Tag Archives: საბჭოთა კავშირი

ევროკავშირის რკინის ფარდა და პრაგმატული პოლიტიკის აუცილებლობა

შეგიძლიათ გაიხსენოთ დასავლეთ ევროპაში არსებული ორი სახელმწიფო რომელიც ერთმანეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი? რა თქმა უნდა ვერ გაიხსენებთ.

დრო როდესაც მეზობელი ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, აწყობდნენ 100 წლიან ომებს და ა.შ. ბნელ წარსულს ჩაბარდა. დღევანდელი “ქიშპობა” მაქსიმუმ ერთმანეთის მიმართ არაპოლიტკორექტულ ხასიათის მქონე ხუმრობით შეიძლება გამოიხატოს. ჩვენ სამწუხაროდ გარკვეულწილად ჯერ კიდევ იმ შუასაუკუნოვან სიბნელეში ვიმყოფებით.

დღეს ევროპა ევროკავშირის საფარის ქვეშ ცხოვრობს სადაც გადაადგილება თბილისიდან ბაქოში მგზავრობაზე მარტივია. მოგზაურობისთვის საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ გჭირდებათ. პირადობის მოწმობა საკმარისია.

დღეს ლონდონიდან მილანში გადაფრენა თუ სარგებლობ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობრივი პრივილეგიით დაახლოებით იმას ჰგავს თბილისიდან მოსკოვში 37 მანეთად რომ მიდიოდნენ საქეიფოდ. აბა, უთხარით რომელიმე ევროკავშირელს რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება ოდესმე შეუწყდეს?

შარშან გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტში სწავლისას სახელმწიფო მმართვის ერთ-ერთ ლექციაზე საუბარი ევროკავშირის შესაძლო გაფართოებაზე, კერძოდ კი თურქეთის საკითხზე ჩამოვარდა. განხილვისას გადავწყვიტე შესაძლებლობად გამომეყენებინა და საქართველოს შანსებზე ვკითხე ლექტორს. მაინცდამაინც არ გამიკვირდა რომ შანსებზე საუბარი მხოლოდ ფინანსურ (ევროპისთვის) სარგებლობიანობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. დემოკრატიის ხარისხი, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. კი უფრო ქაღალდზე დაწერილ ფორმალობას წარმოადგენს.

ყველამ ვიცით რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში იმდენად ნელი და არაეფექტურია რომ ეს უკანასკნელი შეიძლება უფრო ადრე დაიშალოს (ეკონომიკური კოლაფსების ფონზე) ვიდრე საქართველოს შესვლის საკითხი გადაწყდეს. ასეთ ვითარებაში როდესაც ევროპაში მოხვედრა საკმაოდ რთულია და ვერც მოსკოვში მიფრინავ 37 მანეთად რა პერსპექტივა აქვთ საქართველოს და მის მსგავს სახელმწიფოებს?

დასავლეთი ადრე საბჭოთა კავშირს რკინის ფარდის გამო დასცინოდა , თუმცა დღევანდელი რთული სავიზო პროცედურების პირობებში რკინის ფარდა სწორედ რომ ევროკავშირს აფარია ხშირ შემთხვევაში ჩვენნაირი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აუცილებლად გასავლელი პროცედურები კი ხშირად დამამცირებელია.

პოსტი დასავლეთ ევროპის ერთიანობის აღწერით შემთხვევით არ დამიწყია და არც 37 მანეთი მიხსენებია უბრალოდ. თუ  პოსტ საბჭოურ სივრცეში არსებულ მდგომარეობას და მოუგვარებელი კონფლიქტების რიცხვს გადავლებთ თვალს მივხვდებით რომ კონტრასტი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის კატასტროფულია. აქეთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყარაბაღი, იქეთ დნესტრისპირეთი და ყირიმი, უკეთეს შემთხვევაში დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის… მოკლედ, დიდი კვლევის ჩატარება არაა საჭირო იმის დასადგენად რომ პოსტ საბჭოური ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობის კრიზისს განიცდიან. ასეთ პირობებში კი რთულია ეკონომიკური წარმატების იმედი გქონდეს.

