей”.  არ ვიცი რამდენად იცნობს თინა მახარაძე ვუდი ალენის შემოქმედებას, მაგრამ როგორც ჩანს არაერთხელ აქვს ნანახი “გაანალიზე ეს”, რადგანაც ძალიან ზედმიწევნით გაიმეორა ამ ფილმის ციტატა ქართველების ორალურ სექსზე დამოკიდებულების კომენტირებისას.

სტივენ სიგალმა, იგივე “კიკინიან კაცმა” იმდენჯერ ითამაშა არარეალისტურ ფილმებში, რომლებშიც მისი გმირი ათჯერ და ორმოცდააჯერ აღმატებულ მტერს ამარცხებს, რომ საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ის ვერ ხვდება განსხვავებას კინოს და რეალურ ცხოვრებას შორის. სხვა ვერაფრით ავხსნით, “კიკინიანი კაცის” აბსოლუტურად სერიოზულ განაცხადს იმის შესახებ, რომ საქართველო 2008 წელს მასზე მოსახლეობით დაახლოებით 50-ჯერ და ტერიტორიით დაახლოებით 250-ჯერ დიდ სახელმწიფოს დაესხა თავს. სიგალის ასეთი განაცხადი იმ ქართველ  მემატიანეებსაც კი გააკვირვებდა, რომლებიც  “ერთი ქართველი ათ ავღანელს სჯობდა-ს” მსგავს სისულელეებს გაიძახოდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენდა ბედად სტივენ სიგალი არც ყოვლისშემძლე ჩაკ ნორისი და არც ორ სატვირთო მანქანას შორის გადებული ვან დამია. ის უბრალოდ კიკინიანი კაცია, რომლის ნათქვამსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს.

ჩრდილოეთ კორეის “მონარქმა” კიმ ჯონგ რომელიღაცამ, ძალიან “დაძაბულ” და ,”დემოკრატიულ” საარჩევნო გარემოში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ სტივენ სიგალისგან განსხვავებით, კიმ ჯონგ რომელიღაცა ხვდება განსხვავებას რეალურ ცხოვრებასა და ფიქციას შორის, თუმცა ქვეყნის მისი მმართველობის სტილი ჯორჯ ორუელსაც კი ჩააგდებდა შოკში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, რომელიც მოცემულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, 100 პროცენტის მოპოვება მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის პირდაპირი მნიშნვლებით, სისხლისმსმელ დიქტატორს ხმა მის მიერ ცოტა ხნის წინ მოკლული ბიძის ახლობლებსაც კი უნდა მიეცათ, თან ჩრდილოეთ კორეის თავისებურებებს თუ გავითვალისწინებით, ეს აუცილებლად ბედნიერი სახით უნდა გაკეთებინათ.

ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის მსურველი თურქეთის პრემიერ მინისტრი ცოტა ხნის წინ Facebook-ის და Twitter-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ რომ “ვიღაცეები ანონიმურად მის მთავრობაზე მაკომპრომატირებელ მატერიალს პოსტავენ. ეს კი კიდევ ერთი არგუმენტია Facebook – ზე dislike-ის შემოტანის მომხრეების სასარგებლოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერდოღანი აუცილებლად დააჭერდა “დისლაქს,” მერე ცოტა ხანი გაიბუტებოდა, შეიძლება დროებით Facebook – ის საკუთარი ანგარიში დაეხურა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც დაბრუნდებოდა და თურქეთის 34 მილიონი იუზერების უმრავლესობა გააგრძელებდა კატების და “charlie bit my finger-ის” მსგავსი ვიდოების დაშეარებას. აბა ვის რაში აინტერესებს კორუპციული კომპრომატები, საერთოდ არ ესმის ამ ერდოღანს სოციალური მედიის თავისებურებები. თუმცა, ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება და ამ შემთხვევაში “dislike-ის” მაგივრად, მსხნელად კონსტიტუციური შეზღუდვების და უფუნქციობის გამო ყველასგან დავიწყებული თურქეთის პრეზიდენტი მოგვევლინა, რომელმაც განაცხადა რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ასეთ აკრძალვას და აუცილებლად გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ხომ ხედავთ, ხანდახან პრეზიდენტსაც კი სურს თავი მნიშვნელნად იგრძნოს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული ფეხრბუთი ყველაფერია ფეხბურთის გარდა. ამჯერად ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებმა “იყოჩაღეს”. როგორც ჩანს ქუთათურებმა “აზვერინის” გვარიანი დოზა მიიღეს, სხვა ვერაფრით ავხსნით მათ სტადიონზე ა ლა Resident Evil – ის ზომბებივით შემოვარდნას. თუმცა, ყველაზე მაგარი “ატჟიმანიების” მოყვარული აი ეს ტიპია – “რა არის სტადიონი, თუ მის ცვრიან ბალახზე შიშველი ღიპი არ გავუხახუნე?” არ ვიცი საბოლოოდ რა სანქციებს დაუწესებენ ტორპედოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიქველის მომსწრენი აუცილებლად გავხდებით.