მიუხედავად იმისა რომ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და სამყარო სულ უფრო და უფრო პატარა ხდება როგორც ჩანს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ დროა პოსტ საბჭოურ ქვეყნები ახალ, პრაგმატულ (ისევე როგორც ამას დასავლეთ ევროპა აკეთებს) პოლიტიკაზე დაფიქრდნენ და ერთგვარი ალტერნატივა შექმნან?

პრაგმატული პოლიტიკის შემთხვევაში კი 37 ევროდ და მანეთად თუ არა, იქნებ 37 გრივნად მაინც იქნეს ფრენა შესაძლებელი?

“სვეცკი და ინტელიგენტი” პირწიგნაკელები, ანუ ინგლისურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრეებს

“Словарь Вильяма Шекспира, по подсчету исследователей, составляет 12000 слов. Словарь негра из людоедского племени «Мумбо-Юмбо» составляет 300 слов. Эллочка Щукина легко и свободно обходилась тридцатью. “

– ილფი და პეტროვი – 

” – Do you speak English?

– Yes, I  learnt it from a book.”

-ალფონსო მელერო-

დაახლოებით ორი კვირის წინ ფეისბუქის მომხმარებელს კიდევ ერთი “მარგალიტი” გამოკითხვის ნახვის საშუალება მიეცა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით შემდეგ შინაარსის კითხვა დასვა “გსურთ თუ არა რომ ინგლისური ენა გამოცხადეს მეორე სახელმწიფო ენად საქართველოში?”

კითხვა რომ ვნახე გამეღიმა და ხუმრობად აღვიქვი, თუმცა როგორც აღმოჩნდა პირწიგნაკის მომხმარებლის რეაქცია არ ყოფილა ერთგვაროვანი, უფრო მეტიც დაახლოებით 10 000 პასუხიდან 1000 – მდე ადამიანმა კითხვას დადებითად უპასუხა და სრული სერიოზულობით ჩათვალა რომ ინგლისური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს!

ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და იმის მტკიცებას შეუდგა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველო განვითარდება, წინ წავა და საერთოდ ქვეყნის მსოფლიო გლობალურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ოპონენტ მოპასუხეს კი კითხვაზე “რატომ უნდა გამოცხადეს ინგლისური სახელმწიფო ენად” მომხრეებმა რკინის არგუმენტით და რიტორიკული შეკითხვით “რატომ არ უნდა გამოცხადეს?” უპასუხეს.

არ ვიცი რაში აღმოაჩინეს ასე “პროგრესულად” მოაზროვნე ადამიანებმა კავშირი ქართულ და ინგლისურ კულტურებს შორის, ან სად იპოვეს საქართველოში ინგლისურად მოსაურბე (მშობლიური ენის რანგში) ადამიანები, მაგრამ მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარტივ ჭეშმარიტებად მონათლეს.

საინტერესოა რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოს და სომხებს გამონაკლისის სახით ჰქონდათ საკუთარი ოფიციალური ენა, ქართული და შესაბამისად სომხური, მაგრამ ერთხელაც მოსკოვიდან წამოსულ ინიციატივამ ასეთი სტატუსი საფრთხის ქვეშ დააყენა. ისეთ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი როგორიც საბჭოთა კავშირია ასეთ ინიციატივას ქართულ საზოგადოებაში პროტესტით შეხვდნენ, პროტესტი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა რომ მოსკოვი ვერაფერს გახდა და ქართულ იფიციალურ ენად დატოვა.

დღეს მეორე სახელმწიფო ენის ქონას (მითუმეტეს ინგლისურის) საქართველოს მოსახლეობას არავინ ეძალება. რა საჭიროა? მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (მცირე მაგრამ მაინც) ხომ თავადაა მზად მიიღოს ასეთი აბსურდი საქმე საქმეზე რომ მიდგეს.

ძალიან მეეჭვება ასეთების რიგებში ისეთი ადამიანები იყვნენ რომლებსაც ა.შ.შ – ში ან ევროპაში ცხოვრების ჰქონდეთ გამოცდილება მიღებული, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში ეცოდინებოდათ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ძალიან დიდი მნიშვნელობა იდენტობას ენიჭება, სადაც იდენტობა არა მარგინალიზაციად, არამედ პიროვნების ან ადამიანების ჯგუფის საინტერესო ფენომენად აღიქმება.

მარტივად რომ ვთქვათ უცხოელს არა შენი ცუდად გადამღერებული ინგლისური სიმღერა, არამედ შენი თავისებურება აინტერესებს.

გამოკითხვა იქეთ იყოს და მოდით ზოგიერთი ქართველი პირწიგნაკის (ზოგადად საზოგადოების, თუმცა ფეისბუქზე ეს უკეთ ჩანს) მომხმარებლის ლექსიკას გადავხედოთ.

იყო დრო და საქართველოში მოდურად ითვლებოდა რუსულად ლაპარაკი, უფრო სწორედ არა ზოგადად რუსულად მეტყველება, აზრის რუსულად დაწყება, გაგრძელება და დასრულება, არამედ რუსული სიტყვების ჩასმა ქართულ კონტექსტში, ანუ ჰიბრიდული აზრთა წყობა.  ასეთი ტენდენცია მარტო საქართველოსთვის როდი იყო დამახასიათებელი, მსგავსი შემთხვევები გვხდება მაგალითად ისეთ პოსტ კოლონიურ ქვეყნებში როგორიც ინდოეთი და ნიგერიაა.

ინდოელი ან ნიგერიელი საუბრისას ხშირად იყენებს ინგლისურ სიტყვებს, რაც მის განათლებულობაზე (?) და პრივილიგირებულ (?) მდგომარეობაზე მიუნიშნებს.

თუ რუსულის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ინგლისური ენის ქართულ კონტექსტში ხმარება განსხვავებულ, საინტერესო ფენომენად შეიძლება ჩავთვალოთ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ბრიტანეთის ან ა.შ.შ.-ს კოლონია. ამ შემთხვევაში ინგლისური ენის ექსპანსია ნებაყოფლობითია, გარკვეულწილად ნებაყოფლობითი ლინგვისტური მონობაა.

ფბ-ს მომხმარებლებში გამოირჩევა რამდენიმე ტენდენცია,

ა) ქართულში რუსული სიტყვების “შემრევები,” ასეთებს ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლებში უნდა ვპოულობდეთ, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლისწინანდელი მდგომარეობიდან არ გამოსულან და “სვეცკად” იყენებენ რუსულ სიტყვებს, ასევე გვხვდებიან ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ “ტრადიციულ,” ინტელიგენტურ ოჯახებში არიან აღზრდილები და ასე ლაპარაკს ბავშვობიდან არიან შეჩვეულები.

ბ) ახალგაზრდები რომლებიც დაიბადნენ ან გვიანდელ საბჭოთ კავშირში ან სულაც მის დაშლის შემდეგ, ასეთები უფრო ინგლისურს ანიჭებენ უპირატესობას, საინტერესოა რომ ამ და პირველ ჯგუფს შორის განსხვავება მხოლოდ ენის პრიორიტეტშია, ანუ შინაარსობრივად იგივე მენტალიტეტის მატარებლებს წარმოადგენენ, განსხვავდებიან მხოლოდ ფორმით. ასევე საინტერესოა რომ რამე წინადადების დაწერისას ძირითადად იყენებენ ქართულს, მაგრამ რამდენიმე სიტყვას (ან ფრაზას) ინგლისურად მიაყოლებენ, ჩემი აზრით განსხვავება პირველ ჯგუფთან ჩემი მოკრძალებული აზრით ისაა რომ ესენი უბრალოდ ინგლისურს ვერ ფლობენ წესიერად და მთელ წინადადებას ვერ შლიან ნორმალურად.