ბოლოს გიტოვებთ ქეთი დოლიძის “კოდურ სიტყვებს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

რუსეთი Game of Thrones-ის პროდიუსერებს მაყურებელს ართმევს და ახალი სეზონის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე “დრაკონებს” აგზავნის უკრაინაში. სანამ გაერო, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ევროპა და ნატო უკრაინის კრიზისზე მსჯელობს, ქართველი Facebook ექსპერტები ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ თეორიებს დაუღალავად ავითარებენ. ზოგიერთი მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს და საკუთარი აზრის გასატანად მოვლენების ასეთ განვითარებზეც კი თანახმაა. თუმცა, ყველაზე მაგარი ვერსია რამდენიმე იუზერის მიერ სრული სერიოზულობით გამოთქმული აზრი იყო, თითქოს ბარაკ ობამა რუსეთის მიერ დავერბოვკებული აგენტია.

ოსკარების დაჯილდოებამ მაინც მოახერხა უკრაინის ამბების გადაფარვა. თუმცა, სოციალური მედიის იმ მომხარებლებს, რომლებსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ოსკარზე ლაპარაკი ეჩოთირებოდა, გამოსავალი აწ უკვე ოსკაროსანმა ჯარედ ლეტომ გამოუნახა, რომელმაც სამადლობელო სიტყვის დროს უკრაინა და ვენესუელა ახსენა. ამრიგად ლეტომ სოციალური მედიის მომხარებლებს ორი ერთში “დასაშეარებელი” და “დასალაიქებელი” პროდუქტი შეუქმნა.

მინიმუმ ერთი წლით გადაიდო ლეონარდო დი კაპრიოს ოსკარი და შესაბამისად, ასევე მინიმუმ ერთი წელი მსახიობი ინტერნეტ მემეების მთავარი გმირი იქნება. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ აკადემიისგან დაჩაგრული დი კაპრიო, მისმა კოლეგებმაც კი დაჩაგრეს და ჯგუფუს “selfie-შიც” კი არ ჩასვეს. წარმომიდგენია თუ როგორ უნდოდა დი კაპრიოს კადრში მოხვედრა, მაგრამ იქვე მდგომს ეხათრებოდა ჯგუფთან შეერთეება, მერე ვინმე გაიფიქრებდა, “ლეოს ხომ არ დავუძახოთ”, თუმცა პოზიორობით გართულს იმავე წამს დაავიწყდებოდა მის შესახებ. დი კაპრიო  ჯგუფს გარეთ დარჩენილ იმ ყველაზე არაპოპულარულ ბავშვს ჰგავს, რომელსაც ფოტოს გადაღებამდე ერთი წამით ადრე “მოდი, მოდი” ეუბნებიან ხოლმე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში მისთვის ეს ფრაზა სავარაუდოდ არავის უთქვამს.

როგორც ცნობილია თბილისში და ზოგადად საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები ერთმანეთს ყველაზე ცუდი ნაგებობის შექმნაში ეჯიბრებიან. ცოტა ხნის წინ დაანონსებული ახალი პროექტის ავტორს ლეგიტიმური უფლება აქვს მოიგოს ეს საპატიო ტიტული, რადგანაც ვარდების მოედანზე პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც კვერცხობის დადგმას აპირებენ.

ნაწყვეტმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩიდან youtube-ზე სულ რაღაც ხუთ დღეში ერთ მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა. არა, საქართველოს ჩემპიონატმა იტალიურ, ესპანურ თუ ინგლისურ ლიგას სანახაობით ჯერჯერობით ვერ აჯობა და ამხელა ყურადღება მხოლოდ იშვიათი კურიოზის ხარჯზე მოიპოვა, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ესეც პროგრესია. ახლა მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანა, რომელიც მალტასტან ფრეს თამაშობს, საკუთარი ჩემპიონატი გააჩნია.

ვფიქრობ დიანა ტრაპაიძეს და თეონა გეგელიას ძალიან გაუმართლათ, რომ იმ თაობას განეკუთვნებიან, რომლებსაც ზოგადი უნარების ჩაბარება არ მოუწიათ. ჟურნალისტებმა პირდაპირი მნიშვნელობით აბუჩად აიგდეს ისედაც აბუჩად აგდებული ნოდარ ხადური მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც საკითხში ვერ ერკვევიან. ამრიგად, კიდევ ერთხელ განმტკიცდა თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანმა შეიძლება ნაკლები იცოდეს, მაგრამ თავი სხვაზე გაცილებით ჭკვიანი ეგონოს. ასეთ პირობებში ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მზადაა მასზე კონკრეტულ საკითხში უფრო გარკვეულ ადამიანს “შეხე რა შტერია-ს” პათოსით საჯაროდ დასცინოს .

ვარაუდის დონეზე შეიძლება იმ აზრის გამოთქმა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელსაც თავი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი ჰგონია, ფსიქიატრმა Anger Management-ის მიზნით “რთულად გასატეხი კალამი” გამოუწერა. კალამი როგორც ჩანს ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთ მუშაობს, ნახეთ თუ როგორ დამშვიდდა იანუკოვიჩი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ და კუთხეში ჩაყენებულ იმ ბუნჩულა ბავშვს დაემსგავსა, რომელიც ბოდიშს ითხოვს.

ბოლოს გიტოვებთ “პუტინის და კადიროვის” ცეკვის ამსახველ ვიდეოს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

საქართველო როგორც ტურიზმის და “ქურდი” მიგრანტების ქვეყანა

უცხოური პრესის მიმოხილვა, 2011 წელი, კვირა მესამე

ჰოლანდიურ “ტელეგრაფმა” გადაწყვიტა საქართველოს პირველი ლედის შესახებ დაეწერა და ჰოლანდიელ მკითხველს სანდრა რულოვს და საქართველოს აცნობს. მოყვანილია რამდენიმე ციტატა, რომლის თანახმადაც საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანად არის წარმოჩენილი. საქართველოს პირველი ლედი ასევე საუბრობს რუსეთის მხრიდან 2008 წლის აგრესიაზე. სანდრა რულოვსი ასევე იმას ამბობს რომ მიუხედავად, ორი წლის წინანდელი ომისა უახლეს საქართველოში მოგზაურობა სახიფათო არ არის და ამატებს რომ ქართველები სტუმართმოყვარეები არიან.

კიევში კრიმინალური ავტორიტეტი, პაატა ჩხარტიშვილი, ზედმეტსახელად “პრინცი” დააკავეს. ის რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, თუმცა რაში არ კონკრეტდება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Сегодня.ua იუწყება. სტატიის თანახმად ჩხარტიშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა უკრაინაში ნარკობიზნესში გავლენისთვის იბრძოდა, თუმცა აქვე გამოთქმულია ეჭვი მის “წონიანობის” შესახებ.