გ) ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფია, ასეთ კატეგორიაში 30-40 წლის ადამიანები გვხვდებიან, ანუ ისეთები რომლებიც ჯერ კიდევ ძველ, საბჭოურ ეპოქად მოესწრნენ  მაგრამ ახალ “ყაიდაზე” ყრმობაში მოუწიათ გადასვლა. ეს აბსოლუტური ჰიბრიდია, რადგანაც ესენი ორივე ენის სიტყვებს იყენებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ წინადადებაშიც კი. გამოდის რომ სახეზე გვაქვს ადამიანის გასამაგება, რომელიც ერთდროულად იყენებს 3 აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული ტრადიციების მატარებელ ენას!

ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა საუკუნეების წინ შექმნა, შექმნა უნიკალური დამწერლობა რომელსაც მსოფლიო დამწერლობებში ღირსეული ადგილი უკავია,  თავისთავად ეს განძია, განძი რომელიც დღემდე შევინარჩუნეთ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში განძის გარდა მენტალიტეტი გამოგყვა, მენტალიტეტი რომელიც როგორც ჩანს თავიდან ჩვენს იდენტობას არ წარმოადგენდა, მაგრამ შევიძინეთ ურიცხვი შემოსევების და დაპყრობების დროს და თუ დღეს მოდურია იმაზე საუბარი რომ ჩვენ საბჭოური მენტალობიდან ვერ გამოვედით ალბათ აუცილებელია დაეჭვება და კითხვის დასმა, “ვიყავით კი საბჭოთა კავშირამდე მენტალურად თავისუფლები და ამ “ტრადიციას” უფრო გრძელი ფესვები ხომ არ გააჩნია?

სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. საბჭოთა ისტორიის გააზრების აუცილებლობა.

დრო მქონდა და ამიტომაც “Waterstones – ში, “წიგნების მაღაზიაში შევლა გადავწყვიტე, წიგნების სიძვირის გამო მხოლოდ დათვარიელებით და შიგადაშიგ სხვადასხვა მონაკვეთების კითხვით შემოვიფარგლე.

ჩემი ყურადღება ერთმა წიგნმა, “Understanding Fascim” მიიპყრო. სანამ წიგნს გადავშლიდი და რომელიმე პასაჟის კითხვას დავიწყებდი სიტყვა “ფაშიზმზე” დავფიქრდი, ასოციაციებზე რომლებსაც ის იწვევს ჩემში. ცხადია ჩემი რეაქცია მკაფიოდი ნეგატიური, პრაქტიკულად გულისრევამდე უარყოფითი აღმოჩნდა. ისიც ცხადია რომ ფაშიზმის დროს არ მიცხოვრია და პირადად არ შემხებია, გულისრევის მიზეზი უბრალოდ ფაშიზმის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია იყო, ინფორმაცია რომელიც ჩემი მეხსიერების ხნისაა და ბავშვობიდან მოდის.

მივხვდი, რომ სიტყვა “ფაშიზმის” ნეგატიური დამოკიდებულებისგან ვერასდროს გავთავისუფლდები და სიცოცხლის ბოლომდე შეუძლებელია რამე არგუმენტმა მის თუნდაც ოდნავ პოზიტივობაში დამარწმუნოს.

…მაგრამ მოგვიანებით, სხვა, შედარებით ნაკლებად ნეგატიურ ტერმინებზე დავფიქრდი, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობებზე. ასეთი მაგალითების აღმოჩენა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში, ან დედამიწის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი. მე საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური საბჭოთა კავშირის მაგალითი გამახსენდა.

საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად 20 წელია რაც აღარ არსებობს, ამის მიუხედავად ის მუდმივი დებატების საგანია საქართველოში, პოსტ საბჭოურ სივრცეში ან თუნდაც დასავლეთ სამყაროში. საბჭოთა კავშირის ისტორიას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ულტრა კაპიტალისტურ სახელმწიფოებშიც კი სწავლობენ, საბჭოთა კავშირი მეცნიერების დისპუტის საგანია, ბევრგან, მაგრამ არა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში მეცნიერულ დონეზე.

საქართველოში სიტყვათა შეთანხმება “საბჭოთა კავშირი” – კომუნიზმთან ასოცირდება, ზოგიერთი მოქალაქის შემთხვევაში კი ეს ორი ტერმინი გულისრევას იწვევს. საქართველოში სახეზეა ორიდან ერთ-ერთი ა) გაუნათლებლობა და საკითხის არასიღრმისეულად ცოდნა ბ) მიზანმიმართული პროპაგანდა და ტერმინების ან პიროვნებების დისკრედიტაცია.

საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვა კომუნიზმის დისკრედიტაციას საქართველოში უფრო ის პირები ცდილობენ რომლებიც წარსულში პარტიულ აქტივობაში იყვნენ შემჩნეული, “რიგითი” მოქალაქეები ზოგიერთ შემთხვევაში არათუ ზოგადად კომუნიზმის, არამედ საბჭოთა კავშირის მიმართაც კი პოზიტიურად არიან განწყობილები.

საბჭოთა კავშირის ისტორიის კვლევა ისეთ ქვეყანაში რომელიც ამ ისტორიის უშუალო მონაწილე იყო აუცილებლობას წარმოადგენს, ამის მიუხედავად 20 წლის განმავლობაში საქართველოში პრაქტიკულად არ შექმნილა დამოუკიდებელი ორგანო ან ცენტრი რომელიც ასეთის შესწავლით დაკავდებოდა, თუ შექმნილა კი აპრიორი დაფიქსირებული პოზიციით (მაგალითად საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი).

საქმე ის კი არაა რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ამას არავინ ამტკიცებს და ალბათ ამ რეჟიმის ყველაზე დიდ დამცველებსაც კი ეპარებათ ეჭვი ამ მოსაზრებაში, არამედ ისაა რომ აუცილებელია წარსულის გააზრება. იმის გააზრება რა იყო უარყოფითი საბჭოთა კავშირში, რა იყო დადებითი (მაგალითად ჯანდაცვის და განათლების სისტემა) და სასარგებლო დასკვნების გამოტანა, ისტორიის დავიწყება ხომ შეცდომების გამეორებას გულისხმობს?

საჭიროა იმის გააზრება რა იყო საბჭოთა კავშირი და რა კავშირი ჰქონდა მას მარქსიზმ-ლენინიზმთან, ან უბრალოდ მარქსისზმთან და ჰქონდა თუ არა ასეთი საერთოდ?

მანამ სანამ არ მოხდება წარსულის გააზრება ზოგიერთი პოლიტიკოსის ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე მოწოდება საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვაზე, ქუჩების გადარქმევაზე და ა.შ. არა სიცილის, არამედ სერიოზული შიშის აღმძვრელი იქნება, კვლავ “გასაბჭოების” შიშის…

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი I. პერესტროიკის ჭიპლარი.

ადამიანი მრავალმილიონიანი კომბინაციების შედეგად იბადება. ამოაგდეთ ამ
მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან ერთ-ერთი, თუნდაც ყველაზე მცირე დეტალი და კონკრეტული ადამიანი არასდროს მოევლინება ამ ქვეყანას.

ჩემი თაობის მილიონობით წარმომადგენლის (საქართველოში თუ სოც. ბანაკში) დაბადებას უახლოეს ისტორიაში წინ პირველი და მეორე მსოფლიო ომები უძღვოდა, ლენინის და სტალინის დიქტატურა,  5 წლიანი გეგმები, ოქტომბრის რევოლუცია, სტოლიპინის რეფორმა, 37 წელი და მრავალი სხვა.  საეჭვოა რომელიმე ჩვენგანი რომელიც 30 წელს არ არის გადაცილებული დაბადებულიყო რომ არა ამ მოვლენების ერთობლიობა.

თუმცა, დაბადებისთანავე ჭიპლარი “პერესტროკამ” გადაგვიჭრა და ცნობიერებაში იარა დაგვიტოვა, იარა რომელიც ჩვენს სიკვდილამდე შეგვახსენებს თავს.