რუსული “როსბალტი” საქართველოს პრეზიდენტის ა.შ.შ. – ში ვიზიტის შესახებ იუწყება და მიხეილ სააკაშვილს  ამერიკელებთან იარაღის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს. გამოცემა იუწყება რომ ა.შ.შ. – ს შეუძლია საქართველო Patriot-3, Javelin და Hellfire-2 დანადგარებით მოამარაგოს. თუმცა სტატიის ბოლოს იმას ამბობს რომ საქართველოს სავარაუდოდ იაღარის ახალი პარტიის გარეშე დარჩება იმ მიზეზით რომ რუსეთს და ა.შ.შ.-ს შორის არსებული ახალი შეთანხმება, ასეთ პოლიტიკას არ ითვალისწინებს.

გაზეტა.რუ, “სოვეტსკი სპორტზე” დაყრდნობით ქართველი მეკარის ალექსანდრე ჩიხრაძის შესახებ იუწება, რომელიც “ჩერნომორეცს” შეკრებაზე შეუერთდა. “ჩერნომორაცამდე” ჩიხრაძე სოჩის “ჟემჩუჟინაში” გამოდიოდა.

ბოჩელი WTO – ს და შეწყალებულების ფონზე

ახალ წელს ახალი რუბრიკით ვიწყებ, ამიერიდან ყოველი კვირის ბოლოს შევეცდები უცხოურ პრესაში საქართველოს შესახებ გაჟღერებული თემები გაგაცნოთ.

თუ უცხოური პრესით ვიმსჯელებთ 2010 წლის კვირა საქართველო დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და ამიტომაც არც თუ ისე ვრცელი ადგილი დაიკავა დასავლურ, აზიურ თუ რუსულ პრესაში, აღსანიშნავია რომ დიდი ყურადღება დაეთმო წარსულ და წლების განმავლობაში აქტუალურ საკითხებს.

ასე მაგალითად,  ორშაბათს რუსულმა სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გადაწყვიტა WTO – ს თემისთვის გადაეხედა და 27 დეკემბერს საქართველოს საგარეო მინისტრ გრიგოლ ვაშაძის კომენტარს ავრცელებს. ვაშაძის თქმით იმისთვის რომ საქართველომ რუსეთის WTO – ში გაწევრიანების საკითხი განიხილოს საჭიროა რომ რუსეთმა საქართველოს მიმართოს დიალოგის ინიციატივით. მისი თქმით მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე საუბარი. რია ნოვოსტის მიხედვით ვაშაძემ ასევე განაცხადა რომ ამ ეტაპზე საქართველოს და რუსეთს შორის არანაირი დიალოგი არ არსებობს. რუსეთი WTO-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.

სამხრეთ აფრიკულმა გამოცემამ “The Daily Maverick” 2011 წლის მოახლოებასთან ერთად გადაწყვიტა ათწლეულის ღირშესანიშნავი მოვლენებისთვის გადაეხედა. ოთხშაბათს გამოცემამ 2004 წელი მიმოიხილა და მოვლენების დასაწყისში მოიხსენია 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, გამოცემა ხაზს უსვამს არჩევნები შედეგად სააკაშვილის მიერ მიღებულ 96 პროცენტიან ნდობას ამომრჩეველს შორის და გასაოცარ მაღალ მაჩვენებლათ თვლის.

საქართველოს თემით ასევე მხსვილი ჩინური პრეს სააგენტო ჩინხუა დაინტერესედა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებულების თემას ეხება. სააგენტო ავრცელებს ცნობას რომ წინასაახალწლოდ საქართველოში 407 პატიმარი იქნა შეწყალებული, მათ შორის 339 პატიმარი 31 დეკემბერს იქნა განთავისუფლებული.

როგორც ჩანს ანდრეა ბოჩელის კონცერტით მხოლოდ ბათუმელები და ქართველები არ არიან
დაინტერესებული, 2006 წელს უკრაინაში დაფუძნებული BSANNA news, რომელიც ძირითადად შავი ზღვის რეგიონში არსებული თემებითაა დაინტერესებული “ჯი ეჩ ენ” -ზე დაყრდნობით ბათუმის საახალწლო კონცერტის შესახებ გვამცნობებს და ბოჩელის გარდა სხვა მონაწილეობსაც ახსენებს.