ჩვენი თაობა განსხვავებულია სხვა თაობებისგან, თქვენ იტყვით რომელი თაობა არაა ერთი იდენტური სხვასთან მიმართებაში, მაგრამ ეს თაობა მართლაც რომ სხვანაირია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გვახსოვს, საბჭოთა კავშირიდან გამოვედით,მაგრამ ცნობიერებით იქ დავრჩით.

ჩვენს მეხსიერებას პირდაპირ არ ახსოვს ბრეჟნევის ზასოსები, კოლმეურნეობის წარმატებები, ცოის საპროტესტო კონცერტები, მაგრამ ეს ყველაფერი ამავდროულად მკვეთრად დაფიქსირებულია ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში. ჩვენს მკლავებზე ჯერ კიდევ გამოსახულია რიგითი ნომრები.

ჩემი პირველი მოგონებები 3 წლის ასაკს უკავშირდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოგონებები არა პირდაპირ სსრკ-ს თუ მასთან დაკავშირებულ რომელიმე ფაქტს, არამედ უფრო ადამიანურ მოვლენებთანაა კავშირში, მაგალითად ისეთთან თუ როგორ მაჩუქა ჩემმა დიდმა ბაბუამ რობოტი, როგორ დავტანტალებდი ქუჩაში დედიშობილა და ა.შ. ჩემთვის ეს იყო საბჭოთა კავშირიც და პერესტროიკაც.

გარკვეულ ასაკამდე ადამიანისთვის სულერთია რომელ პოლიტიკურ წყობაში თუ გარემოში ცხოვრობს, ის გარშემორტყმულია მშობლებით. ბავშვები უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას უფრო “ნაღდით ცხოვრებით” და მათი მშობლების თუ ნათესავების პრეროგატივაა ითამაშონ უფროსების თამაში. ისინ ხომ ასეთი ბავშვურები არიან.

84-85-86 წლებში დაბადებულებს საბჭოთა კავშირიდან პრაქტიკულად არაფერი ახსოვთ, თითქმის არცერთი საგანი რაც მათ ბავშვობას პირდაპირ გაახსენებდა, ეს საგნები ჩვენს ცხოვრებაში ფუნქცია დაკარგულები შემოვიდნენ, ასაკში როდესაც უკვე გაცნობიერება შეგვეძლო, იმის გაცნობიერება რომ სწორედ ეს საგნები დომინირებდნენ ჩვენს ირგვლივ ჩვენთვის ასე სათუთ ასაკში.

რამდენიმე წელიწადში ჩვენ სნიკერსი და ბანანი ვიგემეთ…

გაგრძელება იქნება.

პოლიტიკა ჩემს პლეილისტში

პოლიტიკურ სიმღერებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, ამის მიუხედავად არის რამდენიმე ისეთი რომელიც ყოველთვის მახსოვს და შიგა და შიგ ვუსმენ ხოლმე.ამ პოსტში შევეცდები რამდენიმე ასეთს მოვუყარო თავი. თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ ისეთები რომლებიც გგონიათ რომ გამომრჩა.

ამ პოსტის დაწერაზე სულ რაღაც ერთი საათის წინ პირველად მოსმენილმა სიმღერამ და ნანახ კლიპმა შთამაგონა,  pig with a face of a boy – Complete history of the Soviet Union

განვაგრძოთ საბჭოთა კავშირის თემა და “პერესტროიკის” დროს პოპულარულ იგორ ტალკოვს მოვუსმინოთ. ტექსტი განსაკუთრებულად მომწონს.

ცივი ომის თემა, სტინგი.

პოლიტიკური მუსიკა წარმოუდგენელია პინკ ფლოიდის გარეშე

ცივი ომის მეორე მხარე, ა.შ.შ და რამშტაინი

ზოგადად დღევანდელი სამყაროს წყობაზე, მღერის ჯარვის კოკერი 🙂

…და ბოლოს, ერთი კარგი ფრანგული რეპიც ხომ უნდა გამოერიოს ამ სიას.

მარჯვნისაკენ, ერთი, ორი! მარცხნისაკენ, ერთი, ორი!


1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, “ბოროტების იმპერია”, როგორც მას დასავლეთში უწოდებდნენ დაინგრა, ეს ტერმინი მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ა.შ.შ. -ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სსრკ – ს ამ ეპითეტით მიმართა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც “ბოროტების იმპერიამ” არსებობა შეწყვიტა საქართველომ კურსი დასავლეთისკენ აიღო, ცხადია დასავლეთისკენ სწრაფვა იმას გულისხმობდა, რომ ჩვენს ქვეყანას მემარჯვენე კურსი უნდა აეღო, რამდენად გამოვიდა ეს საქმეზე, რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანაფიქრში, სწორედ რომ სწორება მარჯვნივ იყო ჩვენი გეზი. მაშინ ე.წ. კომუნიზმზე, სოციალიზმზე ან ზოგადად მემარცხენე იდეოლოგიაზე არავინ ფიქრობდა, თუ სადმე ესა თუ ის ჯგუფი ცდილობდა რამე მსგავსი იდეოლოგიის დამკვიდრებას მას ჩანასახშივე კლავდნენ და უსწორდებოდნენ. ეს ბუნებრივიცაა, ჯერ კიდევ არ იყო დავიწყებული ის 70 წლიანი გამოცდილება, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სსრკ-ს მარწუხებში მოაქცია, კომუნიზმი რამის საგინებელ სიტყვად იქცა, ამიტომაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის შეურაცხყოფის მიზნით კომუნისტური პარტიის წევრებს ეძახდნენ, სიტყვა “კომუნიზმა” მაშინ (დღეს ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს) მკვეთრად უარყოფითი ხასიათი შეიძინა და მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა. დღეს კიდევ შემორჩა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სიტყვას ვინმეს შეურაცხყოფისთვის იყენებს, ბევრმა მათგანმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არც იცის და მხოლოდ მაშინ ხმარობს, როდესაც ვინმეს დიქტატორთან ან ვინმე მაგდაგვართან შედარება სურს. მოკლედ, სიტყვა კომუნიზმი და სსრკ გაიგივდა და ამიტომაც ამ სიტყვამ პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა.
არადა, ხომ გვაფრთხილებდა ძია მარქსი, ქვეყანა სადაც კომუნიზმი შეუძლებელია პირველ რიგში რუსეთიაო.

ძია მარქსი იქეთ იყოს და ჩვენ ჩვენ თავს მივხედოთ, რა ხდება დღეს? შეიცვალა თუ არა რამე “ბოროტების იმპერიის” დაშლის შემდგომ და რა პლატფორმაზე ვდგავართ ამჯერად? შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით სიტუაცია დღეს გაცილებით სხვანაირია ვიდრე ოცი წლის წინ. თუ მაშინ საზოგადოებას ერთადერთ ალტერნატივად მემარჯვენე კურსი ესახებოდა (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) დღეს მომრავლდა ისეთი ჯგუფები, რომლებიც გამოსავალს მემარცხენეობაში ხედავენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს უფრო ახალგაზრდა თაობას ეხება.


მემარცხენე კურსი ყოველთვის უფრო ახლოს იდგა რევოლუციურ ჟინთან და მაშასადამე ახალგაზრდებთან. დღეს ქართული ახალგაზრდობა პრაქტიკულად მემარჯვენე მემარცხნეობის კუთხით ორ ბანაკადაა დაყოფილი, ცხადია ერთი მემარჯვვენე იდეოლოგიას იზიარებს და მეორე შესაბამისად მემარცხენეს. მოკლედ, ისე მოხდა რომ მემარცხენეობამ ჩვენში ფესვები გაიდგა, რა გახდა ამის მიზეზი? ისტორიული აუცილებლობა, სასწრაფო ცვლილებების სურვილი, თუ უბრალოდ მოდა? სხვათაშორის, მოდა ამ შემთხვევაში უკანასკნელ როლს არ ასრულებს, რადგანაც კომუნიზმი, მემარცხენეობა და ა.შ. ყოველთვის ასოცირდებოდა ინტელექტთან, სიკეთესთან და რიგ სხვა დადებით თვისებებთან.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მემარცხენე ახალგაზრდების ნაწილი საქართველოში არა მონოლითურია და მათი მოტივები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. თუ ზოგიერთი გულახდილად იზიარებს და იცნობს მემარცხენე ან თუნდაც კომუნისტურ იდეოლოგიას, დიდი ნაწილი აშკარად მოდას არის აყოლილი და საკუთარ უვიცობის დაფარვას მემარცხენეობით ცდილობს, არსებობს მესამე კატეგორიაც, რომელიც დღეს მემარცხენეა, მაგრამ თუ ქარი სხვა მიმართულებით დაუბერავს დიდი სიხარულით ჩახტება მოწინააღმდეგის ნავში. არაერთხელ მომისმენია მემარცხენეებისგან (მათგან ვინც მოდას არ არის აყოლილი), რომ ყალბ მემარცხენეს გულახდილი მემარჯვენე ურჩევნია, რადგანაც საბჭოთა კავშირში თავის დროზე წითლებს საფრთხეს არა არისტოკრატები, არამედ სხვა კომუნისტები უქმნიდნენ. გასაგებია, ამ ადამიანების შიში, მართლაც უგუნური მემარცხენეები საკუთარი საქციელით ხშირად ამ ფლანგის მომხრეების მთელი იდეოლოგიის დისკრიმინაციას ახდნენ.

მემარცხნეებს თავი დავანებოთ, და თვალი მემარჯვენეებს გადავავლოთ. ისინიც მემარცხენეებს გვანან და რამდენიმე ბანაკად არიან დაყოფილი თუ ერთსულოვნება აქ უფრო იგრძნობა? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაციაა, მემარჯვენეობა ამ მხრივ გარკვეულწილად უფრო “ნაღდი” გამოდის, რადგანაც მემარჯვენეობა არასდროს ითვლებოდა მოდურად, პირიქით მემარჯვენეები პირდაპირ ამბობენ თავის საფიქრალს, რომელიც ხშირად ადამიანურობისაგან შორსაა და კორპორაციების გამდიდრებას ემსახურება. შესაბამისად, გამოდის, რომ მემარჯვენე ვერასდროს გახდება ადამიანი, რომელიც ამ იდეოლოგიას მხოლოდ და მხოლოდ მოდის და კარგი ტიპობის გამო აირჩევს. ამიტომაცაა, რომ მემარჯვენეები უფრო ძლიერად და შერწყმულად იცავენ საკუთარ ინტერესებს.


შეუძლიათ თუ არა მემარცხენეებს და მემარჯვენეებს ერთმანეთთან საუბარი? თუ სოციალური ქსელების მაგალითს ავიღებთ მაშინ მივხვდებით, რომ კი, ასეთი რამე შესაძლებელია, ხშირად მათ მეგობრობაც კი ძალუძთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, მეგობრობა მეგობრად, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია და მეგობრობა გვერდზე რჩება, როდესაც ამა თუ იმ თემაზე იწყება პოლემიკა. იმ შემთხვევაში თუ ამ ორ მხარეს ერთმანეთთან საუბარი შეუძლია – ერთ გადაწყვეტილებამდე და საერთო ჭეშმარიტებამდე მისვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომაცაა, რომ მემარცხენეები მაინც მემარცხნეებად რჩებიან, ხოლო მემარჯვენეები პირიქით, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც თვლის, რომ მემარჯვენეობა და მემარცხენეობა ძალიან პირობითი და არაფრის მთქმელი დაყოფაა, ასეთი საკუთარ თავს არცერთ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ.

არსებობს ბრიტანული ანეკდოტი. ისმის შეკითხვა: “როგორ გძრნობს თავს ადამიანი, რომელსაც მარხცენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური არ აქვს?” პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: All Right! ამიტომაც, მოდით ყველაფერ მარცხენას (ანეკდოტი პირიქით, რომ ყოფილიყო მარჯვენას ვიტყოდი) ნუ მოვიჭრით და თუნდაც არ ვიგრძნოთ თავი All Right, მაგრამ ხანდახან მაინც მოვუსმინოთ ერთმანეთს.